You are on page 1of 5

ლელა გრიგალაშვილი

სამაგისტრო პროგრამა „ხელოვნება, კულტურა, იდენტობები“, I სემესტრი


პედაგოგიკა

„...ჩვენ ვიქნებით უფრო ძლიერი კულტურა, თუ


ჩვენს შვილებში შემოქმედ „მე“-ს გავზრდით“.
დ.ჯ.ვოლში

ესთეტიკური აღზრდა და მისი მნიშვნელობა აღზრდის პროცესში

ადამიანის აღზრდა უძველესი ხანიდან დღემდე უმნიშვნელოვანეს საკითხად


ითვლება. განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა „განათლების მიზანი“
(„აღზრდის მიზანი“ ჩაანაცვლა ამ ტერმინმა) ბევრად უფრო
გლობალურია;მიუხედავად იმისა, რომ აღზრდის/განათლების შედეგს
თითოეული ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური
მდგომარეობა განსაზღვრავს „ერთიანი გლობალური მოთხოვნილებისგან
ვერც ერთი ქვეყანა ვერ თავისუფლდება“.

ანტიკური ხანიდან დღემდე იქმნება აღზრდის შესახებ თეორიები. ჯერ კიდევ


პლატონი და არისტოტელე აყალიბებენ ჰარმონიული აღზრდის ნაწილებს-
ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას, რასაც ბურჟუაზიული
ხანიდან შრომითი აღზრდაც ემატება. ამავე პერიოდის მნიშვნელოვანი
მონაპოვარია განათლების საყოველთაობისა და სავალდებულო განათლების
პრინციპები, რაც უკვე სახელმწიფოს მხრიდან მომავალი თაობის აღზრდაში
პასუხისმგებლობის როლის გაზრდას გულისხმობს.

რას ნიშნავს ესთეტიკური აღზრდა და როგორია მისი მნიშვნელობა აღზრდის


ერთიან პროცესში.
ესთეტიკური აღზრდა ჰარმონიული აღზრდის ნაწილია. ესთეტიკა
(ბერძნული,aisthetikos-გრძნობადი) ფილოსოფიის დარგია, რომელიც არკვევს
ხელოვნებისა და მშვენიერების ბუნებას, ღირებულებასა და საზრისს. როგორც
მეცნიერება, ესთეტიკა ეხება ადამიანის მიერ სინამდვილის ესთეტიკურად
აღქმის საკითხს, აქედან გამომდინარე , ესთეტიკური აღზრდის მიზანია
სინამდვილის -ბუნების, სოციალური ურთიერთობების, ხელოვნების დარგების
ესთეტიკური აღქმა, მათი მშვენიერი მხარეების დანახვა და შემოქმედებითი
უნარების გაჩენა.

გარემო, რომელშიც ბავშვები იბადებიან, იზრდებიან და ყალიბდებიან, ძალიან


მრავალფეროვანი, ინფორმაციულად დატვირთული, ხშირად,
მულტიკულტურულია. სწრაფი ცვლილებები მეცნიერებაში, პოლიტიკასა და
ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს ჯერ
კიდევ არასრულწლოვან ადამიანს. ასეთ პირობებში, ესთეტიკური აღზრდა
დიდ როლს ასრულებს ბავშვში თვითგამოხატვის, თვითრეფლექსიის,
საკუთარი იდენტობისა და გარემოს აღქმის პროცესებში.

ესთეტიკური აღზრდის მიზანი სამ ძირითად ამოცანად არის დაყოფილი:


ესთეტიკური შეგნების ფორმირება მხატვრულ განსწავლას, ესთეტიკური
აღქმის განვითარებას, წარსული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და
თანამედროვე მიღწევებთან შედარებას მოიცავს.

გლობალიზაციის მიუხედავად, თუ ამ პროცესის დასაკომპენსირებლად,


მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ესთეტიკურ აღზრდას დიდ მნიშვნელობას
ანიჭებს ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცსში. ესთეტიკური
შეგნების ფორმირების პროცესში გამიზნულად და სისტემურად არის ჩართული
ეროვნული მაიდენტიფიცირებელი ელემენტები, როგორიცაა ადგილობრივი
კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებრივი საგანძური, სახელმწიფო
სიმბოლოები, ფოლკლორული მუსიკა და სხვა. მაგალითად იაპონიაში, დიდ
მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ საბავშვო ბაღის პერიოდიდან ბავშვებს
შეეძლოთ ეროვნული დროშის დახატვა, მიღებული მეთოდია სახლში ფონურ
მუსიკად იაპონური მუსიკის თანხლება.

აშშ-ში კი მიღბული პრაქტიკაა დაწყებით სკოლაში დროშაზე ფიცის დადების


რიტუალი და ეროვნულ დღესასწაულებში ბავშვების განსაკუთრებული
ჩართულობა, სიმბოლიკისა და კოსტიუმების მომზადება, სპეციალური
სიმღერების სწავლა და შესრულება.

უკეთ რომ ვისაუბროთ საქართვეოს მაგალითზე, ასევე დაწყებით კლასებში


შემოდის საგანი ბუნება და სამშობლო, სადაც საქართველოს თითოეული
კუთხის ბუნება, რამდენადაც ამ ასაკის ბავშვისთვის გასაგებია, არქიტექურა და
კულტურული მემკვიდრეობაც არის განხილული. ამავე პერიოდიდან გაიცნობს
ბავშვი გამორჩეულ ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს.
დაწყებითი კლასებიდანვე იწყება აპრობირებული მეთოდის, სასკოლო
ექსკურსიების გამოყენება, რაც საქართველოში, დიდწილად კულტურული და
ბუნების საგანძურის გაცნობას მოიცავს ხოლმე. აქ მნიშვნელოვანია სწორი
ეთოდოლოგიის შემუშავება, ბავშვების ასაკსა და ინტერესებზე ადაპტირებული
სამუზეუმო თუ სხვა ექსკურსიებისა და ღონისძიებების დაგეგმვა.

ჯოლინ ბლენკი სტატიაში „ესთეტიკური განათლება ადრეულ ასაკში:


ნაცნობი და უცნობი პიროვნულ-კულტურული პეიზაჟების შეცნობა“ ყურადღებას
ამახვილებს სწორედ ამ ძალიან საინტერესო მოვლენაზე, როდესაც
ესთეტიკური აღზრდა გამოყენებულია საკუთარის და სხვისი იდენტობების
გამიჯვნის საშუალებად. ეს იმდენად ღრმა, სისტემური და ფუნდამენტური
პროცესია, რომ „მე ვეღარასდროს დავათვალიერებ იაპონური ჩაის ბაღს
როგორც იაპონელი“-წერს ის და ფრედერიკ ფრობელის მიერ ტერმინი
საბაშვშო ბაღის შემოტანასაც გარკვეულ ტერიტორიაზე, კონკრეტული
სოციალური, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური გარემოს ფონზე
ბავშების აღზრდას უკავშირებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ესთეტიკური აღზრდის სწორად და სისტემურად დაგეგმვა მნიშვნელოვან
როლს ასრულებს ადამიანის ღირებულებათა სისტემის, კულტურული
იდენტობისა და თითიდენტიფიკაციის უნარის ჩამოყალიბებაში.

ესთეტუკური აღზრდის მეორე ამოცანაა ესთეტიკური გრძნობების


ფორმირება, რომელიც ესთეტიკური შეგნების ემოციურ-მგრძნობელობითი
გამოძახილია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მგრძნობელობითი აღქმა
ადრეული ასაკიდანვე განუვითარდეს. მშვენიერებისა და სილამაზის აღქმა,
ვფიქრობ, რომ დედის აღქმასთან ერთად იწყება. ამიტომ დიდი ამოცანა და
პასუხისმგებლობაა მშობლის წინაშე: სილამაზე და სიკეთე, როგორც წესი
ურთიერთგადაჯაჭვულია ბავშვის აღქმაში, დედის ნამღერი ნანებიც ალბათ
ერთ-ერთი პირველი ესთეტიკური ტკბობის შეგრძნების მაპროვოცირებელია
და კვლავ მშობლიურთან, საკუტარი იდენტობის აღქმასთან მივყავართ.
ესთეტიკური აღზრდის მესამე ამოცანად დასახულია ესთეტიკური ქცევისა და
მოქმედების უნარი, რაც საზოგადეობრივი ცხოვრების ყველა სფეროში
ესთეტიკური მოქმედების უნარის განვითარებას გულისხმობს. ესთეტიკური
ქცევის ფორმირებაც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, რაც აღზრდას ეხება,
ადრეული ასაკიდან, ოჯახიდან იწყება და მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე
ნაწილდება საბავშვო ბაღსა თუ სკოლაზე. რადგან ბავშვს ქცევის კოპირება
ახასიათებს, მნიშვნელოვანია მშობელი აცნობიერებდეს, რამდენად დიდ
როლს თამაშობს მისივე ესთეტიკური ქცევა და ჩვევები ბავშვის ფსიქიკაშ
ესთეტიკურის დაფიქსირების პროცესში.

ესთეტიკური აღზრდის ამოცანები და საშუალებები ძირითადად ერთმანეთს


ემთხვევა. ხელოვნების დარგები-კინო, თეატრი, ოპერა, სახვითი ხელოვნება,
ბალეტი და სხვა ხელს უწყობს ბავშვის ესთეტიკური გემოვნებისა და
მხატვრულ-შემეცნებითი უნარის ჩამოყალიბებისა და განვითარებას, ამასთან
ერთად, ხელოვნებით ნაწარმოების გაგება და მასთან ემოციური რეფლექსიაც
ესთეტიკური აღზრდის ამოცანაცაა.

„პედაგოგიკის ზოგად საფუძვლებში“ ხაზგასმულია ხელოვნების არამხოლოდ


მშვენიერების აღქმისა და განცდის, არამედ რაციონალური ცოდნის
საკითხიც.ვფიქრობ, რომ ბავშვებს ხელოვნება გაცილებით ადრე უნდა
მიეწოდებოდეთ (მუცლადყოფნის პერიოდიდად), ვიდრე ის მის
რაციონალურად გაგებას და განსაკუთრებით, სისტემურ ცოდნას მიირებს ,
თუმცა ადრეული ასაკიდან თუნდაც გაუცნობიერებად აღქმული ხელოვნება,
მომავალში ბევრად უფრო გაუმარტივებს მას შესწავლასა და ღირებულებათა
სისტემაში მის „დალაგებას’.

ზოგად მიმოხილვასთან ერთად, ვფიქრობ საკუთარი მაგალითის გაზიარებით


კიდევ უკეთ ვაჩვენებ ესთეტიკური აღზრდის შესახებ ჩემს დამოკიდებულებას .

როგორც გადმოცემით ვიცი დედასგან, ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში


მასმენინებდა მუსიკას და თვითონაც წერდა. ხელოვნების დარგებიდან ჩემს
ოჯახში მუსიკა ყოველთვის დომინანტური იყო. ასევე ძალიან ადრე გაჩნდა
არქიტექტურა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რადგან ფაქტობრივად
ჩვილობიდან მუდამ ვმოგზაურობდით მთელი ოჯახი. ვფიქრობ, რომ სწორედ
ადრეულ ასაკში აღქმული და გონებაში დალექილი „იმიჯები“ აყალიბებენ
ადამიანში ესთეტიკურ აღქმას, გემოვნებას. განსაკუთრებით მშობლიური ხდება
გარემო, რომელსაც ოჯახთან ერთად შეისწავლი და საკუთარ გამოცდილებად
აქცევ. იმის გამო, რომ სკოლას ხშირად ვიცვლიდი, სასკოლო ექსკურსიების
დიდი გამოცდილება არ მაქვს, რადგან ჩემი აღზრდის მეთოდი,
გარკვეულწილად ,„ჰოუმ სქულინგის“ ელემენტებსაც შეიცავდა .

ყოველთვის მნიშვნელოვან კომპონენტად ითვლებოდა თეატრში სიარულის


კულტურა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ასაკთან მიმართებით სწორად
იყოს შერჩეული წარმოდგენა, რაც მშობლისა თუ მასწავლებლის მხრიდან
დიდ დაკვირვებას მოითხოვს. თუმცა, თეატრში სიარულის კულტურა
არამხოლოდ ხელოვნებასთან ზიარების თვალსაზრისით, არამედ სოციალურ
გარემოში ესთეტიკური ქცევის ნიმუშის შემუშავებაშიც დიდ როლს თამაშობს:
რა სიხშირითაც არ უნდა გვევლო თეატრში, ყოველთვის სადღესასწაულო
განწყობა გვქონდა, განსაკუთრებულად ვემზადებოდით, მნიშვნელოვანი იყო
წესრიგის დაცვა და მხოლოდ შემდეგ, სპექტაკლის შინაარსი და ამავე
სპექტაკლის ინტერპრეტაციებით დადგმული სცენები სახლში მეზობლებისა და
ოჯახის წევრების წინ.

რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო სახვითი ხელოვნების საკითხსაც.


საქართველოში მუზეუმებში მეტ წილად სკოლებს დაყავთ ბავშვები, არაერთ
ქართულ მუზეუმს აქვს სასწავლო პროგრამები შემუშავებული, რაც ცალსახად
მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ევროპის მუზეუმებში კი ხშირად ნახავთ
ჩვილბავშვიან დამთვალიერებლებს, რომლებიც საათობით
გადაადგილდებიან დარბაზიდან-დარბაზში, მთელ დღეს ერთად, სამუზეუმო
სივრცეში ატარებენ. უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, თუ
რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვს ჩვილობიდანვე ქონდეს ხელოვნებასთან
შეხება, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ესმის, ან მხოლოდ ახლა იწყებს
შეკითხვების დასმას. მნიშვნელოვანია, რომ კულტურული, ესთეტიკური
გარემო იყოს აუთენტური, და მისთის აუთენტურ გარემოში ეტაპობრივად და
სისტემურად მიეწოდოს ინფორმაცია როგორც მშობლისგან ასევე
მასწავლებლებისგან. ვფიქრობ, ამ მხრივ მასწავლებლის როლი გაცილებით
რთულია, რადგან კლასში სხვადასხვა გარემოში აღზრდილ ბავშვებთან უწევთ
მუშაობა.

საბოლოოდ, ყურადღება მინდა გავამახვილო იმის შესახებ, თუ რა გამოწვევის


წინაშე დგება ლოკალურ კულტურულ გარემოში აღზრდილი ადამიანი
გლობალური მასშტაბით პოზიციონირებისას. რადგან ყურადღება
გავამახვილე ეროვნულ ინტერესებსა და ესთეტიკური აღზრდის „პოლიტიკაზე“,
მინდა აღვნიშნო, რომ სრულებითაც არ უნდა ნიშნავდეს ადამიანის ჩაკეტვას
გარკვეულ სისტემაში. ესთეტიკური აღზრდისას არ უნდა დაგვავიწყდეს
გლობალური ესთეტიკური რეალობების სისტემური მიწოდებაც. ქართულ
სკოლებში პროგრამაში არსებული ესთეტიკური საგნებიც არის შესული,
როგორიცაა მუსიკა, ხელოვნების ისტორია, სადაც ბავშვები ეცნობიან
მსოფლიო მემკვიდრეობას და მიმდინარე სახელოვნებო პროცესებსაც. ჩემი
ბავშვობის საკულტო ტელეგადაცემები ეკუთვნის კათოლიკე მონაზონ ვენდი
ბეკეტს, რომლის პროექტებმაც გამაცნო დიდი კულტურული შედევრები. დღეს
კი გაცილებით ბევრი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ბავშვებს არა მშრალი
რეპროდუქციებით, არამედ უფრო ცოცხალ გარემოში, თუნდაც ვირტუალური
ტურებით გავაცნოთ მსოფლიოს დიდი შედევრები, მოვუყვეთ მათ შესახებ და
ვაჩვენოთ სამყაროს მრავალფეროვნება, უნივერსალური სილამაზე. ამასთან
ერთად კი ვაჩვენოთ, რომ ესთეტიკურის კრიტერიუმები მრავალფეროვანი და
ცვალებადია და ყოველი ახალი კულტურის გაცნობისას, არა ქართული (ჩვენს
შემთხვევაში), არამედ თავისუფალი და ზოგადი შინაგანი კრიტერიუმებით
იხელმძღვანელონ.

ესთეტიკური აღზრდის არაერთი ასპექტისა და პრობლემის გამოყოფა


შეგვიძლია, და დღესაც არაერთი სირთულის წინაშე დგას ამ მხრივ
პედაგოგიკური მეცნიერება. თუმცა ვთვლი, რომ ამდენად გაფართოვებულ
სამყაროში, იმდენად დიდი და მრავალფეროვანი რესურსები გვაქვს, რომ
ესთეტიკური მრავალფეროვნების ბავშვებისთვის ჩვენება და სწავლება
მასწავლებლისთვისაც დიდი თვაგდადასავალი და სასიამოვნო გამოწვევაა .
ესთეტიკური აღზრდა ზოგადად აღზრდის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან
როლს იკავებს და მთავრად მიმაჩნია ამ პროცესში ბავშვის თვითგამოხატვის
უნარის გაძლიერება, შემოქმედებითობის გააქტიურება და ამ დიდ სამყაროში
საკუთარი ხმის პოვნის გზაზე დაყენება ცხოვრების ნებისმიერ, ყველაზე
არაშემოქმედებით ასპექტებშიც კი.

გამოყენებული ლიტერატურა:

ქეთევან ჭკუასელი, ივანე ჭკუასელი „პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები“,


გამომცემლობა ინტელექტი.
JOLYN BLANK „Aesthetic Education in the Early Years: exploring familiar and unfamiliar
personal-cultural landscapes“

You might also like