You are on page 1of 11

ძველი აღთქმის ქართული რედაქციები; ბიბლიის წიგნთა ქართული

თარგმანის შემცველი კრებულები

ბიბლიის წიგნთა ქართულ ენაზე თარგმნა ქვეყანაში ქრისტიანობის საყოველთაო


გავრცელებისთანავე1, IV საუკუნიდან უნდა დაწყებულიყო. ამას ამოწმებს ხანმეტი
პალიმფსესტები, რომლებიც უძველეს ენობრივ-სალიტერატურო ფენას ინახავენ. თუმცა ამ
პერიოდიდან ხდება არა მთლიანად, არამედ ბიბლიის ცალკეული ნაწილების
(ინდივიდუალურად ცალკეული წიგნის) თარგმნა; შემდეგ ხდებოდა ცალკეული წიგნების
ერთად შეკრება, რედაქტირება და ერთ კრებულად ჩამოყალიბება. საკუთრივ კრებულად
ჩამოყალიბება კი საკმაოდ გვიან პერიოდამდე (X საუკუნემდე) არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში,
დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი არ არის. X საუკუნისათვის პირობითად დასრულდა
პრაქტიკული განათლების პირველი ეტაპი და ქართული ხელნაწერი ტრადიციის
ყურადღება შინაარსობრივად მრავალფეროვანი კრებულების პარალელურად მიიპყრო
ბიბლიის, კერძოდ, ძველი აღთქმის ერთიანი კოდექსის ჩამოყალიბებამ. რასაკვირველია,
ბიბლიის სრული რედაქცია უეცრად არ შეუდგენიათ. მას წინ უსწრებდა ძველი აღთქმის
რამდენიმე წიგნის თავმოყრით შეკრული ხელნაწერების არსებობა, რომელთა საფუძველზეც
შეიქმნა ძველი აღთქმის სრული კრებული2.
დღეისათვის ჩვენამდე ბიბლიის (კერძოდ, ძველი აღთქმის) წიგნთა ძველი
ქართულია თარგმანის შემცველმა 60-ზე მეტმა ხელნაწერმა და ფრაგმენტმა მოაღწია3. თუმცა
აქედან საკმაოდ მცირეა მეტ-ნაკლებად სრული სახის კრებული – აქედან ბიბლიის წიგნთა

1
სამწუხაროდ, არაიშვიათად არის დაშვებული შეცდომა სამეცნიერო ლიტერატურაში, როდესაც ითქმის, რომ
„ქართულ ენაზე ბიბლიის თარგმნა ქვეყანაში ქრისტიანობის შემოსვლის პერიოდს, ე. ი. IV-V საუკუნეებს,
უკავშირდება“. ვფიქრობთ, შეცდომა დაფუძნებულია ქართულ საისტორიო მწერლობაზე, სადაც,
უმეტესწილად, საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გაანალიზება სწორედ IV საუკუნიდან, ქვეყანაში წმ.
ნინოს შემოსვლიდან და მის მიერ ქრისტიანობის ქადაგებიდან, იწყება. სინამდვილეში, არაერთი უტყუარი
ფაქტი ამოწმებს იმას, რომ ქვეყანაში ქრისტიანობა I საუკუნიდანვე იქადაგებოდა, უბრალოდ ამას საზოგადო,
საყოველთაო გავრცელებულობა არ მოჰყოლია. I საუკუნეშივე ქრისტიანობა ქართულ მოსახლეობაში
მაცხოვრის ერთ-ერთი მოციქულმა – ანდრეა პირველწოდებულმა იქადაგა (გარდა ხსენებულისა, ზოგჯერ სხვა
მოციქულებსაც ახსენებენ ხოლმე, მაგალითად: მატათა, ბართლომე და სხვა), თუმცა, როგორც აღვნიშნეთ,
რელიგიას საზოგადოებაში საყოველთაო აღიარება არ მოჰყოლია და მთლიანობაში ქვეყანა, ინდივიდუალური
გამოვლინებების გამოკლებით, მაინც წარმართულად დარჩა. შემდეგ უკვე IV საუკუნეში ქართულ
საზოგადოებაში კვლავ ხდება ქრისტიანობის ქადაგება, როდესაც ქვეყანაში წმ. ნინო შემოვიდა და დაიწყო
დაუფარავი ქადაგება და აღესრულებოდა არაერთი სასწაული. მან ქრისტიანობაზე მოაქცია ქართლის სამეფო
სახლი, რამაც ქვეყანაში ქრისტიანობას სახელმწიფოებრივი სახე მისცა და საყოველთაო აღიარება მოუპოვა.
თუმცა ყველაფერი ამითაც არ დასრულებულა; VI საუკუნეში ქვეყანაში შემოდიან უდიდესი ასურელი
მოღვაწეები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართლში მონაზვნური ცხოვრების გავრცელებას, რამაც, ასე
ვთქვათ, საბოლოოდ დაასრულა ქრისტიანობის აბსოლუტური საყოველთაო გავრცელება-დამკვიდრება.
აქედან გამომდინარე, საქართველოში ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელება-დამკვიდრების ძირითადად
სამი ეტაპი უნდა გამოიყოს: 1) ქრსტიანობის ქადაგება სამოციქულო პერიოდში – I საუკუნიდანვე, 2) წმ. ნინოს
შემოსვლა და ქადაგება და 3) ასურელი მოღვაწეების ეპოქა.
2
http://geomanuscript.ge/?page=bibliuri-xelnawerebi
3
https://manuscript.ge/portfolio_page/ბიბლია-ძველი-აღთქმა-ტომი-i-ii/
1
როგორც შედარებით სრულ კრებულზე, მხოლოდ ოშკისა (X ს.) და მცხეთის (XVII-XVIII სს.)
ბიბლიებზე შეიძლება საუბარი.
მთლიანობაში დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია ბიბლიის წიგნთა ძველი ქართული
თარგმანის შემცველი სამი მეტ-ნაკლებად სრული კრებული: ოშკის, მცხეთური და ბაქარის
ბიბლიები4 (ეს უკანასკნელი ახალი აღთქმის ტექსტებსაც შეიცავს)5.

ოშკის ბიბლია

ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ბიბლიის წიგნთა სრულ კრებულად ჩამოყალიბება X


საუკუნემდე არ ჩანს; შესაძლოა, ამის აუცილებლობა მანამდე არც დამდგარა. სავსებით
ბუნებრივია, რომ პირველი ასეთი წიგნი გადაიწერა დიდი გამოცდილების სამწიგნობრო
სივრცეში – ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, ოშკის ტაძარში. ეს არის ჩვენამდე მოღწეულ მეტ-
ნაკლები სისრულის კრებულთაგან ყველაზე ადრეული – 978 წელს შედგენილი ოშკის ანუ
ათონის ბიბლია. სწორედ ამ წიგნმა ჩაუყარა საფუძველი ათონის ივერთა მონასტრის
ქართულ ბიბლიოთეკას. მისი დამკვეთი და ფინანსურად უზრუნველმყოფი პირია
ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელი, მხედართმთავარი დავით
კურაპალარის კარზე, შემდგომში ბერად აღკვეცილი თორნიკე ჩორჩანელი, რომელსაც
ეწოდა იოვანე-თორნიკყოფილი6.
ოშკის ბიბლია 1849 წელს პლატონ იოსელიანმა ჩამოიტანა ათონიდან საქართველოში
და მისგან გადაიწერა ორი პირი: ერთი – სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანისათვის (S
422), მეორე – სიონის ტაძრისათვის (A 471). გადაწერის შემდეგ ოშკის ბიბლია ათონის მთაზე
დააბრუნეს7.
„ლავრასა შინა დიდსა ოშკსა“ ეს ხელნაწერი დაუმზადებიათ მიქაელ ვარაზვაჩეს ძეს,
სტეფანე მწერალსა და გიორგი გელასის ძეს. ყველაფერ ამას ვიტყობთ ხელნაწერზე (Ath. 1)
დართული ანდერძიდან. ოშკის ბიბლია ძალზედ დაზიანებული და ნაკლულია. ირკვევა,
რომ ნაკლული ყოფილა მისი წყაროც. თავდაპირველად ხელნაწერი სამი დიდი ტომისაგან
შედგებოდა; ტექსტი არ ყოფილა დაყოფილი თავებად და მუხლებად, ნაწერი იყო
ნუსხურით, შეიცავდა წიგნებს შემდეგი თანმიმდევრობით: I) ხუთწიგნეული; ისუ ნავეს
წიგნები; მსაჯულთა წიგნები; რუთი; იობი; ფსალმუნი. II) მეფეთა წიგნები; სოლომონის
იგავები; ეკლესიასტე; ქება ქებათა; სოლომონის სიბრძნე; წიგნი იესოსი, ზირაქის ძისა; მცირე
წინასწარმეტყველები. III) ესაიას წიგნი; იერემიას წიგნი; ბარუქის; იერემიას გოდება;

4
ბაქარის ბიბლია არის ბეჭდური გამოცემა, ამიტომაც ჩვენ ზემოთ არ მივაკუთვნეთ ხელნაწერულ ტრადიციას
და ამიტომაც მხოლოდ ოშკისა და მცხეთის ბიბლიები დავასახელეთ.
5
ციალა ქურციკიძე, ქართული ბიბლია, სარედაქციო ჯგუფი: ნარგიზა გოგუაძე, ნინო მელიქიშვილი, ლამარა
ქაჯაია, თბ., 2010, გვ. 16.
6
http://geomanuscript.ge/?page=bibliuri-xelnawerebi
7
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ. 92.
2
იერემიას ლოცვა; იერემიას ეპისტოლე; იეზეკიელი; დანიელი; I ეზრა; II ეზრა; ნეემია; IV
ეზრა; ესთერი; ივდითი; ტობი (ეს წიგნი, შესაძლოა, უფრო გვიან იყოს გადაწერილი). ნეშტთა
წიგნები და მაკაბელთა წიგნები, როგორც ჩანს, ხელნაწერში არ იყო შეტანილი8.
ოშკის ბიბლიაში თავიდან ყოფილა, მაგრამ ხელნაწერის დაზიანების გამო მთლიანად
დაკარგულა რიცხვთა, II სჯულისა და ისო ნავეს წიგნები. მას საერთოდ აკლია ფსალმუნი და
მაკაბელთა სამი წიგნი. ფსალმუნთან დაკავშირებით მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ
იგი, როგორც დამოუკიდებელი მოხმარების წიგნი ღვთისმსახურებაში, ცალკე
ხელნაწერების სახით უნდა არსებულიყო. თუმცა არსებობს სხვა აზრიც, კერძოდ: რაკი
ფსალმუნთა წიგნი ბიბლიაში ტრადიციულად იობის წიგნს მოსდევს, ოშკის ბიბლიაში კი
იობის წიგნი ბოლონაკლულია, ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფსალმუნთა წიგნი ამ
ხელნაწერშიც იობის წიგნს მოსდევდა და იობის წიგნის ბოლო ნაწილთან ერთად დაიკარგა?
ამ ვარაუდს ისიც აძლიერებს, რომ ხელნაწერის პირველი ნაწილი, რომელშიც იობის წიგნის
ნაკლული ტექსტი წყდება, თავისი პაგინაციით მომდევნო, მეორე ნაწილისაგან
დამოუკიდებელია.
რაც შეეხება მაკაბელთა წიგნებს, ისინი, სავარაუდოდ, ძველად ქართულ ენაზე
თარგმნილი არც ყოფილა. მიზეზი მათი უთარგმნელობისა შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ
ბიბლია, რომლიდანაც ჩვენი წინაპრები თარგმნიდნენ, ამ წიგნებს უბრალოდ არც შეიცავდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი ადგილი გიორგი მთაწმინდელის „იოანესა
და ეფთვიმეს ცხოვრებიდან“: აქ ერთგან ჩამოთვლილია წიგნები, რომლებიც ივირონის
მამებმა დიდ ლავრას საჩუქრად გადასცეს. ამ საჩუქრებს შორის დასახელებულია „სხუაჲ
წიგნი, რომელსა სწერიან ყოველნივე ძუელნი წიგნნი და ... მაკაბელთაჲ“ (ქართული
აგიოგრაფიული ძეგლეები, II, გვ. 52). საფიქრებელია, რომ ეს წიგნები ბერძნულენოვანი იყო,
რადგან ქართულენოვანი რომ ყოფილიყო, დიდ ლავრას ისინი, ალბათ, არ გამოადგებოდა.
აქ დასახელებული წიგნი კი, „რომელსა სწერიან ყოველნივე ძუელნი წიგნნი“, უსათუოდ
ძველი აღთქმის წიგნების კრებულია, რომელშიც მაკაბელთა წიგნები არ შედიოდა, სხვა
მხრივ გაუგებარი იქნებოდა ლავრისათვის მაკაბელთა წიგნების ცალკე გადაცემა. მეორე
მხრივ, თუ მაკაბელთა წიგნები ძველად ბიბლიის სხვა წიგნებთან ერთად თარგმნილი არ
ყოფილა, ეს ფაქტი არ შეიძლება, არ სცოდნოდა ექვთიმეს. მაშ რატომ გასცა მან ამ წიგნების
ბერძნული ეგზემპლარები საჩუქრად ისე, რომ არ შეუვსო ეს დანაკლისი ათონის ბიბლიას?
ამიტომ აქაც იგივე ეჭვი ჩნდება, კერძოდ, რამდენიმე სხვა წიგნისა და ფსალმუნის მსგავსად,
მაკაბელთა წიგნების ძველი ტექსტიც ხომ არ დაეკარგა დროთა განმავლობაში ათონის
ბიბლიას9.
მას შემდეგ, რაც წიგნები დაზიანდა და ფურცლების საერთო რაოდენობის
დაახლოებით მეოთხედი დაიკარგა, დარჩენილი ნაწილი აკინძეს ორ ტომად. ამ დროს
დაირღვა წიგნების თავდაპირველი თანმიმდევრობა. მთლიანად დაიკარგა შემდეგი წიგნები:

8
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ. 91-
92.
9
ციალა ქურციკიძე, ქართული ბიბლია, სარედაქციო ჯგუფი: ნარგიზა გოგუაძე, ნინო მელიქიშვილი, ლამარა
ქაჯაია, თბ., 2010, გვ. 17-19.
3
რიცხვთა, II სჯულთა, ისო ნავესი, ფსალმუნი. ნაწილობრივ დაიკარგა: დაბადება (1-12
თავები), მსაჯულთა (1-18 თავები), იობი (30-ე თავის 26-ე მუხლის შემდეგ), ესაია (1-7
თავები)10.

მცხეთის ბიბლია

ბიბლიის მეორე სრული კრებული არის ე. წ. მცხეთის ბიბლია (A 51)11. მას სხვაგვარად
საბას ბიბლიასაც უწოდებენ. იგი შეადგინა დიდმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო
მოღვაწემ, ცნობილმა ლექსიკოლოგმა და ფილოლოგმა, სულხან-საბა ორბელიანმა (1658-
1725 წწ.)12. მცხეთის ბიბლია გადაწერილია რამდენიმე პირის მიერ. ერთ-ერთი გადამწერი
თვითონ სულხან-საბაცაა (იგულისხმება ხელნაწერის მხედრული ხელით ნაწერი ნუსხურად
ნაწერ რამდენიმე სხვა ადგილთან ერთად). კრებულში შეტანილია ძველი აღთქმის 44
დასახელების წიგნი. ესენია: პირველი რვაწიგნეული, მეფეთა ოთხივე წიგნი (მეფეთა I და II
წიგნებს სამოელის I და II წიგნებად ასახელებს, როგორც ეს ებრაულ ტრადიციაშია, ხოლო

10
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ.
92.
11
მცხეთის ბიბლია ცნობილია, ასევე, „მცხეთური ხელნაწერის“ სახელით, რომელიც გამოცემულია ხუთ
ნაკვეთად 1981-1986 წლებში. ხელნაწერი ამჟამად ინახება კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში
(ახლა ეწოდება – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) და ცნობილია როგორც A ფონდის (ყოფილი საეკლესიო
მუზეუმის ფონდის) 51-ე ნომერი (A 51). იგი 2129,5 სმ ზომის ქაღალდის 668 ფურცელს შეიცავს; ჩასმულია ხის
ტყავგადაკრულ წითელ ყდაში. ტექსტი ნაწერია შავი მენლით, სხვადასხვა ხელით, ნუსხურით.
რედაქტირებულია მხედრული ხელით და ამავე ხელით შეტანილია საძიებლები. მიჩნეულია, რომ მხედრული
ხელი ეკუთვნის ხელნაწერის რედაქტორს სულხან-საბა ორბელიანს XVII ს.-ის დასასრულისა და XVIII ს.-ის
დასაწყისის გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს. ამდენად „მცხეთური ხელნაწერიც“ ამ
დროით თარიღდება. სათაურები მთავრულით არის ნაწერი; ჯოგჯერ წითლად. ხელნაწერის ტექსტის
ფურცლები დაწერილია ორ სვეტად. უმეტესად – საკმაოდ წვრილი შრიპტით (ზოგან ორმოციოდე სტრიქონია
სვეტში), რომელშიც, როგორც თ. ჟორდანია აღნიშნავს, გაირჩევა შვიდამდე ხელი XVIII ს.-ის პირველი
ნახევრისა (მცხეთური ხელნაწერი, ნაკვეთი I, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ელ.
დოჩანაშვილმა, რედ. ზ. სარჯველაძე, „მეცნიერება“, თბ., 1981, გვ. 3).
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მცხეთის ბიბლიის პირველი გამოცემის (რომელიც,. როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ, 1981-1986 წლებში „მცხეთური ხელნაწერის“ სახელით 5 ნაკვეთად გამოიცა ელენე დოჩანაშვილის
მიერ) შემდეგ 2017 წელს გამოიცა მეორე, გადამუშავებული და შევსებული ტექსტი, რომელიც მომზადდა ნინო
მელიქიშვილისა და სოფიო სარჯველაძის მიერ (იხ. ბიბლია [ძუელი აღთქუმაჲ, ახალი აღთქუმაჲ], სულხან-
საბა ორბელიანის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ელენე დოჩანაშვილმა [აქ იგულისხმება 5
ნაკვეთად მომზადებული პირველი გამოცემა, რ. მ.], ნინო მელიქიშვილმა და სოფიო სარჯველაძემ, ქარჩხაძის
გამომცემლობა, 2017).
12
ოშკის ბიბლიიდან მცხეთის ბიბლიამდე 7 საუკუნეა. ამ შუალედში ბიბლიის სხვა კრებული არ ჩანს,
სამაგიეროდ, ჩვენამდე მოაღწია სწორედ ამ შუალედში გადაწერილმა ცამეტმა ხელნაწერმა, რომლებიც ძველი
აღთქმის წიგნებს სხვადასხვა რაოდენობითა და რედაქციით შეიცავენ და რომლებმაც მოუმზადეს ნიადაგი
როგორც მცხეთის, ისე ბაქარის ბიბლიის კრებულებს (ციალა ქურციკიძე, ქართული ბიბლია, სარედაქციო
ჯგუფი: ნარგიზა გოგუაძე, ნინო მელიქიშვილი, ლამარა ქაჯაია, თბ., 2010, გვ. 19-20).
4
III და IV წიგნებს I და II მეფეთად მოიხსენიებს, ასევე ებრაული ტრადიციის მიხედვით13),
ნეშტთას ორივე წიგნი, ეზრა ზორობაბელის სამი წიგნი (ეზრა ზორობაბელის მესამე წიგნი
იგივე ნეემიას წიგნია), ტობია, ივდითი, ესთერი, იობი, ფსალმუნი, იგავნი, ეკკლესიასტე
(ორჯერ), სიბრძნე სოლომონისი, ქება ქებათა, ესაია, იერემია, გოდება იერემიასი, ბარუქი,
ეზეკიელი, დანიელი და მცირე წინასწარმეტყველთა 12 წიგნი14. ზოგიერთ წიგნს
ქართულთან ერთად ებრაული სათაურიც აქვს: მაგ.: „წიგნი დაბადებისაჲ, რომელსა
ეწოდების ებრაელთაგან ბერესით“ (ებრ. ბერეშით − თავდაპირველად); „წიგნი გამოსლვათა,
რომელსა ეწოდების ებრაელებრ „ვეელლესემოთ“ (ებრ. ვეელეშემოთ − და ესე სახელები) და
ა. შ. ამ სათაურების წყაროა 1666 წელს ამსტერდამში დაბეჭდილი სომხური ბიბლია, ე. წ.
ვოსკანის ბიბლია. სწორედ ამ ბიბლიის საფუძველზე დაყო სულხან-საბამ ტექსტი თავებად
და მუხლებად. ამავე სომხურ ბიბლიაზე დაყრდნობით სულხან-საბამ მცხეთური ბიბლია
აღჭურვა სამი სახის საძიებლებით“ 1) „საძიებელნი მოწმობა“ − ეს არის ძველი აღთქმიდან
მომდინარე ახალი აღთქმის ადგილების აღნუსხვა, ანუ მითითებები ახალ აღთქმაში ძველი
აღთქმის ადგილების ციტირებისა; 2) „ებრაელთა, ქალდეველთა და იონთა სახელებთა
თარგმანები“ − ეს არის ბიბლიაში წარმოდგენილ საკუთარ სახელთა კომენტირება; 3)
„საძიებელნი მატიანეთანი“ − ეს არის, ფაქტობრივად, ბიბლიაში დამოწმებული საკუთარი
სახელების სიმფონია15. ვოსკანის ბიბლიის გავლენით არის ჩართული მცხეთურ ბიბლიაში,
118-ე ფსალმუნში, ებრაული ანბანი. ამავე სომხური ბიბლიის გავლენა აისახა წიგნების
თანმიმდევრობაზე16. ტექსტის სწორება სომხურის მიხედვით მცხეთური ბიბლიის თითქმის
ყველა წიგნს შეეხო. მართალია, ყველაფერი ეს მცხეთურ ბიბლიაში სომხური ბიბლიიდან
მოხვდა, მაგრამ ვოსკანის ბიბლია, თავის მხრივ, ლათინურ ბიბლიაზე არის
დამოკიდებული. ამგვარად, აქ უნდა ვისაუბროთ სომხურ-ლათინური ბიბლიის გავლენაზე.
მცხეთური ბიბლიის რედაქტირებისას სულხან-საბას ხელთ ჰქონია ქართული
ბიბლიის მეტად ძველი ვერსია. ამის დადასტურებას წარმოადგენს ბიბლიის რამდენიმე
ფურცელი, რომლებიც S 104 ხელნაწერის საცავი ფურცლებია და პალეოგრაფიულად

13
მცხეთურ ბიბლიაში მეფეთა წიგნები ასეა დასათაურებული: 1) I მეფეთა – „წიგნი პირველი სამოელისი,
რომელსა ჩუენ პირველსა მეფეთასა უწოდთ“. 2) II მეფეთა – „წიგნი მეორე სამოელისა, რომელი ჩუენ მიერ
მეორე მეფეთად იწოდების“. 3) III მეფეთა – „წიგნი მესამე მეფეთა ებრაელთა შორის პირველი მალაქიმ“. 4) IV
მეფეთა – „წიგნი მეოთხე მეფეთა, ებრაელებრ მალაქიმ, რომელ არს მეორე“ (იხ. მცხეთური ხელნაწერი, ნაკვეთი
II, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ელ. დოჩანაშვილმა, რედ. ზ. სარჯველაძე, „მეცნიერება“, თბ., 1982, გვ. 33, 92,
139, 191).
14
როგორც ჩანს, კრებულში შესული არ არის შემდეგი წიგნები: სიბრძნე ზირაქისა, ეპისტოლე იერემიასი,
მაკაბელთა I, მაკაბელთა II, მაკაბელთა III და ეზრა სუთიელი (III).
15
მართალია, სულხან-საბას ლექსიკონში შესული და მცხეთის ბიბლიაზე დართული საკუთარი სახელების
კომენტირების წყარო ერთი და იგივეა, სრული თანხვედრა მათ შორის მაინც არ არის. ილ. აბულაძემ გაარკვია,
რომ სულხან-საბა ლექსიკონზე მუშაობისას იყენებდა დამატებით წყაროს − წმ. კირილე ალექსანდრიელის
„ლექსი მათეს სახარებისა, ძნელოანთა სიტყუათა განმარტება-ლექსიკონს“ (ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ
წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ. 102).
16
ამ გავლენის შედეგია ნეემიას წიგნის ეზრას წიგნად და ტობის წიგნის ტობიას წიგნად მოხსენიება, იერემიას
ეპისტოლის, როგორც VI თავის, ბარუქის წიგნზე მიერთება, ფსალმუნის წიგნზე 151-ე ფსალმუნის და,
აგრეთვე, გალობათა წიგნის არდართვა (ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები,
რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ. 102).
5
ოშკურზე ადრინდელია. ეს არის ფრაგმენტი რიცხვთა წიგნიდან, რომლის ტექსტი სიტყვა-
სიტყვით ემთხვევა მცხეთური ბიბლიის შესატყვის ადგილს17.
აღსანიშნავია მცხეთური ბიბლიის ორი მთავარი თავისებურება: 1) მისი ცალკეული
ნაწილების რედაქციული მრავალფეროვნება და 2) ბიბლიის სომხურ-ლათინური ვერსიების
ფართო გამოყენება, როგორც კრებულის სტრუქტურის, ისე მისი ცალკეული წიგნების
ტექსტობრივი სწორების მხრივ18.
მცხეთური ბიბლიის რედაქციულ მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, რომ
სულხან-საბა თავისი ბიბლიის კრებულისათვის რამდენიმე წყაროს იყენებდა, რომლებიც
რედაქციულად არაერთგვაროვანია: კრებულის უდიდეს ნაწილში გამოყენებულია
უძველესი, ოშკის ბიბლიის მიმყოლი რედაქციის ტექსტები; ფსალმუნთა წიგნისათვის მას
უსარგებლია გიორგი ათონელისეული რედაქციის ტექსტით (მცხეთური ბიბლია ბიბლიის
პირველი კრებულია, რომელშიც ფსალმუნთა წიგნია შეტანილი); სამი წიგნის − იგავნი
სოლომონისნი, ისო ზირაქი, სოლომონის სიბრძნე − ტექსტი ლექციონარიდან და სხვა
საწინასწარმეტყველო-სადღესასწაულო კრებულებიდანაა ამოღებული, რის გამოც ეს წიგნები
სხვადასხვა ზომის ფრაგმენტების სახით არის შესული ბიბლიის ამ კრებულში.
წინასწარმეტყველთა წიგნებისათვის საბას გამოუყენებია გელათური რედაქციის ტექსტი:
კრებულში პირდაპირ არის ჩაკრული ვახტანგ VI-ის სტამბაში 1710-1711 წლებში თვითონ
სულხან-საბას რედაქტორობით დაბეჭდილი ამ წიგნის ფურცლები19.
რედაქციულად მცხეთური ბიბლია ზოგიერთ შემთხვევაში ახლოს დგას როგორც
იერუსალიმურ, ისე ოშკურ ბიბლიებთან, თუმცა მათ შორის სხვაობას ბევრია. აქვე
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მცხეთურ ბიბლიაში წარმოდგენილი ტექსტი ახლოს
დგას ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ორი ხელნაწერის (A 570 და A 646)
ტექსტთან (ე. წ. „ჯანაშვილისეული ხელნაწერები“). ამათგან A 570 გადაწერილია 1460 წელს,
ხოლო A 646 XVI საუკუნის ხელნაწერს წარმოადგენს. როგორც აკადემიკოსი კ. კეკელიძე
აღნიშნავს, „თუმცა ამ ორი ხელნაწერის ტექსტი ზოგიერთ შემთხვევაში ერთიმეორისაგან
განსხვავდება, მაგრამ, საერთოდ, ეს ერთი და იგივე რედაქციაა, რომელიც უფრო
უახლოვდება მცხეთის ბიბლიას, ვიდრე ათონის (ოშკის ბიბლია იგულისხმება, რ. მ.) ან
მოსკოვის გამოცემას (იგულისხმება ბაქარის ბიბლია, რ. მ.)20.
მცხეთური ბიბლიის რედაქციული შედგენილობის არაერთგვაროვნებას თავისი
მიზეზი ჰქონდა: როგორც ჩანს, სულხან-საბას მიზნად ჰქონდა დასახული თავისი
კრებულისათვის უძველესი თარგმანებისა და რედაქციების გამოყენება. თუმცა ზოგიერთ
ნუსხაზე მას ხელი არ მიუწვდებოდა, რის გამოც იგი, ასეთ შემთხვევებში, შედარებით

17
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ.
100-102.
18
ციალა ქურციკიძე, ქართული ბიბლია, სარედაქციო ჯგუფი: ნარგიზა გოგუაძე, ნინო მელიქიშვილი, ლამარა
ქაჯაია, თბ., 2010, გვ. 27-28.
19
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ.
102-103.
20
მცხეთური ხელნაწერი, ნაკვეთი I, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ელ.
დოჩანაშვილმა, რედ. ზ. სარჯველაძე, „მეცნიერება“, თბ., 1981, გვ. 6.
6
გვიანდელი რედაქციის ტექსტით სარგებლობდა. ასე მაგალითად: წინასწარმეტყველთა
წიგნების უძველესი რედაქციები მხოლოდ ოშკისა და იერუსალიმის ბიბლიებშია დაცული,
სულხან-საბას კი იმ დროისათვის არცერთ მათგანზე ხელი არ მიუწვდებოდა. ასეთ
შემთხვევებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულხან-საბას უწევდა შედარებით გვიანდელი
რედაქციული ტექსტების გამოყენება; თუ შესაძლებელი იყო, იგი ლექციონარის მასალით
სარგებლობდა, რადგან ლექციონარის ტექსტები, როგორც ცნობილია, შედარებით
ავტორიტეტული რედაქციებისგან შედგებოდა21. რაც შეეხება ფსალმუნთა წიგნს, მისი
ძველი რედაქციები სულხან-საბას დროს, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ კანონიკური
უფლება გიორგი ათონელისეულ რედაქციას ჰქონდა მოპოვებული, რაც, როგორც ჩანს,
გახდა მიზეზი სულხან-საბას მიერ მისი გამოყენებისა22.

ბაქარის ბიბლია

ბიბლიის მესამე, შეიძლება ითქვას, ყველაზე სრული კრებული, რომელიც ნაბეჭდი


სახით არსებობს, ე. წ. მოსკოვური ბიბლიაა. მას ბაქარის ბიბლიასაც ვუწოდებთ. მოსკოვური
ბიბლია დაიბეჭდა ქალაქ მოსკოვში 1743 წელს. იგი შეიცავს ძველი აღთქმის ყველა წიგნს და
მთელ ახალ აღთქმას. ეს გამოცემა განხორციელდა გადასახლებაში მყოფი, ვახტანგ VI-ის
შვილის, უფლისწულ ბაქარის (1700-1750 წწ.) სახსრებით. ბიბლიას წინ უძღვის ბაქარის
წინასიტყვაობა და ამთავრებს მისი ძმის, ვახუშტის (1696-1757 წწ.), ბოლოსიტყვაობა. ეს
წინასიტყვაობა და ბოლოსიტყვაობა მოიცავს ცნობებს არა მარტო ამ გამოცემის შესახებ,
არამედ, ზოგადად, ბიბლიის ქართული თარგმანის ისტორიასაც23. ამ ბიბლიის შედგენისა და
გამოცემის ისტორია მოთხრობილია მისი გამომცემლების − ბაქარ ბატონიშვილის
წინასიტყვაობასა და ვახუშტი ბატონიშვილის ანდერძში.
ამ წინასიტყვაობა-ანდერძის მიხედვით ისტორია ასეთია:
თბილისის პარალელურად იმ დროისათვის მოსკოვში მცხოვრები არჩილ მეფეც
შესდგომია ქართული ბიბლიის შეკრებისა და გამოცემის საქმეს (1704-1713 წწ.), რადგან
იმჟამად ჩვენს ქვეყანაში ბიბლიის სრული კრებული არ არსებობდა. იყო მხოლოდ ცალკეული
წიგნების შემცველი კრებულები, ზოგი წიგნი კი, მაგალითად, ისო ზირაქისა და მაკაბელთა
წიგნები საერთოდ დაკარგული იყო. რომელი წიგნებიც შემოგვრჩენოდა, მათაც თავებად და
მუხლებად დაყოფაც კი არ ჰქონდათ და გადამწერთაგან შებღალულ-შერყვნილი სახით

21
მცხეთურ ბიბლიაში ამავე მიზეზით საერთოდ არ ჩანს ეზრა სუთიელის წიგნი. ასევე, მხოლოდ ოშკის ბიბლია
შეიცავს იგავთა წიგნის, ისო ზირაქისა და სოლომონის სიბრძნის უძველეს ქართულ თარგმანებს. ამ სამი წიგნის
ხარვეზის შევსებაც სულხან-საბას მხოლოდ ლექციონარის მასალის გამოყენებით თუ შეეძლო.
22
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ.
103.
23
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ.
276.
7
არსებობდნენ. არჩილმა ეს წიგნები შეკრიბა და შეაწყო, ხოლო ნაკლული ნაწილი „ძალისაებრ
თჳსისა“ თვითონ თარგმნა.
არჩილმა ვახტანგ VI-ს სთხოვა დაბადების წიგნი და ვახტანგმაც, რაც მოეპოვებოდა,
გაუგზავნა, ზოგიც არჩილს თვითონ ჰქონდა. მაშინ არჩილმა გადაწყვიტა ბიბლიის ქართული
ტექსტის რუსულ დაბადებასთან შედარება. მან მხოლოდ თავების მიხედვით გამართა
ქართული ტექსტი, რადგან დამუხლვა მის ხელთ არსებულ რუსულ ბიბლიასაც არ ჰქონდა
(იგულისხმება 1663 წელს გამოცემული რუსული ბიბლია). მაკაბელი და ზირაქი თვითონ
თარგმნა და დიდი შრომაც გასწია. ამ შედარება-თარგმნაზე მუშაობის დროს არჩილს ბევრი
გაჭირვება გადაუტანია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენი წიგნები დროისა და გადამწერთა
წყალობით შერყვნილი იყო, მეორეც, რუსული ბიბლია, იმის გამო, რომ ბერძნულიდან არ
იყო თარგმნილი, სწორი არ იყო.
რაკი ეს ფაქტი ცნობილი იყო, რუსეთში რუსეთის მეფის, პეტრე ალექსის ძის
ბრძანებით ხელი მოჰკიდეს რუსული ბიბლიის გამართვას ბერძენთა, ებრაელთა, ასურთა,
ლათინთა და ბულგართა ბიბლიების მიხედვით (საუბარია რუსული ბიბლიის გამართვა-
გადამუშავების მიზნით პეტრე პირველის მიერ თეოდორე ლოპატინსკის ხელმძღვანელობით
საგანგებო კომისიის შექმნაზე).
ბაქარსა და ვახუშტის მეფე არჩილის ნამუშაკევი დაბადების ტექსტი შეუდარებიათ
რუსული ბიბლიის სწორედ ამ ახალ ვერსიასთან24.
ვახუშტის ანდერძი გვამცნობს იმას, რომ ბიბლიის ტექსტი დასაბეჭდად გადაუციათ
დაბა სვესენწკას (Всесвятское) საბეჭდავში (სტამბაში) წინამძღვრისა და მღვდელ-
მონაზონისათვის, ქრისტეფორე გურამიშვილისათვის, და მდივნის, მელქისედეკ
კავკასიძისათვის, რომელიც ამ წიგნის ბეჭდვას განაგებდა. წიგნი დაიბეჭდა 1743 წლის 7
დეკემბერს.
საქართველოში ბაქარის ბიბლიის სულ რამდენიმე ცალმა ჩამოაღწია. ჩვენში
დღეისათვის ამ წიგნის მხოლოდ 4-5 ეგზემპლარი არსებობს, ამიტომ თითოეულ მათგანს
ხელნაწერის მნიშვნელობა აქვს.
ბაქარის ბიბლიის შედგენისა და გამოცემის ამ ისტორიის გათვალისწინებით,
აგრეთვე, ტექსტების შესწავლის საფუძველზე, რაც ხელნაწერთა ინსტიტუტში
განხორციელდა, მანამდე არასწორად გაგებულ ორ საკითხს მოეფინა ნათელი. ჯერ ერთი,
გაირკვა, რომ ვახტანგ VI-ს არჩილისათვის გაუგზავნია არა ხელნაწერები ქართული
ბიბლიისა, არამედ თბილისის სტამბაში დაბეჭდილი ფსალმუნის, ახალი აღთქმისა და
წინასწარმეტყველთა წიგნები25 (სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ხელნაწერებს − ეროვნულ
განძს, რომლის მნიშვნელობაც ქვეყნისათვის ვახტანგ VI-მ სხვებზე კარგად უწყოდა, იგი
სამშობლოდან არ გაიტანდა, თვით არჩილისა და მისი საქმიანობისადმი უდიდესი

24
როგორც ჩანს, ბაქარსა და ვახუშტის ხელთ ჰქონდათ ლოპატინსკის კომისიის მიერ ჩასწორებული რუსული
ბიბლიის ტექსტი ხელნაწერის სახით, რადგან, როგორც ცნობილია, ეს ნასწორები ტექსტი მხოლოდ 1751 წელს
გამოქვეყნდა.
25
ფსალმუნისა და ახალი აღთქმის ტექსტები თბილისის სტამბაში დაიბეჭდა 1709 წელს, ხოლო
წინასწარმეტყველთა წიგნეები 1710-1711 წლებში.
8
პატივისცეემის მიუხედავად). მართლაც, ფსალმუნი, წინასწარმეტყველთა წიგნები და
ახალი აღთქმა ბაქარის ბიბლიაში სწორედ ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი ტექსტებიდანაა
გადაბეჭდილი.
შემდეგ, ბაქარისა და ვახუშტის წინასიტყვაობა-ანდერძის მიხედვით ისე გამოდის,
თითქოს არჩილს რუსულიდან მხოლოდ ისო ზირაქისა და მაკაბელთა წიგნები ჰქონდა
თარგმნილი. დღემდე მეცნიერებაშიც ეს აზრი იყო დამკვიდრებული. ხელნაწერთა
ინსტიტუტის თანამშრომლებმა ბაქარის ბიბლიის ცალკეული წიგნების შესწავლისა და
რუსულ წყაროსთან მათი შედარების შედეგად ცხადყვეს, რომ არჩილს რუსულიდან
უთარგმნია არა ოთხი, არამედ ოცდაორი წიგნი (მეფეთა ოთხივე, ნეჭტთა ორივე, ეზრას
სამივე, ნეემია, ტობია, ივდითი, ესთერი, იობი, იგავნი, ეკლესიასტე, ქება ქებათა, სიბრძნე
სოლომონისი, ისო ზირაქი და სამივე მაკაბელთა).
წინააღმდეგობას ამ დასკვნასა და ბაქარისა და ვახუშტის წინასიტყვაობა-ანდერძში
დაცულ ცნობას შორის ის ახსნა ეძებნება, რომ ისო ზირაქი და მაკაბელთა წიგნები ბაქარსა
და ვახუშტის იმ წიგნების ნიმუშად უნდა ჰქონდეთ დასახელებული, რომელთა დედნებიც
მათ ხელთ არ ჰქონდათ და თვლიდნენ, რომ „დაკარგულ და დაკლებულ იყო“ და
იმდროინდელ საქართველოში „არღარა იპოებოდა“26.
საბოლოოდ, ბაქარის ბიბლიაში სამი ძირითადი წყარო დაფიქსირდა: მეფეთა
წიგნებიდან მოკიდებული წინასწარმეტყველთა წიგნებამდე ყველა ბიბლიური თხზულება
არჩილს თვითონ უთარგმნია, ვახტანგ VI-ს გაუგზავნია მისთვის ფსალმუნის,
წინასწარმეტყველთა და ახალი აღთქმის წიგნების თბილისში დაბეჭდული გამოცემები,
ხოლო დანარჩენი (ბიბლიის პირველი რვაწიგნეული) მას ხელთ ჰქონია (სწორედ ამას
გულისხმობს ვახუშტის ნათქვამი: „ხოლო ზოგნი თჳთ აქუნდეს“)27.

გელათის ბიბლია

გელათური ბიბლია განეკუთვნება XI ს.-ის ბოლო წლებს. წარმოდგენილია XII


საუკუნის ორი ხელნაწერით: A 1108 და Q 1152. Q 1152 უნდა მომდინარეობდეს A 1108-ის
ავტოგრაფული ნუსხიდან. ენობრივი თვალსაზრისით პეტრიწონულ სკოლას განეკუთვნება.

26
სხვა წიგნებს რომ თავი დავანებოთ, ბაქარის ბიბლიაში თუ არა არჩილის თარგმანით, სხვაგვარად ვერ
მოხვდებოდნენ იგავთა, სოლომონის სიბრძნისა და ეზრა სუთიელის წიგნეები, რადგან, ისო ზირაქისა და
მაკაბელთა წიგნების მსგავსად, არც ამ სამი წიგნის ტექსტები არსებობდა იმდროინდელ საქართველოში. მათი
შემცველი ოშკის ბიბლია შორეულ ათონზე ინახებოდა (ეზრა სუთიელის წიგნის მეორე ვარიანტი
იერუსალიმის ბიბლიაში იყო დაცული) და როგორც სულხან-საბას საქართველოდან, ისე არჩილ მეეფეს
მოსკოვიდან მასზე ხელი არ მიუწვდებოდა.
27
ციალა ქურციკიძე, ქართული ბიბლია, სარედაქციო ჯგუფი: ნარგიზა გოგუაძე, ნინო მელიქიშვილი, ლამარა
ქაჯაია, თბ., 2010, გვ. 34-41.
9
ზოგიერთი მკვლევარი მის მთარგმნელად იოანე პეტრიწს მიიჩნევს (კ. კეკელიძე), ზოგი −
მხოლოდ რედაქტორად (თ. ცქიტიშვილი)28. რაც შეეხება მასში არსებული თარგმანის
წყაროს, არსებობს რამდენიმე მოსაზრება: თ. ცქიტიშვილი და კ. დანელია ეზეკიელისა და
იერემიას წიგნების ქართული თარგმანის გაანალიზების შედეგად წყაროდ აღმოსავლურ
ვერსიას ვარაუდობენ. ც. ქურციკიძის აზრით, გელათური ბიბლია ბერძნულიდან
შესრულებული ახალი თარგმანია, რომელშიც უძველესი თარგმანი საკონტროლოდ არის
გამოყენებული. საკმაოდ დიდი და საინტერესო მასალის გაანალიზების შემდეგ უკანასკნელ
პერიოდში გამოითქვა დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ გელათურ ნუსხაში
(და მის დედანში) არსებული თარგმანის წყარო არის ისეთი ბერძნული ნუსხები, რომლებიც
სეპტუაგინტას (სეპტანტას) ტექსტთან ერთად აშიაზე არაიშვიათად შეიცავდნენ ბიბლიის
ამა თუ იმ მუხლის ან ლექსიკური ერთეულის განსხვავებულ თარგმანს აკვილას,
სვიმაქოსისა და თეოდოტიონის რედაქციებიდან. აშიაზე მინაწერები, როგორც ეს
ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე, ხშირად გადაინაცვლებდა ძირითად ტექსტში. სწორედ
ამგვარი ტიპის ბერძნულ ნუსხას ვარაუდობს ე. ჭელიძე გელათურ ბიბლიაში არსებული
თარგმანის წყაროდ.
A 1108 ხელნაწერი შეიცავს შემდეგ ბიბლიურ წიგნებს: ლევიტელთა (თავნაკლული
სახით), რიცხვთა, II სჯული, ისო ნავესი, მსაჯულნი, რუთი, დიდი და მცირე
წინასწარმეტყველები. Q 1152 ხელნაწერში კი მხოლოდ რვაწიგნეულის ექვსი წიგნია
წარმოდგენილი: ლევიტელთა, რიცხვთა, II სჯული, ისო ნავესი, მსაჯულნი, რუთი.
გელათური ბიბლია განსაკუთრებით იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მას ერთვის
განმარტებები, ანუ ე. წ. კატენები, ტექსტის კიდეები შემოწერილია ამ განმარტებებით.
სწორედ ამის გამო უწოდებენ გელათურ ბიბლიას „კატენებიან ბიბლიას“. ბიბლიის
კიმენური ტექსტის თარგმანი საკმაოდ ვრცელი სქოლიოებითურთ მხოლოდ რუთის
წიგნამდეა განხორციელებული (A 1108 რუთის შემდეგ მიკინძული და განსხვავებული
ხელით გადაწერილი მცირე წინასწარმეტყველების წიგნები ამ ტიპის განმარტებებს აღარ
შეიცავენ). კატენი ზოგჯერ კიმენური ტექსტის ცალკეულ სიტყვას განმარტავს, ზოგჯერ −
რაიმე ეპიზოდს. ყველაზე მეტი ციტატაა დამოწმებული წმ. კირილე ალექსანდრიელის
თარგმანებათა და ნეტ. თეოდორიტე კვირელის კითხვა-მიგებათაგან. სქოლიოებში ხშირად
ჩანს აკვილას, სვიმაქოსისა და თეოდოტიონის სახელები29.
დამანა მელიქიშვილის აზრით, გელათის კატენებიანი ბიბლია ანტიოქიური სკოლის
კატენებიანი ბიბლიის კრებულის თარგმანს უნდა წარმოადგენდეს: კიმენ-სქოლიოდ
აღნაწერი ორივე ქართული ნუსხა ზუსტად ასახავს და მისდევს ამ ტიპის ბერძნული
კრებულების ხელნაწერთა ფორმას; მასში თავმოყრილი და კონცენტრირებულია ის
ძირითადი მსოფლმხედველობრივი თუ ენობრივ-სტილისტური ტენდენციები და

28
თ. ცქიტიშვილის აზრით, გელათური ბიბლია არის უძველესი თარგმანის საფუძვლიანი გადამუშავების
შედეგად მიღებული ახალი რედაქცია (ციალა ქურციკიძე, ქართული ბიბლია, სარედაქციო ჯგუფი: ნარგიზა
გოგუაძე, ნინო მელიქიშვილი, ლამარა ქაჯაია, თბ., 2010, გვ. 20-21).
29
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ.
96-98.
10
განხორციელებულია ის პრაქტიკულ-მთარგმნელობითი პრინციპები, რომლებიც,
საზოგადოდ, დამახასიათებელია გელათის თეოლოგიურ-ფილოლოგიური სკოლისათვის
და მის სახეს განსაზღვრავს. იგი შესრულებული უნდა იყოს მთარგმნელთა ჯგუფის მიერ
ერთი მთავარი რედაქტორ-მთარგმნელის (შესაძლოა, წმ. არსენ იყალთოელის) საერთო
ხელმძღვანელობით30.

30
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, თბ., 2009, გვ.
98.
11

You might also like