You are on page 1of 5

ეუთო: კონფერენცია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის

შესახებ, საბოლოო აქტი

სტუდენტი: ლიკა ბერიძე

საგანი: თანამედროვე ევროპის ისტორია

კურსის ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
ეუთო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის რეგიონალური ორგანიზაციაა,
რომელიც შეიქმნა გაეროს წესდების მე-8 თავის შესაბამისად და მიზნად ისახავდა
ევროპაში კონფლიქტების თავიდან აცილებას, ასევე კონფლიქტების შემდგომ
რეაბილიტაციას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა,
ეკონომიკური უსაფრთხოება, შეიარაღების კონტროლი და ა.შ.

ჰელსინკში 1975 წელს ოცდათხუთმეტმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა საბოლოო აქტს,


ხელმომწერები იყვნენ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, აშშ, კანადა და საბჭოთა კავშირი,
ჰელსინკის დეკლარაციის მიზანი იყო გაენეიტრალებინა და შეემსუბუქებინა „ცივი ომის“
შედეგად გამოწვეული უთახმოებები და დაძაბულობები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს
შორის. ეს ორგანიზაცია პოლიტიკური ორგანოა, იგი იდეოლოგიურად დაყოფილ
ევროპაში წარმოიშვა, რათა განევითარებინა თანამშრომლობა და უშიშროება ევროპის
კონტინენტზე. დეკლარაციის ინიციატორები აღმოსავლეთის ქვეყნები იყვნენ.
სახელმწიფოები, რომლებმაც ერთად აიღეს პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ ამ
ორგანიზაციას ეფექტურად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა, დაინტერესებულნი
იყვნენ თავიდან აეცილებინათ ევროპაში კონფლიქტები და დაემყარებინათ მშვიდობა იმ
რეგიონში, სადაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ორი მსოფლიო ომი
მიმდინარეობდა. ეს სახელმწიფოები პირობას დებდნენ, რომ შეთანხმებულად და
ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით იმუშავებდნენ. თუმცა, ფაქტია, რომ
დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყნები ევროპას ცნობდნენ, ისეთად, როგორიც მეორე
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იყო, ანუ ამ შეთანხმებით ევროპა ერთგვარად
დაყოფილი იყო დასავლურ და საბჭოურ გავლენის სფეროებად. დასავლეთის მთავარი
მიზანი არსებული დაძაბულობის განეიტრალება იყო, ხოლო საბჭოთა კავშირის,
საზღვრების განმტკიცება და ეკონომიკის გაძლიერება.

ჰელსინკის დეკლარაცია შეიცავდა რამდენიმე პუნქტს, რომლითაც განსაზღვრული იყო


სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის მართვის ძირითადი პრინციპები, ანუ ის
პუნქტები, რითაც მათ უნდა ეხელმძღვანელათ. ესენი იყო: სახელმწიფოების
ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოყენებისგან თავის შეკავება, საზღვრების
ხელშეუხებლობა, საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, დავების მშვიდობიანი მოგვარება.
ერთ-ერთ ყველაზე მთავარ, მეშვიდე პუნქტში კი საუბარი იყო ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების პატივისცემაზე, მათ შორის იყო აზრის, რელიგიის ან რწმენის
თავისუფლება და ა.შ ასევე ძალზე მნიშვნელოვანი იყო თვითგამორკვევის პრინციპიც,
რისი უფლებაც ყველას თანაბრად უნდა ჰქონოდა, გარდა ამისა დეკლარაცია მოითხოვდა
სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას და საერთაშორისო სამართლით
გათვალისწინებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საბოლოო აქტი შეიცავდა ბევრ სხვა მრავლისმომცველ


პუნქტს, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ, ქვეყნებს შორის ურთერთობის მოგვარების
პროცესებთან, მშვიდობისა და განიარაღების საკითხებთან, რა თქმა უნდა, გარკვეული
ასპექტების გათვალისწინებით. დეკლარაცია მოიცავდა ასევე ქვეყნებს შორის
თანამშრომლობას ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. საჭირო იყო
ქვეყნებს ერთმანეთთან ჰქონოდათ ბიზნეს კონტაქტები, რაც გააუმჯობესებდა
თითოეული ქვეყნის ეკონომიკას, და ბაზრის კონკურენტუარიანობას და
მრავალფეროვნებას შეუწყობდა ხელს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო სამრეწველო
თანამშრომლობა და საერთო ინტერესების პროექტების განხორციელება, რითაც
შესაძლებელი გახდებოდა სტანდარტების ჰარმონიზება. ასევე მნიშვნელოვანი იყო
გარემოსდაცვითი საკითხები, ქვეყნებს ერთიანი ძალისხმევით უნდა ეზრუნათ
გარემოსდაცვითი პირობების გაუმჯობესებისთვის, როგორიცაა მაგალითად, ჰაერისა და
წყლის დაბინძურების კონტროლი და ა.შ. უდიდესი ყურადღება ეთმობოდა
კულტურათშორის ურთიერთობებსაც, ცოდნის, ტრადიციების, კულტურების გაცვლასა
და გავრცელებას, რაც გააფართოვებდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სფეროებს და
გაამყარებდა კავშირებს.

საინტერესოა ხელმომწერი ქვეყნების დამოკიდებულება აღნიშნული დეკლარაციის


მიმართ. ფაქტია, რომ საბოლოო აქტის, პუნქტებით ყველა მოხიბლული არ იყო,
მაგალითად, ბრეჟნევს არ მოსწონდა და არ იყო კმაყოფილი ზოგიერთი მათგანით,
განსაკუთრებით საშინაო საქმეებში ჩაურევლობითა და ადამიანის უფლებებით, თუმცა
მას მოუწია მიეღო ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ბევრი მისთვის სასურველი და
სასარგებლო პუნქტით. მაგრამ ცხადია ისიც, რომ საბჭოთა კავშირი ადამიანის
უფლებების გაუმჯობესების მხრივ არაფერს გეგმავდა და ყველაფერი გაგრძელდებოდა
ისე, როგორც იყო.

რაც შეეხება დეკლარაციის შედეგებს. ეუთოს შეთანხმებას, ერთი წლის შემდეგ


აღმოსავლეთ ნაწილში დისიდენტური მოძრაობების გამოჩენა მოჰყვა, მთელს საბჭოთა
კავშირში ვითარდებოდნენ ეს მოძრაობები, მათი აზრით, ისინი იქცეოდნენ ჰელსინკის
შეთანხმების შესაბამისად. იმან, რომ ადამიანის უფლებების დაცვა აღიარებულ იქნა
საერთაშორისო განხილვის საგნად, ხელი შეუწყო საზოგადოების განვითარებასა და
ცნობიერების ამაღლებას, საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით. სწორედ ეს ფაქტი გახდა
წლების შემდეგ, ერთ-ერთი მიზეზი, საბჭოთა კავშირის დაშლისა.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ეუთოს (ჰელსინკის) პროცესმა და შემდეგ


საბოლოო აქტის ჩამოყალიბებამ, დიდი ზეგავლენა მოახდინა მთელს მსოფლიოზე,
ზემოთ აღნიშნულ პუნქტებს მართლაც მოჰყვა გარკვეული პოზიტიური ცვლილებები
ევროპის მშვიდობის, უშიშროებისა და უსაფრთხოების საქმეში. თანაც აღსანიშნავია ის,
რომ ეუთომ ადამიანის უფლებების წინა პლანზე წამოწევით და ამ საკითხზე
განსაკუთრებული ყურადღებით, მიაღწია იმ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რაც
რეგიონში არსებობს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1) Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი, ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის


ორგანიზაცია (ეუთო). http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=6625
16.06.2020.
2) ნერგაძე ნიკო, „ჰელსინკის დეკლარაცია 35 წლისაა- რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ
დოკუმენტს?“. 04.08.2010. https://www.radiotavisupleba.ge/a/2117774.html 16.06.2020.
3) „OSCE: Conference on Security and Cooperation in Europe, Final Act“. Helsinki
01.08.1975. https://www.osce.org/files/f/documents/5/c/39501.pdf 16.06.2020.
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=6625

https://www.radiotavisupleba.ge/a/2117774.html

You might also like