You are on page 1of 10

ლექცია 14

1. ფრანც ბოასის ისტორიული სკოლა. კულტურული რელატივიზმის


თეორია. ფუნქციონალიზმი
2. ლოკალურ ცივილიზაციათა თეორია: ა.ჯ. ტოინბი, ს. ჰანთინგტონი

ფრანც ბოასის ისტორიული სკოლა

ევოლუციონისტებსა და დიფუზიონისტებთან კამათში ჩამოყალიბდა მე-20


საუკუნის ერთ-ერთი საინტერესო მიმდინარეობა, რომელსაც "ფრანც ბოასის
ისტორიულ სკოლას", ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიას, ხან კი
ეთნოფსიქოლოგიურ სკოლას უწოდებენ. თავის მხრივ, იგი საფუძვლად დაედო
კულტურული რელატივიზმის (ფარდობითობის) _ მსოფლიოს ყველა ხალხის
კულტურის თანაბარი ღირებულების _ თეორიას.
ამ მიმდინარეობას საფუძველი ჩაუყარა ფრანც ბოასმა (Franz Boas, 1858-1942),
რომელიც თანამედროვე ანთროპოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მას
ხშირად „ამერიკული ანთროპოლოგიის მამასა“ და „თანამედროვე ეთნოლოგიის
არქიტექტორს“ უწოდებენ. იგი დაიბადა ვესტფალიაში (ჩრდილო-დასავლეთი
გერმანია), ქალაქ მინდენში, მდიდარ ებრაულ ოჯახში, თავდაპირველი განათლება
მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგისა და ბონის
უნივერსიტეტებში სწავლობდა ფიზიკას, მათემატიკასა და გეოგრაფიას, 23 წლის
ასაკში მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. შემდეგ იგი გერმანულ ექსპედიციას
გაჰყვა არქტიკაში, ერთი წელი გაატარა ბაფინის კუნძულზე (კანადის არქტიკა), სადაც
50 გრადუსიანი ყინვის პირობებში შეაგროვა ინუიტების ლეგენდები, შეისწავლა მათი
რიტუალები და ცერემონიები. 1888 წელს მან გამოსცა წიგნი ესკიმოსების შესახებ.
სწორედ ამ ექსპედიციაში მონაწილეობის შედეგად იგი დაინტერესდა
არადასავლური საზოგადოებების კვლევით. გერმანიაში მზარდი ანტისემიტური და
ნაციონალისტური განწყობების, ასევე შეზღუდული აკადემიური შესაძლებლობების
გამო, ბოასმა შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა დარჩენა, დაქორწინდა და მიიღო
ამერიკის მოქალაქეობა. მომდევნო წლებში მონაწილეობდა ექსპედიციებში ამერიკის
ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, რომლის დროსაც შეისწავლა ადგილობრივ
ამერიკელთა ენები, სოციალური ორგანიზაციის ფორმები კვაკიუტლისა და
ციმშიანის ადგილობრივ ტომებში. ბოასს ექვსი წიგნი და 700-ზე მეტი სტატია
ეკუთვნის. მისი ნაშრომების უმრავლესობა არქტიკისა და ჩრდილო-დასავლეთის
სანაპიროს გამოკვლევას ეხება.
ბოასმა უარყო ევოლუციონისტური თეორია როგორც დაუსაბუთებელი,
რომელიც არ ექვემდებარება შემოწმებას. ფ. ბოასის აზრით, ფაქტები გვიჩვენებს
საგნებსა და ზნე-ჩვეულებებს მუდმივ მოძრაობაში, მაგრამ ეს აუცილებლად
პროგრესის გზა არ არის. შესაძლოა, ტექნოლოგიურ პროცესებს ევოლუციური

შესავალი კულტურის მეცნიერებებში 1


2018-2019
თანმიმდევრობა ახასიათებს, მაგალითად, ცეცხლის მოპოვება წინ უსწრებს
მეთუნეობას, მაგრამ არ არსებობს ეთნოგრაფიული მონაცემები, რომლებიც
მიუთითებს, რომ მატრიარქალური გვარი წინ უსწრებს პატრიარქალურს. იმ აზრის
საწინააღმდეგოდ, რომ კულტურული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეიძლება
აიხსნას მხოლოდ ევოლუციის საფუძველზე, ბოასი ამტკიცებდა, რომ მათი ახსნა
მხოლოდ კონკრეტულ კულტურულ კონტექსტშია შესაძლებელი.
ფ. ბოასი სხვადასხვა კულტურების შესწავლისას საერთო თეორიების და
სქემების გამოყენების წინააღმდეგი იყო. "ჩვენ უნდა გავიგოთ ცალკეულ
კულტურათა განვითარების პროცესი, სანამ შევეცდებით დავადგინოთ მთელი
კაცობრიობის კულტურის განვითარების კანონები", _ წერდა იგი. მისთვის
ამოსავალი იყო თეზისი იმის შესახებ, რომ ყოველ კულტურას განვითარების
საკუთარი, უნიკალური გზა აქვს. ევოლუციონისტებისაგან განსხვავებით,
რომლებიც ხაზს უსვამდნენ სხვადასხვა კულტურის უნივერსალურ და მსგავს
ნიშნებს, ბოასი მიუთითებდა თითოეული კულტურის თავისებურებებზე, როგორც
საკუთრივ ამ კულტურის განვითარების შედეგზე. იგი საჭიროდ თვლიდა ყოველი
ცალკეული კულტურის შესწავლას ისტორიულ ჭრილში; "ყოველი კულტურა, _
წერდა ფ.ბოასი, _ შეიძლება გაგებულ იქნას მხოლოდ როგორც ისტორიული
მოვლენა".
ბოასის მიხედვით, კულტურა არის ქცევის მოდელთა ერთობლიობა,
რომელთაც ადამიანი ითვისებს ზრდისა და თავისი კულტურული როლის მიღების
პროცესში. არა მხოლოდ ჩვენი ენა, არამედ ემოციებიც ჩვენი საზოგადოებრივი
ცხოვრებისა და იმ ხალხის ისტორიის შედეგია, რომელსაც ვეკუთვნით. ყველა
კულტურული ელემენტი განხილული უნდა იყოს მხოლოდ ერთიან კულტურულ
კონტექსტში, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს. სწორედ ბოასმა ჩაუყარა საფუძველი
კულტურის, როგორც მთლიანობის, როგორც ერთიანი სისტემის კვლევას, რომელიც
მრავალი შინაგანად დაკავშირებული, ურთიერთშეთანხმებული ნაწილისაგან
შედგება. ერთი კულტურის ელემენტთა სესხება მეორის მიერ არ შეიძლება იყოს
მხოლოდ მათი კონტაქტის ავტომატური შედეგი. მაშინაც კი, როცა სესხება ხდება,
ნასესხები ელემენტი სხვა კულტურაში ახალ მნიშვნელობას იძენს.
ფ. ბოასი თვლიდა, რომ ინდიელთა რომელიღაც ტომის კულტურა არანაკლებ
რთულია, ვიდრე ამა თუ იმ ევროპული ერის კულტურა. ერთ მათგანს დამწერლობა
აქვს, მეორეს _ არა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი კულტურათაშორისი
განსხვავებაა. ზნეობრივ შეფასებათა "ჩვენი" კრიტერიუმები არ უნდა გადავიტანოთ
სხვა ხალხებზე, რადგან ყოველ ხალხს თავისი სოციალური იდეალები და
მორალური ნორმები აქვს. დიდი სიფრთხილეა საჭირო კაცობრიობის კულტურის
განვითარების ზოგად კანონზომიერებათა დადგენისას; გარეგნულად მსგავსი
ნიშნები შეიძლება სხვადასხვა წარმოშობისანი აღმოჩნდნენ და არსებითად
განსხვავდებოდნენ კიდეც ერთმანეთისაგან.

შესავალი კულტურის მეცნიერებებში 2


2018-2019
ბოასმა დაასაბუთა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის
დასამტკიცებლად, რომ ერთი რასა თავისი ბუნებით უფრო ინტელექტუალურია,
დაჯილდოებულია ძალაუფლების ნებით, ან ემოციურად უფრო სტაბილურია,
ვიდრე მეორე. ბოასი ფერადკანიანი მოსახლეობის განვითარების
ამერიკის
ნაციონალური ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.
როგორც უკვე ვიცით, რომ ბოასის სახელს უკავშირდება „კულტურის
სათვალის“ მეტაფორის დამკვიდრება.

კულტურული რელატივიზმის თეორია


კულტურული რელატივიზმის თეორიის ფუძემდებლად ითვლება ამერიკელი
ანთროპოლოგი მელვილ ჰერსკოვიცი (1895_1963), რომლის კონცეფცია
ჩამოყალიბებულია ნაშრომში "კულტურის ანთროპოლოგია" (1948).
ჰერსკოვიცი გადაჭრით დაუპირისპირდა "სამ დეტერმინიზმს": კულტურის
რასისტულ თეორიებს; გეოგრაფიული დეტერმინიზმის უკიდურეს ფორმებს
(კულტურის მთელი მრავალფეროვნების ახსნა მხოლოდ გეოგრაფიული
გარემოთი); ეკონომიკურ დეტერმინიზმს, რომლის მიხედვით განმსაზღვრელი
მნიშვნელობა მატერიალური დოვლათის წარმოების წესს ენიჭება.
ჰერსკოვიცი არ ეთანხმებოდა თვითმყოფადი კულტურების განხილვას
ერთიანი მსოფლიო-ისტორიული პროცესის ნაწილად, რომელსაც საერთო აღმავალი
მიმართულება აქვს. ჰერსკოვიცის აზრით, არ არსებობს სხვადასხვა კულტურის
განვითარების ერთიანი კანონზომიერება, რომლის ნიმუშად მიჩნეულია
დასავლეთევროპული მოდელი. მსოფლიო-ისტორიული პროცესი შედგება
განვითარების სხვადასხვა მიმართულების მქონე კულტურებისაგან; კულტურათა
სხვადასხვა ტიპის არსებობის შესაბამისად, არსებობს პროგრესის სხვადასხვა
კრიტერიუმი, ამიტომ პროგრესის ცნება ფარდობითია, სუბიექტური. უფრო მეტიც,
ზოგ შემთხვევაში, ტრადიციული კულტურის განვითარებას დასავლური გზით ამ
კულტურის სიკვდილი, განადგურება მოსდევს. ჰერსკოვიცი განსაკუთრებით
მკვეთრად აკრიტიკებდა მსოფლიო ისტორიის მორგანისეულ პერიოდიზაციას _
ველურობა, ბარბაროსობა, ცივილიზაცია, რადგან მასში “პრიმიტიული" და
"ცივილიზებული" ხალხების ევროპოცენტრისტულ დაპირისპირებას ხედავდა.
ყოველ კულტურას აქვს უნიკალური, მყარი ტრადიციით განსაზღვრული
მოდელი, ძირეული, მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივი მახასიათებელი _
"კულტურის ფოკუსი". თანამედროვე ევროპულ-ამერიკული კულტურისათვის
ესაა ტექნოლოგიის განვითარება, შუა საუკუნეების ევროპისათვის _ რელიგიური
იდეოლოგიის ბატონობა და სხვ.
ჰერსკოვიცის აზრით, კულტურა, ერთსა და იმავე დროს, სტაბილურიცაა და
ცვალებადიც. ცვლილებათა არარსებობა კულტურის სიკვდილს ნიშნავს, მეორე

შესავალი კულტურის მეცნიერებებში 3


2018-2019
მხრივ კი, კულტურის მდგრადი სტრუქტურების რღვევა ნიშნავს მის დეგრადაციას,
თვითმყოფადობის დაკარგვას.
კულტურული გამოცდილების ათვისების პროცესს მკვლევარი
ინკულტურაციას უწოდებდა. ეს მისი კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი ცნება
იყო, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს სოციალიზაციის ცნებასთან. თუმცა
ჰერსკოვიცი ამ ცნებას ერთმანეთისაგან განასხვავებდა და თვლიდა, რომ
ინკულტურაცია _ ეს არის ინდივიდის მიერ კონკრეტული კულტურის ათვისების,
ამ კულტურისათვის დამახასიათებელი აზროვნებისა და მოქმედების წესის, ქცევის
მოდელის შესწავლის პროცესი, სოციალიზაცია კი საერთო-საკაცობრიო ცხოვრების
წესის ათვისების პროცესია.
ინკულტურაციაში მკვლევარი ორ დონეს გამოყოფდა: ბავშვობას და სიმწიფეს.
პირველ დონეზე ინდივიდი მხოლოდ ითვისებს კულტურულ გამოცდილებას, იგი
მოკლებულია არჩევანის ან შეფასების შესაძლებლობას. ინკულტურაციის მეორე
დონის უმთავრესი ნიშანი ის არის, რომ ადამიანს უჩნდება არჩევანის და უარყოფის
შესაძლებლობა. შესაძლებელია განსჯა, დისკუსია, რასაც შეიძლება შედეგად
მოჰყვეს ცვლილებები კულტურაში. ამრიგად, ინკულტურაციის პირველი ეტაპი
უზრუნველყოფს კულტურის სტაბილურობას, მეორე ეტაპი კი _ ცვლილებებს,
ალტერნატიულ შესაძლებლობებს.
კულტურული რელატივიზმის მთავარი იდეაა სხვადასხვა ხალხის მიერ
შექმნილ კულტურულ ფასეულობათა თანასწორობის აღიარება. ეს, ცხადია, ნიშნავს
ეთნოცენტრიზმისა და ევროპოცენტრიზმის პრინციპულ უარყოფას. "აღიარება
იმისა, რომ სამართალს, სამართლიანობას, სილამაზეს შეიძლება იმდენივე
გამოვლინება ჰქონდეს, რამდენი კულტურაც არსებობს, შემწყნარებლობის
გამოვლინებაა", წერდა ჰერსკოვიცი.
ჰერსკოვიცი ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო, რომელმაც გამოთქვა აზრი
იმის თაობაზე, რომ საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ადამიანის ცხოვრების
ორგანიზაციას არადასავლური ტიპის კულტურებში, გამოყენებულ იქნას
სხვადასხვა ხალხის მიღწევები (ბუნებასთან დამოკიდებულების ფილოსოფია,
მედიცინის სხვადასხვა ფორმა, რომელთაც ათასწლოვანი ისტორია აქვთ, სხვა
ასპექტები) თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში.
როდესაც გაეროს შექმნის შემდეგ მიმდინარეობდა მუშაობა “ადამიანის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე”, ჰერსკოვიცმა და მისმა ჯგუფმა
განსახილველად წარადგინა დეკლარაციის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც
ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ დეკლარაციას უნდა გაეთვალისწინებინა სხვადასხვა
კულტურაში უფლებისა და თავისუფლების სხვადასხვაგვარი გაგება. მართალია, ეს
მოსაზრება არ იქნა გათვალისწინებული, მაგრამ მსოფლიო პროცესების შემდგომმა
განვითარებამ ცხადყო ჰერსკოვიცის მოსაზრების სისწორე.
ფუნქციონალიზმი

შესავალი კულტურის მეცნიერებებში 4


2018-2019
ფუნქციონალიზმი კიდევ ერთი მიმართულება იყო, რომელიც
ევოლუციონიზმისა და დიფუზიონიზმის ალტერნატივის სახით ჩამოყალიბდა.
ფუნქციონალიზმი კულტურას განიხილავს მთლიანობად, რომელიც ცალკეული
ელემენტებისაგან შედგება. კვლევის უმთავრესი ამოცანაა მთელის (კულტურის)
შემადგენელ ნაწილებად დაშლა და მათ შორის დამოკიდებულების გამოვლენა.
კულტურის თითოეულ ელემენტს გარკვეული ამოცანა, ფუნქცია აქვს. ხშირად,
ცალკეული ელემენტი არა მარტო თავის ფუნქციას ასრულებს, არამედ წარმოადგენს
რგოლს, რომლის გარეშე კულტურა ვერ იარსებებს როგორც მთლიანობა.
ფუნქციონალისტებს ნაკლებად აინტერესებდათ კულტურათა ისტორიული
ცვლილებები; მათთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ მოქმედებს კულტურა "აქ და
ახლა".
ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ინგლისელი მკვლევარი
ბრონისლავ კასპერ მალინოვსკი (Bronislav Kasper Malinowski, 1884-1942) ,
წარმოშობით პოლონელი, დაიბადა კრაკოვში. იქვე, იაგელონის უნივერსიტეტში
მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკასა და ფიზიკაში. შემდეგ ორი წელი
სწავლობდა ლაიპციგის უნივერსიტეტში, სადაც დაინტერესდა ანთროპოლოგიით
და გაემგზავრა ინგლისში, ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში სასწავლებლად. საველე
კვლევებს აწარმოებდა პაპუასა და ტრობრიანდის კუნძულებზე. მოიპოვა დოქტორის
ხარისხი ანთროპოლოგიაში. სიცოცხლის ბოლო წლებში ასწავლიდა აშშ-ში, იელის
უნივერსიტეტში, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ნაშრომებში "კულტურის მეცნიერული თეორია" ("A Scientific Theory of Culture",
1944) და "კულტურულ ცვლილებათა დინამიკა" ("The Dynamics of Culture Change",
გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ, 1945 წელს) მან ჩამოაყალიბა ფუნქციონალიზმის
თეორიული საფუძვლები.
მალინოვსკის კონცეფციის საფუძველი გახდა მოთხოვნილებათა თეორია.
ცხოველთა სამყაროსაგან ადამიანს განასხვავებს საბაზო/ძირითადი და მეორადი/
წარმოებული მოთხოვნილებები; ეს უკანასკნელნი კულტურული გარემოთია
განპირობებული. ადამიანი ბიოლოგიური არსებაა და მისი უპირველესი ამოცანაა
მარტივი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მის პროცესში ადამიანი
მოიპოვებს საკვებს, სათბობს, ქმნის ტანსაცმელს, საცხოვრებელს.
გარდა საბაზო (ბიოლოგიური) მოთხოვნილებებისა, არსებობს კიდევ წარმოებული,
მეორადი (საკვების განაწილების, შრომის დანაწილების, თავდაცვის, რეპროდუქციის
რეგულირების, სოციალური კონტროლის, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების,
სოციალური ჰარმონიის, შემეცნების სისტემის, კანონების, რელიგიის, მაგიის,
მითოლოგიის, ხელოვნების) მოთხოვნილებანი, რომელთა დაკმაყოფილებას
ემსახურება კულტურა.
კულტურის თითოეულ ასპექტს თავისი ფუნქცია აქვს. კულტურას არ აქვს
ზედმეტი და უსარგებლო ელემენტები. თუ კულტურის რომელიმე ელემენტს

შესავალი კულტურის მეცნიერებებში 5


2018-2019
მოვსპობთ (მაგალითად, ავკრძალავთ ჩვენი აზრით მავნე რიტუალს), შეიძლება,
მთელი ეთნოკულტურული სისტემა და, შესაბამისად, მასში მცხოვრები ხალხი
დეგრადაციისა და დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. მკვლევარი მკაცრად
აკრიტიკებდა ტაილორის "გადმონაშთების თეორიას", რომელიც ამა თუ იმ მოვლენას,
მისი აზრისა და ფუნქციის ძიების ნაცვლად, დრომოჭმულ გადმონაშთად აცხადებდა.
მალინოვსკი ხშირად მოიხსენიება როგორც პირველი მკვლევარი, რომელმაც
„ანთროპოლოგია ვერანდიდან ველზე გადაიტანა“. მისი წინამორბედი
ანთროპოლოგები საველე სამუშაოს ინტერვიუს სახით აწარმოებდნენ და არ იყვნენ
ჩართული მათი კვლევის ობიექტების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მალინოვსკი ხაზს
უსვამდა დეტალური, “ჩართული დაკვირვების” (“involved partisipant observation”)
მნიშვნელობას და ამტკიცებდა, რომ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროის მანძილზე
მკვლევარმა უნდა იცხოვროს იმ საზოგადოებაში, რომლის კულტურასაც იკვლევს,
მაქსიმალურად ეცადოს ამ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ამისათვის აუცილებელია,
იგი დაეუფლოს ადგილობრივ ენას, რათა კომუნიკაცია ამ ენაზე მიმდინარეობდეს. ეს
მეთოდი კულტურის “შიგნიდან” დანახვის საშუალებას იძლევა. ანთროპოლოგებს
ყოველდღიური კონტაქტი უნდა ჰქონდეთ თავიანთ ინფორმანტებთან იმისათვის,
რომ ადეკვატურად აღწერონ “ყოველდღიური ცხოვრების შეუმჩნეველ ნიუანსები”,
რომლებიც ასე მნიშვნელოვანია უცხო კულტურის გასაგებად. მალინოვსკის მტკიცება
იმის შესახებ, რომ ეთნოგრაფი უნდა ეცადოს, რომ საგნები და მოვლენები დაინახოს
“ადგილობრივების თვალთახედვით”, მისი დროისათვის სრულიად უჩვეულო იყო.
ფუნქციონალისტები არ იზიარებდნენ კულტურების ევოლუციონისტურ
შეფასებას (უფრო მაღალგანვითარებული - "უკეთესი") და მხარს არ უჭერდნენ მათ
თეორიას ყველა კულტურის აუცილებელი სტადიური განვითარების შესახებ,
ევროპული ცივილიზაციის ეტალონის შესაბამისად. მათ დამსახურებად უნდა
ჩაითვალოს ტრადიციულ და თანამედროვე კულტურათა ურთიერთქმედების
პრობლემის დასმა და მისი სირთულის ჩვენება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
მიღწევა იყო კულტურათა სხვა, ევროპელისათვის უჩვეულო ტიპების გაგების,
კულტურის "შიგნიდან" შესწავლის, სხვა კულტურულ ფასეულობათა გააზრების
მცდელობა.
კულტურის ფუნქციონალისტურ თეორიათა თავისებურებას წარმოადგენდა
კვლევათა პრაქტიკული მიზანმიმართულება. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები
ცდილობდნენ რეკომენდაციების შემუშავებას აქტუალური პოლიტიკური ამოცანების
(განსაკუთრებით - ბრიტანეთის კოლონიებში) გადასაწყვეტად. პირველ რიგში, ეს
იყო იმ ტერიტორიათა მმართველობის პრობლემა, სადაც ტრადიციული კულტურები
დომინირებდა. ფუნქციონალისტთა გარკვეული ზეგავლენით შემუშავდა
"არაპირდაპირი" მმართველობის კონცეფცია - მართვა ხელისუფლების ტრადიციულ
ინსტიტუტებსა და ჩამოყალიბებულ სოციალურ სტრუქტურაზე დაყრდნობით.

შესავალი კულტურის მეცნიერებებში 6


2018-2019
ლოკალურ ცივილიზაციათა თეორია: ა.ჯ. ტოინბი, ს. ჰანთინგტონი
ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსის არნოლდ ჯოზეფ ტოინბის (Arnold Joseph
Toynbee) (1889-1975) ნააზრევი ლოკალური ცივილიზაციების თეორიის
კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს. ა. ტოინბის 30 წლიანი მუშაობის შედეგია
ცნობილი ფუნდამენტური ნაშრომი, მრავალტომიანი “ისტორიის კვლევა” (“A Study
of History”) (1934-1961). მასვე ეკუთვნის მრავალი სხვა საინტერესო გამოკვლევა.
ტოინბის აზრით, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არსებობდა, ერთი მხრივ,
ცივილიზაციები და, მეორე მხრივ, პრიმიტიული საზოგადოებები. მან გამოყო 650
პრიმიტიული საზოგადოება და 21 ცივილიზაცია, რომელთაგან 7 არის ცოცხალი, ანუ
არსებობს დღეს და 14 მკვდარი, ანუ არსებობდა წარსულში.
ცივილიზაციები დიდი საზოგადოებებია, რომელთა ფარგლებში მოქცეულია
გარკვეული ნიშნებით ერთმანეთის მსგავსი უფრო მცირე საზოგადოებები. ასეთ
დიდი საზოგადოებებად ტოინბი ასახელებდა, მაგალითად, აღმოსავლურ-
ქრისტიანულ, დასავლურ, მუსლიმურ და სხვა ცივილიზაციებს, რომლებიც
ერთმანეთის მსგავს საზოგადოებებს მოიცავს.
პრიმიტიული საზოგადოებები - ეს არის მცირე საზოგადოებები, რომლებიც
გეოგრაფიულად უფრო მცირე არეალს მოიცავენ, დემოგრაფიულად მცირერიცხოვანი
არიან და, ცივილიზაციებთან შედარებით, უფრო ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ. მათი
ნაწილი შემდგომში ცივილიზაციად ყალიბდება, ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ
იგი წარმატებით გაუმკლავდება ბუნებრივი და სოციალური გარემოდან მომდინარე
პრობლემებს.
ამრიგად, შპენგლერისგან განსხვავებით, ტოინბი ცივილიზაციას კულტურის
განვითარების საფეხურად კი არ მიიჩნევს, არამედ კულტურათა ერთობად, რომლის
ფარგლებში ექცევა რაღაც ნიშნით ერთმანეთის მსგავსი კულტურები. უმთავრეს
მახასიათებლად, რომლითაც ცივილიზაციები ერთმანეთს ემსგავსებიან, ტოინბი
რელიგიას მიიჩნევდა, რასაც, მისი აზრით ემყარება სხვა მახასიათებლების
მსგავსებაც.
როგორ ჩნდება ცივილიზაციები? ტოინბის აზრით, ცივილიზაციათა
წარმოშობის ახსნა შეუძლებელია რასობრივი ფაქტორით ან გეოგრაფიული
გარემოთი. მას საფუძვლად უდევს “გამოწვევა-პასუხის” მექანიზმის
ურთიერთქმედება. გამოწვევა - ეს არის ბუნებრივი ან სოციალური გარემოდან
მომდინარე პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშე საზოგადოების წარმატებული
და სტაბილური განვითარება შეუძლებელია. მაგალითად, ძველეგვიპტური
ცივილიზაციის წარმოშობამდე ნილოსის ხეობაში არსებულ პრიმიტიულ
საზოგადოებებს მუდმივად უხდებოდათ სეზონურად ადიდებული მდინარის
გამოწვევაზე პასუხის მოძებნა, რათა არსებობა შეენარჩუნებინათ. მათ შეძლეს
სარწყავი სისტემის შექმნის გზით ამ ამოცანის გადაჭრა, რითაც საფუძველი ჩაუყარეს

შესავალი კულტურის მეცნიერებებში 7


2018-2019
ეგვიპტურ ცივილიზაციას, რომლის შემადგენლობაში მოექცა იქ ადრე არსებული
პრიმიტიული საზოგადოებები.
შეიძლება, ცივილიზაცია მეორე გზითაც წარმოიშვას - წინამორბედი
ცივილიზაციისაგან, რომელმაც დაკარგა ახალ გამოწვევებზე პასუხის მოძებნის
უნარი და დაცემის გზას დაადგა. მაგალითად, ანტიკურმა ცივილიზაციამ, თავისი
განვითარების ბოლო ეტაპზე - რომის იმპერიის ხანაში, ვეღარ შეძლო ადეკვატური
პასუხის მოძებნა მომთაბარეთა შემოსევებისათვის და დაცემის გზას დაადგა, თუმცა
დასაბამი მისცა ორ „შვილ“ ცივილიზაციას - დასავლურ ქრისტიანულსა (დასავლეთ
რომის იმპერია) და აღმოსავლურ ქრისტიანულს (ბიზანტია).
როგორც ვხედავთ, შპენგლერისაგან განსხვავებით, ტოინბი არ მიიჩნევდა, რომ
ცივილიზაცია არაფერს იღებს წინამორბედი ცივილიზაციისაგან და არაფერს
გადასცემს მომდევნოს. იგი აღნიშნავდა, რომ კაცობრიობის ისტორია იცნობს ორივე
ვარიანტს: 1) როცა ცივილიზაცია ქრება მემკვიდრის გარეშე (მაგალითად, ძველი
ეგვიპტის ცივილიზაცია), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი უკვალოდ ქრება; 2) როცა
იგი ერთ ან მეტ მემკვიდრეს ტოვებს (მაგალითად, ანტიკური ცივილიზაცია). ეს
უკანასკნელი შემთხვევა შეიძლება მშობლისა და შვილის ურთიერთობას შევადაროთ:
შვილი მშობლის წიაღში ისახება და ვითარდება, შემდეგ ტოვებს მშობლის სხეულს
და იწყებს დამოუკიდებელ არსებობას. თავდაპირველად იგი ძალიან გავს მშობელს
და მის გარეშე არსებობა არ შეუძლია, მერე თანდათანობით იზრდება, მშობლისაგან
სულ უფრო დამოუკიდებელი და განსხვავებული ხდება. საბოლოოდ, მშობელი
წყვეტს არსებობას, ხოლო ახალი, მემკვიდრე ცივილიზაცია (ან ცივილიზაციები)
არსებობას განაგრძობს მანამ, სანამ იგი ახერხებს ახალ-ახალ გამოწვევებზე
წარმატებული პასუხების მოძებნას.
ტოინბი აღნიშნავდა, რომ ცივილიზაციის გაჩენის შესაძლებლობა არსებობს
მხოლოდ მაშინ, თუ გამოწვევა არ არის არც მეტისმეტად მკაცრი და არც მეტისმეტად
მსუბუქი. თუ იგი ზედმეტად მკაცრია, მაშინ საზოგადოების მთელი ძალისხმევა
მხოლოდ არსებობის შენარჩუნებას ხმარდება და აღარ რჩება შემოქმედებითი
განვითარების შესაძლებლობა. მეტისმეტად მსუბუქი გამოწვევა ასევე არ უბიძგებს
შემოქმედებით აქტივობას. ტოინბის აზრით, მეტისმეტად მკაცრი გამოწვევის
შედეგად პრიმიტიულ საზოგადოებებად დარჩნენ, მაგალითად, ჩრდილოეთის მცირე
საზოგადოებები, მეტისმეტად მსუბუქმა გამოწვევებმა და უპრობლემო ბუნებრივმა
გარემომ კი ცივილიზაციებად ჩამოყალიბების საშუალება მოუსპო ტროპიკული
ჯუნგლების ბინადარ პრიმიტიულ საზოგადოებებს.
რა იწვევს ცივილიზაციის დაქვეითებასა და დაღუპვას? ტოინბის აზრით, ის არ
შეიძლება მიეწეროს კოსმოსურ მიზეზებს, გეოგრაფიულ ფაქტორს, რასობრივ
გადაგვარებას თუ გარეშე მტრის შემოსევას ცალ-ცალკე, არც ტექნიკისა და
ტექნოლოგიის დაქვეითებას, რომელიც ცივილიზაციის კვდომის შედეგია და არა
მიზეზი. ცივილიზაცია არსებობა ადამიანთა მუდმივი ძალისხმევის

შესავალი კულტურის მეცნიერებებში 8


2018-2019
შედეგია. ცივილიზაცია არსებობას წყვეტს მაშინ, როცა მისი შემოქმედებითი
უმცირესობა - საზოგადოების წევრები და სოციალური ჯგუფები, რომლებიც ეძებენ
პასუხს გამოწვევებზე, ვეღარ ახერხებენ ახალ გამოწვევაზე შესაბამისი პასუხის
გაცემას.
ტოინბის მიხედვით, ცივილიზაციის დაცემა შედგება ბზარის გაჩენის, დაშლისა
და დაღუპვის საფეხურებისაგან. პირველსა და ბოლოს შორის ზოგჯერ ასწლეულები
და ათასწლეულებიც კი გაივლის. მაგალითად, ეგვიპტურ ცივილიზაციას ბზარი
გაუჩნდა ძვ.წ. XVI საუკუნეში, მაგრამ მან არსებობა მხოლოდ ახ.წ. V საუკუნეში
შეწყვიტა. მათ შორის იყო 2000 წლიანი გაქვავებული არსებობის პერიოდი.

1993 ამერიკულ ჟურნალში ”Foreign Affairs” გამოქვეყნდა ცნობილი ამერიკელი


პოლიტოლოგის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის სემუელ პ.ჰანთინგტონის
სტატია ”ცივილიზაციათა შეჯახება”. სამი წლის შემდეგ გამოვიდა იმავე ავტორის
წიგნი სათაურით „ცივილიზაციათა შეჯახება და მსოფლიო წესრიგის შეცვლა“ (”The
Clash of Civilizations and Remaking of the World Order”) ( N.Y., 1996, 368 p.), რომელშიც
განვითარებული და დაზუსტებულია სტატიის ძირითადი დებულებები. აღნიშნულ
ნაშრომებს უკავშირდება ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიის მიმართ ყურადღების
გამოცოცხლება.
ჰანთინგტონი მიიჩნევს, რომ კაცობრიობის ისტორია ცივილიზაციათა
ისტორიაა. ცივილიზაცია - ესაა კულტურა სიტყვის ფართო მნიშვნელობით. ენა,
ისტორია, რელიგია, ცხოვრების წესი ცივილიზაციის ნიშნებია, მაგრამ მათგან
ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი რელიგიაა. ძირეული განსხვავებანი
ადამიანთა ჯგუფებს შორის ეხება მათ ფასეულობებს, სარწმუნოებას, ინსტიტუტებსა
და სოციალურ სტრუქტურებს, და არა ფიზიკურ მახასიათებლებს, თავის ფორმასა და
კანის ფერს. ცივილიზაცია წარმოადგენს ადამიანთა ყველაზე ფართო კულტურულ
ერთობას და მათი კულტურული იდენტიფიკაციის ყველაზე ფართო წრეს - იმის
გარდა, რაც საერთოდ განასხვავებს ადამიანებს სხვა ცოცხალი არსებებისაგან.
ადამიანებს იდენტობის რამდენიმე დონე აქვთ. მაგალითად, რომის მცხოვრებს
შეუძლია თავს უწოდოს რომაელი, იტალიელი, კათოლიკე, ქრისტიანი, ევროპელი,
დასავლელი ადამიანი. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ცივილიზაციას.
ცივილიზაცია - ესაა ყველაზე დიდი „ჩვენ“, სადაც ადამიანი, კულტურული
თვალსაზრისით, თავს შინ გრძნობს, ამავე დროს, იგი გვყოფს „ჩვენ“ „მათ“-გან, ვინც
ამ ცივილიზაციის მიღმაა. ცივილიზაცია, რომელსაც ის ეკუთვნის, ყველაზე ვრცელი
სფეროა, რომელთანაც ის საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს.
როგორც ვხედავთ, ჰანთინგტონის მიერ ცივილიზაციის გაგება ტოინბის
განსაზღვრებას ემთხვევა.
ჰანთინგტონის აზრით, ცივილიზაციები ჩნდებიან, განიცდიან ევოლუციას და
კვდებიან. ისინი კულტურული, და არა პოლიტიკური მთლიანობებია: ცივილიზაცია

შესავალი კულტურის მეცნიერებებში 9


2018-2019
არ ახორციელებს მართლმსაჯულებას, არ კრებს გადასახადებს, არ ომობს, არ დებს
ხელშეკრულებებს და არ აკეთებენ სხვა საქმეებს, რომლებითაც დაკავებული არიან
სახელმწიფოები და მათი მთავრობები.
ჰანთინგტონის აზრით, თანამედროვე მსოფლიოში არსებობს 7 ან 8
ცივილიზაცია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და ცივი ომის დამთავრებამდე
მსოფლიოს ბედს განსაზღვრავდა მსოფლიოში არსებულ ორ ძირითად იდეოლოგიას
- კომუნიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის, რომელთა საფუძველზე
მსოფლიო ორ ბანაკად იყო დაყოფილი. მას შემდეგ, რაც კომუნიზმმა პოზიციები
დათმო, მსოფლიოს სახეს განსაზღვრავს 7-8 დიდი ცივილიზაციის ურთიერთობის
პროცესი. ცივილიზაციური იდენტობა, და არა იდეოლოგია ან ეკონომიკა (როგორც
ადრე), საფუძვლად ედება კაცობრიობის გამყოფ უმნიშვნელოვანეს საზღვრებს და
იქცევა კონფლიქტების ძირითად წყაროდ მომავალ მსოფლიოში. ჰანთინგტონის
თანახმად, ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე მწვავე
კონფლიქტები სწორედ ცივილიზაციათა გამყოფ მიჯნებზე გაჩაღდა; მაგალითის
სახით იგი ასახელებდა ისრაელ-პალესტინის, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე
მიმდინარე, აგრეთვე ჩეჩნეთისა და ყარაბახის კონფლიქტებს.
მეცნიერი მიიჩნევდა, რომ ცივილიზაციური იდენტობის როლი იზრდება, რასაც
განაპირობებს კულტურული მახასიათებლების სიმყარე; ისინი ძნელად
ექვემდებარება ცვლილებას. მაგალითად, ყოფილი კომუნისტი შეიძლება გახდეს
დემოკრატი, ათეისტი - მორწმუნე და პირიქით, ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს
მოქალაქეობა, მაგრამ მისი კულტურული იდენტობის შეცვლა, თუ შეუძლებელი არა,
ძალიან რთულია. ამიტომ მსოფლიოს მოუწევს ცხოვრება კულტურული და
ცივილიზაციური მრავალფეროვნების პირობებში, რაც ზრდის ცივილიზაციათა
შეჯახების რისკს. ჰანთინგტონის აზრით, ეს შეჯახება ყოველთვის არ გამოიხატება
სამხედრო კონფლიქტის ფორმით, თუმცა ცივილიზაციათა შორის ურთიერთობა
იქნება დაძაბულობის ზღვარზე.
“ცივი ომის” დამთავრებასთან ერთად დასრულდა საერთაშორისო პოლიტიკის
განვითარების დასავლური ფაზა; წინ წამოიწია ურთიერთობამ დასავლურ და
არადასავლურ ცივილიზაციებს შორის. ეს უკანასკნელნი აღარ კმაყოფილდებიან
ისტორიის ობიექტის როლით, რომელსაც ტრადიციულად ასრულებდნენ, არამედ,
დასავლეთის მსგავსად, თავად ქმნიან და წარმართავენ საკუთარ ისტორიას.
იდეოლოგიის “რკინის ფარდა” კულტურის “ხავერდის ფარდამ” შეცვალა.
ს. ჰანთინგტონის კონცეფციას დისკუსიათა მთელი ტალღა მოჰყვა. მიუხედავად
სერიოზული კრიტიკისა და არაერთი მკაცრი შეფასებისა, ამ დისკუსიამ
გამოაცოცხლა ყურადღება ცივილიზაციათა თეორიისადმი და უბიძგა მსოფლიოს
ცივილიზაციური ხედვის ახალი ვერსიების ჩამოყალიბებას.

შესავალი კულტურის მეცნიერებებში 10


2018-2019

You might also like