Professional Documents
Culture Documents
პირველი დღე
წიგნი პირველი
ჩვენს წინაპრებს სახელმწიფოს კეთილდღეობა რომ ყველაფერზე მაღლა არ დაეყენებინათ,
მაშინ (მარკუს კამილიუსი) არ გაათავისუფლებდა რომს გალების თავდასხმებისგან, მანიუს
კურიუსი, გაიუს ფაბრიციუსი და ტიბერიუს კორუნკანიუსი არ გადაარჩენდნენ მას პიროსის1
თავდასხმისგან, გაიუს დუელიუსი, ავლ ანტილიუსი და ლუციუს მეტელიუსი2 - იმ
საფრთხისგან, რასაც რომს კართაგენი უქადდა, ხოლო ორი სციპიონი3 კი საკუთარი სისხლით
არ ჩააქრობდა მეორე პუნიკური ომის დაწყების სტადიაში მყოფ ხანძარს...
(II, 2) მაგრამ იყო გამორჩეული სიქველით, ისე თითქოს ეს რაიმე მეცნიერება იყოს, არ
კმარა, თუ არ დაიწყებ მის გამოყენებას. მეცნიერების შენახვა მაშინაც შეიძლება თუ მას არ
იყენებ, თავად მისი ცოდნით. მაგრამ სიქველე მთლიანად გამოყენებას ეფუძნება, ხოლო მისი
ყველაზე მთავარი გამოყენება სახელმწიფოს მართვაში ვლინდება, საქმით და არა სიტყვით იმის
შესრულებაში, რასაც ზოგიერთი თავისთვის ამტკიცებს. ფილოსოფოსები ხომ არაფერს ამბობენ
ისეთს (მე ვგულისხმობ, იმას, რაც ითქმება ნამდვილად სამართლიანად და ღირსეულად), რაც
უკვე არ შექმნილა და დამტკიცებულა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ადგენენ კანონებს
სამოქალაქო თემებისთვის. და მართლაც, საიდან გაჩნდა მოვალეობის ცნების გაგება? და ვინ
შექმნა რელიგია? საიდან გაჩნდა ხალხის სამართალი4 და თვით ჩვენი სამართალიც კი,
რომელსაც სამოქალაქო სამართალს უწოდებენ, საიდან ჩნდება მართლმსაჯულება, ერთგულება,
სამართლიანობა? საიდანაა კეთილსინდისიერება, თავშეკავებულობა, სამარცხვინო საქმეების
ზიზღი, მისწრაფება დიდებისა და ქებისკენ? საიდანაა გასაჭირისა და საფრთხეების დროს
მდგრადობა? ეს ყველაფერი ხომ იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებმაც, ფილოსოფიური
სწავლებების საფუძველზე მოწყობილი, ერთი ნაწილი ადათ–წესებით, ხოლო მეორე ნაწილი კი
კანონმდებლობით განამტკიცეს. უფრო მეტიც, ქსენოკრატე5, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
ფილოსოფოსის კითხვაზე, თუ რას აღწევდნენ მისი მსმენელები, თითქოსდა პასუხობდა: ისინი
ნებაყოფლობით აკეთებენ იმას, რასაც მათ კანონები ავალდებულებენ. შესაბამისად, ის
მოქალაქე, რომელიც თავისი იმპერიის6 გამოყენებითა და სასჯელის შიშის გამო ყველა ადამიანს
აიძულებს იმის გაკეთებას, რასაც ფილოსოფოსები თავიანთი მსჯელობის შედეგად მხოლოდ
მცირე რაოდენობის ადამიანს თუ გააკეთებინებენ, ნამდვილად უფრო მაღლა დგას. და
მართლაც, განა რომელი მათი მსჯელობა, როგორი დახვეწილიც არ უნდა იყოს ის, შეიძლება
1
ამჯობინო სამოქალაქო თემის სწორად მოწყობას, რომელიც დაფუძნებულია საჯარო
სამართალსა7 და ჩვეულებებზე?
(III, 4) ადამიანები, რომლებიც არ გვეთანხმებიან, ამგვარად ჩამოყალიბებულ და
ცხად მოსაზრებებს უპირისპირებენ იმ საქმეებს, რომელთა ჩადენაც გვიწევს
სახელმწიფოს დასაცავად. ფხიზელი და ქმედითი ადამიანისთვის ეს, რა თქმა უნდა,
მცირე წინაღობაა და არა მარტო ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე, არამედ ყოველდღიურ
ცხოვრებაშიც. ისინი ასევე საუბრობენ სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეებზე და
ამასთან, სიკვდილის სამარცხვინო შიშზე მიუთითებენ მამაც ადამიანებს, რომელთაც
ბუნებრივ სიბერემდე მიღწევა უფრო საცოდაობად მიაჩნიათ, ვიდრე ის, რომ
სიცოცხლე, რომელიც ადრე თუ თუ გვიან მაინც ბუნების ძალას უნდა დაუთმო,
სწორედაც რომ სამშობლოს შესწირო. ამ საკითხში ისინი განსაკუთრებით
მჭევრმეტყველებად მიიჩნევენ თავს, როდესაც იწყებენ გამოჩენილი ადამიანების
უბედურებების და თანამოქალაქეების მიერ მათთვის მიყენებული წყენების
ჩამოთვლას. მათ მოჰყავთ ბერძნების მაგალითები; მილტიადე 8 , სპარსელთა
დამმარცხებელი და მომთვინიერებლი, უდიდესი ბრძოლის შედეგად მიღებული
ჭრილობები ჯერაც რომ არ ჰქონდა შეხორცებული, მტრის შუბებს გადარჩენილი
სიცოცხლეს საკუთარი თანამოქალაქეებისგან დადებულ ბორკილებქვეშ ამთავრებს.
თემისტოკლე 9 , მუქარით გაგდებული მის მიერვე გადარჩენილი სამშობლოდან, გაიქცა
არა მისი დამსახურებით შენარჩუნებულ საბერძნეთის ნავსადგურებში, არამედ
სადღაც იმ ბარბაროსული ქვეყნის შუაგულში, რომელიც მან ოდესღაც მიწასთან
გაასწორა. ფაქტია, ათენელების მერყეობისა და ბერძნების მიერ სახელგანთქმული
ადამიანების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის მაგალითები ისტორიაში მრავლადაა.
ხშირად განმეორებად ანალოგიურ მაგალითებს – აღნიშნავენ ეს ადამიანები – ჩვენს
ძლევამოსილ სახელმწიფოშიც მრავალჯერ ჰქონია ადგილი.
(IV, 7) სამშობლომ10 გვშობა, უფრო სწორად, აღგვზარდა ჩვენ არა იმისთვის, რომ ჩვენგან
არანაირ მხარდაჭერას არ მოელოდეს და მხოლოდ ჩვენი პირადი ინტერესებისთვის შეგვიქმნას
დასვენებისა და განცხრომის მისაცემი მშვიდი ადგილი; არამედ იმისთვის, რომ მან თავისსავე
ინტერესების სამსახურში, წაიღოს ჩვენი სულის, ტვინის, სიბრძნის უდიდესი ნაწილი და
პირადი მოთხოვნილებებისთვის დაგვიტოვოს მხოლოდ იმდენი, რამდენიც შეიძლება დარჩეს
მისი (იგულისხმება სამშობლო, ს.დ.) საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ.
2
(V, 9) შემდგომ, რასაც ეს ადამიანები საბაბად იშველიებენ იმის გასამართლებლად, რომ
კიდევ უფრო გაიმარტივონ დასვენებით სრული ტკბობა – ყველაზე ნაკლები ყურდაღება უნდა
მივაქციოთ; მათი სიტყვებით, სახელმწიფო საქმეებისკენ დიდწილად ის ხალხი მიისწრაფვის
რომლებიც სრულიად შეუფერებელია პატიოსანი საქმიანობისთვის, რომლებთან თავის
გაყადრებაც კი დამამცირებელია, ხოლო შებრძოლება კი, განსაკუთრებით როცა ბრბო
აღგზნებულია - საშიში და უბედურების მომტანი. ამიტომ, მათი აზრით, ბრძენი ადამიანი არ
აიღებს ხელში მმართველობის სადავეებს, რადგან მას არ ძალუძს შეაკავოს ბრბოს შლეგი და
მოუთვინიერებელი მისწრაფებები; ხოლო თავისუფალ ადამიანს კი, რომელიც სამკვდრო-
სასიცოცხლოდ ებრძვის უღირს და გავეშებულ მოწინააღმდეგეებს, არაფერში სჭირდება, მოექცეს
შეურაცხყოფის ქარცეცხლში ან დაელოდოს ბრძენი ადამიანისთვის მიუღებელ უსამართლობებს.
(VI, 10) მაგრამ ვინ შეიძლება გაამართლოს სახელმწიფო მოღვაწეობაზე ამის გამო უარის
თქმა? მათი სიტყვებით ხომ ბრძენი არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს სახელმწიფოს
ცხოვრებაში, თუ მას ამის აუცილებლობა არ ექნება ან გარემოებები არ აიძულებენ ამას. თითქოს
ვინმე შეიძლება შეეჯახოს იმაზე დიდ აუცილებლობას, ვიდრე მე შევეჯახე! რის გაკეთებას
შვძლებდი მაშინ მე კონსული რომ არ ვყოფილიყავი? მაგრამ როგორ ვიქნებოდი კონსული, სულ
ახალგაზრდობინავე რომ არ დავდგომოდი ცხოვრების იმ გზას, რომლის გავლის შემდეგაც, მე,
მხედრული ფენიდან გამოსულმა, მივაღწიე უმაღლეს საპატიო წოდებას? შესაბამისად,
მართალია, სახელმწიფოს საფრთხეები კი ემუქრება, მაგრამ იმის შესაძლებლობა, რომ მისი
დახმარება შეძლო - არ ჩნდება უცაბედად ან ჩვენი სურვილების შესაბამისად. საჭიროა, გეკავოს
ისეთი თანამდებობა, რომ ამგვარი მოქმედების უფლება გქონდეს. მაგრამ სწავლული
ადამიანების გამონათქვამებში მე ყველაზე მეტად მაკვირვებს ის, რომ როდესაც ზღვა მშვიდია,
ისინი უარს აცხადებენ საჭე მართონ, თუმცა გამოთქვამენ სურვილს, დადგნენ საჭესთან,
როდესაც ზღვაზე უძლიერესი შტორმია.
(VII, 12) მე ეს ყველაფერი სრულიად დასაბუთებულად იმის გამო გადმოვეცი, რომ
გადავწყვიტე მოცემულ წიგნში მესაუბრა სახელმწიფოს შესახებ. იმისათვის, რომ ეს საუბარი
ფუჭი არ გამომდგარიყო, მე თავდაპირველად უნდა გამეფანტა ეჭვები იმის შესახებ, ღირდა თუ
არა საერთოდ სახელმწიფოებრივი საქმიანობით დაკავება. მაგრამ, მაინც, რახან არსებობენ
ადამიანები, რომლებიც ანგარიშს უწევენ ფილოსოფოსთა ავტორიტეტს, დაე, თუნდაც მცირე
ხნით მოუსმინონ მათ, ვისი ავტორიტეტი და სახელიც ყველაზე სწავლული ადამიანების
თვალში უდიდესია.
3
სციპიონი: მით უფრო მეტად ვაღიარებ სოკრატეს სიბრძნეს, რადგან მან უარი თქვა
ჩასწვდომოდა ამ ყველაფერს და განაცხადა, რომ ბუნებრივი მოვლენების შესახებ საკითხები ან
მიუწვდომელია ადამიანის გონისთვის ან საერთოდ არ აქვს კავშირი ადამიანთა ცხოვრებასთან.
(16) ტუბერონი - არ მესმის პუბლიუს აფრიკელო, რატომ გვეუბნებიან, რომ სოკრატემ
საერთოდ უარი განაცხადა ამის განხილვაზე და მხოლოდ ადამიანთა ცხოვრებასა და ზნე-
ჩვეულებებს განიხილავდა. შეგვიძლია კი ჩვენ უფრო ავტორიტეტულ წყაროს დავეყრდნოთ მის
შესახებ მსჯელობისას, ვიდრე ეს პლატონია? პლატონის წიგნებში ხომ სოკრატე ბევრგან, ზნე-
ჩვეულებებსა და თვით სახელმწიფოზე მსჯელობისასაც კი, მაინც ცდილობს, პითაგორას
მსგავსად, ამ საკითხებს ციფრები, გეომეტრია და ჰარმონია დაუკავშიროს.
სციპიონი: ის, რასაც შენ ამბობ, სწორია. მაგრამ შენ ტუბერონ, ვფიქრობ იცი, რომ სოკრატეს
სიკვდილის შემდეგ, პლატონი ცოდნის შესაძენად ჯერ ეგვიპტეში წავიდა, შემდეგ კი იტალიასა
და სიცილიაში, რათა დეტალურად შეესწავლა პითაგორას აღმოჩენები...
(XX, 33) მუციუსი: შენი აზრით, ლელიუს, რა უნდა შევისწავლოთ ჩვენ, რომ შევძლოთ იმის
გაკეთება, რასც შენ ჩვენგან მოითხოვ?
ლელიუსი: ისეთი მეცნიერებები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ გაგვხადონ სახელმწიფოსთვის
გამოსადეგნი. რადგან ეს, ჩემი მოსაზრებით, სიბრძნის ყველაზე დიდი მოვალეობა, სათნოების
უდიდესი გამოვლინება და მისი ვალდებულებაა. ამიტომ, იმისათვის, რომ ეს სადღესასწაულო
დღეები მივუძღვნათ სახელმწიფოსთვის სასარგებლო საუბრებს, ვთხოვოთ სციპიონს –
განგვიმარტოს, რომელ სახელმწიფო წყობას მიიჩნევს ის საუკეთესოდ. შემდგომ განვიხილოთ
სხვა საკითხებიც.
(XXII, 35) სციპიონი: მე, მართალი რომ გითხრათ, არანაირი სხვა თემისადმი არ ვარ ისე
გულისყურით და ინტერესით განწყობილი, როგორც შენ მიერ შემოთავაზებული
საკითხისადმი, ლელიუს; და მართლაც, როდესაც ვხედავ, რომ თავისი საქმის ყველა
გამოჩენილი ოსტატი მთელ თავის ფიქრებს, განზრახვებს და ზრუნვას მიმართავს მხოლოდ
იმისკენ, რომ უკეთ დაუფლოს მას - მე, რომელსაც ჩემმა მშობლებმა დამიტოვეს მხოლოდ ეს
ერთი საქმიანობა - სახელმწიოფზე ზრუნვა და მისი მმართველობა, ხომ არ მომიწევს იმის
აღიარება, რომ ნაკლებ საქმიანი ვარ, ვიდრე ნებისმიერი ოსტატი, რადგან ყველაზე დიდ
ხელოვნებას ვახარჯავ იმაზე ნაკლებ ძალისხმევას, ვიდრე ოსტატები ახარჯავენ ყველაზე
მცირე საქმეს? მაგრამ მე არ მაკმაყოფილებს გამოჩენილი და ბრძენი ბერძნების მიერ
მოცემულ საკითხებზე დატოვებული ნაშრომები და ვერ ვბედავ, ჩემი ხედვები მათ
ხედვებზე მაღლა დავაყენო. ამიტომ, გთხოვთ მომისმინოთ, როგორც ადამიანს, რომელიც
4
არც ისე შორსაა ბერძენთა სწავლებებისგან და რომელიც მათ სწავლებებს ჩვენ
სწავლებებთან შედარებით უპირატესობას სულაც არ ანიჭებს, მით უმეტეს ამ საკითხში.
არამედ, მომისმინეთ როგორც ერთ-ერთს ტოგით შემოსილთაგანს, რომელმაც მამამისის
მზრუნველობის შედეგად ძალიან ფართო განათლება მიიღო და ჯერ კიდევ მოზარდობის
პერიოდში აღენთო სწავლის სურვილით, თუმცა საკუთარი განათლება უფრო მეტად
საკუთარი მოღვაწეობითა და სახლში მითითებული დარიგებებით უფრო გაიფართოვა, ვიდრე
წიგნების კითხვით.
(XXV, 39) სციპიონი: ამგვარად, სახელმწიფო არის ხალხის მონაპოვარი. ხოლო ხალხი
არის არა რაიმე სახით ერთმანეთთან შეკრებილი ადამიანების ნებისმიერი გაერთიანება,
არამედ, ესაა მრავალი ადამიანის ერთობა, რომლებსაც აერთიანებთ სამართლის საკითხების
ირგვლივ თანხვედრა და ინტერესთა ერთიანობა. ადამიანთა მსგავსი სახით გაერთიანების
პირველ მიზეზად გვევლინება არ იმდენად მათი სისუსტე, რამდენადაც მათი
თანდაყოლილი მოთხოვნილება - იცხოვრონ ერთად. ადამიანი არაა მიდრეკილი
განცალკავებით ცხოვრებისა და მარტო ხეტიალისკენ, არამედ შექმნილია იმისთვის, რომ
თვით ყველაფრის სიჭარბის პირობებშიც კი არ განდგეს სხვა ადამიანებისგან.
(40) რა არის სახელმწიფო, თუ არა ხალხის მონაპოვარი? ამგვარად, მონაპოვარი
საერთოა, ყოველ შემთხვევაში, ის სამოქალაქო თემის მონაპოვარია. მაგრამ რაა სამოქალაქო
თემი, თუ არა ადამიანთა სიმრავლე, რომლებიც თანხმობის საფუძველზე არიან
ურთიერთდაკავშირებულნი?
ქალაქის საფუძვლის ჩაყრისთვის მხოლოდ ერთ მიზეზს არ განიხილავდნენ. ზოგიერთი
ამბობს, რომ ადამიანები, დაეხეტებოდნენ რა ტყეში და ღრეში, არ იყვნენ არც მეტყველებით
და არც უფლებებით ერთმანეთთან დაკავშირებულნი და ბალახსა და ტოტებს იყენებდნენ
დასაძინებლად, ხოლო ორმოებსა და გამოქვაბულებს - სახლებად, ხშირად ხდებოდნენ
გარეული ნადირისა და უფრო ძლიერი ცხოველების მსხვერპლნი. შემდგომ, ის ადამიანები,
რომლებიც დაიჭრნენ, მაგრამ გადარჩნენ და დაინახეს როგორ დაგლიჯა მათი ახლობლები
გარეულმა ნადირმა, დახმარების იმედით გაერთიანდნენ სხვა ადამიანებთან, რამდენადაც
გააცნობიერეს ის საფრთხე, რაც მათ ემუქრებოდათ. თავდაპირველად ისინი ერთმანეთს
ეურთიერთობოდნენ ნიშნებით, შემდგომ დაიწყო დალაპარაკების პირველი მცდელობები.
მოგვიანებით, მათ, უწოდეს რა სახელები სხვადასხვა საგანს, თანდათანობით დახვეწეს
თავიანთი მეტყველება. ხედავდნენ, რა რომ ხალხს გარეული ნადირისგან ვერ დაიცავდნენ,
5
დაიწყეს ქალაქების მშენებლობა, რათა უზრუნველეყოთ ღამის სიმშვიდე და თავიდან
აეცილებინათ გარეული ნადირის თავდასხმები ისე, რომ არ შებრძოლებოდნენ მათ.
(XXVI, 41) ....ადამიანს სამართლიანობის მარცვლები რომ არ ჰქონოდა, ვერც სხვა
სათნოებები გაჩნდებოდა და ვერც თავად სახელმწიფო. ამგვარად, ადამიანთა ამ
გაერთიანებამ, რომელიც შეიქმნა იმ მიზეზით, რაზეც მე უკვე ვისაუბრე,
თავდაპირველად თავისთვის შეარჩია გარკვეული ტერიტორია საცხოვრებლად. გამოიყენა
რა ბუნებრივი თავდაცვის საშუალებები და ამას დაუმატა ასევე ხელოვნური თავდაცვაც,
მათ საცხოვრებელთა ამგვარ ერთიანობას უწოდეს ციხე–სიმაგრე ან ქალაქი და მოაწყვეს
მასში რელიგიური და საზოგადოებრივი ადგილები.
ამგვარად, ნებისმიერი ხალხი, რომლებიც ჩემ მიერ აღწერილი მსგავსი მრავალი
ადამიანის ერთიანობას წარმოადგენს, სახალხო დადგენილებით შექმნილი ნებისმიერი
სამოქალაქო თემი, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც, როგორც მე ვთქვი, სახალხო
მონაპოვარია, იმისათვის, რომ უფრო დღეგრძელი იყოს, უნდა იმართებოდეს საბჭოს მიერ;
ხოლო მოცემული საბჭო პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს იმ საფუძვლებს, რასაც
დაეფუძნა სამოქალაქო თემი. შემდგომ, მათი განხორციელება უნდა დაევალოს ან ერთ
ადამიანს, ან რამდენიმე არჩევით ადამიანს ან კი ის თავის თავზე უნდა აიღოს ბევრმა
ადამიანმა, ანუ ხალხმა; როდესაც უმაღლესი ხელისუფლება არის ერთი ადამიანის ხელში,
ჩვენ ამ ერთს ვუწოდებთ მეფეს, ხოლო მოცემულ სახელმწიფო წყობას კი სამეფო
ხელისუფლებას. როდესაც ის არის არჩეულთა ხელში, მაშინ ამბობენ, რომ მოცემული
სამოქალაქო თემი იმართება ოპტიმატების ნების საფუძველზე. სახალხო კი იმგვარი (მას
ხომ სწორედ ასე უწოდებენ) ერთობაა, სადაც ყველაფერი ხალხის ხელშია. მოცემული სამი
ფორმა - თუკი შენარჩუნებულია ის კავშირი, რამაც პირველად მჭიდროდ გააერთიანა
ადამიანები სახელმწიფოს ერთობლივი ძალებით შექმნის საქმეში - არაა სრულყოფილი, და
ჩემი აზრით არც საუკეთესო, მაგრამ მათი ატანა მაინც შესაძლებელია, თუმცა ერთი
მათგანი შეიძლება მეორეზე უკეთესი იყოს. რადგან სამართლიანი და ბრძენი მეფის
მდგომარეობა, ისევე როგორც არჩეული მოქალაქეებისა და თვით ხალხისაც კი (თუმცა, ეს
უკანასკნელი ყველაზე ნაკლებად იმსახურებს მოწონებას) მაინც შეიძლება სრულიად მყარი
იყოს, თუ ამას წინ არ აღუდგება უსამართლო ქმედებები ან ვნებები.
(XXVII, 43) მაგრამ სამეფო ხელისუფლების დროს ყველა სხვა ადამიანი ჩამოშორებულია
ყველასთვის საერთო კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების საქმეს. ასევე, ოპტიმატების
მმართველობისას ხალხს ნაკლებად შეუძლია თავისუფლებით სარგებლობა, რამდენადაც მას
6
ჩამორთმეული აქვს ერთობლივ თათბირებსა და მმართველობაში მონაწილეობის ყველა
უფლება. როდესაც ყველაფერი ხალხის ნებით წყდება, რამდენად სამართლიანი და ზომიერიც
არ უნდა იყოს ის, თავად მოცემული თანასწორობა არაა სამართლიანი, რადგან მასში არაა
სხვადასხვა საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის დამახასიათებლი საფეხურები. ამიტომ,
მართალია ცნობილი სპარსელი კიროსი ყველაზე სამართლიანი და ბრძენი მეფე იყო, მაინც არ
ღირდა ასეთი „ხალხის მონაპოვრისადმი“ განსაკუთრებით ლტოლვა (როგორც უკვე ვთქვი,
სწორედ ესაა სახელმწიფო), რამდენადაც სახელმწიფო იმართებოდა ერთი ადამიანის ნებითა და
ძალაუფლებით.
(XXVIII, 44) და მე ამას ვამბობ სახელმწიფო წყობილების სამ ფორმაზე, თუ ისინი არაა
დარღვეული ან ერთმანეთში აღრეული და ინარჩუნებენ მათთვის დამახასიათებელ თვისებებს.
პირველ რიგში, მოცემულ სამივე წყობას ახასიათებს ვნებები, რომელთა შესახებაც მე უკვე
ზემოთ ვისაუბრე. შემდეგ, მას ახასიათებს სხვა ცოდვებიც, რომლებიც მე ასევე უკვე ვახსენე.
რადგან მოცემული სამი მმართველობის ფორმიდან არცერთი არაა ისეთი, რომლის პირობებშიც
სახელმწიფო სხვადასხვა ირიბი თუ პირდაპირი გზით არ მიექანებოდეს მისგან არც თუ ისე
შორს მყოფი ამა თუ იმ უბედურებისკენ.
(XXIX, 45) მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდ მოწონებას იმსახურებს სახელმწიფო მოწყობის
მეოთხე ფორმა, რამდენადაც ის წარმოქმნილია ჩემ მიერ მანამდე დასახელებული სამი ფორმის
თანაბარი შერევისგან.
(XXXI, 47) სციპიონი: .... და ყოველი სახელმწიფო ისეთია, როგორიცაა მისი მმართველის
ნება და ხასიათი. ამიტომ, მხოლოდ იმ სახელმწიფოში, სადაც ხალხის ძალაუფლება ყველაზე
მეტია, შეიძლება არსებობდეს თავისუფლება. მასზე სასიამოვნო ხომ არაფერი შეიძლება იყოს!
და ის, თუ ყველასთვის თანასწორი არაა, უკვე აღარაა თავისუფლება. მაგრამ როგორ შეიძლება
ის იყოს ყველასთვის თანასწორი, აღარც კი ვამბობ სამეფო ხელისუფლების დროს, როდესაც
მონობა დაფარულიც კი არაა და ეჭვს არ იწვევს, არამედ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც სიტყვის
მასალად მაინც ყველა თავისუფალია? მართალია მოქალაქეები ხმას აძლევენ, გადასცემენ
იმპერიებს და მაგისტრატურებს, რიგ-რიგობით უვლიან გვერდს, ესწრაფვიან რა არჩევას. მათ
განსახილველად სთავაზობენ წინადადებებს, მაგრამ ისინი ხომ იმას იძლევიან, რაც ისედაც
უნდა მიეცათ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი; მათ თავადაც აკლიათ ის, რასაც სხვები
მათგან ითხოვენ. ისინი ხომ არ ფლობენ საბჭოში სახელმწიფო საქმეების განხილვის და
სასამართლოში მონაწილეობის უფლებას, სადაც სხდომებს თავმჯდომარეობენ რჩეული
7
მოსამართლეები; აკლიათ ყველაფერი ის, რაც დამოკიდებულია გვარის სიძველესა და
სიმდიდრეზე.
(XXXII, 48) როდესაც ხალხში იყო ერთი ან რამდენიმე მეტ-ნაკლებად მდიდარი და
ძლევამოსილი ადამიანი, მაშინ - ამბობენ ისინი, მათი ქედმაღლობის გამო იქმნებოდა სწორედ
ზემოთ მოყვანილი მდგომარეობა, რადგანაც მხდალი და სუსტი ადამიანები
უთმობდნენ მდიდრებს და თავს იხრიდნენ მათი თვითნებობის წინაშე. მაგრამ თუ
ხალხი ინარჩუნებს თავის უფლებებს, მაშინ - ამბობენ ისინი, ესაა ყველაზე კარგი
მდგომარეობა, თავად თავისუფლება, თავად კეთილდღეობა, რადგანაც იგი განაგებს
კანონებს, მართლმსაჯულებას, ომისა და მშვიდობის საქმეებს, მოკავშირეობის
ხელშეკრულებებს, თითოეული მოქალაქის უფლებებს და ქონებას. მათი აზრით,
მხოლოდ მოცემული ტიპის მოწყობას შეიძლება ეწოდოს სახელმწიფო, ანუ ხალხის
მონაპოვარი. ამიტომ, მათი აზრით, „ხალხის მონაპოვარი,“ როგორც წესი,
თავისუფალია მეფეთა და „მამათა“ განმგებლობისგან, მაგრამ ისე არ ხდება, რომ
თავისუფალი ხალხები თავისთვის ეძიებდნენ მეფეებს ან ოპტიმატების
ძლევამოსილებასა და ძალაუფლებას. არ არსებობს რამე უფრო უცვლელი და უფრო
მყარი, ვიდრე თანხმობაში მყოფი ხალხი; მაგრამ ყველაზე ადვილად მოცემული ტიპის
თანხმობა ისეთ სახელმწიფოში მიიღწევა, სადაც ყველასთვის ერთი და იგივე რამაა
სასარგებლო. ინტერესთა განსხვავებულობის გამო, როდესაც ერთს აწყობს ერთი რამ,
მეორეს კი – სხვა რამ, წარმოიქმნება განხეთქილებები. ამიტომ, სახელმწიფო წყობილება
არასდროს ყოფილა მყარი, როცა კი ძალაუფლება „მამებს“ ჰქონდათ მოპოვებული; და კიდევ
უფრო ნაკლებად მყარია სამეფო ხელისუფლების პირობებში...
ამიტომ, თუ კანონი სამოქალაქო საზოგადოების შემაკავშირებელი რგოლია, ხოლო
კანონის მიერ დადგენილი უფლებები ყველასთვის თანაბარია, მაშინ რა უფლების
საფუძველზე უნდა იარსებოს მოქალაქეთა საზოგადოებამ, როდესაც მათი
მდგომარეობა არაა თანაბარი? და მართლაც, როდესაც ადამიანები არ არიან თანახმა,
გაათანაბრონ ქონება, როცა ყველა ადამიანის გონება ვერ იქნება ერთგვაროვანი, ერთი
და იმავე სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებები მაინც უნდა იყოს ერთგვაროვანი. და
განა რაა სახელმწიფო, თუ არა საერთო წესთწყობილება?
(XXXIV, 51) სახელმწიფო რომ მოულოდნელობებით იმართებოდეს, ის ისევე სწრაფად
დაიღუპებოდა, როგორც ხომალდი, რომლის საჭესთანაც მგზავრთა რიგებიდან წილისყრით
არჩეული მესაჭე რომ დამდგარიყო. ამიტომ, თუ თავისუფალი ხალხი აირჩევს ადამიანებს,
8
რომლებსაც საკუთარ თავს ჩააბარებდა (და აირჩევდა მხოლოდ საუკეთესობს თუკი საკუთარ
კეთილდღეობაზე ფიქრობს), მაშინ სახელმწიფოს კეთილდღეობა უეჭველია საუკეთესო
ადამიანების სიბრძნის ხელში იქნება. მით უმეტეს, თავად ბუნების კანონია, რომ არა მარტო
ადამიანები, რომლებიც სხვებს აღემატებიან მამაცობითა და ღირსებებით, უნდა მეთაურობდნენ
უფრო სუსტებს, ეს უკანასკნელიც მოხარულნი არიან დაემორჩილონ მათ.
მაგრამ ეს საუკეთესო წყობილება, მათი აზრით, დაამხო ადამიანებში არასწორი გაგებების
გაჩენამ. ისინი, არ იციან რა, რა არის სიქველე (ეს ხომ მხოლოდ მცირეთა ხვედრია და მხოლოდ
ცოტას თუ შეუძლია მისი დანახვა და დაფასება) მიიჩნევენ, რომ მდიდარი და შეძლებული, ასევე
მაღალი წარმომავლობის ადამიანებიც - ყველაზე კარგები არიან. როდესაც მდაბიოთა ამ ტიპის
მცდარი აზროვნების გამო სახელმწიფოს მართვას იწყებს მცირეთა სიმდიდრე და არა ღირსება,
ეს ადამიანები ჩაფრენილნი არიან ოპტიმატების წოდებას, მაგრამ სინამდვილეში არ
იმსახურებენ მას; რადგან სიმდიდრე, გვარიშვილობა, გავლენა - სიბრძნის, ცხოვრებისა და სხვა
ადამიანების განმგებლობის ცოდნის არარსებობის პირობებში შედეგად იძლევა მხოლოდ
უღირსობას და ქედმაღლურ სიამაყეს; და არ არსებობს მმართველობის იმაზე მახინჯი ფორმა,
ვიდრე ის, სადაც უმდიდრესი ადამიანები საუკეთესოებად მიიჩნევიან; განა რა შეიძლება იყოს
იმ მდგომარეობაზე უკეთესი, როდესაც სახელმწიფოს მართავს სიქველე; როდესაც ის, ვინც
სხვებს მართავს, თავად არ ემონება არცერთ ვნებას; როდესაც ის თავადვეა აღვსილი
ყველაფრით, რისკენაც მოუწოდებს და ასწავლის მოქალაქეებს და არ ახვევს თავს ხალხს ისეთ
კანონებს, რომლებსაც თავად არ დაემორჩილებოდა; პირიქით, საკუთარი ცხოვრებით აჩვენებს
თანამოქალაქეებს კანონს? და ასეთ ადამიანს მარტოს რომ შეეძლოს მიაღწიოს ყველაფერს, არ
იქნებოდა მმართველთა დიდი რაოდენობის საჭიროება. რა თქმა უნდა, ყველას რომ შეეძლოს
საუკეთესოს დანახვა და ამის თაობაზე თანხმობის მიღწევა, მაშინ არავინ აღარ მიელტვოდა იმას,
რომ არჩევითი მმართველები ჰყოლოდა. მაგრამ სწორედ გადაწყვეტილების მიღების სირთულემ
მოიტანა შედეგად მეფისგან ადამიანთა სიმრავლის ხელში ძალაუფლების გადასვლა, ხოლო
ხალხის უგუნურებამ და მცდარმა აზრებმა - ძალაუფლების ბრბოდან მცირეთა ხელში
გადასვლა. სწორედ მსგავს პირობებში, ერთი ადამიანის ძალების სისუსტისა და მრავალთა
უგუნურებას შორის, ოპტიმატებმა შუალედური მდგომარეობა დაიკავეს, რაც მმართველობის
ყველაზე ზომიერ ფორმას წარმოადგენს. როდესაც სახელმწიფოს ისინი მართავენ, ბუნებრივია,
ხალხი განცხრომაშია, რადგან თავისუფალია ყოველგვარი საქმიანობისგან და განსჯისგან და
საკუთარ სიმშვიდეზე ზრუნვა სხვებისთვის აქვს მინდობილი; ოპტიმატები უნდა ზრუნავდნენ
მასზე და ხალხს არ აძლევდნენ იმის ფიქრის მიზეზს, რომ ხელისუფლებაში მყოფნი მათი
9
ინტერესებისადმი გულგრილნი არიან. რადგან თანაბარუფლებიანობა, რომლებსაც ასე არიან
მიჯაჭვულნი თავისუფალი ადამიანები, ვერ იქნება დაცული და ეს ეგრეთ წოდებული
თანასწორობა უმაღლეს დონეზე უსამართლობაა (ხალხი ხომ, მიუხედავად იმისა, რომ
თავისუფალია და მას არ ადევს ბორკილები, როგორც წესი, დიდი უფლებებით აღჭურავს
ადამიანთა დიდ რაოდენობას და მათი რიგებიდან ხდება შერჩევა, რომელიც დაფუძნებულია
როგორც თავად ადამიანების თვისებებზე, ასევე მათ საზოგადოებრივ მდგომარეობაზე);
როდესაც უმაღლესი და უმდაბლესი მდგომარეობის ადამიანებს - და ასეთები აუცილებლად
ყველა ხალხში არსებობს - თანაბარი პატივი მიეგებათ, მაშინ თავად თანასწორობა არის
უკიდურესად უსამართლო. იმ სახელმწიფოებში, სადაც საუკეთესო ადამინები მართავენ, ეს არ
შეიძლება მოხდეს. სწორედ მგავსი არგუმენტები მოჰყავთ ადამიანებს, ლელიუს, მოცემული
სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმის დასაცავად.
(XXXV, 54)ლელიუსი: და შენ სციპიონ? სახელმწიფოებრივი მოწყობის მოცემული სამი
ფორმიდან რომელს ანიჭებ უპირატესობას?
სციპიონი: შენ ყოველგვარი საფუძველი გაქვს დაინტერესდე, სახელმწიფო წყობილების
რომელი ფორმა მომწონს მე. არცერთი მათგანი, ცალკე აღებული, თავისთავად, ჩემთვის
მოსაწონი არაა და მათი შერევის შედეგად მიღებულ წყობილებას ვამჯობინებ. მაგრამ საჭირო
რომ იყოს რომელიმე ერთი წყობილების სუფთა სახით აღება, მაშინ მე მოვიწონებდი სამეფო
ხელისუფლებას და მას დავაყენებდი პირველ ადგილზე. ...მეფის სახელი მე მომაგონებს
თითქოდა მამის სახელს, რომელიც ზრუნავს თავის თანამოქალაქეებზე, როგორც საკუთარ
შვილებზე... მაგრამ აი, ოპტიმატები ამბობენ, რომ იმავეს აკეთებენ ისინი უკეთესად და თან,
ბევრ ადამიანში სიბრძნე მეტი იქნება, ვიდრე ერთ ადამიანში, ხოლო სამართლიანობა და
პატიოსნება კი - იგივე. ხალხი კი, გამაყრუებლად გაჰყვირის, რომ ის არაა თანახმა
დაემორჩილოს არც ერთ მმართველს და არც რამდენიმეს, რომ მხეცებისთვისაც კი
თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია და რომ თავისუფლებას მოკლებულია ყველა, ვინც
მონობაშია, მიუხედავად იმისა ვისი მონები არიან ისინი: მეფის თუ ოპტიმატების. ამგვარად,
მეფეები საკუთარი კეთილგანწყობით გვიზიდავენ, ოპტიმატები – სიბრძნით, ხალხი –
თავისუფლებით. შედარებისას ძნელია აირჩიო, რომელი შეიძლება ისურვო უფრო მეტად.
(57) პლატონი მხარს უჭერს მონარქიას, ამბობს რა, რომ არებობს ერთი ღმერთი, რომელმაც
შექმნა და საკუთარი გასაოცარი ჩანაფიქრის მიხედვით მოაწესრიგა სამყარო. პლატონის
მოსწავლე, არისტოტელე აღიარებს ერთიანი გონის არსებობას, რომელიც განაგებს სამყაროს...
ანტისფენი აღიარებს ერთიანი ღვთაების არსებობას - ბუნებას, რომელიც განაგებს მთელ
10
სამყაროს. დიდ დროს წაიღებდა იმ ყველაფრის განხილვა, რაც კი წარსულში გამოუთქვამთ
უმაღლეს ღვთაებაზე თალესს, პითაგორას ან ანაქსიმენოსს, ხოლო მოგვიანებით კი სტოიკოსებს
კლეფანოსს, ქრისიპესს და ზენონს, ხოლო ჩვენებისგან კი სენეკას– სტოიციზმის მიმდევარს და
თვით ტულიუსს; ისინი, ხომ ყველანი იმას ცდილობდნენ, განესაზღვრათ რას წარმოადგენდა
ღმერთი და ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ის ერთი განაგებს სამყაროს და რომ ის არ ემორჩილება
ბუნებას, რადგან თავად მთელი ბუნება მისი შექმნილია.
სციპიონი: ამგვარად, იცი შენ რომ მას შემდეგ რაც ჩვენი ქალაქი მეფეების გარეშე არსებობს,
დაახლოებით 400 წელი გავიდა უკვე?
ლელიუსი: კი, 400 წელზე ნაკლები.
სციპინი: და რა მერე? განა ქალაქისა და სამოქალაქო თემის არსებობისთვის მოცემული
ოთხასი წელი ძალიან დიდი დროა?
ლელიუსი: არა, ეს მხოლოდ ახალგაზრდობის ხანაა.
სციპიონი: ამგვარად, 400 წლის წინ რომში მეფე იყო?
ლელიუსი: დიახ და თანაც ამაყი.
სციპიონი: და მანამდე?
ლელიუსი - ყველაზე სამართლიანი. ხოლო მანამდე კი, რომულუსის ჩათვლით,
რომელიც ჩვენამდე 600 წლით ადრე იყო მეფე, მთელი რიგი სამართლიანი მეფეები.
სციპიონი: აქედან გამომდინარე, თვით ისიც კი, არც ისე დიდი ხნის წინ ცხოვრობდა
ხომ?
ლელიუსი: სულაც არა. ამ დროს საბერძნეთმა უკვე დაბერება დაიწყო.
სციპიონ: თქვი, განა რომულუსი ბარბაროსების მეფე იყო?
ლელიუსი: თუ როგორც ბერძნები ამტკიცებენ, ყველა ადამიანი ან ბერძენია ან
ბარბაროსი, მაშინ ის ალბათ ბარბაროსების მეფე იყო. თუ მსგავსი სახელის წოდება
შეიძლება ზნე–ჩვეულებების და არა ენის საფუძველზე, მაშინ ვფიქრობ, რომ ბერძნები
რომაელებზე არანაკლები დოზით იყვნენ ბარბაროსები.
სციპიონი: მაგრამ ჩვენ, ჩვენი საუბრის თემიდან გამომდინარე, არ ვსაუბრობთ ტომის
შესახებ. მართლაც, თუ გონიერმა ადამიანებმა და არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მოისურვეს,
ჰყოლოდათ მეფეები, მაშინ მე მყავს მოწმეები, არცთუ ისე ძველები, რომლებიც არც
ველურები არიან და არც განათლება აკლიათ.
ლელიუსი: გთხოვ, თქვი რა განსხვავებაა ერთ და რამდენიმე მმართველს შორის, თუ
სამართლიანობა რამდენიმე ადამიანის ხელშია?
11
სციპიონი: როგორც მივხვდი, ლელიუს, ეს ჩემი მოწმეები შენზე დიდ გავლენას არ
ახდენენ. ამიტომ მე თავად შენვე აგიყვან მოწმედ, რათა დაგიმტკიცო საკუთარი სიტყვების
სისწორე.
მე? - იკითხა ლელიუსმა - როგორ?
სციპიონი: ახლახანს როდესაც ქალაქგარეთ შენ სახლში ვიყავით, მე შევნიშნე, როგორ
არიგებდი შენი სახლის მობინადრეებს, მკაცრად დამორჩილებოიდნენ მხოლოდ ერთ
ადამიანს.
ლელიუსი: რა თქმა უნდა, სახლის მმართველს.
სციპიონი: და ქალაქის სახლში? განა იქ რამდენიმე ადამიანი განაგებს შენ საქმეებს?
ლელიუსი: არა, ერთი.
სციპიონი: და შენ გარდა შენი სახლის საქმეებს კიდევ სხვა ვინმე განაგებს?
ლელიუსი: რა თქმა უნდა არა.
სციპიონი: მაშინ რატომ არ მეთანხმები ამ მხრივ სახელმწიფო საქმეების საკითხშიც,
რომ ცალკეული ადამიანების მმართველობა, თუ ისინი სამართლიანი ადამიანები არიან,
არის კიდეც საუკეთესო სახელმწიფო წყობილება?
ლელიუსი: შენ თითქმის მაიძულებ, დაგეთანხმო.
(XL,62) სციპიონი: შენ, ლელიუს, იმაზე მეტად დამეთანხმები თუ მე, გვერდზე გადავდებ
რა ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ხომალდის ერთი მესაჭისთვის, ხოლო ავადმყოფის ერთი
ექიმისთვის (თუ, რა თქმა უნდა ორივე კარგად ფლობს თავის ხელოვნებას) ჩაბარება უფრო
სწორია, ვიდრე მრავალთათვის. გადავალ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე.
ლელიუსი: კონკრეტულად რაზე?
სციპიონი: განა შენ თავად ვერ ხედავ, რომ ერთი ადამიანის, ტარკვინიუსის
განუზომელი ქედმაღლობის გამო თავად ტერმინი „მეფეც“ კი ჩვენი ხალხისთვის
საძულველი გახდა?
კი, ამას ვხედავ - თქვა ლელიუსმა.
(XLII,65) სციპიონი: როდესაც მე გამოვთქვამ მოსაზრებას სახელმწიფო მოწყობის იმ
ფორმაზე, რომელიც საუკეთესოდ მიმაჩნია, მომიწევს უფრო დეტალურად ვისაუბრო
სახელმწიფოში გარდაქმნებზეც, თუმცა ასეთ სახელმწიფოში გარდაქმნები, ჩემი აზრით, არც
თუ ისე ადვილად მოხდება. მაგრამ სამეფო მმართველობის პირობებში პირველი და ყველაზე
გარდაუვალი ცვლილება შემდეგია: როდესაც მეფე ხდება უსამართლო, სახელმწიფო
მმართველობის ფორმა მაშინვე ინგრევა, ხოლო ეს მმართველი კი ტირანად იქცევა. ეს
12
სახელმწიფო წყობილების ყველაზე ცუდი ფორმაა და ამასთანავე, საუკეთესოსთან ყველაზე
ახლოს მდგომიც. თუ მას დაამხობენ ოპტიმატები, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე,
მაშინ სახელმწიფოში მყარდება სამი მოცემული ფორმიდან მეორე; ეს ფორმა წააგავს სამეფო
ხელისუფლებას, უფრო სწორად, ეფუძნება „მამებისგან“ შემდგარი საბჭოს მმართველობას,
რომელიც ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე. თუ ხალხი საკუთარი ხელით მოკლავს ან
განდევნის ტირანს, მაშინ ის მეტ-ნაკლებად ზომიერია მანამ, სანამ აკონტროლებს საკუთარ
გრძნობებს და გონებას, ხარობს საკუთარი ქმედებით და სურს, დაიცვას მის მიერვე
დამყარებული წყობილება. მაგრამ თუ ხალხმა ძალა გამოიყენა სამართლიანი მეფის
წინააღმდეგ ან ჩამოართვა მას სამეფო ხელისუფლება, ან თუ სისხლით ჩაახშო ოპტიმატთა
მმართველობა (და ეს კიდევ უფრო ხშირად ხდება) და საკუთარ თვითნებობას დაუმორჩილა
მთელი სახელმწიფო (იცოდე, ლელიუს, რომ ცეცხლისა და აღელვებული ზღვის
დამშვიდებაც კი უფრო ადვილია, ვიდრე ბრბოსი, რომელმაც მისთვის უჩვეულო
პირობებში აღმოჩენის გამო, არ იცის როგორ შეჩერდეს) მაშინ ხდება ის, რაც ასე
ნათლად აღწერა პლატონმა - თუკი მე ძალმიძს გადმოვცე ეს ლათინურ ენაზე.
რთულია ამის გაკეთება, მაგრამ მე მაინც ვცდი.
სციპიონი: (XLV,69) - ყველაფრის გათვალისწინებით, დასაწყისში მოყვანილი
მმართველობის სამი ფორმიდან, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო ის სამეფო ხელისუფლებაა,
რომელიც მმართველობის სამი ყველაზე კარგი ფორმის შერევის შედეგად იქნება შედგენილი.
რადგან სასურველია, რომ სახელმწიფოში იყოს რაღაც გამორჩეული და მეფური, რომ მისი
ძალაუფლების ერთი ნაწილი გაუქმდეს და გადაეცეს პირველობის მქონე ადამიანების
ავტორიტეტს, ხოლო ზოგიერთი საქმე კი დაექვემდებაროს ხალხის ნებასა და განმგებლობას.
მსგავს მმართველობას, პირველ რიგში, ახასიათებს დიდი თანასწორობა, რომლის გარეშეც
თავისუფალი ადამიანები ვერ იარსებებდნენ; შემდგომ, სიმყარე, რადგანაც ზემოთ ნახსენები
სახელმწიფო წყობილების ტიპები ადვილად გარდაიქმნებიან თავისივე საპირისპირო ცუდ
ფორმებში - რომლის შედეგადაც მეფე ხდება მბრძანებელი, ოპტიმატები ხროვად იქცევიან,
ხალხი - მერყევ ბრბოდ. სწორედ ეს ფორმები იცვლება ხშირად ახალი ფორმებით, მაშინ
როდესაც გონივრულად შერეულ სახელმწიფო წყობილებაში ეს თითქმის არასდროს ხდება,
მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების დიდი გაფუჭებულობის შემთხვევაში; და
მართლაც, არ არსებობს ცვლილებების მიზეზი იქ, სადაც თითოეულის მდგომარეობა მყარია და
ის ვერსად გადაიჩეხება ან გადავარდება.
13
პირველი დღე.
წიგნი 2
რადგან ყველას ერთი სული ჰქონდა მოესმინათ, სციპიონმა თავისი სიტყვა ასე დაიწყო:
აი, მოხუცი კატონის სიტყვები, რომელსაც როგორც იცით, მე განსაკუთრებით დიდ
პატივს ვცემდი და რომლის წინაშეც ქედს ვიხრიდი; მე ხომ ჩემი ორივე მამის
გადაწყვეტილებითა და საკუთარი სურვილით, ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდანვე მას
ვუძღვნიდი მთელ ჩემს დროს.
კატონი ჩვეულებრივ, ამბობდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი წყობილება ყველა სხვა
სახელმწიფოს წყობილებაზე კარგია იმიტომ, რომ მასში შეიძლება ითქვას, ცალკეული
ადამიანები ქმნიდნენ სახელმწიფო წყობას საკუთარი კანონების და დადგენილებების
საფუძველზე. მაგალითად, კრეტელები - მინოსის კანონებით, ლაკედემონელები -
ლიკურგეს კანონებით, ათენელები, რომელთა სახელმწიფო წყობილება ძალიან ხშირად
იცვლებოდა, თავიდან თესეის, შემდეგ - დრაკონის, შემდეგ სოლონის, კლისთენეს და სხვა
ბევრ კანონთა საფუძველზე, ხოლო ბოლოს კი ძალიან დასუსტებულ სახელმწიფოს
დაღუპვის საშუალება არ მისცა ერთმა განსწავლულმა ადამიანმა, დემეტრიუს ფალერსკიმ;
ამისგან განსხვავებით, ჩვენი სახელმწიფო შექმნილია არა ერთი ადამიანის, არამედ ბევრი
ადამიანის გონებით და არა ერთი ადამიანის სიცოცხლის პერიოდში, არამედ საუკუნეების
და რამდენიმე თაობის სიცოცხლის განმავლობაში; რადგან, ამბობდა კატონი, არასდროს
უარსებია ისეთი ნიჭიერებით დაჯილდოებულ ადამიანს, რომელსაც არაფერი
გამოეპარებოდა; შეუძლებელია, რომ ერთ ადამიანში თავმოყრილი ყველა ნიჭი
გამოვლინდეს ხანგრძლივი გამოცდილების გარეშე.
(XXIII, 41) საუკეთესო სახელმწიფო წყობილებად მე მიმაჩნია ისეთი წყობილება,
რომელიც შესაბამისი ნორმების დაცვის საფუძველზე, შედგენილი იქნებოდა სამი ტიპის –
სამეფო, ოპტიმატების და ხალხის ძალაუფლებებისგან და არ წარმოშობდა ადამიანებში
სასტიკ და ბოროტ გრძნობებს.
(42) (ეს გამოსცადა კართაგენმა), რომელიც 65 წლით უფრო ძველია, რადგან დაარსდა
პირველ ოლიმპიადამდე 39 წლით ადრე. სახელგანთქმული ლიკურგეც, რომელიც უძველეს
დროში ცხოვრობდა, თითქმის ამასვე გულისხმობდა. ამგვარად, ეს წონასწორობა და სამი
ტიპის ძალაუფლებისგან შემდგარი მოცემული სახელმწიფო წყობილება, როგორც მე
მგონია, საერთო გვქონდა ჩვენ ამ ხალხებთან (იგულისხმება კართაგენი და სპარტა; ს.დ);
მაგრამ იმას, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი, და რაზე მშვენიერიც
14
ვერაფერი იქნება, მე, თუ შევძლებ, უფრო დეტალურად განვიხილავ. რადგან ყველა საწყისი,
რომელიც მე აქამდე აღვწერე, არსებობდა ჩვენ სახელმწიფოშიც, ლაკედემონელებთანაც,
კართაგენელებთანაც - მაგრამ არა თანაბრად. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოში, სადაც ერთი
რომელიმე ადამიანი უცვლელად არის აღჭურვილი ძალაუფლებით, მით უმეტეს სამეფო
ძალაუფლებით (თუმცა იქ არსებობს სენატიც, როგორც ეს რომში მეფეების დროს, ან
სპარტაში ლიკურგეს დროს), ხალხი რაიმე უფლებასაც რომ ფლობდეს (როგორც ეს იყო
ჩვენი მეფეების ხანაში), სამეფო ხელისუფლებას მაინც უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და
ამგვარი სახელმწიფო არ შეიძლება არ იწოდებოდეს სამეფოდ. მაგრამ სახელმწიფოს ეს ტიპი
უკიდურესად ცვალებადია იმ მიზეზით, რომ ერთი ადამიანის მანკიერებებით
საფუძველგამოთხრილი სახელმწიფო ძალიან ადვილად იღუპება. სამეფო მმართველობის
ტიპი, თავისთავად, არა მარტო არ იმსახურებს დაგმობას, არამედ სხვა სახელმწიფო
წყობილებების მარტივ ტიპებზე (რომც მომწონდეს სახელმწიფო წყობილების რომელიმე
მარტივი სახე) გაცილებით მაღლა უნდა იქნეს დაყენებული. თუმცა მხოლოდ მანამ, სანამ
ის თავის სახეს ინარჩუნებს; მაგრამ ეს ისეთი წყობილებაა, როდესაც მოქალაქეების
კეთილდღეობა, თანასწორუფლებიანობა და სიმშვიდე ყოველმხრივ ერთი ადამიანის
მუდმივი ხელისუფლების, სამართლიანობისა და სიბრძნის ხელშია. საერთოდ ხალხს,
რომელიც სამეფო ხელისუფლების ქვეშ იმყოფება, ბევრი რამ აკლია და პირველ რიგში კი
აკლია თავისუფლება. თავისუფლება ის კი არაა, რომ სამართლიანი განმგებელი ჰყავდეთ,
არამედ ის, რომ საერთოდ არ ჰყავდეთ....
(XXVI, 47) ამგვრად, ნუთუ თქვენთვის ნათელი არაა, რომ მეფე იქცა მბრძანებლად და რომ
ერთი ადამიანის გაფუჭებულობის შედეგად თავად სახელმწიფო წყობილების სახე კარგიდან
სრულიად ცუდად გადაიქცა? სწორედ ხალხზე ასეთ ბრძანებელს უწოდებენ ბერძნები ტირანს.
რადგან მეფედ ისინი მიიჩნევენ იმგვარ ადამიანს, რომელიც ზრუნავს ხალხზე როგორც მამა და
ცდილობს, შესაძლებლობის ფარგლებში უკეთესი ცხოვრების პირობები შეუქმნას მისი
მმართველობის ქვეშ მყოფთ. ეს ნამდვილად მმართველობის კარგი ფორმაა, მაგრამ მაინც,
მიდრეკილია, გადაიქცეს დამღუპველ მმართველობად, რომელიც თითქოსდა დაღმა მიექანება.
როგორც კი მეფე დაიწყებს განმგებლობას, სულ მცირე უსამართლოდ მაინც, ის მაშინვე იქცევა
ტირანად, ანუ ღმერთებისა და ხალხისთვის ყველაზე გულისამრევ, საზიზღარ და საძულველ
არსებად, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია. მართალია გარეგნულად ის ადამიანია –
მაგრამ მისი ზნე-ჩვეულებებით ყველაზე საშინელ ნადირზე უარესია; და მართლაც, ვინ
უწოდებს ადანიანს მას, ვისაც არ სურს უფლებრივი თანასწორობა ან რაიმე სახის
15
გაერთიანება ჰქონდეს ადამიანური ურთიერთობების კუთხით არც თავის
თანამოქლაქეებთან და საერთოდ, არც კაცობრიობასთან?
(XXVIII, 50) ამგვარად, არაა მყარი იმ ხალხის ბედი, როდესაც ის, როგორც მე უკვე
ვთქვი, დამოკიდებულია ერთი ადამიანის ნებაზე, უფრო სწორად, გემოვნებაზე.
(XXIX, 51) ამგვარად, დაე, ეს იყოს პირველი ფორმა, პირველი სახე და პირველწყარო
ტირანიისა, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ იმ სახელმწიფოში, რომელიც დააარსა
რომულუსმა.
(XXXVI, 61) მაგრამ რამდენიმე წლით ადრე, როდესაც სენატს უმაღლესი ავტორიტეტი
ჰქონდა, ხოლო ხალხი მას ეთანხმებოდა და ემორჩილებოდა, მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ კონსულებსა და პლებსიდან არჩეულ ტრიბუნებს
უარი ეთქვათ თავიანთ მაგისტრატურებზე და აერჩიათ დეცემვირები, რომლებიც უდიდესი
ძალაუფლებით იქნებოდნენ აღჭურვილნი და თავისუფალნი იქნებოდნენ შესაძლო
პროვოკაციებისგან და რომ მათ უნდა ჰქონოდათ უმაღლეს ძალაუფლება და დაედგინათ
კანონები. მას შემდეგ, რაც მათ უჩვეულო სამართლიანობითა და გამჭრიახობით შეადგინეს
კანონთა ათი დაფა, მათ ჩაატარეს სხვა დეცემვირების არჩევნები მომდევნო წელს, მაგრამ ამ
უკანასკნელთა არც პატიოსნება და არც სამართლიანობა აღარ იყო ისეთივე საქებარი.
მეორე დღე
წიგნი III
რადგან ამ საკითხის განხილვა მეორე დღისთვის გადაიდო, მისი მესამე წიგნში
განხილვამ გაცხოველებული კამათი გამოიწვია. თავად ფილიუსმა, გააფრთხილა რა
თავიდანვე, რომ ეს მოსაზრება კონკრეტულად მას არ უნდა მიეწეროს, გადმოსცა მათი
შეხედულებები ვინც თვლის, რომ სახელმწიფოს მართვა უსამართლობების ჩადენის გარეშე
შუძლებელია; ვინც დაჟინებით იცავს უსამართლობას სამართლიანობის საწინააღმდეგოდ
იმ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომელიც ჭეშმარიტებას წააგავს და მაგალითის
საფუძველზე ცდილობენ აჩვენონ, რომ პირველი მათგანი სახელმწიფოსთვის სასარგებლოა,
მეორე კი – უსარგებლო. შემდეგ, ყველა დამსწრის თხოვნის საფუძველზე, ლელიუსმა
დაიწყო სამართლიანობის დაცვა და ყოველმხრივ იმის მტკიცება, რომ არაფერია
სახელმწიფოსთვის იმაზე მტრული, ვიდრე უსამართლობა და რომ, ზოგადად, სახელმწიფო
19
შეიძლება იმართებოდეს, უფრო სწორად, ნარჩუნდებოდეს მხოლოდ დიდი
სამართლიანობის საფუძველზე. იმის შემდეგ, რაც საერთო მოსაზრებით, ეს საკითხი
საკმარისად განიხილეს, სციპიონი დაუბრუნდა იმას, რაზეც გაჩერდა. გაიმეორა და
შესთავაზა სახელმწიფოს მისეული მოკლე განმარტება, რასაც მან „ხალხის მონაპოვარი“
უწოდა. მაგრამ ხალხი, მისი აზრით, არა ადამიანთა ნებისმიერი სიმრავლე, არამედ
სამართლის, უფლებების შესახებ თანხმობითა და ინტერესთა საერთოობით გაერთიანებულ
ადაამიანთა ერთობაა. შემდგომ მან აჩვენა, როგორი სასარგებლოა საკითხზე მსჯელობისას
„განსაზღვრებები“ და მისი ამ განსაზღვრებების საფუძველზე მან გამოიტანა დასკვნა, რომ
სახელმწიფო, უფრო სწორად, „ხალხის მონაპოვარი“ არსებობს მაშინ, როდესაც მას
სამართლიანად და კარგად მართავს ან ერთი მეფე, ან მცირე რაოდენობის ოპტიმატები ან
მთელი ხალხი. მაგრამ, როდესაც მეფე უსამართლოა, რომელსაც სციპიონმა ბერძნული
ტრადიციის მიხედვით, ტირანი უწოდა, ან უსამართლონი არიან ოპტიმატები, რომელთა
შეთქმულებასაც მან ხროვა უწოდა, ან უსამართლოა თავად ხალხი, რომელსაც მან, ვერ
მოუნახა რა შესაფერისი სახელი, ასევე უწოდა ტირანი – სახელმწიფო არა მარტო მანკიერია,
(რაზეც წინა დღეს მსჯელობდნენ), არამედ, როგორც ამას მოყვანილი განსაზღვრებებიდან
გამოტანილი დასკვნა უჩვენებს – ის საერთოდ აღარ არსებობს. ის უკვე ხალხის მონაპოვარი
აღარაა, რადგან ხელში ჩაიგდო ტირანმა ან ხროვამ; და თავად ხალხიც ასეთ შემთხვევაში
უკვე ხალხი აღარაა, რადგან ის არაა სამართლიანი; ეს უკვე აღარაა სამართლის თაობაზე და
საერთო ინტერესების საფუძველზე გაერთიანებულ ადამიანთა სიმრავლე.
ფილი: (VII, 10) ფილოსოფოსთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი პლატონი და
აროისტოტელე, ბევრს საუბრობდნენ სამართლიანობაზე, ადიდებდნენ რა მას როგორც
დიდად საქებარ ჭეშმარიტებასა და ღირსებას, რადგან იგი ყველას მიაგებს კუთვნილს და
ინარჩუნებს თანასწორობას. და ამასთან, მაშინ როდესაც სხვა სიქველეები თითქოსდა
უჩუმარი და თავისთავში ჩაკეტილია, სამართლიანობა ერთადერთი სიქველეა, რომელიც
არაა დაფარული. ის ყველგან და სრულად ვლინდება და მიდრეკილია კარგი საქმეებისკენ,
რათა რაც შეიძლება უფრო დიდი სარგებელი მოიტანოს. თითქოსდა სამართლიანობა უნდა
ახასიათებდეს მხოლოდ მოსამართლეებსა და გარკვეული ძალაუფლებით აღჭურვილ
ადამიანებს და არა სხვებს! ამასთან, თვით ყველაზე უმნიშვნელო და ღატაკ ადამიანებს
შორისაც კი არ არსებობს ისეთი, რომელიც ვერ შეძლებდა სამართლიანობასთან ზიარებას.
მაგრამ რადგანაც მათ არ იცოდნენ, თუ რას წარმოადგენდა ის, საიდან
წარმოიქმნებოდა და რა იყო მისი დანიშნულება – მათ ეს საერთო სიკეთე
20
გამოაცხადეს მცირეთა ხვედრად და განაცხადეს, რომ ის არ ემსახურება საკუთარ
ინტერესებს და მხოლოდ უცხოთა სარგებელს უწყობს ხელს.
(XI, 18) ბუნებას თავად რომ დაედგინა ჩვენთვის სამართალი, ყველა ადამიანი
ისარგებლებდა ერთი და იმავე კანონებით და ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა
დროებაში სხვადასხვა კანონით არ ისარგებლებდნენ. მაგრამ მე ვკითხულობ: თუ
სამართლიანი ადამიანისა და პატიოსანი კაცის ვალი კანონთა მორჩილებაა, მაშინ -
როგორი კანონების მორჩილება? ნებისმიერი გამოცემული კანონის? მაგრამ სიქველე
ხომ არ მიიღებს ცვალებადობას, ხოლო ბუნება ვერ იტანს მერყეობას; კანონები კი
ნარჩუნდება სასჯელით და არა სამართლიანობის ჩვენეული გრძნობით. ამგვარად,
სამართალი არაფერს შეიცავს თავის თავში ბუნებრივს. აქედან გამომდინარეობს, რომ
არ არსებობენ არც ბუნებისგან თანდაყოლილი სამართლიანი ადამიანები. ან იქნება
სამართალი, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, არის ცვალებადი, მაგრამ პატიოსანი
ადამიანები თავიანთი ბუნებრივი თვისებებიდან გამომდინარე, მისდევენ იმ
თავისუფლებას, რომელიც სინამდვილეში არსებობს და არა იმას, რომელიც ასეთად
ითვლება? პატიოსანი და სამართლიანი ადამიანის მოვალეობა ხომ
თითოეულისთვის საკადრისის მიგებაა!
ნებისმიერი სამეფო ხელისუფლება ან იმპერია, თუ არ ვცდები, მოიპოვება ომის
გზით და ვრცელდება გამარჯვებების საშუალებით. მაგრამ ომები და გამარჯვებები,
ძირითადად, ქალაქების ხელში ჩაგდებასა და ნგრევაზეა დამყარებული. ეს ქმედებები
გარდაუვლად დაკავშირებულია ღმერთების შეურაცხყოფასთან, ასვე ქალაქის
კედლებისა და ტაძრების დანგრევასთან. მას ასევე თან სდევს მოქალაქეებისა და
ქურუმების განადგურება, ტაძრების საგანძურის და საეროთა ქონების მოსპობაც.
შესაბამისად, რომაელებმა იმდენივე ღვთისგმობა ჩაიდინეს, რამდენი გამარჯვებაც
მოიპოვეს. ღმერთებზე გამარჯვების აღსანიშნავი ტრიუმფი მათ იმდენჯერვე
აღნიშნეს, რამდენჯერაც ხალხებზე გამარჯვება. ...
(22) ყოველთვის და ყველაფერში სამშობლოს კეთილდღეობას მიენიჭოს
უპირატესობა. არ მიექცეს რა ყურადღება ადამიანურ განხეთქილებებს – ეს წესი
ყოველგვარ აზრს კარგავს; და მართლაც, სხვა რაა სამშობლოს სარგებელი, თუ არა
უსარგებლო რამ სხვა სახელმწიფოსთვის ან სხვა ხალხისთვის? ეს ნიშნავს სამშობლოს
საზღვრების გაფართოებას ძალადობრივად, სხვისი მიწების ხელში ჩაგდების გზით,
საკუთარი ძალაუფლების გამყარებით, დიდი ხარკის აკრეფით. (23) იმას, ვინც ასეთი
21
გზით მოიპოვებს სამშობლოსთვის „სიკეთეებს“, როგორც მას უწოდებენ, ანუ
სახელმწიფოთა განადგურებითა და ხალხების ამოწყვეტით გაავსებს ხაზინას
ფულით, ხელში ჩაიგდებს მიწებს, გაამდიდრებს თანამოქალაქეებს – ცამდე აიყვანენ
და მასში დაინახავენ უმაღლეს და სრულყოფილ სიქველეებს. ასეთია არა მარტო
ხალხისა და გამოუცდელი ადამიანების გზააბნეულობა, არამედ ფილოსოფოსებისაც,
რომლებიც გვასწავლიან კიდეც როგორ ჩავიდინოთ უსამართლობა, რათა უგუნურება
და ბოღმა არ იყოს უსაფუძვლო და ავტორიტეტს მოკლებული.
(XV) კეთილგონიერება გვკარნახობს, რომ ყველა საშუალებით გავზარდოთ
ჩვენი მონაპოვარი, სიმდიდრე, განვავრცოთ საზღვრები. და მართლაც, სხვა რა
საფუძველი ექნებოდა გამოჩენილი იმპერატორების ძეგლებზე ისეთი სადიდებელი
სიტყვების ამოტვიფრას, როგორიცაა „სახელმწიფოს საზღვრები გააფართოვა მან“ –
მას (იმპერატორს ს.დ) რომ არ მიემატებინა სხვათა მიწების გარკვეული ნაწილი?, რაც
შეიძლება დიდი რაოდენობის ადამიანებზე ვიბატონოთ, დავტკბეთ, ვფლობდეთ
ძალაუფლებას, ვმართავდეთ და ვბრძანებლობდეთ. პირიქით, სამართლიანობა
გვასწავლის ყველას დანდობას, ადამიანებზე ზრუნვას, თვითოეულისთვის
საკადრისის მიზღვას, გვასწავლის, არ მივეკაროთ ღმერთებისთვის კუთვნილ
არანაირ ნივთს, სახელმწიფოს ან სხვის საკუთრებას; და რას მიაღწევ, რომ მისდიო
კეთილგონიერების მოცემულ იდეას? სიმდიდრეს, ძალაუფლებას, ქონებას, პატივს,
იმპერიას, სამეფო ძალაუფლებას როგორც კერძო პირების, ასევე ხალხებისთვის.
მაგრამ რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს შესახებ, ჩვენთვის უფრო
თვალნათელია ის, რაც მისი სახელით ხდება და რადგან სამართლის არსი ორივე
შემთხვევაში ერთი და იგივეა, ჩემი აზრით, უპრიანია ხალხის კეთილგონიერებაზე
საუბარი. სხვა ხალხების შესახებ ლაპარაკს მე არ დავიწყებ. ჩვენი ხალხი კი, რომლის
წარსულიც გუშინდელი საუბრისას პუბლიუს აფრიკელმა სულ თავიდანვე
დაგვიხატა და რომლის სამფლობელოც უკვე მთელ მსოფლიოზე გავრცელდა - რის
საფუძველზე იქცა ის უმნიშვნელოდან უდიდესად – სამართლიანობის თუ
კეთილგონივრულობის?
(XXXIV, 46) სციპიონი: ასე რომ ოპტიმატების შესახებაც იმავეს თქმა შეიძლება,
რაც სამეფო ხელისუფლებაზე – რატომაა მათი მმართველობა სახელმწიფო და
„ხალხის მონაპოვარი“?
(XXXIV, 47) სციპიონი: ვიცი მე, სპურიუს, რომ შენ სახალხო მმართველობის
წინააღმდეგი ხარ. მართალია, მისი ატანა უფრო ადვილია, ვიდრე ეს შენ მიგაჩნია, მე
მაინც გეთანხმები, რომ სახელმწიფოს სამი წყობილებიდან ეს ფორმა ყველაზე ნაკლებ
მოწონებას იმსახურებს. მაგრამ მე არ გეთანხმები შენ იმაში, რომ ოპტიმატების
მმართველობა სამეფო მმართველობას სჯობია. თუ სახელმწიფოს მართავს სიბრძნე,
რა განსხვავებაა ეს იქნება ერთი კაცის სიბრძნე თუ რამდენიმე კაცისა? მაგრამ ჩვენ,
ამგვარი მსჯელობისას გარკვეული შეცდომის მსხვერპლნი ვხდებით. როდესაც მათ
ოპტიმატებს უწოდებენ, მათი ძალაუფლება ხომ საუკეთესო გვეჩვენება.
მეორე დღე
წიგნი 4
(XXXIV, 5) სოკრატეს მოწაფე, პლატონმა, რომელსაც ტულიუსი ფილოსოფოსთა
ღმერთს უწოდებს და რომელიც თავის ფილოსოფიაში სხვებზე მეტად მიუახლოვდა
ჭეშმარიტებას, მაინც, არ იცნობდა რა ღმერთებს, ბევრ რამეში დაუშვა დიდი
შეცდომები და იმაზე მეტად ცდებოდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა. პირველ რიგში კი
იმაში, რომ სახელმწიფოსადმი მიძღვნილ საკუთარ ნაშრომებში ის მოითხოვდა
23
ყველასთვის ყველაფრის საერთოობას. რაც შეეხება ქონებას, ეს კიდევ ასატანია,
თუმცა უსამართლოა. რადგან არავისთვის საზიანო არაა თუ ადამიანს მისი
გულმოდგინების შედეგად მეტი აქვს და არც ისაა ვინმესთვის სასარგებლო, თუ მას
ისევ თავისივე გამო – ნაკლები აქვს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ამის ატანა კიდევ
შესაძლებელია. მაგრამ ცოლები და შვილებიც საერთო უნდა იყოს? მაშინ არ
იარსებებდა არანაირი სისხლისმიერი განსხვავება, არ იქნებოდა არცერთი გვარი,
ოჯახი, ნათესაობა, თვისებები. არა, ყველაფერი აღირეოდა და გაურკვეველი
იქნებოდა, როგორც ეს საქონლის ჯოგშია. მამაკაცებს აღარ ექნებოდათ თავშეკავება,
ქალებს – კეთილგონიერება. როგორ იქნებოდა შესაძლებელი ცოლ–ქმრული
სიყვარული, როდესაც მათში არ იარსებებდა გარკვეული და განსაკუთრებული
ურთიერთგანწყობები? ვინ დაიწყებს მამის პატივისცემას, როდესაც არ ეცოდინება
საკუთარი წარმომავლობა? ვის ეყვარება შვილი, რომელიც სხვისად მიაჩნია? უფრო
მეტიც, პლატონმა ქალებს კურიაში ყოფნის უფლებაც მისცა, ასევე სამხედრო საქმეში,
მაგისტრატურასა და იმპერიაში მონაწილეობისაც. რა უბედური იქნება ქალაქი, სადაც
ქალები მიითვისებენ კაცების ვალდებულებებს!
ჩვენი პლატონი ლიკურგეზე შორს წავიდა. ის ხომ ითხოვს, რომ ყველაფერი
საერთო იყოს, რათა არცერთ მოქალაქეს არ შეეძლოს რაიმეს საკუთრებად ან კერძო
მფლობელობად დასახელება.
მესამე დღე
წიგნი 5
24
სციპიონის სიზმარი
30
ეს სიტყვები, რომ წარმოსთქვა, მე მივუგე: „მართლაცდა აფრიკელო, რაკიღა სამშობლოს
წინაშე ვალმოხდილთათვის ხსნილია გზა, რომელსაც ცის კარად მივყავართ, - მე, სიყრმიდანვე
რომ მივდევდი არა მარტო მამაჩემის, არამედ შენს კვალსაც, და არასოდეს შემიბღალავს თქვენი
დიდება, ახლა, როდესაც ესეოდენ დიდი ჯილდო მელის, კიდევ უფრო დაუმცხრალი ვიქნები
ჩემი სწრაფვებისას“. ხოლო მან მითხრა: „მაშ, მხნედ იყავ და გახსოვდეს: შენ კი არა ხარ
მოკვდავი, არამედ - შენი სხეული. ვინაიდან ის როდი ხარ, რასაც შენი გარეგნული იერი ავლენს,
არამედ - სული; დიახ, სწორედ სულია ადამიანი, და არა მისი იერსახე, რაც სხვებსაც შეიძლება
თითით უჩვენო. მაშ, იცოდე, რომ ღმერთი ხარ, რადგანაც ღმერთი ისაა, ვინც ცოცხლობს, ვინც
გრძნობს, ვისაც ახსოვს; ვინც წინასწარ ხედავს, განაგებს, ვისაც ახსოვს, ვინც წინასწარ ხედავს,
განაგებს, მართავს და ისევე ამოძრავებს მთელ სამყაროს. დიახ, როგორც ყოვლისმძლე ღმერთი
ამოძრავებს ამ უსასრულო და, გარკვეულწილად, მოკვდავ სამყაროს, ასევე ამოძრავებს ხრწნად
სხეულსაც მარადი სული.
რადგან ის, რაც მარად მოძრაობს, წარუვალია; ხოლო ის, რაც სხვას ანიჭებს მოძრაობას,
რომელსაც თავის მხრივ, სხვისაგან იღებენ, მოძრაობის შეწყვეტისთანავე არსებობასაც წყვეტს.
მხოლოდ თვითმოძრავი არასოდეს არ ღალატობს საკუთარ თავს.
შენიშვნები
32