You are on page 1of 7

ძველი ქართული მთარგმნელობითი-სალიტერატურო სკოლები და

პერიოდები

ძველ ქართულ მთარგმნელობით-სალიტერატურო მოღვაწეობის ისტორიაში


ძირითადად ოთხი ეტაპი (რომელთაც აქვს, ასევე, ქვეეტაპები) გამოიყოფა, ესენია:
1) პირველი ეტაპი ეს გახლავთ ათონამდელი მთარგმნელობითი პერიოდი,
რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ორ ქვეპერიოდად:
ა) IV-VII საუკუნეები – ძირითადად ხდებოდა ინდივიდუალურად
მთარგმნელობითი მუშაობა. ეს პერიოდი ხასიათდება იმით, რომ თითქმის არაფერი
არ ვიცით მთარგმელების შესახებ – თუ ვინ არიან, კონკრეტულად რას აკეთებენ და ა.
შ.
ბ) ტაო-კლარჯული საღვთისმეტყველო-სალიტერატურო სკოლა – VIII-XI
საუკუნეები. თუკი წინარე ქვეპერიოდში არ იყო ჩამოყალიბებული და გამართული
სკოლები, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, თარგმან-რედაქტირება ხდებოდა
ინდივიდუალურად, ტაო-კლარჯეთის პერიოდში წმ. გრიგოლ ხანცთელის უდიდესი
გულმოდგინებითა და მუშაკობით უკვე შეიქმნა განსაკუთრებული სკოლები, სადაც
მიმდინარეობდა დიდი სალიტერატურო მოღვაწეობა. წინარე პერიოდისგან
განსხვავებით, აქ უკვე ვეცნობით ჩვენ რამდენიმე ლიტერატორ მოღვაწეს (მართალია,
არა ბევრს), მაგალითად: გრიგოლ ოშკელი, დავით ტბელი და სხვანი.
ათონამდელი მთარგმნელობით-სალიტერატურო პერიოდისათვის
(განსაკუთრებით უძველესი, პირვანდელი ქვეპერიოდისთვის) დამახასიათებელი იყო
როგორც ენობრივი, ისე შინაარსობრივი ხარვეზები. ეს შეიძლება განპირობებული
ყოფილიყო შემდეგი გარემოემებით: სარწმუნოებრივ-სარვთისმეტყველო საკითხებში
ავტორთა ე. წ. სიჩჩვილე-სიყმაწვილე, რაც გულისხმობს ადრეული პერიოდის
ავტორთა დოქტრინალურ სიღრმეებში მოუმზადებლობა-ჩაუწვდომლობას; ან, რაც
უფრო სავარაუდებელია, თავდაპირველად იმდენად დაწაფებულნი იყვნენ
მთარგმნელობით საქმიანობას და ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად და ბევრი
ძეგლი (განსაკუთრებით წმინდა წერილის ტექსტები) ეთარგმნათ, რომ სისწრაფიდან
გამომდინარე არაიშვიათად ემართებოდათ უნებლიე შეცდომები. აქვე უნდა ვთქვათ
ისიც, რომ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ხარვეზებზე ვსაუბრობთ, სრულებითაც არ
ვაკნინებთ იმ პერიოდის ავტორთა ნამოღვაწარს და არ ვგულისხმობთ ისეთ უხეშ
შეცდომებს, რომლებიც მთლიანობაში წყალში ჩაყრიდა მათს საქმიანობას. უბრალოდ
თავმოყრილი იყო იმგვარი ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად გასწორებას
საჭიროებდა, რაც მოხდა კიდეც მთაწმინდელებისა და შემდგომი პერიოდის
მოღვაწეთა მიერ.
ასევე უნდა ითქვას, რომ პირველ პერიოდში ავტორთა შორის არ იყო
გამოკვეთილი მთარგმნელობითი სტილის (ვგულისხმობთ სიტყვასიტყვით და

1
თავისუფალ თარგმანს) რომელიმე კონკრეტული მიმართულება, არამედ, როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ, ხსენებული პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო
ინდივიდუალურობა და, შესაბამისადვე, განკერძოებითად გამოიყენებოდა ხან ერთი
და ხანაც მეორე სტილი.
ორიოდეს სიტყვით განვმარტოთ, თუ რას გულისხმობს სიტყვასიტყვითი და
თავისუფალი თარგმანები.
თარგმანი შესაძლებელია ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული კატეგორიით
დახასიათდეს: როგორც თავისუფალი და როგორც ლიტერალური ანუ
სიტყვასიტყვითი. ლიტერალური თარგმანის მიზანია ფორმალური მხარე, ანუ ე. წ.
ფორმალური ეკვივალენტურობის დაცვა, თავისუფალი თარგმანი კი აზრის
გამოხატვას ესწრაფვის, დინამიკური ეკვივალენტურობის მომხრეა. „თავისუფალი
მთარგმნელი“ მთელ კონტექსტს ისე აღიქვამს, როგორც ერთ სათარგმნ ერთეულს, ერთ
სეგმენტს და მთლიანობაში ცდილობს მისი აზრის გადმოცემას, დეტალების
გადმოტანაზე მაინც და მაინც არ ჩერდება. „სიტყვასიტყვითი მთარგმნელი“ კი,
რომლისთვისაც არა მარტო კონტექსტის აზრი, არამედ მისი გამომხატველი
თითოეული დეტალიც კი მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტს სეგმენტებად ყოფს და
ისინი მიმდევრობის, რაოდენობის, ფორმისა და ლექსიკური მნიშვნელობის დაცვით
გადმოაქვს1.
წმინდა წერილის თარგმნის პირველ ეტაპზე მთარგმნელების ამოცანა ცხადი და
მარტივი იყო: ზუსტად ეთარგმნათ ღვთის სიტყვა. რაში უნდა გამოხატულიყო ეს
სიზუსტე და რა ხარისხისა უნდა ყოფილიყო ის, ეს საგანგებო თეორიული განსჯის
საგანი, ალბათ, არც ყოფილა; მთარგმნელები ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის
ინტუიციურად ირჩევდნენ თარგმნის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათში
შიგადაშიგ ვლინდებოდა როგორც სიტყვასიტყვითი, ისე თავისუფალი
თარგმანისათვის დამახასიათებელი ნიშნები. შემდგომში, როდესაც ბიბლიის ტექსტი
პოლემიკის იარაღი გახდა, თარგმანის დედანთან სიახლოვე უკვე კონკრეტულ
დეტალებში გამოიხატა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ გვიანდელ თარგმანებსა
თუ რედაქციებში გამოყენებული თარგმნის არცერთი პრინციპი სიახლეს არ
წარმოადგენს, მათ ადრინდელ თარგმანებშიც ვხვდებით, მაგრამ განსხვავება ის არის,
რომ იქ ეს პრინციპები სპონტანურადაა გამოყენებული, შემდგომში კი – უკვე
გააზრებული, საგანგებოდ ჩამოყალიბებული, განვითარებული, დახვეწილი სახით და
რეგულარულად2.
2) მეორე ეტაპი არის საკუთრივ ათონური საღვთისმეტყველო-სალიტერატურო
პერიოდი, რომელსაც სწორედ ტაო-კლარჯულმა მოღვაწეობამ გაუკვალა გზა.

1
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე,
„ალილო“, თბ., 2009, გვ. 39.
2
ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე,
„ალილო“, თბ., 2009, გვ. 40.

2
ათონური სკოლა, თამამად შეიძლება ითქვას, წარმოადგენს გვირგვინს ძველ ქართულ
სალიტერატურო საქმიანობაში. ამ პერიოდში წარმოებს დახვეწილი
მთარგმნელობითი მუშაკობა, წინარე პერიოდის თარგმანების გასწორება (სწორედ
ამიტომ ძალიან ბევრი ძეგლი, რაც პირველ ეტაპზე თარგმნილი იყო, ახლიდან
ითარგმნა მთაწმინდელთაგან, რადგან გასწორებულიყო ის ცხადი ხარვეზები,
რომლებიც მათ მიერ იყო ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული). ამას თავისი მიზეზიცა
და მიზანიც ჰქონდა – რათა, როგორც უკვე ვთქვით, გამართულიყო ხარვეზები და
მაქსიმალურად დაახლოებოდა ტექტები ბერძნულ დედანს (იმ პერიოდში ერთ-ერთ
უმთავრეს კრიტერიუმად სწორედ დედნისეულ ტექსტთან მაქსიმალური სიახლოვე
მიიჩნეოდა). საკუთრივ წმინდა წერილის წიგნებთან დაკავშირებით, ამ პერიოდში ჩვენ
ვსაუბრობთ უპირატესად რედაქტირებაზე (უკვე არსებული თარგმანების გასწორება-
გამართვაზე) და ნაკლებად თარგმანებაზე.
ამ პერიოდის მოღვაწეთაგან გამოირჩევიან – წმ. ექვთიმე (955-1028 წწ.) და წმ.
გიორგი მთაწმინდელები (1009-1065 წწ.) (საკუთრივ მთარგმნელ-რედაქტორები),
ასევე, წმ. იოანე მთაწმინდელი (ექვთიმე მთაწმინდელის მამა) (920-1005 წწ.), წმ.
გიორგი შეყენებული (დაყუდებული) (გარდაიცვალა დაახლოებით 1068 წელს),
რომელიც იყო წმ. გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი და ფაქტობრივად რომელმაც
აიძულა გიორგი, რომ შესდგომოდა მთარგმნელობით საქმიანობას3, წმ. იოანე თორნიკ-
ყოფილი (გარდაიცვალა 985 წელს) (რომელმაც დაუკვეთა ოშკის [იგივე ათონის]
ბიბლიის შექმნა) და სხვანი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ათონური სკოლა გახლდათ დახვეწილი,
ჩამოყალიბებული და, შეიძლება ითქვას, სრულყოფილი, რასაც ამოწმებს მხოლოდ ის
ფაქტიც, რომ სწორედ ამ პერიოდში და ამ სკოლის მიერ ითარგმნა და რედაქტირდა ის
ძირითადი თხზულებები, რომლებიც დღესაც კი ფასდაუდებელ და შეუცვლელ
საგანძურს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის;
ხსენებული ეკლესიის კულტურული მემკვიდრეობა დღესაც კი ათონური სკოლის
საფუძველზე დგას. ამგვარი დიდი და რთული ღვაწლი გამოკვეთილად თავს იდო
ათონური სკოლის ორმა უდიდესმა წარმომადგენელმა – წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი
მთაწმინდელმა. ბუნებრივია, აქ იგულისხმება ის, რომ უშუალო მთარგმნელობითი
საქმიანობა სწორედ მათ შეასრულეს, თორემ როგორც საქმის წამომწყებთ, შემწეებს
საქმისა, როგორც მაიძულებლებს სწორედ ხსენებული მოღვაწეებისა (იგულისხმება

3
წმ. გიორგი შეყენებულს თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ჩვენი მწერლობის ისტორიაში. მართალია, მას
პირდაპირად არ უღვაწია როგორც მთარგმნელს ან ფილოსოფოსს, მაგრამ მასში ძლიერი ყოფილა
ლიტერატურული ტრადიციები და მიდრეკილება, რის გამო მას მტკიცე კავშირი ჰქონია ქართველ
მოღვაწეებთან ათონის მთაზე, საიდანაც, მისი სიტყვით, „სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან
ყოველი აღმოსავლელი საღმრთოჲთა წიგნითა განაბრწყინვა და წმიდანი ეკლესიანი ქართლისანი
ახლად შეამკვნა“. მან, პირველ ყოვლისა, ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა წმ. გიორგი
მთაწმინდელი (კორნელი კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტომი I, რედ. ალ. ბარამიძე,
თბ., 1951, გვ. 191).

3
ის, რომ მაგალიათდ, წმ. გიორგი შეყენებულმა თავისი მოძღვრული სტატუსი
გამოიყენა იმისათვის, რათა წმ. გიორგი ათონელისთვის მთარგმნელობითი საქმის
დაწყება მოეწოდებინა, „ეიძულებინა“), სხვებსაც არამცირედი ღვაწლი ერგოთ.
ამასთან, მიუხედავად ზოგადი მიზანდასახულობისა, რათა გაემართათ
ადრინდელი თარგმანები და კიდევ უფრო მეტი ძეგლი ეთარგმნათ, ხსენებულ ორ
მოღვაწეს შორისაც იყო განსხვავება მთარგმნელობით სტილში. კერძოდ – წმ. ექვთიმე
ათონელისათვის დამახასიათებელი იყო ე. წ. „თავისუფალი თარგმანი“, როდესაც
ხსენებულ დიდ მოძღვარს არა სიტყვასიტყვით, კალკირებულად, არამედ
თავისუფლად გადმოჰქონდა სათარგმნი მასალა ისე, რომ შინაარსს არ არღვევდა4. წმ.
ექვთიმე ხან კვეცდა დედნისეულ ტექსტს, ხანაც ამატებდა რამდენადაც ამის
საშუალებას თავად ავტორის სათქმელი აძლევდა. ექვთიმესეულ მტარგმნელობით
სტილს წმ. ეფრემ მცირე ამგვარად აფასებს: „მადლითა სულისა წმიდისაჲთა ჴელ-
ეწიფებოდა შემატებაჲცა და კლებაჲცა“5.
წმ. ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მეთოდი, ე. წ. მთარგმნელობითი
თავისუფლება სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ ზედმიწევნით არის
შესწავლილი. საზოგადოდ ცნობილია, რომ მისთვის დამახასიათებელია
შემოქმედებითი მიდგომა სათარგმნი ტექსტისადმი, სახელდობრ, ბერძნული ენის
ღრმა ცოდნა და სულიწმიდისეული განბრძნობილობა ექვთიმეს საშუალებას აძლევდა
განევრცო ან შეემოკლებინა ორიგინალი, საჭიროების შემთხვევაში „გაექართულებინა“
და თავისუფალი თარგმანით გადმოეღო ის, რაც რთული აღსაქმელი შეიძლებოდა
ყოფილიყო ქართველი მკითხველისათვის.

4
ეს აუცილებლად ხაზგასასმელია, რადგან ზოგჯერ, სამწუხაროდ, წმ. ექვთიმე ათონელის
მთარგმნეელობით სტილს არამართებულად იყენებენ ხოლმე იმის დასამტკიცებლად, თითქოს ექვთიმე
თავისი შეხედულებისამებრ ცვლიდა ავტორის აზრს და როგორც თავად მიიჩნევდა, ისე ჩაასწორებდა.
მაგალითად, თითქოს თუკი რომელიმე ავტორს დოგმატურად მიუღებელი სწავლება ექნებოდა,
ექვთიმე მას ისე თარგმნიდა, როგორც ეკლესიისათვის იქნებოდა შესაბამისი. ეს გარემოება, რა თქმა
უნდა, წმ. ექვთიმე მთაწმინდელს, როგორც ღვაწლმოსილ და უნაკლო მთარგმნელს, მძიმე ვითარებაში
აღმოაჩენდა და, რა თქმა უნდა, მის ავტორიტეტს შებღალავდა; რადგან მთარგმნელისათვის ერთ-ერთ
მთავარ პირობას წარმოადგენს მკითხვეელისათვის სათარგმნი მასალის შეუბღალავად, დაუზიანებლად
და შინაარსშეუცვლელად მიწოდება. ხოლო თუკი წმ. ექვთიმე კონკრეტული რომეელიმე ავტორისგან ე.
წ. „მიუღებელ“ სწავლებას მიჩქმალავდა და შეცვლიდა, ეს, როგორც მცირე, მის არაპატიოსან ქმედებას
მოასწავებდა. ამიტომ, საკმაოდ მნიშვნელოვანია გააზრება იმისა, რომ წმ. ექვთიმე ათონელის
„თავისუფალი მთარგმნელობითი სტილი“ სრულებითაც არ არღვევდა ავტორის სათქმელს, მას
უცვლელად გადმოჰქონდა სათარგმნი ტექსტის შინააარსი, უბრალოდ ხანდახან კვეცდა ვრცელ
მსჯელობას ისე, რომ, ხაზს ვუსვამთ, მცირედითაც არ დაეზიანებინა მთავარი სათქმელი.
5
მთარგმნელობითი მეთოდი ძველ ქართულ ლიტერატურაში და მისი ხასიათი, კ. კეკელიძე, ეტიუდები
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან I, რედ. ჭ. თევზაძე, თბ., 1956, გვ. 188.

4
ამგვარად, ექვთიმესეული თავისუფალი თარგმანის მეთოდი გულისხმობს
გავრცობასაც და კლებასაც: ეს სხვადასხვაგვარი სახით ვლინდება, თუმცა აქვე უნდა
ითქვას ისიც, რომ მთარგმნელი თითქმის არასოდეს ცვლის დედნისეულ აზრს6.
წმ. ექვთიმე მთაწმინდელის მთარგმნელობითი სტილის ერთ-ერთი ცხადი
გამოხატულებაა მის მიერ თარგმნილი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის წმ. ბასილი
დიდისათვის წარმოთქმული „ეპიტაფია“. როდესაც წმ. გრიგოლი სომეხთა ერს
ახასიათებს, ამგვარ რამეს ამბობს (ვიმოწმებთ წმ. ეფრემ მცირის თარგმანს, რომელიც
ზედმიწევნით, სიტყვასიტყვით მისდევს ბერძნულ ტექსტს): „არა მარტივ ნათესავ
ვჰპოებ სომეხთასა, არამედ ფრიად დაფარულ რაჲმე და ზღჳსკლდე“7. რაც შეეხება
ექვთიმესეულ თარგმანს, დიდი მოძღვარი საგრძნობლად ავრცელებს დედნისეულ
ტექსტს, თუმცა კი საერთოდ არ არღვევს შინაარსს. აი, როგორ თარგმნის წმ. ექვთიმე
კონკრეტულ ადგილს: „რამეთუ ვითარცა არს ნათესავი იგი სომეხთაჲ არა წრფელი,
არამედ მზაკუვარი და გულარძნილი და ბოროტი, მიმსგავსებული კლდეთა მათ,
რომელნი დაფარულ არიან ზღუასა შინა და ვერ იხილვენ მათ მენავენი, ვიდრე არა
სცენ ნავი და განტეხონ. ესრეთ სხუასა იტყჳან იგინი და სხუაჲ უც გულსა მარადის, და
სიწრფოებაჲ მათ თანა არა არს. და რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ კაცსა ეცრუვნენ,
ვინაჲთგან თავადისა ღმრთისა მიმართ ცრუ არიან და მზაკუვარ და ბოროტად
აღმსაარებელ“8.
ვფიქრობთ, ნათლად შესამჩნევია ის, რომ წმ. ექვთიმე მთაწმინდელი,
მართალია, გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე თავად წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი,
მაგრამ ეს სრულებითაც არ ცვლის სათქმელს, რადგან სწორედ ის იგულისხმებოდა
კაბადოკიელ მოძღვართან, როდესაც სომხები „ზღჳსკლდედ“ მოიხსენია, როგორადაც
საბოლოოდ ვრცლად შეაფასა ქართველმა მთარგმნელმა.
რაც შეეხება წმ. გიორგი მთაწმინდელს, მისთვის არაა დამახასიათებელი
ექვთიმესებრ „შემატებაჲცა და კლებაჲცა“, არამედ ცდილობს, რაც შეიძლება ზუსტად,
ზედმიწევნით, სიტყვასიტყვით გადმოიტანოს ტექსტი ისე, რომ არც არაფერი მოაკლოს
და არც არაფერი შეჰმატოს. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ წმ. გიორგი
ათონელს კალკირებულად გადმოაქვს სათარგმნი ტექსტი და საერთოდ არაფერს
უმატებს ან აკლებს, არამედ უბრალოდ, კვლავ გავიმეორებთ, ექვთიმესთვის
დამახასიათებლად არ მოქმედებს. ამიტომაც მისი თარგმანების შედარება ბერძნულ

6
წმიდაჲ გრიგოლ ნოსელი, ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა, ტექსტი გამოსაცემად
მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ტერმინოლოგიური ლექსიკონი დაურთო პროტოპრესვიტერმა
გიორგი ზვიადაძემ, რედ. ნინო მელიქიშვილი, „მერიდიანი“, თბ., 2011, გვ. 27-28.
7
CORPUS CHRISTIANORUM, Series Graeca 52, Corpus Nazianzenum 17, Sancti Gregorii Nazianzeni Opera,
Versio Iberica IV, Edita A Bernard Coulie et Helene Metreveli, et Ketevan Bezarachvili, Tsiala Kourtsikidze, Nino
Melikichvili, Thamar Otkhmezuri, Maia Raphava, Leuven, 2004, col. 83-85.
8
CORPUS CHRISTIANORUM, Series Graeca 52, Corpus Nazianzenum 17, Sancti Gregorii Nazianzeni Opera,
Versio Iberica IV, Edita A Bernard Coulie et Helene Metreveli, et Ketevan Bezarachvili, Tsiala Kourtsikidze, Nino
Melikichvili, Thamar Otkhmezuri, Maia Raphava, Leuven, 2004, col. 82-84.

5
დედანთან და ზუსტი ადგილების დაძებნვა გაცილებით ადვილია, ვიდრე წმ. ექვთიმე
ათონელის თარგმანებისა. ამიტომაც იყო, რომ წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმან-
რედაქციები გაცილებით უფრო სრულყოფილად შეფასდა, ვიდრე მანამდელი და,
შეიძლება ითქვას, მის შემდგომდროინდელი (განსაკუთრებით ეს ეხება მის მიერ
ნარედაქტირებ ოთხთავს, რომელმაც „ვულგატას“ პატივი განიკუთვნა და დღემდე არ
დაუკარგავს ეს ღირსება).
3) მესამე ეტაპი – ეს არის ე. წ. „ელინოფილური“ პერიოდი, როდესაც,
კონკრეტული მიზანდასახულობით, ხდებოდა ქართული ტექსტების ბერძნულთან
მაქსიმალური, შეიძლება ითქვას, ზედმიწევნითი დაკავშირება. მართალია,
ბერძნულთან სიახლოვე ათონურ სკოლაშიც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამ პერიოდში
კიდევ უფრო მეტი სიზუსტით მოხდა ბერძნულის მიხედვით სწორება. სწორედ
ამიტომ ეწოდათ ამ პერიოდის მთარგმნელებს „ელინოფილები“, რომელთაგან უნდა
გამოვარჩიოთ – შავ მთაზე მოღვაწე წმ. ეფრემ მცირე (გარდაიცვალა დაახლოებით 1101
წელს. ყოველ შემთხვევაში, რუის-ურბნისის კრების [1104 წ] აქტებში იგი
გარდაცვლილად იხსენიება), შავ მთასა და მანგანას მონასტერში მოღვაწე წმ. არსენ
იყალთოელი (გარდაიცვალა დაახლ. 1127 წელს) და კონსტანტინოპოლში,
ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში მოღვაწე თეოფილე ხუცეს-მონაზონი (XI
საუკუნის მეორე ნახევარი და XII საუკუნის პირველი ნახევარი) (ძირითადად, ეს სამი
მოღვაწეა), რომლებიც, ითვალისწინებენ რა ათონელი მოღვაწეების სტილს, მაინც
ქმნიან ახალ მიმართულებას, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბერძნულთან
ზედმიწევნით სიახლოვეს გულისხმობდა.
ჯერ კიდევ დიდი ათონელი მოღვაწეების პერიოდშივე, განსაკუთრებით, წმ.
გიორგი მთაწმინდელის დროიდან, ქართველებისადმი არასასიამოვნო ბრალდება
ისმოდა, რომლის მიხედვითაც თითქოს ქართველთა ლიტერატურული საქმიანობა
უდიდეს შეცდომებზე იყო დაფუძნებული, თითქოს ისინი თარგმნისას რყვნიდნენ
ტექსტებს და მათი თარგმანები რადიკალურად იყო დაცილებული ბერძნული
დედნებიდან; და საერთოდ – არა მხოლოდ ქართევლთა ლიტერატურულ
მოღვაწეობას, არამედ სარწმუნოებასაც კი ეჭვის თვალით უყურებდნენ. სწორედ
იმიტომ, რომ ბრალმდებელნი დაედუმებინათ, ელინოფილმა მოღვაწეებმა დაიწყეს
როგორც მანამდელი თარგმანების გასწორება (რა თქმა უნდა, ისეთი ტექსტებისა,
რომლებიც სწორებას საჭიროებდა), ისე ჯერ უთარგმნელი ტექსტების თარგმნაც
ოღონდ ბერძნულთან მაქსიმალურად დაახლოებით.
ამ ვითარებას კარგად ასახავს წმ. ეფრემ მცირის სიტყვები მისი ანდერძიდან: „და
კუალად მე ნუ მაბრალობელ მექმნებით ადგილ-ადგილთა უსაკუთრესთათჳს, რამეთუ
არათუმცა პირველად სიტყუაჲ შემედარა, თარგმანი სიტყჳსაჲ გაირყუნებოდა, და

6
კუალად, შემდგომნი მეცნიერნი ბერძულისანი მაბრალობელ გუექმნებოდეს
გამოუძიებელად დაწერისათჳს სიტყუათაჲსა“9.
4) მეოთხე ეტაპი გახლავთ „ულტრაელინოფილური“ პერიოდი, რომელსაც ასევე
გელათური პერიოდი (გელათური სკოლა) ეწოდა. წინარეს მსგავსად, ამ პერიოდის
მთარგმნელთა სწორებაც ბერძნულზე იყო, მაგრამ არა უბრალოდ, არამედ კიდევ
უფრო მეტი სიზუსტით, რაც გამოიხატა სტილისტურ-ლექსიკურ კალკში. ამ
პერიოდის მთარგმნელები ცდილობდნენ ბერძნულთან ზედმიწევნით სიახლოვეს არა
უბრალოდ ტექსტობრივ-შინაარსობრივად, არამედ სინტაქსურ-ფონეტიკურადაც
(ბერძნულისაც და ქართულის სინტაქსურ-ფონეტიკური სტილი რადიკალურად
განსხვავებულია), რაც ქმნიდა საკმაოდ არაბუნებრივობას და ხელოვნურად
ბუნდოვნდებოდა მთელი ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ოთხთავის10
საკუთრივ გელათური რედაქცია, იგი მაინც ვერ დამკვიდრდა, რადგან, როგორც უკვე
ვთქვით, გარკვეულწილად კარგავდა ქართული ენის ბუნებისათვის დამახასიათებელ
ნიშან-თვისებებს. ამ პერიოდის მოღვაწეთაგან გამოირჩევა იოანე პეტრიწი (XI-XII სს.).

9
სამოციქულოს განმარტება, გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა
თხზულებებიდან, თარგმნილი ეფრემ მცირის (კარიჭის ძის) მიერ, I, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და
წინასიტყვა დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, რედ.: თინა დოლიძე, თამარ მესხი, „ალილო“, თბ.,
2011, გვ. 55.
10
სამეცნიერო ლიტერატურაში „ოთხთავს“ უწოდებენ საკუთრივ ოთხი სახარების ტექსტებს.

You might also like