You are on page 1of 3

ალბერ კამიუ

შავი ჭირი

— 1947 —

რომანის მოკლე შინაარსი

კითხვის დრო: ~8 წთ.

რომანი წარმოადგენს ჩვენებას მოწმისა, რომელმაც გადაიტანა 194... წელს ქალაქ ორანში, ალჟირის
სანაპიროს ტიპურ ფრანგულ პრეფექტურაში, მოდებული შავი ჭირის ეპიდემია. როგორც რომანის
ბოლოს ირკვევა, თხრობას უძღვება ექიმი ბერნარ რიე, რომელიც დასნეულებულ ქალაქში შავი ჭირის
წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

შავი ჭირი ამ ქალაქში, რომელშიც ხეები არ დგას და ჩიტები არ გალობენ, მოულოდნელად


ვრცელდება. ყველაფერი იმით იწყება, რომ ქუჩებსა და სახლებში მკვდარი ვირთხები ჩნდებიან. მალე
მთელ ქალაქში აგროვებენ ათასობით მკვდარ ვირთხას, უბედურების ამ პირქუში მომასწავებლების
თავდასხმის პირველ დღეს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქალაქის მომავალი კატასტროფაში გაერკვეოდა,
ექიმი რიე თავის ავადმყოფ მეუღლეს სამთო სანატორიუმში აგზავნის. სახლის საქმეებში
დასახმარებლად მასთან დედა ჩამოდის.

დაავადებისგან პირველი ექიმი რიეს კარის მცველი კვდება. ჯერ ვერავინ ეჭვობს, რომ ქალაქში
გავრცელებული ავადმყოფობა შავი ჭირია. სნეულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ექიმ რიეს
პარიზიდან შრატი მოაქვს, რომელიც უმნიშვნელოდ ეხმარება ავადმყოფებს, მაგრამ ძალიან მალე ისიც
თავდება. ქალაქის პრეფექტურისთვის ნათელი ხდება, რომ აუცილებელია კარანტინის გამოცხადება.
ორანი დაკეტილ ქალაქად ცხადდება.

ერთ საღამოს ექიმს თავისთან უხმობს მისი დიდი ხნის პაციენტი, მერიის თანამშრომელი — გრანი,
რომელსაც რიე, სიღარიბის გამო, უფასოდ მკურნალობს.

საქმე ის არის, რომ მისი მეზობელი კოტარი ცდილობდა, თვითმკვლელობით დაესრულებინა


სიცოცხლე. გრანისთვის უცნობია ის მიზეზები, რომელთაც მის მეზობელს ამ ნაბიჯის გადადგმა
აიძულეს; მაგრამ მოგვიანებით ის ექიმის ყურადღებას კოტარის უცნაური ქცევისკენ მოაპყრობს. ამ
ინციდენტის შემდეგ, კოტარი ხალხთან ურთიერთობაში არაჩვეულებრივ მოწიწებას იჩენს, თუმცა
მანამდე საოცრად უჟმური კაცი იყო. ექიმი ეჭვობს, რომ ამ ადამიანს სულაც არ აქვს სინდისი სუფთა
და ახლა, ცოდვებით დამძიმებული, ცდილობს თავისი გარემოცვის სიყვარული და კეთილგანწყობა
მოიპოვოს.

თავად გრანი ხანშიშესული, სუსტი აღნაგობის მორიდებული კაცია, ის ადამიანთა იმ კატეგორიას


ეკუთვნის, რომლებიც თავიანთი აზრების გამოსახატავად ძნელად პოულობენ სიტყვებს. თუმცა,
როგორც შემდეგ ექიმისთვისაც ხდება ცნობილი, უკვე დიდი ხანია, რაც გრანი თავისუფალ დროს
წიგნის წერას ანდომებს და ოცნებობს, შექმნას შედევრი, ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში. მაგრამ,
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მთელი ეს წლები მან პირველი და ერთადერთი ფრაზის დახვეწას
მოანდომა. ეს ფრაზა ასე ჟღერს: „მაისის მშვენიერ დილას ელეგანტურმა ამორძალმა შესანიშნავი წაბლა
ცხენი ბულონის ტყის აყვავებულ ალეაში გააჭენა“.

ეპიდემიის დასაწყისში ექიმი რიე საფრანგეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტს, რემონ რამბერს და ჯერ
კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის ჟან ტარუს ხვდება. ეს უკანასკნელი, ქალაქში
ჩამოსვლის დღიდან, ანუ ავადმყოფობის გავრცელებამდე რამდენიმე კვირით ადრე, თავის რვეულში
ქალაქის მცხოვრებთა შესახებ ჩანაწერებს აკეთებს. მოვლენათა განვითარების შემდეგ იგი ექიმის
უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი ხდება. ისინი მოხალისეებისგან ეპიდემიასთან მებრძოლ
ბრიგადებს ქმნიან.

კარანტინის გამოცხადების წუთიდან ორანის მცხოვრებნი თავს პატიმრებად გრძნობენ. მათთვის


აკრძალულია წერილების გაგზავნა, ზღვაში ბანაობა, შეიარაღებული ჯარისკაცების მიერ დაცული
ქალაქის საზღვრების გადაკვეთა.

ნელ-ნელა მოსახლეობას სურსათ-სანოვაგეც უთავდება, რითაც სარგებლობენ კონტრაბანდისტები,


კოტარის კატეგორიის ადამიანები. უფრო თვალსაჩინო ხდება განხეთქილება უბადრუკად მცხოვრებ
ღატაკებსა და ორანის შეძლებულ მოსახლეობას შორის, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, შავ
ბაზარზე სამჯერ უფრო ძვირად შეიძინონ კვების პროდუქტები, იარონ კაფეებში, რესტორნებსა და
გასართობ ადგილებში. არვინ უწყის, რამდენ ხანს გასტანს ეს საშინელება. ხალხი თითო დღით
ცხოვრობს.

რამბერი უცხოდ და ეულად გრძნობს თავს ორანში და ცდილობა, პარიზში, თავის ოჯახში დაბრუნდეს
— ჯერ ოფიციალური გზებით, შემდეგ კი კონტრაბანდისტებისა და კოტარის მეშვეობით გააღწიოს ამ
მიწიერი ჯოჯოხეთიდან. ექიმი რიე კი დღე-ღამეში ოცი საათის განმავლობაში არ ისვენებს,
დაუღალავად უვლის ავადმყოფებს. რამბერი, რომელიც ხედავს, როგორი თავგანწირვით ებრძვიან
ექიმი და ჟან ტარუ ეპიდემიას, უარს ამბობს ქალაქის დატოვებაზე, მაშინ როცა ამის რეალური შანსი
ეძლევა და ტარუს სანიტართა ბრიგადას უერთდება.

მაშინ, როდესაც ეპიდემია ცოფიანი ძაღლივით დაძრწის ქუჩებსა და სახლებში, ანადგურებს გზად
ყველაფერს და სპობს უამრავ სიცოცხლეს, ერთადერთი, ვინც შედარებით ნორმალურად გრძნობს
თავს, კოტარია. იგი სარგებლობს ეპიდემიის გამო არსებული განუკითხაობით, გამწარებით აგროვებს
სიმდიდრეს და სულაც არ ნერვიულობს, რომ პოლიციელს მასზე აღძრული საქმის განახლება
მოაგონდება.

სპეციალური საკარანტინო დაწესებულებიდან დაბრუნებული, განსჯის უნარდაკარგული ადამიანები,


წვავენ თავიანთ სახლებს იმ იმედით, რომ ამ გზით ეპიდემიის გავრცელებას შეაფერხებენ. გულგრილი
მეპატრონეების თვალწინ, ცეცხლმოკიდებულ სახლებში მოროდიორები შერბიან და იტაცებენ
ყველაფერს, რის წაღებაც შეუძლიათ.
ეპიდემიის გავრცელების პირველ ხანებში დაკრძალვის პროცედურები მთელი წეს-ჩვეულების
დაცვით ტარდებოდა. თუმცა ძალიან მალე შავი ჭირი ისეთი სისწრაფით ხოცავს ადამიანებს, რომ
დაღუპულთა გვამების დაკრძალვას ვეღარ აუდიან, თხრილში ყრიან, შემდეგ ქალაქგარეთ გააქვთ და
წვავენ. ეპიდემია გაზაფხულიდან მძვინვარებს, ოქტომბერში ექიმი კასტელი შრატს ქმნის სწორედ იმ
ვირუსისგან თავდასაცავად, რომელმაც მოიცვა ქალაქი, რადგან შავი ჭირის ეს სახეობა რამდენამდე
განსხვავდება მისი კლასიკური ვარიანტისგან.

ვაქცინას უიმედო ავადმყოფზე, გამომძიებელ ოტონის უმცროს შვილზე, ცდიან. ექიმი რიე და მისი
მეგობრები რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებიან მომაკვდავ ბავშვს, მაგრამ მის გადარჩენას
ვერ ახერხებენ. ყველას ძალიან უჭირს ამ უცოდველი არსების სიკვდილის გადატანა.

ზამთრის დადგომასთან ერთად, იანვრის დასაწყისში, უფრო და უფრო ხშირდება გამოჯანმრთელების


შემთხვევები, ავადმყოფობას ამარცხებს გრანიც. დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ ეპიდემია
თავის მზაკვრულ ბრჭყალებს ხსნის და ღონემიხდილ მსხვერპლთ ხელიდან უშვებს. შავი ჭირი
მარცხდება.

ქალაქის ცოცხლად დარჩენილ მცხოვრებთა სულში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ცვლის


ერთმანეთს. გადარჩენის უდიდეს სიხარულთან ერთად მათ საშინელი სევდა და გულგატეხილობა
ეუფლებათ. ბოლომდე არც კი სჯერათ, რომ გადარჩნენ, რომ ეს რეალობაა. კოტარი კი ხშირად ამბობს
ექიმ რიესთან და ტარუსთან საუბარში, რომ როდესაც ეს ჯოჯოხეთი დასრულდება, ხალხი ზურგს
შეაქცევს მას. ტარუს დღიურის უკანასკნელი ფრაზები, რომლებიც ძნელად გასარჩევადაა დაწერილი,
სწორედ კოტარზე მოგვითხრობს. უეცრად ტარუ შავი ჭირით ავადდება. ექიმი რიე ვერაფრით
ახერხებს მეგობრის გადარჩენას.

თებერვლის ერთ მშვენიერ დღეს, ბოლოს და ბოლოს, ქალაქში კარანტინი სრულდება. ხალხი მიწიერი
ჯოჯოხეთის დასრულებას ზეიმობს, თუმცა მრავალი მათგანი გრძნობს, რომ ვერასოდეს გახდება
ისეთი, როგორიც მანამდე იყო. ეპიდემიამ მათ ბევრ რამეზე აუხილა თვალი, გააშიშვლა სუფთა
ადამიანური გრძნობები და მათ ხასიათში ახალი, აქამდე არარსებული, განდგომილების შტრიხი
შეიტანა.

ერთხელ გრანთან მიმავალი რიე ხედავს, შეშლილობის ზღვარზე მყოფი კოტარი როგორ ესვრის
ფანჯრიდან გამვლელებს. პოლიცია ძლივს ახერხებს მის განიარაღებას.

გრანი გადაწყვეტს, აღადგინოს თავისი ჩანაწერები, რომელთა დაწვა ავადმყოფობის დროს ისურვა.

სახლში დაბრუნებული ექიმი რიე იღებს ტელეგრამას, რომელიც ცოლის სიკვდილს ატყობინებს.
ძალიან ტკივა, მაგრამ აცნობიერებს, რომ ეს ტანჯვა უცაბედი არ არის. იგივე დაუსრულებელი
ტკივილი აწამებდა მას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. რიეს ესმის ქუჩიდან შემოსული
მხიარული ყიჟინა და ფიქრობს იმაზე, რომ ნებისმიერ ბედნიერებას, ნებისმიერ სიხარულს საფრთხე
ემუქრება. შავი ჭირის ბაცილა არასოდეს არ კვდება, მას შეუძლია ათწლეულობით იძინოს, ხოლო
შემდეგ შეიძლება დადგეს ისეთი დღე, როდესაც შავი ჭირი ისევ გააღვიძებს ვირთხებს და
გამოაგზავნის ბედნიერი ქალაქის ქუჩებში სასიკვდილოდ...

You might also like