Professional Documents
Culture Documents
3.-პარიზის-კონფერენცია-და-მისი-მნიშვნელობა.-ერთა-ლიგა 2
3.-პარიზის-კონფერენცია-და-მისი-მნიშვნელობა.-ერთა-ლიგა 2
1
ვერსალის საზავო ხელშეკრულებაზე მუშაობა 4 თვის განმავლობაში
მიმდინარეობდა. როგორც ვიცით სამუშაო პროცესს არ დასწრებია გერმანული მხარე.
ხელშეკრულების გაცნობის საშუალება მათ მხოლოდ 1919 წლის 28 ივნისს, „სარაევოს
გასროლის“ ხუთი წლის თავზე მიეცათ, ვერსალის სარკეებიან დარბაზში. ეს სიმბოლური
იყო: ზავის დადების ადგილი განზრახ შეირჩა, რადგან სწორედ იქ, 1871 წლის 18 იანვარს,
საფრანგეთზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საზეიმოდ გამოცხადდა ერთიანი
გერმანული სახელმწიფოს (ანუ რაიხის, იმპერიის) შექმნა.
პირობები მოსალოდნელზე მკაცრი აღმოჩნდა. ამ საზავო ხელშეკრულებით
გერმანიამ დაკარგა: აფრიკული და აზიური კოლონიები, ასევე ელზასი, ლოთარინგია და
სხვა მიწები. ძლიერ გერმანიის იმპერიას ჩაენაცვლა არასტაბილური ვაიმარის რესპუბლიკა
_ ასე უწოდებდნენ გერმანიას 1919-1933 წლებში. 1918 წლის 9 ნოემბერს გერმანიაში მოეწყო
სამხედრო გადატრიალება, კაიზერი ვილჰემ II აიძულეს უარი ეთქვა ტახტზე. იგი
ნიდერლანდებში გაიქცა. ხელისუფლებაში მოვიდა სოციალისტური პარტიის ლიდერი
ებერტი, რომელმაც ჩაატარა რაიხსტაგის არჩევნები ქალაქ ვაიმარში 1919 წლის 11
თებერვალს. ასე შეიქმნა ძლიერი გერმანიის ადგილას არასტაბილური ვაიმარის
რესპუბლიკა.
ვაიმარის რესპუბლიკას აეკრძალა მძიმე საბრძოლო ტექნიკის წარმოებისა და ყოლის
უფლება, ასევე სამხედრო ფლოტისა და არმიის ყოლა. ნება დართეს ჰყოლოდა მხოლოდ
100 000 ჯარისკაცი და რამდენიმე ათეული სამხედრო ხომალდი. დამარცხებულ გერმანიას
დაეკისრა მოკავშირეთა სასარგებლოდ 130 მილიარდი მარკის გადახდა. გერმანიაში
გამეფდა სიღარიბე და ინფლაცია. ამან კი ხელი შეუწყო რადიკალური, ულტრამემარცხენე
(კომუნისტური) და ულტრამემარჯვენე (ნაცისტური) იდეების გავრცელებას. ვერსალის
ზავის ზედმეტად მძიმე და უსამართლო პირობები შემდგომში II მსოფლიო ომის დაწყების
მიზეზი გახდა.
გერმანიისათვის მორალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე იყო ვერსალის
ხელშეკრულების ის პარაგრაფი, რომელიც ომის გაჩაღებაში დამნაშავედ მხოლოდ
გერმანიასა და მის მოკავშირე სახელმწიფოებს ცნობდა. ისტორიული ობიექტურობა
მოითხოვს ითქვას, რომ ეს პარაგრაფი სიმართლეს არ შეესაბამებოდა: ომის გაჩაღებაში
ავსტრია-უნგრეთთან და გერმანიასთან ერთად პირდაპირი დამნაშავენი იყვნენ: სერბეთი,
რუსეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი.
პარიზის საზავო კონფერენციაზე მოხდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც.
დაიშალა ავსტრია-უნგრეთის იმპერია და მის ნანგრევებზე წარმოიქმნა შემდეგი
დამოუკიდებელი სახელმწიფოები: ავსტრიის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის და
იუგოსლავიის რესპუბლიკები, რომელშიც გაერთიანდნენ სერბები, ხორვატები,
სლოვენიელები სერბების ჰეგემონობით. ამ სახელმწიფოს იუგოსლავია ეწოდა 1929 წლიდან.
დაიშალა ოსმალეთის იმპერიაც. ყოფილი ოსმალეთის იმპერიის აზიური კოლონიები
ინგლისისა და საფრანგეთის კონტროლქვეშ მოექცა. იტალიაში, ფაშისტი ბენიტო
მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლამდე სუფევდა პოლიტიკური არასტაბილურობა. მძიმე
2
ეკონომიკური კრიზისი სუფევდა ინგლისში. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა
საფრანგეთიც.
რუსეთის იმპერია დაემხო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შედეგად და დაიწყო
სამოქალაქო ომი, სადაც გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა და 1922 წელს შექმნეს ახალი
სახელმწიფო ‒ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ანუ სსრკ.
გერმანიაში ვერსალის საზავო ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი აზრი
ორად გაიყო. პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი ზავის პირობების
შესრულების მომხრე იყო. მათი აზრით, სწორედ ეს გახდებოდა წინაპირობა გამარჯვებულ
სახელმწიფოებთან ვერსალის ზავის პირობების შერბილების ანდა, სულაც გაუქმებაზე
მოლაპარაკებების საწარმოებლად. მეორე ნაწილი კი ვერსალის ხელშეკრულების პირობებს
ეროვნული ღირსების შეურაცხყოფად მიიჩნევდა. მათ შორის იყო ჰიტლერის პარტიაც.
საზოგადოების ამგვარმა განწყობილებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ნაცისტების მოსვლა
ხელისუფლების სათავეში 1933 წელს.