You are on page 1of 11

ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ევროპული უსაფრთხოება

(ევროკავშირისა და ნატოს თანამშრომლობა)

უსაფრთხოების ტრანსნაციონალური პრობლემები წარმოადგენენ იმ ტიპის პრობლემურ მოვლენებს,


საერთაშორისო საფრთხეებს, რომლებიც გაედინებიან რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საზღვრების მიღმა
და ზიანს აყენებენ სხვადასხვა ქვეყნებს, მთავრობებს. ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია მხოლოდ
ტრადიციული კონტრზომების მიღებით, ამა თუ იმ სახელმწიფოებრივი პარადიგმის ფარგლებში. ახალი
ტიპის საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა რეაგირების ახალი და უფრო ადაპტირებული
საშუალებების კომბინირება. ამ კონტექსტში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორი ანალიზი იმისა, თუ
როგორი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია კონკრეტულ ტრანსნაციონალურ საფრთხეს როგორც ეროვნულ, ისე
რეგიონულ და გლობარულ უსაფრთხოებაზე.

ნატოს ოპერაციები და პასუხისმგებლობის არეალი

ნატოს პასუხისმგებლობის მთავარ არეალს, ბუნებრივია, ევროატლანტიკური სივრცე წარმოადგენს.


თუმცა, ნატო სწორედ ის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია, რომელიც იმყოფება მუდმივი განახლებისა და
ტრანსფორმაციის რეჟიმში და ამ პროცესების მნიშვნელოვანი ასპექტია მისი ჩართულობა სამშვიდობო ოპე-
რაციებსა და კრიზისების მართვაში, როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში, ისე მის მიღმაც. უსაფრთხოების
კონტექსტში, ნატო შეიძლება დახასიათდეს როგორც რეგიონული ორგანიზაცია გლობალური პასუხისმგებ-
ლობით. ალიანსი იქცა იმ ორგანიზაციად, რომელიც აღიარებს, რომ საფრთხეები, მით უფრო ტრანსნაციონა-
ლური საფრთხეები უკვე აღარაა შეზღუდული რომელიმე კონკრეტული გეოგრაფიული არეალით და მათ
გლობალური ხასიათი აქვთ. შესაბამისად, ნატო მზადაა გაუმკლავდეს ამ საფრთხეებს იქ, სადაც არსებობს
ამის რეალური საჭიროება.
სწორედ ამ ლოგიკით, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ნატო პირველად აღმოჩნდა ჩართული
სამშვიდობო ოპერაციაში ბალკანეთზე, სადაც იუგოსლავიის დაშლის თანმდევმა სისხლიანმა ომებმა სერიო-
ზული საშიშროება წარმოშვეს არა მხოლოდ ლოკალური, არამედ საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის.
ავღანეთში მისიისა და ერაყში საწვრთნელი პროგრამის მეშვეობით კი ნატომ დაამტკიცა, რომ მას აქვს უნარი
გაუმკლავდეს გამოწვევებს არა მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის ჩვეულ არეალში, ანუ ევროატლანტიკურ
სივრცეში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ნატოს როლი ბალკანეთზე

ყოფილი იუგოსლავიის დაშლის კვალდაკვალ, რაც 1991 წელს დაიწყო, ალიანსმა ითამაშა უდიდესი
როლი ბალკანეთზე შექმინილი პრობლემების გადაწყვეტაში. კერძოდ, კონფლიქტების შეჩერების მიზნით,
ნატომ მოახდინა სამხედრო ჩარევა ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში 1995 წელს, კოსოვოში 1999 წელს, ხოლო
იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიაში – 2001 წელს.

1
ბოსნია და ჰერცოგოვინა:

1992 წლიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინაში განთავსდნენ გაეროს სამშვიდობო ძალები (United Nations Pro-
tection Force – UNPROFOR). იმავე პერიოდიდან, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში განვითარებულ მოვლენებში
აქტიურად ჩაერთო ნატოც. კერძოდ, 1992 წლის ოქტომბერში, გაეროს უშიშროების საბჭოს 781-ე რეზოლუ-
ციის მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებდა არასაფრენი ზონების დაწესებას, ნატომ დაიწყო ოპერა-
ციათა მონიტორინგი შორეული დაკვირვებისა და მართვის რადიოლოკაციური აღმოჩენის აპარატებით –
„ავაქსებით“ (AWACS). მოგვიანებით, ნატომ და დასავლეთ ევროპულმა კავშირმა (WEU), ბოსნიაში იარაღის
შეტანასთან დაკავშირებით, დაიწყეს ემბარგოსა და სხვა სანქციების გამოყენება, რაც ასევე გაეროს უშიშრო-
ების საბჭოს რეზოლუციიდან გამომდინარეობდა.
1992-1995 წლებს შორის პერიოდში, ნატო აქტიურად უჭერდა მხარს გაეროს ძალისხმევას ბოსნიასა
და ჰერცოგოვინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. 1995 წლის აგვისტო-სექტემბერში, გაეროს
უშიშროების საბჭოს (UNSC) თხოვნის საფუძველზე, მოკავშირეებმა ბოსნიელ სერბთა ძალების წინააღმდეგ
საჰაერო დარტყმები განახორციელეს (ნატოს ოპერაცია მოფიქრებული ძალა/Operation Deliberate Force), რამაც
შეცვალა თანაფარდობა სახმელეთო ძალებს შორის და დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებისკენ
უბიძგა, რაც დასრულდა დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით. ამდენად, ბოსნიაში ომი, ფაქტიურად, ნატოს
ბლოკმა დაასრულა, რის შემდეგაც ალიანსმა იქ განათავსა საერთაშორისო იმპლემენტაციის/განხორციე-
ლების ძალები (Implementation Force – IFOR). ეს გახლდათ ნატოს სამშვიდობო ოპერაცია და ამ ძალების
ძირითადი ამოცანა იყო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა და შეიარაღებული ძალების დაშორი-
შორება, ასევე იარაღის საწყობების კონტროლი და ა.შ.
ბოსნია-ჰერცოგოვინაში ნატოს ძალების (IFOR) განთავსების შემდეგ, 1995 წლის დეკემბერში, გაეროს
უშიშრობის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაეროს დაცვის ძალებმა (UNPROFOR) შეწყვიტეს ფუნქციონირება
და მის ნაცვლად, მუშაობა დაიწყო გაეროს სამოქალაქო-საპოლიციო მისიამ (United Nations International Police
Task Force – UNIPTF). მოხდა გაეროს სამხედრო კომპონენტის ჩანაცვლება სამოქალაქო კომპონენტით.
დასახული მიზნების მიღწევის შემდეგ, 1996 წელს, ნატოს იმპლემენტაციის ძალები (IFOR) შეცვალა
სტაბილიზაციის ძალებმა (Stabilization Force – SFOR). SFOR-მა იტვირთა იმ სამოქალაქო ორგანიზაციების
მხარდაჭერა, რომლებიც მუშაობდნენ მშვიდობის დასამყარებლად ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში. სტაბილი-
ზაციის ძალები დახმარებას უწევდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს სახლებში
დაბრუნებაში, ხელს უწყობდნენ ბოსნიური სამხედრო ძალების რეფორმას, სამხედრო დანაშაულში ბრალ-
დებული პირების დაკავებასა და მათ გადაცემას ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი ტრიბუ-
ნალისათვის (International Criminal Tribunal for the former Yugoslavia – ICTY), ყოფილ იუგოსლავიაში ჩადე-
ნილი სამხედრო დანაშაულების გამო.
2004 წლის ბოლოს, ქვეყანაში უსაფრთხოების აღდგენის შემდეგ, SFOR-მა დაასრულა თავისი მისია,
ხოლო ძირითადი პასუხისმგებლობა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის თავის თავზე აიღო ევროპის
კავშირის (European Union – EU) სამხედრო მისიამ ალთეა (Althea). გარდამავალი პროცესის სათანადო წარ-
მართვისა და ევროკავშირთან კოორდინაციისთვის, ნატომ შეინარჩუნა ყოფნა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში,

2
სარაევოში დისლოცირებული სამხედრო შტაბის სახით. ევროკავშირის მისია დღესაც ნატოს მხარდაჭერით
გრძელდება.

კოსოვო:

ნატოს ჩართვა კოსოვოს მოვლენებში, ეფუძნებოდა ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში მიღებულ გამოც-


დილებას. ალიანსმა გააცნობიერა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ძალისხმევის წარმატება დაკავშირებული
არის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობასთან. სამხედრო ოპერაციათა დაწყებამდე,
ნატო ინტენსიურად ურთიერთობდა გაეროსთან (UN), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანი-
ზაციასთან (OSCE). ამ კომუნიკაციის მიზანი იყო, რომ ნატოს გაეწია კონტროლი არსებული ვითარებისთვის,
განესაზღვრა შესაბამისი გეგმები და ზეგავლენა მოეხდინა იუგოსლავიის რეჟიმზე, რათა დასრულებულიყო
ეთნიკურად ალბანური მოსახლეობის დევნა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტის მოგვარების ყველა მშვიდობიანი
გზა ამოიწურა და ვერ მოხერხდა დავის გადაწყვეტა დიპლომატიური მოლაპარაკებით, ნატომ სამხედრო
ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო სანქცირებული
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. 1999 წლის მარტიდან, ნატომ დაიწყო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია
კოსოვოსა და იუგოსლავიაში (ოპერაცია სამოკავშირეო ძალა/Operation Allied Force). ეს იყო უკიდურესი
ზომა, რომელიც ალიანსმა მიიღო, იქ მიმდინარე ძალადობისა და მილოშევიჩის რეჟიმის მიერ გაეროს
უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციების უგულვებელყოფის შემდეგ, რომლებიც მას მოუწოდებდნენ
შეეწყვიტა ალბანური მოსახლეობის ეთნიკური წმენდა რეგიონში. ალიანსის სამხედრო-საჰაერო კამპანია 78
დღე გრძელდებოდა, რაც ბელგრადის მარცხით დასრულდა. საომარი მოქმედების დასრულებისა და ნატოსა
და იუგოსლავიურ სარდლობას შორის სამხედრო შეთანხმების შემდეგ, გაეროს მანდატით, ნატომ რეგიონში
გაგზავნა კოსოვოს ძალები (Kosovo Force – KFOR). ამ ძალების მიზანი იყო არ დაეშვათ საომარ მოქმედებათა
განახლება, განეიარაღებინათ კოსოვოს არმია და მხარი დაეჭირათ კოსოვოში გაეროს მისიისა (UN Mission in
Kosovo – UNMIK) და სხვა ორგანიზაციების ჰუმანიტარული ოპერაციებისათვის. ნატო, გაეროს მისიასთან
მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობს კოსოვოში უფრო უსაფრთხო გარემოს განმტკიცებას.

იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია:

2001 წელს, ნატო ჩაერია მაკედონიის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებში. ეს მოჰყვა მაკედონიის
პრეზიდენტის მოთხოვნას განეიარაღებინათ ეთნიკურ ალბანელთა ის ჯგუფი, რომელიც ცდილობდა, რომ
დაეყოლიებინა მთავრობა მეტი უფლებებით ეზრუნველეყო ალბანური უმცირესობა. ალბანური ჯგუფის ამ
მოქმედებამ რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა. 30 დღიანი ოპერაციის შედეგად,
ნატოს 3500-მა სამხედრო მოსამსახურემ მოახერხა 4000 ერთეული იარაღის ამოღება, რამაც თავიდან აიცილა
შეიარაღებული სამოქალაქო კონფლიქტის ესკალაცია, მოამზადა ნიადაგი ნდობის აღდგენის, შერიგებისა და
ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებისთვის. ალიანსმა შეინარჩუნა მცირერიცხოვანი სამხედრო კონტიგენტი
მაკედონიაში, ეუთოსა და ევროკავშირის დამკვირვებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც
მეთვალყურეობდნენ ეთნიკურ ალბანელთა თემისა და მაკედონიის მთავრობის წარმომადგენელთა შორის

3
უკვე შეთანხმებული სამშვიდობო „ჩარჩო-გეგმის“ შესრულებას. 2003 წლის მარტის თვიდან, ალიანსის მისია
მაკედონიაში ევროპის კავშირმა გადაიბარა.

ნატოს როლი ავღანეთსა და ერაყში

ნატოს აკისრია მნიშვენლოვანი მასტაბილიზირებელი როლი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რაც,


უპირველეს ყოვლისა, უკავშრდება ალიანსის საქმიანობას ავღანეთსა და ერაყში.

ავღანეთი:

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს მიერ
გამოცხადდა „ოპერაცია დაუმარცხებელი თავისუფლება“ (Operation Enduring Freedom), რომლის მიზანსაც
წარმოადგენდა ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელება, ნატოს წესდების მე-5 მუხლის
(კოლქტიური თავდაცვა) საფუძველზე. ღონისძიების მიზანი თალიბანის რეჟიმის განადგურება და მისი
ხელისუფლებიდან ჩამოცილება იყო, რადგან აღნიშნული რეჟიმი მხარს უჭერდა ტერორიტულ ორგანიზაცია
„ალ-ქაედას“ (Al-Qaeda), რომელიც, როგორც ცნობილია, პასუხისმგებელი იყო სხვადასხვა ტერორისტული
აქტის განხორციელებაზე, 11 სექტემბრის ტერაქტების ჩათვლით.
2001 წლის დეკემბერში, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1386-ე, რომელმაც მხარი
დაუჭირა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (International Security Assistance
Force – ISAF) ჩამოყალიბებას, რაც არ წარმოადგენდა არც მხოლოდ ნატოს და არც მხოლოდ გაეროს კონტი-
გენტს. ეს იყო საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც უნდა შეესრულებინა თავისი მისია გაეროს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე.
2003 წლის აგვისტოში, ნატომ იტვირთა ხსენებული მისიის სტრატეგიული სარდლობა, კონტროლი
და კოორდინაცია. შესაბამისად, ამ პერიოდიდან ნატო ხელმძღვანელობდა საერთაშორისო უსაფრთხოების
მხარდაჭერის ძალებს (აისაფი/ISAF) ავღანეთში. მისიის მთავარი ფუნქცია იყო ქვეყნის დროებითი მთავრო-
ბისათვის დახმარების აღმოჩენა უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში, ქაბულსა და მის შემოგარენში. იმ
დროს, ავღანეთი აღდგენას ცდილობდა სამოქალაქო ომის ორი ათწლეულის შემდეგ, რასაც თან სდევდა
თალიბანის ტერორისტული რეჟიმის მმართველობა, ტერორიზმის კერების გაჩენა. აისაფის თავდაპირველი
მანდატი ქაბულითა და მისი შემოგარენით შემოიფარგლებოდა, მაგრამ 2003 წლის ოქტომბრის შემდეგ,
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, ის განევრცო ქაბულსგარე ოპერაციებზეც.
განვრცობის მეორე ფაზა დაიწყო 2005 წელს, რომლის დასრულების შემდეგ, ნატომ პრაქტიკულად
პასუხისმგებლობა აიღო უსაფრთხოებაზე ავღანეთის ტერიტორიის 50%-ზე.
2012 წლის ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, ალიანსის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ „აისაფი“, ნელ-ნელა
და სრული პასუხისმგებლობით, შეამცირებდა თავის ძალებს ავღანეთში, რათა დაესრულებინა საკუთარი
მისია 2014 წელს. შესაბამისად, 2013 წლიდან, ავღანეთის ყველა ნაწილში დაიწყო გადაბარების პროცესი და
ავღანეთის სამხედრო ძალებმა დაიწყეს წამყვანი პოზიციების დაკავება ქვეყნის უსაფრთხოებაში.

4
ერაყი:

ნატოს 2004 წლის მარტის სტამბოლის სამიტზე, ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა
მიიღეს დეკლარაცია ერაყის თაობაზე, სადაც წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მადლიერება და სრული
მხარდაჭერა ერაყში განთავსებული მრავალეროვნული ძალების მიმართ. გაეროს უშიშროების საბჭოს 1546-ე
რეზოლუციაზე დაყრდნობით, ალიანსმა დაიწყო თავისი საწვრთნელი მისია ერაყში (Training Mission-Iraq –
NTM-I), რაც არასაომარი ხასიათისა არის და მისი უმთავრესი მიზანი ერაყის შეიარაღებული ძალებისა და
უსაფრთხოების სამსახურების გაწვრთნაა. NTM-I წარმოადგენს ცალკე ოპერაციას, მაგრამ ის ავსებს ერაყის
აღორძინებისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. მისიის შტაბი განთავსებულია ქ. ბაღდადის ე.წ.
მწვანე ზონაში, ძალების რიცხოვნობა კი 1200 ადამიანს აღწევს. ნატოს ამ საწვრთნელ მისიას, რომელიც,
ფაქტიურად, ახორციელებს ერაყის მთვრობის მხარდაჭერას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის უსაფ-
რთხოების უზრუნველყოფაში. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის მისიის მანდატი 2011 წლის დეკემბერში
დასრულდა, მოკავშირეები კვლავაც მზად არიან გააძლიერონ ერაყის პოტენციალი მისი უსაფრთხოების
გაუმჯობესებისა და რეგიონულ სტაბილურობაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით. დღეისათვის, ნატო
და ერაყი მუშაობენ თანამშრომლობის სტრუქტურიზებული ჩარჩოების შექმნაზე, სტრატეგიული დიალო-
გისა და ერაყის უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად არსებული პოტენციალის გაზრდის,
სწავლებების, ტრენინგებისა და გაცვლითი პროგრამების მეშვეობით.

ნატოს როლი ლიბიაში

ლიბიის პრეზიდენტის მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ სამოქალაქო პირებზე განხორციელებული


თავდასხმებისა და 2011 წლის გაზაფხულზე ქვეყანაში დაწყებული სახალხო საპროტესტო გამოსვლების
შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ იქნა 1970-ე და 1973-ე რეზოლუციები, რომლებიც, სხვა
ღონისძიებებთან ერთად, შეიცავდა მოთხოვნებს ლიბიის ტერიტორიაზე იარაღის მიწოდებასთან დაკავში-
რებით ემბარგოს შემოღებასა და საჰაერო ფრენების განხორციელებისათვის აკრძალული ზონის დაწესებაზე.
1973-ე რეზოლუციამ, გაეროს წევრ ქვეყნებსა და რეგიონულ ორგანიზაციებს დააკისრა ვალდებულება, რომ
მიეღოთ ყველა საჭირო ზომა შესაძლო თავდასხმების აღკვეთის მიზნით, სამოქალაქო მოსახლეობის დასაცა-
ვად. საერთაშორისო კოალიციამ მალე დაიწყო უშიშროების საბჭოს მანდატის ცხოვრებაში გატარება. ნატოს
წევრმა ქვეყნებმა, 2011 წლის მარტში აიღეს ვალდებულება განეხორციელებინათ ყველა სამხედრო ოპერაცია,
გაეროს მანდატის შესაბამისად. ოპერაციის „ნატოს გაერთიანებული ოპერატიული პროტექტორი“ (NATO’s
Operational Unified Protector) მიზანს წარმოადგენდა გაეროს ზემოხსენებული რეზოლუციების ყველა სამხე-
დრო ასპექტის რეალიზაცია. აღნიშნულის შედეგად, ნატოს მიერ განადგურდა კადაფის რეჟიმის სამხედრო
ტექნიკის დიდი რაოდენობა და სამხედრო ინფრასტრუქტურა. ამას კადაფის რეჟიმის სრული კრახი მოყვა.

5
ნატოს როლი ხმელთაშუა ზღვასა და ადენის ყურეში

ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცებაში ხმელთაშუა ზღვისა


და ადენის სრუტის რეგიონებში.

ხმელთაშუა ზღვა:

11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, ალიანსმა დაიწყო ოპერაცია „აქტიური


ძალისხმევა“ (Active Endeavour), რომლის მიზანს წარმოადგენდა ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ
ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში უკანონო საქმიანობის აღკვეთა და ტერორისტების გამოვლენა. აღნიშნული
იყო ნატოს პირველი საზღვაო ოპერაცია, რაც განხორციელდა მისი წესდების მე-5 მუხლის საფუძველზე.
ნატოს ხომალდები გაიგზავნა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მათ დაიწყეს პატრულირება
2001 წლის 6 ოქტომბრიდან. მისიის წარმატების გათვალისწინებით, 2003 წლის დასაწყისში მისი საქმიანობა
გაფართოვდა გიბრალტარის სრუტემდე, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2004 წლის მარტში, მთელი ხმელთაშუა
ზღვის აკვატორია მოიცვა. იმის მიუხედავად, რომ ოპერაცია შემოიფარგლება ტერორისტული საქმიანობის
აღკვეთით, მისი განხორციელება დადებითად აისახება ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოების საერთო დონეზე.

ადენის ყურე:

ადენის ყურეში და აფრიკის რქასთან მეკობრეობის შემთხვევების ზრდა, საფრთხეს უქმნის საერთა-
შორისო ჰუმანიტარულ საქმიანობას აფრიკაში და შესაძლოა დაარღვიოს ინდოეთის ოკეანეში სასიცოცხ-
ლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო-საკომუნიკაციო და სავაჭრო ხაზების ფუნქციონირება. გაეროს იმდროინ-
დელი გენერალური მდივნის პან გი მუნის თხოვნის საფუძველზე, ნატოს გემები ესკორტირებას უწევდნენ
გაეროს მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის პროგრამის გემებს, რომლებიც ტრანზიტით მიემართებოდნენ
საკმაოდ სახიფათო საზღვაო ზონების გავლით.
2008 წლიდან, ანტისამეკობრეო ოპერაციების განხორციელებამ, აღნიშნულ რეგიონში ხელი შეუწყო
საზღვაო უსაფრთხოების გამყარებას. ნატოს ოპერაცია ოკეანის ფარი (Ocean Shield) ასევე ითვალისწინებდა
რეგიონის ქვეყნებისათვის სასწავლო გეგმას, მათ მიერ მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი
პოტენციალის განვითარების მიზნით. ნატო მოქმედებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და
მუშაობს სხვა საზღვაო-სამხედრო აქტორებთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გასაძლიერებლად.

აფრიკის კავშირის მხარდაჭერა

2003 წლიდან 2010 წლის თებერვლამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას არ
მოეწერა ხელი, სუდანის დარფურის პროვინციის მაცხოვრებლები გახდნენ მეტად სისხლისმღვრელი სამო-
ქალაქო ომის მსხვერპლნი. კონფლიქტს, რომელიც გამოწვეული იყო ჰუმანიტარული კრიზისით, მოჰყვა
ათიათასობით ადამიანის სიკვდილი და მილიონობით ადამიანის მიერ საცხოვრებელი ადგილის მიტოვება.

6
აფრიკის კავშირის თხოვნის საფუძველზე, ნატომ სუდანში 2005 წლის ივლისიდან 2007 წლის 31
დეკემბრამდე განახორციელა აფრიკის კავშირის მისიის კონკრეტული მხარდაჭერა. როდესაც, 2008 წლის
იანვარში, ეს მისია გადაიქცა გაეროსა და აფრიკის კავშირის შერეულ მისიად, ნატომ გამოხატა მზადყოფნა
განეხილა მხარდაჭერის შესახებ ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნები.
1991 წლიდან, აფრიკის სახელმწიფო სომალი ეფექტური მთავრობის გარეშე არსებობდა და ძალიან
დაზარალდა სამხედრო მეთაურებს შორის გამართული ბრძოლების, შიმშილისა და სხვადასხვა ავადმყოფო-
ბების შედეგად. 2007 წლის ივნისში, ნატომ მიიღო აფრიკის კავშირის თხოვნა ამ ორგანიზაციის მისიის
სამშვიდობო კონტინგენტის სომალიში განთავსებასთან დაკავშირებით. ნატო ასევე მხარს უჭერს აფრიკის
კავშირის მისიას სომალიში (African Union Mission in Somalia – AMISOM), გაეროს მიერ რეგისტრირებული
გემების სომალის მიმართულებით ესკორტირებაში.
ნატო აფრიკის კავშირს მხარს უჭერს გრძელვადიან პერსპექტივაში სამშვიდობო პოტენციალის ჩამო-
ყალიბების საქმეშიც, კერძოდ, აფრიკის მუდმივი მზადყოფნის ძალების შექმნაში. ნატოს მხარდამჭერი
პროგრამა ხორციელდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციის მეშვეობით,
გაეროსთან და ევროკავშირთან, ასევე ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

ევროკავშირის უსაფრთხოების კომპონენტები და ნატოს ევროპული განზომილება


(European Security and Defense Identity – ESDI)

ევროპის კავშირი (European Union) მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე, რომელსაც


თავისი რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ინტერესები და ვალდებულებები გააჩნია.
საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (Common Foreign and Security Policy – CFSP)
მეშვეობით, ევროკავშირი წარადგენს ერთიან პოზიციას ძირითად საერთაშორისო თემებთან მიმართებაში,
მათ შორის საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე.
ევროპის კავშირი არსებით როლს თამაშობს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, ირანთან
დიპლომატიის საკითხში და დასავლეთ ბალკანეთში (კოსოვოს ჩათვლით) მშვიდობისა და სტაბილურობის
განმტკიცებაში. მას გააჩნია ჯარი, პოლიცია და მოსამართლეები, რომლებიც ხელს უწყობენ სიცოცხლის
შენარჩუნებას და კონფლიქტების შემდეგ ქვეყნებისა და რეგიონების სტაბილიზაციას მთელს მსოფლიოში.
ევროკავშირი ახდენს დახმარებას სტიქიური უბედურებების შემდეგ საგანგებო მდგომარეობების დროს.
ევროპის კავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) დაარსდა მაასტრიხტის
ხელშეკრულებით, რომელიც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ ხელშეკრულებას წარმოადგენს და ძალაში
შევიდა 1993 წელს. შემდგომ წლებში, ის გაძლიერდა ისეთი დოკუმენტებით, როგორებიცაა ამსტერდამის
ხელშეკრულება (1997), ნიცის ხელშეკრულება (2003) და ლისაბონის ხელშეკრულება (2009).
ევროპის კავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი (High
Representative of the Union for Foreign Affairs and Security Policy) ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა საბჭოს და
წარმართავს ორგანიზაციის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და მას დახმარებას უწევს
საგარეო მოქმედების ევროპული სამსახური (European External Action Service – EEAS).

7
ევროპის კავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნებია: ევროპის კავშირის
ფუნდამენტური ღირებულებებისა და ინტერესების, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის
დაცვა; დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მხარდაჭერა;
მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტების პრევენცია, საერთაშორისო უსაფრთხოების გამყარება; ბუნებრივი
ან ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფებით დაზარალებული ქვეყნების და მოსახლეობის დახმარება.
ევროპის კავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (Common Security and Defence
Policy – CSDP), რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული პოლი-
ტიკა (European Security and Defence Policy – ESDP), წარმოადგენს ევროპის კავშირის საერთო საგარეო და
უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) საკვანძო ელემენტს. ის მოიცავს ევროკავშირის სამხედრო ასპექტებსა და
სამოქალაქო კრიზისების მართვას (Crisis Management).
ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფორმირებას მრავალი
წინაპირობა გააჩნდა. ის ძირითადად მოტივირებული იყო ისეთი მიზეზებით, როგორებიცაა: ევროპის
კავშირის სამომლაპარაკებლო გავლენის გაზრდის სურვილი; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოზე
დამოკიდებულების შემცირება; ევროკავშირის შესაძლებლობებისა და მოქმედების არეალის გაფართოება
საგარეო პოლიტიკურ არენაზე; ევროპული შიდა უსაფრთხოების განმტკიცება; ევროპული ფასეულობებისა
და ღირებულებების უფრო აქტიური დაცვა და ხელშეწყობა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ლიბერალური
დემოკრატიის და დემოკრატიული რეჟიმების.
კრიზისის შემთხვევაში, ევროკავშირი რეაგირებას ახდენს პოლიტიკურად, დიპლომატიურად,
ეკონომიკურად, ფინანსურად, იურიდიულად, სამხედრო თვალსაზრისით ან განმავითარებელი დახმარე-
ბის საშუალებებით.
გამოწვევას წარმოადგენს საპასუხო რეაგირების არჩევანის კოორდინირება, როგორც სამოქალაქო,
ისე სამხედრო კუთხით. ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის (European External Action Service – EEAS)
კრიზისებზე რეაგირებისა და ოპერაციული კოორდინაციის დეპარტამენტის როლი მდგომარეობს ევროპის
კავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლისათვის დახმარებაში. ეს
დეპარტამენტი მუდმივად ადევნებს თვალს მსოფლიო ამბებს იმისათვის, რომ EEAS-ს შეეძლოს სწრაფად
მოახდინოს რეაგირება პოტენციურ და წარმოქმნად კრიზისებზე.
დეპარტამენტი ასევე მართავს ევროკავშირის სიტუაციურ ოთახს. ეს დამკვირვებელი ერთეულია,
რომელიც მუდმივად მზადყოფნაშია, რომ უზრუნველყოს საზღვრებს გარეთ არსებული ევროპის კავშირის
დელეგაციებისა და მისიებისათვის საფრონტო ხაზის მომსახურება ან კრიზისის პლატფორმა გაააქტიუროს.
ევროპის კავშირის მუდმივი პოლიტიკური და სამხედრო სტრუქტურები სათანადო მზადყოფნაშია
საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვითი პოლიტიკის (CSDP) ქვეშ, იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს
ევროკავშირის კრიზისული მართვის აქტივობებს. ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვითი
პოლიტიკის (CSDP) მისიები მსოფლიოს მასშტაბით ფუნქციონირებენ, ბოსნიისა და კოსოვოს საკითხებით
დაწყებული, ნიგერიით, კონგოთი და სომალით დამთავრებული. ძირითადად, ისინი მხარს უჭერენ პოლი-
ტიკური, სამართლებრივი და საბაჟო რეფორმების გატარებას, ასევე ენერგო-სიმძლავრეების შექმნას.

8
ცივი ომის დასრულებით, ნატოს არსებობას გარკვეულწილად საფრთხე შეექმნა, თუმცა ეს საფრთხე
თავიდან იქნა აცილებული ალიანსის ორგანიზაციული ცვლილებებით. ეს არის პროცესი, რაც ცნობილია
ნატოს ტრანსფორმაციის სახელით, და რომელიც დღემდე გრძელდება.
ნატოს ტრანსფორმაციის ნაწილს წარმოადგენს ევროპისათვის „თვალის დევნება“ და მისი საგარეო
პოლიტიკისა და, განსაკუთრებით, თავდაცვის პოლიტიკის განვითარება ნატოს ფარგლებში. ჯერ კიდევ 1990
წლის ნატოს ლონდონის სამიტზე, აღნიშნულ იქნა, რომ უნდა დაბალანსდეს პასუხისმგებლობები
მოკავშირეებს შორის. ამავე სამიტზე ვაშინგტონმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს გაეზარდათ ევროპის ქვეყნების
როლი და პასუხისმგებლობა ალიანსში. ნატოს უძლიერესი წევრის მოწოდების იდეა მდგომარეობდა იმაში,
რომ ევროპას უნდა ეკისრა უფრო დიდი მოვალეობა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით, თუმცა
ეს უნდა გაკეთებულიყო ალიანსის ფარგლებს შიგნით.
ევროპას შედარებით განსხვავებული გეგმები ჰქონდა, რამაც გაიჟღერა კიდეც მაასტრიხტის ხელშეკ-
რულების მომზადების დროს. ევროპას სურდა, რომ დასავლეთ ევროპულ კავშირს (WEU) შეესრულებინა
ევროპის სამხედრო საყრდენის ფუნქცია1. ამ თეზისის საწინააღმდეგოდ, დასავლეთ ევროპული კავშირის
1991 წლის მინისტერიალზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგზავნა ე.წ. „ბართლომეს ტელეგრამა“,
სადაც ნათლად იყო დაფიქსირებული, რომ ევროპული თავდაცვა ნატოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, და
რომ ევროპის თავდაცვის სვეტი შესაძლებელია განვითარებულიყო მხოლოდ ნატოს ფარგლებს შიგნით.
მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ დასავლეთ ევროპულ კავშირს უნდა შეესრულებინა ევროკავშირის
თავდაცვის ორგანოს ფუნქცია, 1992 წელს მიზანშეწონილად ჩაითვალა მისთვის კონკრეტული ფუნქციების
მიცემა და ამოცანების დასახვა, რაც ცნობილია „პეტერსბერგის ამოცანების“ სახელით. ამ ამოცანებში შედის
ჰუმანიტარული და სამაშველო სამუშაოები, სამშვიდობო ოპერაციები, საბრძოლო ამოცანები კრიზისების
მართვის დროს, მშვიდობის მშენებლობის ჩათვლით და ა.შ. (humanitarian and rescue tasks, peacekeeping tasks,
[and] tasks of combat forces in crisis management, including peacemaking). ასეთი ოპერაციების შესასრულებლად
აუცილებელი იყო გაეროს უშიშროების საბჭოსა (UN Security Council) და ნატოს (NATO) ნებართვა.
მაშინ, კონცეპტუალურად, დასავლეთ ევროპული კავშირი (WEU) ნატოზე წინ იდგა იმ მიზეზის
გამო, რომ ნატო იმ დროისათვის მხოლოდ თავდაცვითი ორგანიზაცია იყო და მის ფუნქციებში არ შედიოდა
სამშვიდობო და ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარება.
იმისათვის, რომ ევროპის თავდაცვა განვითარებულიყო ნატოს შიგნით და არ მომხდარიყო ინსტრუ-
მენტებისა და შტაბების დუბლირება, 1994 წლის ბრუსელის სამიტზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ,
საჭიროების შემთხვევაში, ნატო თავის კოლექტიურ ინსტრუმენტებს გამოსაყენებლად გადასცემდა დასავ-
ლეთ ევროპულ კავშირს, ევროპული ოპერაციების განსახორციელებლად, ნატოს ჩრდილო ატლანტიკური
საბჭოს (North Atlantic Council – NAC) თანხმობის საფუძველზე. ამავე სამიტზე ფარდა აეხადა საერთო
გაერთიანებული სამუშაო ძალების (Common Joint Task Forces – CJTF) კონცეფციას, რომლის პრინციპი იყო

1
დასავლეთ ევროპული კავშირი (Western European Union – WEU) შეიქმნა 1948 წელს, თავდაცვისა და უსაფრთხოების
სფეროში თანამშრომლობისათვის. ის 4 სხვადასხვა სტატუსის მქონე 28 ქვეყნისაგან შედგება: წევრი სახელმწიფო, ასოცი-
რებული წევრი, დამკვირვებელი წევრი და ასოცირებული პარტნიორი. ევროკავშირის სახელმწიფოებს წევრი სახელმწი-
ფოს სტატუსი აქვთ (გარდა ავსტიის, დანიის, ფინეთის, ირლანდიისა და შვედეთისა, რომლებიც იქ დამკვირვებლის
სტატუსით არიან). ევროპის კავშირის ხელშეკრულებამ დასავლეთ ევროპული კავშირი ევროკავშირის განვითარების
განუყოფელ ნაწილად განსაზღვრა, თუმცა შეინარჩუნა მისი ინსტიტუციური ავტონომია და მას თავდაცვითი მნიშვნე-
ლობის მქონე გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შემუშავება და აღსრულება დაავალა.

9
,,გაყოფადი, მაგრამ განუყოფელი“. ეს პრინციპი ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას ექნებოდა საშუალება არ მიეღო
მონაწილეობა ევროპის სამხედრო ოპერაციებში, თუკი ის ამას საჭიროდ არ მიიჩნევდა, ხოლო ევროპას
ექნებოდა საშუალება გამოეყენებინა ნატოს სამხედრო ინსტრუმენტები. ამით აშშ ორ კურდღელს იჭერდა:
თავიდან იცილებდა არასასურველ სამხედრო ოპერაციებს და, ამავე დროს, აძლევდა ევროპას საშუალებას
განევითარებინა საკუთარი თავდაცვის იდენტობა, ნატოს ინსტრუმენტების დუბლირების გარეშე.
1996 წელს უკვე ოფიციალურად შეესხა ფრთა დასავლეთ ევროპულ კავშირსა და ნატოს შორის
თანამშრომლობას, როდესაც დამყარდა პირდაპირი კავშირი ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებუ-
ლი ძალების უმაღლეს სარდლობაში (Supreme Headquarters Allied Powers Europe – SHAPE) ამერიკის სარდალსა
და ევროპაში სამოკავშირეო ძალების სარდლის მოადგილეს (Deputy Supreme Commander of Allied Forces in
Europe – DSACEUR) შორის.
1997 წელს, ხელი მოეწერა ამსტერდამის ხელშეკრულებას, რითაც ევროკავშირმა (EU) თავის თავზე
აიღო „პეტერსბერგის ამოცანების“ (Petersberg tasks) შესრულება და მოახდინა დასავლეთ ევროპული კავში-
რის (WEU) საკუთარ სტრუქტურებში ინტეგრირება.
ამის საპასუხოდ, ნატოს 1999 წლის ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე, მიღებულ იქნა საგანგებო
ზომები, რათა ევროპის თავდაცვის იდენტობა გაღრმავებულიყო ნატოს შიგნით. დაისახა გეგმა, რათა
მომხდარიყო ეფექტური კონსულტაციის, თანამშრომლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი მექა-
ნიზმის განვითარება ევროკავშირსა და ნატოს შორის. ამ გადაწყვეტილების მიხედვით უზრუნველყოფილ
იქნა ევროკავშირის მიერ ნატოს სამხედრო ინსტრუმენტების [ინფრასტრუქტურის] გამოყენების შესაძლებ-
ლობა. აღნიშნული ჩანაფიქრი პრაქტიკულად განხორციელდა 2002 წლის დეკემბერში და ამ შეთანხმებას
ეწოდა „ბერლინ+“ (Berlin Plus Agreement).
ამდენად, მსოფლიოში არსებობს ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივი ღონისძიებების პრაქტიკა,
რომელიც „ბერლინ პლუსის შეთანხმების“ სახელითაა ცნობილი და გამომდინარეობს ევროპის კავშირისა და
ნატოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატიდან. ეს საშუალებას აძლევს ევროპის კავშირს გამოიყენოს
ნატოს რესურსები, სატელიტური კომუნიკაციის სისტემებისა და მძიმე ავიაციის ჩათვლით.
„ბერლინ პლიუსის შეთანხმება“ ეყრდნობოდა იგივე პრინციპებს, რაც ჯერ კიდევ XX საუკუნის 90-
იან წლებში დასავლეთ ევროპულ კავშირსა და ნატოს შორის იქნა შეთანხმებლი. კერძოდ, „ბერლინ+“
დაეყრდნო ოთხ ძირითად პრინციპს:

1. ევროკავშირს აქვს გარანტირებული შეღწევის უფლება ნატოს ოპერაციულ დაგეგმვაში;


2. ევროკავშირისთვის ხელმისაწვდომია ნატოს შესაძლებლობები (იარაღი, ძალები), საერთო ქონება;
3. ევროკავშირისთვის ხელმისაწვდომია ნატოს სარდლობა;
4. ნატოს სამხედრო ძალების ადაპტირება ხდება ისე, რომ ევროპული ოპერაციებისათვის ძალების
გამოყოფა გახდეს შესაძლებელი.

იმისათვის, რათა მოხდეს ოპერაციების შეუფერხებელი მომზადება ევროკავშირმა მიავლინა


სტრატეგიული მგეგმავების მცირე ჯგუფი SHAPE-ში, რათა მათ უხელმძღვანელონ ოპერაციებს, რომლებიც
ჩატარდება „ბერლინი+“ შეთანხმების ფარგლებში (ასეთი ოპერაციის მაგალითია ნატოს სტაბილიზაციის

10
ძალების [SFOR] ჩანაცვლება ევროკავშირის სამხედრო მისიით „ალთეა“ [EUFOR-Operation Althea] 2004 წლის
დეკემბერში).
2002 წლის 16 დეკემბერს, გამოიცა ევროკავშირის და ნატოს ერთობლივი დეკლარაცია ევროპული
უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდენტურობის (European Security and Defense Identity – ESDI) შესახებ. მასში
გაჟღერებულ იქნა რამდენიმე პერმანენტული პრინციპი, მათ შორის პარტნიორობა, გამჭვირვალეობა და
შესაძლებლობების ურთიერთშეთანხმებულად განვითარება2. ამავე დეკლარაციით, ნატომ დაადასტურა
ევროკავშირისთვის ნატოს დაგეგმარების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა, ხოლო ევროპამ პირობა
დადო, რომ უზრუნველყოფდა ევროპის კავშირის არაწევრი ნატოს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობას
ESDI-ს ოპერაციებში.
ევროპის კავშირისა და ნატოს ურთიერთობას ასევე ზურგს უმაგრებს 2001 წლიდან დაწყებული
კონსულტაციები ევროკავშირის პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტსა (PSC) და ნატოს ჩრდილო-
ატლანტიკურ საბჭოს (NAC) შორის.

2
ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ჩამოყალიბების იდეა ორი მიზეზით იყო განპირობებული. 90-იან წლებში
ევროპაში დესტაბილიზაციისა და კონფლიქტის ორმა კერამ იფეთქა, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კოსოვოში. ევროპის
თავდაცვაში შეერთებული შტატების წილის შემცირებამ საჭირო გახადა ევროპელთა ძალისხმევის ზრდა საკუთარი
თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოგვიანებით, ნათელი გახდა ნატოს შესაძლებლობათა საზღვრე-
ბიც, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი თავის თავდაცვით მოვალეობებს მხოლოდ საგარეო საფრთხის შემთხვევაში
აღიარებდა. ამასთანავე, თანდათან გამოიკვეთა ევროპისათვის ისეთი საერთო პოლიტიკური ერთეულის აუცილებ-
ლობა, რომელიც გაუმკლავდებოდა ევროპის უსაფრთხოების წინაშე მდგარ ახალ პრობლემებს. 1994 წელს, ბრიუსელში
ნატოს საბჭომ აღიარა ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის განსაზღვრის აუცილებლობა. შესაბამისად, 1996 წელს,
ბერლინში ნატოს საბჭომ საფუძველი ჩაუყარა შერეული ერთობლივი შეიარაღებული ძალების იდეას. ალიანსის
ლიდერებმა შეიმუშავეს კონცეფცია, რომლის თანახმადაც ნატოს სამხედრო საშუალებები შესაძლებელია გამოყენებულ
იქნეს ევროკავშირის წარმოებულ ოპერაციებში.

11

You might also like