You are on page 1of 5

თერმოდინამიკა

3.15. შინაგანი ენერგია. სითბოს რაოდენობა. მუშაობა თერმოდინამიკაში


თერმოდინამიკა არის მეცნიერება სითბური მოვლენების შესახებ. მოლეკულურ-
კინეტიკური თეორიის საპირისპიროდ, რომელიც დასკვნებს აკეთებს ნივთიერების
მოლეკულური აგებულების შესახებ წარმოდგენების საფუძველზე, თერმოდინამიკა
იყენებს სითბური მოვლენების ყველაზე უფრო ზოგად კანონზომიერებებს და
მაკროსკოპული სისტემების თვისებებს. თერმოდინამიკა დასკვნებს აკეთებს
ექსპერიმენტალური ფაქტების ერთობლიობაზე დაყრდნობით და არ არის
დამოკიდებული ჩვენს ცოდნაზე ნივთიერების შინაგანი აგებულების შესახებ, თუმცა
ზოგჯერ თერმოდინამიკა იყენებს მოლეკულურ-კინეტიკურ მოდელებს თავისი
დასკვნების საილუსტრაციოდ.
თერმოდინამიკა განიხილავს სხეულთა იზოლირებულ სისტემებს, რომლებიც
იმყოფებიან თერმოდინამიკულ წონასწორობაში. ეს ნიშნავს, რომ ასეთ სისტემებში
შეწყდა ყველა დაკვირვებადი (ხილული) მაკროსკოპული პროცესი.
თერმოდინამიკულად წონასწორული სისტემის მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს
ტემპერატურის გათანაბრება მის ყველა ნაწილში.
თუ თერმოდინამიკული სისტემა განიცდის გარე ზემოქმედებას, მაშინ, შედეგად, ის
გადავა სხვა წონასწორულ მდგომარეობაში. ასეთ გადასვლას თერმოდინამიკული
პროცესი ეწოდება. თუ პროცესი მიმდინარეობს საკმარისად ნელა (ზღვარში −
უსასრულოდ ნელა), მაშინ სისტემა დროის ყოველ მომენტში აღმოჩნდება ახლოს
წონასწორულ მდგომარეობასთან. პროცესებს, რომლებიც შესდგებიან წონასწორული
პროცესების თანმიმდევრობისაგან, კვაზისტატისტიკური პროცესები ეწოდებათ.
თერმოდინამიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცნებას სხეულის შინაგანი
ენერგია წარმოადგენს. ყველა მაკროსკოპულ სხეულს აქვს მათ შიგნით არსებული
ენერგია. მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის თანახმად სხეულის შინაგანი ენერგია
შესდგება ყველა ატომისა და მოლეკულის კინეტიკური ენერგიებისა და მათი
ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების ჯამისგან. კერძოდ, იდეალური აირის
შინაგანი ენერგია უდრის აირის უწყვეტ და ქაოსურ სითბურ მოძრაობაში მყოფი
ყველა ნაწილაკის კინეტიკური ენერგიების ჯამს. აქედან გამომდინარეობს
მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით დადასტურებული ჯოულის კანონი:
იდეალური აირის შინაგანი ენერგია დამოკიდებულია მხოლოდ მის ტემპერატურაზე
და არაა დამოკიდებული მის მოცულობაზე.
მოლეკულურ-კინეტიკური თეორია ადგენს, რომ ერთატომიანი იდეალური აირის
(ჰელიუმი, ნეონი და სხვ.), რომლის მოლეკულები ასრულებენ მხოლოდ გადატანით
(არა ბრუნვით) მოძრაობას, შინაგანი ენერგია გამოისახება ფორმულით:
3 3
𝑈 = 𝑁𝑘𝑇 = 𝜈𝑅𝑇.
2 2
რადგან მოლეკულების ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია დამოკიდებულია
მათ შორის მანძილზე, ზოგად შემთხვევაში, სხეულის შინაგანი ენერგია 𝑈,
ტემპერატურის გარდა, დამოკიდებულია მოცულობაზეც 𝑉:
𝑈 = 𝑈(𝑇, 𝑉).
ამგვარად, სხეულის შინაგანი ენერგია 𝑈 ცალსახად განისაზღვრება სხეულის
მდგომარეობის მახასიათებელი მაკროსკოპული პარამეტრებით და არ არის
დამოკიდებული იმაზე, თუ რა გზით იქნა მიღებული მოცემული მდგომარეობა.
ვამბობთ, რომ შინაგანი ენერგია არის მდგომარეობის ფუნქცია.
თუ სხეულზე მოქმედი გარე ძალები ასრულებენ მუშაობას (დადებითს ან
უარყოფითს), მისი შინაგანი ენერგია შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, თუ
ცილინდრში მოთავსებული აირი იკუმშება დგუშის მოქმედებით, აირზე მოქმედი
გარე ძალები ასრულებენ გარკვეულ დადებით მუშაობას 𝐴′ . ამავე დროს წნევის ძალა,
რომლითაც აირი მოქმედებს დგუშზე, ასრულებს მუშაობას 𝐴 = 𝐴′ . თუ აირის
მოცულობა შეიცვალა მცირე ∆𝑉 სიდიდით, მაშინ აირმა შეასრულა მუშაობა 𝑝𝑆∆𝑥 =
𝑝∆𝑉, სადაც 𝑝 აირის წნევაა (რომელიც, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არ იცვლება
მოცულობის მცირე ცვლილებისას), 𝑆 − დგუშის ფართობი, ∆𝑥 − დგუშის
გადაადგილება (ნახ. 3.15.1). გაფართოებისას არი ასრულებს დადებით მუშაობას,
შეკუმშვისას − უარყოფითს. ზოგად შემთხვევაში, გარკვეული საწყისი
მდგომარეობიდან (1) საბოლოო მდგომარეობაში (2) გადასვლისას აირის მუშაობა
გამოისახება ფორმულით:
𝐴 = 𝑝1 ∆𝑉1 + 𝑝2 ∆𝑉2 + ⋯ 𝑝𝑛 ∆𝑉𝑛 = ∑ 𝑝𝑖 ∆𝑉𝑖 ,
𝑉
ან ზღვარში, როცა ∆𝑉𝑖 → 0: 𝐴 = ∫𝑉 2 𝑝𝑑𝑉 .
1

ნახაზი 3.15.1.
აირის მუშაობა გაფართოებისას
მუშაობა რიცხობრივად უდრის (𝑝, 𝑉) დიაგრამაზე პროცესის აღმწერი გრაფიკის ქვეშ
მოქცეული ფიგურის ფართობს. მუშაობის სიდიდე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა
გზით განხორციელდა გადასვლა საწყისი (1) მდგომარეობიდან საბოლოო (2)
მდგომარეობაში. ნახ.-ზე 3.15.2 გამოსახულია სამი სხვადასხვა პროცესი, რომლებსაც
აირი გადაჰყავთ (1) მდგომარეობიდან (2) მდგომარეობაში. სამივე შემთხვევაში აირი
ასრულებს სხვადასხვა მუშაობას.

ნახაზი 3.15.2.
(1) მდგომარეობიდან (2) მდგომარეობაში გადასვლის სამი სხვადასხვა გზა.
სამივე შემთხვევაში აირი ასრულებს სხვადასხვა მუშაობას, რომელიც ტოლია
გრაფიკით შემოსაზღვრული ფართობისა

ნახ.-ზე 3.15.2 გამოსახული პროცესები შეიძლება წარიმართოს შებრუნებული


მიმართულებითაც; ამ შემთხვეაში მუშაობა 𝐴 შეიცვლის ნიშანს საპირისპიროთი.
ისეთი სახის პროცესებს, რომელთა განხორციელება შესაძლებელია ორივე
მიმართულებით, შექცევადი პროცესები ეწოდებათ (იხ. §3.18).
აირებისგან განსხვავებით, სითხეები და მყარი სხეულები მცირედით იცვლიან
მოცულობას, ასე რომ, ბევრ შემთხვევაში გაფართოებისას ან შეკუმშვისას
შესრულებული მუშაობა შეიძლება უგულვებელვყოთ. თუმცა, სითხეების და მყარი
სხეულების შინაგანი ენერგია აგრეთვე შეიძლება შეიცვალოს მუშაობის შესრულების
შედეგად. დეტალების მექანიკური დამუშავებისას (მაგალითად, ბურღვისას) ისინი
ცხელდებიან. ეს ნიშნავს, რომ იცვლება მათი შინაგანი ენერგია. მეორე მაგალითია
ჯოულისi (1843 წ.) ცდა სითბოს მექანიკური ექვივალენტის დასადგენად (ნახ. 3.15.3).
სითხეში ჩაძირული ბზრიალას ბრუნვისას გარე ძალები ასრულებენ დადებით
მუშაობას (𝐴′ > 0); ამ დროს სითხე შინაგანი ხახუნის ძალების არსებობის გამო
ცხელდება, ანუ იზრდება მისი შინაგანი ენერგია. ამ ორ მაგალითში პროცესები არ
მიმდინარეობენ შებრუნებული მიმართულებით. ასეთ პროცესებს შეუქცევადი
პროცესები ეწოდება.
ნახაზი 3.15.3.
სითბოს მექანიკური ექვივალენტის განმსაზღვრელი ჯოულის ცდის
გამარტივებული სქემა
სხეულის შინაგანი ენერგია შეიძლება შეიცვალოს არა მარტო მუშაობის შესრულებით,
არამედ სითბოცვლითაც. სხეულების სითბური კონტაქტისას ერთ-ერთი მათგანის
შინაგანი ენერგია შეიძლება გაიზარდოს, ხოლო მეორესი − შემცირდეს. ასეთ
შემთხვევაში ამბობენ, რომ არსებობს სითბური ნაკადი ერთი სხეულიდან მეორისკენ.
სხეულის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა 𝑄 ეწოდება სითბოცვლის შედეგად
სხეულის შინაგანი ენერგიის ცვლილებას.
სითბოს სახით ენერგიის გადაცემა ერთი სხეულისგან მეორეზე შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ მათ ტემპერატურებს შორის სხვაობის არსებობისას.
სითბური ნაკადი ყოველთვის მიმართულია ცხელი სხეულიდან ცივი სხეულისკენ.
სითბოს რაოდენობა 𝑄 ენერგეტიკული სიდიდეა. SI სისტემაში სითბოს რაოდენობა
იზომება მექანიკური მუშაობის ერთეულებში − ჯოულებში (ჯ).

ჯეიმს პრესკოტ ჯოული (Joule) (24.XII.1818–11.X.1889).


i

ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1850). შეიტანა მნიშვნელოვანი


წვლილი ელექტრომაგნეტიზმის და სითბური მოვლენების შესწავლაში, დაბალი ტემპერატურების
ფიზიკის შექმნაში, ენერგიის შენახვის კანონის დასაბუთებაში. ჯოულმა დაადგინა (1841 წელს;
გამოაქვეყნა 1843 წელს), რომ სითბოს რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა ლითონის გამტარში, როცა
მასში გადის დენი, პროპორციულია გამტარის ელექტრული წინაღობისა და დენის ძალის კვადრატისა.
1843-50 წლებში ჯოულმა ექსპერიმენტალურად აჩვენა, რომ სითბოს მიღება შესაძლებელია
მექანიკური მუშაობით, და განსაზღვრა სითბოს მექანიკური ექვივალენტი, რითაც მოგვცა ენერგიის
მუდმივობის კანონის ერთ-ერთი ექსპერიმენტალური დასაბუთება. 1851 წელს სითბოს, როგორც
ნაწილაკების მოძრაობის განხილვისას, თეორიულად განსაზღვრა ზოგიერთი აირის სითბოტევადობა.
უ. ტომსონთან ერთად ცდის საშუალებით დაადგინა, რომ აირის ნელი სტაციონარული ადიაბატური
გადინებისას ფოროვან ტიხარში მისი ტემპერატურა იცვლება. აღმოაჩინა მაგნიტური გაჯერების
მოვლენა ფერომაგნეტიკების დამაგნიტებისას.

You might also like