You are on page 1of 5

რელიგიური ომები ევროპაში

პროტესტანტობის გავრცელებამ ევროპის სახელმწიფოებში დაპირისპირება


გამოიწვია. რელიგიური დაპირისპირება მალე სამხედრო და პოლიტიკურ
კონფლიქტებში გადაიზარდა.მარტინ ლუთერის მიერ დაწყებულმა
რეფორმაციულმა მოძრაობამ პაპობის წინააღმდეგ,ევროპა ორ ბანაკად გაყო -
კათოლიკეებად და პროტესტანტებად. თუმცა, მიუხედავად უსასრულო
არეულობისა გერმანიაში,ნამდვილი რელიგიური ომი 1546 წელს დაიწყო,როცა
საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კარლ V-მ (1500-1558წწ) წარუმატებლად
სცადა პროტესტანტული ერესის (რელიგიური მოძღვრება, რომელიც
ეწინააღმდეგება გაბატონებული რელიგიის საეკლესიო დოგმატებს) ამოძირკვა.
ქალაქ შპეერში გერმანულ სახელმწიფოთა მმართველები შეიკრიბნენ.
იმპერატორმა კარლ V-მ კვლავ მოუწოდა ამოეძირკვათ ლუთერის სწავლება, მას
მხარი დაუჭირეს კათოლიკე მთავრებმა. 1526 წელს ლუთერის მომხრე თავადების
შპეერის რაიხსტაგმა (რაიხსტაგი (გერმ. Reichstag — „სახელმწიფო კრება“) —
საღვთო რომის იმპერიის უმაღლესი საკანონმდებლო-სათათბირო ორგანო) შეაჩერა
ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა,1529 წელს მეორე
რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება. მთავრები პროტესტს აცხადებდნენ
ლუთერანობის გავრცელების შეზღუდვის მცდელობის წინააღმდეგ. ამ პროტესტმა
წარმოშვა ტერმინი ,,პროტესტანტი“ რეფორმაციის (რეფორმაცია - დასავლეთ
ევროპაში: ანტიფეოდალური ხასიათის სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა,
რომელიც გამოვლინდა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში) მომხრეთა
აღსანიშნავად. უშუალოდ გერმანიაში მას რელიგიური ომი მოჰყვა. 1530 წელს (25
ივნისს) აუგსბურგში ახალ რაიხსტაგზე შეკრებილმა პროტესტანტებმა კარლ V-ს
წარუდგინეს ლუთერანობის საფუძვლის 28-ე მუხლი - ,,აუგსბურგის აღსარება“.
(აუგსბურგის აღსარება — პროტესტანტების ყველაზე ადრეული ოფიციალური
რწმენის სიმბოლო, რომელიც დღემდე ლუთერანებისთვის ღვთისმეტყველების
ნორმად ითვლება. შეიმუშავა ფილიპ მელანხტონმა მარტინ ლუთერის მხარდაჭერით,
როგორც ლუთერანული ეკლესიის რწმენის აღმსარებლობა და წარდგენილ იქნა
საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-სთვის აუგსბურგის სეიმზე 1530 წლის 25 ივნისს.)
(აუგსბურგის სეიმი — საღვთო რომის იმპერიის რაიხსტაგის ყრილობები გერმანიის
ქალაქ აუგსბურგში). კათოლიკეებმა და იმპერატორმა უარყვეს ,,აუგსბურგის
აღსარება“. პროტესტანტი მთავრები გაერთიანდნენ და მოწინააღმდეგეს ბრძოლა
გამოუცხადეს. 1532 წელს დაპირისპირებული მხარეები დროებით შერიგდნენ
ნიურნბერგში,რათა ერთიანად წინ აღდგომოდნენ თურქულ ჯარს,რომელიც ვენას
უტევდა. ოსმალეთის სულთანი სულეიმან I (1520-1566წწ) 1529 წელს ვენას მიადგა,
მაგრამ აგვისტოს წვიმების დაწყებასთან ერთად ოსმალთა არმია იძულებული
შეიქნა უკან დაეხია და ვენა თურქთა აოხრებას გადაურჩა. მომდევნო წელს
დაპირისპირებამ იფეთქა ვიურტემბერგის საჰერცოგოს (ვიურტემბერგის სამეფო -
არსებობდა გერმანიაში 1806 წლიდან 1918 წლამდე.წინამორბედი - ვიურტემბერგის
საჰერცოგო) დაუფლებისათვის, რომელშიც იმპერატორის ძმის მხარეს გამოვიდნენ
ავსტრიული ჯარები ,ხოლო ლუთერანელი მთავრების მხარეს - შვეიცარიელი
დაქირავებულნი. შემდგომში სამხედრო მოქმედებები დაკავშირებული იყო ქალაქ
მიუნსტერის კომუნასთან.
მიუნსტერის კომუნა იყო თეოკრატიული რეჟიმი (თეოკრატია —

1
სახელისუფლებო სისტემა, რომელსაც სამღვდელოება მართავს უფლის ან ღმერთის
სახელით), რომელიც ადგილობრივმა პროტესტანტებმა (ანაბაპტისტებმა)
(ანაბაპტიზმი— XVI საუკუნის გერმანიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში: რელიგიურ-
სექტანტური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა საეკლესიო იერარქიას,
მოითხოვდა, რომ ადამიანი მონათლულიყო მოწიფულობის ასაკში. გამოხატავდა
ქალაქის ღარიბი მოსახლეობისა და ხელოსნების ინტერესებს) დააარსეს მიუნსტერში
(ვესტფალიაში) 1534-1535 წწ-ში, ნიდერლანდელი მეფუნთუშის იან მატისის
მეთაურობით, ხოლო მისი დაღუპვის შემდგომ (1534 წ-ის 5 აპრილი), კომუნის
მეთაურობა ხელში აიღო ნიდერლანდელმა მკერავმა იოან ლეიდენსელმა.
ალყაშემორტყმულ ქალაქში მიუნსტერის კომუნამ საეკლესიო-სამონასტრო ქონების
კონფისკაცია (ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ) განახორციელა,
გააუქმა ვალები და ფულადი მიმოქცევა. მიუნსტერში ჰქონდათ მცდელობა
თანაბრად გადაენაწილებინათ მოქალაქეთა ქონება. შემოიღეს პოლიგამია
(მრავალცოლიანობა). მოიგერიეს განდევნილი ეპისკოპოსის და მისი მოკავშირეების
თავდასხმა. იოჰან ლეიდენსკიმ თავი ახალ ,,მეფე დავითად“ (წინასწარმეტყველი,
ებრაელთა მეფე), ხოლო მიუნსტერი ისრაელის ახალ სამეფოდ გამოცხადა.
ამასთანავე წარმოებდა ანაბაპტისტთა მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯა. ამ
მოვლენებმა იმდენად დააფრთხო რაინისპირა ფეოდალები, რომ მათ შეკრიბეს
ლაშქარი და ქალაქი იერიშით აიღეს. კომუნამ 14 თვე იარსება. ,,მეფე დავითი“ და
მისი ,,კარისკაცები“ სიკვდილით დასაჯეს.
იმპერატორმა კვლავ მოიწვია 1541 წელს მთავართა ყრილობა, რეგენსბურგში
(რეგენსბურგი — ქალაქი გერმანიაში, ბავარიის მხარეში), რომელზედაც
მოლაპარაკება წარმოებდა იტალიელ კარდინალ გასპარო კონტარინისა და
ლუთერის ერთგულ თანამოაზრე ფილიპ მელანხტონს შორის. კარდინალი
კონტარინი მიისწრაფოდა პროტესტანტების კათოლიკურ ეკლესიასთან
შერიგებისკენ,მიდიოდა მათთან მნიშვნელოვან დათმობებზე,მაგრამ კარდინალსა
და მელანხტონს შორის მიღწეული კომპრომისი (ურთიერთდათმობის გზით
მიღწეული შეთანხმება) არ ცნო რომის პაპმა.იმავდროულად გერმანიაში კვლავ
ვრცელდებოდა ლუთერის სწავლება, მისი მომხრეები გაჩნდნენ ბრანდერბურგში,
საქსონიასა და სხვა ოლქებში.
1546 წელს მარტინ ლუთერი გარდაიცვალა. პროტესტანტების ხელმძღვანელობის
შესუსტებით ისარგებლა იმპერატორმა კარლ V-მ,რომელმაც მხარდაჭერისათვის
იტალიასა და ესპანეთს მიმართა და თავისი შეიარაღებული რაზმები ტიროლიდან
მეამბოხე მმართველთა წინააღმდეგ, გერმანიის სამხრეთისაკენ დაძრა.რომის პაპი,
პროტესტანტების წინააღმდეგ ბრძოლისას იმპერატორს ეხმარებოდა,როგორც
ფინანსურად,ისე სამხედრო ძალითაც. 1547 წელს, საიმპერატორო ჯარმა,რომელსაც
სათავეში ჰერცოგი ფერნანდო ალბა ედგა ,ნიდერლანდების მომავალი
რევოლუციის ჯალათი, დაამარცხა საქსონელები. პროტესტანტები ამ ბრძოლაში
იზოლირებულნი აღმოჩნდნენ ყოველგვარი დახმარებისაგან.კარლ V-მ, ბრძოლის
წინ განაცხადა,რომ ის ომს აწარმოებს არა რწმენისთვის,არამედ მეამბოხე
ვასალების დასამორჩილებლად. პროტესტანტული ქალაქები იძულებულები
ხდებოდნენ,პატიება ეთხოვათ და დამორჩილებოდნენ კარლ V-ის გაერთიანებულ
იტალიურ, გერმანულ და ესპანურ რაზმებს. საქსონიის კურფიურსტს (მთავარი
ფეოდალურ გერმანიაში,რომელსაც უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო

2
იმპერატორის არჩევაში) იმპერატორის ნებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.1547
წლის სექტემბერში აუგსბურგში რაიხსტაგი გაიხსნა. კარლმა მასზე გაიტანა თავისი
ცნობილი ინტერიმი (დროებითი გადაწყვეტილება ან შეთანხმება), მაგრამ
მიუხედავად პროტესტანტებზე გამარჯვებისა,იმპერატორმა ვერ შეძლო ინტერიმის
პრაქტიკაში გატარება: პროტესტანტები მას მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ.
ქვეყანას თავს დაატყდა ინკვიზიცია (კათოლიკური ეკლესიის სასამართლო-
პოლიციური ორგანიზაცია, რომელიც უკიდურესი სისასტიკით უსწორდებოდა
ერეტიკოსებს). გერმანიის ჩრდილოეთი კვლავ განუდგა კარლ V-ს. 1552 წელს
საქსონელთა ლაშქარს კინაღამ ხელთ ჩაუვარდა ავადმყოფი იმპერატორი.
იმპერატორის განზრახვა - გადაეცა იმპერია თავისი ვაჟისთვის,ფილიპესთვის, უხეში
მოპყრობა გერმანელებთან, ქვეყანაში ესპანელი ჯარისკაცების ყოფნა - ყოველივე ეს
გერმანიაში ძლიერ გაღიზიანებას იწვევდა. ამიტომ მათ განაახლეს ბრძოლა
იმპერატორის წინააღმდეგ. კარლ V იძულებული გახდა დაზავებოდა პროტესტანტ
მთავრებს,რომლებსაც,დახმარების ხელი გაუწოდა საფრანგეთის მეფე ანრი II-მ.
1555 წელს აუგსბურგში კარლ V-მ დადო რელიგიური ზავი. იმპერატორმა ვერ შეძლო
გერმანიაში ძლიერი საიმპერატორო ხელისუფლების შექმნა და იგი ტახტიდან
გადადგა.
__________________________________________________________________________
საფრანგეთის სამხრეთი,რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში
დამოუკიდებლად ვითარდებოდა,კათოლიკური ცენტრალური სამეფო
ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ცენტრად ჩამოყალიბდა. სამხრეთ
საფრანგეთის მოსახლეობისა და არისტოკრატიის ნაწილი კალვინის მიმდევარი
(პროტესტანტები) გახდა. მათ იერიში მიიტანეს საეკლესიო სამფლობელოებზე.
საფრანგეთში პროტესტანტებს ჰუგენოტები უწოდეს. მათი მრავალრიცხოვანი
თემი დიდგვაროვანთა და ვაჭართა შორის მნიშვნელოვანი გავლენით
სარგებლობდა. დევნის მიუხედავად,მათი რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა.ქვეყნის
ჩრდილოეთი და სამეფო კარი კათოლიკური დარჩა. რელიგიურმა საკითხმა
საფრანგეთში განსაკუთრებით მწვავე ხასიათი XVI ს-ის 50-იან წლებში მიიღო. თუმცა
ამ კონფლიქტს სხვა მიზეზებიც ჰქონდა. ვალუების ხელისუფლების სისუსტით
სარგებლობდა თავადაზნაურობის ნაწილი,რომელსაც სურდა საეკლესიო მიწების
ხელში ჩაგდება და რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებულ დავას ამ მიზნისთვის
იყენებდა. საფრანგეთის მეფე ანრი II ვალუას (ზეობდა 1547-1559წწ-ში)
მმართველობის ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა სამეფო გადასახადები. იგი
მკაცრად სდევნიდა ჰუგენოტებს, 1559 წელს გამოსცა ედიქტი,რომელიც
ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. ანრი II-ის გარდაცვალების
შემდეგ,მისი ყმაწვილი და ავადმყოფი ვაჟის ფრანსუა II-ის (1559-1560) დროს
ქვეყანაში დაიწყო გამოსვლები გადასახადების შემცირების მოთხოვნით. ამ
გამოსვლებს ჰუგენოტები ხელმძღვანელობდნენ. ანრი II-ის უმწეო მემკვიდრეები
ძლივს უმკლავდებოდნენ დაპირისპირებას კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის და
სხვა წინააღმდეგობებს ქვეყანაში - ადგილობრივ დიდებულთა
დაუმორჩილებლობას მეფისადმი, მოქალაქეთა უკმაყოფილებას სამეფო მოხელეთა
მიმართ მძიმე დაბეგვრის გამო, გლეხთა გამოსვლებს გადასახადებისა და
საეკლესიო მიწათმფლობელობის წინააღმდეგ. იმავდროულად გამძაფრდა ბრძოლა
ხელისუფლებისათვის და ქვეყანაში გავლენისათვის, კაპეტინგთა (კაპეტინგები—

3
დინასტია საფრანგეთში. მეფობდა 987-1328 წლებში) ძველი დინასტიის ორ
გვერდით განშტოებას - გიზებსა (კათოლიკეები) და ბურბონებს (ჰუგენოტებს)
შორის. საქმე ის იყო,რომ ანრი II-ის სამ ვაჟს მემკვიდრე არ ჰყავდა, მათი
გარდაცვალების შემდეგ კი ვალუების სამეფო დინასტია არსებობას წყვეტდა. 1560
წელს გამოააშკარავეს შეთქმულება გიზების წინააღმდეგ,რომელსაც მეთაურობდა
ბურბონთა მომხრე პრინცი კონდე (1530-1569), და დაიწყო პროტესტანტების
დასჯა,რომელსაც სასახლეში წარმოდგენასავით მართავდნენ.ამან გამოიწვია
შეტაკება, ერთი მხრივ,ბურბონებს და, მეორე მხრივ, მმართველ დინასტიასა და
გიზებს შორის.გენერალურმა შტატებმა, რომელიც მოიწვიეს მეფის უეცარი
გარდაცვალების შემდეგ,ვერ შეძლო მხარეების შერიგება.ფრანსუა II-ის
მცირეწლოვანი ძმის შარლ IX-ის (1560-1574წწ) დროს ხელისუფლება ფაქტობრივად
თავის ხელში აიღო დედამისმა ეკატერინე მედიჩიმ. იგი ჯერ კიდევ მეუღლის ანრი
II-ის მეფობისას აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. დედა-
დედოფლისათვის დამახასიათებელი იყო ცბიერება, ანგარება,ლტოლვა
ერთპიროვნული მმართველობისაკენ. მის დროს დაიწყო აშკარა დაპირისპირება
კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის. 1562 წელს ერთ-ერთმა ყველაზე
გავლენიანმა პირმა საფრანგეთის სამეფო კარზე, ფრანსუა გიზმა (1519-1563წწ)
ღვთისმსახურების დროს ათეულობით ჰუგენოტი დახოცა. საპასუხოდ
პროტესტანტებმა შეიარაღებულ გამოსვლებს მიმართეს. დაქირავებული მკვლელი
გაუსწორდა გიზს. დაიწყო რელიგიური ომები ჰუგენოტ და კათოლიკე
თავადაზნაურობის ორ ბანაკს შორის (ოცდაათი წლის მანძილზე -ათი ომი). მათში
ჩათრეულნი აღმოჩნდნენ ინგლისელები,რომლებიც ჰუგენოტებს ეხმარებოდნენ,
ხოლო ესპანელები - კათოლიკეების მოკავშირეთა სახით.
რელიგიური და სამოქალაქო დაპირისპირების კულმინაცია გახდა ,,ბართლომეს
ღამე“. 1572 წლის აგვისტოში პარიზში მრავალი დიდგვაროვანი ჰუგენოტი
ჩავიდა,რომლებიც მათ წინამძღოლს ანრი ნავარელს (ბურბონს) (1553-1610 წწ)
ახლდნენ მის ქორწილში მეფის დასთან,მარგარიტა ვალუასთან. ეს ქორწილი
დაპირისპირებული მხარეების შერიგების მცდელობა იყო. პროტესტანტები
ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საფრანგეთის მეფე შარლ IX დაზავებაზე. გარდა
ამისა,სურდათ დაეთანხმებინათ მეფე დახმარებოდა ნიდერლანდებს ესპანეთის
წინააღმდეგ ბრძოლაში,რადგან დარწმუნებულნი იყვნენ,რომ ეს საფრანგეთისთვის
მომგებიანი იქნებოდა.ამ დროს კი პარიზში შეთქმულება მზადდებოდა ანრი გიზის
(1550-1588წწ), ფრანსუა გიზის ვაჟის,მეთაურობით. მამის მკვლელობის შემდეგ იგი
პროტესტანტების დაუძინებელი მტერი იყო.ანრი გიზმა დაარწმუნა დედა-
დედოფალი ჰუგენოტებთან ანგარიშწორებისთვის მომენტით ესარგებლა. წმინდა
ბართლომეს დღესასწაულის (24 აგვისტო) წინა ღამეს კათოლიკებმა მონიშნეს
პროტესტანტთა სახლები და დათქმულ ნიშანზე მათი სასტიკი ხოცვა-ჟლეტა
დაიწყეს. მკვლელებს შორის უმეტესობა უცხოელი დაქირავებულები იყვნენ. ხოცვა-
ჟლეტა სამი დღე გაგრძელდა.მკვლელობების ტალღა სხვა ქალაქებსაც მოედო.
ჰუგენოტებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს,რომლის შედეგადაც მათ
თავიანთ გამოჩენილ წინამძღოლთა უმრავლესობა დაკარგეს.
ორივე მხრიდან უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რელიგიურმა ომმა,მისი
მსხვერპლი გახდა ანრი გიზი და უკანასკნელი მეფე ვალუათა დინასტიიდან -
ეკატერინე მედიჩის მესამე,უკანასკნელი ვაჟი,უშვილო ანრი III. 1589 წელს

4
საფრანგეთის ტახტზე ანრი ნავარელი ავიდა.მას ანრი IV ეწოდა. საფრანგეთში
ბურბონთა მმართველობის ხანა დაიწყო. ანრი IV წინდახედული,გამჭრიახი,
ფრთხილი და ენერგიული პოლიტიკოსი იყო.მოწინააღმდეგე მხარეთა
შესარიგებლად,მას კათოლიკობის მიღება მოუწია.მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო
მისთვის პარიზი.ანრი IV ბურბონმა შეძლო დაესრულებინა რელიგიური
დაპირისპირება საფრანგეთში: 1598 წელს ანრი IV-მ ქალაქ ნანტში გამოსცა ედიქტი -
კანონი რჯულშემწყნარებლობის შესახებ. ,,ნანტის ედიქტით“ საფრანგეთში
სახელმწიფო რელიგიად კათოლიციზმი დარჩა,მაგრამ ჰუგენოტებმა მიიღეს
აღმსარებლობის თავისუფლება და თანაბარი უფლებები კათოლიკეებთან. ეს იყო
ევროპაში პირველი მკაფიოდ ჩამოყალიბებული კანონი რწმენის თავისუფლების
შესახებ.

მნიშვნელოვანი თარიღები:
^ 1546 წელი - საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კარლ V-მ წარუმატებლად სცადა
პროტესტანტული ერესის ამოძირკვა, ამ წელს გარდაიცვალა ლუთერი.
^ 1526 წელი - ლუთერის მომხრე თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის
საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა,1529 წელს მეორე რაიხსტაგმა
გააუქმა ეს დადგენილება.
^ 1500-1558წწ -საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა კარლ V.
^ 1530 წლის 25 ივნისი - აუგსბურგში ახალ რაიხსტაგზე შეკრებილმა პროტესტანტებმა
კარლ V-ს წარუდგინეს ლუთერანობის საფუძვლის 28-ე მუხლი - ,,აუგსბურგის აღსარება“.
^ 1520-1566 წწ - ოსმალეთის სულთანი სულეიმან I
^ 1532 წელი - კათოლიკეები და პროტესტანტები დროებით შერიგდნენ
ნიურნბერგში,რათა ერთიანად წინ აღდგომოდნენ თურქულ ჯარს,რომელიც ვენას
უტევდა.
^ 1529 წელი - ოსმალეთის სულთანი სულეიმან I ვენას მიადგა, მაგრამ ვენა თურქთა
აოხრებას გადაურჩა.
^ 1534-1535 წწ - ადგილობრივმა პროტესტანტებმა მიუნსტერში ნიდერლანდელი
მეფუნთუშის იან მატისის მეთაურობით დააარსეს მიუნსტერის კომუნა, რომელიც იყო
თეოკრატიული რეჟიმი.
^ 1534 წ-ის 5 აპრილს - იან მატისის დაღუპვის შემდგომ, კომუნის მეთაურობა ხელში
აიღო ნიდერლანდელმა მკერავმა იოან ლეიდენსელმა.
^ 1541 წელი - კარლ V-მ, კვლავ მოიწვია მთავართა ყრილობა რეგენსბურგში,
რომელზედაც მოლაპარაკება წარმოებდა იტალიელ კარდინალ გასპარო კონტარინისა
და ლუთერის ერთგულ თანამოაზრე ფილიპ მელანხტონს შორის.
^ 1547 წელი - ჰერცოგმა ფერნანდო ალბამ დაამარცხა საქსონელები.
^ 1547-1559 წწ - საფრანგეთის მეფე ანრი II ვალუა.
^ 1559-1560 წწ - საფრანგეთის მეფე ფრანსუა II.
^ 987-1328 წლები - კაპეტინგების დინასტიის მეფობა საფრანგეთში .
^ 1560-1574 წწ - საფრანგეთის მეფე შარლ IX.
^ 1572 წლის აგვისტო - ,,ბართლომეს ღამე“.
^ 1598 წელი - ანრი IV-მ გამოსცა ,,ნანტის ედიქტი“.
ნინო გვარამია
2022

You might also like