You are on page 1of 3

სტუდენტი: გვანცა ყრუაშვილი

ეთნოლოგიური კვლევის სფეროები

ეთნოლოგიური კვლევის სფეროები პირდაპირ არის დაკავშირებული


დისციპლინის კვლევის საგანთან. ეთნოლოგიის საგანი კი არის ადამიანისა
და ადამიანთა საზოგადოებების შესწავლა მათ ყოფით ცხოვრებაში.
ყოფითი ცხოვრება კი სხვა არაფერია თუ არა კულტურის, ტრადიციების,
წეს-ჩვეულებების კომპლექსური ურთიერთქმედების ყოველდღიური
გამოვლინება ადამიანთა ჯგუფების სოციალურ, პოლიტიკურ და
ეკონომიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ანთროპოლოგიური
კვლევის სფეროები მოიცავს ბევრ მიმართულებას (ფიზიკური
ანთროპოლოგია, ლინგვისტიკა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, სოციალური
ანთროპოლოგია, ფოლკლორისტიკა, ბიოლოგიური ანთროპოლოგია), მათ
შორის, ისეთებსაც, რომლებიც სხვა დისციპლინების ინტერესებშიც შედის.
კურსის ,,შესავალი ეთნოლოგიაში’’ გავლამდე ჩემთვის ეთნოლოგია
მხოლოდ ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, ეთნოსთა წარმომავლობისა და
მათი იდენტობის კვლევას გულისხმობდა. ჩემი ასეთი შეხედულება
განპირობებული იყო ნაკლებად ინფორმირებულობითა და იდენტობის
დადასტურების იმ მწავევე სურვილით, რომელიც ჩვენს ერს ისტორიულად
გადარჩენის მთავარ საშუალებად ესახებოდა. ამ დისციპლინის ერთადერთ
ფუნქციად განვიხილავდი საქართველოს განსაკუთრებულობის
დადასტურებას და ტრადიციების განდიდებას. ალბათ, ჩვენს ქვეყანას ეს
მძაფრი სურვილი საბჭოთა კავშირის კულტურათა ნიველირების
პოლიტიკამ დაუტოვა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ დისციპლინის
სფეროები შეიძლება განსაზღვროს კონკრეტულ ქვეყანაში მიმდინარე
პოლიტიკურმა პროცესებმა. ასევე სხვადასხვა ქყვეყნებს შორის შეიმჩნევა
განსხვავებული ტერმინოლოგიის დამკვიდრება დისციპლინასთან
მიმართებით. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დამკვიდრდა ტერმინი
სოციალური ანთროპოლოგია, ხოლო ამერიკაში კულტურული
ანთროპოლოგია. თუმცა, ორივე შემთხვევაში კვლევის ინტერესები მაინც
იდენტური იყო.
სხვადასხვა ეთნოლოგიური სკოლის ურთიერთჩანაცვლების შედეგად
ანთროპოლოგია ჩამოყალიბდა დისციპლინად, რომელსაც აინტერესებს
საზოგადოების ყოფისა და კულტურის მახასიათებლების ერთიანი სურათი
და ამ სურათზე მოქმედი ფაქტორები. სწორედ ამან განსაზღვრა
დისციპლინის სფეროების მრავალფეროვნება, კერძოდ, ადამიანების
განვითარების ყველა ასპექტის კვლევა. შესაძლოა, მისთვის კვლევის საგანი
არის კულტურა ყოველდღიურ გამოვლინებებში, თუმცა კულტურა ხომ
მარტივი ფენომენი არ არის. მის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი
განაპირობებს. ჩემი აზრით, ამ დისციპლინის საკვლევ სფეროებს სწოედ ამ
ფაქტორების მრავალფეროვნება განაპირობებს.
ჩემთვის კიდევ ერთი სიახლე იყო გამოყენებითი ანთროპოლოგიის
არსებობა. იმის გამო, რომ ეთნოლოგია თანამედროვე სახით მისთვის
საინტერესო მოვლენებს დიაქრონულ განვითარებაში შეისწავლის, მან
დაკარგა სიმბოლური მნიშვნელობა და შეიძინა პრაქტიკული
დანიშნულება. ანთროპოლოგიის სფეროები არ შემოიფარგლება მხოლოდ
კვლევის ჩატარებითა და მისი გამოქვეყნებით, არამედ ის ახდენს ცოდნის
რეალიზებას ადამიანთა ყოფის გაუმჯობესების მიზნით. ანუ ის ყოფას არა
მარტო შეისწავლის, არამედ ცვლის კიდეც. ამ ყველაფერს იმაზე
დაყრდნობით ვამბობ, რომ, თუნდაც, განვითარების ანთროპოლოგია
სხვადასხვა ქვეყანას ეხმარება ერთმანეთთან ურთიერთობების
დამყარებაში, რადგან მას აქვს ცოდნა კულტურული თუ ეკოლოგიური
თავისებურებების შესახებ. სამედიცინო ანთროპოლოგები ჩართულები
არიან ჯანმრთელობის დაცვის სისტემებში და ესეც ამ დისციპლინის
კვლევის სფეროთა მრავალფეროვნებით არის განპირობებული. უფრო
კონკრეტულად, ბიოლოგიური და კულტურული ანთროპოლოგები
იკვლევენ კვების, ჯანმრთელობის, სოციალური გარემოსა და კულტურის
ურთიერთმიმართებას. რატომ უნდა აინტერესებდეს ეთნოლოგიას თუნდაც
კვების საკითხები? ალბათ, იმიტომ, რომ საკვების მოპოვების ხერხები
ცალსახად კულტურის შემადგენელი ნაწილია, რადგანაც ადამიანმა
სამყაროში ადაპტირება თვითგადარჩენის ინსტინქტით, რომელიც საკვების
მოპოვებისკენ უბიძგებდა, დაიწყო. მისი ცნობიერების ჩამოყალიბების
ერთ-ერთ საფუძვლად ეს უნდა მივიჩნიოთ. ცნობიერება კი კულტურასთან
მჭიდრო კავშირშია.
ამგვარად, ყოფითი ცხოვრება და კულტურა, რომლებიც
კონსტრუირდება და ვლინდება სოციალური, ეკონომიკური თუ
პოლიტიკური ფაქტორების გავლენით, წარმოადგენს ეთნოლოგიის
შესწავლის მთავარ საგანს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისტორიის და
ეპოქების როლიც ერების ცხოვრების სტილის განსაზღვრაში, რაც
მნიშვნელოვნად განპირობებულია საზოგადოების განვითარების
ტემპებით.

You might also like