You are on page 1of 6

გელათი - „სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი“

გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე ცხოველმყოფელმა საქმიანობამ


საქართველოს კულტურისა და ქართული ენის განვითარების ისტორიაში წარუშლელი
კვალი დატოვა. ქალაქ ქუთაისიდან თერთმეტ კილომეტრიანი მანძილით დაშორებული
კომპლექსი აერთიანებს რამდენიმე კულტურულ ძეგლს: ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის მთავარ ტაძარს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, წმ. ნიკოლოზის სახელობის
ეკლესიას, სამრეკლოს, აკადემიასა და გალავანს.

გელათის საღვთისმეტყველო-მთარგმნელობითი სკოლა, რომელიც ქართული


კულტურისა და ლიტერატურის ისტორიაში ელინოფილური მიმართულების ერთ მძლავრსა
და უმნიშვნელოვანეს შტოს წარმოადგენს, სათავეს იღებს შავი მთის ფილოლოგიური
სკოლიდან და მისი პრინციპების გამგრძელებლად და განმავითარებლად გვევლინება
როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული (თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის)
თვალსაზრისით.1

XI საუკუნიდან შავ მთაზე ფილოსოფიურ-თეოლოგიური ლიტერატურის თარგმნა-


კომენტირება იწყება, გელათის საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ აკადემიაში კი ამ
პროცესს ხორცი ესხმება და საბოლოოდ, ბერძენთა ბრალდებები ქართველთა მიმართ
არაზუსტი თარგმანების გამო ქარწყლდება. სწორედ შავ მთაზე მოღვაწეობდა ეფრემ მცირე,
რომელიც იოანე იტალოსთან ერთად იოანე პეტრიწისა და არსენ იყალოელის -გელათის
აკადემიის წინამძღვართა, მასწავლებლად მიიჩნევა. მოიაზრება, რომ გელათის აკადემია
აღმოსავლური თეოლოგიის ალექსანდრიული სკოლის იდეური მემკვიდრეა, აგრძელებს
კლიმენტი ალექსანდრიელის-კაბადოკიური პატრისტიკის ხაზს, ორიგენეს ხაზს,
კაბადოკიელი წმ.მამების ხაზს, მაქსიმე აღმსარებლის ხაზს, წმ. იოანე დამასკელის ხაზს და
ბოლოს, გელათის აკადემია აგრძელებს მანგანას აკადემიის ხაზს. ამრიგად, გელათის სკოლის
უნიკალური სტილი,ზემოთ თქმული ინსტიტუციებისა და ადამიანების იდეური
მემკვიდრეობის სინთეზის შედეგად იქმნება.

ქ.-ნი დამანა მელიქიშვილის აზრით, ამ სკოლის ლიტერატურულ-ფილოსოფიური


ინტერესებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის შესწავლა და სწორად შეფასება
შესაძლებელია მხოლოდ ამ დროის ბიზანტიის განათლებულ წრეებში მიმდინარე
კულტურულ-ლიტერატურილი პროცესების გათვალისწინებითა და საერთოდ ამ ეპოქის
ბიზანტიურ სამყაროსთან მიმართებით.2 ჩვენც მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ
მანგანას აკადემიაში მიმდინარე პროცესები, რათა შევიქმნათ საერთო წარმოდგენა დავით
აღმაშენებლის მთავარი პროექტის - გელათის შესახებ.
მე-11 საუკუნის ბოლოსა და მე-12 საუკუნის დასაწყისში, კომნენების დინასტიის გამეფებას
შედეგად მოჰყვა ბიზანტიის კულტურის, განათლების აყვავება. დამანა მელიქიშვილის
ნარკვევის მიხედვით, თავად ანა კომნენე მიიჩნევდა, რომ მამამისის - ალექსი კომნენეს
1
დამანა მელიქიშვილი, გელათი - სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი, წერილი მეორე: გელათის აკადემიის
ძირითადი მიმართულება და სააზროვნო ინტერესები (თბილისი: გელათის აკადემია, 2004), 673.
2
ibid, 685.
გელათი - „სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი“

მოღვაწეობის პერიოდში მეცნიერება გაიფურჩქნა, ამაღლდა და განათლებული ადამიანების


საქმიანობის მთავარ საგნად გადაიქცა.3 ანტიკური ფილოსოფიის კვლევა ამ დროს
კონსტანტინოპოლში არისტოკრატიულ წრეებში მიმდინარეობს, ბიზანტიური რენესანსის
დროს ფილოსოფიას ქრისტიანობის სამსახურში აყენებენ, რასაც საბოლოოდ კოლაფსამდე
მიჰყავს იმდროინდელი საზოგადოება. წარმართული ფილოსოფია იქცევა თეოლოგიის
საფუძვლად, რაციონალიზმი იჭრება თეოლოგიაში, შესაბამისად, ამ მწვალებლური
გამოვლინებების შეწყვეტის აუცილებლობა იქმნება, რის გამოც ალექსი კომნენე კრძალავს
ყოველგვარ კამათს, რომელიც დაკავშირებულია თეოლოგიურ საკითხებთან, ქრისტიანულ
დოგმებთან. სწორედ ეს ტენდენციები გადმოინერგა გელათის აკადემიაში, იმ განსხვავებით,
რომ იოანე პეტრიწი ზუსტ, სახეუცვლელ აზროვნებას ასწავლის ყრმებს, ე.ი. გელათი
თავისუფალია მსგავსი კონფლიქტისგან, ვინაიდან პეტრიწი ფილოსოფიასა და თეოლოგიას
ერთმანეთს არ უპირისპირებს, განსხვავებით ადრექრისტიანული ფილოსოფოს-
თეოლოგებისგან, რაც მწვალებლური გამოვლინებებისგან აზღვევს იმდროინდელ
საზოგადოებას და პეტრიწის მოსწავლეებს.

გელათის აკადემიას ხშირად დავით აღმაშენებლის მთავარ პროექტად მოიხსენიებენ.


დავით მეოთხის აღმშენებლობით საქმიანობაში ერთ–ერთ საპატიო ადგილზე დგას სწორედ
გადაბუგულ ქვეყანაში დროებით ჩამკვდარი საგანმანათლებლო საქმიანობის განახლება და
ეპოქის შესაბამისად მისი თვალსაჩინოდ დაწინაურება.4 მისი მშენებლობა 1106 წელს დაიწყო,
მაშინ, როცა ეკლესია უკვე მეფის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. აქვე ააგო დავითმა
ქსენონი,სადაც ყოველივე პირობა შეუქმნა ავადმყოფებს.5 რაც შეეხება მონასტრის
სახელწოდებას, დავით ღამბაშიძის მოსაზრებით, „გაენათი“, ანუ „გენათი“ წარმოდგება
ბერძნული სიტყვისგან, რომელიც ნიშნავს დაბადებას. სხვა შეხედულებით, „გენათი“
ებრაულ ენაზე აღნიშნავდა „სამოთხის კარს“ და იგი ეწოდებოდა დავით წინასწარმეტყველის
სასახლის ერთ-ერთ კარიბჭეს. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, „გელათი“ ახლის
ამობრწყინებას უნდა ნიშნავდეს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, ჩამოთვლილთაგან
რომელი ვარაუდია მართებული, ცხადია, რომ ყოველი მათგანი ხაზს უსვამს გელათის
სიდიადესა და უნიკალურ მნიშვნელობას. დამანა მელიქიშვილი კი ემხრობა იმ იდეას, რომ
გელათის სამონასტრო თეოლოგიურ-ფილოლოგიური სკოლა უკავშირდება იმდროინდელი
ბიზანტიის კულტურულ-მეცნიერულ სამყაროს. ასევე საინტერესოა გელათის სხუა ათინად
და მეორე იერუსალიმად მოხსენიება. ათენისა და იერუსალიმის, ანტიკური ფილოსოფიისა
და ქრისტიანული რწმენის ამ ორი სიმბოლოს, დაკავშირებას საფუძვლად უდევს შუა
საუკუნეების ქრისტიანული სამყაროსათვის დამახასიათებელი პრინციპი რწმენისა და
ცოდნის ერთიანობისა.6 აქედან გამომდინარე, სწორედ ამ პრინციპზე შეიქმნა გელათის
აკადემია, სადაც დაიწყო ანტიკური ფილოსოფიის, პლატონისა და არისტოტელეს, შესწავლა,
თარგმნა, დამუშავება და კომენტირება.ზვიად გამსახურდიას აზრით, გელათი იყო ისეთი
3
დამანა მელიქიშვილი, გელათი - სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი, წერილი მეორე: გელათის აკადემიის
ძირითადი მიმართულება და სააზროვნო ინტერესები (თბილისი: გელათის აკადემია, 2004), 686.
4
ალექსანდრე აბდალაძე, ,,გელათის აკადემიის ისტორიიდან’’, ჯვარი ვაზისა, no.2 (1989): 56.
5
ლევან ტყეშელაშვილი, გელათი ,,მეორე იერუსალიმი სხვა ათინა’’(ქუთაისი: გელათის სასულიერო აკადემია,
2007), 22.
6
Ibid (3), 684.
გელათი - „სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი“

რელიგიური ცენტრი, ისეთი დონის სასულიერო ცენტრი, როგორც


იერუსალიმია ქრისტიანული კულტურის თვალსაზრისით და მეორე მხრივ ანტიური
ელინური სიბრძნის ისეთი უდიდესი კერა, როგორიც იყო ათინა.7

დავით აღმაშენებელმა გელათის სკოლის წინამძღვრად ჩამოიყვანა იოანე პეტრიწი,


რომელიც ჯერ შავ მთაზე, შემდეგ მანგანას აკადემიაში, ხოლო ბოლოს პეტრიწონის
მონასტერში მოღვაწეობდა. პეტრიწმა შემოიტანა საქართველოში ფილოსოფია ამ მცნების
პირველადი, ანტიკური გაგებით. ეს გაგება ითვალისწინებს ადამიანის ბუნებრივ სურვილს,
მისწრაფებას, წადილს გაიგოს და ახსნას სამყარო არა გარედან მიღებული სქემებით
(რელიგიური, იდეოლოგიური, კულტურული), არამედ საკუთარი აზროვნებით, საკუთარი,
თანდაყოლილი გონიერი პრინციპის ამოქმედებით.8 ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეფრემ
მცირეს მოსწავლე გახლდათ, რომლის თარგმანებიც ხელახლა თარგმნა, რათა მაქსიმალურად
დაეახლოვებინა პირველწყაროებთან. ზუსტად ეს წარმოადგენდა გელათის აკადემიის მთავარ
მოწოდებასაც. მათ სურდათ ფილოსოფიური ნაშრომების ზედმიწევნით გადმოტანა ქართულ
ენაზე და ზოგადად მსგავსი აზროვნების შემოტანა და დამკვიდრება საქართველოში. მათი
მიზანი იყო ის, რომ ქართველებს შეძლებოდათ ქართულ ენაზე სწავლა-განათლების მიღება.
რაც შეეხება მანგანას აკადემიას, ბიზანტიაში მიმდინარე მძაფრი თეოლოგიური პოლემიკის
გამო იოანემ თავი პეტრიწონის მონასტერს შეაფარა. იგი დაინტერესდა ნეოპლატონიზმით და
თარგმნა ნეოპლატონისტური ლიტერატურა - პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის
საფუძვლები“. სწორედ ეს ადამიანი ჩამოიყვანა დავითმა გელათის მონასტერში. მხოლოდ
დავით აღმაშენებლის მფარველობის შემდეგ მიეცა პეტრიწს საშუალება ფართოდ გაეშალა
საქმიანობა.9 აღმაშენებლის მატიანე წერს, შემოიკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და
შემკობილნი ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ
ქუეყანისა კიდეთა, სადაითცა ესმის ვიეთიმე სიკეთე, სისრულე და სულიერითა და
ხორციელითა სათნოებითა აღსავსობაი; იძივნა და კეთილად გამოიძივნა, მოიყვანნა და
დაამკვიდრნა მას შინა.10 მოყვანილი ციტატიდან გამომდინარე დავითი უპირატესობას
ანიჭებდა პიროვნულ მახასიათებლებსა და ადამიანურ თვისებებს, აფასებდა უცხოეთში
განათლებამიღბულ ახალგაზრდებს და მფარველობდა მათ.

გელათის აკადემიას ორი მიმართულება ჰქონდა: ორთოდოქსული და ფილოსოფიური.


ორთოდოქსულს ხელმძღვანელობდა არსენ იყალთოელი, რომელსაც ეკუთვნის კატენებიანი,
იგივე კომენტარებიანი ბიბლია, ხოლო ნეოპლატონისტურს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, -
იოანე პეტრიწი. მოგვიანებით არსენი გამოეყო სკოლას და იყალთოში დააარსა ახალი
აკადემია. გელათში, სიმონ ყაუხჩიშვილის დასკვნით, მოქმედებდა შუა საუკუნეების
განათლების მოდელი, რომელიც მოიცავდა შვიდ დისციპლინას: რიტორიკას, გრამატიკას,
ფილოსოფიას, მათემატიკას, გეომეტრიას, მუსიკასა და ასტრონომიას.

7
ზვიად გამსახურდია, საქართველოს სულიერი მისია: გელათის აკადემიის სულიერი იდეალები; (თბილისი:
განათლება, 1990), 90.
8
ლევან გიგინეიშვილი, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი, https://kartvelologi.tsu.ge
9
როინ მეტრეველი, ელათი მეორე იერუსალიმი და ახალი ათინა (თბილისი: არტანუჯი, 2006) 28.
10
გელათის აკადემია, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, http://encyclopedia.ge
გელათი - „სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი“

გელათის აკადემიასთან ერთად საინტერესოა თავად სამონასტრო კომპლექსის


განხილვაც, განსაკუთრებით საქართველოში მიმდინარე ისტორიული პროცესების ჭრილში.
როგორც დავით აღმაშენებლის ანდერძიდან ირკვევა, მან ამ პროექტის სრულად
განხორციელება სიცოცხლეში ვერ მოასწრო და ამ საქმის დასრულება შვილს - დემეტრე
პირველს გადააბარა.(ხოლო დამრჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა
უსრულად და წარმყუა მისთვისცა ტკივილი სამარადისო, იგი შვილმან ჩემმან მეფემან
დიმიტრი სრულჰყოსა ყოველითურთ საუკუნოდ ჩემთვის და მისთვის და მომავალთა
ჩემთათვის 11) დიდი ქართველი მეფე საკუთარი სურვილისამებრ გელათის სამხრეთ
კარიბჭეშია დაკრძალული და გაერთიანებული საქართველოს თითქმის ყველა სხვა მეფეც
აქაა დასაფლავებული. როდესაც ქვეყანის ერთიანობა ჯერ მონღოლთა ბატონობამ, შემდეგ
თემურ ლენგის შემოსევებმა, ბოლოს კი შიდა აშლილობამ შეარყია და საბოლოოდ, სამეფო-
სამთავროებად დაშლამდე მიიყვანა, გელათი იმერეთის მეფეების ხელში გადავიდა. ამ
პერიოდიდან მონასტერი, რომელსაც მანამდე სრული ავტონომია ჰქონდა მეფისგან
მინიჭებული და ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ ძალას
წარმოადგენდა, დაკნინდა, დავიწყებას მიეცა მეფეთა საძვალეც, დაცარიელდა
სამლოცველოები... ოსმალთა მიერ გელათის ორჯერ დარბევის მიუხედავად, იგი მაინც
აღორძინდება მეთექვსმეტე საუკუნეში იმერეთის მეფეების - ბაგრატ მესამისა და გიორგი
მეორის მიერ, რომლებიც მასშტაბური სამუშაოების შედეგად აღადგენენ და განაახლებენ
მიტოვებულ კომპლექსს, შემოუერთებენ მას ახალ მამულებს. სწორედ ამიტომ ბაგრატი
გელათის ,,მეორედ აღმშენებლის’’ სახელით შევა ისტორიაში. რესტავრაციის მომდევნო
პერიოდს კი მეთვრემეტე საუკუნეში აგრძელებენ იმერეთის სხვა მეფეებიც: გიორგი VI,
ალექსანდრე V, სოლომონ I, სოლომონ II, თუმცა ეს ხომ ის ეპოქაა, როდესაც ოსმალეთის
აგრესია დასავლეთ საქართელოზე განუზომელი ხდება, ხოლო ამ ფონზე მეფეთა
ძალაუფლება - შესუსტებული... ამიტომ გელათი ძელებურ მნიშვნელობას ვეღარ იბრუნებს
საქართველოსთვის. დაკნინების პროცესი კი სრულდება იმით, რომ რუსეთის იმპერიის
უღელქვეშ გელათი შტატის მონასტრად იქცევა, ხოლო 1923 წელს ის ოფიციალურად
იხურება. დღესდღეობით სამონასტრო ცხოვრება არდგენილია და გელათი წარმოადგენს
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალი.

საუცხოოა გელათის არქიტექტურა, მისი ექსტერიერი, ინტერიერი, კერძოდ კი,


მონუმენტური მხატვრობა, რომელიც მოზაიკასა და ტაძრის ფრესკების საუცხოო შერწყმაში
გამოიხატება. ყველაზე გამორჩეული მაინც საკურთხეველთან არსებული მოზაიკაა,
რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქაელი და
გაბრიელი. ფრესკებს შორის გამორჩეულია დავით აღმაშენებლის ფრესკა, ერთ ხელში
გელათის მაკეტითა და მეორეში ანდერძით. კომპლექსის მთავარი შენობის - ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის ტაძარის ექსტერიერში კი მეცნიერთა და ისტორიკოსთა ყურადრებას
იპრობს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს ამოკაწრული მზის საათი, რომელიც ნამდვილად
უნიკალურია.

11
მერაბ კეზევაძე და ლევან ტყეშელაშვილი, გელათი ქართველ წმინდანთა სავანე (ქუთაისი:
გამომცემლობა ,,ქუთაისი’’, 2018), 21.
გელათი - „სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი“

გელათის მონასტერი კიდევ ერთი მიზეზის გამო თამაშობს საქართველოს


კულტურისა და ისტორიისთვის მეტად მნიშვნელოვან როლს: გეოგრაფიულად საკმაოდ
დაცულ ადგილას მდებარე სამონასტრო კომპლექსს ქართველები უსაფრთხოდ მიიჩნევდნენ
ეროვნული საუნჯისა და ძვირფასეულობის შესანახად. მაგალითად, მეთორმეტე საუკუნეში
დავით აღმაშენებელმა ტაძარში დააბრძანა შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი
ქრისტიანული სიწმინდე- ხახულის ღვთისმშობლის ხატი. ქართული მჭედლობის საუცხოო
ნიმუშმა ცხრა საუკუნის განმავლობაში მართლაც ყველა გარეშე მტრის დარბევას გაუძლო,
სანამ 1859 და 1904 წლებში პირწმინდად არ გაიძარცვა ტაძარი. კარედი სიდიდის გამო
გადაურჩა მოპარვას, სამაგიეროდ, ხახულს შეწირული ყველა ნივთი დაიკარგა, მოიპარეს
დავით აღმაშენებლის უნიკალური ბეჭედიც. ქართველებმა გელათს შესწირეს კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი არტეფაქტი - ,,განჯის კარი’’, რომელიც დემეტრე პირველმა ქალაქ განჯაზე
გალაშქრებისას და მისი აღებისას გამარჯვების ნიშნად წამოიღო. მასზე პრეტენზიას
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, თუმცა ,,განჯის კარი’’ დღემდე გელათში ინახება.

სავალალოა დღევანდელი მდგომარეობა გელათის ტაძრისა, რომელიც ეროვნული


მნიშვნელობის კულტურის ძეგლთან ერთად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები
ტაძარში 2005 წლიდან მიმდინარეობს (აშშ-ს ელჩის ფონდის ჩართულობითა და
დაფინანსებით 2005-2020 წლებში ხუთი მსგავსი პროექტი განხორციელდა), თუმცა გელათი
საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სარესტავრაციო სამუშაოების
არასწორად შესრულებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ღვთისმშობლის შობის სახელობის
ტაძრის კრამიტი დატყდა, წყალი ტაძარში ჩავიდა და დაასველა კედლის უნიკალური
მხატვრობა. შეცდომები მრავლად იყო რესტავრატორი კომპანიის მხრიდან: არასაკმარისი
ვადა სამუშაოს შესრულებისთვის, უხარისხო კრამიტის გამოყენება გადახურვისთვის,
სიტუაციის გამოსწორების მაგივრად დამატებითი პრობლემა შექმნა თუნუქის დროებითმა
გადახურვამაც, რომელმაც წყალს აორთქლების საშუალება არ მისცა და შედეგად, ფრესკებსა
და მოზაიკებს ფრაგმენტები დასცვივდა.

ამრიგად, გელათი გახლდათ საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა, რომელიც


მიზნად ისახავდა ფილოსოფიური აზროვნების დამკვიდრებას საქართველოში. აქ მოღვაწე
მამების წყალობით შესაძლებელი გახდა ანტიკური მეცნიერებისა და ფილოსოფიური
ნაშრომების, კერძოდ, პლატონისა და არისტოტელეს ნააზრევების შესწავლა ქართულ ენაზე.
ეს მნიშვნელოვანი ტექსტები ხელმისაწვდომი გახდა ქართველებისთვისაც. ამ აკადემიის
დაფუძნებით დასრულდა ქართული ენის ბერძნულთან ფუნქციური გათანასწორების
პროცესი, რის შედეგადაც ქართულიც ბერძნულთან ერთად იქცა განათლებისა და
მეცნიერების ენად. სამწუხაროდ, საქართველოს დაშლა-დაკნინებასთან ერთად გელათმა
პირვანდელი სახე დაკარგა. თანამედროვე საზოგადოების უმეტესი ნაწილი არ იცნობს ამ
კულტურული ძეგლის იდეურ მნიშვნელობას, რაც განაპირობებს მის დღევანდელ სავალალო
მდგომარეობას.
გელათი - „სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი“

გამოყენებული ლიტერატურა:

1.მელიქიშვილი, დამანა. გელათი - სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი, წერილი მეორე:


გელათის აკადემიის ძირითადი მიმართულება და სააზროვნო ინტერესები. თბილისი:
გელათის აკადემია, 2004.

2.აბდალაძე, ალექსანდრე. ,,გელათის აკადემიის ისტორიიდან.’’ ჯვარი ვაზისა. no.2 (1989): 56

3.ტყეშელაშვილი, ლევან. გელათი ,,მეორე იერუსალიმი სხვა ათინა’’. ქუთაისი: გელათის


სასულიერო აკადემია, 2007.

4. გელათის აკადემია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,


https://www.nplg.gov.ge

5.ლევან გიგინეიშვილი, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი,


https://kartvelologi.tsu.ge

6.მეტრეველი, როინ. ელათი მეორე იერუსალიმი და ახალი ათინა. თბილისი: არტანუჯი,


2006.

7.გელათის აკადემია, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია,


http://encyclopedia.ge

8.კეზევაძე, მერაბ, და ტყეშელაშვილი, ლევან. გელათი ქართველ წმინდანთა სავანე. ქუთაისი:


გამომცემლობა ,,ქუთაისი’’, 2018.

9.გელათი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, nplg.gov.ge

10.ჩაგელიშვილი, თომა, გელათის მონასტერი და მისი ისტორია,https://youtube.com

11.მუჯირი, ქრისტინე, რა მოხდა გელათში? https://publika.ge

12. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა


დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, გელათის ტაძრის გადახურვისა და კონსერვაციის
პრობლემები, https://www.radiotavisupleba.ge

You might also like