ოცდაათწლიანი ომი

You might also like

You are on page 1of 3

30 წლიანი ომი ევროპაში

ომის მიზეზები
30 წლიანი ომი ( 1618 – 1648 წწ ), არსებითად პირველი საერთოევროპული ომი იყო, რომელშიც ევროპის თითქმის
ყველა ქვეყანა მონაწილეობდა. ოცდაათწლიანი ომის მიზეზები, ომის დაწყებასთან შედარებით, გაცილებით ადრე
წარმოიქმნა. XVI ს-ში კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარმა განხეთქილებამ გამოიწვია პროტესტანტული
აღმსარებლობის გავრცელება დასავლეთ ევროპაში. გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში კათოლიკეებსა და
პროტესტანტებს შორის შორის გაჩაღებული ბრძოლა დასრულდა 1555 წ აუგსბურგის რელიგიური ზავით, რომლის
თანახმადაც გერმანულ სამეფო-სამთავროების მმართველებს თვითონ შეეძლოთ აერჩიათ რელიგია - კათოლიკობა ან
ლუთერანობა თავიანთი ქვეშამდომებისთვის. იმავე აუგსბურგის ზავის პირობით, თუ კათოლიკე ეპისკოპოსი
ლუტერანობაზე მოექცეოდა, მას თავის სამფლობელო კათოლიკური ეკლესიისთვის უნდა დაებრუნებინა.

აუგსბურგის ზავმა საბოლოოდ მაინც ვერ მოაგვარა რელიგიური დაპირისპირება. ზოგიერთ გერმანულ სამთავროში
სწრაფად ვრცელდებოდა პროტესტანტიზმის სხვა მიმდინარეობა - კალვინიზმი, რომლის შესახებაც აუგსბურგის
ზავში არაფერი იყო ნათქვამი. გერმანიის ზოგიერთი ეპისკოპოსი თავის მრევლთან ერთად გადადიოდა კალვინიზმზე,
მაგრამ არ თმობდა სამფლობელოებს, ეს კი კათოლიკური ეკლესიის რეაქციას იწვევდა. კათოლიკურმა ეკლესიამ,
რომელსაც სურდა აღედგინა რეფორმაციის წლებში დაკარგული გავლენა, გააძლიერა ევროპის ქვეყნებში ცენზურა და
ინკვიზიცია, გააქტიურდა იეზუიტთა ორდენიც. ვატიკანი ყოველთვის უბიძგებდა კათოლიკე მმართველებს
პროტესტანტიზმის აღმოფხვრისკენ თავიანთ სამფლობელოებში.

გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორები, რომლებიც ჰაგსბურგების დინასტიიდან იყვნენ, ყოველმხრივ
ცდილობდნენ, რომის კათოლიკურ ეკლესიაზე დაყრდნობით დაეძლიერებინათ სახელმწიფოში მათი საიმპერატორო
ხელისუფლება. გერმანელმა მთავრებმა იგრძნეს მოახლოვებული საფრთხე და 1608 წ შექმნეს პროტესტანტული
(ევანგელური) უნია. მას მხარს უჭერდნენ ინგლისი და საფრანგეთი. ამის საპასუხოდ კათოლიკე მთავრებმა 1609 წ
ჰაბსბურგთა მეთაურობით დააარსეს კათოლიკური ლიგა.

ოცდაათწლიანი ომის რელიგიურ მოტივაციას ხშირად გეოპოლიტიკური მოსაზრებები აჭარბებდა. XVI ს


დასაწყისიდან ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში წამყვანი როლი მიეკუთვნებოდა ჰაბსბურგების საგვარეულო ოჯახს.
მართალია ჰაბსბურგები მეთაურობდნენ გერმანიის მსხვილი და წვრილი სამეფო-სამთავროების კონფედერაციას,
მაგრამ მათი სიძლიერე მდგომარეობდა ვრცელი სამემკვიდრეო მამულების ფლობაში, რომლებიც მოიცავდა ავსტრიას,
შტირიას, კარინტიას, ჩეხეთს, უნგრეთს ქვეყნის აღმოსავლეთში, ხოლო ტიროლს, შვაბიას, ელზასს - დასავლეთში.
ჰაბსბურგები მეფობდნენ არა მარტო გერმანიაში, არამედ მათი მეორე შტო მართავდა ესპანეთს, სამხრეთ
ნიდერლანდებს, სიცილიისა და ნეაპოლიტანის სამეფოებს, ფლობდნენ ესპანურ უზარმაზარ კოლონიურ იმპერიას
ამერიკაში.

XVI ს მანძილზე ევროპის დიდი სახელმწიფოები - საფრანგეთი, ინგლისი და ჰოლანდია მიისწრაფოდნენ, წინ
აღდგომოდნენ ჰაბსბურგების ჰეგემონიას და მის შემდგომ გაძლიერებას. დაპირისპირებული მხარეების ინტერესები
თავს იყრიდნენ რამდენიმე რეგიონში: უპირველესყოლისა საღვთო რომის იმპერიის ტერიტორიაზე, სადაც
დაპირისპირება იყო იმპერატორსა და გერმანელ მთავრებს შორის, ასევე ღია რელიგიური დაპირისპირებები
ლუთერანებსა და კათოლიკეებს შორის. დაპირისპირების კიდევ ერთი კვანძი იყო ბალტიის ზღვა. სკანდინავიის
პროტესტანტული სახელმწიფოები - დანია და შვეცია, რომლებიც იმჟამად განიცდიდნენ ძლიერ ეკონომიკურ და
კულტურულ განვითარებას, ფლობდნენ რა იმ დროისთვის სანიმუშო არმიებს, მიისწრაფოდნენ ბალტიის ზღვაზე
გაბატონებისთვის. ამას კი საღვთო რომის იმპერია თავისი ინტერესების ხელყოფად მიიჩნევდა.
ომის დაწყება. ჩეხური პერიოდი
ჩეხეთის ჯერ კიდევ ჰაგსბურგთა დინასტიაში შესვლისას ( 1525 წ ) შეპირდნენ ავტონომიას, რომელშიც მოიაზრებოდა
სეიმის ( პარლამენტის), ჩეხური ენისა და რეფორმირებული ეკლესიის შენარჩუნება, მაგრამ ჰაბსბურგებმა უხეშად
დაარღვიეს პირობა. ისინი უშუალოდ ერეოდნენ მმართველობაში - გზავნიდნენ გერმანელ ჩინოვნიკებს. ჩეხეთში
შეაღწიეს იეზუიტებმა, რომლებიც ცდილობდნენ კათოლიციზმის აღდგენას. 1617 წ საიმპერატორო ხელისუფლებამ
პრაღაში თავისი წარმომადგენლები ( რეგენტები ) გაგზავნა, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ჩეხეთში
პროტესტანტთა უფლებების შეზღუდვა. ამან პრაღელთა აჯანყება გამოიწვია. 1618 წ 23 მაისს აღშფოთებულმა ჩეხმა
პროტესტანტმა თავადებმა რეგენტები სეიმის მესამე სართულის ფანჯრიდან გადაყარეს. ჩეხმა თავადებმა შექმნეს 30
კაციანი დროებითი მთავრობა. დაიწყო არმიის ორგანიზება, იეზუიტები და კათოლიკური ეკლესიის მაღალი
თანამდებობის პირები გააძევეს ქვეყნიდან. დასაწყისში აჯანყებულებმა წარმატებას მიაღწიეს და კათოლიკური
ძალები რამდენჯერმე დაამარცხეს, მაგრამ კათოლიკური ლიგის გაერთიანებულმა ჯარმა, რომელთაც ტილი
სარდლობდა, 1620 წ პრაღის ახლოს თეთრ მთასთან სასტიკად დაამარცხეს აჯანყებული ჩეხები. ქვეყანა საშინლად
აოხრდა. დახოცეს აჯანყებულთა მეთაურები. ჩეხი პროტესტანტები სხვა სამეფო-სამთავროებში გაიქცნენ. ჩეხეთში
მთლიანად აღდგა კათოლიკური ეკლესია. იმპერატორის გამარჯვებამ და ჰაბსბურგების გაძლიერებამ შეაშფოთა
მეზობელი სახელმწიფოები. საფრანგეთის პრემიერის, რიშელიეს ინიციატივით შეიქმნა დასავლეთევროპული
კოალიცა, რომელშიც შევიდნენ ინგლისი, ჰოლანდია და დანია, რომელიც მომართული იყო ჰაბსბურგთა წინააღმდეგ.
დანიის სამეფოს, რომელსაც ბალტიის ზღვაზე ბატონობის პრეტენზია ჰქონდა, ინგლისი და ჰოლანდია შეპირდნენ
მეფეს დიდ სუბსიდირებას თუ იგი ომს დაიწყებდა იმპერატორის წინააღმდეგ.

ომის დანიური პერიოდი


1625 წ დანიის მეფემ ქრისტიან IV ემ დაიწყო ომი და შეიჭრა გერმანიაში. მას შეუერთდნენ ჩრდილო-გერმანელი
ლუთერანი თავადები. იმპერატორ ფერდინარდ II ეს ( 1619 – 1637 წწ ) არ გააჩნდა სახსრები, რომ შეეგროვებინა არმია
დანიელების წინააღმდეგ, ამიტომ იმპერატორმა სარდლად მოიწვია ჩეხი კათოლიკე ფეოდალი - ალბრეხტ
ვალენშტეინი, რომელმაც ხელი მოითბო ჩეხი ხალხის განადგურების დროს - მან დასჯილი და განდევნილი ჩეხი
პროტესტანტების დიდძალი მამულები მიითვისა. ვალენშტეინი ნიჭიერი სამხედრო ავანტიურისტი იყო, ადვილად
ახერხებდა ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხებასაც, რადგან დაქირავებულ ჯარს კარგად უხდიდა და ძარცვის ნებას
აძლევდა. ვალენშტეინმა დაიქირავა 50,000 კაცი, გაწვრთნა და წაიყვანა დანიელთა წინააღმდეგ. 1626 წ დანიელები
დამარცხდნენ. ვალენშტეინი იუტლანდიის ნახევარკუნძულზე შეიჭრა. დანიის მეფე 1629 წ იძულებული გახდა ზავი
ეთხოვა უარი ეთქვა გერმანიის საქმეებში ჩარევაზე. გაძლიერებულმა და ამავე დროს ეჭვიანმა იმპერატორმა მალე
ვალენშტეინი მხედართმთავრობიდან გადააყენა.

ომის შვედური პერიოდი


დანიასთან ომის დასრულების შემდეგ იმპერიის წინააღმდეგ ომში ჩაება ლუთერანული აღმსარებლობის მქონე
შვედეთის სამეფო, რომელიც იმჟამად ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ფლობდა. საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ
ბრძოლაში შვედეთს ფინანსურად საფრანგეთი ეხმარებოდა. თავის მხრივ, შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფსაც ( 1611
-1632 წწ ) ჰქონდა ომში ჩაბმის საკუთარი მოტივი.

იმპერატორის გამარჯვება დანიაზე, ვენის სასახლის კარის გერმანული ფლოტი სერიოზულად აშფოთებდა შვედეთს.
შვედეთის მეფემ იმდროინდელ სამხედრო ხელოვნებაში სიახლეები შეიტანა. იგი იყენებდა ბრძოლის დროს მსუბუქ
და მოძრავ საველე არტილერიას, რაც დიდ უპირატესობას ანიჭებდა მტრის წინააღმდეგ.
ჩრდილოეთ გერმანიაში შეჭრილმა გუსტავ II ემ 1631 წ მოიმხრო ბრანდებურგისა და საქსონიის პროტესტანტული
სამთავროები. 1631 წ სექტემბერში ლაიფციგის მახლობლად, სოფელ ბრეიტენფელდთან ბრძოლაში დაამარცხა
იმპერატორის ჯარი, ხოლო 1632 წ გაზაფხულზე მდინარე ლეხთან ბრძოლაში გაანადგურა იმპერიის ჯარები.
ბრძოლაში დაიღუპა სარდალი ტილი. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა იმპერატორმა ფერდინარდ II ემ კვლავ
მიმართა დახმარებისთვის ალბრეხტ ვალენშტეინს, რომელსაც მიანიჭა შეუზღუდავი ძალაუფლება. 1632 წ
შემოდგომაზე ქალაქ ლიუცენთან გაიმართა გენერალური ბრძოლა, რომელშიც შვედებმა გაიმარჯვეს, თუმცა გუსტავ
ადოლფი ბრძოლაში დაიღუპა. წარუმატებლობის გამო ვალენშტეინი სარდლობიდან გადააყენეს და დაადანაშაულეს
სახელმწიფოს ღალატში. იგი მოკლულ იქნა 1634 წელს.

ომის ფრანგულ-შვედური პერიოდი


მართალია, იმპერიის არმიამ 1634 წ დაამარცხა შვედები და შეავიწროვა ისინი სამხრეთ გერმანიაში, მაგრამ რიშელიემ
გადაწყვიტა, ღიად გამოსულიყო გერმანიის წინააღმდეგ ომში. საფრანგეთი ამავდროულად კათოლიკურ ესპანეთსაც
ეომებოდა. ამგვარად, დაპირისპირებაში რელიგიური ფაქტორი გადამწყვეტი აღარ იყო. საფრანგეთი ევროპაში სრული
გაბატონებისთვის იბრძოდა. რიშელიემ განამტკიცა შესუსტებული კავშირი შვედებთან. კოალიციურმა ჯარებმა 1638 წ
რაინვენდელთან ბრძოლაში დაამარცხეს იმპერატორის ჯარები. 1642 წ საიმპერატორო ჯარები დამარცხდნენ
ბრაიტენფელდის ბრძოლაშიც. 1648 წ ფრანგებთან დამარცხების შემდეგ, ახალმა იმპერატორმა ფერნინარდ III ემ ( 1637
– 1657 ) ზავი ითხოვა.

ვესტფალიის ზავი
1648 წ მებრძოლ მხარეებს შორის დაიდო ვესტფალიის ზავი. ზავის მიხედვით, საფრანგეთმა მიიღო გერმანული
პროვინცია ელზასი, შვედეთმა კი ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროები. ამ ზავით აღიარებულ იქნა ჰოლანდიისა და
შვეიცარიის დამოუკიდებლობა. გერმანიის მეფე-მთავრებმა მიიღეს იმპერატორისგან სრული დამოუკიდებლობა და
უფლება, დაემყარებინათ დიპლომატიური ურთიერთობა უცხო ქვეყნებთან. დასრულდა რელიგიური დაპირისპირება.
თანასწორნი გახდნენ კათოლიკეები და პროტესტანტები. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში იყენებენ
ტერმინს - „ვესტფალიის სისტემა“, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და
გარეშე ძალების ჩარევის ჩაურევლობას. ვესტფალიის სისტემაში საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტია
ეროვნული სახელმწიფო და არა მონარქი.

You might also like