Professional Documents
Culture Documents
განათლება ძველ საბერძნეთში
განათლება ძველ საბერძნეთში
თამარ კაციტაძე
სასწავლო პროგრამა
ბერძნულ გრამატიკულ სკოლებში მოსწავლეებს თავდაპირველად ასწავლიდნენ
ანბანს, რომლის ნიმუში დაცულია ათენეოსთან. შემდეგ ისინი ითვისებდნენ
ხმოვნებისა და თანხმოვნების შერწყმას და ბგერების წარმოთქმას. მოგვიანებით
სწავლობდნენ წერას კარნახის საშუალებით. ბავშვებს ასევე ზეპირად უნდა ესწავლათ
პოეზიის ნიმუშები. ვინაიდან წიგნი ცოტა იყო, ხშირად მასწავლებელი თვითონვე
კარნახობდა მათ პოეტურ ქმნილებებს.
არითმეტიკაში მარტივი გაკვეთილები ტარდებოდა. თავდაპირველად თითებზე
თვლას სწავლობდნენ, შემდეგ – საანგარიშოებზე. ბერძნები იყენებდნენ გაცილებით
რთულ მათემატიკურ აღნიშვნებსა და სიმბოლოებს, ვიდრე რომაელები და ეს
შეუძლებელს ხდიდა თუნდაც ძალიან მარტივი გაანგარიშებების ფურცელზე
გამოყვანას. მოსწავლეები იძულებული იყვნენ, გამოეყენებინათ საანგარიშო და
აბაკუსი.
ათენში ვაჟები ზეპირად სწავლობდნენ ჰომეროსისა და ჰესიოდეს შემოქმედებას.
ისწავლებოდა სხვა დიდი პოეტებისა და დრამატურგების ნაწარმოებებიც. რთულ
პასაჟებს მასწავლებელი საგანგებოდ უხსნიდა მოსწავლეებს. ბევრი დრო ეთმობოდა
ციტირებას. ციტატები მხატვრულად, შესაფერისი მიმიკითა და ჟესტიკულაციით
უნდა წაეკითხათ. მოგვიანებით ისწავლებოდა მუსიკაც, რომელსაც დიდი
ესთეტიკური დატვირთვა ჰქონდა. ვაჟები სწავლობდნენ სოლო ან გუნდში სიმღერას,
მუსიკის თანხლებით კითხულობდნენ ჰომეროსის პასაჟებს, მღეროდნენ ტირტეოსის
სიმღერებს. ეს პატრიოტი პოეტი სპარტაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ზეპირად კითხულობდნენ ასევე ლიკურგოსის კანონებს.
შესაძლოა, სპარტელთა უმრავლესობასაც შეეძლო წერა-კითხვა, თუმცა არსად არის
ნახსენები, რომ ეს სახელმწიფო განათლების პროგრამაში შედიოდა. ცნობილია, რომ
ძალიან ცოტამ იცოდა არითმეტიკის ელემენტები.
ბერძნებს სწამდათ, რომ „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”, ამიტომ ფიზიკურ
კულტურას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. 12 წლიდან ვაჟები მიჰყავდათ
გიმნასტიკურ სკოლებში, რომლებიც სპეციალურ შენობებში – პალესტრებში იყო
განთავსებული. პროგრამაში შედიოდა სპორტის ხუთი სახეობა: სირბილი, ჭიდაობა,
ხტომა, დისკოსა და შუბის ტყორცნა. სავარაუდოდ, ისწავლებოდა ცეკვაც.
ქალთა განათლება
სპარტაში გარკვეულ ყურადღებას ქალთა განათლებასაც უთმობდნენ. ლიკურგოსი,
პლუტარქოსის ცნობით, ასახელებდა რამდენიმე საქმიანობას, რომლებიც
ქალისათვის უფრო შესაფერისი იყო. ქალებს, ისევე როგორც მამაკაცებს, უნდა
გაევლოთ ფიზიკური წვრთნა და სხეული გაეკაჟებინათ. თუმცა მას ქალის
უპირველეს მოვალეობად მაინც დედობა მიაჩნდა.
სპარტაში ქალები, კაცების მსგავსად, იზრდებოდნენ სუფთა ჰაერზე და ეჩვეოდნენ
ვარჯიშს. გოგონები სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ დადიოდნენ გიმნასიონებში,
სადაც ვარჯიშობდნენ სირბილში, ხტომაში, ჭიდაობაში, სწავლობდნენ დისკოსა და
შუბის ტყორცნას. რა თქმა უნდა, ეს ვაჟებისგან განცალკევებით ხდებოდა, თუმცა იყო
შემთხვევები, როცა გოგონები ვაჟებთან ერთად ცეკვავდნენ.
ფიზიკურმა დატვირთვამ ერთი ძალიან კარგი რამ მისცა სპარტელ ქალებს: ისინი
მთელ საბერძნეთში გამოირჩეოდნენ მოხდენილობით. მათ ხასიათითაც
გამოარჩევდით სხვა ქალებისგან – ძალზე დამოუკიდებლები იყვნენ. თუმცა
ლიტერატურაში ან ხელოვნების რომელიმე სხვა დარგში მათი განსწავლა არ
ხდებოდა.
სპეციალური და პროფესიული განათლება