You are on page 1of 17

სტატიის წყარო: Stephen Walter G. (2008).

Viewing Intergroup Relations in Europe


through Allport’s Lens Model of Prejudice. Journal of Social Issues, 64 (2): 417– 429.

სტატიის მთარგმნელი: ქეთევან თოდაძე

ჯგუფთაშორისი ურთიერთობების განხილვა ევროპაში ოლპორტის


წინარწმენის ლინზის მოდელის მეშვეობით

უოლტერ ჯ. სტივენი

ჰავაის უნივერსიტეტი

Journal of Social Issues-ის წინამდებარე გამოცემის სტატიების გაანალიზების მიზნით,


ამ სტატიაში გამოყენებულია ოლპორტის (1954) წინარწმენის მიზეზების ლინზის
მოდელი. ლინზის მოდელის თანახმად, წინარწმენას ხელს უწყობს ისტორიული,
სოციო-კულტურული, პიროვნებისა და სიტუაციური ფაქტორები. ამ გამოცემის
სტატიებში შესწავლილია რამდენიმე ცვლადი ანალიზის თითოეულ ამ დონეზე,
ბევრი მათგანი კი მრავალდონიან დიზაინს იყენებს, რომლებშიც ერთი და იმავე
კვლევის ფარგლებში ცვლადები ერთზე მეტ დონეზეა შესწავლილი. შეთავაზებულია
სამომავლო წინადადებები ევროპაში ჯგუფთაშორისი ურთიერთობების კვლევასთან
დაკავშირებით; მათ შორის შეთავაზებულია, ჩატარდეს შედარებითი და
მრავალდონიანი კვლევები და შეიქმნას ყოვლისმომცველი თეორიები, რომლებიც
გააერთიანებს სხვადასხვა დონის ანალიზს. ასევე, განხილულია ამ კვლევათა
დასკვნების ზოგიერთი პრაქტიკული დანიშნულება ჯგუფთაშორისი
ურთიერთობების პროგრამებში.

დედამიწაზე სტაბილური დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობა ევროპაშია


თავმოყრილი. კოლონიური ძალაუფლებაც წარსულში ყველაზე მეტად აქ იყო
კონცენტრირებული. გასული საუკუნის მსოფლიო ისტორიის ორი ყველაზე
სისხლიანი ომიც სწორედ მის ტერიტორიაზე მოხდა. ევროპა დაყოფილია ეროვნების,
რეგიონის, ენის, ეთნიკურობის, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიის,
სოციალური კლასის მიხედვით. ის იღებს იმიგრაციის ტალღებს ყოფილი
კოლონებიდან და სხვა ადგილებიდან (იხილეთ Zick, Wagner, & Pettigrew, 2008). ეს
1
და უამრავი სხვა თემა ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ჯგუფებს შორის დაძაბულობის
კომპლექსურ სურათს, რომელიც ხელს უშლის ერთიანი ევროპის შექმნის
მცდელობას. ამ ჯგუფთაშორისი დაძაბულობის ზედაპირული გამოვლინებები მთელ
ევროპაში გვხვდება. ბოლო წლებში მოხდა შიდა ტერორიზმის საშინელი აქტები,
ეთნიკური წმენდა, არეულობები, საპროტესტო აქციები, ღვთისმსახურების
ადგილებში ვანდალიზმი, კერძო პირების წინააღმდეგ ძალადობა და ყველგან
მოდებული გრაფიტის წარწერები, რომელიც უკმაყოფილების საჯარო გამოხატვას
ემსახურება. წინამდებარე გამოცემის სტატიები აანალიზებს სხვადასხვა ქვეყანაში
ჯგუფებს შორის არსებულ კომპლექსურ დაძაბულობას სხვადასხვა თეორიისა და
ანალიტიკური მიდგომის გამოყენებით. მათში ნაჩვენებია ძლიერი ინტერესი ამ
დაძაბულობის მიზეზების გასარკვევად.

Journal of Social Issues-ის ეს გამოცემა გვეხმარება, გავიგოთ არა მხოლოდ ევროპაში


არსებული პრობლემების, არამედ ჯგუფთაშორისი მტრობის ფუნდამენტური
ბუნებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ
სტატიებში განხილული ზოგიერთი დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ
კონტექსტს ეხება (მაგ., ლუსო-ტროპიკალიზმი პორტუგალიაში),
დანარჩენები უფრო უნივერსალურია (მაგ., ბრაზისა და საფრთხის მნიშვნელობა,
შედარებითი დეპრივაციის აღქმა და კულტურული განსხვავებულობა). სხვა თუ
არაფერი, ევროპაც ბევრი იგივე ტრანსფორმაციის მომსწრეა, რისიც სხვა
საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმის კვლადაკვალ, რომ
ადგილობრივი ეკონომიკის გლობალიზაცია ხდება, ტექნოლოგიურ რევოლუციას კი
ყველა ადამიანის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები შეაქვს. ევროპა ბევრი
იმავე გამოწვევის წინაშე დგას, რისიც სხვა საზოგადოებები, მაგალითად,
გლობალური დათბობისა და ბუნებრივი რესურსების შემცირების წინაშე. ევროპის
მოსახლეობა, დანარჩენი მსოფლიოს ხალხებთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში
შედარებით სტაბილური ტრადიციების პირობებში ცხოვრობდა. სოციალური
ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ თანდათანობით. ახლა ისინი სწრაფი
სოციალური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდნენ. სწრაფი სოციალური ცვლილება
არღვევს არსებულ სოციალურ წონასწორობას და ბადებს გაურკვევლობის,
უსამართლობის, შედარებითი დეპრივაციისა და საფრთხის აღქმას, რაც, როგორც ამ
გამოცემის სტატიებიდან ჩანს, ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს წინარწმენის,
შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციისათვის.

ეს სტატიები შეგვიძლია ჩავთვალოთ ნაბიჯებად ჯგუფთაშორისი ურთიერთობების


შესახებ ყოვლისმომცველი, ემპირიულ საფუძველზე დამყარებული თეორიის
შექმნისაკენ. ყველა ეს სტატია, შეიძლება, განვიხილოთ ოლპორტის (1954) მიერ
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ შემოთავაზებული წინარწმენების ლინზის
2
მოდელის ფარგლებში. რამდენიმე სტატია ამ მოდელის მხოლოდ ერთ დონეს ეხება,
მაგრამ სხვები იმგვარად იყენებენ მრავალდონიან ტექნიკას, რომ ოლპორტს
შეშურდებოდა.

ოლპორტი (1954) ამტკიცებდა, რომ წინარწმენათა წინაპირობების ხუთი ძირითადი


კატეგორია არსებობს, დაწყებული უფრო დაშორებული ფაქტორებით (მაგ.,
ისტორიული და სოციო-კულტურული წინაპირობები) და დამთავრებული
შედარებით ახლო ფაქტორებით (მაგ., სიტუაციური, პიროვნული და
ფენომენოლოგიური წინაპირობები). ისტორიულ ფაქტორებთან დაკავშირებით
ოლპორტი აღნიშნავდა, რომ „მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში არსებული წინარწმენის
ნებისმიერი გამოვლინება სიცხადეს იძენს, როდესაც ის ისტორიული
თვალსაზრისით შეისწავლება.” სოციო-კულტურული ფაქტორები ეხება „სოციალურ
კონტექსტს, რომელშიც წინარწმენით გაჯერებული დამოკიდებულებები ვითარდება”
(გვ. 211). ოლპორტის აზრით, ამგვარი ფაქტორები გულისხმობს სხვადასხვა ჯგუფის
კულტურულ ტრადიციებსა და ფასეულობებს, სოციალური კლასების სტრუქტურას
საზოგადოებაში, მწირი რესურსების გამო კონკურენციას, პლურალიზმთან
დაკავშირებულ ღირებულებებს და მოსახლეობის რაოდენობასა და ფარდობით
სიმჭიდროვეს. ოლპორტის მიხედვით, სიტუაციური ფაქტორები შედგება არა
მხოლოდ კონტაქტის ჰიპოთეზის ძირითადი ელემენტებისგან (თანაბარი სტატუსით
კონტაქტი, რომელსაც მხარს უჭერენ ძალაუფლების მქონენი და რომელიც საერთო
ინტერესებისა და საერთო ადამიანური ბუნების ქონას მოიცავს), არამედ
სიტუაციური კონტექსტის იმ სხვა ასპექტებისგანაც, რომლებიც ხელს უწყობს
წინარწმენას; ამ ასპექტებს შორისაა ის, არის თუ არა, კონტაქტი ნებაყოფლობითი,
რამდენად ზედაპირულია კონტაქტი, გამოკვეთილია თუ არა ჯგუფის კატეგორიები,
სად ხდება კონტაქტი. პიროვნულ ფაქტორებში ოლპორტი გულისხმობდა პიროვნულ
თვისებებს, როგორიცაა ავტორიტარიზმი, აგრესიულობა, შფოთვის ან დანაშაულის
მაღალი დონე, თვითშეფასება. ამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე, განვავრცობთ
ამ კატეგორიას და განვიხილავთ ინდივიდუალური ცვლადების ფართო სპექტრს. მე
არ განვიხილავ ფენომენოლოგიურ ფაქტორებს (რომლებიც ეხება ინდივიდთა მიერ
მათი უშუალო სიტუაციის აღქმას), რადგან ამ სტატიებიდან არც ერთი არ ეხება მათ.
მიუხედავად იმისა, რომ ოლპორტი, ძირითადად, წინარწმენას იკვლევდა, ამ
გამოცემის სტატიები შეისწავლის მთელ რიგ დამოკიდებულ ცვლადებს, მათ შორის,
ქცევის განზრახვებს, დისკრიმინაციის მხარდაჭერას და რეალურ ქცევას. ასე რომ, ამ
გამოცემის სტატიების განხილვისას ოლპორტის მოდელის ოდნავ სახეცვლილ
ვერსიას გამოვიყენებთ.

3
ამ ჟურნალის სტატიები

ბილიეს და დე ვიტეს (2008) სტატია ბელგიაში პოლიტიკური მემარჯვენეების


აღზევებას ეხება. ამ კვლევაში პროგნოზები რეალისტური ჯგუფური კონფლიქტის
თეორიის საფუძველზე კეთდება. ჩანს, რომ სოციო-ეკონომიკური სტატუსის (SES)
სოციო-კულტურული ფაქტორი გავლენას ახდენს ხმის მიცემაზე ფლანდრიულ
ბელგიაში. კონკრეტულად, უფრო დაბალი SES უკავშირდება მემარჯვენე
პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემას. ინდივიდუალური განსხვავებების
დონეზე, განცდა, რომ იმიგრანტები საფრთხეს წარმოადგენენ და ასევე ძლიერი
ფლანდრიული იდენტობა, პროგნოზირებს არჩევნებში მემარჯვენე პარტიისათვის
ხმის მიცემას. მემარჯვენე ავტორიტარიზმი და პოლიტიკური გაუცხოება ნაკლებად
მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ პარტიისთვის ხმის მიცემაში. ეს კვლევა
გამორჩეულია, რადგან აქცენტს რეალურ ქცევაზე აკეთებს. იდენტობის საკითხების
თემა და მასთან დაკავშირებული საფრთხის გრძნობები, ასევე, მნიშვნელოვან როლს
თამაშობს ამ გამოცემის მომდევნო სტატიაში.

კიონდერსის, ლუბერსის, შეპერსისა და ვერკუიტენის (2008) სტატიაში ყურადღება


გამახვილებულია ანალიზის სოციო-კულტურულ დონეზე, რომელშიც სოციალური
სტრუქტურული ფაქტორები და იდეოლოგიური სოციალური კონტექსტი
ჰოლანდიაში იმიგრანტების დისკრიმინაციის მხარდაჭერის პრედიქტორადაა
გამოყენებული. ბილიესა და დე ვიტეს (2008) მსგავსად, ისინიც იყენებენ
რეალისტური ჯგუფური კონფლიქტის თეორიას და ამტკიცებენ, რომ
ფართომასშტაბიანი სოციო-კულტურული ფაქტორები, როგორიცაა მზარდი
უმუშევრობის დონე, გავლენას ახდენს საზოგადოების ცალკეული წევრების
დამოკიდებულებებზე. მათ აღმოაჩინეს, რომ უმუშევრობის რეალური დონე კი არა,
უმუშევრობის ზრდა განაპირობებდა დისკრიმინაციის მხარდაჭერას, აქედან
გამომდინარე, სავარაუდოა, რომ რეალური კონფლიქტის დონე კი არა,
მოსალოდნელი ჯგუფური კონფლიქტის აღქმა განსაზღვრავდეს იმიგრანტების
მიმართ დამოკიდებულებას. ეს, რა თქმა უნდა, სოციალური ფსიქოლოგიის
ფუძემდებლური პრინციპია – რომ დამოკიდებულებისა და ქცევის განსაზღვრისას,
ხშირად, აღქმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალობა.

კიონდერსი და სხვები (2008) ერთ საინტერესო ინდივიდუალური დონის ისტორიულ


ფაქტორსაც ეხებიან, ესაა იმიგრაციის სიხშირე იმ პერიოდში, როცა მათი კვლევის
ჰოლანდიელი ცდის პირები სიმწიფის ასაკში შედიოდნენ. მათ იპოვეს
მტკიცებულება, რომ ჩამოყალიბების ასაკში მიღებული გამოცდილება ქმნის
დამოკიდებულებებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.
გარდა ამისა, ისინი განიხილავენ ნიდერლანდებში სოციო-კულტურული კლიმატის
4
ცვლილებას იმიგრაციასთან დაკავშირებული მულტიკულტურალიზმის
ორიენტაციიდან ასიმილაციის ორიენტაციამდე. ავტორები იმიგრაციის საკითხს
სოციალური იდენტობის თეორიის ფარგლებში განიხილავენ და ამტკიცებენ, რომ
იმიგრანტები ახლა ჰოლანდიური იდენტობისთვის საფრთხედ აღიქმებიან.
ისტორიულად, ჰოლანდიელები ტოლერანტულები იყვნენ, როდესაც იმიგრანტების
რაოდენობა შედარებით მცირე იყო, მაგრამ იმიგრაციის ზრდამ საფრთხე შეუქმნა
ჰოლანდიურ საზოგადოებას და იმიგრანტებისადმი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
ისინი ექსპერიმენტულადაც აჩვენებენ, რომ ასიმილაციის ორიენტაცია
(მულტიკულტურალიზმის ორიენტაციასთან შედარებით) უფრო მეტად იწვევს
წინარწმენას.

იმიგრანტებისადმი დამოკიდებულებები მომდევნო სტატიის მთავარი თემაცაა,


რომელიც პორტუგალიელების დამოკიდებულებებს ეხება შავკანიანი იმიგრანტების
მიმართ მისი ყოფილი კოლონებიდან (Vala, Lima, & Lopes, 2008). პორტუგალიელების
იმიგრანტებისადმი შედარებით პოზიტიური დამოკიდებულებების გასაგებად ისინი
იყენებენ ანთროპოლოგ გილბერტო ფრეირის ღირებულებებთან დაკავშირებულ
სოციო-კულტურული დონის ცნებას. ეს ტერმინი, ლუსო-ტროპიკალიზმი, სხვა
კულტურების ადამიანების მიმართ გახსნილობას ნიშნავს. ეს იყო კოლონიალიზმის
მიმართ პორტუგალიის მიდგომის განუყოფელი ასპექტი, განსაკუთრებით,
ბრაზილიაში. ისინი ლუსო-ტროპიკალიზმის ცნებას ეყრდნობიან იმ დასკვნის
ინტერპრეტაციისათვის, რომ პორტუგალიაში, ყველა სხვა ევროპული ქვეყნისაგან
განსხვავებით, ეროვნული იდენტობა და იმიგრანტების მიმართ დამოკიდებულება
ერთმანეთს არ უკავშირდება.

სხვა კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ პორტუგალიის მოქალაქეებსა და შავკანიან


იმიგრანტებს შორის განსხვავებების აღქმა წინასწარმეტყველებს იმიგრანტების
მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას და მათი დისკრიმინაციის სურვილს.
პორტუგალიაში მცხოვრები შავკანიანების შერჩევის გამოყენებით, მათ აღმოაჩინეს,
რომ მათ მიერ საკუთარ თავსა და პორტუგალიის თეთრკანიან მოქალაქეებს შორის
აღქმული განსხვავებები წინასწარმეტყველებს პორტუგალიის თეთრკანიანი
მოქალაქეების მიერ მათი დისკრიმინაციის აღქმას. მათ, ასევე, გაზომეს აღქმული
რასობრივი და კულტურული განსხვავებები ინდივიდუალური განსხვავების
დონეზე და გამოიყენეს ისინი დისკრიმინაციის პროგნოზირებისთვის. ამ გამოცემის
დანარჩენი სტატიებისაგან განსხვავებით, ვალასა და სხვების (2008) სტატიაში
ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რატომ შეიძლება ერთი ევროპული ქვეყანა
განსხვავდებოდეს სხვებისგან ჯგუფთაშორისი ურთიერთობების ერთი ასპექტით;
ისინი ამის მიზეზად ასახელებენ პორტუგალიის უნიკალურ კულტურულ
ისტორიასა და ღირებულებებს. თუმცა, დასკვნა, რომ კულტურულ ღირებულებებში
5
აღქმული განსხვავებები პროგნოზირებს დისკრიმინაციას, შეიძლება, უნივერსალური
იყოს ყველა კულტურისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები, მაგალითად, იმიგრაცია, ევროპის


ყველა ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი, სხვები უფრო ლოკალურია, მაგალითად,
ხანგრძლივი მტრობა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ჩრდილოეთ
ირლანდიაში. ტამის, ჰიუსტონის, კენვორთისა და კერნსის კვლევა (2008) აქცენტს იმ
როლზე აკეთებს, რაც პატიებამ შეიძლება, სამომავლოდ შეასრულოს ჩრდილოეთ
ირლანდიაში სექტანტური ძალადობის შემცირების საქმეში. მათი კვლევები
ფოკუსირებულია მხოლოდ ანალიზის ინდივიდუალურ დონეზე. ისინი
წარმოადგენენ მტკიცებულებას, რომ მეორე ჯგუფით აღშფოთება და ამ ჯგუფის
წევრების, როგორც ადამიანზე უარესის აღქმის ტენდენცია (ინფრაჰუმანიზაცია),
შეიძლება, ხელისშემშლელ ბარიერებს უქმნიდეს პატიებას. ცალკე კვლევაში ისინი
აჩვენებენ, რომ ექსტრემისტულ გარე ჯგუფებზე უარყოფითი რეაქციები
უკავშირდება გარე ჯგუფების პატიების სურვილის უქონლობას, გარე ჯგუფებისადმი
უნდობლობასა და გარე ჯგუფების მიმართ აგრესიული ქცევის ტენდენციას. ამისგან
განსხვავებით, გარე ჯგუფების მიმართ ემპათიის უნარი დადებითად უკავშირდება
პატიებას. ასევე, მათ დაადგინეს, რომ გარე ჯგუფებთან დადებითი კონტაქტი ზრდის
ემპათიას და ამცირებს აღშფოთებასა და ინფრაჰუმანიზაციას.

ერთად აღებული, მათი დასკვნებიდან გამომდინარეობს, რომ ინდივიდუალური


განსხვავების დონეზე, გარკვეულ ემოციებთან დაკავშირებული რეაგირება გარე
ჯგუფებზე (გარე ჯგუფებით აღშფოთება, გარე ჯგუფის მიმართ დაბალი ემპათია და
სურვილი, არ მიაწერონ ნატიფი ადამიანური ემოციები გარე ჯგუფებს), ისევე,
როგორც ზოგიერთი კონკრეტული კოგნიცია (ექსტრემისტული ჯგუფებისადმი
უარყოფითი დამოკიდებულებები) ხელს უშლის ჯგუფთაშორისი ურთიერთობების
გაუმჯობესებას (პატიება). ამის საპირისპიროდ, დადებითმა პირადმა კონტაქტებმა
შეიძლება, გააუმჯობესოს ჯგუფთაშორისი ურთიერთობები. ამ კვლევის გამორჩეულ
მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია წინარწმენის იმპლიციტური საზომების
გამოყენება და აქცენტის გაკეთება ჯგუფთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესების
გზებზე.

მინესკუმ, ჰაგენდორნმა და პოპმა (2008) ჩაგვახედეს ძალიან იშვიათად შესწავლილ


საზოგადოებებში და მათი ჯგუფთაშორისი ურთიერთობების საკითხებში – ყოფილი
საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ფედერაციაში. ისინი ეყრდნობიან სოციალური
იდენტობის თეორიას და შეისწავლიან, რამდენად ახდენს გავლენას სხვადასხვა
დონის დაბუდებულ სოციალურ იერარქიასთან ინდივიდების იდენტიფიკაცია
ეთნიკური რუსებისა და იმ სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ სტერეოტიპებზე,
6
რომლებმაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს მისცეს სახელი. ამ რესპუბლიკებში
მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი თავის იდენტიფიცირება ამ რესპუბლიკებთან, ან
რესპუბლიკების ფედერაციასთან შეუძლიათ. შედეგმა აჩვენა, რომ ეთნიკურ რუსებს,
რომლებიც იდენტიფიცირებას აკეთებდნენ რესპუბლიკასთან, სადაც ისინი
ცხოვრობდნენ, ჰქონდათ უფრო პოზიტიური სტერეოტიპები იმ ეთნიკური ჯგუფის
მიმართ, რომლის სახელიც ჰქვია ამ რესპუბლიკას, ვიდრე ეთნიკურ რუსებს, ვინც არ
ახდენდნენ იდენტიფიცირებას რესპუბლიკასთან, რომელშიც ცხოვრობდნენ. ამისგან
განსხვავებით, იმ ეთნიკური ჯგუფის წევრებს, რომლის სახელიც ჰქვია რესპუბლიკას,
უფრო პოზიტიური სტერეოტიპები ჰქონდათ რუსების მიმართ, თუ ისინი
იდენტიფიცირებას აკეთებდნენ რესპუბლიკების ფედერაციასთან, ვიდრე იმ
შემთხვევაში, თუ ისინი არ იდენტიფიცირდებოდნენ ფედერაციასთან. ამდენად, შიდა
ჯგუფის წევრებს, რომლებიც გარე ჯგუფთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულ
სახელმწიფო ერთეულთან იდენტიფიცირდებიან (ეთნიკური რუსების შემთხვევაში
ეს ნიშნავს იდენტიფიცირებას რესპუბლიკებთან, ხოლო იმ ადამიანების შემთხვევაში,
რომელთა ეთნიკური ჯგუფის სახელიც ჰქვია რესპუბლიკას, ეს ნიშნავს
იდენტიფიცირებას ფედერაციასთან), გარე ჯგუფის მიმართ უფრო დადებითი
სტერეოტიპები ჰქონდათ.

ეს დასკვნები ახალ ელფერს მატებს იმ აზრს, რომ ფართე/დიდ 1 ჯგუფებთან


იდენტიფიცირება აუმჯობესებს ჯგუფთაშორის ურთიერთობებს. ამ დასკვნებიდან
გამომდინარეობს, რომ როდესაც ადამიანები იდენტიფიცირებას ფართე/დიდ
ჯგუფთან აკეთებენ, რომელიც ლეგიტიმურობას ანიჭებს გარე ჯგუფს, გარე ჯგუფის
შესახებ მათი შეხედულებები დადებითი იქნება. ამ კვლევაში ისიც დაადგინეს, რომ
გარე ჯგუფთან აღქმული კონკურენცია წარმოქმნის უარყოფით სტერეოტიპებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კონკურენცია ანალიზის ინდივიდუალურ
დონეზე იზომება, ის ეხება სოციო-კულტურული დონის მოვლენას (რეალურ
კონკურენციას საზოგადოებაში სოციალურ ჯგუფებს შორის). ისევე, როგორც ამ
გამოცემის ძალიან ბევრი სტატია, ეს კვლევაც გამოკითხვის მეთოდს იყენებს, მაგრამ
მათ მიაღწიეს პასუხების მართლაც შთამბეჭდავ მაჩვენებელს.

ბერგმანი (2008) მიმოიხილავს ანტისემიტიზმს ევროპაში 1990 წლიდან დღემდე. მის


მიერ დახატული სურათი სულაც არ არის ლამაზი. ის ამტკიცებს, რომ
ანტისემიტიზმის ფუნდამენტური გამომწვევი მიზეზი არის ეროვნული
იდენტობისთვის შექმნილი აღქმული საფრთხე. თუმცა, მან აღმოაჩინა იმის
მტკიცებულებებიც, რომ მთელ რიგ სხვა ფაქტორებსაც შეუძლია, ანტისემიტიზმის
გამოწვევაში გარკვეული როლი შეასრულოს. კერძოდ, ყველა ევროპულ ქვეყანაში,
1
რედაქტორის შენიშვნა: ინგლისურენოვანი ტერმინი უფრო დიდ ჯგუფსაც ნიშნავს და რანგით უფრო
მაღალსაც.
7
რომლებსაც ჰოლოკოსტი შეეხო, ჰოლოკოსტის სპექტრი დგას ანტისემიტიზმის უკან
(მაგ., გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, სლოვაკეთი,
რუმინეთი). ის, აგრეთვე, ამტკიცებს, რომ ანტი-სიონიზმიც, რომელიც უმთავრესად
მიმართულია ებრაელების მიერ პალესტინელთა მოპყრობაზე, მნიშვნელოვან როლს
ასრულებს ანტისემიტიზმში. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული წყრომა ებრაელების
მიმართ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გრძნობენ, რომ ებრაელები ჰოლოკოსტს
ზარალის ასანაზღაურებლად იყენებენ. ისევ არსებობს ებრაელების სავარაუდო
ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების შეთქმულების თეორიის ელემენტი,
რომელიც, ასევე ხელს უწყობს ანტისემიტიზმს. ავტორიტარიზმი და კონსერვატული
პოლიტიკური განწყობებიც პროგნოზირებს ანტისემიტიზმს. მიუხედავად ამისა,
თავისთავად არც რელიგიური საკითხები, არც სოციო-ეკონომიკური სტატუსი და
არც ებრაელების პროცენტული რაოდენობა ამ ქვეყანაში არ არის ანტისემიტიზმის
ძლიერი პრედიქტორი. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ებრაელების დაბალი
პროცენტული რაოდენობის გათვალისწინებით, ბერგმანი (2008) ამტკიცებს, რომ
ევროპაში ანტისემიტიზმი არსებობს, მიუხედავად ებრაელების არყოფნისა. ეს სტატია
კარგად აერთიანებს ფაქტორებს ანალიზის რამდენიმე დონეზე. არსებობს
მტკიცებულებები ისტორიული ფაქტორების (ჰოლოკოსტი) როლის შესახებ
ანტისემიტიზმის გამოწვევაში. ანალოგიურად, არსებობს მნიშვნელოვანი
მტკიცებულება, რომ სოციო-კულტურული ფაქტორებია (ნაციონალიზმი, ანტი-
სიონიზმი და განსხვავებული კულტურული ღირებულებები) ანტისემიტიზმის
მიზეზი. მთელი რიგი ინდივიდუალურ განსხვავებათა ცვლადები (ავტორიტარიზმი,
შეთქმულებათა რწმენა, სტერეოტიპები, დანაშაულის გრძნობა და უკმაყოფილება),
ასევე, ხელს უწყობს ანტისემიტიზმს.

ზიკის, ვოლფის, კუპერის, დავიდოვის, ჰაიტმაიერისა და შმიდტის სტატიაში (2008)


ცენტრალური არგუმენტი არის ის, რომ გერმანიაში არსებობს მონათესავე
წინარწმენების თანავარსკვლავედი სხვადასხვა დაქვემდებარებული ჯგუფის მიმართ
(შავკანიანები, ებრაელები, იმიგრანტები, ქალები, მუსლიმები, ჰომოსექსუალები და
უსახლკაროები). ისინი ამ თანავარსკვლავედს „ჯგუფზე მიმართულ მტრობას“
უწოდებენ და უკავშირებენ მას ოლპორტის (1954) და მრავალ სხვათა დასკვნებს, რომ
დამოკიდებულება სხვადასხვა გარე ჯგუფის მიმართ ხშირად კორელაციაშია. მათ
აღმოაჩინეს ჯგუფზე მიმართული მტრობის სინდრომის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა
გერმანიაში ჩატარებულ სამ ფართომასშტაბიან გამოკითხვაში. მათ მოჰყავთ
არგუმენტი სოციო-კულტურულ დონეზე, რომ ეს სინდრომი ასახავს უთანასწორობის
იდეოლოგიას, რომელიც ეფუძნება ჯგუფზე მიმართული მტრობისა და სოციალური
დომინანტობის ორიენტაციის ძლიერ კორელაციას. გარდა ამისა, ჯგუფზე მიმართულ
მტრობას წინასწარმეტყველებდა ავტორიტარიზმი და ჯგუფზე დაფუძნებული

8
ფარდობითი დეპრივაცია (გერმანელები დეპრივაციას განიცდიან იმიგრანტების
მიმართ მოპყრობის გამო). მეტიც, მათ აღმოაჩინეს, რომ ჯგუფზე მიმართული
მტრობა უკავშირდებოდა იმიგრანტების დისკრიმინაციის სურვილს. ამდენად, ეს
კვლევა აღმოაჩენს, რომ ინდივიდუალური განსხვავების ორი ცვლადი
პროგნოზირებს წინარწმენას და წინარწმენა პროგნოზირებს დისკრიმინაციის
სურვილს. ამ კვლევის ძირითადი დასკვნები პოტენციურად საშიშია, რადგან, თუ
სხვადასხვა ჯგუფის მიმართ წინარწმენები ერთმანეთთან დაკავშირებულია, მათი
შეცვლა შეიძლება, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდეს.

პეტიგრიუმ, ქრაისტმა, მირტენსმა, ვაგნერმა, ვან დიკმა და ზიკმა (2008) შეისწავლეს


ურთიერთობები ფარდობით დეპრივაციასა და დაუფარავ წინარწმენას შორის
ევრობარომეტრის მრავალეროვნული გამოკითხვისა და ორი დამატებითი კვლევის
გამოყენებით გერმანიაში. როგორც სხვა კვლევებში, აქაც აღმოჩნდა, რომ წინარწმენას
ყველაზე მეტად შეესაბამება ჯგუფთან დაკავშირებული დეპრივაცია და არა
ინდივიდთან დაკავშირებული დეპრივაცია. თუმცა, მათ აჩვენეს, რომ ინდივიდთან
დაკავშირებულ დეპრივაციას აქვს გავლენა წინარწმენაზე, რომელიც
განპირობებულია მისი კავშირით ჯგუფთან დაკავშირებულ დეპრივაციასთან.
ჯგუფური იდენტობის ინდივიდუალური განსხვავებების ცვლადები (ეროვნული
სიამაყე) და პოლიტიკური გაუცხოება ახდენდა ჯგუფთან დაკავშირებულ
დეპრივაციასა და წინარწმენას შორის კავშირის მოდერაციას. მათი კვლევა
განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან გვეხმარება იმ ტიპის ადამიანების გაგებაში,
რომლებსაც, სავარაუდოდ, წინარწმენები გააჩნიათ და რომლებიც, შესაბამისად,
ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ ჯგუფთაშორისი ურთიერთობების
გაუმჯობესების მცდელობისას. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ იმ ადამიანების
შემთხვევაში, რომლებიც პოლიტიკურად გაუცხოებულნი არიან და აქვთ ძლიერი
ეროვნული იდენტობა, ფარდობითი დეპრივაციის გრძნობებს უნდა მივაქციოთ
ყურადღება..

ვაგნერის, ქრაისტისა და პეტიგრიუს კვლევამ (2008) ინდივიდუალური დონის


ცვლადების გამოყენებით შეისწავლა უცხოელების სიძულვილსა და დისკრიმინაციას
შორის კავშირი გერმანიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო სამი ტალღის
პანელური გამოკითხვა, რომელმაც ძლიერი კორელაციური მტკიცებულება მოგვცა
უცხოელების მიმართ წინარწმენასა და დისკრიმინაციას შორის მიზეზ-შედეგობრივ
კავშირზე. ამ სტატიაში აღნიშნულია, რომ ავტორიტარიზმის, სოციალური
დომინანტობის ორიენტაციისა და აღქმული საფრთხეების ცვლადებში
ინდივიდუალური განსხვავებები უკავშირდებოდა უცხოელების დისკრიმინაციის
სურვილს. გარდა ამისა, მათ აღმოაჩინეს, რომ ჯგუფებს შორის დადებითი კონტაქტი
უკავშირდება უცხოელების დისკრიმინაციის შემცირებას. ასევე, ამ კვლევამ აჩვენა,
9
რომ კოლექტიური საფრთხისა და კონტაქტის კავშირი დისკრიმინაციასთან
წინარწმენითაა გაშუალებული. ამ დასკვნებიდან გამომდინარეობს, რომ
დისკრიმინაციის ამ ფორმების შესაცვლელად, შეიძლება, სასარგებლო იყოს
ფოკუსირება ჯგუფებს შორის დადებითი კონტაქტის ზრდასა და საფრთხის აღქმის
შემცირებაზე, რაც შეცვლის წინარწმენას, რაც, თავის მხრივ, დისკრიმინაციას
შეამცირებს.

ეს სტატიები ოლპორტის ლინზის მოდელის ჭრილში

თუ ამ სტატიებს ოლპორტის (1954) წინარწმენის ლინზის მოდელის ჭრილში


გადავიტანთ, დავინახავთ, რომ ცვლადების ოთხი ძირითადი სფეროდან თითოეული
კარგად არის წარმოდგენილი. ისტორიულ დონეზე, არსებობს ბერგმანის (2008)
ანალიზი ევროპაში ანტისემიტიზმის ისტორიული წარმოშობის შესახებ, კერძოდ,
ჰოლოკოსტის როლის შესახებ, რომელსაც ის ახლაც ასრულებს ებრაელებისადმი
დამოკიდებულებაში. ტამის და სხვების სტატია (2008) ეხება ღრმად ფესვგადგმულ
რელიგიურ კონფლიქტს კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ჩრდილოეთ
ირლანდიაში. გარდა ამისა, რამდენიმე სტატია განიხილავს ისტორიული
ფაქტორების გავლენას იმიგრანტების მიმართ დამოკიდებულებაზე ყოფილი
კოლონიებიდან. ეს განსაკუთრებით ეხება კიონდერსისა და სხვების სტატიას (2008),
რომელიც შეისწავლის ნიდერლანდებში იმიგრაციის მიმართ ინკლუზიური
მულტიკულტურული ორიენტაციიდან გადასვლას იმიგრანტების ასიმილაციის
ორიენტაციაზე. მართლაც, როგორც ოლპორტი ამბობდა, წინარწმენა ყოველთვის
უნდა განიხილებოდეს თავის ისტორიულ კონტექსტში. ამ გამოცემის ზოგიერთი სხვა
სტატია, შეიძლება, გაძლიერებულიყო ასეთი ისტორიული საკითხების მეტად
გათვალისწინებით, იმ მკითხველებისთვის მაინც, რომლებიც არ არიან ევროპელები.
მაგალითად, რა არის გერმანიის წარსულში ისეთი, რაც იწვევს ჯგუფების
კონკრეტული თანავარსკვლავედის, ჯგუფზე ორიენტირებული მტრობის სინდრომის
წარმოქმნას? უფრო ზოგადად, სხვა რა ისტორიული ფაქტორები განსაზღვრავს
რელიგიური, ეთნიკური, კულტურული და რასობრივი გარე ჯგუფების მიმართ
დამოკიდებულებებს ევროპაში? კერძოდ, რა როლს ასრულებს მისი დასავლური
ფილოსოფიის, ქრისტიანობის, კაპიტალიზმის, კოლონიალიზმის, დემოკრატიის
(კომუნიზმის – აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში) ისტორია და
დამკვიდრებული სტრუქტურული უთანასწორობა ევროპაში ჯგუფთაშორისი
ურთიერთობების ევოლუციაში?

10
თანამედროვე სოციო-კულტურული კლიმატი რამდენიმე სტატიის ყურადღების
ცენტრში მოექცა. ზიკს და სხვებს (2008) მაგალითად მოჰყავთ უთანასწორობის
იდეოლოგია, რომელიც გავლენას ახდენს მრავალფეროვანი გარე ჯგუფების მიმართ
დამოკიდებულებაზე გერმანიის საზოგადოებაში. ბერგმანი (2008) ამტკიცებს, რომ
ევროპაში ანტისემიტიზმი დიდი ხარისხითაა დაფუძნებული განცდაზე, რომ
ებრაელები ეროვნულ იდენტობას უქმნიან საფრთხეს. კულტურული
ფასეულობებისა და იდენტობის საკითხების გარდა, ამ დონის ანალიზი მოიცავს
მაკრო დონის სოციალურ ცვლადებს, როგორიცაა SES და მისი კავშირი
წინარწმენასთან (Pettigrew et al., 2008) და უმუშევრობის დონე, როგორც
იმიგრანტების საწინააღმდეგო წინარწმენის პოტენციური მიზეზი (Coenders et al.,
2008). ამ დონის ანალიზის სხვა სოციალურ მაჩვენებლებს, რომელთა შესწავლა
სასარგებლო იქნებოდა წინარწმენაზე მათი ზეგავლენის გამო, წარმოადგენს
ფაქტობრივი განსხვავებები ჯგუფებს შორის ღირებულებებებში, ენის როლი,
შობადობის განსხვავებული სიხშირე, დანაშაულის სტატისტიკა, საგანმანათლებლო
მიღწევების დონე, საყოფაცხოვრებო სეგრეგაცია და შერეული ქორწინებების
სიხშირე. გარდა ამისა, ამ დონის ანალიზს მიეკუთვნება სამთავრობო პოლიტიკა,
რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა ჯგუფთაშორის ურთიერთობებზე,
როგორიცაა გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ჯანდაცვაზე,
სოციალურ უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელ ადგილზე, სასამართლო სისტემასა და
განათლების სფეროზე.

ეს სტატიები, სხვა ფაქტორებთან შედარებით, ნაკლებად შეეხო ოლპორტის


სიტუაციურ ფაქტორებს. მიუხედავად იმისა, რომ ბილიეს და დე ვიტეს კვლევა (2008)
ეხება იმიგრანტების საფრთხეებს, მინესკუსა და სხვების კვლევა (2008) კი – გარე
ჯგუფებთან სამუშაო ადგილების გამო აღქმულ კონკურენციას, ამ ცვლადებიდან არც
ერთი ეხება კონკრეტულად სიტუაციური კონტექსტის ფაქტორებს, რომელიც
გავლენას ახდენს წინარწმენაზე ჯგუფთაშორისი ურთიერთობების დროს. კონტაქტის
რაოდენობა და ვალენტობა შესწავლილ იქნა რამდენიმე კვლევაში (Tam et al., 2008;
Wagner et al., 2008), მაგრამ ისინი გაიზომა, როგორც ინდივიდუალური განსხვავების
ცვლადები და არა როგორც სიტუაციური, კონტექსტის ცვლადები. რადგან
წინარწმენა, შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია და მათთან დაკავშირებული
მოვლენები ძალიან დინამიკური ხასიათისაა და მათი გამოხატვა მნიშვნელოვნად
არის დამოკიდებული სიტუაციური კონტექსტის ფაქტორებზე, ისინი არ უნდა
უგულებელვყოთ, თუ მიზნად გვაქვს სრულყოფილი წარმოდგენის შექმნა უარყოფით
ჯგუფთაშორის ურთიერთობებზე.

ალბათ, იმიტომ რომ, ბევრი ავტორი სოციალური ფსიქოლოგია, ეს სტატიები


ყველაზე მეტად ინდივიდუალური განსხვავების დონეზე გაზომილ ცვლადებს
11
ეყრდნობა. რამდენიმე კვლევა (Bergmann, 2008; Billiet & de Witte, 2008; Pettigrew et al.,
2008; Zick et al., 2008) შეისწავლის მემარჯვენე ავტორიტარიზმს ან სოციალური
დომინანტობის ორიენტაციას (Wagner et al., 2008; Zick et al., 2008). სოციალური
იდენტობის მაჩვენებლები გაზომეს რამდენიმე კვლევაში (Minescu et al., 2008;
Pettigrew et al., 2008). ტამი და სხვები სწავლობდნენ ბრაზს, ინფრაჰუმანიზაციას და
ემპათიას თავის კვლევაში. ბერგმანის (2008) მიერ ციტირებული ანტისემიტიზმის
კვლევები, სხვა ცვლადებს შორის, შეისწავლის სტერეოტიპებს, დანაშაულს,
შეთქმულებათა რწმენასა და პოლიტიკურ დამოკიდებულებებს. პოლიტიკურ
გაუცხოებასთან დაკავშირებული საზომები მიღებულ იქნა ორ კვლევაში (Billet &
deWitte, 2008; Pettigrew et al., 2008). ორი კვლევა შეისწავლის (Pettigrew et al., 2008;
Zick et al., 2008) და ორიც შეიცავს საფრთხის საზომებს (Billet & de Witte, 2008; Wagner
et al., 2008). ვალა და სხვები (2008) შეისწავლიდნენ ღირებულებებში აღქმულ
განსხვავებებს ჯგუფებს შორის. ამ ცვლადების მხოლოდ რაოდენობაც კი
გვავარაუდებინებს, რომ სასარგებლო იქნებოდა ისეთი თეორიის შემუშავება,
რომელსაც მათი ინტეგრირება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდივიდუალური განსხვავების საზომებიდან


ჯგუფთაშორისი ურთიერთობების ლიტერატურაში ახალი თითქმის არაფერია,
დასკვნები აჩვენებს, რომ ისინი გავლენას ახდენენ წინარწმენაზე ევროპაში და სულ
უფრო მეტია მტკიცებულება, რომ ისინი წინარწმენის საერთო მიზეზებია და,
შეიძლება, უნივერსალურიც. ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ არსებობს
ინდივიდუალური განსხვავების ცვლადები, რომლებიც უფრო მეტად
წინასწარმეტყველებს წინარწმენას ევროპაში, ვიდრე სხვაგან, ან თუ არსებობს
ცვლადები, რომლებიც დაკავშირებულია წინარწმენასთან ზოგიერთ ევროპულ
ქვეყანაში, მაგრამ არა სხვაგან. მაგალითად, ვალამ და სხვებმა (2008) აჩვენეს, რომ
ეროვნული იდენტობა არ არის დაკავშირებული წინარწმენასთან პორტუგალიაში,
ისე, როგორც ის დაკავშირებულია ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაში, სადაც ეს კავშირი
გამოიკვლიეს.

ეს სტატიები იმითაც იმსახურებს აღნიშვნას, რომ მათში დამოკიდებული საზომების


დიდი მრავალფეროვნებაა გამოყენებული. გარდა იმისა, რომ ისინი შეიცავს გარე
ჯგუფების (მაგ., იმიგრანტები, ებრაელები) მიმართ დამოკიდებულების
სტანდარტულ საზომებს, ისინი, ასევე, შეიცავს დისკრიმინაციის მიმართ
დამოკიდებულებას, დისკრიმინაციის სურვილს, ქცევით განზრახვასა და რეალურ
ქცევას (ხმის მიცემა ფლანდრიაში). გარდა ამისა, ისინი შეიცავს ცვლადებს,
რომლებიც იშვიათადაა შესწავლილი, როგორიცაა გარე ჯგუფის პატიება და
დისკრიმინაციის მსხვერპლთა წარმოდგენა დომინანტური ჯგუფის
დამოკიდებულებების შესახებ (Vala et al., 2008). პეტიგრიუს და სხვების (2008) კვლევა
12
იყენებდა უნიკალურ საზომს, რომლითაც დგინდებოდა, თუ რა დონეზე
უარყოფდნენ გარე ჯგუფებისადმი წინარწმენის არსებობას გამოკითხულები. ამ
კვლევებიდან რამდენიმეს კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი აქვს: მედიაციური
ანალიზის გამოყენება. ვაგნერმა და სხვებმა (2008) აღმოაჩინეს, რომ წინარწმენა
ახდენს მედიაციას, როგორც საფრთხესა და დისკრიმინაციას, ისე კონტაქტსა და
დისკრიმინაციას შორის. პეტიგრიუმ და სხვებმა (2008) აღმოაჩინეს, რომ ჯგუფთან
დაკავშირებული დეპრივაცია მედიატორია ინდივიდთან დაკავშირებულ
დეპრივაციასა და წინარწმენას შორის. ამ ტიპის ინფორმაცია, შეიძლება, ღირებული
იყოს ჯგუფთაშორისი ურთიერთობების გასაუმჯობესებელი ინტერვენციების
შესამუშავებლად, რადგან ის მიუთითებს, თუ რომელ ცვლადებს უნდა მიაქციონ
განსაკუთრებული ყურადღება ამ პროგრამებმა, როგორც ყველაზე ეფექტურს.

მეთოდოლოგიის მრავალფეროვნებაც აღსანიშნავი თვისება იყო ამ კვლევების


უმრავლესობაში. კერძოდ, ამ კვლევებში ბევრად უფრო ინტენსიურადაა
გამოყენებული გამოკითხვის მეთოდები, ვიდრე ჯგუფთაშორისი ურთიერთობების
ამერიკელი მკვლევრები იყენებენ. აქ იყო ეროვნული გამოკითხვები,
მრავალპანელიანი გამოკითხვები (Pettigrew et al., 2008), შედარებითი კროს-
ნაციონალური გამოკითხვები (Bergmann, 2008; Minescu et al., 2008) და პან-ევროპული
გამოკითხვები, სადაც ინტეგრირებული იყო ბევრი ევროპული ქვეყნის მონაცემები.
გარდა ამისა, აქ არის კვლევები, რომლებიც მოიცავს დამოკიდებულების
იმპლიციტურ საზომებს (Tam et al., 2008), ექსპერიმენტებს (Coenders et al., 2008) და
მსხვერპლთა და დომინანტი ჯგუფების პარალელურ კვლევებს (Vala et al., 2008). ამ
მრავალფეროვანი კვლევების კიდევ ერთი აღსანიშნავი თვისება ისაა, რომ რამდენიმე
მათგანი ცდილობდა ანალიზის სხვადასხვა დონის დაკავშირებას, განსაკუთრებით,
სოციო-კულტურული ცვლადებისა (მაგ., SES, იმიგრაციის დონე, უმუშევრობის
დონე, კულტურული განსხვავებები და ეკონომიკური კონკურენცია) და
ინდივიდუალური სხვაობების ცვლადების (ავტორიტარიზმი, სოციალური
დომინანტობის ორიენტაცია, სოციალური იდენტობა, სტერეოტიპები, დანაშაული,
ბრაზი და ა.შ.) დაკავშირებას.

ზოგადად, ამ სტატიების ავტორები, როგორც ჩანს, უფრო კომფორტულად იყენებენ


ჯგუფთაშორისი ურთიერთობების როგორც სოციოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ
მიდგომებს, ვიდრე ჯგუფთაშორისი ურთიერთობების ამერიკელი თეორეტიკოსები
და მკვლევრები. ამ ტიპის კომბინირებული მიდგომა გვთავაზობს ჯგუფთაშორისი
ურთიერთობების პრობლემის მიზეზების უფრო სრულყოფილ გაგებას, ვიდრე ამ
მიდგომებიდან რომელიმეს ცალკეული სახით გამოყენება.

13
ამ სტატიების ზოგიერთი იმპლიკაცია

Journal of Social Issues-ის ამ გამოცემის სტატიები გვაწვდის ღირებულ მოსაზრებებს


ევროპაში ჯგუფთაშორისი ურთიერთობების არსებული მდგომარეობის შესახებ. რა
არის ევროპაში და სხვაგან არსებული ჯგუფთაშორისი ურთიერთობების
პრობლემათა მიზეზების უფრო სრულყოფილი გაგების გზა? Journal of Social Issues-ის
ამ გამოცემის საფუძველზე ვიტყოდი, რომ უფრო მეტი შედარებითი კვლევებია
(ისეთი, როგორიც ციტირებული აქვს Bergmann, 2008) საჭირო მომავალში, რომლებიც
დაგვეხმარება, გავიგოთ, რა საერთო ფაქტორები იწვევს ნეგატიური ჯგუფთაშორის
ურთიერთობებს ევროპის ყველა ქვეყანაში და რა ფაქტორებია უნიკალური
კონკრეტულ ქვეყნებში (მაგ., ლუსო-ტროპიკალიზმი პორტუგალიაში). მეტი
მრავალდონიანი კვლევაა საჭირო საზოგადოებრივი დონის ცვლადების
შესასწავლად, ამავე დროს, ისინი უნდა მოიცავდეს ინდივიდუალური დონის
ცვლადებსაც და ითვალისწინებდეს ისტორიულ და სიტუაციურ კონტექსტს. რათა
ასეთი მრავალდონიანი კვლევა ჩატარდეს, მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო
თეორიებისა და ჰიპოთეზების შესამუშავებლად, რომლებიც გასაგებს გახდის
ცვლადებს შორის მიმართებას ანალიზის სხვადასხვა დონეზე.

გარდა ამისა, სასარგებლო იქნება ისეთი კვლევების ჩატარება, რომლებიც შეისწავლის


ევროპის ქვეყნების კულტურულ განზომილებათა ვარიაციებსა და გზებს, რითაც ეს
ვარიაციები უკავშირდება ამ ქვეყნებში ჯგუფთაშორისი ურთიერთობების
სტრუქტურებს. მაგალითად, კულტურული განზომილებები, როგორიცაა
ინდივიდუალიზმი–კოლექტივიზმი (Hofstede, 1980; Triandis, 1995), ძალაუფლების
მანძილი (Hofstede, 1980) და კულტურის სიმკაცრე–ლმობიერება (Triandis, 1995),
შეიძლება, დაკავშირებული იყოს ჯგუფთაშორის ურთიერთობებთან ქვეყნის შიგნით
და ქვეყნებს შორის. ასევე, სასარგებლო იქნება კვლევების ჩატარება, რომლებიც
დაადგენს, ჯგუფთაშორისი ურთიერთობის რომელი პრობლემები უქმნის ყველაზე
დიდ საფრთხეს ევროპის მომავალს.

საბოლოო ჯამში, ფასდაუდებელი იქნება, თუ სოციალური მეცნიერები შეძლებენ,


შეიმუშაონ ევროპაში ჯგუფთაშორისი ურთიერთობების პრობლემების
ყოვლისმომცველი ხედვა. ეს ხედვა უნდა შეიცავდეს გამომწვევ ფაქტორებს,
რომლებიც საერთოა სხვადასხვა ქვეყნისათვის და იმათაც, რომლებიც უნიკალურია
კონკრეტულ ქვეყნებში. ასევე, უნდა გაირკვეს, ამ ფაქტორებიდან რომელია ყველაზე
მნიშვნელოვანი და რომელი – ნაკლებ მნიშვნელოვანი. ასევე, ამან შეიძლება,
გვაჩვენოს, თუ როგორ ახდენენ ეს ფაქტორები ერთმანეთის მოდერაციასა თუ

14
მედიაციას. ეს ხედვა უნდა ასახავდეს ამ ფაქტორების მიზეზების ღრმა ისტორიულ
გაგებას, როგორც ადგილობრივი, ისე ევროპის მასშტაბით. გარდა ამისა, ასეთი
მიმოხილვა შეიძლება, იმის მაჩვენებელიც იყოს, თუ რა ტიპის პრობლემები არის
ყველაზე მძიმე და სად არის ეს პრობლემები ყველაზე გავრცელებული. გარდა ამისა,
ეს იმის მაჩვენებელადაც შეიძლება, გამოდგეს, თუ რა ტიპის ინდივიდებს და
რომელი სოციალური კატეგორიის ადამიანებს აქვთ ყველაზე უარყოფითი
დამოკიდებულებები. ასეთი ინფორმაცია სასარგებლო იქნება როგორც პოლიტიკის
შემქმნელების, ისე პრაქტიკაში განმახორციელებლებისთვის, ჯგუფთაშორისი
ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

სოციალურ მეცნიერებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი პრაქტიკული როლი შეასრულონ


და აქტიურად დაუპირისპირდნენ წინარწმენასა და დისკრიმინაციას ევროპულ და
სხვა ქვეყნებში. ანალიზის პირველადი დონეები, რომლებზეც სოციალურ მეცნიერებს
შეუძლიათ პრაქტიკული გავლენის მოხდენა ჯგუფთაშორის ურთიერთობებზე, არის
სოციო-კულტურული, სიტუაციური და ინდივიდუალური განსხვავების დონეები.
არ შეიძლება, ისტორია შეიცვალოს, თუმცა, ის იმგვარად უნდა ისწავლებოდეს, რომ
გააუმჯობესოს ჯგუფთაშორისი ურთიერთობები, როგორც ეს ხდება
მულტიკულტურულ საგანმანათლებლო პროგრამებში შეერთებულ შტატებში და
სხვაგან (Banks & McGee-Banks, 2004). ანალიზის სოციო-კულტურულ დონეზე,
შეიძლება, ფსიქოლოგები გახდნენ იმ სამთავრობო უწყებების მრჩევლები,
რომლებსაც აქვთ გავლენა საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საბინაო, იურიდიულ,
ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკაზე. ასევე, მათ შეუძლიათ
დაეხმარონ სოციალურ ჯგუფებს შერიგების მცდელობებში, სადაც ეს საჭიროა, და
დაეხმარონ კონფლიქტის მოგვარების ცენტრების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, მათი
მომსახურება სასარგებლო იქნებოდა ჯგუფთაშორისი ურთიერთობების შესახებ
მასობრივი ინფორმაციის პროგრამებისა და საზოგადოებრივი კამპანიების
გასაუმჯობესებლად. ამ გამოცემის კვლევების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ასეთი
პროგრამები უფრო დადებით შედეგს გამოიღებს, თუ ისინი შეეცდებიან, ხელი
შეუწყონ თანასწორობისა და მრავალფეროვნების ღირებულებებს, რომლებმაც უნდა
ჩაანაცვლოს უთანასწორობის იდეოლოგიისა და იმიგრანტების მხრიდან ეროვნული
იდენტობისთვის შექმნილი საფრთხეებით გამოწვეული შეშფოთების ნეგატიური
შედეგები. გარდა ამისა, პროგრამამ, რომელიც გააქრობს ებრაელებთან
დაკავშირებულ შეთქმულებებს, შეიძლება, შეამციროს ანტისემიტიზმი. ასევე,
შეიძლება, საჭირო იყოს განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება პოლიტიკურად
კონსერვატული დამოკიდებულებების მქონე პირთა დამოკიდებულებისა და ქცევის
შეცვლაზე, რადგან, როგორც ჩანს, მათ აქვთ ყველაზე ნეგატიური ურთიერთობები
გარე ჯგუფებთან. ის ფაქტი, რომ დაბალი SES-ისა და დაბალი სტატუსის ადამიანები

15
უფრო ხასიათდებიან წინარწმენებით, მიუთითებს, რომ საჭიროა სტრუქტურული
რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს მეტ ეკონომიკურ თანასწორობას, სოციალურ
მეცნიერებს კი შეუძლიათ, ამ მიზნის მისაღწევად პოლიტიკის ფორმულირებაში
წვლილი შეიტანონ.

ინდივიდუალური სხვაობების და სიტუაციურ დონეზე სოციალურ მეცნიერებს


შეუძლიათ, დახმარება გასწიონ ისეთი პროგრამების შემუშავებაში, განხორციელებასა
და შეფასებაში, რომლებიც გააუმჯობესებს სასწავლო, სამუშაო, სამთავრობო და
საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობებს. ამ საკითხის მკვლევრები
ვარაუდობენ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ამ პროგრამების საშუალებით
შეეცდებოდნენ, შეეცვალათ ევროპაში იერარქიული რწმენის სისტემები, გარე
ჯგუფების, როგორც არაადამიანიანურის აღქმის ტენდენცია, პოლიტიკური
გაუცხოება, აღქმული ჯგუფური დეპრივაცია, ჯგუფებს შორის ღირებულებებში
განსხვავებების დაშვება და გარე ჯგუფებისგან საფრთხის აღქმა. რაც შეეხება
დადებით მხარეს, ეს კვლევები ვარაუდობს, რომ გარე ჯგუფებისადმი ემპათია და
ზეაღმატებულ ჯგუფებთან იდენტიფიკაცია, რომლებსაც გარე ჯგუფებიც აფასებენ,
აუმჯობესებს ჯგუფთაშორის ურთიერთობებს. და ბოლოს, ჯგუფებს შორის
კონტაქტის ხელშეწყობა ოპტიმალურ პირობებში ნამდვილად გააუმჯობესებს
ჯგუფთაშორის ურთიერთობებს.

ინდივიდუალურ განსხვავებათა ცვლადების შეცვლის ერთი მიდგომა, რომელიც ამ


გამოცემაში შემავალი კვლევების თანახმად მნიშვნელოვანია, არის სხვაგან შექმნილი
ჯგუფთაშორისი ურთიერთობების პროგრამათა ადაპტირება და გამოყენება
ევროპულ კონტექსტში. მაგალითად, ჯგუფებს შორის დიალოგის პროგრამებმა და
სხვადასხვა პროგრამის გამოყენებამ საგანმანათლებლო სივრცეში ძალიან კარგი
შედეგები მოიტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ (Nagda,
Tropp, & Paluck, 2006; Stephan & Vogt, 2004). ანალოგიურად, თანაარსებობის არაერთი
პროგრამა შემუშავდა ისრაელში; ზოგიერთი მათგანი შეიძლება, ადაპტირებულ იქნას
ევროპაში გამოსაყენებლად (Hertz-Lazarowitz, Zelniker, Stephan, & Stephan, 2004;
Weiner, 1998). აგრეთვე, არსებობს ჯგუფთაშორისი ურთიერთობის მრავალი
პროგრამა, რომლებიც ევროპაში გამოიყენება და უფრო ფართოდ გავრცელებას
იმსახურებს. სოციალურ მეცნიერებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ
ამ პროცესში, თუ ამ პროგრამებს შეაფასებენ და საზოგადოებას შედეგებს
წარუდგენენ.

ნათელი უნდა იყოს, რომ კვლევის ძირითადი დასკვნები, რომლებიც კარგად არის
წარმოდგენილი ამ გამოცემაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯგუფთაშორისი
ურთიერთობების გაუმჯობესების პრაქტიკაზე ევროპის და სხვა ქვეყნებში.
16
სამწუხაროდ, კომუნიკაცია თეორეტიკოსებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს შორის
შეზღუდულია მათი დისციპლინური განსხვავებულობის, სამუშაო პირობების, კროს-
დისციპლინური ჟურნალების არარსებობისა და მთელი რიგი სხვა ფაქტორის გამო.
თეორეტიკოსებმა და მკვლევრებმა არა მხოლოდ უფრო ინტეგრირებული თეორიების
შექმნაზე უნდა იზრუნონ, მათ მეტი ძალისხმევა უნდა მოახმარონ იმას, რომ ეს
ინფორმაცია ისეთ ადგილას და ისეთი ფორმით გაავრცელონ, რაც ყველაზე მეტად
სასარგებლო იქნება პრაქტიკოსებისთვის. Journal of Social Issues-ის ეს გამოცემა
მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით.

17

You might also like