You are on page 1of 4

ყურადღებით წაიკითხეთ ეპიზოდი მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან ,,ჯაყოს

ხიზნები“:
კალოდან მომვალმა ნახუცარმა ივანემ დუქანს ურემი მიაყენა და ერთი ხელადა ღვინო
მოითხოვა.
ორივენი დირეზე ჩამოსხდნენ, ღვინო წინ დაიდგეს და ნელ-ნელა შეაყოლეს.
- თეიმურაზ, რა შენი საქმეა დახლიდარობა?
- რა შენი საქმეა, ძმაო ივანე, შავი მუშაობა და მიწის ხვნა?
- აკი გითხარი, საქართველოში ატავიზმის კანონი მძლავრად მუშაობს-მეთქი. ჩემი წინაპრები
მიწის მუშები იყვნენ, ამიტომ მეც მიწას დავუბრუნდი.
თეიმურაზმა პასუხი არ გასცა. ორივენი გაჩუმდნენ და თითო ჭიქა კიდევ დალიეს.
- რას ჩხირკედელაობდი ერთ დროს, თეიმურაზ? რას მოითხოვდი? რას ეძებდი და რას
მოელოდი?
- აი, ამ დღეს მ...მოველოდი, აი, ამ დღეს ვეძებდი.
- მახსოვს შენი წერილები. ნამდვილი ქართული კალამი გქონდა.
- ქართული კ...კალამი, რომელიც ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი
ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს. იმ კალმითაც ინგრეოდა ძველი ქვეყანა, როგორც
ჰიდენბურგის ზარბაზნებით.
- გეგონა, არც შამფურს დასწვავდი და არც მწვადსა? მგელსაც გააძღობდი და ბატკანსაც
გადაარჩენდი?
- ჰო, ეგრე მეგონა. შენ რა გიშავს, შენ დროზე გამოიცვალე ქურქი.
- ჭკუამ გამიჭრა. სწორე გეზი ავიღე. შენც ხედავ, გავგლეხდი და ხვნა-თესვას დავადექ.
-გრიგალს გადარჩი და ცოლ-შვილიც გადაარჩინე. ბედნიერი ხარ!
- რწმენა დავკარგე, ჩემო თეიმურ. გარდა ამისა, ძველადვე უთქვამთ ჭკვიანებს: საცა არა სჯობს,
გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანო.
- ხოლო გიჟებს ასე უპასუხიათ: სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო.
კვლავ იყუჩეს.
- ბატონო თეიმურაზ, არც ეხლა გწამს ღმერთი?
თეიმურაზი დიდხანს სდუმდა და ბნელ ცას გასცქეროდა. მერმე მწარე ოხვრით უპასუხა.
- არა, არც ახლა მწამს. ბუნება სმენადახშულია, ხოლო ზეცა შორია და უჩინო. დამრჩა მხოლოდ
ჩემივე თავის გამასხარავება და უძირო მოთმინება.
- ჩემო თეიმურ, ვინ გიშლის რწმენას? რატომ არ ირწმუნებ რომელიმე ღმერთს ან ეშმაკს?
- იმიტომ, ჩემო ივანე, რომ... რა მაქვს შენთან დასამალი... ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ.
- ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ.
- არც მომეცა, ვერც ვპოვე და არც განმეღო. მ...მეც მაგას ვტირი, ჩემო ურწმუნო მოძღვარო...დიდი
ხანია, რაც რწმენის სულს მოვუწოდებ, მაგრამ უფალმან ჩვენმან არ ღირს მყო მოსვლად ჩემდა.
- თეიმურაზ, შენ თვითონ უნდა ამაღლდე უფლისადმდე.
- ვერ ავიწიე მიწიდან, ჩემო ივანე. წიგნმა მომტაცა რწმენის სული და მეცნიერებამ დამწყვიტა
უფლისადმდე ასაფრენი ფრთები. ცოდნისა და იჭვის ჭიამ ისე დამიღრღნა გონება და გამომიფიტა
სული, რომ ნივთიერ ქვეყანას ერთი გოჯითაც ვერ მოვსწყდი... ცოდნა და რწმენა ვერ მოვარიგე,
ერთად ვერ შევად...დუღე და ვერც ერთმანეთს დავაშორე. რწმენისა და ურწმუნოების ორღობეში
გავიჩხირე და ვერც რწმენის სათავესთან გავედი, ვეღარც უკან დავბრუნდი.
- მაინც საით უფრო მიგიწევს გონება?
- ურწმუნოებისკენ.
- გული?
- ღმერთისკენ.
- ბოლოს და ბოლოს საით მიდიხარ? არსებობს თუ არა ღმერთი?
- ღმერთი რომ იყოს სადმე, განა ამ დღეში ჩავცვივ...დებოდით?
- შენც უმეცარ გლეხივით აზროვნებ: ღმერთი რომ იყოს სადმე, განა ყანას დამისეტყვავდაო?
ღმერთი რომ არც არსებობდეს, იგი ჩვენვე უნდა მოვიგონოთო, ასე უთქვამთ.
- ვიცი, მაგრამ ჩემს გულში ღმერთის მაგივრად ჯერჯერობით გველებმა და ბაყაყებმა დაიბუდეს.
- მაშ არც სამოთხე გწამს და არც ჯოჯოხეთი?
- ჯ...ჯოჯოხეთი?! ჰმ! კიდევ ჯ...ჯოჯოხეთი ამ ქვეყნის შემდეგ? თუ ჯოჯოხეთი მართლა
არსებობს, მაშ შენი ღმერთი უუსასტიკესი არსება ყოფილა.
- არც საიქიო გწამს და არც ამ ქვეყანას ურიგდები? მაშ რა გაქვს გულში?
- რა მაქვს? აკი გითხარი: ბაყაყი, გველი, მორიელი, მაჯლაჯუნა, შავი ქვა და ნ...ნაცარი ცხელი. აი,
ესა მაქვს.
- მერმე როგორ უძლებ, თეიმურ?
-მალე გ...გავათავებ ამ მასხრობას, ზოგნი რომ სიცოცხლეს ეძახიან. მე აღარაფერს არ ველი.
წარსულმა მომატყუა, აწმყო მაწამებს, მყობადი მაშინებს.
- ახლა შენ მითხარი, ივანე, შენ მარტო ანაფორა გაიხადე, თუ რწმენაც იმ ანაფორას გააყოლე?
- რწმენა კი არ გავაყოლე ანაფორას, არამედ ანაფორა გავაყოლე რწმენას. თუმცა ისიც უნდა
გითხრა, რომ შენსავით არ დავცარიელებულვარ. ღვთის რწმენა დავკარგე, სამაგიეროდ უფრო
ძლიერი რწმენა შევიძინე. მრწამს ჩვენი მშრომელი ხალხის ძალა და მისი მომავალი.
თეიმურაზმა ღრმად ამოიოხრა.
- არასოდეს არაფერი არ შემშურებია ეგრე ძლიერ, როგორც შენი და შენისთანების რწმენა
შემშურდა. ბედნიერი ხარ! მე კი, მე ჭიებმა შემჭამეს, დამაცარიელეს, დამღრღნეს.
- გამოტყდი, თეიმურაზ, დამარცხებული ხარ.
- მ...მმე?...თითქო გაცოცხლდა ხევისთავი და დუმილის შემდეგ გაბზარული ქვაბის ხმით
განაცხადა: - დამარცხებული ის არის, ვინც თვითონ აღიარა თავისი დამ...მარცხება. მე კი.. მე კი...
- ბედის წინაშე მორჩილება დიდი ძალა ყოფილა, თეიმურაზ. მორჩილებას ათასი ხალხი
გადაურჩენია. ბედთან ჭიდილი და ურჩობა სახიფათოა. ვინც მას შეეგუა, გადარჩა. ვინც არა -
დაიღუპა. ვეფხვი და კატა ერთის ჯიშისანი არიან, აგრეთვე ძაღლი და მგელიც. ვეფხვი და მგელი
თითქმის ამოწყდნენ. ძაღლისა და კატის ჯიში კი გამრავლდა და გაძლიერდა
- ბედის წინაშე მორჩილება და უძლურება ერთმანეთში ნუ აურიე. მორჩილება ზოგჯერ
დასვენება და ძ...ძალების დაგროვება გახლავთ. ზოგჯერ კი სულიერ გამოფიტვის და
დაქანცულობის ნიშანია. გარდა ამისა, ძაღლისა და კ...კკატის ბედს იქნება გადაშენებული ვეფხი
სჯობდეს. რაც უნდა იყოს, მკვდარ ვეფხვს მაინც პ...პატივით მოიხსენიებენ, ცოცხალ ძაღლს კი
ორღობეში ამოუვა სული.
- მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი სჯობია-მეთქი.
ისევ დიდხანს იყუჩეს. თეიმურაზი წყვდიადს გასცქეროდა. უცებ ხმა აიმაღლა:
- მაგრამ მე, თეიმურაზ ხევისთავი, ჯერჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ! გესმის? მე არ მინდა-
მეთქი სიკვდილი!
- მესმის, ნუ ჰყვირი. მაგრამ თქვენ რომ არავინ გეკითხება?
- ივანე, ერთი რამ დაიხსომე სამუდამოდ: მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ, მაგრამ
ვერ...რასოდეს დამიმორჩილებენ. ვე...რრრა...სოდეს. გესმის? ვერ...რრა...სოდეს-მეთქი!

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

 იმსჯელეთ ივანეს მხატვრული სახის შესახებ.


ვინ არის ივანე - რას საქმიანობდა წარსულში და რას აკეთებს დღეს? რით ხსნის თავის
პოზიციას? ამის მიხედვით შეაფასეთ მისი პიროვნება. როგორია რწმენის მიმართ ივანეს
დამოკიდებულება? რით ხსნის ანაფორის გახდას? რით ჩაანაცვლა ძველი რწმენა? რას ურჩევს
თეიმურაზს? ამის მიხედვით, რა არის მისთვის მთავარი ღირებულებები?
შეაჯამეთ მსჯელობა და შეაფასეთ ივანეს სახე - გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება მის
მიმართ.

 იმსჯელეთ თეიმურაზის მხატვრული სახის შესახებ.


ვინ არის თეიმურაზი? რას ვიგებთ მის წარსულ საქმიანობაზე ივანესთან საუბრის
დასაწყისში? როგორია რწმენის მიმართ თეიმურაზის დამოკიდებულება? როგორია
თეიმურაზის სულიერი განწყობილება? რით არის ეს გამოწვეული?
მიუხედავად სასოწარკვეთილებისა, თეიმურაზი მაინც უტეხია. რას უპირისპირებს იგი
ივანეს მედროვეობას?
შეაჯამეთ მსჯელობა და შეაფასეთ თეიმურაზის სახე - გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება
მის მიმართ.
 იმსჯელეთ ავტორის სტილისა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი
თავისებურებების შესახებ.
დიალოგი - პერსონაჟთა ინდივიდუალურობის გამოხატვის მთავარი საშუალება.
ენა და ლექსიკა: ორი განათლებული ადამიანის საუბარია და მდიდარია. პერსონაჟთა
მეტყველებაში უხვადაა ფრაზეოლოგიზმები, ანდაზა-აფორიზმები, სახარებისეული
მცნებები, რომლებიც, გარდა პერსონაჟთა პოზიციების წარმოჩენისა, ძირითად პრობლემებს
გამოკვეთს.
ტროპული მეტყველების სახეები: ეპითეტები, მეტაფორები, შედარებები.

მიხეილ ჯავახიშვილი ენის შესახებ


,,ენა მწერლის ბალავარია, მისი უმთავრესი იარაღი. ენის უცოდინარი მწერალი სამფეხა
ცხენსა ჰგავს, გენიოსიც რომ იყოს ვერც გაიქცევა და ვერც დაიძვრება.
ნაპოლეონი ამბობდა: ომის მოსაგებად ჯერ ფულია საჭირო, მერმე ფული და ბოლოს ისევ
ფულიო. მეც ვიტყვი: სალიტერატურო გამარჯვებისათვის ჯერ კარგი ქართულია საჭირო,
მერმე - კარგი ქართული და ბოლოს - ისევ კარგი ქართული.“
აკაკი ბაქრაძე
,,როცა მარგო - ქვეყნის დაცემა-დაქცევას უყურებ, ნათელი ხდება, რომ თეიმურაზ
ხევისთავის უმწეო ალტრუიზმი ჯაყო ჯივაშვილის მოძალადე მიზანთროპის მოკავშირე და
თანამდგომია. ჯაყოს მოძალადე მიზანთროპია თეიმურაზის უმწეო ალტრუიზმის
დაუხმარებლად და ხელშეუწყობლად ვერ იარსებებს. ამიტომ არის თეიმურაზი ისეთივე
დამნაშავე, როგორიც ჯაყო. ამიტომ არის დაუნდობელი მიხეილ ჯავახიშვილის სატირა როგორც
ერთის, ისე მეორის მიმართ.
მიხეილ ჯავახიშვილი სრულად ამხელს ჯაყოობის ყველა საშინელებას. ჯაყოობა
თვზარდამცემია არა მარტო დროის ამა თუ იმ მონაკვეთში, არამედ მომავლისთვისაც. ერთი
ფრიად დამაფიქრებელი სურათია აღწერილი ,,ჯაყოს ხიზნებში“: თეიმურაზ ხევისთავისა და
მარგო ყაფლანიშვილის კავშირის შედეგად ბავშვი არ გაჩნდა, ე.ი. უმწეო ალტრუიზმი და
პასიურობა უნაყოფოა. მაგრამ ბავშვი დაიბადა მარგო ყაფლანიშვილისა და ჯაყო ჯივაშვილის
თანაყოფის რზულტატად. ე.ი. მოძალადე მიზანთროპია და პასიურობა ნაყოფიერია, მომავალი
აქვს. ეს ხომ თავისთავად საშიშია, მაგრამ უფრო მეტი საფრთხეა მოსალოდნელი, რამეთუ
მოძალადე მიზანთროპს სურს შეინიღბოს, კეთილშობილი სახით მოგვევლინოს. ჯაყო სთხოვს
თეიმურაზ ხევისთავს, გვარი მისცეს მის შვილს. ჯაყო ხევისთავი -- ასე შეინიღბება
მიზანთროპია ალტრუიზმით მომავალში და უკვე ვეღარ გაარჩევ, სად არის კეთილი და სად
ბოროტი. ამიტომ დაუნდობლად უნდა იქნეს მხილებული ჯაყო და ჯაყოობა. ჯაყოობის შედეგიც
თავზარდამცემი უნდა იყოს. ეს რეზულტატი მარგოს დაცემაა.
ასეა დახატული შეუბრალებელი სატირული კალმით, ერთი მხრივ, ბოროტება (ჯაყო)
და უმწეობა (თეიმურაზი) და, მეორე მხრივ, მათი ერთობლივი მსხვერპლი (მარგო). მაგრამ
მიუხედავად ამისა, ,,ჯაყოს ხიზნები“ იმედითა და რწმენით სავსე რომანია.“

You might also like