You are on page 1of 2

თეოდორე „მეფის მხატვარი“ XI-XII სს-თა მიჯნის შესანიშნავი მხატვარი, რომლის სახელსაც

უკავშირდება ზემო სვანეთის ოთხი ეკლესიის მოხატულობა. ეს ეკლესიებია იფრარის,


კვირიკესი და ივლიტესი, ნაკიფარის და წვირმის. ამ ოთხ ძეგლთაგან თეოდორეს მიერ
ხელმოწერილია იფრარის და ნაკიფარის, დანარჩენი ორი მოხატულობა მკვლევართა მიერაა
თევდორესთვის ან მისი მოწაფეებისათვის მიკუთნებული ნაწარმოებთა მხატრული
თავისებურების მიხედვით. ყველაზე ადრინდელია იფრარის მთავარანგელოზთა ეკლესიის
მხატვრობა; აქ, კანკელის ფრესკულ წარწერებშია, ნათქვამი: <მოიხატა და შეიმკო წმინდაი ესე
ეკლესიაი იფრარის ხევთისათა... დასაბამითგანა წელთა ხფ, ქრონიკონისა ტივ, ხელითა
თევდორე მეფის მხატვრისაითა>. თარიღი 1096 წელია. ამას მოსდევს კვირიკესა და ივლიტეს
ეკლესია მოხატული, თანახმად დასავლეთის კედლის წარწერისა, 1112 წელს; შემდეგი
ძეგლია ნაკიფარის მხატვრობა 1130 წლისა, სადაც კვლავ იხსენიება თევდორე, დასასრულ,
წვირმის მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობა. სწორედ ამ უკანასკნელის შესახებაა
გამოთქმული მოსაზრება - თევდორეს მოწაფეთა შესრულებული უნდა იყოს, შესაძლებელია,
მისი მონაწილეობითაც.
წოდება <მეფის მხატვარი> იმის მაჩვენებელია, რომ თევდორეს უეჭველად უმუშავნია
მეფისათვის, შეუსრულებია მნიშვნელოვანი შეკვეთები. მაშასადამე, იგი დავით
აღმაშენებლის (და შესაძლებელია, დიმიტრი I-ის) მხატვარი ყოფილა. მაგრამ წარმოშობით
იგი მაინც სვანეთთანაა დაკავშირებული: ამას მოწმობს მის მიერ შესრულებულ
მოხატულობათა თავისებურება, რომელიც ტიპიურია სწორედ სვანეთის ფრესკებისათვის.
ტიპიურია გამოსახულებათა შერჩევა საკურთხევლის კონქში ღვთისმშობელი კი არ არის,
როგორც საერთოდაა მიღებული, არამედ ე.წ ვედრება (შემუშავებული გამოსახულება,
მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი). აუცილებლად ეთმობა ადგილი მხედარ წმინდანებს -
გიორგის და თეოდორეს, რომელნიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ
სვანეთში: ეს მძლავრი მეომრები, მათი მკაცრი, ძლიერი სახეები, რომლებიც ძალიან ხშირია
სვანურ ეკლესიებში, თევდორეს მხატვრობის განუყოფელი შემადგენელი ელემენტებია.
თეოდორე ადგილს უთმობს სვანეთში პოპულარულ წმინდა დედათ - ბარბალესა და
ეკატერინეს, აგრეთვე დედა-შვილს კვირიკესა და ივლიტეს, მით უფრო, მათდამი მიძღვნილ
ეკლესიაში - აქ მათი ცხოვრების მთელი ციკლია წარმოდგენილი. ნაკიფარში, რომელიც
წმინდა გიორგისადმია მიძღვნილი თეოდორე განსაკუთრებულ ადგილს უთმობს მისი
ცხოვრების სცენებს; ასევეა წვირმიშიც. ამგვარად, საღმრთო წერილის ტრადიციული
სცენებთან ერთად, თეოდორეს ფრესკებში დიდი ადგილი უჭირავს ცალკეულ წმინდანთა
ცხოვრებასაც. თეოდორე ნამდვილი მონუმენტალისტი იყო: ჩვეულებრივ, იგი სცენებისა და
ფიგურების მცირე რაოდენობით კმაყოფილდება, რომ მათი ზომა არ შემცირებულიყო, რომ
მათ მონუმენტური ხასიათი ჰქონდათ. ამ მხრივ იგი თავისი დროის ნამდვილი
წარმომადგენელია. ამავე დროს, აშკარაა, რომ დროის მოთხოვნილებათა და ხელოვნების
საერთო განვითარებასთან ერთად, თეოდორემაც გარკვეული ევოლუცია განვლო.
ადრინდელი მოხატულობა - იფრარისა - უფრო მკაცრად მონუმენტურია, უფრო გვიანდელ
ფრესკებში (კვირიკე და ივლიტე, ნაკიფარი) მეტია დინამიზმი, დეკორაციულობა, ნახატი
უფრო თავისუფალი და ცოცხალია. თეოდორე თავისი დროის შესანიშნავი, მოწინავე,
მხატვარი იყო, ამას მის მიერ შესრულებული სცენები გამოხატავენ: წმ.თევდორე, მისი
გაჭენებული ცხენისა და აფრიალებული მოსასხამის რიტმი, მისი მეტყველი შენაგანი
დაძაბულობით აღბეჭდილი, სახე; ან წმ. ივლიტე მისი თავისკვეთის სცენაში - დაჩოქილი,
წინ წამოხრილი, მჭმუნვარე და მაინც ძლიერი უდრეკი გამომეტყველებით; ან ნაკიფარის
საკურთხევლის ტახტზე მჯდომი ქრისტე; ან ნაკიფარისავე დიოკლიტიანე, მეფე, რომლის
უსიამოვნო სახეში მხატვარმა თითქოს მისდამი თავისი დამოკიდებულებაც კი გამოამჟღავნა.
თევდორე შუა საუკუნეთა ერთადერთი ქართველი მხატვარია, რომლის „შემოქმედებითს
ბიოგრაფიას“ შეგვიძლია თვალი გავადევნოთ, რაკი ბედნიერმა შემთხვევამ მისი რამოდენიმე
ნამუშევარი შემოგვინახა .

You might also like