You are on page 1of 50

ლექსები

დავით კოროშინაძე

№ 69

ჩემს სახლში ერთი მორყეული ბეტონის კარია


და მრიცხველი გამუდმებით
აჩვენებს ნულს.
შენთან გაზრდაში შემომეჩვია დაგრძნობაცია
და თეთრი მტერდების აკრობატებად დანაკუწება.

საფეხურებით ნელ-ნელა მივდივარ რეალობამდე


და როცა მივალ ალბათ წვერები მიაღწევს ობებს.
ისე მკრთალია ისე ძველია ეს მონატრება,
რომ მენანება
დაქნეულების უცხვირპირო შთამომავლობა.

დღითა და ღამით, ღამითა და დღით


უზმოზე მივირთმევთ ოდნავ მომწარო შავ რძეს.
შაქრის კნატუნით სახეს ვიღებავათ ფერუ-მარილებით
და ხელით ვაცლით ემოციას გრძნობის სიმჟავეს.

ჩემს სახლში კიდია მღვრიედ დაკემსილი ერთადერთი ფარდა,


რომელიც დღის შუქსაც ვერ აკავებს
ეზოდან იძახიან ჯგუფთა ჯგუფები:
შენ ვერ გაახმობ ჩემს ყვავილებს, მე შენზე მშიერი ვარ.

Present Perfect

ერთი შემომხედა და მითხრა ვიხრჩობიო,


მერე სასოებით გამიწოდა ხელი,
მოდი ჩამიკარი სიძულვილით გამათბეო,
გულს მიკაწრავდა აღდგომამდე სულში ნასახლარი,

შემომხედა და მითხრა ვკვდებიო,


გვერდზე გაიხედა, მერე გათავხედდა სულში დასამალი
ხელი გამიწოდა, სარკეს შემახედა
და რომ გათავხედდა
ვეღარ მოვითმინე, თუმცა იყო ჩემი,
ალქაჯის კლანჭებით გავუმტვრიე მკერდი
ჯერ ცოცხალ გულში ფრჩხილი ღრმად ჩავასე,
ამოვართვი გული, გრძნობით გათანგული,
თუმცა სიძულვილი ამით ვერ ავავსე
ვერც ნდომა გავაძღე სისხლით შეფერილი...

წვიმდა მწარედ, ყეფდა უცხო ელვა,


სადღაც წარწერებში ღმერთმაც გაიელვა,
ერთი შემომხედა, მითხრა ვიხრჩობიო,
მერე სასაოებით გამიწოდა ხელი,
ამოვართვი სულიც, სული გათაფლული,
სული დაბზარული, სული ნამარხევი...
...
თავს ვუთხარი ეს ის იყო ?
კი,
და კვლავ გადავკვეთე მონდომებით
პუშკინსკი...

Trigger

მივცურავ წითელ სისხლის ზღვაში


მცივა როგორც უცხო სახლში,
და ღამეს არ უჩანს არც საზღვარი
და არც ნაპირი,
არც დღე არ ჩნდება ძველ დღეებში
სასიცოცხლოდ შენაპირი...

ვიხრჩვები უაზრო მორევში


თვალებში მიდგას პატარა ბავშვი,
ტკივილს ვერ მოკლავს ვერც ლოცვა
და ვერც სიხარული,
გრძნობაც არ შემრჩა შავი დღისთვის
გადადებული...

მივცურავ წითელ სისხლის ზვაში,


ჰყეფენ ტალღები მეხის ჭმუნვაში,
ამეწვა ხორცი ძვალთან მკვეთრად
შეხორცებული,
ამომაქვს მხრები და მერე ისევ ვიხრჩვები,
გადარეული

დღეები უკან მომბღავიან როგორც კლდეები,


მცივა როგორც უცხო სახლში,
და ღამეს არ უჩანს საზღვარი,
ღამე შესაზარი,
აღარც დღე ჩნდება ძველ დღეებში
მოტყუებით განაბზარი...

ტრიგერი რომელიც ერთადერთი


ნიშანია ჩემი სიცოცხლის,
ჯვარად მატყვია ტანჯულს მხრებზე
ნაცვლად ფრთების,
მივცურავ სისხლის წითელ ზღვაში,
ვიხრჩვები, ისევ მივცურავ
შიშველი,
და უცბად ვხვდები თვითონ ვარ
ტრიგგერი...

უფრო მეტად კი როცა ვკვდები


მზად ვარ სასროლად,
როცა მზეს ჩასვლას ვევედრები
ვკვდები მალულად,

გული არ უშვებს უცხო


გრძნობას ასე რომ ფხაჭნის
და მე მივცურაც სისხლის მორევში
როგორც ხაფანგის

მსხვილ მარწუხებში მოქცეული


სიტყვა შიშველი
და ნაუცბათევს, სწრაფად ვხვდები
თვითონ ვარ ტრიგერი...

„ახალი ხედვა“

რუსთაველიდან ჩაფიქრებული სწრაფად დავეშვი,


წრფელი გრძნობებით გასხივებული... კვლავ გამეპარე...
გზა დაწყევლილი. გაფითრებული, გაყვითლებული, მობეზრებული.
ნაკლოვანებას შეგუებული, მე გავიარე.

მშვიდად შეყევი თავისუფლების ლამაზ სკვერ-ბაღებს,


ფიქრებს შევყევი, აქ ოცნებები რა სათქმელია,
ღრუბლებს გავსცქერი, სიტყვებს ავყევი,
ქრებოდა ფერი, სადაც წარსულც გულისმწველია...

ამ სკვერებიდან ბედს ავეკიდე, ქვემოთ მივრბოდი,


უკვდავებიდან ცეცხლი გავბედე და მოვიპარე,
დავუყვებოდი ქუჩას მდუმარეს, ვაკვირდებოდი
შორ მზეს, მცხუნვარეს,
გზები მომსდევდნენ ფიქრით მწუხარეს და დავუჩქარე.

ბარათაშვილის ხიდზე გავედი, მტკვარს გადავხედე, ჩანდა დღეები,


ძველი დღეები, შენაფერები, თეთრი მტრედები და თოლიები,
მკვდარი გედების მარგალიტები, უგრძო ჩრდილები... მისატევები...
(გალაკტიკიდან ფიქრი მოჰქროდა უცხო მანძილზე...)
თეთრი ჩრდილები, მისატევები, მკვდარი გედების მარგალიტები...

ამოსუნთქვა

და თან მოსდევს ბოლი


და გამეტებით ურტყამს ნოტები
ტვინის კლავიშებს, უაზრო ფიქრებს
კეფაზე ჩნდება როგორც ბოდვები.

სულის ღრმულები კვლავ წკავწკავებენ,


საოცარია ამ ღამის ფერი,
იმალებიან სადღაც ჯურღმულში,
მზეს გასცქერიან ქარში, გრიგალში.

მოისხი ფრთები, თუნდაც ეული...


და გადაეშვი ტყეთა წიაღში,
გაიგონებენ შენ კვნესას ბევრნი,
ვეღარ გიშველის შენ ვერაფერი...

მერე ამაზე გაეცინება,


და ამაზრზენად გასცქერის ზეცას,
დაუმოკლდება გრძელი ჩლიქები,
შეუერთდება მოვარდნილ სეტყვას.
გულიღა მეწვის, გული თანგული,
მეწვის და ხსნას მხოლოდ ქვემოთ მოველი,
რა ლამაზია ღმერთო დღეს ზეცა,
და რა მწველია ღმერთო ეს ხრამი.

და მე კვლავ ვდგავარ უცხო თვალებით,


დახშული გულით და ირონიით,
ვდგავარ სალ კლდეზე და უსახონი,
ამომცქერიან კვლავ გაკვირვებით.

ხორცმა, ავხორცმა მოისხა ფრთები


და გადავეშვი ტყეთა წიაღში,
რომ გავერიო და რომ ვიპოვნო,
უცხო წიაღში, რაც მე მეკუთვნის.

ანტისრულიზაცია

აფრის ტკაცუნით მოფარფატე ფერფლივით პეპლის,


მახინჯი მაისის თაფლისფერ თვალების ჩაპაჭუნება,
როგორც დროს ატყობს შავ ნაკვალევს ისე აისი,
კვლავ დაჰპირდება უფილტრავ სულს განადგურებას.

მტრული ტრამალის, ტემბრის ტამტამის, ბატკნის ტანტალის,


ჩემი საფლავის უკვდავებასთან გაიგივება,
არის თამაში, არის სიგიჟე და სიტყვებისთვის
პროტესტანტობის და უშვილობის გამოცხადება.

ღამური ღამით ღონმიხდილი მძვინვარე ღმერთის


წვიმის წვეთებად გადმოღვრილი თეთრი ღილები
გადამიფერფლავს სულის ნასახლარს, როგორც გოლგოთას
და ცაზე მოსჩანს უღიმღამო ნაღიმილები.

და უჰასაკო, უკაკუნო კანონის კვნეტით


ჩამოძონძილი, ჩამოღვენთილი ფერფლის ფერებად
სმენას ედება ვით შენახული საპურე ობი,
კათოლიკური ეკლესიის ზარების რეკვა.
აპოკალიპსის შემდეგ

გაქრნენ ლურჯა ცხენები, გაცალმტვერნდნენ სკვერები,


ჩონჩხიანი ტყეები უფრო თეთრი ფერია,
შეშლილი სახეები, გაფრენილი დღეები,
გაფრენილი დღეები გულს არ დაუნამია.

ტახტი ცარიელია, მეფეთ-მეფე მკვდარია,


დრო კი გასაყვანია, ავად შენაფერები,
ლექსი დასამალია, ბოღმა გასაყარია,
სამოთხე მომკვდარია, ჩემთვის შენაპირები.

სადღაც მუქფერ ჩრდილებში ბორგავს ლანდი ცხოველი


ტირის ლანდი მხარეში, სხვისთვის უცხო არეა,
მოკვდა ცივ სამარეში, დაამთავრა თარეში,
ვერ ხედავდა სარკეში, რომ აქ კიდევ არიან.

კრთება ლანდი ცხოველი, მოკუნტული კაცივით,


კაცი შენაფერები, როგორც თეთრი ზმანება,
უცნობი ქიმირები, სითბო დანაპირები,
სიცივის ნაპირები, მისთვის არ ენანება.

გაქრნენ ლურჯა ცხნეები, გაცალმტვერდნენ სკვერები,


ჩონჩხიანი ტყეები, არტისტული ნათება,
კვლავ ლანდვის ოცნებები, უნახავი დღეები,
ხალხის თეთრად შენაფერს მეფემ ვერ დაანება.

არ უყვართ

სადა ხარ ხმაზე ?


რას იტყვი სმაზე ?
შეეშვი თეთრ ტყეებს,
არ ხარ მიზანზე...

ლოთები არ უყვართ, არ უყვართ, არ უყვართ,


მაგრამ არა აქვთ, არა აქვთ ზიზღი,
ჯობდა ჰქონოდათ ზიზღი გოდების,
არ უყვართ დროებით გამტყვრალი ლოთები...

სადა ხარ ხმაზე ?


რას იტყვი სმაზე ?
მანქანა მოვიდა,
წავედით ვერაზე...

არ უყვართ ლოთები, არ უყვართ ლოთები,


ვერ გაგიგებენ რომ გახელდები,
იტირე ბევრი, მორწყე მინდვრები,
ტყეებს არ უყვართ მთვრალი ნოტები...
როგორც შფოთები მივემართებით
გოლგოთას მთაზე სისხლის საცქერად,
არ უყვართ შფოთები, ღამის ფეთებით
სულის კვეთებით, მოველი აღდგომას

სადა ხარ ხმაზე ?


აქვე ვარ კარზე,
მალე მოვლენ და
გავიდეთ ბარნოვზე,

როგორც ძველ სიმღერას მოვისმენ, რამეს


ყელში მოხვედრილს, წარსულს ვაფურთხებ,
არ უყვართ, ლოთები, ლოთები, ლოთები,
ცეცხლიან ტყეში დარბიან შფოთები...

მზეს რომ შორდები, აგონიას რომ კლავ,


უშრიფტო პლაკატებს ქუჩებში გააკრავ,
შეეშვი მოკლან შფოთები, ლოთები,
თუ მოფრინავენ ისინი ფანჯრიდან,
ცაში მიფრინავენ ქვესკნელს ფეთებით
შეცდომით მოხვედრილი გზაგასაყარიდან...

სადა ხარ ლეკი?


აქვე ვარ, კარზე,
მალე მოვლენ და
გავალთ პუშკინზე...

არა

დრო მიჰქრის, მიაქვს ძვირფასი წუთები,


და მე ამ ღამით მესიზმრება მხოლოდ ლანდები,
ამ აგონიას დარჩენია საბადოს თხრილი,
გნახავ და ალბათ ისევ ამაზრზენად შემიყვარდები.

დასწყევლოს ღმერთმა მე შევმცდარვარ


დღეს დაწერილში ?
რატომ შეცვალა ცხოვრებამ ჩემზე
ბრძოლით თარეში ?

დრო მიჰქრის მიაქვს მუზა, წლები, დღეები,


მჯერა ექნება ამ მარტოობას დასასრული,
მჯერა გააქრობს მონაბერი ქარი ჭრილობებს,
და შეიხვევა ტორნიკეტით ლურჯი ტრაური.

ალაგ-ალაგ გასერილა გრძნობის ფერები,


და ნაკაწრებმა მორთეს მდელო შენაფერები,
რუხი სიცრუე ჩამორეცხეს გულის ნაფლეთებს,
სიმართლეს მწარედ შემოეფრთხნა, შემონაფეთებს,

შემონაფეთებს შემოეფრთხნა ოცნების ფერი,


ვიცი, რომ მუდამ კალამს ვეკუთვნი და აღარ ველი,
და აღარ ველი ალაპლაპებულ ვარდის ცთომილებს,
თუ გრძნობა გასჭრის და გათელავს გულის ორბიტებს,

მაშინ მოდრკება პოეზია, ჩემი კალამი,


დადნება როგორც შემოდგომის ფოთლის ნარნარი,
ანდა იქცევა შაქრის ზღვად და სიტყვის ფერებად,
და გაიქროლებს ნამდვილ გრძნობის მოსაპოვებლად.

თუ კი ამ გზაზე მომაკითხავს სიკვდილის პრინცი,


მწუხრის დღეებში შევერთდები კვლავ ძველ ნათელთან,
შევეგებები, ამაზრზენად პირსისხლდანთხეულს,
მე ხელგაშლილი პოეტების სასაფლაოსთან.

აქ მოაშთე

მოაშთე
სხივის ფიქრი არ ნარევი ემოციით...
საკუჭნაოში შენახული ყველაფერი
ღვთის არ დაგმობაა
და მონობიდან გაქცევა.
ერთი ცხოვრება მაინც მანახეთ,
რომ ხორციელად ტრანსლაცირდებოდეს
მონიტორზე.

შეგახსენებთ, ღამე რომ მთავრდება


იქ არ იწყება დღე...
მოგესალმებით და გიტოვებთ
მოაპკო მოპირო ძლისპირულს,
ჩვენდით დარჩენასთან
და ნუ გადაერთვებით,
ჩვენ დავჩვენდებით,
ანუ დავბრუნდებით,
რადიო ეფ ემ 96...

ღრძილებიდან ამომაქვს სამყაროს ტკივილი


და ძაფად ხელზე ვიხვევ...
ვძაფავ ხელად დახვევაზე...

სი-ში-შვლეეეეე...
განა სიმარტოვეა,
უბრალოდ უვიცობა
და რატომღაც დღეს ყველანი გაშიშვლდით,
აი ისე, ზუსტად ისე
დაღლილ სახეს
უცნაური სიცილით რომ მოუნდება
გაიცინოს...

(***ბოღმის თვალებით, მწარე ღიმილით)

ბოღმის თვალებით, მწარე ღიმილით,


დახშული გულით ვდგავარ კლდის წვერზე,
მწარე ღიმილით და ირონიით
ზედ გადმოვყურებ სამყაროს თავზე.

სულის ღრმულები კვლავ წკავწკავებენ,


კვლავ მამეფებენ გარსის წიაღში,
გეთსიმანიის ჭრელი ჩიტები
ვერ ჩერდებიან ქარში, გრიგალში...
(***გრძელი ხაზი კონტური)

გრძელი ხაზი კონტური.


რა ლამაზია ჯერ არ ნაშობი პოეტური მუზა,
ხელში მიჭირავს უფლის ყრმა სხეული,
შორს გაფრენილ ბოლს ექსოვება სილამაზე.

ქალწული ტვინების ტყეში ცეცხლია გაჩაღებული


და მთელი სახით დროის მუხრუჭებს ვეყრდნობი,
ყრმა ჯერ არჩასახული
ვერ ტვირთულობს სამყაროს ცოდვებს.

ხელიდან გავარდნილი ჩვილი უფალი


იმსხვრევა დოლარებად
და ამ ფიასკოშიც შავმა მდინარემ დაიდო ბინა,
ორჯერ გაფრენილს ვერ მოაბრუნებს
ყრუ დობერმანი
და მეც არ ვცდილობ შევეწყვილო
ფოთლნარის ფრენას.

შენ შეიშალე და მე თითებით სარკეში წაგშალე


და მე წავშალე ადამიანების
ზეცას გაკრული მთელი აფიშა.

ზეცა და მიწა ერთგანზომილებად ეხეთქება


ყრუ ფიტულს,
რომელმაც მოუნდომებლად
ფრჩხილებით გახვრიტა ერთგანზომილებიანობა.
ისე ტკბილი ხარ ისე ლამაზი
დღეს ჩემო ბრმა ღმერთო,
რომ ბადაგებსაც აღარ აცდი გადადუღებას.

მაპატიეთ ჩემო ყველა აბორტიზირებულო


ლექსებო,
რადგან პროპელერდატეხილი
დაფრინავს ვერტმფრენი.

და რადგან აპკის გარღვევით ვერ


შეხვალ უკუნში,
(მხოლოდ გამოხვალ)
და დააწერ ეკრანზე „თამაშის ბოლო“
ჩემთვის კი გახსნილია ახალი ღილაკი
„განმეორება“

ხანაც ვიყავი მაზდეანი,


ხან კათოლიკე,
ხანაც კერპებით ვიფერავდი
ცრუ ფერუმარილს,
დღეს იმდენად ღრმად გამჯდარი მაქვს
სულში ნანსენსი,
რომ თავად დეპრესი
დარბის ხელში ბასრი დანებით,
რომ თავად წარკვეთა,
წარკვეთილია უსახო ხატებით.

მითხრეს, რომ ამ ყველაფერს


ერთი გასაღები აქვს და გამეცინა
და დავამსხვრიე დოლარებად
საღვთო ყულაბა.

დაგრძნობაცია

როგორია უცხო ხილით საზრდოობა?


როგორია სამუდამოდ გერქვას მკვლელი?
ყველა ღამეს ერთი გრძნობა ენაცვლება,
ყველა ღამე მეჩვენება უფრო წყნარი...

ვერასდროს ვერ შეელევა მთვარეს ზანგი,


თუმცა შენთვის მოწყვეტილი ალბათ მე ვარ,
სადღაც არის მიკუნტული მღელვარება
ცხოვრებასთან ჰანდიკაპი სამარეა.

ალბათ ძნელია მოწყვიტო ოცნება მარცხენა ხელით,


როცა მის ნაცვლად სიფუტურე ავსებს შენს თვალებს,
ალბათ შეშლილი საოცრება ცხენს მიაჭენებს
და ჩემი მარჯვენა გულიც ნელ-ნელა შენი ხდება.

ალბათ ცხოვრების სურათებით თავს გიჭედავენ


და რა საკვარია შენთვის უცხოა დაღრღნილი კალამი
და რა საკვირია შენ ეს საოცრება ფუჭად მიგიჩანს
რა საოცარია როცა გვამებზე ხდები მაღალი.
ჩონჩხი როა და ჩონჩხივით სეტყვა,
ჩვენ მივეჩვიეთ ყოველ დილით გრძნობების ტკეპვნას
შენ სიმარტოვეს ამოივსებ ორ გოჯ ნაყინით
ჩემს მარჯვენა გულს ეჩვენები ცხოვრებით ჩაგრული.

წყლით გამოხრული სიცხის ზაფხული მიიზლაზნება


და ყველას ახსოვს ემოციის კულმინაცია
მერე ნგრევა და ფოთლიან ტყეში ღამით გაქცევა
კვლავ გფაღვიძება და მაქციებად ტრანსფორმაცია.

ფაფის მასაში მე კაც-კენტავრი,


თეთრი სტიკერით პირის მოგუდვას შეგუებული,
მყარად დავდივარ ობიან მიწაზე და არ მეტყობა
რომ გული მწყდება მარჯვენა გული რომ არ გახსენდება...

დაწყვეტაცაა და სიმბო-დაწყვეტაც გამეფებული


მე ჩემი ღამე მირჩევნია ალბათ თქვენს სიზმრებს,
ეს ალბათ უფროა სიმბოზე ზემოთ გადარეული
ძველის სინთეზით ბუღიან პროსპეკთან განწესებული.

სსმყაროს შეცნობა თავით ფეხამდე საღვთო ენაა


და სადამდედაც არ უნდა მოგვინდეს სიღრმეში წასვლა
ყოველთვის გვიჭირს ჩუმად ნაპოვნი სარკაზმშეხლილი,
თითქოს ნაცნობი და დამცინავი გრძნობის გალახვა...

ისე ვეჩვევით ზოგჯერ ქალთევზად ტრანსფორმაციას


რომ გვავიწყდება ზღვრად სულზე გვაწევს ადამიანები
ისე ახლოს ხართ ზოგჯერ ყველანი ჩემს ბაგეებთან,
რომ ბაგის იქით ცრემლად მედება ჟანგის ფენანი...

ალბათ ცხოვრების ფერადი სურათებით თავს გიჭედავენ


და სწორედ ამიტომ შენ უარყავი მარჯვენა გული
გრძნობის სინთეზი ძველიდან ახალში გადაგვავიწყდა
ან არც გვქონია გაზიარების პირმშო უნარი.

(***დაივიწყე მეგობარო, ყველაფერი დაივიწყე)

დაივიწყე მეგობარო, ყველაფერი დაივიწყე


და შეეშვი კითხვების სმას,
გამაქანა, გააჭენე,
გადავთელავთ გულისთქმას...

სახლი იწვის ? არაუშავს,


დაამატეთ ცეცხლზე ნავთი,
მომაცილეთ ეს შარბათი,
გამაქანე, გამიტაცე
და აყევი დროის ხმას.

დაივიწყე მეგობარო, ყველაფერი დაივიწყე,


გააქანე მოგონება
და ნაკადულს ყინვად ლეწე,
მოუკიდეთ სახლებს ცეცხლი,
ეიფორიაც აწეწე...

გამაქანე, გააჭენე, როგორც ჰქროდა გალაკტიკა,


სახლი იწვის, ქრება სახლი
და სახელმაც დამივიწყა,
ძარღვში სისხლი ააჩქარე,
გამიტაცე, გამაქანე...

წაუკიდეთ სახლს ცეცხლი და გადალეწეთ ალუჩები


გაზაფხული მორბის, მოჰქრის,
გააყვითლა კვლავ ქუჩები,
უსულობაც არ მაცალე?...
გამიტაცე...
გამაქანე...

გააჭენე, გააჭენე, მტვერმა ფაროს სულის ფერი,


ამ ცხოვრებით ჭკუაშლილმა ვერ ვიხილო ცისსაფერი,
განაქარვე, გააქარე,
შენ მე გულიც ამაცალე,
გააჭენე... გამაქანე...

ეიფორია

დროსა და სივრცეში ვარ გაჭედილი,


მიშველეთ ?
არ მინდა შველა,
უკარო განზომილებაში უფრთოდ ვარ დაგრეხილი,
გავფრინდეთ ?
არა არ მინდა ფრენა...

აღტაცებისგან გადავხედავ კიდევ ერთხელ ნაბოდვრებს


(სულის ნაბოდვრებს)
შევივლი ლიბ.ჯიზე და გავეცნობი უცხო ნაგიჟრებს,
არ ვიცი დღეს მე რა მემართება,
ვერ გეტყვი ვერა....

კვლავაც პანელში ჩავაბეჭდავ ლინკს ლიბ.ჯი


და ველი,
დასაწყისიდან ვხვდები რომ მოვხვდი უცხო ბაღში,
და მიხმობს „ვერა“...

ერთი ღერიღა დარჩენილა კენტად კენტში,


თუმცა ვიყავით ორნი და ბევრნი
ვიწრო საკეტში,
სანამ წაშლიდნენ პალიტრიდან ფერად ფერებს
და გააკრავდნენ მორგის აფიშებს ჩემთვის ნაფერებს...

რატომ არ ვიცი სად გადავაგდო ბოლო ბიჩოკი,


მაგრამ მანამდე მენანება მოვწიო ღერი,
მაგრამ მანამდე მეზარება შევღებო ფერი,
მაგრამ მანამდე ძნელი ხდება მოვკიდო ხელი,
იქნებ მივუსწრო სულს დატოვებულს ცად გაფრენამდე,
ანდა აღმომხდეს ხორცი გვემით სადღაც მანამდე,
თუ კი არ დამდებთ და არ გამიტანთ უცხო ლანგარზე,
და ეს ბიჩოკიც იღვენთება როგორც სანთელი...

კვლავაც პანელში ჩავბეჭდავ ლინკს ლიბ.ჯი


თუმცა მანამდე გადასადგმელია ბევრნი ნაბიჯი,
თუმცა მანამდე დასაწერია ბევრნი ნაგლეჯი...
მიშველეთ ?
არა არ მინდა შველა ...
გავფრინდეთ?
არა არ მინდა ფრენა...
უკარო განზომილებაში უფრთოდ ვარ დაგრეხილი...

ვერლიბრი თავისუფალ უნივერსიტეტში


ატმოსფერო ჟღერადი, კვლავ იწვის ჰაერი,
თავისუფალ ინსტიტუტში აღწევს სითბო,
არის მხიარულება,
თუმცა რატომღაც ღელავს ზღვა,
იღიმიან,
და შენც ზიხარ და სვამ ერთ ჭიქა ყავას,
დღეს არც თუ სასიამოვნოდ დაიწყო დილა,
იგივე ტემპი,
იგივე ატმოსფერო,
არა, ბევრია ხალხი, მაგრამ ძნელია მოკლა პოეზია,
რომელსაც ვერსად გაექცევი,
რომელმაც ერთხელ თუ დაგითრია,
შეგჭამს, როგორც უპატრონო სულს,
ხო, უპატრონო სულები არიან პოეტები,
თუმცა მათ ეს სიამოვნებთ,
სიამოვნებთ ეს უპატრონობა
რადგან ელიან უსასრულობას
და ჰგონიათ, რომ ტკივილს აღმოთქვამენ,
ჰგონიათ, რომ დაიმორჩილებენ უაზრო სტროფიკას
და რიტმსაც შესაფერისად შეარჩევენ...
და რა? ისევ ერთი ფინჯანი ყავა
და ერთი ღერიც სიგარეტი.
მოწევა კლავს,
მე კი ვწერ-პოეზია კლავს...
თავისუფლების უნივერსიტეტში თავს
იგრძნობ თავისუფლად?
არც მოტყუვდე, რადგან აქ გამიქრა რითმაც,
თუმცა ვარ ისევ ის,
მაგრამ დროებით სხვა,
რადგან იმად ყოფნა ვინც ხარ
მხოლოდ გარკვეულ სფეროში, პლასტში შეგიძლია
და ამ პლასტს მარტოობა ჰქვია,
ხოდა მემგონი არაფერი შეიცვლება,
თუ იქნები სხვა, მაგრამ ეს სხვა
იქნები შენ,
არც მეტი, არც ნაკლები, თუმცა უფრო მეტი
ვიდრე უბრალო,
არა! გაცილებით მეტი.
ქალაქი თავზე დანგრევას აპირებს,
რატომ შევუშალოთ ხელი?
მიდიან თავისუფლების უნივერსიტეტში,
მიდი-მოდიან ფუტურო ადამიანები.
არა, ბევრი ლამაზია, მაგრამ სადაა სული?
თავისუფლების უნივერსიტეტში შემოაბიჯებ მყარად,
ერთი ჭიქა ყავა, ერთი ღერიც სიგარეტი,
ლილ ვეინი, შენ პონტში ხარ
და უყურებ თავისუფლებას,
რომელსაც აქ არაფერი ესაქმება
და რომელც არის სხვების,
იმ სხვების, რომელთაც გალაქტიონი
ტყეებს ეძახდა,
ერთი ჭიქა ყავა,ნეტავ დამათროს,
რომ გავხდე სხვა და დავინახო
თავისუფლების ჟღერადობა,
თავისუფლება?
ეს ხომ სასაცილოა...
ის დაიმარხა სხვებთან, მაგრამ ნაცნობ სხვებთან,
ის უფრო ქვემოთაა,
ქვემოთ,
რომ გაცივდები მაშინ იგრძნობ...
ერთი ჭიქა ყავა, ერთიც სიგარეტი
და გამოუშვი ბოლის სახით თავისუფლება,
იქნებ დაინახონ,
მაგრამ, ალბათ, ვცდები...

(***ვყიდი გრძნობებს და ვყიდი ოცნებებს)

ვყიდი გრძნობებს და ვყიდი ოცნებებს,


ვყიდი მეგობრებს, ხელს ვიღებ დროზე,
გრძელი ნაბიჯით, მომკვდარი ჟინით,
დავხეტიალებ უცხო ნაპირზე.

ვყიდი ნაზ გრძნობებს, ვყიდი მოპარულს,


ვყიდი გატანჯულს, მოვდივარ გონზე,
კალამის წვერით, ჩაკლული სულით,
ლიუციფერს, ვყიდი უცხო ლექსებზე.

ვანგრევ ნარჩენებს, ვანგრევ ძველ ზღაპრებს,


ვხედავ სამარხებს, მივრბივარ მოლზე,
თოვლის ფიფქებით, სულის მოცარტით,
ზვავებს გადავფხეკ მიმავალ გზაზე.
ვმარხავ სიყვარულს, ვმარხავ გაყინულს.
ფეხით გათანგულს, ვიღვიძებ სწორზე,
მკვდარი ოცნებით, მაგრამ ღიმილით,
სახელს ამოვკვეთ გადაჭრილ მორზე...

(***თოვლი რომ შეწყდა ლესელიძიდან მძიმედ დავეშვი)

თოვლი რომ შეწყდა ლესელიძიდან მძიმედ დავეშვი,


ქარებს შევეშვი
სევდით დავეშვი სივნის ბაღიდან,
საღამო ძრავდა, ფიქრის მორევში უგრძოდ ჩავეშვი,
სახეფერკმკრთალი, ხეძარცვული სივნის ბაღიდან...

ბაღში ვიდექი და მამძიმებდნენ თოვლის ბგერები,


ლურჯი ფერები,
მონსტრის მტევნები მე მამძიმებდნენ,
ფილტვებს ახრჩობდა გარდასული დღეთა ღერები,
სუნთქვაშემკრთალი, ანთებული ძველ ასანთიდან.

არ ღამდებოდა, მხოლოდ დღეს ცრიდა რუხი საღამო,


მხოლოდ წამს ცლიდა,
არ ასვენებდა ლურჯი ფერები,
მხოლოდ წამს ცლიდა, გზასაც არ ცვლიდა, წვიმაც არ ცრიდა,
სიონს ათოვდა შეფერილი ზღვა ფანტელების.

ხელში ნაგანი რამდენჯერმე შევათამაშე, ბოლი გავაშრე,


ფილტვი შევფერე ეიფორიით,
სიონის ზარი უფიქრელად სულში ავშალე,
სხვაზე იწერდა ჯვარს ძველ კედლებში გზა აგონიით.

კატო ჯავახიშვილს

სწორება მარცხნივ,
სწორება მარცხნივ,
იარეთ სწრაფად
სანამ ჩაძაღლდით...

დღეს საღამოზე ვიყავი და თეთრი ფურცლები


ძლივს შევაკოწიწე სცენაზე გართხმულ წითელი მელნით,
შენ კი იდექი შავში მოსილი,ჩუმი სიშავით
გულს წინ გვიშლიდი აუდიტორიას ფურცლების გავლით...

საღამო იყო საოცრად მშვიდი,


თუმცა დავსველდი დღესაც წვიმაში,
დარბაზში შევედი რომ იყო შვიდი
და გავეხვიე კალმის გრძნობაში...

შავში იყავი შავად მოსილი და შავ სიშავეს


კალმით მარხავდი,
და მაგ ლექსებით შენ სუდარაზე,
სუდარას კი არ...
გულზე კაწრავდი...

ერთხელ გითხარი გათეთილილი ვართ,


როდესაც კარგად არც კი გიცნობდი,
გითხარი ერთ ქვაბში მოხარშული ვართ
შენ კი სიძულვილს ცაზე ბეჭდავდი.

ჩუმი პაუზა და მერე ტაში,


ტაში მქუხარე და აღტაცებით
ყეფდა დარბაზი სახეშეშლილი
სილუეტების ჩუმი სარკაზმით,

დღეს შენი დღეა,


ცამაც იტირა
და არც ეს ლექსი არ არის ძველი,
არც ახალია და არც გვიან
არც აუხდელი დროის სარქველი...

არ სცადო არასდროს ზემოთ გაფრენა,


ნუ შეაკვდები ორიგინალებს,
შენი სიტყვები, სულის სიტყვები,
დღეს წარმოთქმული ისეც გამშვენებს...

და რომ ეს ლექსიც იყოს შეცდომა,


გამომდინარე დაუღწევლობით,
იყოს შეცდომა, წაიღოს ეშმაკმა
ისედაც მოვკვდებით განუკითხაობით.

დედას გეფიცები ვიყავი შეძრული,


ღერს ღერზე ვქაჩავდი, თავსაც ვიკლავდი
და შიგადაშიგ მეტაფორებზე
ჩაძინებული კოშმარში ვღელავდი...

და მერე თქვან რომ პოეზია წყალში დაიხრჩო,


რომ მიგვატოვეს,როგორც ძაღლები და დაგვივიწყეს
და მერე თქვან რომ პოეტები ჯამბაზები ვართ
და ჩვენს ნაწერებს უმისამართოდ ვუწერთ აფიშებს...

ზემოთაც ვთქვი რომ არ ვიცი ლექსი,


ეს ლექსია თუ შეცდომების მწყრალი ბილიკი,
შუშის თვალებით გამოსული ბოლს რომ ვახრჩობდი,
მე ლექსებს ვწერდი და მომავალს პირში ვუგდებდი...

აჰა, აიღე ლექსი ჩემი მოძღვნილი პირველი,


და ამ ნაბოდვარს სათხოვარში ნუ ჩამომართმევ,
უბრალოდ შავი დანაბერტყი პწიჩკით ავღნიშნე
და უღამღამოდ დარჩენილი ლექსი დავბეჭდე...

ერთხელ გითხარი გათელილი ვართ,


როდესაც კარგად არც კი გიცნობდი,
შენ მიპასუხე: ალბათ, არ ვიცი,
შენ შეიძლება ღრმად იცინოდი...

სცენაზე იდექი- შავით მოსილი,


მაგრამ ვერ გეტყვი რომელი უფრო
ვიყავით შავი,
მე- სულის უფრკულით,
თუ შენ- მონატრებით,
როდესაც დარბაზმა დახუჭა თვალი

მქუხარე ტაში და უცხო ყეფა,


სახეს გატყობდა დაბნეულობას,
სწორდით და მარცხნივ, სწორდით და მარცხნივ,
ვიცი რომ მოკლავ მაგ განშორებას...

აჰა, აიღე ლექსი ჩემი პირველად მოძღვნილი,


და ნუ მოელი ამ მომენტის განმეორებას,
რადგან არ ვიცი დღე ხვალეა
თუ ხვალე ბნელი,
ვინ იცის დაესწრები სადმე ჩემს გასვენებას...

და დაიწერა სუდარით ტაში,


და დღეს ისარი ზეცას შეარჭე,
მე კი მინდოდა მქუხარე ტაში,
მაგრამ შევცდი და ვერ გაგიბედე...

მე კი მინდოდა სულით ნაცნობით,


წამომვდგარიყავ შავ-თეთრ დარბაზით
და მიმეძახა ფუტურებისთვის:
სწორება მარცხნივ, სწორება მარცხნივ,
იარეთ სწრაფად სანამ ჩაძაღლდით.

ჩვენ უკვდავება სადმე ცის ბოლოს ორივეს შეგყვრის


და განაჩენებს ზიზღით გვესვრის სერი მსტოვარი,
ტანზე, სულში ღრმად ჩაჭიდული ნათითურებით,
იფრინე სანამ გაგაფრენენ ლექსის ფიცარით.

(***კრავთა დუმილი?)

კრავთა დუმილი?
თვალთა დუმილი?
რას ნიშნავს ღიმილი?
ცრემლს, რომ ებმება
ან არ ებმება.

სიტყვების ბმული?
გრძნობის მავთული?
არ არის რთული
მარცხენა კლავიშის
ნეკით აღება.

მანძილს ლოცვა კლავს


და თეთრ კარკასთან ატუზულან მოგონებები
მიწყვია ჯიბეში
ორი ოვალი
ორი ნათელი
და ფაიფურის პატარა ღმერთები.

ხანდახან ისე ვეჩვევით ხოლმე


იატაკზე ხოხვას,
რომ იატაკიდან საჭმელის
ჭამა ხდება ჩვეული,
ხანდახან ისე ვიტვართავთ ხოლმე
ცრუ ბელადობას,
რომ გვავიწყდება სიმარტოვე
გარეთ გასული...

ეს ცა ნაცარია?
ღამით ნაცაები,
ფილტვი დამჭკნარია,
გრძნობა გამშრალია,
როგორც მოფარფატე
თეთრი ფანტელები.

ხანდახან ისე ვეხეთქებით მრუდე ზედაპირს,


რომ გვეზარება
საკუთარი თავის შევსება,
ხანდახან ისე ვეწებებით შიშველ იატაკს,
რომ გვავიწყდება
გრძნობიერება თუ კიდევ ხდება...

და მერე ისევ ვიტვირთავთ ხოლმე ცრუ ბელადობას,


ვფიქრობთ არასდროს მოუნდებათ
ტკეპნონ წარსული,
ხანდახან ისე ვიგრძნობთ ხოლმე
საწოლის ფეთქვას,
რომ გვავიწყდება ბავშვები რომ ვართ
ჟამსგარდასული...

ხანდახან ისე გვენატრება


ხოლმე უცხო რაღაცა,
ხანდახან ისე გვინდება
ხოლმე ნაცნობი სითბო,
ხანდახან უცბად გვავიწყდება,
რომ ბავშვები ვართ
და გამუდმებით მოფერებას
სხვებისგან ვითხოვთ

სიტყვების ბმული?
გრძნობის მავთული?
არ არის რთული
მარცხენა კლავიშის
ნეკით აღება.
კრავთა დუმილი?
თვალთა დუმილი?
არ გინდა სინაზე
არ გინდა ოცნება
და მღელვარება...

ლექსი „ღიმილი ნახევრად შეშლილისა“

ბოლმა გაქურა ცაში ნაბანი უსულო მთვარე


და გადაღლილმა უცხო სუნიც კი ვერ შევიყვარე,
გასკდა, გაიბნა, გაცალმტვერდა გრძნობის სარქველი
და გზად დაგდებულს, მეტი არაფერი დამრჩა სათქმელი:
მიმოდიოდნენ შეშლილი მანქანები,
იფერფლებოდნენ ნასახლარები,
ხორცის ფრთები,
ხაფანგები,
და
ვიღაცას მოუკდა დედა,
ვიღაცას მოუკვდა მამა,
ვიღაცას მოუკვდა შვილი,
ვიღაცას მოუკვდა იმედი,
ვიღაცამ მოკლა იმედი
და ვიღაცამ ვენაში ნემსიც გაიჩხირა,
თუმცა, პოეტებიც არ გვანან ნარკომანებს ?
მელანს იღებენ და თხაპნიან, როგორც წამლებს,
ხო, წამლად მელანი აქვთ, ხოლო ნემსად კალამი,
და უწერლობით ნარკომანებზე საშინლად არიან შესახედავნი...

აყვავდა ქვეყანა.
მე კი ქვეყნისგან მოწყვეტილი ვიყავი გიჟი,
გაძღა ყორანი,
მთვრალ ხომალდებს კი ვერ ავუყოლე
მძიმე ნაბიჯი,

გაძღა ყორანი და გაორებას ბედნიერება


ვერ გავატანე,
რადგან იპოვნა გასავალი მარტივმა და
შემტენა სამარე,
შემომაჩეჩა...
ბოღმამ გაფილტრა ცაში ნაბანი ფილტვების არე
და მარტოობა მოჩანდა, როგორც
ცივი სამარე.
ვიჭერ ბედს მეორე მხრიდან,
სწრაფად ვაბოლებ
და გაორებას სევდას, ტრაურს
ვეღარ ვაყოლებ.
...
თუმცა სხეული გადაღლილია, ეს ჯერ არ ნიშნავს
გარდაცვალებას,
სანამ ფილტვები ღრმად გამჯდარია, სული ვერ იგრძნობს
გულის წამებას...

მ.

მოგრძო ანარეკლმა
საკმეველიც შეისუნთქა,
ამ დღეებში ელოდება
გული ამბოხებას...

მდუმარე მეფე

დღეს ისე ჩუმად ხარ ღმერთო,


როგორც არასდროს,
ჩამოგიყრდნობია ორივე ხელი
ობიან გვირგვინზე
და სადღაც ისე ახლოს არის
გემების მტვერი,
რომ ხალხი ყვირის და ვეღარ მალავს
ცრუ თავის დაკვრას.

როდესაც სამ თითზე გადაგცვალეს,


რად დაითვალე?
შენ ხომ ისედაც გაფერადებენ,
როცა ივსებიან?
ზეცის გამგებელი იუდას რად დაემალე?
როცა გეძახოდა:
ბებერო მომკალი, დამნაშავე ხარ.
ორივე საფირონი, ამბობდა,
რომ შეერთებულია,
რად არ იცოდა მოვლენილმა
ეძინა სამეფოს.
მასამ ეჭვებით აღგზნებულმა
კარტი გაათბო,
ქვემოდან უბრძანეს:
ადამის ცოდვა ააფარეთო.

თითქოს დანაცარდნენ
და აღარ ჭრიჭინებენ უდანოდ ქვები,
თითქოს პაციფიზმმა შეიწირა
და ახლა ჩვენ გვმარხავს,
მე შენს გარეშე გავიზარდე
და გავხდი მშვიდი
და უშენობით ცოცხალ მონუმენტსაც
მალე გავჩარხავ.

დღეს ისე ჩუმად ხარ ღმერთო,


როგორც არასდროს,
ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,
ჩვენი ჩვენი ვაშლები დასაწყვიტავი,
ალბათ არ არის ერთი მსხვერპლი
ყველაფრის მტვირთველი,
ზიხარ და ღრუბლებს აკვდირდები
მეფე შიშველი.

(***მე დავინახე მზე ეშვებოდა)

მე დავინახე მზე ეშვებოდა,


მე დავინახე კვდებოდა მთვარე,
ღამე ათევდა დღეს ნაკარნახევს,
გულს კი სტკიოდა სულის სიავე.

მე დავინახე უცხო თვალები,


ტკივილის ღრმულებს ეჭიდებოდნენ,
დიდხანს ეწადნენ გულის გამტვრევას,
და სასმელს ახლოს არ იკარებდნენ.
მე დავინახე... მერე გამთელა,
გადამაქცია სიცივის სვეტად,
და გავიქეცი, ის არ გამომყვა
და შემიბრალა მე ჩემდა ბედად.

წინათ ნანახს და წინათ გაგონილს


ის არა ჰგავდა მწველ აგონიას,
უცხოდ იწვევდა გულის სიღრმეებს
და აღვიძებდა ეიფორიას.

თავი, რომ დამადო მაშინ გავჭედე,


თმა ხელს რომ შეეხო გული გაჩერდა,
უხმოდ ვფურცლავდი მე შავ-თეთრ წიგნებს,
ის კი ოცნებას არც კი აჩენდა.

მერე ყველაფერი აირია,


ვიწექი დიდ ხანს,
ოთახში ვიწექი,
მარტო, სიცივეში,
ვთელავდი ოცნებას,
ვკლავდი, ვღელავდი.

ღამე გამოვედი, ღერი მოვქაჩე,


იდგა ბოლი და კვამლი იდგა,
იდგა სიმარტოვე, იდგა მოგონება
და კვლავ არეულად ცივი ქარი წვიმდა...

ვიდექი განზე და მდორედ ვფიქრობდი:

წარბი, რომ შეხარა გულს გული დაწყვიტა,


რომ გაიღიმა, სიცივე დაუხვდა,
თავი, რომ დამადო მაშინ გავჭედე,
თმა ხელს რომ შეეხო გონებაც გაჩერდა..

მე მუდამ მიკვირს

შეშლილი სახეების, რომლებიც


გამუდმებით ტრიალებენ და არ ჩერდებიან,
ჩემი მრიცხველიც ამ სისწრაფეს რომ ავითარებდეს,
ალბათ ამურის ძეგლს დაარქმევდნენ ჩემი
ლექსის სახელს.

ღრმად ვაწობ ორცხობილას რძეში და მივირთმევ,


ვკბეჩ მხოლოდ ნაპირებს.
მერე ისევ ვასხამ მოთეთრო მოშავო რძეს,
ვასხამ, ვასხამ, ვამატებ..
ივსება პირამდე, დაიბღავლებს და მაგიდას ენარცხება.
ივსება, ისევ ივსება
და ისევ ვამატებ, სანამ არ მისველდება ორივე ხელი.

და ასე დილიდან საღამომდე ვსვამთ ოდნავ მოშავო,


უშაქრო ტკბილ რძეს,
მოწველილს შავ-თეთრი მეწველისგან,
რომელსაც ფარშავანგის თავი აქვს,
აქლემის კუზი,
კატის ბრჭყალები
და დიდი ჯიქანი,
ჯიქანზე დახვეული შხამიანი გველით.

ჩემი სახლი ყოველთვის სავსეა


და ყოველთვის ცარიელია ფარდასთან ადგილი,
რომელიც დღის შუქსაც ვერ აკავებს
და რომლიდანაც გამუდმებით იძახიან ჯგუფთა ჯგუფები:
შენს ულოდინო ლოგინში ყვავილები გავახარე და გავყიდე...

მეორე ოსკარი

ჩემი ლექსიც ისეთი ცივია, როგორც მე,


ისეთივე ცივია როგორც საფლავის ქვა,
მათ არ უყვართ,
მაგრამ ითხოვენ შეყვარებას,
ისინი ვერ გრნობენ,
მაგრამ გამეტებით ითხოვენ გრძნობას...

ჩემი ლექსიც ისეთი ცივია, როგორც


აღმა მცურავი კალმახი,
ისეთი ძგერაა, როგორც თავისუფლება,
ისეთი ჩუმი, როგორც მოჩვენება...

და მე შევქმნი მას ( არ ვიცი რას )


ყველაზე...

ყველაზე...
არ ვიცი როგორს,
და ის იქნება უფრო მეტი, ვიდრე
არ ვიცი რა
და მას შეიყვარებენ, შეიყვარებენ
არ ვიცი როგორ,
მაგრამ მე შევქმნი მას ( არ ვიცი რას )

ჩემი ლექსიც ჩემსავით ცივია


და როგორც ამ წუთას
უყურებს მომავალს და
წარსულს ვერ ხედავს...

ამბობენ დრო მხოლოდ სიყვარულს წაიღებსო,


ჩემი სიყვარული ხავსიანი ქვის ქვეშ წევს
და ელოდება ცივ ფიქრებს, უსიტყვო ქარებს,
აწიე სარქველი და შეეხე ხმას...

გესმის სიონში დარეკეს ზარები,


შვიდგზის კურნება გულს მოკლავს,
სულს წარწყმინდავს,
ახარებს სატანას.

ვიცი ხედავ ყველაფერს,


ამ მაზოხიზმს, მაგრამ
თუ ყველაფერს ხედავ
შეხედე ამ მაზოხიზმში ოცნებაც ფეთქავს...

დაჭაობებული დღეები მიჰქრიან ფიფქებივით,


არც იციან სად,
დღეს კაცი ჩამოვხსენი დამხრჩვალი...
ჩემი ფიქრებიც ცივია ჩემსავით
და მოგონებებს კლავს...

მესამე ოსკარი

ქუჩაში კაცი მოკლეს,


პატარა ბავშვს კანფეტი გადაუგდეს,
დალეწეს მანქანა,
დაჭრეს ერთმანეთი,
ბიჭი გოგოს დაშორდა,
გოგომ ტყვია დაახალა,
სახლში ისევ პრობლემებია -
მზეს ვერ ვპოულობ.
ვიღაცას აწყენინეს,
ვიღაცა დაჩაგრეს,
მათხოვრები მათხოვრობენ,
დედას ნერვები მოეშალა,
მამა გადაღლილია..
ზამთარიც იყო და სიცივეც,
მაგრამ გულში სარკემ ყველაფერი აირეკლა,
აირეკლა და გაქრა...

სისხლი შეხორცდა,
ხორცი ქვად იქცა,
ქვა ყინულად,
ყინული დადნა,
სხეულში ჩაიღვარა
და გამეფდა
უგრძნობი სიცარიელე...

მზესუმზირები

ვან გოგის ყვითელ მზესუმზირებში


ფერების გარღვევით შევედი
და ჩამოვჯექი ტილოზე,
იქიდან იცქირება ვიღაც კაცი -
ყრუ-მუნჯეთიდან,
სადაც დაავადებულებს სამ სიტყვას აზეპირებინებენ
და ამეორებინებენ სიკვდილამდე...

ვან გოგის ყვითელ მზესუმზირებში


ფერების თანხლებით შევედი
და ჩამოვჯექი ტილოზე,
მე იატაკიდან ვუცქერ
კედელზე დაკიდებულ ორ
მკრთალ ოვალს,
რომლებიც გამუდმებით მიწვევენ
და ქარივით აჯახუნებენ ოდნავ მომცრო კარს.

ვან გოგის ყვითელ მზესუმზირებში


ფეხაკრეფით შევედი
და თითები ჩავაწყვე პალიტრაში.
დენოტაციურად შეწყვეტილი სუნთქვა
ზოგჯერ გარდაცვალების ტოლფასია,
მაგრამ არა სიმშვიდის.

ვან გოგის ყვითელ მზესუმზირეთში


მოვკალათდი და ვსვამ ყავისფერ ყავას.
ფერების სიტემა, რომელიც
დაძრახა და დაასველა ბრბომ.
მოჭრილი ყური, რომელიც,
რატომღაც, რომ რეპუტაციის
ყოფილიყო ბილეთი.

ვან გოგის მოჭრილი ყური


აგდია ჩემს ფეხთან,
მე ჩვეულ სტილში ვაბოლებ სიგარეტს
(სკამზე მჯდომარე),
ყვითელი მზესუმზირების თანხლებით.

(***მიჰქრის მერანი, მიჰქრის ღვთაება)

მიჰქრის მერანი, მიჰქრის ღვთაება,


უცხო ბორანი, ქრისტეს წამება,
კაცი ვიხილე, გზაზედ მწოლარე,
უცხოდ დავარდნლის შავი ფრთა ება...
შავ-თეთრ მინდორზე გზა გაქუცულა,
და თვით საზღვარი აქაც თავდება,
შვებით გავცქერი მხურვალე მზეს,
შეხედე ჰორიზონტს, ცა აქ მთავრდება.
მივრბივარ მდორედ, მიედინება, დროთა ჭიდილი
სმას არ ნებდება და თუ შეხედავ ღრმად ჩაჭიდულ ხმას,
უცბად მიხვდები ჩემს გახარებას,
ცა აქ მთავრდება, ცა აქ მთავრდება...
თითი სასხლეტს არ ააშორო,
არ მოკლა შენში სილუეტები,
გრძნობის ვერანებს ფურცელზე ვხატავ
და უსაზღვრო ცას კვლავ მივუყვები.
ათასი სახე გაკვირვებული, ზედ მისცქერიან ყრუ სიმფონიას,
გული არ მწყდება და ხმაც არ წყდება,
ხდება გრძნობების უცხოდ ბარება,
ცრემლით გავყურებ ჩამავალ მზეს,
ცა აქ მთავრდება, ცა აქ მთავრდება...
გამოკვეთილი და განკვეთილი
ტერფები მეწვის უფლის კვეთილი,
მე ვერ ვიპოვნე სულში ღვთაება
(შორს არ დამტოვო ლურჯი თვალებით)
და მახსენდება ცა აქ მთავრდება.
ჩამავალი მზის ყრუ სიმფონია
ააჟღერადებს სულის ნაზ სიმებს,
შეხედე ზეცას სისხლის ფერია
და კვლავ გოლგოთას უდგას თავდებად,
შეხედე ცას რა მოელვარეაა,
შეხედე ზღვას მთლად დამშრალია,
ცეცხლის ალები შესამჩნევია,
იწვის ყოველი, იწვის მთაველი,
აპოკალიფსი გასაგონია,
სულში ვერ ვპოვე უფლის ღვთაება
და კვლავ გავყურებ სხივთა წამებას,
ვტოვებ ნაკვალევს, ვარდისფერ ნაკვალევს,
ცა აქ მთავრდება, ცა აქ მთავრდება...

ოთხი კაფე

დღე რომ დაიფერფლება,


მოსდევს საღამო,
კაფეში ვზივარ,
კაფე „გალაკტიკა“
უცბად მომბეზრდა აქ ყოფნა,
მცხელა,
მცივა,
ზედმეტად ბევრი ხალხია,
კაფეში წერია:
მოწევა აკრძალულია,
წერაც აკრძალულია,
მხოლოდ ტკივილი,
მხოლოდ ტრაური,
- რა ღირს ტრაური ?...
არა ძვირია...
ცრემლები რა ღირს ?
- წერა აკრძალულია!!!
თვითგვემა ცოდვაა
შრიალებენ ოლარები,
მეც ხომ მანდ ვიყავი ?
ხო,
ბარათაშვილის ხიდზე,
ეშმაკმა იცის
რა მინდოდა მანდ...
ისევ ვზივარ
კაფეში, „გალაკტიკა“,
მოწევა აკრძალულია,
ცრემლები ?
- რა ღირს ცრემლები ?
- სისხლით ინებებთ ?
თუ უსისხლოდ ?
- არა, გმადლობთ, უკვე მივდივარ...
რა არის თვალებში ?
რატომ ვერ ვხედავ ?
და ისევ ძველი ჭია ახმაურდება,
გასრიალდება
და ღრღნის ახალს...

ისევ სხვა კაფეში,


კაფე „ედგარი და არტური“ :
- რა ღირს ნამცხვარი ?
ხომალდის მსგავსი...
რა იაფია, მომეცით ორი,
არა... არა ვარ ღორი,
უბრალოდ მშიოდა...
და კვლავ სხვა კაფეში,

კაფე „ნარცისები“ :
აქ მიყვარს ყოფნა ხანდახან,
მაგრამ სად არის თვალები ?
მოწევა აქაც აკრძალულია ?
არა უბრალოდ უყვართ თავი...
აქაც რა მინდა?!!
- რა ღირს ეგოიზმი ?
მიმზიდველია, მაგრამ ძვირია
სამომავლოდ...
(ფულიც არ მაქვს ბევრი
და არც ფურცელი მეყოფა)
თენდება...
არა ისე, თორე ღამეა,
ჯერ არ ყოფილა ასეთი დღე ?

კაფეში „გრძნობა“ :
- რა ღირს დღე ?
ღმერთო ჩემო, რა ამბავია...
- ძალიან გეძვირათ ?
- არა, უბრალოდ დიდ ხანს ვეძებდი
და სასიამოვნოა...
- მომეცით მთელი პორცია
- მარტო მიირთმევთ ?
- დიახ.
- მარტო ?
- დიახ.
-კაფე იხურება...
გარეთ წვიმს და
შეგიძლიათ ირბინოთ
- ...
- თქვენ პოეტი ხართ ხომ ?
- კკკიიი
- ხოდა, კაფე იხურება, უკაცრავად…

ორი საძილე ტომრის ამბავი

ისე გააღე კარები, რომ შემოგხედო,


ისე დაბნელე, რომ ვერ დაგინახო შიშველი
ისე მოკალი სიმარტოვე, რომ მარტო მე დავინახო
და ბასრი ფრჩხილებით არ მომიწიოს
გულამდე გაფატვრა.

ბაწრების ხელზე შემომბეზრდა მოზომილობა,


ამიტომ ღამით ვეწეოდი ჩუმად ალკოჰოლს,
საბნის თავებზე გადაფარება სიცივის შიშით,
გიტოვებს ფეხებს შიშველს და მაჯას გაყინულს.

დღისით და ღამით ნაფენი სიცხით მტვერადენილი


ყველა ბროდ ვეი,
იცვლის სიკვდილის გასადგურებულ პაპსა ნიადაგს
და მხოლოდ ხანდახან თითის წვერებზე ისე მკიდიხართ,
რომ ვეღარა გწევთ გაჩანაგებულთ და ღრმად დამარხულთ.

ისე მტკივა და ისე მამძიმებს ყველას სიცოცხლე


რომ ზოგჯერ მგონია კოჭლი ღმერთ-კაცი მე თავი თვისი,
ისე მეწვის და ისე მაქვავებს სასახლე ცემენტი,
რომ ყველა შეხება კალატოზის კვალს ტოვებს გაბასრულს.

შენზე თბილია შენზე ტკიბილი ეს მოგონება,


როდესაც ზარებს აღარ აცდი საპანაშვიდე
სიჩუმის რეკვას და პროცესიის განმეორებას
და მუქთა პური ფერუმარილის გლეხად შენებას.

როცა შეგიგრძნობ მთელი სხეულით გულამზირალი,


მაშინ კაენი აბელს მოკლავს მებევრეეჯერ
და შენზე მეტად ობოლი ხალხისთვის ღამენათევი
მე ავმზევდები მზედმტვირთელი ჩემი სამოთხის.

ჩუმად იძინეთ სამყაროს ყველა შვიდის ნივთებო,


რადგან კონტაქტი ძელებს შორის გაუმტარია
და თუ გინდებათ უდღეო დროს ღამის ფიცარი
არ შეაშინოთ ტყეში ფუღუროს უფრთო ფერია.

და ზოგჯერ ზურგსუკან ისე ახლოს ჩამივარდებით,


(ყრით ჯერ დაუხვნელ და დაურწყველ ყანებში სათესს),
რომ ღმერთს უნდება იყოს ცხენი გაუხედნავი,
დასაფლავებულს მეშვიდე დღეს რომ მიუსამართებს.

თითებს შორის რომ ფერად გაჭრის სამართებელი


და რომ ვიღაცას უსულო ბედი არ უსამძიმრებს,
არც ისე არის დაჭყლეტილი ცხოვრება ძნელი
რომ ამ საწურებს თავი ავხადო როგორც სამიზნეს.

შენზე ძვირია შენზე მყუდრო ეს მონეტრება,


როდესაც ღამით არ ასველებ ფერფლად ბალიშებს
ორი დღის ანდერძი სამი დღის მკვდარმა ხელით დავკემსე
და მივეჩვიე გვიან ღამით ღვინის ბახუსებს.

ისე გააღე საძილე კარი, რომ შემოგხედო


ისე დაბნელე, რომ ვეღარასდროს გნახო შიშველი,
ვიღაც კაცები პადვლებს აწერენ ცრუ მისამართებს,
მე კი შენს ჩინურ ფეხს ვაკვირდები თვალის კანკალით.

პირველი ოსკარი

ბეწვის ხიდზე დავდივარ...


დავიარები ბეწვის ხიდზე და სარკეშიც ვხედავ ჩემ თავს,
ღმერთო რა მსუბუქი ვარ,
ვფიქრობ ანაზდად ჩემ თავზე და გულიც ფეთქავს,

ღმერთო რა მსუბუქი ვარ,


თითქოს მე მომწყდა ის ტალახი რაც ავიყოლე,
ღმერთო რა წმინდა ვარ
და უკვე მეშინია გამოვტყდე როგორ გიპოვნე,

არ მასვენებენ უცხო ხმები, კლდე-კლდე ნავალი


და კიდევ დიდ ხანს...
და კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება ეს ჩემი პატარა...
ეს ჩემი პატარა, სისხლიანი თავგადასავალი...

ბეწვის ხიდზე დავდივარ...


დავიარები ბეწვის ხიდზე და სარკეშიც ვხედავ ჩემ თავს
და უკვე მეშინია იქამდე მისვლა,
სადაც მივიღებ განკურნებას და წარვწყმინდავ სეტყვას...

და უკვე მეშინია მივიდე იქამდე,


სადაც გული ძგერას და სადაც სტვენა ფილტვს
არტყამს ინფაქტს
მე უკვე მეშენია გავცურო სილამდე,
ვისმინო დილამდე და ბოლო ღილამდე
ავყვე თამაშს და შევუდგე ნაწილობრივ მომაკვდავის ტიპაჟს.
ო, ღმერთო მეშინია მე ყველა ნიღაბის ყველა წვლილამდე...

იწვება...

მერე გამოვრბივარ... მერე ვტოვებ...


თითქმის ვანადგურებ...
დედა, ჯვარი და ოდნავ შერყეული რწმენა,
სუნთქვა, წამი და დროებით დახშული სმენა,
და მე თითქმის ვანადგურებ, თუმცა დამრჩა ერთი ეტაპი,
ერთი საფეხური, ერთი გაქანება, ერთი დაჯახება...
სუნთქვა, წამი და დროებით დახშული სმენა
თითქოს ვაუბედურებ, თუმცა მრჩება ერთი გზა,
ერთი ხმა, ჩახლეჩილი, არც ისე სანდო
და ისევ

ბეწვის ხიდზე დავდივარ...


დავიარები ბეწვის ხიდზე და სარკეშიც ვხვდები ჩემ თავს
და მეშინია ვაითუ
ვერ გავფრინდე და ვერ გადავცდე უსახო ზღვარს...

მე კი ვხედავ გზას, მაგრამ მეშინია...


მეშინია, რომ ვერ დავიბრუნებ დაფერფლილი
წარსულისგან გაცლილ ყვავილებს,
რომლებიც მომავალს აღარ ჰგავს...

(***რა კარგია, როცა ნელა გადის წლები...)

რა კარგია, როცა ნელა გადის წლები და სიწმინდე რომ გარიდებს ხალხს,


რა მშვიდია ბავშვობის და ოცნებების წლები,
ამ ქვეყანაზე როცა ვართ ბრმები, თავს ვაფარებთ უფლის
წმინდა სახლს..

უსაზღვროა, როცა იბადები, შორ ოცნებას ჩუმად მიუყვები,


რა რიგ მიყვარს ღმერთო ის დღეები,
როცა ბავშვად იბადები, უცხო სიტყვებს შენთვის ეუფლები...

რას ვერ ვხედავ მაგ თვალებში ? და ოცნება რას არიდებს თავს ?


რა მშვიდია ბავშვობის და გაზაფხულის წლები,
როცა არ ვართ უსახური ძვლები, ცხოვრება კი ნათელს
სწრაფად კლავს...

უხარიათ, როცა იბადები და ცხოვრებას ფორთხვით მიუყვები,


როგორ მიყვარს ღმერთო ის დღეები,
როცა ცოდვით იბადები და უგრძნობლად წლებსაც ემიჯნები...

ახლა ქარმა ამიკინძა წლები, მონატრება შორ უფსკრულებს გავს,


ვერ ვეხები რასაც ვხედავ მაგ თვალებში...
აღარა ვართ უდარდელი ბრმები, ცხოვრება კი ჩონჩხსაც
გაძარცვავს...
(***როგორ გართულდა ეს ყველაფერი)

როგორ გართულდა ეს ყველაფერი,


კვლავ დამიბრუნა ღამემ ფიქრები,
გულს ზედ ატყვია ზღვა მონაბერი,
დამძიმებული ვერ გავფრინდები.

ამაღამ ითოვებს, ითოვებს სულში


და კვლავ შემხვდება ნაცნობი მზერა,
მზერა შიშის და მზერა არარის,
მზერა, რომელმაც დროც გააშტერა.

ალბომში დავყურებ ახალ სურათებს,


დავყურებ სურათებს, არცერთზე არ ვარ...
ვუყურებ მინაწერს, ვიხსენებ ჩემს სახელს,
ვივიწყებ ყველაფერს და არსად არ ვარ.

დაბადებიდან დაწყევლილია...
კვლავ დამიბრუნა ღამემ ფიქრები,
გულს ზედ ატყვია მკვდარი სიტყვები,
მკვდარი სიტყვები, შენაფერები.

სულო გაფრინდი, გაფრინდი სულო,


ხორცი პოეტის ლპება, ბერდება,
წადი, დატოვე ეს მონატრება,
ეს მონატრება ნრმალურობის.

მიკვირს, მტკივა და ფიქრი მერევა,


გაიჯახუნებს მომავალი კარს,
მცივა, მბოჭავს და გზები მელევა,
მომავალი კი მიუძღვის სხვას.

ალბომში დავყურებ ნაცნობ სურათებს,


იქ სიხარული და სითბო ჩანს,
(დღეები გაამტვრევს შეფერილ მინანქრებს...)
ვერც ერთში ვერ ვხედავ საკუთარ თავს.
საახალწლო ნაბოდვრები

და მეზიზღება ჩემი თავი, სასმელით გახრწნილი,


და ვხვდები, რომ ვადგავარ გზას, ვხვდები,
რომ გავთელე
მინდვრები და დღეს ვეკითხები
თავს.
შენ ხარ ვინც დაიბადე
უკვდავებისთვის ?
შენ ხარ ვისაც გიყვარდა
უსასრულობა ?
შენ ხარ, ვინც გათელა ბედმა ?
ვინც არ დაინდო ცხოვრების ბორბალმა ?
შენ გალეწილი ნაცრისფერ
მდელოს შეუერთდები,
შენ შეგაწუხებს ამ ცხოვრების
ნატრაურები,
შენ გადაგთელავს უგრძნობი
გრძნობის სიამის სიტკბო..
გაციებულხარ, მაგრამ იკითხავ:
როგორ გავათბო ?
დღე გავა, ღამე და შენ
ჩაგახრჩობს სასმელის ბორგვა,
შეუერთდები გალაკტიონს,
სხვა დანარჩენებს...
და გახსენდება ღვინისფერი
ნატრაურები,
რომ გაწუხებს,
რომ გხიბლავს
და რომ არ გასვენებს...

სადამდეც

როცა ეს მორჩება და ღამეც გათენდება


მითხარი, იქნები ჩემთან ?
როცა ეს მორჩება და ბზარიც გაქრება,
იქნები ჩემთან ?

გტოვებ, გავრბივარ, ვეძებ მომავალს,


შენ გეწყინება ჩემი დაშორება ?
როცა სისხლისღვრა მორჩება,
იქნები ჩემთან ?

იწვის სტიქარი, როგორც ფენიქსი


და სული აღდგომას კვლავ ელოდება
სადამდეც გრძელდება ეს მარტოობა,
იქნები ჩემთან ?

მე შეგიყვარე შენივე გულით.


იწვის სტიქარი კვლავ, მეწამური,
სადამდეც გრძელდება უაზრო ზეცა,
იქნები ჩემთან ? იქნები ჩემთან ?

და ეს წამება როცა მორჩება,


როცა საფიქრიც არაფერი იქნება,
როცა ლექსებიც მოკვდება,
მიიღებ ჩემს დაფერფლილ ხედვას ?
დაფერფლილს, როგორც ფენიქსი,
გადამწვარს, როგორც გოლგოთა,

ხორცი უსულო,
ჯერ ვერ კმაყოფილდება,
მაგრამ მჭირდება,
მჭირდება პასუხი,
მერე რა იქნება ?
თუ სულ მთლად მოკვდება ?
როცა ეს ყველაფერი მორჩება
და ღამეც გათენდება,
იქნები ჩემთან ?

სამარე

„ელი, ელი, ლამა საბაქთანი!“

ამინ! გაისმა და გადვისახე სიმწრით პირჯვარი,


ღმერთი ახსენეს, პირქვე დავემხე გასამიწარი,
თვალი მოვავლე გარშემო ხატებს, ცრიდნენ მოწამნი,
ანგელოზების მომხვდა ფარები და შემიმტვრია
გულის ფიცარი...
ეკლესიაში დღეს შევაბიჯე მყარი ნაბიჯით,
ჯვარცმას ვემთხვიე, ფეხზე ვეხვიე,
ღმერთო მიშველე!
მაგრამ თვალები, ცივი თვალები გზად დამახვედრა,
გულის ტკივილმა ფრჩხილით გათხარა
ქვებში სამარე...

უფლის ტაძარში მორთხმით ვიჯექი, როგორც კმეველი,


ბედზე მეკერა, გულზე მეწერა, მთელი ცა-ველი,
სევდა ღრმად იყო...

გულშიც ღრმად იყო, რისთვის გავრიყოთ ?


უცხო თვალებმა დახიეს წიგნი, გადასაწერი
ჯერაც ფურცლები უცხო სამ ჩრდილთან ცეცხლში იწვოდნენ,
მახსენდებოდა ბაღში ადამი გაშიშვლებული,
დღეს ღამე თხზავდა, ღამეს კი მთვარე, (მთვარე დამწვარი)
და მე ვიჯექი შუა ტაძარში ხელებნაწამი...

ჯვარცმას ვემთხვიე, მუხლზე ვუჩოქე, ვთხოვე:


მიშველე, ღმერთო მიშველეეე,
შენ თავს უშველე! მომკლეს თვალებმა
და მე სამარე ქვებში გავთხარე...

ამინ! გაისმა და გადვისახე ხორცად პირჯვარი,


თვით ღვთისმშებელის ფერმკრთალი სახეც
მეჩვენა მრისხანი
ცნობით შევხედე მადლიან კალთებს, ვეღარ ვიცანი
და გადვისახე... გამოვისახე... უცბად პირჯვარი,

ვთქვი თუ მიშველეეე, ო შენ მიშველე,


თუნდაც გადავყრი მე შენს წინ ლექსებს,
მთვარე გააქრე, ფიქრი გაყარე
და ხორცნარევი ფრთები მაფარე...

და მესამეჯერ რომ იყივლა მამალმა, გაისმა ხმები,


ბოლო ჟამს მივხვდი არ ვყოფილვარ მისატევები
და მივატოვე იქვე გაშლილი ჩემთვის სამარე,
გამოვეყავი და გავიქეცი ცაზე მჭმუნვარე...

სალფეტკი ოთხად გავკეცე იქვე ტაძართან,


სხვების სანახად,
თორემ ჯიბეში ჩავიდე მთელი,
ფილტვების ძგერამ გული გახეთქა,
როგორც შარბათმა
და გაამტვრია სიღრმის კარები,
როგორც სარქველი...

სისხლზე მოჩქეფდა აურაცხელი გრძნობის საკმელი.


გზა მიდიოდა… ისმოდა ამინ… მე მოვიხარე…
ცრემლი ერია ტალახის სიტყვებს: ვერ გავიხარე..
ცაზე მოჩანდა მარჯვენა ხელი... გეენის ცეცხლით...
მრისხანე თვალები… გათხარე სამარე…
სამარე გათხარე… ხომ შენით გათხარე ?!
და შევიშალე...

(***სახე მიწეწავს განვლილ ქარიშხლებს)

სახე მიწეწავს განვლილ ქარიშხლებს,


თავს იკლავს ზეცა,
ფრთების ნაპობი ჰაერის ფერი
თავზე დამექცა.

გულს აამღვრევენ ათასგვარი ნაღიმილები,


ფიქრს გაარღვენენ, სირინოზნი, უფლის ქმნილები.

მოღლილი სუნთქვა ღრუბლებს იფენს,


და ავატარი,
აქ ზედმეტი ვარ, მრავალ ქვესკნელ
გადანატარი.

გულს აამღვრებენ ათასგვარი, ჭრელი ფერები


ჩამიქროლებენ უფლის შექმნილნი, მე ,ფერიები

არა არ მინდა, მე მაგ ღიმილში კალამი ვაწო,


მე წავიქცევი,
მთვარის სიზმრივით, ქვის ნათალ ძეგლად
გადავიქცევი.

გულს გაამტვრევენ ნაკადულის ლურჯი ცრემლები


შორს დარჩებიან, უფლის ქმნილი, სირინოზები...
სისტემა

მე დავდიოდი ქალაქში,
ოდნავ ნორმალური, აი ისე
დაუნის სინდრომიანებს, რომ ეძახიან,
ტალღების ხეთქვაში უცნაური მიმოხვრებით
დადიოდნენ რაღაც არსებები
დაჩხვლეტილი ტუჩებით
და ხელში ნემსებით.
თუ კი სადმე შეამჩნევდნენ ბღავილს
ან ღრიალს, მივარდებოდნენ და
უკერავდნენ პირს,
არა უბრალოდ, არამედ სისხლის დენით.
ტალახის მასაში მე დავდიოდი, როგორც თევზი
და არავინ მიკარებდა ამიტომ,
დავდიოდი და ვათვალიერებდი
გაშეშებულ ეპიზოდებს.

მე ვნახე მომაკვდავი კაცი საოპერაციოში,


რომელსაც პატარა ფაიფურის ღმერთი
და ანგელოზები აჩუქეს.

მე ვნახე ხელგაწვდილი კაცი,


რომელსაც ნახევარი სხეული ჩაბეტონებოდა
და დაფერფვლოდა ცრუდ გაწვდილი
სამი თითი

მე ვნახე მქადაგებელი კაცი,


ხელგაშლილი და ძარღვდაჭიმული
რომ ცდილობდა შემაღლებულიდან ფოკუზის
ჩატარებას

მე ვნახე ცხვრების მწყემსი კაცი,


რომელიც შეცდომით ღრუბლებს მწყემსავდა
და თითებს ისვამდა დროისგან გაქუცულ წვერზე.

და ბოლოს მე ვნახე მკვდარი კაცი,


რომელიც წამოდგა სამარხიდან,
ქუდი დაიფარა და დატოვა დედამიწა სამუდამოდ...
სისტემიზაცია

ცალი რჯული ანბანის დამახინჯებით


შეწყვეტილი
რადიკალურობამდე მისული სწავლა.

სიბნელიზაცია როდემდე
უნდა სუფევდეს
გამხმარ, დაღრძუებულ ბუნაგში.

უთვალავი სხეული რხევის ინერციით


ეჯახება ერთმანეთს
და ხდება სახე-ხატების შესწორება უვიცობრივად.

გამოქვაბულში კედელზე დახატული


პრეისტორიული უსახო
კონტურები.

ყველა სიბნელე მარადამდე


დაცულია კონსტიტუციით,
ანუ უფეთქველობა.

ნელი, უნიადაგო გადაადგილებით


ყველა ხატავს, თუ ხატავსნაირად
რაღაც სიმახინჯეს,

ზედ შეწირული უსისხლო მსხვერპლ-


ფანატიზმით,
-არცერთი არ ხართ მართალი,

როდესაც ყველა მართალი ხართ,


ესეც კანონმდებლობის
მონა-მორჩილური თავდახრითი შესასრულებლობა.

ჭუჭრუტანიდან მხოლოდ სიმახინჯე


მოსჩანს,
როდი მოსჩანს მხოლოდ სიმახინჯე ჭუჭრუტანიდან,

ეს მხოლოდ ნაკარნახევი და შეზღუდული


დემაგოგის ნარწყევია
კაპიტალიზურებულ ბრმა მატერიალისტებზე.
კომფორმიზმში გაღვიძებული მკვდარი სევდა,
ისევ მსხვერპლშეუწირლობის
ცრუ შიმშილია.

„გახსენით ღრუ, გააფართოვეთ“


ამგვარ წინადადებას შეხვდებით აკრძალულ წიგნში,
წარწერით ღვთისდამგველობა.

აზიური გველებით დასუსხული


სათამაშოები ცდილობენ პროევროპულ სივრცეში
შეღწევადობას და შხამნთხევას.

ისევ ნეონების ატომამდე დაყვანით,


ერთმანეთთან უგრძნო რხევის შეხებით
გაუღიზიანებელი ოცდაათი მილიონი ფუტურისტი,

ფუტურო ფუღურო რომ ეგონათ


და უმალ შესახდნენ შიგნით,
უწიგნ-კარონი.

წრეზე რწევა-რხევით სიარული დაშვებულია,


ყველა გადახვევა რისკია სიმცირისკენ,
უსახსრობისკენ და დემამიზაციისკენ.

რემამიზაცია კი მოდურ კორპუსებში


შეასახლეს და ჩააბარეს
დროის აპოკალიპსურ მამათმავლებს.

სიშიშვლე აქ უკვე უვიცობაა


და არც შიშველნი ჩანან სასაცილონი,
ამპარტავნება ხომ ნუგეშია ბედით ობლის,

რომელმაც დაინახა გზა, წაშალა


და ახლა ისევ წუწუნებს ცრუ კომუნიკაციით
გატაცებული არარიზმი.

ცრუ კომუნიკაცია კედლის იქით


არ იჭერს,
ნამდვილი კი ჯერაც გამოსაგონია,

კვლავ ამოსაკითხველი სიტყვები,


კონსტიტიციურ-მართმადიდებლურ ჟურნალში:
„ღვთის-დამგმელობა“

შებინდებაზე მჟავე მაწონს მოხსენი თავი და შეისვენე,


მათ ხომ უყვართ წვიმა,
მათ ხომ უყვართ მზე,

მათნი გახდნენ უკვე ბევრი,


ამიტომ მზე ჩააქრეს და გადამალეს,
უცხო სხეულ-აფიშები ზოგადკაცობრიობასავით სასაცილოა.

ნუთუ ხუთ ქიმიან ვარსკვლავზე,


კენტ დღეს დაიბადეთ ყველანი,
როგორც უხმლო ქარქაშელები.

უთვალებონი

გაცრეცილ ქუჩებში მხატვრის ლანდი ბოთლით დარბოდა,


თუმცა რაოდენ უკვე იყო მისთვის გვიანი,
ცეკვა-ცეკვით და ღიღინ-ღიღინით მთვრალი დარბოდა,
აუარებლად გალეშილი და ნაღვლიანი.

ასე სცოდნიათ ხელოვნების მწარე სიმღერებს,


წვიმის წვეთებად ევლინებიან მკვდარ არე-მარეს,
ნაყოფს იღებენ და მოზრდილ ტოტებს ტეხენ მალ-მალე,
ანდა ცხოვრება დაუბინდავს სადღაც ნაკვალევს.

გულს ლოდი აწევთ და ამ ლოდებით ემსხვრევათ სარკე,


თუ კი შეცდნენ და მორგში ტკივილი ვერ დაინახეს,
თუ კი შეცდნენ და ვერ დაინახეს მორგში ტკივილი,
მაშინ ზვარაკად ეფინებათ ნიჭზე ღიმილი
და გასვენებას დაესწრება თვით ლიუციფერი.

ასე სცოდნიათ ხელოვნების მწარე სიმღერებს,


ლოგინზე ვზივარ და სარეცელი ჟამად მატყუებს,
ასე სცოდნიათ შარბათისგან გრძნობილ სიღრმეებს
და გულამომჯდარ ტირილისგან მკვდარ ბაყაყურებს.

გაცრეცილ ქუჩებში მხატვრის ლანდი ბოთლით დარბოდა...


ყველგან ხვრელია, ვერავის მოვარგე სივრცის თვალები,
ვერავინ შევამკე ზღვის ფერი ოცნებით, კალმის წამებით,
ზღვრის ნალულარსაც შეათამაშებს დრო წამწამებით...
...
და მე ვიჯექი სხვა, ჯინიანი და სევდიანი,
როგორც ჯეინის დახატვის დროს მოდილიანი...

(***უსაზღვრო სისწრაფით კვლავ ვისაზღვრები)

უსაზღვრო სისწრაფით კვლავ ვისაზღვრები


და ვიხედები სწრაფად ჩემს მარჯვნივ,
სიბნელე, სიმართლე, ქუჩის ზღაპრები,
უცხო ნაპირი ქრება ჩემს გასწვრივ.
უსაზღვრო სისწრაფით კვლავ ვიხედები
და ვტრიალდები სწრაფად ჩემს მარჯვნივ,
ჩრდილი, მოლურჯო ღიმილის კეთებით,
სულის კვეთებით ანგრევს ჩემს ნაცვლივ.
უსაზღვროდ საზღვრული სისწრაფის წესებით
კვლავ ვიხედები, მეშინია მე,
ჩრდილი რაღაცა ღიმილის ფეთებით
ფიქრევს გაიტანს გალაკტიკამდე

უძილობა

ღრძილებიდან ამომაქვს სამყაროს ტკივილი


და ვტრანსფრომირებ ჩაძინებულ მონიტორზე,
შებერილი ფერებით
თავზე არ გადასხმული სიმარტოვე.

ოკეანის ნარჩენებით არმოშთენილი


სიმკვიდრე
და კაცობრიობის დიდი
უსწორმასწორო ოვალი.

აი ზუსტად...
ზუსტად..
დაღლილ სახეს
უცნაური სიცილი რომ უნდება,
პირის ზესკნელიდან
დედამიწამდე,
ისე ფეთქავს
კედელზე აკრული ლაკრიმოსის
ჭუპრი.

მათ ეძინებოდათ,
თორემ შეძლებდნენ ამოეცნოთ
ვინ იყო უცხო კაცი,
წვერუმარილო.
და არც შთამომავლობას
არ გაუხდიდნენ კაკალს საბერტყს.

შიშველი სურათი ( ბოლო ოსკარი )

აღსარება:

მე ვერ ვავლენ ამ სითბოს და ამ ოცნებას გული რომ ქსოვს,


ვერ ვუსხლტები სიდუხჭირეს და ცხოვრებას უფალს
რომ გმობს,
ვერ ვკლავ მონატრებას (ნორმალურობის) და მიჭირს,
მიჭირს უთვალავი უაზრობის არდაგმობა...
მე მახრჩობს ნაცრისფერი ზმანების აღნაგობა,
მხიბლავს და მახრჩობს დღევანდელი ჩემი უსახლობა,
და მიჭირს, მიჭირს მარტოოედენ მჭლე გულით
ტრფობის მტრობა,
ტრფობა სულის ეშმაკსა და ფურცლებს შორის...

ვერ ვიფარავ უსახლკაროს, უგზო ფიქრებს,


ვანადგურებ რაც იწვის და რაც არ ქრება,
გულში ხვდება ყველა მტრობა:
ფურთხი, გმობა, არდაგმობა,
ძალადობა, თვითმკვლელობა,
უცხოს ქება, უცხოს ჭვრეტა,
ხილის ნდომა, გადანომრვა,
აწონვა და ლექსის ფორმა...

მოქმედება მეორე:

შუბით გაფატრა ურჯულომ ხორცი


და გადაესხა ღვინო და წყალი,
შემოეძარცვა უცხო სამოსი
და ნიადაგზე ვერ ჰპოვა კვალი,
უფლის ჯვარცმაა, დაბინდებულა,
ისმის ტირილი, ისმის ვაება,
ისმის გოდება, ისმის ტრაური,
უცხო სიტყვების გადაბარება...
უახლოვდება დროს ბოლო ჟამი,
ჟამი სიკვდილის, ზეცად აფრენის,
სისხლით ნაბანი თბილი თვალები
მიზეზი ხდება ხალხის დაბნევის...
ორფრთად მუხლებზე, ორხმად კეცილი,
როგორც ფირფიტა თიხის ვაგდივარ,
მაგრამ დამპალი მძორის ნაგლეჯი,
ევას ნაკბეჩი უცხო ვაშლი ვარ...
იწვის ყოველი და ჯოჯოხეთი
უხმოდ ზანზარებს ჯვარცმის მხედვარე
და უცხო კრთომა ჩემ გზას აწამებს,
იტყვის: მოდი შენ, სანამ არის დრო...
შემომეფარე სანამ მიცვლილა
და აღდგენილა სწორი ჟამის დრო,
შემომეფარე, მე მოგცემ სიტყვებს
და მარგალიტებს შენ ჭურჭლად ვაქცევ,
მე ხორცნარევი ფრთები გაფარე,
ფრთები, რომელიც შენ არ გაღირსეს...
უკანასკნელი ჩამოჰკრავს წამი და გაიხსნება უგრძო საფლავი,
გაიკვეთება ძნელად სიტყვები: ელია, ელია, ლამ საბაქთანი...
ორ ჯვარზე გაკრულ, ორ ავაზკში ერთ-ერთში ალბათ
ჩემი სულია,
თუ გავიჭედე ამ მოგრძო წამში, ცხოვრება ჩემი დაკარგულია,
თუ გავიჭედე ამ შეშლილ წამში, ნაღდად მომიწევს
უფლის დაგმობა,
სახელგანთქმული და მოხვეჭილი მოვკვდები,
როგორც არარაობა...
თუ გავიჭედე ამ უცხო წამში, მადლიც და ნიჭიც დაიფერფლება
და სილამაზე სარკით ნარეკლი, სამუდამოდ და
მარად დარჩება...
ავაზაკების მე მიხმობს სული, საით წავიდე ?
ვის შევუერთდე ?
ქვემოთ მომჩხავის ეშმაკის რჯული და უკვე ვხედავ
როგორ წავბილწე,
როგორ წავბილწე აღდგომის ღამე და სულს სიმშვიდე
რომ არ ვაღირსე...
ფინალი:

რით ვერ გაიგე ? მინდა სიმშვიდე არა ვაჭრობა,


მინდა გონება, მინდა სიფხიზლე, მინდა სილაღე
და არა თრობა...
და შეიშალა ირგვლივ ყოველი და განუტევა უფალმა სული,
იწვის ყოველი, ჩხავის მთაველი, ტაძრად ირღვევა
სხვა კრეტსაბმელი...
გამოვიქცევი ქადაგებიდან, ცრემლს ავარიდებ,
თავს გავარიდებ,
მოვკლავ ოცნებას, მოვკლავ ნაცრისფერს და უცხო
რწმენას გულს რომ აგიჟებს,
გადავეშვები, გავექანები მიწიდან მთისკენ აღვემართები,
ამოვიბეჭდავ დაფლეთილ სულში სახლს კარებიანს
და შენს მაგივრად ჩავეხუტები ამ ტრაგედიას...

ძილ-ღვიძილობანა

ფრინავს, ფრინავს,
ფრინავს,
ფრინავს, ფრინავს,
ფრინავს...

ცივა, ცივა,
ცივა,
ცივა, ცივა, ცივა...

ქალაქში 50 გრადუსია ტემპერატურა


და ცივა..
მაინც ცივა დაწყევლილი და შესუსტებული
სიცივით.

ისევ ფრინავს, ფრინავს,


ფრინავს,
ფრინავს ვერტმფრენი
დატეხილი ფრთებით
და ჩახლეჩილი ხმით.

რადიო მიმღებში ისმის:


გესმით ვინმეს ჩვენი?
ნომერი 69 ვერტმფრენი,
რეისი 888...

სადღაც ნონ სტოპია


და სადღაც ოფ როადი,
თუმცა ისევ ცივა,
ცივა, ცივა, ცივა,
ცივა,
ხორცამდე ცივა...

და მერე ისევ:
ცხელა...
ფარდების გაჭოლვით ცხელა.
ნეკნებამდე ცხელა ყველა მკვდარი ემოცია
და ყველა მკვდარი სილურჯე.

წვენიზაცია,
სითხიზაცია,
მამიზაცია,
დედიზაცია,
პოსტიზაცია,
ამორტიზაცია
და ჭლექიანების ხველებიზაცია...

ცივა, ცივა, ცივა, ცივა


ცივა,
ცივა, ცივა
ცივა, ცივა, ცივა, ცივა, ცივა....

ციოდა... ახლა ისევ ცხელა


ანუ ცხავს
სიცხიზაცია.

მშვიდობით სამშობლოს მთებო,


მთებოვდით მშვიდო სამშობლო,
დამშობლდით მთებო მშვიდობით
დაობლდით...

ამბობენ მაგრად ადუღდება


და ყველას დაგვახრჩობსო,
მანამდე კი ზაფხული იჩხერს
აბორტიზაციას,
ზემოთაც დასცხათ ალბათ,
ცოდვებმა უწიეს.

მღვიმვარებს, ღიმვარებს,
ძილვარებს...
ჩუუ...

წითელი სტიქარი

წითელი სტიქარი ფიქრად ელვარებს საკურთხეველში,


დაბალი, მკრთალი ხმით იხსენიება მიცვალებულნი,
სილუეტები გაიელვებენ ლოცვის კითხვაში,
მას მოელიან ჯოჯოხეთში და სამოთხეში.

სიონის თაღებთან მტრედი ფრთხიალებს სხივთა კონაში


შორიდან მოისმის ჟამსგარდასულის საგალობელი
თეთრი შანდლები მოიღლებიან სარკმლის ხილვაში,
აელვარდება თეთრი სტიქარი საკურთხეველში.

გუნდი ზარების შეიხმიანებს ტაძრის წიაღში,


თეთრი სტიქარი მეწამურად გალურჯებული
როგორც ცის სვეტი აღმართულა საკურხეველიში,
მასზე ფიქრობენ ჯოჯოხეთში და სამოთხეში...

You might also like