You are on page 1of 2

იმსჯელეთ მეგრულის ისტორიულ მდგომარეობასა და განვითარების

პერსპექტივაზე

მეგრული ისტორიულად და ამჟამადაც არის საშინაო-საოჯახო კომუნიკაციის ენა,


რომლის თაობიდან თაობაზე გადაცემის უწყვეტობა შესაძლებელია მისი ისტორიული და
ბუნებრივი გავრცელების არეალში. მეგრულის საკომუნიკაციო ფუნქციონირება თაობათა
შორის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული: პირველ რიგში, ესაა ახალგაზრდების
მიგრაცია, რასაც ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები განაპირობებენ. ზოგადად,
სტატისტიკური მონაცემებით მიგრაცია ზემოსვანეთი-სამეგრელოს რეგიონიდან 29% -ს
შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სხვა მხარეებთან შედარებით. მეგრულის
შენარჩუნება მისი გავრცელების არეალში დიდადაა დამოკიდებული როგორც ეკონომიკურ,
ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო ფაქტორებზე. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
იმის გათვალისწინებით, რომ მეზობლად ოკუპირებული აფხაზეთია და ეკონომიკურ-
გეოგრაფიული თვალსაზრისით ჩიხია, საიდანაც თავის დაღწევის სურვილი მიგრაციის
ხელშემწყობი ფაქტორია.

მეგრულის შესახებ პირველი ინფორმაცია არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს


აღწერაში“ (მე-17 ს.) გვხვდება, თუმცა მეგრულის მეცნიერული შესწავლა უკავშირდება
გერმანელი მეცნიერის გეორგ როზენის სახელს, რომელმაც დაწერა შრომები ლაზურის,
მეგრულის, სვანურისა და აფხაზურის შესახებ (1844-1872წ.წ.). ასე გაეცნო ევროპელი
საენათმეცნიერო საზოგადოება ამ ენებს, რომლებსაც „იბერიულ“, მოგვიანებით კი
„ქართველურ“ ენებად იხსენიებდნენ. თუმცა იმთავითვე მეგრულის ლინგვისტური თუ
ექსტრალინგვისტური/სოციოლინგვისტური კვალიფიკაცია მეცნიერთა თუ არამეცნიერთა
დავის საგანი გახდა. ჯერ მეფის რუსეთის, ხოლო შემდეგ საბჭოთა რუსეთის წნეხის ქვეშ
მოქცეულ საქართველოში სწორედ რუსული პოლიტიკის მანიპულაციის საშუალებად იქცა
მეგრული. კერძოდ, მე-19 საუკუნეში ცნობილია იანოვსკისა და თადა აშორდიას ტანდემი,
რომელიც მიზნად ისახავდა მეგრულისთვის რუსული ალფავიტის საფუძველზე ანბანის
შექმნას და მეგრულის დაპირისპირებას ქართულთან, სახარების თარგმნას მეგრულად და
ეკლესიაში განხეთქილებას, შესაბამისად ერთიანი ეროვნული სხეულის დაშლას. ამ
მოვლენას შეეწირა ახალგაზრდა ენათმეცნიერის, მეგრულის მკვლევრის ალექსანდრე
ცაგარლის სამეცნიერო კარიერა, რადგან მისი უნიკალური ლინგვისტური შრომები
მეგრულის შესახებ იანოვსკის მაგვართა „დაყავი და იბატონე“ პოლიტიკის არგუმენტად
გამოცხადდა. არანაკლებ საშიში მოვლენა იყო მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ე. წ. „მეგრელთა
საქმე“, რომლის შედეგად არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები იყვნენ რეპრესირებული,
არამედ შეფერხდა მეგრულის ლინგვისტური კვლევისა და დოკუმენტირების პროცესიც.

დამოუკიდებელ საქართველოში ისევ აღორძინდა ეს “შიშები“: ამჯერად სამეცნიერო


წრეში და სასულიერო პირთა შორის გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ფუნდამენტურად
შეცვალეს მიდგომა ქართველური ენების მიმართ და მეგრული და ლაზური წარმოაჩინეს
ქართული ენის დიალექტებად. თუმცა ენის მატარებლისთვის არსებითად არაფერს ცვლის
მეცნიერული კვალიფიკაცია, რადგან თავად განსაზღვრავს საკუთარ სამეტყველო კოდს,
როგორც თვითიდენტიფიკაციის საშუალებას. 2006-2009 წლებში განხორციელებულმა
სოციოლინგვისტურმა კვლევებმა (პროექტი „ენობრივი სიტუაცია თანამედროვე
საქართველოში“, დონორი ორგანიზაცია: ფოლკსვაგენის ფონდი) აჩვენა, რომ მეგრული
თანაბრად იყოფს ქართულთან ერთად საკომუნიკაციო ფუნქციას (კლასიკური
დიგლოსია/ორენოვანება), ასევე მეგრული რჩება თვითიდენტიფიკაციის კრიტერიუმად და
ეთნიკურობის ფორმულა ყალიბდება შემდეგნაირად: „მე ვლაპარაკობ მეგრულად, ე. ი.
მეგრელი ვარ, მაშასადამე, მე ქართველი ვარ“.

მეგრული და ლაზური ერთიან ენობრივ ქსოვილს ჰქმნიან, რომელიც საერთო


გრამატიკითა და ლექსიკით დასტურდება:

მეგრული: „ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა - მუმა ჩქიმი,

ჭიჭე-ჭიჭე მურიცხეფი - და დო დიდა ჩქიმი“.

ლაზური: „ მჟა დიდა ორე ჩქუნი, მთუთა - ბაბა ჩქუნი,

ჭუტა-ჭუტა მურუცხეფე - და დო დიდა ჩქუნი“

ქართული: „მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამა ჩემი,

და წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი“.

ამგვარი ლინგვისტური ერთიანობა განსაზღვრავს ქართველური ენების ნათესაობას და


ქართველურ ენათმეცნიერებას უსახავს სამომავლო ამოცანებს: სამეცნიერო ექსპედიციები და
კვლევები, მეგრული მეტყველების დოკუმენტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორც
ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ლექსიკონების მომზადება, მეგრული სიმღერებისა და
რიტუალების შესწავლა-პოპულარიზაცია, საჯარო ლექციები და პოპულარული სამეცნიერო
ბუკლეტები სკოლებისთვის, _ ეს ყველაფერი აუცილებელი პირობაა მეგრულის, როგორც
საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებისათვის.

შენიშვნა:

ლექსის ფრაგმენტში მოძებნეთ ისეთი მეგრულ-ლაზური და ქართული სიტყვები, რომლებიც


ბგერათშესატყვისობას აჩვენებს და დააწყვილეთ.

You might also like