You are on page 1of 7

თამარ დოლიძე

ემოციების როლი ეთნიკურ კონფლიქტებში

“ებრაელს მუდამ ომი უდგას თვალწინ. რადგანაც გერმანია მშვიდობისაკენ


ისწრაფვის, ებრაელი, ეს თაღლითი და ჩხუბისთავი, გაძევებულია [გერმანიის]
სამეფოდან. ისინი ყველანაირი ხერხით ატყუებდნენ ნიურნბერგის მშვიდობიან
მოსახლეობას. მაგრამ ამათმა [ნიურნბერგელებმა] ბევრი არ მოუთმინეს. ებრაელების
სახლები, რომლებიც დღევანდელ ადოლფ-ჰიტლერის-მოედანზე იდგა, გადაწვეს.
ებრაელები გააძევეს და ნიურნბერგის ჭიშკარი ჩაუკეტეს…”1- 1930-იანი წლების
ნიუერნბერგის ერთ-ერთ სკოლაში მეხუთეკლასელებს საშობაო კონკურსისათვის
ებრაელებზე თემის დაწერა დაევალათ. წარმოუდგენელია, დღესდღეობით რომელიმე
სკოლაში მოსწავლეებს მსგავსი თემის დაწერა დაევალოთ; მაგრამ 30-იანი წლების
გერმანიაში ეს მიღებული პრაქტიკა იყო და ამიტომ არავინ არ აღშფოთებულა (თუმცა ,
რომც აღშფოთებულიყვნენ, აღშფოთების მეტს ვერაფერს იზამდნენ).
კონკრეტული ეთნიკური ჯფუფები დღემდე არიან სიძულვილისა თუ დამცირების
საგანი სხვადასხვა ერებში. მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სომეხ
ქართველებს დღემდე არაკეთილგანწყობით უყურებს საზოგადოების გარკვეული
ნაწილი. არც ეთნიკური ომების ერა დასრულებულა (1990-იანი წლების კონფლიქტები
რვანდაში, სომალსა და ყოფილ იუგოსლავიაში 2), ამიტომ კითხვა, რომელსაც როჯერ დ.
პიტერსენი სხვამს წიგნში “Understanding Ethnic Violence: Fear, Hatred and Resentment in
twentieth-century Eastern Europe”, აქტუალურია: რა განაპირობებს ეთნიკურ ომებს?
მართლაც, რატომ არიან მეხუთეკლასელი ბავშვები მზად, იძალადონ სხვა ეთნოსის
წარმომადგენლებზე? პიტერსენის პასუხი ამ კითხვებზე და, ამავდროულად , თეზისი არის
ის, რომ ემოციები - კერძოდ კი, შიში, სიძულვილი, უსამართლობის შეგრძნება -
განაპირობებს ეთნიკურ კონფლიქტებს. მისი ნაშრომი არსებითი მნიშვნელობის არის
სოციალური მეცნიერებებისთვის, რომლებიც დღესდღეობით მოვლენების
ინტერდისციპლინარულ ჭრილში განხილვას საჭიროებს.3

1 Documentation Center Nazi Party Rally Grounds in Nurnberg; ჩემი თარგმანი.


2 Jennifer Schaller, Reviewed Work: Understanding Ethnic Violence: Fear, Hatred, and Resentment in
Twentieth Century Eastern Europe by Roger D. Petersen
3 Jennifer Schaller, Reviewed Work: Understanding Ethnic Violence: Fear, Hatred, and Resentment in
Twentieth Century Eastern Europe by Roger D. Petersen
პიტერსენი ემოციას განმარტავს, როგორც მექანიზმს, რომელიც იწვევს ქმედებას
ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავის დასაკმაყოფილებლად 4. კონკრეტული ემოციები
გვიბიძგებს, დავიკმაყოფილოთ კონკრეტული სურვილები/საზრუნავები 5. იმ ოთხი
ემოციიდან, რომლებსაც, პიტერსენი აზრით, წვლილი მიუძღვით ეთნიკურ კონფლიქტებში
- შიში, სიძულვილი, უსამართლობის შეგრძნება და გაბრაზება 6 - მხოლოდ სიბრაზის
ემოცია არის არაინსტრუმენტული; დანარჩენი სამი ემოციიდან თითოეული ამზადებს
ინდივიდს სურვილისა თუ საზრუნავის დასაკმაყოფილებლად.
პიტერსენისათვის მთავარ შეკითხვას წარმოადგენს, თუ რა იწვევს განსხვავებული
ეთნიკური ჯგუფების შედარებით მშვიდობიანი თანაცხოვრების გარდაქმნას
ურთიერთდაპირისპირებაში და რა განაპირობებს ერთი ეთნოსის მიერ მეორის
დისკრიმინაციას. რადგანაც პიტერესენის მთავარი ჰიპოთეზის თანახმად , ეთნიკურ
კონფლიქტებში დიდი როლი მიუძღვით ემოციებს, პირველ რიგში, პიტერსენი
სტრუქტურულად ხსნის ამ ემოციების და, შესაბამისად, ეთნიკურ კონფლიქტების
აღმოცენების პროცესს. კერძოდ, პიტერსენის ვარაუდით, ქვეყნისა თუ რეგიონის
ფარგლებში არსებობს იერარქიული მიმართება ეთნოსებს შორის, რაც გამოიხატება
ქვეყნის ენის პოლიტიკაში, საჯარო მმართველობის ეთნიკურ შემადგენლობაში , მიწის
განაწილების პოლიტიკასა და სხვა სიმბოლურ მაჩვენებლებში 7. მოდერნიზაცია და
მკვეთრი ცვლილებები საზოგადოების იერარქიულ წყობილებაში (ანუ, სტრუქტურული
ცვლილებები) ქმნის ახალ ინფორმაციას, რომელიც გარდაიქმნება რწმენებად , ხოლო
რწმენები ბადებენ განსაზღვრულ ემოციებს, რომლებიც კონკრეტული ქმედებებისაკენ
უბიძგებენ ადამიანებს. ეს მექანიზმი სქემატურად შემდეგნაირად გამოიყურება (იხ.
დანართი 1):

4 Roger D. Petersen, Understanding Ethnic Violence: Fear, Hatred, and Resentment in Twentieth-
Century Eastern Europe, p. 17.
5 იქვე.
6 ორიგინალში “Rage”.
7 Jennifer Schaller, Reviewed Work: Understanding Ethnic Violence: Fear, Hatred, and Resentment in
Twentieth Century Eastern Europe by Roger D. Petersen, p. 76.
დანართი 1
თითოეულ აღმოცენებულ ინსტრუმენტულ ემოციას - სიძულვილს, შიშს,
უსამართლობის შეგრძნებას - საკუთარი სამიზნე, მსხვერპლი ჰყავს. ამ სამი ემოციიდან თუ
რომელი “გააქტიურდება” და, შესაბამისად, თუ ვინ ვისზე იძალადებს, დამოკიდებულია
იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები (ეთნიკური ჯგუფები) ინფორმაციას
სტრუქტურულ ცვლილებებზე.
წიგნში პიტერსენი განიხილავს ოთხივე ემოციის აღმოცენების პროცესს. პირველ
რიგში, საუბრობს უსამართლობის შეგრძნებაზე. ეს გრძნობა მაშინ აღმოცენდება ხოლმე ,
როდესაც საზოგადოების იერარქიული სტრუქტურა იცვლება - უწინ გაბატონებული
ეთნიკური ჯგუფი ქვედა საფეხურზე ინაცვლებს, რაც იწვევს მასში უკმაყოფილებისა და
უსამართლობის შეგრძნებას. შესაბამისად, ეს ემოცია ამ ჯგუფს უბიძგებს, აღადგინოს
სამართალი და გაბატონებულ ეთნიკურ ჯგუფს “საკუთარი ადგილი მიუჩინოს”.
უსამართლობის შეგრძნების ნარატივის მიხედვით, მსხვერპლს ის გაბატონებული
ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენს, რომლის “ჩამოქვეითებაც” შესაძლებელია ეთნიკური
დაპირისპირების შედეგად8. ასე რომ, როგორც ამ აღწერაში ჩანს, უსამართლობის
შეგრძნება იწვევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას კონკრეტული ეთნიკურ
დაჯგუფებების მიერ.
რაც შეეხება სიძულვილის გრძნობას, ამ ემოციის სამიზნესა და მსხვერპლს ის
ჯგუფი წამოადგენს, რომელთანაც მოძალადე ეთნიკურ ჯგუფს “უძველესი დროიდან”
სიძულვილი აკავშირებს. ფაქტობრივად, სიძულვილის წყაროს ისტორია წარმოადგენს ,
თუმცა, არა ისტორიული მოვლენების მეტ-ნაკლებად ობიექტური გააზრება, არამედ
სიძულვილის ნარატივიდან დანახული ისტორია. უფრო ცხადი რომ გახდეს, რას
8 Roger D. Petersen, Understanding Ethnic Violence: Fear, Hatred, and Resentment in Twentieth-
Century Eastern Europe, p. 256.
გულისხმობს პიტერსენი, მაგალითს მოვიხმობ. თუკი A-ს სძულს B ჯგუფი და ამიტომ
ძალადობს მის წევრებზე, ამ სიძულვილს აქვს თავისი ისტორიული მიზეზები: შეიძლება
ოდესღაც B ჯგუფმა A ჯგუფს ტერიტორია წაართვა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ,
რომ რეალურად B ჯგუფს ისტორიულად არაფერი დაეშავებინოს A ჯგუფისათვის და
რადგანაც ამ უკანასკნელს მისი სიძულვილი “აწყობდა” უწინ, A ჯგუფში გაბატონებულია
წარმოდგენა, არსებობს სქემა, რომ B ჯგუფის წევრები მტრები არიან და ისინი A ჯგუფის
წევრებს უნდა სძულდეთ.
სტრუქტურული ცვლილებები ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტულ ეთნიკურ
ჯგუფებში შიშის შეგრძნებას ბადებს. თავის მხრივ, ეს ემოცია უბიძგებს მათ იმოქმედონ იმ
ჯგუფ(ები)ის საწინააღმდეგოდ, რომლებიც მათ საფრთხის შემცველად მიაჩნიათ . ასე რომ ,
შიშის ნარატივის თანახმად, მსხვერპლს ის ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენს, რომელიც
სხვა ჯგუფ(ებ)ის აღქმით ყველაზე მეტად საშიშია.
ბოლო ემოცია, რომელსაც პიტერესენი განიხილავს, არის ბრაზი, რომელიც
არაინსტრუმენტულსა და თვით-გამანადგურებელ ემოციას წარმოადგენს და ,
შესაბამისად, მისი მექანიზმიც განსხვავდება დანარჩენი სამი ემოციისაგან . ბრაზის ემოცია
წინ უსწრებს და ამახინჯებს კოგნიციას, განსხვავებით დანარჩენი სამი ემოციისაგან ,
რომლებიც რწმენებისა და ინფორმაციის საფუძველზე აღმოცენდება . ბრაზის ქვეშ მყოფი
ადამიანები მოქმედებენ, ანუ ძალადობენ თავად ბრაზის გრძნობისაგან
გასათავისუფლებლად. თუ ვინ იქნება მსხვერპლი - ამას მნიშვნელობა არ აქვს. სტატის
კალივასის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, სიბრაზით მოცული ადამიანები განურჩეველ
ძალადობას სჩადიან9. რადგანაც სიბრაზის გამოხატვის სურვილი, ანუ დანაშაულის
ჩადენის სურვილი დიდია, უმეტესწილად, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ აღმოჩნდება
მსხვერპლი. თუ სასურველი მსხვერპლი დროებით მიუღწეველია, მას სხვა რომელიმე
ჯგუფი ჩაანაცვლებს.
ამრიგად, ვფიქრობ, რომ პიტერსენი საკმაოდ დამაჯერებლად და
სტრუქტურირებულად განმარტავს თითოეული ემოციის არსსა და იმას, თუ როგორ
უბიძგებს თითოეული მათგანი ადამიანს, ჩაიდინოს ძალადობა სხვა ეთნიკური ჯგუფის
მიმართ.
წიგნის მომდევნო თავებში პიტერსენი კონკრეტულ ქეისებს განიხილავს ემოციების
თეორიის ფარგლებში და საკმაოდ დამაჯერებლადაც. მიუხედავად ამისა , ემოციების
თეორია არ არის ერთადერთი არსებული თეორია სოციალურ მეცნიერებებში ეთნიკური
კონფლიქტების ასახსნელად. ყველაზე მკვეთრად პიტერსენს სტატის კალივასი

9 იხ. Stathis Kalyvas, The Logic of Violence in Civil War. თუმცა, სტატის კალივასი განურჩეველი
ძალადობის გამომწვევ მიზეზად არ ასახელებს სიბრაზეს, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ .
უპირისპირდება, რომელიც ერთი ეთნიკური ჯგუფის მეორეზე ძალადობას განიხილავს ,
როგორც რაციონალური განსჯის შედეგს. პოლიტიკური აქტორები და მოქალაქეები
მოქმედებენ რაციონალურად და იყენებენ ძალადობას, როგორც ინსტრუმენტს თავიანთი
მიზნების მისაღწევად. კალივასი ერთმანეთისაგან გამოყოფს განურჩეველსა და
დისკრიმინაციული ძალადობის ფორმებს. განურჩეველ ძალადობას კალივასი უწოდებს
იმას, რაც პიტერსენისათვის გაბრაზების, არაინსტრუმენტული ემოციის შედეგია . ამრიგად ,
სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მათ ერთი ფენომენისადმი , რომელსაც
განურჩეველი ძალადობა ჰქვია. კერძოდ, კალივასისათვის, განურჩეველი ძალადობა
ისევე არის რაციონალური გადაწყეტილებების შედეგი , როგორც დისკრიმინაციული
ძალადობა. პიტერსენის აზრით კი, განურჩეველი ძალადობა, როდესაც მსხვერპლის
ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს და, შესაბამისად, მოძალადეს არ აქვს სხვა მიზანი, გარდა
იმისა, რომ გათავისუფლდეს ძლიერი, სიბრაზის ემოციისაგან, სწორედ რომ
ირაციონალურობის, ემოციის ზემოქმედების პროდუქტია. თუმცა კალივასისთვის ორივე ,
განურჩეველი და დისკრიმინაციული ძალადობაც, რაციონალური განსჯის შედეგია , მისის
თქმით, განურჩეველი ძალადობა არის არაეფექტური და კონტრპროდუქტიული , რასაც
დამნაშავეები მოგვიანებით აანალიზებენ და მას შერჩევითი (დისკრიმინაციული )
ძალადობით ანაცვლებენ, რომელიც მეტ დანახარჯთან არის დაკავშირებული , რადგანაც
შეიარაღებულ ძალებს ახლა უკვე ინდივიდებზე ინფორმაციის შეგროვება და ამ
ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედება მოეთხოვებათ - ყველა აღარ არის მტერი.
მიუხედავად იმისა, რომ კალივასის თეორია ძალადობის რაციონალურობის
შესახებ რიგ შემთხვევებში დამაჯერებლად ხსნის ეთნიკურ კონფლიქტებს, სრულიად
გამოუსადეგარია სხვა შემთხვევებში. პიტერსენი წიგნში ციტირებს მონტენეგროელებისა
და ადგილობრივი მუსლიმების დაპირისპირების მაგალითს, რომელიც მილოვან დილას
აქვს აღწერილი თავის წიგნში “The Land without Justice”. კერძოდ, მილოვან დილასი
იხსენებს, რომ მონტენეგროელები, თავისი მამის ჩათვლით, არეულობის ჟამს, როდესაც
მათი ლიდერი მოკლეს, შეუიარაღებელ და უდანაშაულო ადგილობრივ მუსლიმებს
დაესხნენ თავს, სრულიად სპონტანურად. როდესაც წესრიგი აღდგა, ისინი გონს მოეგნენ
და შერცხვათ თავიანთი საქციელის, ვერ ახსნეს თავიანთი დანაშაული. ეს მობილიზაცია
არც დაგეგმილი ყოფილა და მითუმეტეს არ მონაწილეობდნენ მასში პოლიტიკური
აქტორები - თავდასხმის მონაწილეებს არ ჰყავდათ ლიდერი, არ იყვნენ
ორგანიზებულები, ყოველივე დაუგეგმავად მოხდა, რაციონალური განსჯის გარეშე და,
რაც მთავარია, თითოეული მონაწილე, როდესაც ამ “სიმთვრალიდან” გამოვიდა
(ამგვარად ახასიათებს მილოვან დილასი იმ მდგომარეობას, რომელშიც მამამისი
იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენისას), ნანობდა საკუთარ საქციელს და, როგორც ზემოთ
ვთქვი, მას ახსნას ვერ უძებნიდა. მილოვანის თქმით, მისი მამაც იქამდე და მერეც არ
გამოირჩეოდა მოძალადე ბუნებით. პიტერსენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიგნებას , ჩემი
აზრით, ის წარმოადგენს, რომ, მისი თქმით, გარდამავალ, ლიმინალურ პერიოდში
ადამიანების ემოციებზე დაკვირვება ყველაზე კარგად არის შესაძლებელი , რადგანაც
გარდამავალ პერიოდში პიროვნებას შეუძლია იმოქმედოს ყოველგვარი შეზღუდვის
გარეშე, თავისი ემოციების კარნახით. სწორედ ამგვარი გარდამავალი პერიოდი შეიქმნა
მონტენეგროელების ლიდერის სიკვდილის შემდეგ. წესრიგის აღდგენის შემდეგ კი,
დამნაშავეებმა ვერ შეძლეს თავიანთი საქციელის განმარტება . ვფიქრობ , რომ ამგვარი
კონფლიქტების ახსნისას არ გამოდგება კალივასის თეორია, რომლის მიხედვითაც
ადამიანები რაციონალური განსჯის შემდეგ ძალადობენ და ეს ძალადობა მათი
ინტერესების შესაბამისია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ავტორი მამის მონაწილეობას
კონფლიქტში ახსნას ვერ უძებნის და ამიტომ “სიმთვრალეს” ადარებს მის იმდროინდელ
მდგომარეობას, როდესაც დანაშაულს სჩადიოდა. სიმთვრალისა და რაციონალურობის
მდგომარეობა, ალბათ დამეთანხმებით, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება .
რა თქმა უნდა, პიტერსენის თეორიაც არ არის სრულყოფილი, მასაც აქვს ნაკლი და
მარტივად წარმოსადგენია, რომ რომელიმე შემთხვევას ვერ ხსნიდეს სათანადოდ .
კერძოდ კი, პიტერსენი ფაქტობრივად უგულებელყოფს ელიტების როლს ეთნიკურ
კონფლიქტებში. ამგვარი მიდგომა არამართებული მგონია; პიტერსენის თეორიის
მიხედვით, ემოციები ადმიანებს გვიჩნდება ინფორმაციაზე და რწმენა -წარმოდგენებზე
დაყრდნობით. მაგრამ ვინ გვაწვდის ინფორმაციას? სწორედ, რომ პოლიტიკოსები და ე .წ.
“ელიტები”, რაც ძალიან კარგად არის ნაჩვენები პოლიტიკურ სატირაში “Wag the Dog”.
სინამდვილეში და ხშირ შემთხვევაში, “ჩვეულებრივი” ადამიანები კუდის როლს ვირგებთ ,
ელიტები კი - ძაღლისას, რომელიც მაშინ “გააქიცინებს კუდს”, როდესაც მოუნდება.
საბოლოოდ, ჩემს მთავარ სათქმელს ის წარმოადგენს, რომ თუკი ეთნიკური
კონფლიქტების სრული სურათის დანახვა გვსურს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ემოციების
როლი დიდია ამ კონფლიქტებში. თუკი ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებს არამხოლოდ
განსჯა, არამედ ემოციებიც განაპირობებს, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი
გავრცელებული ფენომენი, როგორიც ეთნიკური დაპირისპირებაა, სრულიად დაცულია
ემოციების ზემოქმედებისაგან? და ბოლოს, როგორც ჯეიმს ჯასპერი ამბობს “პროტესტის
ემოციებში”, მხოლოდ კომპიუტერებს შეუძლიათ “იფიქრონ” ემოციების გარეშე.
ბიბლიოგრაფია

Roger D. Petersen, Understanding Ethnic Violence: Fear, Hatred, and Resentment in


Twentieth-Century Eastern Europe.
James M. Jasper, The Emotions of Protests.
Peter Rožič, Peter J. Verovšek, Reviewed Work: The Logic of Violence in Civil War by Stathis
Kalyvas.
Jennifer Schaller, Reviewed Work: Understanding Ethnic Violence: Fear, Hatred, and
Resentment in Twentieth Century Eastern Europe by Roger D. Petersen

You might also like