You are on page 1of 15

სარჩევი

Contents
გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი)...........................................................................................................1
ბიოგრაფია................................................................................................................................................1
ჯორჯ კობი წყალგამძლე ცემენტის გამომგონებელი........................................................................6
ალექსანდრე ქართველიშვილი – დიდი ავიაგამომგონებელი.........................................................7
ბიოგრაფია................................................................................................................................................7
გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი)

ბიოგრაფია

გრიგოლ კობახიძე იგივე ჯორჯ კობი, პირველი ქართველი იყო, რომელიც ამერიკაში
საკუთარი გამოგონებით მილიონერი გახდა, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირისთვის
მიუღებელ ფიგურად იქცა.

გრიგოლ კობახიძე 1883 წ. ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში რაჭველი


გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ
- სოფლის მღვდელთან. დიდ ნიჭთან ერთად კარგი ხმა და მუსიკალური სმენა აღმოაჩნდა,
თუმცა სწავლის გაგრძელების ნაცვლად 10 წლის ასაკში თავგადასავლების საძებრად
სახლიდან გაიპარა.

თავის უფროს ძმას შენატროდა, ბორჯომში, ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე რომ


მუშაობდა და თავადაც ორთქლმავლის მემანქანეობაზე ოცნებობდა. მშობლიური სოფლიდან
ბორჯომისკენ ფეხით გამოემართა. მგზავრობის დროსაც უამრავი რამ გადახდა თავს -
ოკრიბისკენ მიმავალს, აბრაგები შემოეყარნენ. მათმა მეთაურმა ბიჭუნას ოცნებების შესახებ
რომ შეიტყო, ერთი გადაიხარხარა, მერე ჯიბიდან 10 ოქროს მანეთიანი ამოიღო და მუჭში
ჩაუჩხრიალა: - წადი, ბიძია, კაცი გამოდი და მერე კი შენ იცი, მეც გამიხსენეო. აბრაგის
ნაჩუქარი ფულით ქუთაისამდე ჩააღწია, მაგრამ იქ ერთ გულღრძო მედუქნეს შეშურდა მისი:
პატარა გრიგოლი მისსავე თანატოლებს ქუჩაში აცემინა და ოქროს მანეთიანებს თავად
დაეპატრონა. თანატოლებისგან გაძარცული და ნაცემი გრიგოლი ქუჩაში მეპურეებმა იპოვეს
და შეიფარეს. “რაჭველის საქმე პურის ცხობაა. ღვთის მადლით, ხელობას ქვე გასწავლით,
დარჩი აქანა და იმუშავე!“ - უთხრა ერთ-ერთმა. მაგრამ გრიგოლს ეს საქმე არ იზიდავდა.
გულკეთილ მეპურეებთან მხოლოდ ორი ღამე გაათია, მერე კი ბორჯომისკენ განაგრძო გზა.
შეუპოვრობის წყალობით, ყველა დაბრკოლება გადალახა და უფროს ძმას ლევანსაც
(ლეონტი) მიაგნო. ის პატარა ძმის დანახვაზე გაგიჟდა და მოულოდნელად გამოცხადებულ
გრიგოლს შინ დაბრუნება დაუპირა, მაგრამ ბიჭმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: სანამ
მემანქანეობას არ ვისწავლი, ბორჯომიდან ფეხსაც არ მოვიცვლიო. რაღა უნდა ექნა ლეონტის
- ოჯახში წერილი აფრინა, გრიგოლი ჩემთან არისო და უმცროსი ძმა ერთ მემანქანეს მიაბარა.

10 წლის ბიჭი ასე კითხვა–კითხვით ჩასული ჯერ ოკრიბასა და ქუთაისში, შემდეგ – კი


ბორჯომში ოთხი წელი დარჩა და თავისი შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი.

საკმაოზე მეტად ბეჯითი მოსწავლე აღმოჩნდა - ორთქლმავლის მართვაც მალე


შეისწავლა და მის მოწყობილობაშიც ბრწყინვალედ გაერკვა. ერთხელ, როდესაც
ლეონტისთან ერთად ორთქლმავალი მიჰყავდა, რაღაც დეტალი მწყობრიდან გამოვიდა და
მატარებელი გაჩერდა. მგზავრები, მუხლის გასაშლელად, ვაგონებიდან ჩამოვიდნენ, ხოლო
გრიგოლი და მისი ძმა ორთქლმავალს დაუტრიალდნენ. სწორედ ამ დროს მათ ერთ-ერთი
მგზავრთაგანი მიუახლოვდა და ჰკითხა, - დახმარება ხომ არ გჭირდებათო? იგი ოდესელი
ქიმიკოსი, ვინმე სიმონოვი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში ბორჯომის ცნობილი
მინერალური წყაროების შესასწავლად ჩამოსულიყო.

იმ დღეს, რა თქმა უნდა, ორთქლმავალიც შეაკეთეს და გზაც განაგრძეს, მაგრამ


გრიგოლის ყურადღება სხვა რამემ მიიპყრო - სიმონოვი ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა და
იმდენი ილაპარაკა ბორჯომის წყაროებსა და ჩამომსხმელ ქარხანაზე, რომ ყმაწვილი დიდად
დააინტერესა: “ბორჯომის მინერალური წყალი მეტად ფაქიზია... ამიტომაც მის შესანახად
განსაკუთრებული შედგენილობის მინის დამზადებაა საჭირო“, - ამბობდა სიმონოვი და
გამურულ ახალგაზრდა მემანქანეს მოთმინებით უხსნიდა, თუ როგორ მზადდება მინა და რა
თვისებები აქვს მას. საბოლოოდ, ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ გრიგოლმა რკინიგზაზე
მუშაობას თავი დაანება და ქარხანაში სიმონოვს მიაკითხა. მან მიიღო ყოფილი მემანქანე და
ბოთლების კეთებაშიც დააოსტატა. სწორედ მაშინ მიხვდა 20 წლის გრიგოლი, რომ მისი
ნამდვილი მოწოდება ქიმია იყო და არა სხვა რამ: “დაიმახსოვრე, ყმაწვილო: ჩვენისთანა
ხალხს ადრე ჯადოქრებადაც კი ნათლავდნენ და სჯიდნენ, მაგრამ სიბნელის დამარცხება
მაინც მოვახერხეთ და მაინც დავამტკიცეთ, რომ ქიმია - მეცნიერებაა! ამას მუხლჩაუხრელი
შრომით მივაღწიეთ!“ - ასე ეუბნებოდა სიმონოვი ბიჭს, რომელიც ამ სიტყვებს შემდგომში
ყოველთვის იხსენებდა.

დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და შეიმუშავა პროდუქციის


გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს,
დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან–ბატონს წარუდგინა. ქებითა
და ფულადი ჯილდოთი წაახალისეს. ბორჯომიდან სიმონოვი ჯერ თბილისის მინის
ქარხანაში გადმოიყვანეს, იქიდან კი მშობლიურ ოდესაში დააბრუნეს. გრიგოლიც ამ დროს
თბილისშია გადასული და მინის წარმოება პრაქტიკულად უკვე კარგად შეესწავლა და ის
1902 წელს თან გაჰყვა სიმიონოვს ოდესის მინის ქარხანაში სამუშაოდ. ოდესის ქარხანაში
ცოტა ხანს იმუშავა, მერე კი დააწინაურეს და 1903 წლიდან კრასნოდარის გუბერნიაში,
დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში გადავიდა. იქ ახალგაზრდა
სპეციალისტები სჭირდებოდათ და სიმონოვმაც ურჩია, წასულიყო. ისიც უნდა ითქვას, რომ
კონსტანტინოვკა მაშინ საშიში დასახლებაც იყო - ადგილობრივი კაზაკები ვერ იტანდნენ
“უცხო რჯულის“ მუშებს და აწიოკებდნენ; ცხადია, ისინიც ანალოგიურად პასუხობდნენ და
ამიტომაც, კონსტანტინოვკაში დღე ისე არ გავიდოდა, მკვლელობა თუ არა, შეხლა-შემოხლა
მაინც რომ არ მომხდარიყო.

კონსტანტინოვკის მინის ქარხანას ფრანგი გამანი ხელმძღვანელობდა. გამანმა


გადაარჩინა, როგორც საუკეთესო სპეციალისტი 1905-07 წლების რევოლუციის დროს, როცა
რევოლუციური განწყობის გამო დააპატიმრეს და გასახლებას უპირებდნენ. გამანის
ყურადღება გრიგოლის ფიზიკურმა ძალამაც მიიქცია და ჭიდაობის შესასწავლად
მწვრთნელთან მიიყვანა. გრიგოლმა აქაც წარმატებას მიაღწია, მალე გამანის ფალავნად იქცა
და გამარჯვებისთვის აღებული ფულადი ჯილდოები მისი შემოსავლის დამატებითი წყარო
გახდა. ამ პერიოდშივე გაიცნო მომავალი მეუღლე წარმოშობით შვედი დაშა ნოდვიკოვა და
დაუმეგობრდა ევგენი იგნატიევს, შემდგომში მის პარტნიორს ამერიკაში.
1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში
დასახლდა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შექმნა შუშის პროდუქციის
დამამზადებელი პატარა საწარმო, თუმცა 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა.
ლონდონში მინის ქარხანაში ეწყობა უბრალო მუშად. იქაც გამოადგა ცოდნა, თავისი
გამოცდილება, მალე შეამჩნიეს და დააწინაურეს. თან ჭიდაობდა და ცირკშიც გამოდიოდა.
მალე ფინანსურად ისე მომაგრდა, რომ ცოლიც ჩაიყვანა, მაგრამ მოშურნეები გამოუჩნდნენ.
ამიტომ იძულებული გახდა, მრავალთა მსგავსად ბედი ამერიკაში ეძებნა.

1909 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. იმ დროს


ამერიკაში საკმაოდ იყვნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები, რომელთა ნაწილს ჩვეული
ხელობისათვის, მეპურეობისათვის მოეკიდა ხელი. მათი დახმარებით გრიგოლი ნიუ–
იორკში მოეწყო და პურის ცხობით ირჩენდა თავს. 9 წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა
"ჯენერალ ელექტრიკის" ფირმაში და ფულს აგროვებდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად.
გამომგონებლური ნიჭითაც გამოირჩეოდა. მისმა შექმნილმა ავტომატურმა საწერ–კალამმა
რამოდენიმე პატენტი მიიღო. ვაჭრობდა საკანცელარიო ნივთებითაც.

1919 წელს გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში


დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Cobi Glass Produkrs Company-მ,
რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური,
ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინებს, ნედლ მასალას და სხვ.)
სახელი გაითქვა აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში. კობის პროდუქცია ერთ-
ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. იგი მუდმივად აუმჯობესებდა ტექნოლოგიას. გრიგოლი
300-მდე მუშისა და ათეულობით ტექნიკოს-ოსტატისთვის შრომისა და ცხოვრების
ნორმალური პირობების შექმნას ცდილობდა.

1925 წელს ქართველი ქიმიკოსი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად მეოთხედ


დაასახელეს - იმ დროისათვის ეს საოცრება იყო. ჯორჯ კობი ერთხმად, ამერიკის ქიმიური
მრეწველობის მეფედ აღიარეს.

1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი 4


მილიონს. მილიონერის სტატუსის მიუხედავად გრიგოლ კობახიძე უსაქმოდ არასდროს
მჯდარა – მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას. მან გახსნა სათამაშოების
მაღაზია და უპოვართათვის სასადილოების ქსელი.

მიუხედავად იმისა რომ გრიგოლ კობახიძე მთელ დროს ბიზნესს უთმობდა,


არასდროს ჩამოშორებია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. იგი აღტაცებით
შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში
დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი საქმე, მაგრამ 1918-21 წლებში მისი ბიზნესი
ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სურდა
საქართველოში მინის დიდი ქარხნის აგება. მაგრამ ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები
ჩაიშალა.

1924–28 წლებში სამშობლოში ორჯერ ჩამოვიდა, ფეხით გაიარა ის გზა, რომელიც


პატარა ბიჭმა განვლო 33 წლის წინ. სახლი აუშენა იმ ოჯახს, ვინც მაშინ ბავშვს ღამე
გაათევინა და მოუარა, დედას კი ბავშვობაში შეპირებული 10.000 მანეთის საჩუქრები
ჩაუტანა. დაასაჩუქრა ის მეპურეებიც, რომლებმაც ქუთაისში ოდესღაც შეიფარეს. იმ აბრაგსაც
კი ეძებდა, ვინც 10 ოქროს მანეთიანი აჩუქა, მაგრამ ვერსად მიაგნო - 1924 წლის ცნობილ
აჯანყებას შესწიროდა. მეორედ 1928 წელს ეწვია საქართველოს. ოთხ წელიწადში ბევრი რამ
გაუკეთა თავის კუთხეს. დაეხმარა მრავალ გაჭირვებულ ოჯახს, სოფელ თხმორს აუშენა
სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია და მღვდლის
სახლი, გახსნა სავაჭროები, მოამარაგა საქონლით და მოაგვარა მრავალი წვრილმანი
პრობლემა. მასთან დახმარების სათხოვნელად არა მარტო რაჭისა და იმერეთის სოფლებიდან,
არამედ ქუთაისიდანაც მიდიოდნენ. ამ დროს ძმისშვილი ჩავიდა თბილისიდან და
შეატყობინა, რომ ბოლშევიკები დაჭერას უპირებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ გაემგზავრა
სოფლიდან და ქვეყნიდანაც.

1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული


ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში
ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა
კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი
შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი
ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–
კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი
ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა.
ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაჩაბლის ფირმისთვის Prince
Matchabeli. მიუხედავად ბიზნესის წინსვილის იგი უფრი დიდ სიმძლავრეებზე და
სახელმწიფო შეკვეთებზე ოცნებობდა.

1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება,


ჯორჯ კობმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური
დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან
სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი. როდაილენდის
შტატის ქ. პატაკეტში გახსნა ქარხანა. შეიძინა ოთხი ჰოლანდიური დანადგარი, დაიქირავა
300-მდე მუშა და დაიწყო ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიების, საველე
ჰოსპიტალებისა და რიგითი საავადმყოფოებისთვის აუცილებელი პროდუქციის დამზადება.
მალე the Coby Glass Products Company კვლავ მძლავრ საწარმოდ იქცა. განსაკუთრებით დიდი
მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ მინის ამპულებზე ინიექციებისთვის. ასე რომ, უშვებდა
პროდუქციას ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტალებისა და
საავადმყოფოებისათვის. ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას ასევე
მოკავშირეებს. მან მალევე გაისტუმრა მთვარობის ვალი და კაპიტალის დაგროვებას შეუდგა.
მოგებას ძირითადად ხარისხის ხარჯზე იღებდა. თავის ქარხანაში გააუმჯობესა წარმოების
ტექნიკური მხარე, მუშების ცხოვრების დონე, დააწესა წამახალისებელი ჯილდოები,
დახმარებები მრავალშვილიანი თანამშრომლებისათვის და სხვ.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა სიახლე დანერგა თავის


წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. ფერადი მინისგან სხვადასხვა
ფორმის სათამაშოების დამზადება დაიწყო და "ორნამენტი" უწოდა. ქართულ დროშისფერ
ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოებს ეწერა: "კობი. მინის საშობაო ხის ორნამენტები.
კობი - ეს შობაა". სათამაშოები კანადაში გადიოდა, ამიტომ წარწერა ფრანგულადაც
კეთდებოდა.

შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. "Babel Lamps". ქსელში


ჩართვის შემდეგ ფერადი ბუშტები იწყებდნენ მოძრაობას. მანამდე ნაძვის ხეებს ნამდვილი
სანთლებით რთავდნენ, რაც ხშირად ხანძარს იწვევდა. მოგვიანებით სანთლებს ფერადი
მინისგან ამზადებდა და ქიმიური სითხეც საჭირო აღარ იყო. ასე რომ, მისმა გამოგონებულმა
ელექტრო სანთლებმა ნამდვილი სანთლები შეცვალა.

ასევე გრიგოლ კობახიძეს კავშირი აქვს ალექსენდრე ქართველიშვილთან, რომლის


დაკვეთითაც პილოტების კაბინისთვის მძიმე შუშის კონსტრუქცია შექმნა.

კობიმ, ამერიკაში მოღვაწეობის მანძილზე მან 60-მდე გამოგონება დააპატენტა, რასაც


მისი კომპანიისთვის უფრო და უფრო მეტი პრესტიჟი მოჰქონდა. (ამ გამოგონებების მოკლე
ჩამონათვალია: ავტომატური საწერი კალამი, სამედიცინო მინის ამპულა, მინის ნაძვის ხის
სათამაშოები და ფერადი მინის ელექტროსანათები და ა.შ.).

გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას,


განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს არამარტო ამერიკაში, არამედ
ევროპაშიც. გრ. კობახიძის შუამდგომლობით 1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და
ავიაციის მეცენატმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ–იორკში. ასევე
ცნობილია, რომ სწორედ ჯორჯ კობიმ გაუმართა ხელი შემდგომში კარგად ცნობილ ქართველ
ოქროსმაძიებელ მაიკ მიტოს და ალასკაზე ოქროს გადამმუშავებელი ქარხანა ააშენებინა.
უპოვართათვის სასადილოების ქსელის გახსნა. 1939 წელს, საკუთარი ხარჯით, ჩინეთიდან
ამერიკაში ჩაიყვანა ცნობილი ფარმაცევტი ნიკო ჯიშკარიანი და ლაბორატორია მოუწყო,
ეხმარებოდა სტუდენტებს და ა. შ.

მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის


წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ
დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე
ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და
საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა
ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის
ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცნობია დაკრძალვის


ადგილი. პაგლისებს მისი სახელი და ღვაწლი დავიწყებისთვის არ მიუციათ და არც
წარმოებისთვის შეუცვლიათ სახელი. მისი ბიოგრაფის, ემიგრანტ გივი კობახიძის ცნობით,
1980-იან წლებში მათ კედელზე ეკიდათ მინის ქარხნისა და წარმოების დამფუძნებლის,
ქართველი მრეწველის გრიგოლ კობახიძის დიდი ფოტო. კობის მინის ორნამენტები დღემდე
იყიდება ინტერნეტმაღაზიაში. მათ შორის ორიგინალური ფორმის ნაძვის ხის კენწეროს
მოსართავი - შექმნილი ჯორჯ კობის – გრიგოლ კობახიძის მიერ.
სამწუხაროდ, გრიგოლ კობახიძის მშობლიური სოფელი თხმორი რაჭაში დღეს
ნასოფლარია...

***

გარდა გამოგონებებისა, გრიგოლ კობახიძეს სხვა რამეებიც ეხერხებოდა: პირველად


საყოველთაო აღიარება მან - არც მეტი, არც ნაკლები - მიუნხენში ცირკის არენაზე მოიპოვა.
მაშინ კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა და არათუ სხვებს, არამედ თავადაც ვერ წარმოედგინა,
რომ გავიდოდა წლები და სულ სხვა სფეროში მოიხვეჭდა სახელს. სხვათა შორის, შემდგომში
თავადვე აღნიშნავდა, რომ ქიმიურ მრეწველობაში დამკვიდრება სწორედ ბრწყინვალე
ფიზიკური მონაცემების წყალობით შეძლო - ჯორჯ კობი ძალიან ბევრს მუშაობდა და
ხშირად, ლაბორატორიაში ღამესაც კი ათენებდა.

ჯორჯ კობი წყალგამძლე ცემენტის გამომგონებელი

ჯორჯ კობი მსოფლიომ გაიცნო მისი უნიკალური გამოგონებით, მან შექმნა


წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი. ისეთ დიდ ქვეყანაში როგორიც ამერიკაა,
ძნელია თავის დამკვიდრება, მითუმეტეს ქვეყნის გაოცება. ჯორჯ კობის გამოგონებამ კი
გადატრიალება მოახდინა არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. ჯორჯ
კობის მშენებლობის ტექნოლოგიის ქართველ მეფესაც უწოდებდნენ.

ჯორჯ კობი კარგა ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ფლორიდაში და ხედავდა, რომ


ფლორიდის ტენიან ჰავას ვერც აგური უძლებდა და ვერც ხე: ყველაფერი ძალიან მალე
ფუჭდებოდა და ხელახლა გასაკეთებელი ხდებოდა. ჯორჯ კობიმ სულ რამდენიმე
წელიწადში გამოიგონა ცემენტი, რომელსაც ტენი ვერას აკლებდა. აგურის შედგენილობაშიც
მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და შექმნა მინა-ბლოკი, რომელიც შენობის გარედან
მოსაპირკეთებლად იყო განსაზღვრული და მზის შუქს ირეკლავდა.

მისი ცემენტი პირველად 30-იან წლებში ამერიკაში პირველი ცათამბჯენის აშენებისას


გამოიყენეს და მის შემდეგ ფართოდ დაინერგა მსოფლიოში. მის მიერ გამოგონებული
ზემტკიცე შუშის ბლოკები და წყალგამძლე ბეტონი, ცათამბჯენების ასაშენებლად დღემდე
გამოიყენება.
ალექსანდრე ქართველიშვილი – დიდი ავიაგამომგონებელი

ბიოგრაფია

„სრულიად შესაძლებელია ჩვენი ცოდნის ისე გაღრმავება, რომ მთვარეს გავცდეთ და


ვენერასა და მარსს მივაღწიოთ, მთავარია ენთუზიაზმი, შემოქმედებითობა და გამბედაობა
გვეყოს.“

ალექსანდრე ქართველი

1958

აშშ ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერი, აშშ საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და


მოწინავე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი (Alexsander Kartveli) დაიბადა
ცნობილი მოღვაწის, იურისტ მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. 1914 წელს დაამთავრა
თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, 1917 წელს - იუნკერთა სასწავლებელი, სადაც
პირველად დაინტერესდა ტანვარჯიშით, ავიაციით და ჰაერნაოსნობის წრეშიც ჩაეწერა. 1917
წელს პირველ მსოფლიო ომში არტილერისტად გაიწვიეს და ბატარეის მეთაურად დანიშნეს.
ავიაციისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა კაპიტან მაჭავარიანის ავიარაზმის
წევრებთან ხშირმა ურთიერთობამ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჯერ მფრინავი, შემდეგ კი
ავიაკონსტრუქტორი გამხდარიყო. ფეხში დაჭრილი ქართველიშვილი ომიდან პორუჩიკის
წოდებით დაბრუნდა.

1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ალ. ქართველიშვილი


სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. ვაჟიშვილს დედაც თან გაჰყვა, მამა და მისი და
თამარი კი თბილისში დარჩნენ. განშორება სამუდამო გამოდგა. საქართველოში საბჭოთა
ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ოჯახის გაერთიანება ვეღარ მოხერხდა. აეროკლუბის
დამთავრების შემდეგ, უმაღლესი საავიაციო სასწავლებლის საინჟინრო ფაკულტეტზე
განაგრძო სწავლა. ალექსანდრემ პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტი 1922
წელს დაამთავრა, იმავდროულად ელექტროტექნოლოგიის უმაღლეს სასწავლებელში
ელექტროინჟინრის დიპლომიც მიიღო. სწავლის პერიოდში, თავი და დედა რომ ერჩინა,
კერძოდ ასწავლიდა მათემატიკას, მონაწილეობდა საავიაციო და სატანვარჯიშო
ასპარეზობებში.

სწავლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ


საქართველოში დამყარებულმა ბოლშევიკურმა წყობამ აიძულა საფრანგეთში დარჩენილიყო.
ალ. ქართველიშვილი 1922-1927 წლებში ლეგენდალური ფრანგი ავიატორის, ლუი ბლერიოს
კომპანიაში გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების "Bernard"-ისა და "Ferbois"-ის შექმნაზე
მუშაობდა. ახალი მოდელების გამოცდისას, ერთ–ერთი ფრენის დროს, კისრის მალა და
ხერხემალი დაიზიანა. იძლებული გახდა, სამუდამოდ ჩამოშორებოდა მფრინავის პროფესიას.
1924 წელს მისი მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა "Bernar-Ferbua V-2" დაამყარა
სიჩქარის მსოფლიო რეკორდი (448,171კმ. სთ.–ში). თავისუფალ დროს ფრანგ ინჟინრებთან
ერთად მუშაობდა 50 მგზავრზე გაანგარიშებულ ტრანსატლანტიკური გიგანტური
თვითმფრინავის პროექტზე პარიზი–ნიუ-იორკის რეისებისათვის, ამისთვის კი დიდი
თანხები იყო საჭირო, სწორედ ამიტომ ურჩიეს ამერიკაში წასვლა, სადაც მის ნიჭს მეტი
გასაქანი ექნებოდა.

საქართველოს წარმომადგენლის, ვასო დუმბაძისა და ცნობილი გამომგონებლისა და


ბიზნესმენის გრიგოლ კობახიძის (ჯორჯ კობის) დახმარებით გაიცნო ცნობილი
კონსტრუქტორი და დიზაინერი, მილიონერი ჩარლზ ლევინი. ქართველმა კონსტრუქტორმა
გაანდო მას თავისი და მისი მეგობრების ახალი თვითმფრინავის მოდელის დამზადების
პროექტი, რომელიც ატლანტიკის ოკეანეს გადაუფრენდა და შეძლებდა ამერიკასა და ევროპას
შორის ფრენას. ლევინი დაინტერესდა ქართველიშვილის პროექტებით და 1927 წელს ლონგ-
აილენდზე თავის კომპანიაში მიიწვია ამ პროექტის განსახორციელებლად ალექსანდრე და
მისი ორი მეგობარი ამერიკაში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ლევინსა და
კონსტრუქტორებს შორის უთანხმოება გაჩნდა, მიზეზი კი ლევინის კონსტრუქტორების
მუშაობაში უხეში ჩარევა იყო. შესაბამისად, პროექტმა ვერ გაამართლა და განაწყენებული
ქართველიშვილი დაშორდა ლევინს. 1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო
ჰოლანდიელი ანტონიო ფოკერის ფირმის ამერიკულ ფილიალში, საკმაოდ ცნობილ
კომპანიაში "Fokker American Company".

1931 წელს ალექსანდრემ გაიცნო ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორი სევერსკი (1894–


1974), რომელიც მაშინ ცნობილი კორპორაციის (Seversky Aircraft Corporation) პრეზიდენტი
და მთავარი ინჟინერი იყო. იგი თბილისში იყო დაბადებული და გაზრდილი. სევერსკიმ
ალექსანდრე მთავარ ინჟინრად დანიშნა. მათ რამდენიმე შესანიშნავი თვითმფრინავი შექმნეს:
ამფიბია SEV-3, სასწავლო საწვრთნელი AT-8, ჩქაროსნული გამანადგურებელი P-35,
საესკორტო გამანადგურებელი 2PA. ამ თვითმფრინავების შექმნამ დიდი სარგებელი
მოუტანა კომპანიას და ამერიკაში ლიდერ კომპანიადაც აქცია. AT-8 გახდა ამერიკის არმიის
ძირითადი საწვრთნელი თვითმფრინავი, ხოლო P-35 - აშშ-ს შეიარაღების მთავარი
გამანადგურებელი. ამ თვითმფრინავმა მონაცემებით დაჯაბნა სსრკ-ს შეიარაღებაში
არსებული ძირითადი გამანადგურებელი И-16.

1939 წელს კომპანიის აქციონერთა კრებამ სევერსკი გაათავისუფლა


პრეზიდენტობიდან. აქციონერთა უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სევერსკიმ
იაპონიას მიყიდა თვითმფრინავები, იაპონია კი იმ დროისათვის ამერიკის მეტოქედ
მოიაზრებოდა. აქციონერებმა კომპანიას შეურჩიეს ახალი სახელი “Republic Aviation
Company”’-ი, ხოლო ალექსანდრე დაინიშნა კომპანიის ვიცე–პრეზიდენტად და
საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელად. ამ დროიდან მოყოლებული ალექსანდრე იყო
ამერიკული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი უმთავრესი წამყვანი კონსტრუქტორი. “ის
წყნარი, გარუჯული გენიოსია, რომელიც ამერიკაში 20 წლიანი ცხოვრების მიუხედავად, ჯერ
კიდევ აქცენტით საუბრობს”, – ასე ახასიათებდა ჟურნალი „Popular Science“ (ივნისი, 1945)
ქართველიშვილს.
1939 წელს ახალი გამანადგურებლის დაპროექტება დაიწყო. ამ დროისთვის იგი უკვე
მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო. აქედან დაიწყო ალექსანდრეს სამხედრო
ავიაციაში მოღვაწეობა და მთელი ცხოვრება 1974 წლამდე ამ სფეროში მუშაობდა.

ომის ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ–ერთი


მთავარი თვითმფრინავი Republic P-47 Thunderbolt. P-47 Thunderbolt-ის ნახაზი
ქართველიშვილმა ერთ დღეში კონვერტის უკანა მხარეზე დახატა. ეს მოხდა 1940 წელს. 9
თვის შემდეგ მსოფლიომ იხილა ეს თვითმფრინავი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა
გერმანიაზე გამარჯვებაში. P-47 ე.წ. „მეორე მსოფლიო ომის ხერხემალად“ წოდებული
რეკორდული რაოდენობით იქნა წაროებული - 15600 ცალი, ამდენი ერთი ტიპის
თვითმფრინავი, არც მანამდე და არც მერე არ წარმოებულა.

საერთოდ მან შექმნა 14 ტიპის თვითმფრინავი. მათგან 4 თვითმფრინავი ლეგენდად


იქცა. ესენია უმძლავრესი ერთძრავიანი გამანადგურებელი P 47 "ტანდერბოლტი", F 84
"ტანდერჩიფი", A 10 "ტანდერბოლტ 2" და F 105 "ტანდერჯეტი", რომელიც პირველი
ამერიკული ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენი იყო. მას ტაქტიკური დანიშნულების
ბომბის წაღებაც შეეძლო. ხოლო A 10 დღესაც იმყოფება ამერიკის შეიარაღებაში და ერთერთ
წამყვან სამხედრო თვითმფრინავად ითვლება. თვითმფრინავის შექმნისას ქართველიშვილი
განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის აეროდინამიკას და გარეგნულ, ესთეტიურ
მხარეს.

როგორ იქმნებოდა ისინი: მეორე მსოფლიო ომის დროს თავდაცვის სამინისტროს


მიერ კორპორაციისათვის ახალი საბრძოლო მანქანების წარმოებაზე 1940 წელს დადებული
კონტრაქტით ქართველიშვილმა შექმნა გამანადგურებელი P-47 "მეხთამფრქვევი"
(Thunderbolt), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა "მეხთა" ოჯახს. პრეზიდენტი ფრანკლინ
რუზველტი კონსტრუქტორებს აჩქარებდა, სურდა, დროზე მიეწოდებინათ მანქანა
ფრონტისათვის. 1941 წელს გამოშვებულმა ერთადგილიანმა გამანადგურებელმა მსოფლიო
წარმატება მოუტანა კომპანიას. თვითმფრინავმა ყველა ფრონტზე მიიღო მონაწილეობა. ეს
მოდელი მოხვდა 15 ქვეყნის, მათ შორის საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში.

მომდევნო მოდიფიკაციებს ბომბდამშენთა ესკორტირებისათვის იყენებდნენ. მათ


ასაწყობად მთავრობამ ფირმას ევანსვილსა და ფარმინგდეილის საავიაციო ქარხნები გადასცა.
შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომში საჰაერო ბრძოლები მოიგო ამ ერთმოტორიანმა
გამანადგურებელმა, რომელიც არა მარტო ამერიკის, არამედ ინგლისის, საფრანგეთის,
ბრაზილიის, შემდეგ ლენდ-ლიზით საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში იყო. ეს იყო ყველაზე
მრავალრიცხოვანი გამანადგურებელი ამერიკის ავიაციის ისტორიაში. მას იყენებდნენ ომის
ყველა ფრონტზე, აგრეთვე აფრიკასა და შორეულ აღმოსავლეთში. "Republic Aviacorporation"-
მა თვითმფრინავებისათვის არმიისა და საზღვაო ფლოტის 7 უმაღლესი ჯილდო მიიღო.

Republic P-47 "Thunderbolt" – "მეხთამფრქვევი" მეორე მსოფლიო ომის წლებში


შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ–ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა
და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში.
არანაკლები წარმატება ხვდა წილად მის მიერ შემდგომ პერიოდში შექმნილ
თვითმფრინავებს.

მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმატება ხვდა ატომური ბომბით


აღჭურვილ მის რეაქტიულ F-84 (Thunderjet)-ს, რომელიც ერთდროულად
გამანადგურებელიც იყო, გამცილებელიც და ბომბდამშენიც, იყენებდნენ კორეის ომში,
როგორც მთავარ დამრტყმელ ძალას. მისი მოდიფიკაცია XF-84 (Thunderjet) აშშ-ის ავიაციისა
და ნატოს შეიარაღებაში შევიდა როგორც ძირითადი გამანადგურებელ-ბომბდამშენი. 1945
წელს მუშაობა დაიწყო ისრისებრი ფრთების მქონე F-91 (Thunderceptor)-ზე, რომელიც 1952
წელს პირველი ზებგერითი თვითმფრინავი გახდა.

ქართველიშვილის ზებგერითი F-105 (Thunderjet), ყველაზე დიდი და მძიმე


ერთძრავიანი გამანადგურებელი, ახალი სიტყვა იყო ავიაციაში. ქართველიშვილი F-105-ზე
დაახლოებით 7 წელი მუშაობდა. ამ თვითმფრინავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს,
რომ პირველი საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც ბომბდამშენიც იყო. ეს არის ძალიან
გამძლე საფრენი აპარატი, რომელსაც დიდი დაზიანების ატანა შეუძლია. უნიკალურია
იმითაც, რომ F-105 მსოფლიოში არსებული საბრძოლო თვითმფრინავებიდან ერთერთი
ყველაზე დიდია და ამავე დროს, ბგერის სიჩქარეზე უფრო სწრაფად დაფრინავს. დანარჩენი
ამერიკული თვითმფრინავებისგან გამორჩეულია ასევე იმით, რომ ვიეტნამის ომში, საჰაერო
ოპერაციების 75 პროცენტი სწორედ F-105-ით განხორციელდა. ვიეტნამის ომის დროს, მას
ამერიკის სამხედრო ავიაციის ხერხემალსაც უწოდებდნენ.

ალექსანდრე ქართველი იყო ტემპლისა და ბრუკლინის უნივერსიტეტების საპატიო


დოქტორი, სახელმწიფო საავიაციო კომიტეტისა, საერთაშორისო საავიაციო საზოგადოების
და სხვა არაერთი საავიაციო საზოგადოების, ასევე ამერიკის საინჟინრო აკადემიის წევრი.
ავიამშენებლობისა და აეროდინამიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის მიღებული აქვს
აშშ–ს მეცნიერების ეროვნული მედალი. მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა
ქართულ-კავკასიური საზოგადოების "ალავერდის" წევრობა, სადაც თანამემამულეების
გარდა, კავკასიელებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. იყო ამერიკის ქართული სათვისტომოს
აქტიური წევრი, რომელსაც დიდ მატერიალურ და მორალურ დახმარებს უწევდა. რადგან
გასაიდუმლოებული იყო მისი ცხოვრება, საკუთარი სტატუსის გამო შეკრებებს ვერ
ესწრებოდა.

საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებთან (როგორც მისმა დისშვილმა, ცნობილმა


მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა აღნიშნა), თავდაპირველად ინარჩუნებდა ურთიერთობას და
ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. მერე კავშირი გაწყდა. ომის დროს ერისთავებმა სცადეს
ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ საბჭოთა უშიშროების სამსახურმა ამის უფლება არ მისცა.
60-იან წლებში მისი დის, თამარის ავადმყოფობის გამო, ოჯახი კვლავ დაუკავშირდა
ქართველიშვილს. მან ძალიან განიცადა დის ავადმყოფობა, მაგრამ დახმარება ვერ შეძლო,
თუმცა ამერიკაში კონსილიუმიც მოუწვევია. როცა 1966 წელს თამარი გარდაიცვალა,
დეპეშაში ჩაუწერია, იმით მაინც არის ბედნიერი, რომ მშობლიურ მიწაში დაიმარხებაო.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი უცხოეთში გაატარა და
ახალგაზრდობიდანვე სამშობლოდან შორს მოუხდა ცხოვრება, არასოდეს მოსწყვეტია
მშობლიურ კულტურას. რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის რედაქტორმა კარლო
ინასარიძემ 1969 წელს ამერიკაში ყოფნისას მოინახულა ქართველიშვილი, რომელიც
გატაცებით ლაპარაკობდა საქართველოზე, ზეპირად ამბობდა ლექსებს. რუსთაველის
სტრიქონებზე "ვაჰ, სოფელო, რა შიგან ხარ..." როგორც ინასარიძე შენიშნავს, "თვალებში
ცრემლიც კი მოადგა". პროფესორ გიორგი ნაკაშიძის თქმით, ქართველიშვილს
"ვეფხისტყაოსანი" ზეპირად სცოდნია. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი დავით
ჯაფარიძე იხსენებდა, როგორ მივიდა ალექსანდრე ქართველიშვილი ქართველ მოცეკვავეთა
კონცერტზე სპეციალური დაცვის თანხლებით, რომლის მსგავსი მხოლოდ ამერიკის
პრეზიდენტს თუ ჰყავდა, შემდეგ კი კულისებში აღელვებულს უთქვამს, ასეთი ბედნიერი
არასოდეს ვყოფილვარო. თურმე მისი სახლის კედლებს ქართული ძეგლების ფოტოები
ამშვენებდა, ყველაზე საპატიო ადგილას კი "ვეფხისტყაოსანი" იდო.

იმდენად, რამდენადაც ალექსანდრე ქართველი აქტიურად იყო ჩართული


შეერთებული შტატების სამხედრო საქმიანობაში, მისი ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში
იყო გასაიდუმლოებული შპიონაჟის, გატაცების და ლიკვიდაციის რეალური საფრთხეების
გამო. მხოლოდ გრიფი „საიდუმლოს” მოხსნის შემდეგ, როდესაც ალექსანდრე ქართველის
შესახებ სმითსონის ინსტიტუტისა და NASA-ს არქივებში დაცული მასალა გახდა
ხელმისაწვდომი, საზოგადოებამ შეიტყო მისი უმნიშვნელოვანესი წვლილის შესახებ – მეორე
მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა მიერ საჰაერო უპირატესობის მოპოვების საქმეში.
ალექსანდრე ქართველის ფუძემდებლური კონსტრუქტორული გადაწყვეტები პასუხობდა
ფრანკლინ დელანო რუზველტის, ჰარი ტრუმენის და ამერიკული ავიაციის პიონერის ჩარლზ
ლინდბერგის ეპოქის გამოწვევებს.

ალ. ქართველიშვილმა 1941 წელს ცოლად შეირთო თავისი მდივანი ჯეინ რობინსონი.
მათ შვილი არ ჰყოლიათ. პენსიაში ორჯერ გასული ქართველიშვილი ორჯერვე დააბრუნეს
კომპანიაში.

1974 წელს სხვა ბიუროებთან შეჯიბრებაში გაიმარჯვა მისმა A-10 (Thunderbolt-II)-მა


და კმაყოფილი დაბრუნდა ბიუროში, მეორე დღეს კი გარდაიცვალა. 1974 წელს ამერიკის
თითქმის ყველა მთავარმა გაზეთმა გამოაქვეყნა ნეკროლოგი. "ვაშინგტონ პოსტი" წერდა:
"ალექსანდრე ქართველი "Fairchild Republik Compani"-ის მთავარი ინჟინერი და სამხედრო
თვითმფრინავების P-47 "Thunderbolt" და F-105 "Thunderchif" კონსტრუქტორი, გარდაიცვალა
გულის შეტევით შაბათს, 20 აგვისტოს, ჰანტიგტონ ლონგ-აილენდში, 77 წლის ასაკში".
მეუღლემ მას შეუსრულა სურვილი: წესი აუგეს ლონგ-აილენდის ქალაქ საიოსეტის
მართლმადიდებლურ ეკლესიაში. დიდი ქართველი დაკრძალულია ლონგაილენდში,
ფარმინკ დეილში, სადაც მისი ქარხანა "Republic Aviation Corporation" იყო.
"გამანადგურებლების მეფის", ქართველიშვილის სახელი შეტანილია წიგნში "Who is Who".

სტრაფორდში იგორ სიკორსკის მემორიალურ აეროდრომს დღესაც ამშვენებს


ქართველიშვილის თვითმფრინავები, ნიუ-იორკში, მუზეუმად ქცეულ მდინარე ჰუძონის
მყუდრო ყურეში კი 50-60-იან წლებში თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს შორის დგანან
რეაქტიული ზებგერითი "Republic"-ი და F-84 "Thunderstrik"-ი, როგორც ამერიკული
გამანადგურებლების ქართველი მამის - ალექსანდრე ქართველის ძეგლები.

ქართველიშვილის მიერ 1972 წელს შექმნილი ბოლო ლეგენდარული მოდელი A-10


ახალი ავიამოდელების გამოფენაზე პირველ ადგილს იკავებს. ქართველიშვილის
გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე მისმა A-10 (Thunderbolt-II)-მა გააგრძელა. 1991 წელს მას
ერაყის ომშიც იყენებდნენ. თავისი საბრძოლო თვისებებით ეს თვითმფრინავი შეუცვლელი
აღმოჩნდა. A-10 წარმოებასა და აშშ-ის ავიაციისა და ნატოს შეიარაღებაში 2025 წლამდე
იქნება.

ალექსანდრე ქართველის 35 წლიანი ნაყოფიერი კარიერის შედეგად შტატების


სამხედრო ძალების არაერთი ლეგენდარული თვითმფრინავი შემორჩა. მისი ცნობილი
პროექტებია:

 Bernard 191GR
 Ferbois aircraft Seversky P-35
 Seversky SEV-3
 Republic P-47 Thunderbolt
 Republic XF-12
 Republic XF-91 Thunderceptor
 Republic F-84 Thunderjet
 Republic F-84F Thunderstreak
 Republic F-105 Thunderchief
 Rockwell X-30
 Republic XF-103
 Republic RC-3 Seabee
 Republic P-43 Lancer
 Republic XF-84H
 Republic AP-100
 Fairchild A-10 Thunderbolt II

***
საჰაერო მიმოსვლის ყოველკვირეული ფრანგული ჟურნალი სინანულს გამოთქვამდა,
რომ საფრანგეთმა ვერ შეინარჩუნა ასეთი გენიალური კონსტრუქტორი.
***
როგორც ამბობენ, სტალინი დაინტერესებული იყო მისი საქმიანობით, ეს
ბუნებრივიცაა, მაგრამ იყო თუ არა გადმობირების მცდელობა ეს არ არის ცნობილი. მსგავსი
ფაქტი რომ მომხდარიყო, ალექსანდრე ქართველიშვილი მსგავს რამეში რომ ყოფილიყო
შემჩნეული, მასში თუნდაც პატარა ეჭვი რომ შეჰპარვოდა ამერიკის მთავრობას, იგი
უბრალოდ ვეღარ მოახერხებდა ამერიკაში სრულიად გასაიდუმლოებულ პროექტებზე
მუშაობას. საერთოდ, ცივი ომის პერიოდში ორივე მხარე მალავდა ქართველიშვილისნაირ
გენიოსებს.
***
ამერიკაში მცხოვრები რეჟისორი, რამაზ ბლუაშვილი, რომელიც მხატვრულ-
დოკუმენტურ ფილმს იღებს, ამ დიდი ავიაკონსტრუქტორის შესახებ. რეჟისორიც სრულიად
შემთხვევით, ინტერნეტში წააწყდა ამ პიროვნების შესახებ მცირე ინფორმაციას და კვლევასაც
შეუდგა. რუსეთის თემასთან დაკავშირებით, რეჟისორს საკმაოდ საინტერესო ისტორიაც
შეემთხვა. 3 წლის წინ, დეტროიტის ავიაშოუზე გაიცნო პიროვნება, მეორე მსოფლიო ომის
ვეტერანი, რომელიც თავის დროზე ქართველიშვილის მიერ შექმნილი P 47-ით დაფრინავდა.
რეჟისორს უკითხავს, თუ რა იცოდა თვითმფრინავის შემქმნელის შესახებ. რაზეც მიიღო
პასუხი, რომ მისი ავტორი რუსი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი იყო.
ბლუაშვილი ძალიან შეწუხებულა და აუხსნია, რომ ქართველიშვილი რუსი კი არა,
ქართველი იყო. ფრენკს ბედნიერებისგან თვალები გაბრწყინებია და უთქვამს, რომ
სიცოცხლის რამდენიმე წელიწადი აჩუქა. ქართველიშვილი ერთადერთხელ ჰყოლია ნანახი
1962 წელს, მაგრამ ცხოვრებაში ამ თვითმფრინავზე მეტად არაფერი ჰყვარებია და
ერთადერთი ის აწუხებდა, რუსის შექმნილი რომ იყო.
***
მისი ცხოვრება გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ ცოცხალი იყო და ასევე,
გარდაცვალების შემდეგ 10 წლის განმავლობაში. ამერიკაში გრიფით საიდუმლოს მოხსნა
ხდება მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო ალექსანდრე ქართველის შესახებ ეს მოთხოვნა
არავის დაუყენებია. გასაიდუმლოებული იყო მისი ცხოვრება. მაგალითად: ქართველიშვილი
წერს ტექსისის შტატში ფერმერს: „ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ თქვენგან 2 ყუთ
გრეიფრუტს და წელს არ მივიღეთ. თუ შეიძლება გამოგვიგზავნეთ გრეიფრუტი და ჩვენ ჩეკს
გამოგიგზავნით“. - წარმოიდგენდით, რომ ამგვარ დოკუმენტს შეინახავდნენ „ნასას“ არქივში?
***
რამაზ ბლუაშვილი იგონებს: დავიწყე საფლავის ძიება. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ
დაკრძალული იყო ლონგ-აილენდზე. ამერიკის სასაფალაოები ცალკე ისტორიაა. ეს
განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც შეგიძლია ნებისმიერ სასაფლაოზე იმეილი გააგზავნო. მეც
დავიწყე წერილების დაგზავნა. ათეულობით წერილი გავაგზავნე და ერთხელაც მომივდა
პასუხი, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ალექსანდრე ქართველიშვილი. მივედი საფლავზე.
წარმოიდგინეთ, ვარ მარტო... ცოტა ხანში მომიახლოვდა ხანში შესული მამაკაცი. ის
დაინტერესდა ჩემი ვინაობით. ჩვენს შორის ხანმოკლე საუბარი შედგა. ბოლოს მეუბნება
სიტყვებს, რომელიც არასდროს დამავიწყდება: "30 წელია ამ სასაფლაოზე ვმუშაობ და შენ
პირველი ადამიანი ხარ, ვინც აქ მოვიდა. ნუ მიატოვებთ ამ საფლავს".
***
ერთი ამერიკელი სამხედრო წერდა: „ბატონ ქართველთან ვიყავი სტუმრად. მისაღებ
ოთახში მაგიდაზე წიგნი ედო. მითხრა, შენ რომ ჩემი ენა იცოდე, მიხვიდოდი. გადაშლიდი
ნებისმიერ გვერდზე და რომელი სტრიქონიდანაც მეტყოდი მე ზეპირად განვაგრძობდიო. ეს
წიგნი იყო "ვეფხისტყაოსანი". მან თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა პოემა. კაცმა,
რომელიც 1919 წელს წავიდა საქართველოდან და აღარასდროს დაბრუნებულა. ეს იყო
უდიდესი ქართველი, რომელიც მოიხსენიებოდა, როგორც რუსი ავიაკონსტრუქტორი.
პარადოქსია, გვარად ქართველი იწოდებოდა რუსად.
***
1960 წელს, როცა სუხიშვილების ანსამბლმა ამერიკის შეერთებული შტატებში
პირველად იმოგზაურა, ერთ კონცერტზე ორი რიგი მთლიანად ცარიელი იყო. იქ ამერიკის
სპეცსამსახურის წარმომადგენლების თანხლებით მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა. ეს
ალექსანდრე ქართველიშვილი იყო, პირველი განყოფილების შემდეგ, რომ არავის ენახა მისი
ემოციური მდგომარეობა, შეუმჩნევლად დატოვა დარბაზი.

You might also like