You are on page 1of 13

§ ესპანეთი XVIII საუკუნეში: (ბურბონების რეფორმიზმი)

,, ომის ესპანეთის მემკვიდრეობისათვის” (1701-1714)

1701 წლის აპრილში ფილიპე ანჟუელი მადრიდში ეკურთხა ესპანეთის მეფედ ფილიპე V
სახელით (1701-1746). პირველ თვეებში ახალი მეფის პოლიტიკა მიმართული იყო ფრანგულ
პარტიასა და ჰაბსბურგთა მომხრეებს შორის ანტაგონიზმის დაძლევისკენ. მას სურდა
წარმოჩენილიყო, როგორც ვერსალისგან დამოუკიდებელი მეფე და მოეპოვებინა
დიდებულების ნდობა. თავიდან ეს პოლიტიკა წარმატებული იყო. ესპანეთში ხელისუფლების
გადასვლა მშვიდობიანად მოხდა, სამაგიეროდ ევროპაში გამწვავდა მდგომარეობა და ამაში
ლომის წილი ლუი XIV-ს მიუძღვის. მან 1701 წლის თებერვალში პარლამენტს უბრძანა
დაემტკიცებინა საფრანგეთის ტახტზე ფილიპეს კანონიერი უფლებები და ჯარები გაგზავნა
ესპანეთის ნიდერლანდებში. ეს იყო რიისვიკის ზავის ღიად დარღვევა. საფრანგეთ ესპანეთის
თანამშრომლობის გასამყარებლად საფრანგეთს მიეცა ვაჭრობის უფლება ესპანურ
კოლონიებში, გვინეის კომპანიამ 1701 მიიღო ე.წ. ასიენტოს უფლება. საფრანგეთის მთავარი
საზღვაო მეტოქე ინგლისი რომელიც 1689 წლიდან ჰოლანდიასთან უნიაში იმყოფებოდა
შიშობდა, რომ საფრანგეთის და ესპანეთის სავაჭრო კავშირი მალე პოლიტიკურ კავშირში
გადაიზრდებოდა, რაც ევროპულ ძალთა ბალანს ძირეულად შეცვლიდა. 1701 წლის
სექტემბერში იმპერატორმა ლეოპოლდ I-მა დადო ანტიბურბონული კავშირი ინგლისის მეფე -
ჰოლანდიის შტატჰალტერ ვილჰელმ III-თან; მათ შეუერთდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ I,
ჰანოვერის კურფიურსტი გეორგ ფრიდრიხი, ზემო გერმანიის ქალაქები და მცირე
სამთავროები.
ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომში შეიძლება გამოიყოს ორი ეტაპი: I ეტაპი (1701-1707) ამ
დროს საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა სამ ფრონტზე: 1) იტალიაში და საფრანგეთის
სამხრეთ-აღმოსავლეთში. 2) გერმანიაში, ნიდერლანდებში და საფრანგეთის ჩრდილო-
აღმოსავლეთში 3) ესპანეთში. II ეტაპი (1708-1713). ამ პერიოდში საომარი მოქმედებები
მიმდინარეობს ჩრდილო აღმოსავლეთის და ესპანეთის ფრონტებზე. ამდენად წარმოიშვა
უამრავი კონფლიქტური კერა. ომი ცენტრალურ ევროპაში პრაქტიკულად არაფრით იყო
დაკავშირებული ესპანეთში ომთან, რომელიც აქ სამოქალაქო გახდა და დამატებითი სიმწვავე
შეიძინა.
1702 წლის ოქტომბერში ვიგოს ყურეში ინგლის-ჰოლანდიის ესკადრამ რუკის მეთაურობით
გაანადგურა ესპანური ფლოტი. 1703 წლის მაისში ანტიფრანგულ კოალიციას შეუერთდა
პორტუგალიის მეფე პედრუ II. 1704 მარტში პორტუგალიაში გადმოსხმულ იქნა ინგლის-
ჰოლანდიის საექსპედიციო კორპუსი. 4 აგვისტოს რუკის ესკადრამ დაიკავა სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი პუნქტი გიბრალტარი, ხოლო 24 აგვისტოს დაამარცხა ფრანგული ფლოტი
მალაგასთან. 1705 წლის 9 ოქტომბერს ლორდმა პიტერბორომ აიღო ბარსელონა. ერცჰერცოგ
კარლის ხელისუფლება ცნო ესპანეთის რიგმა პროვინციებმა (არაგონი, კატალონია და
ვალენსია). 1706 წლის ზაფხულში მოკავშირეებმა განახორციელეს შეტევა მადრიდზე
პორტუგალიიდან და არაგონიდან. ივნისში პორტუგალელებმა დაიკავეს დედაქალაქი,
ფილიპე V გაიქცა. 2 ივლისს კარლმა თავი მეფედ გამოაცხადა. თითქოს ბურბონები დაძლეულ
იქნა, მაგრამ ასეთ რთულ სიტუაციაში ახალი დინასტია გადაარჩინა კასტილიის მოსახლეობამ.
კარლმა რომელიც არაგონელებს ტრადიციული თავისუფლებების დაცვის გარანტად

1
მიაჩნდათ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. მალე ფრანგი მარშალი
ბერვიკი იბრუნებს მადრიდს. ალმანსასთან 1707 წლის 25 აპრილს ფილიპეს ინგლის-
პორტუგალიის არმიაზე გამარჯვების შემდეგ კარლმა დაკარგა მთელი ესპანეთი გარდა
კატალონიისა. და მაინც ბურბონების მდგომარეობა ამით არ გაუმჯობესებულა.
1710 წლის ზაფხულში მოკავშირეებმა გააქტიურეს თავიანთი მოქმედებები ესპანეთში.
ავსტრიელმა გენერალმა შტარხემბერგმა გაიმარჯვა რა 27 ივლისს ალმენართან (არაგონი) და
20 აგვისტოს სარაგოსასთან, 28 სექტემბერს დაიკავა მადრიდი. სამხედრო წარუმატებლობებმა
და დიპლომატიურმა მარცხმა- (პაპი კლიმენტ XI ცნობს კარლს ესპანეთის მეფედ) აიძულა
ლუი XIV 1710 ივლისში ჰერტრუდენბურგში გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომლითაც
თმობდა ესპანეთის ტახტს, სანაცვლოდ იღებდა სიცილიას, მაგრამ ამჯერადაც ბურბონებს
მხსნელად კასტილიელები მოევლინენ. ესპანელების შეურიგებლობა დაეხმარა ფრანგ
სარდალს, ვანდომის ჰერცოგს შეეკრიბა 20 ათასიანი არმია. 3 დეკემბერს მან შეძლო
დაებრუნებინა დედაქალაქი. 9 დეკემბერს სტენჰოპის ინგლისურმა კორპუსმა გამოაცხადა
კაპიტულაცია. 10 დეკემბერს ავსტრიელებს შეუტია ვილიავისიოზთან რომლებმაც მართალია
მოიგერიეს შეტევა, მაგრამ დაიხიეს კატალონიისკენ. ერცჰერცოგმა კარლმა კვლავ დაკარგა
ესპანეთის დიდი ნაწილი.
ესპანელების წინააღმდეგობამ ჩაშალა შეთანხმება ჰერტრუდენბურგში. მაგრამ 1711 მოხდა
შემოტრიალება დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში: 1710 წლის საპარლამენტო
არჩევნებზე გაიმარჯვეს ტორებმა, რომლებიც ომის გაგრძელების წინააღმდეგი იყვნენ. 1711
წლის აპრილში უშვილო იოსებ I გარდაცვალებამ და გერმანიის ტახტზე ერცჰერცოგ კარლის
არჩევამ შექმნა ევროპასა და ამერიკაში ჰაბსბურგების ყველა სამფლობელოს ერთ ხელში
გაერთიანების რეალური საფრთხე (კარლოს V-ის იმპერიის რესტავრაცია) რაც
ეწინააღმდეგებოდა დიდი ბრიტანეთის ინტერესებს.
1711 ივლისში ინგლისის მთავრობა საიდუმლო მოლაპარაკებებს იწყებს საფრანგეთთან.
ევგენი სავოიელის მისიამ ლონდონში 1712 იანვარში რათა ჩაეშალა მოლაპარაკებები მარცხი
განიცადა. იმავე თვეს გაიხსნა სამშვიდობო კონგრესი უტრეხტში საფრანგეთის, ინგლისის,
ჰოლანდიის, სავოიის, პორტუგალიის, პრუსიის და რიგი სხვა სახელმწიფოების
მონაწილეობით. მისი შედეგი იყო 1713 წლის 11 აპრილიდან 1715 6 თებერვლამდე უამრავი
შეთანხმების ხელმოწერა: ფილიპე V აღიარებულ იქნა ესპანეთის და ამერიკული
სამფლობელოების მეფედ ამის სანაცვლოდ მას უარი უნდა ეთქვა საფრანგეთის ტახტის
მემკვიდრეობაზე. ესპანეთი სავოიის საჰერცოგოს უთმობდა სიცილიას, ხოლო დიდ
ბრიტანეთს გიბრალტარს და კუნძულ მენორკას. მას ასევე სთავაზობდა ამერიკულ
კოლონიებში აფრიკული მონების გაყიდვის მონოპოლიურ უფლებას (ასიენტო). საფრანგეთი
ინგლისს აძლევდა რიგ სამფლობელოს ჩრდილოეთ ამერიკაში (ახალ შოტლანდიას, სენტ
კრისტოფერის კუნძულს და ნიუფაუნდლენდს) პრუსიამ მოიპოვა ჰელდერნი და ნეფშატელის
საგრაფო, პორტუგალიამ ზოგი ტერიტორია სამხრეთ ამერიკაში, ჰოლანდიამ მიიღო ინგლისის
თანაბარი ვაჭრობის უფლება საფრანგეთთან.
იმპერატორი რომელიც ბრძოლაში მარტო დარჩა 1712 წლის იანვრიდან კიდევ ცოტა ხანი
ებრძოდა ლუი XIV-ს, მაგრამ 24 ივლისს დენინთან დამარცხების და რაინზე ფრანგების
წარმატებების შემდეგ იძულებული გახდა ნოემბერში მოლაპარაკებებს დასთანხმებოდა, რაც
დასრულდა კიდეც 1714 წლის 6 მაისს რაშტადტის ზავით. კარლმა ცნო ესპანეთის ტახტზე

2
ბურბონების ასვლა, ამისთვის მიიღო ნეაპოლიტანის სამეფო, მილანის საჰერცოგო, ესპანეთის
ნიდერლანდები და სარდინია.
ომის შედეგი იყო უზარმაზარი ესპანური სამფლობელოების განაწილება, ესპანეთმა
საბოლოოდ დაკარგა დიდი სახელმწიფოს სატატუსი, დასუსტდა საფრანგეთიც რომელიც
ევროპაში დომინირებდა XVII საუკუნის II ნახევარში, ამავე დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა
დიდი ბრიტანეთის საზღვაო და კოლონიური ძლიერება, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში
განმტკიცდა ავსტრიის პოზიცია.

,,ფილიპე V და ფერნანდო VI რეფორმები, სახელმწიფო ცენტრალიზაცია”


XVIII საუკუნე გარდამტეხი აღმოჩნდა ესპანეთის ისტორიაში. არსებული წინააღმდეგობები
ძველ- ტრადიციულ ესპანეთსა და ახალ- ცვლილებების მომლოდინე ესპანეთს შორის ამ
უკანასკნელის სასარგებლოდ წყდებოდა. ბიძგი იყო ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომი
(1701-1714) რომელშიც პირინეის სახელმწიფოს მცხოვრებლები უბრალო მაყურებლის როლში
აღმოჩნდნენ, ესპანეთს იყოფდნენ ისე, რომ მათ არც ეკითხებოდნენ აზრს. უკეთესი
მდგომარეობა არც კოლონიებში იყო, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოსთვის ესპანეთის
სამფლობელო მხოლოდ ფორმალურად იყო. კონტრაბანდული ვაჭრობა ჯერ კიდევ 1619
წლიდან აღემატებოდა ოფიციალურს. ეკონომიკური კუთხით კოლონიები მეტროპოლიას
ხელიდან უსხლტებოდა. მდგომარეობა გართულდა გიბრალტარის დაკარგვით და ინგლისის
მიერ ,,ასიენტოს” უფლების მიღებით. (ესპანეთის ამერიკაში ზანგი მონების ჩაყვანის
მონოპოლიური უფლება). ინგლისმა ასევე მიიღო ე.წ ,,ნებადართული გემის’’ უფლება (,,Annual
Ship”-ყოველ წელს ინგლისს შეეძლო ესპანეთის ამერიკაში გაეგზავნა 2 გემი კოლონიური
ბაზრობებისთვის საქონლით), რაც ზრდიდა მის ეკონომიკურ ექსპანსიას ამერიკულ
სამფლობელოებში.
ქვეყანა ცვლილებებს საჭიროებდა, თუმცა რეფორმების აუცილებლობა ყველგან
ერთნაირად არ ესმოდათ, ცვლილებებისადმი მზად იყო ესპანეთის ჩრდილოეთი ოლქები და
კატალონია. უფრო სუსტად ჩანდა ეს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში.
გარდაქმნები ესპანეთში მიმდინარეობდა მთელი XVIII სკ მანძილზე, შეიძლება ორი
ეტაპის გამოყოფა. პირველი მოდის ფილიპე V-ის (1700-1746) და ფერნანდო VI-ის (1746-1758)
მეფობაზე, მეორე დაკავშირებულია კარლოს III -თან (1759-1788).
რეფორმები შეეხო XVIII სკ ესპანეთის ცხოვრების ყველა სფეროს. პოლიტიკურ სფეროში
ბურბონების ამოცანა იყო მმართველობის ცენტრალიზაცია, უნიფიკაცია, და აბსოლუტიზმის
განმტკიცება.
მათ დროს დასრულდა წოდებრივ- წარმომადგენლობითი მონარქიის ევოლუცია და მისი
გადაზრდა აბსოლუტიზმში. მთელი სახელისუფლო ვერტიკალი მოექცა მონარქის ხელში.
ამასთან დაკავშირებით XVIII I ნახევრის ადმინისტრაციულ პოლიტიკური რეფორმებიდან
გამოიყოფა ყველა ესპანურ პროვინციაში კორტესებისა და მუდმივი დეპუტაციების
ლიკვიდაცია (1707), ფუეროსების და პრივილეგიების გაუქმება: ვალენსიაში (1707) არაგონში,
(1711) მაიორკაში (1715) კატალონიაში (1716).
1715 წლის დადგენილებით კასტილიის საბჭო იქცა ქვეყნის პოლიტიკური მართვის.
მთავარ ორგანოდ. კასტილიის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა მნიშვნელოვანი გახდა.
თუმცა ეს ჯერ კიდევ მეფესთან არსებული კონსულტაციური ორგანო იყო რომელმაც მიიღო
საკანონმდებლო ფუნქციები.

3
თანამედროვე მინისტრთა კაბინეტის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების
წინამორბედი გახდა ფილიპე V დროს შექმნილი სამდივნო (Secretarías del Despacho):
სახელმწიფო, ფინანსთა, ინდოეთის, სასამართლო, სამხედრო-საზღვაო და სხვა. საბოლოოდ ეს
სისტემა ჩამოყალიბდა ფერნანდო VI დროს. სამდივნოები XVIII სკ განმავლობაში თანდათან
დიდ მნიშვნელობას იძენდა საბჭოს ხარჯზე. მთლიანობაში ხელისუფლების ცენტრალური
ორგანოების მოწესრიგებას XVIII სკ I ნახევარში არ მოუტანია არც ხელისუფლების
განაწილების თანამედროვე სისტემის შექმნა და არც აბსოლუტიზმის განმტკიცება. საბჭოების
და სამდივნოების ფუნქციები აღნიშნულ პერიოდში არ იყო გამიჯნული ეს კი მნიშვნელოვნად
ამცირებდა სიახლეების ეფექტურობას.
კორტესების როლი ბურბონების დროს, ნულამდე დავიდა, მთელი XVIII სკ. მანძილზე ის
შეიკრიბა სულ 6 ჯერ და ისიც მემკვიდრეობის დამტკიცების თაობაზე, აღნიშნული მოწმობს
იმას, რომ ეს ოგანო გახდა დეკორატიული. მაგრამ უნდა აღინიშნოს ის პოზიტივი, რომ
უამრავი ადგილობრივი კორტესების ნაცვლად გაჩნდა საერთო ესპანური ორგანო.
ესპანეთის მმართველობაში ცვლილებებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ინტენდანტთა
სისტემის შექმნა. ფინანსების და ეკონომიკური პროცესების მართვის ეს ახალი ორგანო შეიქმნა
მეტროპოლიაში 1718-1749 წწ. ხოლო 60-იანი წლებიდან გავრცელდა კოლონიებზეც.
ინტენდანტების ფუნქციები იყო: გადასახადების აკრეფა, პროვინციის ხარჯების კონტროლი,
სახელმწიფო ქონების მართვა, ოლქის რესურსების შესწავლა სოფლის მეურნეობის და
მრეწველობის განვითარებისთვის და ა.შ. XVIII საუკუნის განმავლობაში მარტო პირინეის
ნახევარკუნძულზე შეიქმნა 25 გენერალური საინტენდანტო. მათ შექმნას უნდა
გაეძლიერებინა და გააძლიერა კიდევაც ცენტრალური ხელისუფლება ადგილებზე,
განსაკუთრებით ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში.
რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას ,,აუდიენსიის” შექმნა რომლის მიხედვითაც
ბურბონებს სურდათ კოდექსების უნიფიცირება, უშედეგო აღმოჩნდა. თითეულ პროვინციაში
(კოლონიების გამოკლებით სადაც მოქმედებდა ერთიანი კოლონიური კანონმდებლობა)
მოქმედებდა საკუთარი საკანონმდებლო აქტები.
XVIII სკ I ნახევრის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ რეფორმებთან დაკავშირებით
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს შემდეგი: სიახლეების ეფექტურობა დაბალი იყო,
რამდენადაც ახალი ინსტიტუტები ძირითადად მართვის ძველი სისტემაზე შენდებოდა.
შედეგად არ ხდებოდა მმართველობის რაციონალიზაცია. ჩინოვნიკური აპარატი იბერებოდა
და რთულდებოდა. (არაერთგვაროვნებაზე უთითებს ის რომ ასტურიაში 3 რაიონი იყო სამეფო
იურისდიქციის ქვეშ ხოლო 5 სენიორებს ექვემდებარებოდა. ან ნავარა იყო სამეფისნაცვლო სხვა პროვინციები (32)
გენერალ-კაპიტნების და გუბერნატორების მიერ იმართებოდა და ა.შ)
ესპანელი ბურბონების ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ტენდენცია შეიძლება
დახასიათდეს შემდეგნაირად: მერკანტელიზმის პოლიტიკიდან - ეკონომიკური საქმიანობის
თავისუფლებისკენ. XVIII სკ I ნახევარში ბატონობდა მერკანტელიზმი თეორიულად ის იყო
მიმართული ერთიანი ნაციონალური ეკონომიკის შექმნისკენ. უკვე ფილიპე V დროს
განხორციელდა ქვეყნის შიგნით საბაჟო ბარიერების ლიკვიდაციის პირველი ცდები,
ცვლილებები საგადასახადო სისტემაში, ფინანსური რეფორმა. ერთდროულად გაძლიერდა
სახელმწიფოს ჩარევა სამეურნეო ცხოვრებაში.
მრეწველობის დარგში პირველი ბურბონების ამოცანა იყო მისი აღორძინების და
აღმავლობისთვის პირობების შექმნა, სახელმწიფო მანუფაქტურების შექმნის გზით. მსგავსი

4
პოლიტიკის დადებით და ურყოფით მხარეს შეგვიძლია თვალი მივადევნოთ გვადალახარაში
საფეიქრო ფაბრიკის მაგალითზე (არსებობდა 1717 -1822 წწ). ერთის მხრივ ძალიან
მოხერხებელი ადგილი იყო არჩეული, შალის საწარმოებლად დიდი რესურსების არსებობის
გამო, მაგრამ მეორეს მხრივ წარმოებული საქონლის გატანა იყო რთული, ცუდი
საკომუნიკაციო სისტემის გამო (ახლოს არც მდინარე იყო და არც პორტი). ეს ძალიან
ართულებდა პროდუქციის გასაღებას. შედეგად თავისი არსებობის მანძილზე იყო
არარენტაბელური და ხარჯები აღემატებოდა შემოსავალს. პროდუქციის თვითღირებულება
იყო მაღალი და ამდენად არაკონკურენტუნარიანი. თუმცა ფაბრიკის ტექნიკური
აღჭურვილობა მაღალ დონეზე იდგა.
ეკონომიკური ფაქტორი სამეფო მანუფაქტურების შექმინასას უკანა პლანზე იდგა,
ჭარბობდა პოლიტიკური და სოციალური მიზეზები ანუ ფაბრიკები სჭირდებოდა
აბსოლუტიზმს პრესტიჟული მოსაზრებებით და მათი შექმნა განპირობებული იყო უფრო
პოლიტიკური ვიდრე ეკონომიკური აუცილებლობით. მსგავსი მდგომარეობა მოწმობს
მერკანტელიზმის პოლიტიკის, როგორც ესპანეთში სამრეწველო წარმოების გამოცოცხლების
საშუალების შეზღუდულობაზე. მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს სამრეწველო სფეროში
მერკანტელიზმის პოლიტიკის დადებითი შედეგები. ნაწილობრივ ტექნიკის უკანასკნელი
მიღწევებით აღჭურვილ სამეფო მანუფაქტურებში მიმდინარეობდა ესპანელების
პროფესიული სწავლება, ქვეყანაში გაჩნდა სახელოსნოები სადაც იქმნებოდა მანქანები
საფეიქრო მრეწველობისთვის. რაღაც გაკეთდა კონკურენტულ ბრძოლაშიც ესპანეთის
ბაზარზე უცხოურ საქონელთან და ა.შ.
არაერთგვაროვანი იყო ფილიპე V და ფერნანდო VI-ის რეფორმების შედეგი ვაჭრობის
დარგში პირველ ყოვლისა ესპანეთის იმპერიის შიგნით. უკვე ფილიპე V-ის დროს გატარდა
რეფორმები მიმართული კონტრაბანდული ვაჭრობის ხვედრითი წილის შემცირებისკენ.
XVIII სკ I ნახევრის რეფორმებს შორის აღსანიშნავია 1717-1718 წლებში ამერიკასთან
ვაჭრობაში სევილიის მონოპოლიის თანდათანობითი ლიკვიდაცია, ცვლილებების შეტანა
საბაჟო ტარიფებში 1720 მათი მოწესრიგება და უნიფიცირება. სხვადასხვა სამრეწველო სავაჭრო
კომპანიების შექმნა და ა.შ. პირველად კომპანიების შექმნამ გამოიწვია კოლონიებთან
კავშირების რამდენადმე გამოცოცხლება და ფასების დაწევაც კი. მაგრამ იდილია დიდხანს არ
გაგრძელებულა უკვე საუკუნის შუახანს კომპანიების უმრავლესობა წყვეტს არსებობას.
ინგლისურმა და ფრანგულმა გამოცდილებამ ვერ გაიხარა ესპანურ ნიადაგზე. მიუხედავად
კომპანიების კონკრეტული შედეგებისა მათი შექმნა მოწმობდა იმას, რომ კოლონიასთან
ეკონომიკურ ურთიერთობებში შეიმჩნეოდა შემობრუნება. ცდილობდნენ მათ გადაქცევას
გასაღების ბაზრებად და ნედლეულის წყაროდ ესპანური მრეწველობისთვის.
XVIII საუკუნის I ნახევარში გარდაქმნები შეეხო ეკლესიასაც. საშუალოდ ესპანეთის
მიწების 20 % ეკუთვნოდა ეკლესიას. (გალისიაში 52% მიწებისა). ეს დიდი საცდური იყო,
ესპანეთის მეფეები ეკლესიის ქონების ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ, ხელს უშლიდა
ინკვიზიცია. ბევრი ქონებრივი პრობლემა არსებობდა იეზუიტებთანაც. ყველაზე დიდი
მიღწევა კარლოს III რეფორმამდე იყო 1753 წლის კონკორდატი.
ფერნანდო VI-ემ პაპის ტახტისგან მიაღწია სამეფო პატრონაჟის გაფართოებას
მეტროპოლიის მთელს ტერიტორიაზე, (კოლონიებში ეს უფლება დიდი ხანია ჰქონდათ),
მაგრამ პაპმა მიიღო ფულადი კომპენსაცია და შეინარჩუნა 52 მსხვილი ბენეფიცია ესპანეთში,

5
რომლისგანაც შემოსავალი ვატიკანის ხაზინაში შედიოდა. ამრიგად კონკორდატის
ხელმოწერის შემდეგ ესპანელი მღვდელმსახურების კავშირები რომთან არ შეწყვეტილა.
იეზუიტებს ეს კონკორდატი საერთოდ არ შეხებია. ამიტომ ეკლესიის საკითხის გადაწყვეტა
დასასრულამდე შორს იყო და სხვა პრობლემებთან ერთად გადასაწყვეტად გადაეცა კარლოს
III-ს.

,,ფილიპე V და ფერნანდო VI საგარეო პოლიტიკა”

მემკვიდრეობისათვის ომის დასრულების შემდეგ ესპანელების იმედები მშვიდობაზე არ


გამართლდა. ფილიპეს მმართველობამ ჩაიარა განუწყვეტელ ომებში. ისინი გამოწვეული იყო
მონარქის მცდელობით კვლავ განმტკიცებულიყო იტალიაში და დაებრუნებინა ძველი
მდგომარეობა. ამას დიდი ევროპული სახელმწიფოები გულგრილად ვერ დატოვებდნენ.
ესპანეთის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი კონსტანტი გახდა სავაჭრო- პოლიტიკური
წინააღმდეგობა ინგლისთან და საფრანგეთთან ახალი დაახლოება. იტალიურმა ინტერესებმა
მოიპოვა კონკრეტული მიმართულება ფილიპეს V ცოლის იზაბელა ფარნეზეს წყალობით,
რომელიც მემკვიდრეობის უფლებას აცხადებდა პარმაზე, პიაჩენცასა და ტოსკანაზე. ახალმა
დედოფალმა აბატ ალბერონისთან ერთად ხელში აიღო ესპანეთის საგარეო პოლიტიკა. იგი
ცდილობდა თავისი შვილისთვის უზრუნველეყო იტალიური სამფლობელოები. მართალია
ესპანეთმა კავშირის გარეშე შეძლო 1717 წელს სარდინიის და 1718 წელს სიცილიის
დაბრუნება, მაგრამ ინგლისი, საფრანგეთი ჰოლანდია და იმპერატორი ე.წ. ოთხთა კავშირში
გაერთიანდნენ და სამხედრო ძალის გამოყენებით აიძულეს ფილიპე და იზაბელა
გადაეყენებინათ ალბერონი და შეერთებოდა კავშირს. კომპენსაციის სახით ფილიპე და
იზაბელას შვილმა კარლოსმა მიიღო მემკვიდრის კანდიდატის უფლება პარმაზე, პიემონტსა
და ტოსკანაზე.
ესპანეთის პოლიტიკამ ცვლილება განიცადა: დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკებები
იმპერატორთან. ვენის ხელშეკრულებით (1 მაისი 1725) ფილიპემ კარლ VI-გან მიაღწია
დაპირებას, რომ მისი შვილი მემკვიდრის პრობლემის შემთხვევაში მიიღებდა ლენურ
უფლებას ტოსკანასა და პარმაზე. საპასუხოდ იმპერიამ ოსტინდოეთის კომპანიაში მიიღო
სავაჭრო პრივილეგიები. ამან ინგლისს უბიძგა ძალისმიერი ზომები მიეღო თავისი სავაჭრო
ინტერესების დასაცავად. სევილიის ხელშეკრულებით (9 ნოემბერი 1729), რომელიც ესპანური
პოლიტიკის ახალი შემობრუნება იყო, წყდებოდა კავშირი იმპერატორთან და ამტკიცებდა
ინგლისელების და ფრანგების ძველ სავაჭრო პრივილეგიებს, იტალიური ამბიციების
მხარდაჭერის სანაცვლოდ. 1731 წელს ინგლისის ფლოტმა ინფანტი კარლოსი ჩაიყვანა პარმის
და ტოსკანის საჰერცოგოში.
მაგრამ ამ ხელშეკრულებამ დიდხანს ვერ გასტანა, რამდენადაც ინგლისის და ბურბონების
ინტერესები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ხოსე პატინიოს სახით ესპანეთის საგარეო
პოლიტიკის ხელმძღვანელობა 1726 დან 1736 აიღო ადამიანმა რომლის რწმენაში წამყვანი
როლი ეკავა ინგლისისადმი ანტიპატიას. იყო რა ავსტრიასთან ალიანსის წინააღმდეგიც ის
ეძებდა კავშირს საფრანგეთთან, რაც დაფიქსირდა 1733 წლის 7 ნოემბერს პირველ ,,საოჯახო
პაქტში”. მას უნდა უზრუნველეყო ესპანეთის იტალიური მონაპოვარი (მათ შორის მომავალი)
და აღეკვეთა ინგლისის ამბიციები ზღვაზე. ამ პაქტის დადების საბაბი იყო საერთაშორისო
კრიზისი, რომელიც გამოიწვია პოლონეთის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით პრობლემებმა.

6
ფილიპემ ისარგებლა სიტუაციით რათა 1734 წელს დაეპყრო ნეაპოლი და სიცილია თავისი
შვილისთვის, რომელიც ორივე სიცილიის მეფედ იქნა გამოცხადებული.
ეს მონაპოვარი იმპერატორმა ცნო ვენის პრელიმინარული ზავით 1735 წლის 3 ოქტომბერს,
იმ პირობით, რომ პარმა და ტოსკანა გადაეცემოდა ჰაბსბურგებს. ესპანეთის ახალი გაძლიერება
ინგლისმა აღიქვა როგორც საფრთხე. დავებმა კოლონიებთან ვაჭრობის გარშემო გამოიწვია
1739 წლის შემოდგომას ომი ვესტინდოეთში, რომლიდანაც ესპანეთი გამოვიდა
გამარჯვებული, ამის შემდეგ სიმძიმის ცენტრი კვლავ ევროპაში გადმოვიდა. სადაც
იმპერატორი კარლის გარდაცვალების შემდეგ გაჩაღდა ომი ავსტრიული მემკვიდრეობისთვის
რომელშიც ესპანეთი მონაწილეობდა საფრანგეთის მხარეს ავსტრიის და ინგლისის
წინააღმდეგ. იზაბელა ფარნეზესთვის ეს იყო ხელსაყრელი დრო განეახლებინა ვენის
პრელიმინარული ზავის შედეგად შეჩერებული ბრძოლა იტალიისთვის.
ინგლისის ავსტრიის და სარდინიის ანტიბურბონულმა კოალიციამ გამოიწვია საფრანგეთ
ესპანეთის მჭიდრო დაახლოება. ამან ასახვა ჰპოვა ,,მეორე საოჯახო პაქტში” 1743 წლის 25
ოქტომბერს, რომლითაც ლუი XV ვალდებულებას იღებდა ომში ჩართულიყო ინგლისის და
სარდინიის წინააღმდეგ, ასევე მხარი დაეჭირა მილანის დაპყრობაში, შემდგომში კი პარმის და
პიაჩენცის, ესპანელი ინფანტის ფილიპესთვის. თუმცა ვერ შეძლეს ინგლისის ბატონობის
შერყევა ხმელთაშუაზღვაზე, მაინც სარდინია- ავსტრიის არმიაზე რიგი გამარჯვებების შემდეგ
ინფანტ ფილიპემ შეძლო 1745 წელს შესულიყო მილანში. მართალია, 1746 ივლისში
ესპანელები იძულებული იყვნენ კვლავ გაეთავისუფლებინათ ლომბარდია და ომობდნენ ამის
შემდეგ ნაკლები წარმატებით.
ფერნანდო VI ტახტზე ასვლის დროს გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენდა ესპანეთის
გამოსვლა ავსტრიული მემკვიდრეობის ომიდან (1743-1748). ავსტრიასთან შერიგება და
იტალიაში მდგომარეობის სტაბილიზაცია ხდება რამდენიმე ეტაპად. ამ საქმეს მინისტრები
კარვახალი და ენსენადა ხელმძღვანელობდნენ. (კარვახალი იყო პასუხისმგებელი დინასტიურ
საკითხებზე და საგარეო პოლიტიკაზე).
ბოლოს იმპერატრიცა მარია ტერეზამ დაამყარა პირდაპირი კონტაქტები თავის ნათესავთან,
ფერნანდოს მეუღლე ბარბარა ბრაგანზასთან რათა იტალიასთან დაკავშირებით დაედოთ
თავდაცვითი კავშირი. ბარბარამ აცნობა ქმარს ავსტრიის ამ ინიციატივის შესახებ ფერნანდო
დათანხმდა, 1752 14 ივნისს არანხუესში ესპანეთს ავსტრიას და სარდინიას შორის ხელი
მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას. რომელიც ადასტურებდა აახენის ზავით (ამ ზავით
დასრულდა ომი ავსტრიის მემკვიდრეობისთვის) იტალიისთვის დადგენილ წესრიგს.
შეთანხმებას შეუერთდა ფერნანდოს ნახევარძმა, პარმის ჰერცოგი ფილიპე. ფერნანდოს მეორე
ნახევარძმა, ნეაპოლის მეფე მომავალი კარლოს III მას არ შეუერთდა, რამდენადაც
ხელშეკრულება არ გარანტირებდა მის უფლებას ნეაპოლზე.
ესპანეთის და პორტუგალიის შერიგება მოხდა 1750 წელს მადრიდში. კარვახალის
ხელმძღვანელობით დაიდო ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებდა სასაზღვრო დავებს
ორივე სახელმწიფოს კოლონიებს შორის. ესპანეთმა ცნო დასავლეთით წაწეული
პორტუგალიური კოლონიზაცია მატუ გროსოში და ამაზონის ოლქში. თავის მხრივ
პორტუგალია გადასცემდა ესპანეთს კონტროლს ლა პლატის ვიწრობზე, გადასცემდა კოლონია
დო საკრამენტოს (დღევანდელი ურუგვაის ტერიტორია) და უარს ამბობდა ფილიპინებთან
დაკავშირებით თავის პრეტენზიებზე. ამ ხელშეკრულებამ საზღვრების დაყოფის თაობაზე

7
გამოიწვია ძლიერი წინააღმდეგობა ლათინურ ამერიკაში, განსაკუთრებით პარაგვაის
იეზუიტურ რეზერვაციაში, რამდენადაც იეზუიტებმა დაკარგეს თავიანთი სამისიონერო
ტერიტორიების ნაწილი. მაგრამ დადგენილი საზღვრების პრინციპულ გადასინჯვამდე საქმე
არ მისულა.
1750 ოქტომბერში მადრიდში კარვახალმა მიაღწია ინგლისთან შეთანხმებას ,,ასიენტოს”
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. რომელიც ინგლისმა მიიღო მემკვიდრეობისთვის ომის
შემდეგ, ასიენტოსთან ერთად ბრიტანელებმა მაშინ მიიღეს უფლება ლათინურ ამერიკაში
გაეგზავნათ დატვირთული გემები ე.წ. (annual ship) ეს უფლებაც მადრიდის ხელშეკრულებით
გაბათილდა.

,,კარლოს III და ,,რევოლუცია ზემოდან”


XVIII საუკუნის I ნახევრის რეფორმებს წინააღმდეგობრივი შედეგები ჰქონდა, მაგრამ მათ
დაძრეს ქვეყანა მკვდარი წერტილიდან და შეამზადეს ნიადაგი უფრო რადიკალური, თითქმის
რევოლუციური რეფორმებისთვის რომელიც განხორციელდა კარლოს III დროს (1759-1788).
როგორც ვიცით კარლოს III ესპანეთის ტახტზე ასვლამდე იყო ნეაპოლის მეფე, ამიტომ
მისი მეფობის დასაწყისში მთავარ როლს ქვეყნის მმართველობაში თამაშობდნენ იტალიიდან
ჩამოყვანილი მინისტრები. 1766 წელს პირველმა მინისტრმა სკილაჩემ გამოაქვეყნა დეკრეტი,
რომელიც ესპანელებს უკრძალავდა ფართო ქუდების და გრძელი პლაშების ტარებას. ეს
დეკრეტი ნაკარნახევი იყო დამნაშავეობასთან ბრძოლით, მაგრამ ესპანელებმა მიიღეს როგორც
გალაშქრება ესპანური ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ. ისინი გამოეხმაურნენ
სამღვდელოების მოწოდებას და აჯანყდნენ. სამდღიანმა აჯანყებამ მადრიდში აიძულა
კარლოს III დეკრეტი გაეუქმებინა და სკილაჩეც ჩამოეშორებინა. აჯანყებამ უბიძგა კარლოს III-
ს უფრო აქტიურად ემოქმედა. პირველ ყოვლისა ის დაეყრდნო ესპანელ მინისტრებს. 1766
წელს ცოტახნით პრემიერ მინისტრი გახდა პედრო აბარკა დე ბოლეა, გრაფი არანდა. უკვე
1767 წელს (იეზუიტების განდევნის შემდეგ) ის გადაყენებულ იქნა პოსტიდან. კარლოსს
ეხმარებოდა ამ დროს სხვა ცნობილი ესპანელი რეფორმატორი გრაფი კამპომანესი რომელიც
1783-დან 1791 იყო ფინანსთა მინისტრი. კარლოს III რეფორმატორულ საქმიანობაში ჩართული
იყვნენ ცნობილი ესპანელი ეკონომისტები ხოსე დე კამპილიო ავტორი წიგნისა ,,ახალი
ეკონომიკური სისტემა ამერიკისთვის” (1789), ფრანსისკო კაბარუსი და სხვები ასევე ისეთი
ესპანელი განმანათლებლები როგორებიცაა ხოსე მონიონო, გრაფი ფლორიდაბლანკა და
გასპარ მელჩორ ხოველიანოსი.
1766 წლის შემდეგ კარლოს III-ის შიდა პოლიტიკაში შეინიშნება სერიოზული ძვრები.
რასაც ზოგიერთი მკვლევარი უწოდებს ,,რევოლუციას ზემოდან”. პოლიტიკურ
ადმინისტრაციული რეფორმები მიმართული იყო მეფის აბსოლუტიზმის განმტკიცებისკენ. ეს
ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს რევოლუციურ ზომად მაგრამ XVIII საუკუნის
ესპანეთისთვის ეს იყო ნამდვილად ,,რევოლუცია” რამდენადაც ასე მიიღწეოდა ქვეყნის
ერთიანობა რაც ასე მნიშვნელოვანი იყო მისი გაძლიერება- განვითარებისთვის.
სახელმწიფო-მდივნებმა საბოლოოდ მიიღეს მინისტრის უფლებამოსილება. გაჩნდა
პირველი მინისტრის თანამდებობა. ძირითადი მიზანი ამ გარდაქმნებისა იყო მეფის
ხელისუფლების გაძლიერება. ახლა მთელი ვერტიკალი აღმასრულებელი და საკანონმდებლო
ხელისუფლებისა თავს იყრიდა მეფესთან. წარმომადგენლობითი დაწესებულებები

8
პრაქტიკულად წყვეტს თავის საქმიანობას. კორტესი XVIII საუკუნის II ნახევარში შეიკრიბა
მხოლოდ ორჯერ: 1760 და 1789 წლებში და გადაწყვიტა მხოლოდ მემკვიდრის საკითხი.
მმართველობის სფეროში რეფორმირებისას კარლოს III განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობდა ინტენდანტთა სისტემის განმტკიცებას. ის გავრცელებულ იქნა ესპანეთის
ამერიკულ კოლონიებშიც. პირველი საინტენდანტო ამერიკულ სამფლობელოებში შეიქმნა
1764 წელს კუბაში. მოწესრიგდა ასევე ,,კონსულადოს” საქმიანობა (სავაჭრო პალატები)
ესპანური ამერიკის ახალი კონსულადოები შემადგენლობით გახდა უფრო დემოკრატიული.
კოლონიებში პოლიტიკურ ადმინისტრაციული რეფორმები აისახა ახალი
ადმინისტრაციული ერთეულების შექმნაში: სამეფისნაცვლო: რიო დე ლა პლატა (1776)
გენერალ საკაპიტნო: კუბა (1764) ვენესუელა (1777) ჩილი (1778) მსგავსი სიახლეები
კოლონიებში იყო დაკავშირებული არა მხოლოდ აბსოლუტიზმის გაძლიერებასთან არამედ
აუცილებლობასთან უკეთ ყოფილიყო დაცული კოლონიები გარეშე მტრისგან. 7 წლიანი ომის
დროს (1756-1763) ფლორიდის დაკარგვა იყო სიგნალი იმისა, რომ შესაძლებელი იყო კიდევ
სხვა კოლონიების დაკარგვა.
მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ადმინისტრაციული რეფორმა კოლონიებში იყო
კოლონიური არმიის გარდაქმნა. ორგანიზებულ იქნა სახალხო ლაშქარი (milicianos). ესპანურ
კოლონიურ არმიაში მეტისებს და მულატებს მსახურობის უფლება მიეცათ. მათი უფლებები
არმიაში გათანაბრებული იყო კრეოლების უფლებებთან (1776)
თვითონ ესპანეთშიც მიმდინარეობდა სამხედრო რეფორმა. კარლოს III დროს მთავრობა
შეუდგა მიტოვებული და დანგრეული ციხესიმაგრეების აღდგენას, იქმნებოდა ახალი ბაზები
სამხედრო ფლოტისთვის, იხსენობოდა სამხედრო სასწავლებლები და ა.შ. ესპანელები
ინგლისში იგზავნებოდდენ სამხედრო საზღვაო საქმის შესასწავლად. ასტურიაში შეიქმნა
პირველი სამხედრო ქარხანები.
კარლოს III დროს გაგრძელდა შეტევა ეკლესიაზე იმისთვის, რომ ის საბოლოოდ მოექცია
საერო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. მეფის ძირითადი მოწინააღმდეგეები ამ საკითხში
იყო ინკვიზიცია და იეზუიტების ორდენი, რომლებიც ფლობდნენ უდიდეს ეკონომიკურ
ძლიერებას. ამიტომ ძირითადი დარტყმა მიმართული იყო მათ წინააღმდეგ. 1761 წელს
ესპანეთიდან გაძევებულ იქნა მთავარი ინკვიზიტორი მ. კინტანა რომელმაც გამოაქვეყნა პაპის
მიერ გამოცემული აკრძალული წიგნების სია მეფესთან შეთანხმების გარეშე. 1762 წელს
ბეჭდვითი გამოცემები ესპანეთში მეფის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. 1767 წელს დაიწყო
შეტევა იეზუიტებზე. ისინი გაძევებულ იქნა როგორც მეტროპოლიიდან ისე კოლონიებიდან.
(ოფიციალური საბაბი იყო მათ მიერ ორგანიზებული აჯანყება პრემიერის სკილაჩეს
წინააღმდეგ, რაც ნიშნავდა სამეფო ხელისუფლების პრეროგატივის დარღვევას). 1773 წელს
პაპმა აღიარა კარლოს III-ის დეკრეტი. უნდა ითქვას რომ იეზუიტებთან ბრძოლაში ესპანეთი
მარტო არ ყოფილა. 1759 წელს ისინი გაძევებულ იქნენ პორტუგალიიდან, 1764 წელს
საფრანგეთიდან. იეზუიტების განდევნას ჰქონდა არა მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა.
მან გამოიწვია ტახტის ესპანიზაცია და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყანის განათლების
საქმეში, რომელიც ადრიდანვე იმყოფებოდა სამონასტრო ორდენების გამგებლობის ქვეშ.
კარლოს III დროს უნივერსიტეტებში ლიკვიდირებულ იქნა იეზუიტური თეოლოგიის
კათედრები. აიკრძალა იეზუიტთა წიგნები. 1771 წელს უნივერისტეტებმა ესპანეთში და
ლათინურ ამერიკაში მიიღეს ავტონომია და ა.შ.

9
რაც შეეხება ინკვიზიციას კარლოს III დროს მისი ძალაუფლება სერიოზულად იქნა
შერყეული. 1770 წელს მას ნება დაერთო დაკავებულიყო მხოლოდ ერეტიკოსებზე რელიგიური
პროცესებით და აეკრძალათ ხალხის დაპატიმრება მანამ სანამ მათი ბრალეულობა არ
იქნებოდა დამტკიცებული. ყველა ბრალდებები გრანდების და მაღალი ჩინოვნიკების მიმართ
მოწმდებოდა პირადად მეფის მიერ.
ამ ზომების წყალობით კარლოს III დროს სერიოზულად იქნა შეკვეცილი ეკლესიის
იმუნიტეტი, მისი სახელმწიფო საქმეებში ჩარევა. მაგრამ ეკლესიის ეკონომიკური ძლიერებას
ძირი ვერ გამოეთხარა: ის ძველებურად იყო უმსხვილესი მიწათმფლობელი.
უნდა აღინიშნოს, რომ იეზუიტების და ცალკეული საეკლესიო პირების დევნა არ უნდა
ჩაითვალოს კარლოს III-ის, მისი მომხრეების და ზოგადად ესპანელების დამოკიდებულებად
რელიგიის მიმართ. რელიგიური საკითხებში ყველა იყო ძალიან კონსერვატორი. ესპანელი
რეფორმატორებიც კი არ ცნობდნენ სარწმუნოებრივ შემწყნარებლობას.
ცენტრალური ადგილი კარლოს III-ის რევოლუციური საქმიანობაში ეკავა ეკონომიკურ
რეფორმებს, ისინი შეეხო ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების ყველა სფეროს, მაგრამ სხვადასხვა
დოზით.
მიწის პრობლემის გადაწყვეტა შემოიფარგლა ,,მესტას” პრივილეგიის შეზღუდვით. ეს
ზომა ესპანეთისთვის მართლაც რომ რევოლუციური იყო რამდენადაც მესტას არავინ ეხებოდა.
1760 წელს მუნიციპალურმა ორგანოებმა პირველად ამდენი საუკუნის განმავლობაში მიიღეს
უფლება მეთვალყურეობა გაეწიათ ამ ორგანიზაციაზე. 1788 წელს სახნავი მიწის მესაკუთრეებს
უფლება მიეცათ შემოეღობათ თავიანთი მიწები. გარდა ამისა კარლოს III დროს 1766 წლიდან
ჯერ ესტრემადურაში შემდეგ 1770 მთელს ქვეყანაში სანქცირებული იქნა მუნიციპალური
,,ცარიელი მიწების” დანაწილება, მაგრამ მათ ძირითადად მდიდრები იგდებდნენ ხელთ. 1767
წელს კასტილიის საბჭომ ნება დართო დაესახლებინათ ცარიელ მიწებზე უცხოური
კოლონიები, რომლებიც მეფეს სპეციალურ რენტას უხდიდნენ. ეს ღონისძიება უცნაურია
ამდენი უმიწო გლეხების არსებობის პირობებში. 1780 და 1783 შორის ფლორიდაბლანკამ
შექმნა სავახშო ბანკი წვრილი მიწის მფლობელებისთვის კრედიტების გასაცემად.
ეს იყო სულ რაც ტახტმა გააკეთა აგრარულ სექტორში, ამ პოლიტიკამ რამე საგრძნობი
შედეგი არ გამოიღო.
სხვა ეკონომიკური რეფორმები (და უფრო წარმატებული) ეხებოდა ქვეყნის ინდუსტრიულ
განახლებას. ამ საკითხში კარლოს III არა მხოლოდ აგრძელებდა სტრატეგიულ ხაზს,
გამოცხადებულს წინამორბედების მიერ, არამედ შორსაც წავიდა, ესპანეთის სამეურნეო
ცხოვრებაში ენერგიულად ნერგავდა ლიბერალიზმის ელემენტებს.
ყველანაირად ხალისდებოდა კერძო ინიციატივა ესპანურ მრეწველობაში, მართალია მისი
უცხოური კონკურენციისგან დაცვით ანუ ძველებურად მერკანტელიზმის სულისკვეთებით.
ამას მოწმობდა უცხოურ საქონელზე ბაჟის მორიგი აწევა, რიგი ნაწარმის შემოტანის აკრძალვა
და ა.შ.
ინდუსტირული განახლების პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით კარლოს III და
მისი მრჩევლები დიდ ადგილს უთმობდნენ რეფორმებს ესპანეთის კოლონიურ პოლიტიკაში:
ძირითადი მიმართულება იყო კოლონიის ქცევა გასაღების ბაზრად და ნედლეულის წყაროდ
ესპანური მრეწველობისთვის; ძირითადი საშუალება- თავისუფალი ვაჭრობის შემოღება
ესპანური კოლონიალური იმპერიის შიგნით. მან დაასრულა რეფორმების ციკლი კოლონიური

10
ვაჭრობის სფეროში დაწყებული ფილიპე V დროს და შეიძლება განხილულ იქნეს როგორც
XVIII საუკუნის II ნახევრის ერთერთი ყველაზე რევოლუციური რეფორმა.
ვაჭრობის სფეროში რეფორმა ტარდებოდა თანდათან 1765-დან 1797 წლამდე, როცა
კოლონიებს ნება დაერთოთ პირდაპირი ვაჭრობა ნეიტრალურ სახელმწიფოებთან.
თავისუფალი ვაჭრობის შემოღების ბიძგი იყო ფლორიდის დაკარგვა რაც ქმნიდა
ხელსაყრელ პირობებს ესპანეთის მეტოქეებს გაეძლიერებინათ ეკონომიკური ექსპანსია
ესპანეთის ამერიკულ სამფლობელოებში.
რეფორმას დასაწყისად დაედო კარლოს III-ის 1765 წელის 16 ოქტომბრის დეკრეტი,
რომლის თანახმადაც კარიბის აუზის კუნძულებს უფლება ეძლეოდათ პირდაპირ ევაჭრათ
ესპანეთის 9 პორტთან: სევილია, კადისი, მალაგა, ალმერია, კარტახენა, ალიკანტე ბარსელონა,
სანტანდერი, ხიხიონი, კორუნია. იმავდროულად გადასინჯულ იქნა სავაჭრო ბაჟი ვაჭრობის
აქტივაციის მიზნით. შემდეგი ნაბიჯი თავისუფალი ვაჭრობის გზაზე იყო 1774 წელს
ვაჭრობის ნებართვა ესპანეთის ცალკეულ კოლონიებს შორის. 1778 წელს ვაჭრობის
თავისუფლება მიეცათ პერუს, ჩილეს ბუენოს აირესს. 1778 12 ოქტომბერს გამოჩნდა კარლოს III
ცნობილი დადგენილება: ,,ვაჭრობის თავისუფლება ესპანეთის იმპერიის ფარგლებში
(“Reglamento y Arancel para el Comercio Libre de Espana a Indias”) ეს დოკუმენტი კოლონიებს
ესპანეთთან ვაჭრობის უფრო ფართო შესაძლებლობებს აძლევდა: ნაწილობრივ ბაჟის 10 %
დაწევით და სხვა შესაძლო შეღავათებით სტიმული ეძლეოდა ესპანური საქონლით ვაჭრობას
კოლონიებში. ესპანური ბაზარი ხდებოდა უფრო ხელმისაწვდომი ამერიკიდან შემოსული
ნედლეულისთვის. (მაგალითად შაქარი, ყავა, ბამბა და ა.შ შეიძლებოდა ესპანეთში შემოტანა
უბაჟოდ) იქმნებოდა ხელსაყრელი პირობები გემთმშენებლობისთვის როგორც
მეტროპოლიაში ისე კოლონიებში, რამდენადაც უცხოურ გემებზე კერძო კომპანიებს შეეძლოთ
ვაჭრობა ორი წლის განმავლობაში.
1778 წლის ბოლოს ვაჭრობის თავისუფლება ესპანეთის იმპერიის შიგნით მიეცა ახალ
გრანადას (კოლუმბია) და გვატემალას. და მხოლოდ 1789 წლის 12 თებერვალს თავისუფალი
ვაჭრობის სისტემაში ჩართულ იქნა ყველაზე მდიდარი კოლონიები ამერიკაში: ახალი
ესპანეთი (მექსიკა) და ვენესუელა. ამ რეფორმამ დაასრულა რეფორმების ციკლი.
ამრიგად XVIII საუკუნის რეფორმებმა თუმცა არათანმიმდევრულმა რომელიც თითქმის
არ შეხებია ქვეყნის პოლიტიკური სისტემას (ძველ წესრიგს), დაძრა მკვდარი წერტილიდან
ესპანეთი. ისინი არ იყო საკმარისად ღრმა, შეეხო ესპანელების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს.
ეს იყო რეფორმები ზემოდან. შედეგად ,,ახალი ესპანეთი” უკიდურესად მყიფე და სუსტი
აღმოჩნდა ამიტომაც ტახტზე უხასიათო და კონსერვატორი კარლოს IV ასვლა საკმარისი
აღმოჩნდა იმისთვის, რომ რეფორმები შესახებ დაევიწყებინათ, ხოლო რეფორმატორები
დაითხოვეს. ამასთან მსგავი პოლიტიკის გამო ესპანელი ხალხი განსაკუთრებულ
უკმაყოფილებას არ გამოხატავდა, ის თავის სამყაროში ცხოვრობდა.
რაც შეეხება ამ რეფორმების შორეულ შედეგებს: პირველი ესაა ესპანეთის კოლონიური
იმპერიის კრახი. 1810-1826 წლებში ესპანეთმა დაკარგა თითქმის მთელი თავისი კოლონია
ამერიკაში კუბის და პუერტო რიკოს გარდა. მეორე იყო ძველსა და ახალ ესპანეთს შორის
ბრძოლის გამწვავება რომელიც წითელ ხაზად გასდევს მთელ XIX საუკუნეს.
* * *

11
კარლოს III საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება პირველი ესაა შვიდწლიან ომში ჩარევა (1756-
1763). ესპანეთის მეფემ ჩარევა გადაწყვიტა მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა მოახდინა
ჰონდურასის ოკუპაცია და საფრანგეთმა დაკარგა კვებეკი. კარლოსმა 1761 წელს ხელი მოაწერა
,,მესამე საოჯახო პაქტს” და შეუერთდა ომს. პარიზის ზავით (1763) ესპანეთმა დაკარგა
ფლორიდა, პორტუგალიას გადაეცა საკრამენტოს კოლონია.
ესპანეთი როგორც საფრანგეთის მოკავშირე ჩაერია აშშ დამოუკიდებლობისთვის ომში
ბრიტანეთის წინააღმდეგ. 1783 წელს ვერსალის ზავით დაიბრუნა ფლორიდა და სხვა
ტერიტორიების მექსიკის ყურეში, მაგრამ ვერ დაიბრუნა გიბრალტარი.

,, პოლიტიკურ კრიზისი XVIII ბოლოსა და XIX დასაწყისში”


1788 წელს ტახტზე ავიდა კარლოს IV, უხასიათო ადამიანი რომლის ერთადერთი
ინტერესი ნადირობა იყო. მას სახელმწიფო საქმეები არ აღელვებდა ყველაფერში
ემორჩილებოდა ცოლს მარია ლუიზა პარმელს. როცა მეზობელ საფრანგეთში დაიწყო
რევოლუცია ესპანური საზოგადოების წამყვანი ნაწილი აღფრთოვანებით შეხვდა მას. ამას
შეაშფოთა ესპანეთის მმართველი წრეები. სახელმწიფოს პოლიტიკა გახდა რეაქციული,
შეწყდა რეფორმები, დაიწყო რეპრესიები ლიბერალების მიმართ, შეწყდა დიპლომატიური
ურთიერთობები საფრანგეთთან, და საზღვარი ჩაიკეტა, ხოლო სპეციალური კანონით ყველა
უცხოელს ესპანეთის სამსახურში უარი უნდა ეთქვა თავის სამშობლოზე და დაეფიცა
ესპანეთის მეფის ერთგულებაზე.
მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, როცა 1792 წელს პრემიერ მინისტრი გახდა 25 წლის
მანუელ გოდოი. იგი 16 წლიდან მსახურობდა სამეფო გვარდიაში, გახდა დედოფლის
საყვარელი, მოიპოვა ფული, ძალაუფლება და დაიკავა მნიშვნელოვანი პოსტები
სახელმწიფოში.
მრავალრიცხოვანი მუქარის შემდეგ ესპანეთის მთავრობამ ფრანგული კონვენტს
მოსთხოვა ლუი XVI-ის გასამართლებაზე უარი ეთქვა. საფრანგეთმა საპასუხოდ ომი
გამოუცხადა ესპანეთს, მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა ესპანეთის არმიამ ვერ
გაუძლო ფრანგული ჯარების მოწოლას და უკან დაიხია. ესპანეთის ჩრდილოეთი
ოკუპირებულ იქნა, მხოლოდ ევროპული კოალიციის ჯარების შეტევამ იხსნა მადრიდი
ოკუპაციისგან. საზავო მოლაპარაკეები ესპანეთსა და საფრანგეთს შორის დასრულდა 1795
წელს 22 ივლისს ბაზელის ზავით. ამ ზავით საფრანგეთი ანთავისუფლებდა ესპანეთში
ოკუპირებულ ტერიტორიებს, ესპანეთს სამხედრო კავშირი უნდა დაედო საფრანგეთთან.
გარდა ამისა ესპანეთი საფრანგეთს გადასცემდა სანტა დომინგოს (ჰაიტი) კუნძულის ნაწილს.
გოდოი ამაყობდა ამ ხელშეკრულებით. მეფემ მას მიანიჭა ტიტული ,, Príncipe de la Paz”
(მშვიდობის პრინცი), არცერთს არ ესმოდა, რომ ესპანეთი კარგავდა საგარეო პოლიტიკურ
დამოუკიდებლობას.
1796 წლის 18 აგვისტოს სან-ილდეფონსოში ხელი მოეწერა თავდაცვით და შეტევით
კავშირს ესპანეთს და საფრანგეთს შორის, რომლის ძალითაც ესპანეთი ჩათრეული ქნა
ანტიინგლისურ კოალიციაში. ამას მოყვა ომი ინგლისთან, რომლის დროსაც სან ვისენტეს
კონცხთან ინგლისმა გაანადგურა ესპანური ფლოტი. 1801 წელს ესპანეთი ჩაერთო ომში
ინგლისის მოკავშირის პორტუგალიის წინააღმდეგ. პორტუგალიამ კაპიტულაცია გამოაცხადა,
წარმატებამ ამ ომში თავბრუ დაახვია გოდოის და კარლოს IV. გოდოის გენერალისიმუსის

12
ხარისხი მიანიჭეს, ასობით ოფიცერი დააწინაურეს. მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა ესპანეთი
კვლავ ჩაერთო საფრანგეთ ინგლისის ომში, (1803 წლის ხელშეკრულებით), რომელიც ახალი
კატასტროფით დასრულდა 1805 წლის 22 ივლისს ფინისტერთან და 20 ოქტომბერს
ტრაფალგართან საბოლოოდ განადგურდა ესპანეთის ფლოტი.
ესპანეთი სულ უფრო დამოკიდებული ხდებოდა საფრანგეთზე 1807 წლის 27 ოქტომბერს
ფონტებლოში საფრანგეთ ესპანეთის ახალ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლითაც
ესპანეთი შეუერთდა კონტინენტურ ბლოკადას, მხარეებმა პორტუგალია გავლენის
სფეროებად დაინაწილეს, ესპანეთის მთავრობამ საფრანგეთს თავის ტერიტორიაზე არმიის
გატარების უფლება მისცა. პორტუგალია მართალია ოკუპირებულ იქნა, მაგრამ სამაგიეროდ
საფრანგეთის ჯარები დაეუფლნენ რამდენიმე ციხესიმაგრეს კატალონიაში და დიდად არ
ცდილობდნენ ესპანეთის ტერიტორიის დატოვებას. 1807 წლის ბოლოსთვის 50 ათასი ფრანგი
ჯარისკაცი იმყოფებოდა ესპანეთში. (ესპანეთის ჯარი მთლიანად იყო 50 ათასი).
ფონტებლოს ხელშეკრულებამ აღაშფოთა ესპანელები. ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და
მოითხოვეს გოდოის გადაყენება, აჯანყების მასშტაბით შეშინებულმა კარლოსმა მათი
მოთხოვნა შეასრულა. 1808 წლის 18 მარტს ქალაქ არანხუესში სადაც მეფე იმყოფებოდა
დაიწყო ხალხის აჯანყება საფრანგეთის ჯარების ქვეყანაში შემოსვლის წინააღმდეგ. 19 მარტს
კარლოს IV ტახტიდან გადადგა შვილის ფერნანდოს სასარგებლოდ, თუმცა აპრილის ბოლოს
ისევ მოინდომა ტახტის დაბრუნება.
1808 წლის 19 მარტს ესპანეთის ტახტზე ფერნანდო VII ავიდა, უკვე 23 მარტს მადრიდში
შევიდა ფრანგული ჯარი მიურატის სარდლობით. კარლოს IV და ფერნანდოს შორის
დაწყებული უთანხმოებით ისარგებლა ნაპოლეონმა და ორივე ქალაქ ბაიონში მიიწვია, სადაც
15 ივნისს მუშაობა დაიწყო ე.წ. ბაიონის კორტესებმა. ნაპოლეონმა აიძულა ფერდინანდი
ტახტი მამისთვის დაეთმო, ხოლო კარლოს IV-ემ ის გადასცა ნაპოლეონს. 7 ივლისს ბაიონის
კორტესებმა ჟოზეფ ბონაპარტი აღიარა ესპანეთის მეფედ და მიიღო ნაპოლეონის
შეთავაზებული კონსტიტუცია.
ეროვნული სიამაყე შელახული ესპანელი ხალხი გამოდის ფრანგების წინააღმდეგ,
მადრიდის მოსახლეობის 1808 წლის 2 მაისის აჯანყებამ რომელიც ფრანგების მიერ სასტიკად
იქნა ჩახშობილი სიტუაცია უფრო გაამწვავა, ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში
საზოგადოების ყველა ფენა ჩაება.

13

You might also like