You are on page 1of 8

პირველი მსოფლიო ომის წინაპირობები

კოლონიალიზმის პოლიტიკა და სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება ლოგიკურად


უახლოვდებოდა დიდ სამხედრო კონფლიქტს. გარდა საფრანგეთისა და ინგლისის
გავლენებისა, 1871 წელს შექმნილი გერმანიის იმპერია ძალზე სწრაფად ზრდიდა საკუთარი
ინტერესების გეოგრაფიას. გერმანიამ სწრაფად აითვისა მანამდე არსებული
ტექნოლოგიური მიღწევები, დახვეწა და გააუმჯობესა კიდეც ის, რამაც საბოლოოდ მისი
ეკონომიკური და, შესაბამისად, სამხედრო წინსვლა განაპირობა. გერმანელების შექმნილი
პროდუქცია უკვე კონკურენციას უწევდა კოლონიზატორებს მათსავე კოლონიებში.

სამთა კავშირის შექმნა


სედანის ბრძოლაში საფრანგეთის დამარცხების, მისგან კონტრიბუციის მიღებისა და
გერმანიის ჯარების გაყვანის შემდეგ ბისმარკმა მიიჩნია, რომ მესამე რესპუბლიკის
სამხედრო სიძლიერის აღდგენა მოსალოდნელთან შედარებით სწრაფად ხდებოდა. ამიტომ,
მოინდომა საფრანგეთთან ახალი ომის დაწყება, მაგრამ ამის საშუალება მას არ მისცეს
რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ხელს არ
აძლევდათ საფრანგეთის ხარჯზე გერმანიის შემდგომი გაძლიერება.
ბისმარკი შეუდგა რთულ დიპლომატიურ თამაშს. მისი მიზანი იყო დიდი ბრიტანეთისა
და რუსეთის ურთიერთდაპირისპირება, რათა მათთვის საშუალება მოესპო მხარი
დაეჭირათ საფრანგეთისთვის გერმანიასთან ომის შემთხვევაში. ბისმარკმა განიზრახა
სამხედრო კავშირის ჩამოყალიბება გერმანიის ხელმძღვანელობით.
1879 წელს გერმანიამ და ავსტრია-უნგრეთმა, რომელიც ძლიერი მფარველის მოძებნას
ცდილობდა, ხელი მოაწერეს რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართულ საიდუმლო
სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
ბისმარკმა ისარგებლა საფრანგეთის კოლონიური იმპერიის გაფართოებისაკენ
მისწრაფებით და წააქეზა მესამე რესპუბლიკა დაეპყრო ტუნისი, რომელზეც თვალი ეჭირა
იტალიას. საფრანგეთის მიერ განაწყენებულმა იტალიამ საიდუმლო წარმომადგენლები
გაგზავნა ბისმარკთან ანტიფრანგული კავშირის დასადებად. ბისმარკმა იტალიის
წარმომადგენლებს განუცხადა, რომ გზა რომიდან ბერლინისაკენ ვენაზე გადიოდა.
ავსტრია-უნგრეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების მიუხედავად (იტალიის
ტერიტორიულ პრეტენზიებს შორის ავსტრია-უნგრეთის მიმართ ყველაზე მნიშვნელოვანი
იყო პრეტენზია სანავსადგურო ქალაქ ტრიესტზე), იტალია იძულებული გახდა
შეერთებოდა გერმანია-ავსტრია-უნგრეთის კავშირს. 1882 წელს გერმანიასა და იტალიას
შორის დაიდო საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო ხელშეკრულება.
ამგვარად, 1879-1882 წლებში შეიქმნა საიდუმლო სამთა კავშირი. ამავე დროს ბისმარკი
ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა არ დაეშვა გერმანიისა და მისი მოკავშირეების
წინააღმდეგ რუსეთისა და საფრანგეთის დაახლოება. ომში ამ კავშირის მხარეს ჩაება
ოსმალეთი და მათ შეუერთდა ბულგარეთის სამეფოც. ამ გაერთიანებას „ცენტრალური
სახელმწიფოების ალიანსიც“ ეწოდა.
აღსანიშნავია, რომ 1915 წელს იტალია „ანტანტის“ მხარეს გადავიდა.
1
ანტანტის ჩამოყალიბება
1891-1893 წლების რუსეთ-საფრანგეთის კავშირი.

რუსეთი და საფრანგეთი მაინც დაახლოვდნენ, რაც დააჩქარა გერმანიასა და რუსეთს


შორის დაწყებულმა საბაჟო ომმა. გერმანიამ გაზარდა ბაჟი რუსეთის მარცვლეულზე.
საპასუხოდ რუსეთმა გაზარდა ბაჟი გერმანიის სამრეწველო საქონელზე.
1890 წელს, ბისმარკის კანცლერობიდან გადადგომის შემდეგ, გერმანიამ უხეში ზეწოლის
გზით მოინდომა რუსეთის დამარცხება საბაჟო ომში. ბერლინმა უარი უთხრა პეტერბურგს
სესხის მიცემაზე. რუსეთს დაუყოვნებლივ მისცა სესხი საფრანგეთმა. ამას მოჰყვა რუსეთ-
საფრანგეთის სწრაფი დაახლოება, რაც სათანადოდ გაფორმდა კიდეც. 1891 წელს რუსეთსა
და საფრანგეთს შორის დაიდო ე.წ. საკონსულო პაქტი, 1893 წელს კი — სამხედრო კონვენცია.

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის 1904 წლის „გულითადი შეთანხმება".

დიდ ბრიტანეთს მიაჩნდა, რომ მას არ სჭირდებოდა მუდმივი მეგობრები და მუდმივი


მტრები. მას ჰქონდა მხოლოდ მუდმივი ინტერესები და ამის მიხედვით ამყარებდა
ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყანასთან. ის არ დებდა ხელშეკრულებებს დიდ
სახელმწიფოსთან ან დიდ სახელმწიფოთა კავშირებთან, არ იღებდა თავის თავზე
ვალდებულებებს. დიდი ბრიტანეთი დარწუნებული იყო, რომ მსოფლიოში უძლიერესი
მისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი და კუნძულოვანი მდებარეობა რომელიმე ქვეყანასთან
მოულოდნელად ომის დაწყების შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფდა მის უშიშროებას.
ხოლო მოკავშირის მოძებნა დიდ სახელმწიფოებს შორის არსებული წინააღმდეგობების
ვითარებაში ომის მსვლელობაშიც შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთი
XX საუკუნის დასაწყისამდე ატარებდა ე.წ. „ბრწყინვალე იზოლაციის“ პოლიტიკას.
მაგრამ XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში მდგომარეობა თანდათან შეიცვალა.
გერმანიამ დიდ ბრიტანეთს გაუსწრო სამრეწველო პროდუქციის გამოშვების მხრივ, რამაც
მას მძლავრი სახმელეთო და საზღვაო სამხედრო ძალების მშენებლობის დაწყების
საშუალება მისცა.
1883 წელს დაარსდა პირველი გერმანული კოლონია აფრიკაში, რასაც მოჰყვა შემდგომი
კოლონიური დაპყრობები აფრიკასა და წყნარი ოკეანის აუზში. ცხადი ხდებოდა, რომ
გერმანია მსოფლიო ბატონობისაკენ მიისწრაფოდა, რაც შეიძლებოდა
განხორციელებულიყო დიდი ბრიტანეთის კოლონიური იმპერიის ხარჯზე. გერმანულმა
საფრთხემ აიძულა დიდი ბრიტანეთი XX საუკუნის დასაწყისში უარი ეთქვა „ბრწყინვალე
იზოლაციის“ პოლიტიკაზე და დაახლოებოდა თავის უძველეს მეტოქეს ‒ საფრანგეთს.
1904 წელს რუსეთ-იაპონიის ომმა რუსეთის ძალები შორეულ აღმოსავლეთში მიიზიდა
და თანაც თვალნათელი გახადა რუსეთის სისუსტე. იაპონიასთან რუსეთის დამარცხების
შემდეგ საფრანგეთი გერმანიის პირისპირ, ფაქტობრივად, მოკავშირის გარეშე დარჩა. ამ
გარემოებით ისარგებლა დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთს ეგვიპტის სანაცვლოდ მაროკო
და მოკავშირეობა შესთავაზა.

2
მოხდა ძირეული შემობრუნება ინგლის-საფრანგეთის ურთიერთობებში, ძველი
მოწინააღმდეგეები მოკავშირეები გახდნენ და 1904 წელს დადეს „გულითადი შეთანხმება“.
გარეგნულად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ინგლისისა და საფრანგეთის
ურთიერთდაპირისპირებათა მოსპობა განამტკიცებდა მშვიდობას ევროპასა და მთელ
მსოფლიოში. 1904 წლის ხელშეკრულებაში ნახსენებიც კი არ იყო გერმანია, თუმცა ამ
შეთანხმების ანტიგერმანული ხასიათი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა.
ბერლინში ერთმა დიდმოხელემ მოხდენილად შენიშნა: „საფრანგეთი და ინგლისი
ერთმანეთს ეხვევიან არა იმიტომ, რომ ერთმანეთი უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ორივეს
ერთნაირად სძულს გერმანიაო“.

ინგლის-რუსეთის 1907 წლის შეთანხმება.

საბოლოო სახით „ანტანტის“ ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი იყო მომხდარიყო


შეთანხმება ინგლისსა და რუსეთს შორის, რითაც შეივსებოდა 1891-1893 წლების რუსეთ-
საფრანგეთისა და 1904 წლის ინგლის-საფრანგეთის შეთანხმებები. მაგრამ ინგლის-
რუსეთის შეთანხმებების მიღწევა ძალზე ძნელი იყო, რადგან XIX საუკუნის მეორე
ნახევარში ამ ორი კოლონიური იმპერიის დაპირისპირება უაღრესად მწვავე ხასიათს
ატარებდა.
ინგლისი და რუსეთი ერთმანეთს ებრძოდნენ აზიის განაწილებისათვის. ამ ბრძოლაში
გამოიკვეთა წინააღმდეგობათა სამი კვანძი:
შორეული აღმოსავლეთის ‒ ჩინეთში შემავალ მანჯურიის ხელში ჩასაგდებად;
შუა აღმოსავლეთის ‒ შუა აზიაზე, ავღანეთსა და ირანზე გასაბატონებლად;
აღმოსავლეთის ‒ ოსმალეთის იმპერიის გასაყოფად.
შორეულ აღმოსავლეთში დიდმა ბრიტანეთმა თავის მიზანს მიაღწია, რუსეთი იაპონიის
საშუალებით განდევნა სამხრეთ მანჯურიიდან და სამხრეთ სახალინიდან. კოლონიურ
ქვეყნებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი და რევოლუციური მოძრაობის აღზევებამ,
რაც ძალზე არასასურველი მოვლენა იყო ბრიტანეთისათვის, ხელი შეუწყო ინგლისისა და
რუსეთის დაახლოებას, მით უფრო, რომ იაპონიის მიერ დამარცხებული რუსეთი აღარ იყო
ძველებურად საშიში მეტოქე დიდი ბრიტანეთისათვის.
1907 წელს ინგლისსა და რუსეთს შორის დაიდო შეთანხმება, რომელმაც მოაწესრიგა ამ
ორი კოლონიური იმპერიის წინააღმდეგობები შუა აღმოსავლეთში. 1907 წლის ინგლის-
რუსეთის შეთანხმებებით დასრულდა „ანტანტის“ გაფორმება, თუმცა შავი ზღვის
სრუტეების საკითხში დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა საერთო ენის გამოძებნა ვერ
მოახერხეს.
ამგვარად, მსოფლიო ორ მთავარ ბანაკად დაიყო: სამთა კავშირად (გერმანია, ავსტრია-
უნგრეთი და იტალია) და „ანტანტად“. (ტერმინი „ანტანტა“ ფრანგული სიტყვიდან
მომდინარეობს და თანხმობას ნიშნავს)

პირველი მსოფლიო ომის გამოცხადება

პირველი მსოფლიო ომის დაწყების უშუალო საბაბი გახდა 1914 წლის 28 ივნისს ქალაქ
სარაევოში (ბოსნია) ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც
ფერდინანდის, მკვლელობა სერბი ნაციონალისტი სტუდენტის, გავრილო პრინციპის მიერ,

3
რასაც შედეგად მოჰყვა ე.წ. „ბოსნიის კრიზისი“. ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც-
ფერდინანდი ჩავიდა სერბებით დასახლებულ ბოსნიის ქალაქ სარაევოში, რათა
დასწრებოდა სამხედრო წვრთნებს.
ფრანც-ფერდინანდი ბოსნიელებისათვის ავტონომიის მინიჭების მომხრე იყო, ხოლო მის
სრულ დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერდა, რითაც გამოიწვია ორგანიზაცია „შავი ხელის“
(იგივე „ახალგაზრდა ბოსნიის“) გაღიზიანება. ამ მიზეზით ის და მისი მეუღლე
სასიკვდილოდ დაჭრა ამ ორგანიზაციის წევრმა სერბმა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა. ამ
ისტორიულ ფაქტს სახელად „სარაევოს გასროლა“ შემორჩა.
ამ მკვლელობაში ავსტრიელებმა სერბები დაადანაშაულეს და, გერმანიასთან
კონსულტაციის შემდეგ, 23 ივლისს ბელგრადს ულტიმატუმი წარუდგინეს: სერბეთს უნდა
შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და ავსტრიის წარმომადგენლები დაეშვა
მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა ბოლო პუნქტი არ მიიღეს. 1914 წლის 28 ივლისს
ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა სერბეთს. ომის გამოცხადება პირველად მოხდა
ტელეგრამით. 30 ივლისს ომში ჩაება გერმანია. გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს
უკანასკნელი სერბეთის დასახმარებლად მობილიზაციას გამოაცხადებდა გერმანია მათ ომს
გამოუცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი
(სერბეთის დედაქალაქი), რუსებმა იმავე საღამოს პირველად გადალახეს გერმანიის
იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. ასე რომ, 1 აგვისტოს
გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს. 3 აგვისტოს კი ომში ჩაება საფრანგეთი. დიდ
ბრიტანეთს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები
შეიჭრნენ ბელგიაში, რის შედეგადაც ბრიტანელები ომში ჩაებნენ. 1914 წლის 2 ნოემბერს

რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა. ასე დაიწყო I მსოფლიო ომი.

ომის მიმდინარეობა

ომის მსურველ თითოეულ მხარეს ჰქონდა წინასწარ შემუშავებული სამხედრო


სტრატეგია. გერმანიის გეგმას ეწოდებოდა „შლიფენის გეგმა“ ‒ გერმანიის გენერალური
შტაბის უფროსის, ფონ შლიფენის გვარის მიხედვით. შლიფენი თვლიდა, რომ გერმანიას
ომი მოუწევდა საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ და ორ ფრონტზე ძალები არ
ეყოფოდა. აქედან გამომდინარე, შლიფენმა თავის გეგმას საფუძვლად დაუდო
მოწინააღმდეგეთა „ცალ-ცალკე განადგურების“ იდეა.
„შლიფენის გეგმის“ მიხედვით, ვიდრე ჩამორჩენილი რუსეთი ნელ-ნელა ჩაატარებდა
მობილიზაციას და ჯარებს განალაგებდა, გერმანელებს ძირითადი დარტყმა უნდა
მიეყენებინა საფრანგეთისათვის. ბელგია ნეიტრალური სახელმწიფო იყო, ამიტომ
გერმანიის ჯარები ბელგიიდან უნდა შეჭრილიყვნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში. აქ ჯარების
ნაწილი დაიკავებდა ლა-მანშის სრუტის ნაპირებს, რათა ინგლისელებისათვის ხელი
შეეშალა, ხოლო მეორე ნაწილი შემოუვლიდა პარიზს ჩრდილო-დასავლეთიდან, მოაქცევდა
საფრანგეთის ჯარს ალყაში და გაანადგურებდა. მთელი ეს ოპერაცია 40 დღეში უნდა
ჩატარებულიყო, რის შემდეგაც გერმანელები მთელ ძალებს რუსეთისაკენ მიმართავდნენ.
თუმცა ნეიტრალურმა ბელგიამ უარი განაცხადა გერმანიის ჯარების გატარებაზე, რაც
აუცილებელი იყო „შლიფენის გეგმის“ განხორციელებისათვის. 4 აგვისტოს გერმანია შეიჭრა
ბელგიაში, ხოლო იმავე დღეს ფრანგები შევიდნენ ელზასსა და ლოთარინგიაში. ბელგიის
ნეიტრალიტეტის დარღვევას ინგლისის ომში ჩართვაც მოჰყვა. ფრანგებმა ბელგიიდან უკან,

4
პარიზისაკენ დაიხიეს. პარიზელმა ტაქსისტებმა ფრონტზე გადაიყვანეს ახლად
ჩამოყალიბებული VI არმია. ამ მეთოდით 60 000 ფრანგი ჯარისკაცი ჩავიდა ბრძოლის
ველზე.
შლიფენის გეგმა საფრანგეთის სწრაფად დამარცხებისა 1914 წლის სექტემბერში ჩაიფუშა
მარნის ბრძოლაში (მდინარე მარნასთან) გერმანელთა მარცხით. უკვე 1914 წლის ოქტომბერ-
ნოემბერში შვეიცარიიდან ლა-მანშამდე გადაიჭიმა 700 კილომეტრიანი ბრძოლის ხაზი,
რომელიც შემდგომი სამი წელი შენარჩუნდა. ორივე მხარე ხარჯავდა ძალიან დიდ
ადამიანურ რესურსს. ამ საშინელ ომს „სანგრების ომსაც“ უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ
თავდაპირველად ვერც ხელმძღვანელობა და ვერც ჯარისკაცები წარმოიდგენდნენ, რომ ომი
ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ამიტომ შობას ომი ცოტა ხნით შეწყდა, ჯარისკაცებმა
ერთმანეთს დღესასწაული მიულოცეს, შემდეგ სანგრებში დაბრუნდნენ და ბრძოლა
გააგრძელეს. „სანგრების ომში“ უამრავი ადამიანი დაიღუპა გავრცელებული
დაავადებებით, რამეთუ ხშირად გვამების გატანასაც ვერ ახერხებდნენ. იწამლებოდა
საკვები და წყალი.
გერმანიას ევროპაში ერთდროულად ორი ფრონტი ჰქონდა – დასავლეთით,
საფრანგეთის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთით, რუსეთთან, ძირითადად პოლონეთის
ტერიტორიაზე. აღმოსავლეთით გერმანიის არმია წარმატებით იბრძოდა, მაგრამ მისი
მოკავშირე ავსტრია-უნგრეთი რუსეთთან ბრძოლებში უფრო ხშირად მარცხდებოდა.
გერმანია დაინტერესებული იყო, რომ რუსეთსაც ჰქონოდა დამატებითი ფრონტი და
ძალიან მოიწადინა, მისთვის დაეპირისპირებინა ომის დასაწყისში ნეიტრალური, თუმცა
პროგერმანულად განწყობილი ოსმალეთი. თუკი ოსმალეთი ბოსფორისა და დარდანელის
სრუტეებს ჩაკეტავდა, რუსეთი დიდწილად ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცეოდა, რადგან
რუსეთის ექსპორტის ნახევარზე მეტი სწორედ ამ სრუტეების მეშვეობით
ხორციელდებოდა. გარდა ამისა, ოსმალეთის ომში ჩართვა ახლო აღმოსავლეთში
ბრიტანეთის დამატებითი ძალების გადასროლას მოითხოვდა, რაც შეასუსტებდა
ბრიტანულ დაწოლას დასავლეთის ფრონტზე.
მართლაც, შავ ზღვაში ოსმალეთის ფლოტის (რეალურად ეს იყო გერმანული
ჯავშნოსნები გერმანელი ადმირალის მეთაურობით) გამომწვევ სამხედრო პროვოკაციას –
ოდესისა და სხვა რუსული ნავსადგურების მოულოდნელ დაბომბვას – მოჰყვა რუსეთის
მიერ 1914 წლის 2 ნოემბერს ოსმალეთისათვის ომის გამოცხადება. ამის საპასუხოდ
ოსმალეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაკეტა. თუმცა 1914 წლის დეკემბერში
სამხრეთ კავკასიაში შემოჭრილი ოსმალთა არმია სარაყამიშის ბრძოლაში დაამარცხა
რუსეთმა. 1915-1916 წლებში რუსეთმა ანატოლიის დიდი ნაწილი, ქალაქები − ერზერუმი,
ტრაპზონი და ვანი დაიკავა. 1917 წლისთვის რუსეთი სტამბოლზე შეტევასაც ამზადებდა,
თუმცა თავად რუსეთში მიმდინარე რევოლუციამ ეს გეგმა ჩაფუშა, მეტიც, რუსეთს
ოსმალეთის დაკავებული ტერიტორიის დათმობაც მოუწია.
1915 წლის თებერვალში ინგლისურმა საზღვაო ესკადრამ წარუმატებლად სცადა
დარდანელის სრუტეში სამხრეთიდან შეჭრა. ამის შემდეგ დარდანელის სრუტის
დასავლეთით მდებარე გალიპოლის ნახევარკუნძულზე ანტანტის ჯარების (ბრიტანელები,
ფრანგები, ავსტრალიელები, ახალზელანდიელები) დიდი დესანტი გადასხდა იმის
იმედით, რომ წარმატებული სახმელეთო ოპერაცია გახსნიდა დარდანელის სრუტეს, მაგრამ
ოსმალებმა, რომელთაც გერმანელი გენერალი ლიმან ფონ სანდერსი სარდლობდა,
თავგანწირული წინააღმდეგობა გასწიეს. ორივე მხარეს 130 ათასზე მეტი ადამიანი
დაიღუპა (მათ შორის 80 ათასზე მეტი ოსმალო), დაიჭრა 260 ათასზე მეტი. თითქმის ერთ

5
წელს გაჭიანურებული „გალიპოლის ოპერაცია“ ანტანტისათვის უსახელოდ დასრულდა:
მან ბრძოლის ველიდან გაიყვანა თავისი ძალები. სწორედ ამ ბრძოლებში გამოიჩინა თავი
მუსტაფა ქემალ ათათურქმა, რომელიც მოგვიანებით თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელად
მოგვევლინა.
I მსოფლიო ომის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა ახალმა საბრძოლო ტექნიკამ და
მოწინააღმდეგის განადგურების უახლესმა საშუალებებმა. 1915 წლის აპრილში გაიმართა
იპრის ბრძოლა, სადაც გერმანელებმა პირველად კაცობრიობის ისტორიაში გამოიყენეს
ქიმიური იარაღი ‒ ქლორი, ე.წ. „იპრიტის გაზი“. ამ გაზისაგან ფრანგების უმეტესობა
დაიხრჩო, ხოლო კანადელებმა გამოსავალი მონახეს. მათ ცხვირსახოცებზე მოშარდეს და
სახეზე აიფარეს. იპრთან ბრძოლა მთელი თვე გრძელდებოდა და მხოლოდ ბოლო დღეებში
მიიღეს ჯარისკაცებმა ნამდვილი აირწინაღები. იპრის ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგეები
გამოიფიტნენ და სანგრებში ჩასხდნენ. დაიწყო ე.წ. პოზიციური ბრძოლები და ვერც ერთმა
მხარემ ვერ მოახერხა უპირატესობის მოპოვება. იგივე განმეორდა 1916 წელსაც.
მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, 1916 წლის თებერვალში ვერდენის ბრძოლასა (სადაც 800
000 ადამიანი დაიღუპა) და 1916 წლის სექტემბერში სომაზე ბრძოლის დროს ვერც ერთმა
მხარემ ვერ მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. სწორედ სომაზე გამოიყენეს
ინგლისელებმა ისტორიაში პირველი ტანკი. ინგლისელები ტანკებს იყენებდნენ ქვეითთა
მხარდასაჭერად, ხოლო ფრანგები, როგორც დამოუკიდებელ მოსიარულე საარტილეო
დანადგარს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირველი ტანკი ძალიან მოუქნელი იყო. სიტყვა
ტანკი „ავზს“ ნიშნავს: ასეთი წარწერით ნიღბავდნენ ინგლისელები მუხლუხებიან მძიმე
ჯავშანტექნიკას, რომელსაც ეს სახელი დაუმკვიდრდა კიდეც. პირველ მსოფლიო ომში
აქტიურად იყენებდნენ წყალქვეშა ნავებს, ასევე ავიაციას. აეროპლანები მაშინ ახალი ხილი
იყო და მაინცდამაინც დიდ როლს არ ასრულებდა, მას უფრო მეტად სადაზვერვო ფუნქცია
ჰქონდა. 1916 წელს ფრონტის ხაზზე გამოჩნდა ინგლისური F-2 და ფრანგული „ნიუპორტი“.
ფრონტის ხაზზე გამოიყენებოდა დირიჟაბლები, რომლის უპირატესობა თვითმფრინავთან
შედარებით ის იყო, რომ მას ჰაერში ხანგრძლივი ყოფნა შეეძლო, მაგრამ მის ნაკლს ამინდზე
მისი დამოუკიდებულება წარმოადგენდა. I მსოფლიო ომი გამოირჩა ქალაქების
დაბომბვითაც, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ მიუღია. რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს
ლონდონსა და პარიზში და ამ დაბომბვას ათამდე ადამიანი შეეწირა.
პირველმა მსოფლიო ომმა გაზარდა მოთხოვნა მატერიალურ რესურსებზე,
განსაკუთრებით კი ნავთობპროდუქტებზე. სწორედ ამიტომ 1917 წლის ბოლოს
გერმანელებმა მიიტანეს იერიში და ხელში ჩაიგდეს რუმინეთის პლოეშტის
ნავთობსარეწები. ამ ომმა შეცვალა ომების ისტორია და არსი. ცხადი გახდა, რომ
ეკონომიკურმა ფაქტორმა წინა პლანზე გადმოიწია და მხოლოდ ადამიანური რესურსი აღარ
კმაროდა.
1917 წელს ბრიტანეთში შემოიღეს საყოველთაო სამხედრო სამსახური, ხოლო
საფრანგეთში შეიცვალა სარდლობა. გერმანიის სარდლობაშიც მოხდა ცვლილებები.
კერძოდ რუსეთთან ბრძოლაში წარმატებული გერმანელები ‒ ჰინდერბურგი და
ლუდენდორფი მხედართმთავრებად დაინიშნენ. გერმანიამ ფრონტის ხაზზე ააგო ძლიერი
სანგრები. ამ ხაზს გერმანელებმა „ზიგფრიდის ხაზი“, ხოლო „ანტანტამ“ „ჰინდენბურგის
ხაზი“ უწოდა.
გარდა სახმელეთო ფრონტისა შეტაკებები მიმდინარეობდა ზღვაზეც. გერმანული
ფლოტი ინგლისურზე გაცილებით სუსტი იყო, ამიტომ ისინი ერიდებოდნენ მასშტაბურ
ბრძოლებს და ძირითადად ინგლისის ტერიტორიული წყლების დანაღმვით

6
შემოიფარგლებოდნენ. გერმანელები აქტიურად იყენებდნენ წყალქვეშა ნავებით შეტევის
ტაქტიკას. 1916 წლის 31 მაისს გაიმართა იუტლანდიის საზღვაო ბრძოლა, რომელიც
გერმანელთა სასტიკი მარცხით დასრულდა. გერმანელები თავიათი წყალქვეშა ნავებით არა
მხოლოდ სამხედრო, არამედ სავაჭრო და სამოქალაქო გემებსაც ძირავდნენ. გერმანიის
სარდლობა თავს იმით იმართლებდა, რომ არასამხედრო გემებით ანტანტის წევრებს იარაღი
გადაჰქონდათ. დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია 1915 წლის 7 მაისს სამოქალაქო ლაინერი
„ლუზიტანიის“ ჩაძირვას. ამ ბრიტანულ გემზე აშშ-ს მშვიდობიანი მოქალაქეებიც
იმყოფებოდნენ. მართალია, ამ ამბის შემდეგ აშშ არ ჩაბმულა ომში, თუმცა მკაცრი
პროტესტი გამოთქვა. გერმანიამ ცოტა ხნით შეწყვიტა წყალქვეშა იერიშები.
აშშ-ს ომში ჩაბმა „ციმერმანის გეგმამ“ განაპირობა. ციმერმანი გერმანიის საგარეო საქმეთა
მინისტრი იყო. მან მისწერა დაშიფრული წერილი მექსიკას და მას აშშ-ს წინააღმდეგ
ომისთვის აქეზებდა. ეს წერილი დიდი ბრიტანეთის დაზვერვას ჩაუვარდა ხელში. მათ
საქმის კურსში ჩააყენეს აშშ-ს მთავრობა და 1917 წლის 6 აპრილს აშშ ჩაერთო ომში
„ანტანტის“ მხარეს. ამერიკული ჯარების მეთაურად, რომელიც 14 დივიზიისა და 300 000
კაცისგან შედგებოდა ჯონ პერშინგი დაინიშნა.

ომის დასასრული

აშშ-ს ჩაბმამ ომში „ანტანტის“ მხარეს მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა თანაფარდობა.


1917 წლის თებერვალსა და ოქტომბერში რუსეთში რევოლუციები მოხდა. ახალმა
ხელისუფლებამ 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი დადო, რომლითაც ომი
დატოვა. აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლიდან რუსეთის გამოთიშვა, რა თქმა უნდა,
გერმანიას აძლევდა ხელს, თუმცა მალე მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. აშშ-მ
ევროპაში დამატებითი რაზმები გადმოსხა, თავად ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცეულ
გერმანიას კი პრობლემები ემატებოდა.
1918 წლის დასაწყისიდან გაძლიერდა გერმანული საზოგადოების დიდი ჯგუფების
უკმაყოფილება ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების, მათ
შორის სურსათის ნაკლებობის გამო. ზოგადი პროტესტი მალე მიიმართა არსებული
ხელისუფლების წინააღმდეგ. გაღვივდა ომის საწინააღმდეგო განწყობილება.
მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, კიდევ
ერთხელ სცადა გადამწყვეტი იერიში მიეტანა დასავლეთის ფრონტზე: მას აღმოსავლეთის
ფრონტზე გამოთავისუფლებული ძალების იმედიც ჰქონდა. მაგრამ უკანასკნელი
„საგაზაფხულო იერიში“ (1918 წლის მარტი-ივლისი) „ცენტრალური სახელმწიფოების“
სრული მარცხით დასრულდა.
1918 წლის ოქტომბერში ბულგარეთი დანებდა „ანტანტას“. 30 ოქტომბერს დაიდო
მუდროსის ზავი, რომლითაც ოსმალეთი ხსნიდა „ანტანტისთვის“ ბოსფორისა და
დარდანელის სრუტეებს. ეს, ფაქტობრივად, ოსმალეთის კაპიტულაციას ნიშნავდა. 3
ნოემბერს ავსტრია-უნგრეთმა გამოაცხადა კაპიტულაცია.
პირველი მსოფლიო ომის ბედი მაინც დასავლეთის ფრონტზე განვითარებულმა
მოვლენებმა გადაწყვიტა. გერმანელები ყოველი მეტრი მიწისათვის იბრძოდნენ, მაგრამ
ოქტომბერში ბრიტანელებმა მოახერხეს ე.წ. „ჰინდერბურგის ხაზის“ გარღვევა. გარდა ამისა,
როგორც აღვნიშნეთ, გერმანიაში გაიზარდა ანტისაომარი დამოკიდებულება.
მოკავშირეების დანებების შემდეგ ანტანტის სახელმწიფოებთან ზავს ხელი მოაწერა
გერმანიამაც, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო კაპიტულაცია. ზავი დაიდო 1918 წლის 11

7
ნოემბერს დილის 11 საათზე, პარიზის ახლოს, კომპიენის ტყეში საფრანგეთის მარშალ ფოშის
საშტაბო მატარებლის ვაგონში. გერმანელთაგან ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა მათიას
ერცბერგერმა.
I მსოფლიო ომში ჩაბმული იყო 38 სახელმწიფო მილიარდ ნახევარი მოსახლეობით.
საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი. დაჭრილების,
დასახიჩრებულებისა და გაზით მოწამლულების რიცხვი კი დაახლოებით 20 მილიონს
შეადგენდა.
ასე დასრულდა იმ დროისათვის ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება,
რომელსაც უამრავი უბედურება მოჰყვა. ამ მოვლენის შესახებ არაერთი ნაწარმოები
მიეძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის
ნაწარმოები, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“.

You might also like