You are on page 1of 3

©G.

Anchabadze, 2017

პირველი მსოფლიო ომი


ამონარიდები „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი“-დან / ავტორები და
შემდგენლები: ე. მეძმარიაშვილი (მთავარი რედაქტორი), თ. შუბლაძე (მთავარი რედაქტორია
მოადგილე), ზ. აბაშიძე, გ. ანჩაბაძე, მ. გოგიტიძე, ვ. კაპანაძე, ა. საყვარელიძე, ნ. წიგნაძე. თბ., 2017.

პირველი მსოფლიო ომი 1914–18, იპერიალისტური ომი უდიდეს კაპიტალისტურ


სახლმწიფოთა ორ ჯგუფს შორის მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისათვის. ერთი ჯგუფის
ბირთვს შეადგენდა ”ცენტრალური სახელწიფოების” ბლოკი (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი),
მეორისას ანტანტის ქვეყნები (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი). ანტანტის მხარეზე
თავიდანვე აღმოჩნდნენ ბელგია, სერბია და ჩერნოგორია. დროთა ვითარებაში მსოფლიო
ომში კიდევ 30 სახელმწიფო ჩაება. აქედან ორი (ოსმალეთი და ბულგარეთი) ცენტრალური
სახელმწიფოების მხარეზე, დანარჩენები კი (მათ შორის აშშ, იაპონია, იტალია) – ანტანტის
მხარეზე. ომის დაწყების საბაბი გახდა სერბი ნაციონალისტების მიერ ავსტრია-უნგრეთის
ტახტის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მოკვლა. 1914 წ. 28 ივლ. ავსტრია-
უნგრეთმა, გერმანიის წაქეზებით, ომი გამოუცხადა სერბიას, ხოლო ვინაიდან სერბიის
დამცველად რუსეთი გამოვიდა, გერმანიამ 1 აგვ. ომი გამოუცხადა რუსეთს, ხოლო 3 აგვ. –
საფრანგეთს. 4 აგვ. ინგლისმა ომი გამოუცხადა გერმანიას, ხოლო 23 აგვ. ანტანტას მხარეზე
ომში ჩაება იაპონია. გერმან. არმიები ბელგიის გავლით საფრანგეთში შეჭრნენ და პარიზს
მიუახლოვდნენ, მაგრამ ინგლის-საფრანგეთის ჯარებმა ქალაქი იხსნეს ერთობლივი
ძალისხმევით (იხ. მარნაზე ბრძოლა). ომმა დასავლეთის ფრონტზე პოზიციური ხასიათი
მიიღო. რუსებმა 1914 შემოდგომაზე დაამარცხეს ავსტრიელები, ხოლო 1914 ბოლოს და 1915
დასაწყისში – ოსმალები. 1915 ცენტრალური სახელმწიფოების ძალებმა რუსები აიძულეს
დაეტოვებინათ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ნაწილი, დაამარცხეს სერბია. 1915-16
ოსმალებმა მოიგერიეს ინგლის-საფრანგეთის ფლოტისა და ჯარების შეტევა (იხ. დარდანელის
ოპერაცია). დას. ფრონტზე 1916 გერმანიის ჯარების უშედეგო მცდელობის შემდეგ გაერღვიათ
ფრანგ. არმიის პოზიციები ვერდენთან (იხ. ვერდენის ბრძოლა) ინიციატივა ანტანტის ხელში
გადავიდა, თუმცა ინგლის-საფრანგ. ჯარების სტრატეგიული შეტევა მდ. სომაზე 1916 წ. ივლ.-
სექტ., რომლის დროსაც ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს ბრძოლის ახალი საშუალება –
ტანკები, ასევე უშედეგოდ დამთავრდა. 1917 წ. 6 აპრ. აშშ-მა ომი გამოუცხადა გერმანიას და
ევროპაში 2 მლნ ჯარისკაცი გაგზავნა. ახალი მოკავშირეების შეძენამ ანტანტის სასარგებლოდ
შეცვალა სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ 1917 ომს,
ფაქტობრივად, გამოეთიშა ერთ-ერთი ძირითადი მეომარი ქვეყანა – რუსეთი (იქ მომხდარი
რევოლუციის გამო), ძალთა შეფარდება მაინც ანტანტის მხარეზე დარჩა. ამიტომ გერმანიისა
და მისი მოკავშირეების ძალები უფრო მალე გამოიფიტა. 1918 წლის ბოლოსათვის მათ აღარ
შეეძლოთ ბრძოლის გაგრძელება და იძულებულნი გახდნენ ზავი ეთხოვათ. 29 სექტ.
კაპიტულაცია გამოაცხადა ბულგარეთმა, 30 ოქტ. – ოსმალეთმა, 3 ნოემბ. – ავსტრია-უნგრეთმა
და 11 ნოემბ. – გერმანიამ. პ.მ.ო. თავისი მასშტაბებითა და შედეგებით ისტორიაში მანამდე
ცნობილ ყველა ომს აღემატებოდა. ამ ომში ჩათრეული იქნა 38 სახელმწიფო 1,5 მლრდ
მოსახლეობით (დედამიწის მოსახლეობის 2/3). დაპირისპირებული მხარეების არმიებში
მობილიზებული იყო 74 მლნ ადამიანი. ომში დაიღუპა 9,5 მლნ ადამიანი, ხოლო დაიჭრა და
დასახიჩრდა – 20 მლნ-ზე მეტი. ეს იყო, აგრეთვე, მანქანების ეპოქის პირველი ომი იყო. ამ
პერიოდში დაიწყო არმიების მექანიზაცია და მოტორიზაცია, განვითარება ჰპოვეს ახალმა
საბრძოლო საშუალებებმა – თვითმფრინავებმა, ტანკებმა, წყალქვეშა ნავებმა, საზენიტო და
ტანკსაწინააღმდეგო არტილერიამ. გაუმჯობესდა შეიარაღების ძველი ნიმუშები,
გამოყენებული იქნა ქიმიური იარაღი. დიდი ცვლილებები მოხდა არმიების ორგანიზაციაში,
©G.Anchabadze, 2017

გაჩნდა ჯარების ახალი გვარეობები. სამხედრო ავიაცია დამოუკიდებელ გვარეობად


გადაიქცა, რომელიც დაიყო მზვერავ, გამანადგურებელ, ბომბდამშენ და მოიერიშე ავიაციად.
გაჩნდა სატანკო ჯარები, ქიმიური ჯარები, ჰაერსაწინაღო თავდაცვის ჯარები. საინჟინრო
ჯარების ხვედრითი წონა 1,5-2-ჯერ გაიზარდა. შემცირდა კავალერიის მნიშვნელობა. ზღვაზე
გაიზარდა წყალქვეშა ნავების, საზღვაო ავიაციის, სატორპედო იარაღის როლი. გაჩნდა
ხომალდების ახალი კლასები. პირველმა მსოფლიო ომმა დაადასტურა შეიარაღებული
ბრძოლის მზარდი დამოკიდებულება ეკონომიკასა და პოლიტიკაზე. პირველი მსოფლიო
ომის გამოცდილებამ შემდგომ პერიოდში (20-30-ანი წწ.) დიდი გავლენა იქონია ყველა
სახელმწიფოში სამხედრო მშენებლობაზე.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ანტანტა (ფრანგ. entente – თანხმობა), ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო-


პოლიტიკური ბლოკი (ცნობილია აგრეთვე ”სამთა თანხმობის” სახელწოდებით), რომელსაც 1915
შეუერთდა იტალია. გაფორმდა 1904-1907 წწ. სამთა კავშირის საპასუხოდ. I მსოფლ. ომის
მსვლელობაში ცენტრალური სახელმწიფოების წინააღმდეგ ანტანტამ გააერთიანა 30-მდე
სახელმწიფო. I მსოფლ. ომის დამთავრების შემდეგ მალე დაიშალა.

მარნაზე ბრძოლა 1914, I მსოფლ. ომის დროს 5–12 სექტ. მდ. მარნაზე ბრძოლაში, პარიზის ჩრდ.-აღ-
მით, ინგლის-საფრანგეთის ჯარებმა (64 დივიზია, 3000 ქვემეხი, ჟ. ჟოფრი) შეაჩერეს გერმანული
არმიების შეტევა (49 დივიზია, 3364 ქვემეხი, ჰ. მოლტკე-უმცროსი) და აიძულეს ისინი უკან დაეხიათ,
რითიც ჩაიფუშა საფრანგეთის სწრაფი განადგურების გერმანული სტრატეგიული გეგმა.

დარდანელის ოპერაცია 19.II.1915–9.I.1916, პირველ მსოფლიო ომის დროს. ინგლისისა და საფრანგეთის


სადესანტო ჯარები საბრძოლო ხომალდების მხარდაჭერით გალიპოლის ნ. კ-ზე გადმოსხდნენ
დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებისა და სტამბოლის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ მოგერიებული
იქნენ ოსმალთა ჯარების მიერ. ოპერაციაში მოკავშირეებმა დაკარგეს 145 ათ. კაცი და 6 სახაზო
ხომალდი, თურქებმა 186 ათ. კაცი და 1 სახაზო ხომალდი. დ.ო-ის წარუმატებლობას შედეგად მოჰყვა
ბულგარეთის ჩაბმა ომში გერმ. მხარეზე.

ვერდენის ბრძოლა 1916, 21 თებ.–21 დეკ., I მსოფლ. ომის დროს. მე-5 გერმ. არმია ცდილობდა ფრანგ.
ფრონტის გარღვევას ვერდენის რ-ნში, წინ წაიწია 7-10 კმ-ით, მაგრამ სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა.
ფრანგებმა მოახერხეს გერმ. შეტევის მოგერიება და დაკარგული პოზიციების დაბრუნება.
გააფთრებულ ბრძოლებში ორივე მხარემ მძიმე ზარალი განიცადა (გერმანელებმა 600 ათ-მდე,
ფრანგებმა – 358 ათ.). ვ. ბ-ში პირველად იქნა ფართოდ გამოყენებული ავტოტრანსპორტი
ოპერატიული გადაჯგუფებისათვის (მაგ., 27 თებ-დან 6 მარტამდე 3900 ავტომანქანით გადაისროლეს
190 ათ. ფრანგი ჯარისკაცი და ოფიცერი და 25 ათ. ტ-ზე მეტი ტვირთი).

სომაზე ბრძოლა 1916, I მსოფლ. ომის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა. 1 ივლ.–18 ნოემბ. მდ. სომაზე
(ჩრდ. საფრანგეთი) ინგლ.-საფრანგეთის ჯარები უშედეგოდ ცდილობდნენ გერმ. პოზიციების
გარღვევას, რათა ვერდენთან (იხ. ვერდენის ბრძოლა) ფრანგ. არმიის მდგომარეობა
შემსუბუქებულიყო. ს.ბ. ძალიან სისხლისმღვრელი აღმოჩნდა. ორივე მხარემ მოკლულთა და
დაჭრილთა სახით დაკარგა 1,3 მლნ კაცზე მეტი (ინგლ. – 456 ათ., ფრანგ. – 341 ათ., გერმ. 538 ათ. კაცი).
მძიმე ზარალმა ორივე მხარეს შეარყია ჯარების მორალური მდგომარეობა. ს.ბ-მ ცხადყო პოზიციური
თავდაცვის გარღვევის შეუძლებლობა ფრონტის ერთ, შედარებით ვიწრო (40 კმ) მონაკვეთზე
მეთოდური დარტყმების მეშვეობით. ს.ბ-ში 15 სექტ. ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს ტანკები.
©G.Anchabadze, 2017
ვერსალის საზავო ხელშეკრულება 1919, ხელსეკრულება, რომლითაც ოფიციალურად დასრულდა
პირველი მსოფლიო ომი (1914–18). ხელი მოაწერეს ვერსალში 28 ივნ., ერთის მხრივ გამარჯვებულმა
სახელმწიფოებმა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვ., მეორეს მხრივ – გერმანიამ და მისმა
მოკავშირეებმა. ვ. ს. ხ-ით გერმანიამ გასცა საფრანგეთს ელზასი და ლოთარინგია (1870 საზღვრებში);
ბელგიას – მალმედისა და ეიპენის ოლქები, პოლონეთს – პოზნანი, პომერანიისა და დას. პრუსიის
ტერიტორიების ნაწილი; დანციგი (გდანსკი) გამოცხადდა ”თავისუფალ ქალაქად”; ქ. მემელი
(კლაიპედა) გადავიდა გამარჯებული სახელმწიფოების მფლობელობაში (1923 ლიტვას შეუერთდა);
შლეზვიგის, აღმ. პრუსიის სამხრ. ნაწილისა და ზემო სილეზიის სახელმწიფოებრივი კუთვნილების
საკითხი პლებისციტს უნდა გადაეწყვიტა; ჩეხოსლოვაკიას გადაეცა სილეზიის მცირე ნაწილი; საარი 15
წლით გადავიდა ერთა ლიგის გამგებლობაში, შემდეგ კი მისი საკითხი პლებისციტს უნდა
გადაეწყვიტა. გერმანიამ დაკარგა აგრეთვე კოლონიური სამფლობელოები. გერმანია აღიარებდა
ავსტრიის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობას. გერმანია გამოცხადებული იქნა
დამნაშავედ მსოფლიო ომის გაჩაღებაში, მას დაეკისრა რეპარაციების გადახდა. გერმანიის
შეიარაღებული ძალები იზღუდებოდა 100-ათასიანი სახმელეთო არმიით, სავალდებულო სამხედრო
სამსახური უქმდებოდა. ვ. ს. ხ-ის პირობებმა გააძლიერა გერმ. ნაციონალიზმი და ხელი შეუწყვეს
ქვეყანაში ნაციონალ-სოციალისტური იდეების გამარჯვებას, რაც დაგვირგვინდა სახელმწიფოს
სათავეში ჰიტლერის მოსვლით.

You might also like