You are on page 1of 6

რატომ იტყუებიან ადამიანები?

ტყუილი ოდითგანვე წარმოადგენს


ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილს.
მის გამო დაშავებულა არაერთი ადამიანი და
სახელმწიფო, დაკარგულა აღუწერელი
რაოდენობის ფული, ქრისტიანული მრწამსის
ადამიანისთვის კი თვალთმაქცობა ცოდვას
წარმოადგენს. ჩნდება კითხვა: რა მიზეზით
იტყუებიან ადამიანები?! ეს საკითხი
წარდგენილია მრავალ ლიტერატურულ
ნაწარმოებში. ერთ-ერთი ასეთია გოდერძი
ჩოხელის ნაწარმოები „პაპა ჩაღმას
სიზმარი“, სადაც მთავარი პერსონაჟი, პაპა
ჩაღმა, და მისი ცოლი სალომე სოფელში
მარტო ცხოვრობდნენ. მათი შვილები
მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდნენ მათ
სანახავად. დანარჩენ დროს არ
ანერვიულებდათ, არც კი ეკითხებოდნენ,
რამე სჭირდებოდათ თუ არა. მხოლოდ
ხანდახან კითხულობდნენ, გარდაიცვალა თუ
არა პაპა ჩაღმა, რაც, ჩანს, რომ არა
მზრუნველობის ნიშანია, არამედ მისი
მისვენების მოლოდინისგან მოთმინების
ფიალის ავსებისა. ამის გამო, პაპა ჩაღმას
ერთი იდეა მოაფიქრდა. „გაგიჟდი შე
უბედურო, აბა დაფიქრდი, შენ გარდა ვის
გაუთხრია თავის სიცოცხლეში საკუთარი
საფლავი.“ - ზუსტად ეს იყო სალომეს
რეაქცია ამ იდეის გაგების შემდეგ, პაპა
ჩაღმამ კი მოიტყუა. თქვა, რომ ანგელოზთ
ღამეს გარდაიცვლებოდა და რომ ეს
სიზმარში გაიგო. ამ საქციელის მიზეზი
საკმაოდ მარტივად მისახვედრი იყო. მას
უნდოდა ყურადღების მიქცევა, სულ ოდნავ
მაინც რომ ანერვიულებულიყვნენ შვილები
და სანახავად ჩამოსულიყვნენ. ის ხვდებოდა,
რომ მას დამმარხავიც კი არ გააჩნდა. გეგმამ
ვერ გაამართლა და ისევ მხოლოდ
წერილები მოსდიოდა. ფოსტალიონი
ერთად ერთი ადამიანი იყო, ვინც მათთან
მოდიოდა და ჩაღმა ტყუილს ამიტომ არ
ანებებდა თავს. ფოსტალიონიც მხოლოდ
იმას თხოულობდა, რომ ჩაღმას სიკვდილი
არ გამოეპარებინათ მისთვის და ავადმყოფი
ჩაღმას ხელებშიც კი მიიცვალა. ჩაღმას
ტყუილმა სხვა ადამიანი იმსხვერპლა. მას
სალაპარაკოდ მხოლოდღა თავისნაირად
მარტოსული და დაბერებული წიფელი
დარჩა, რომლის ხარჯზეც მან თავისი
ტყუილი, სიმბოლური პარალელის
გავლებით, დამაჯერებელი გახადა.
ნაწარმოების ბოლო კი პაპა ჩაღმა ამბობს:
„არ ვიცი... ვერ გამიგია, რატომ... რატომ
ვატყუებთ ერთმანეთს...“
პაპა ჩაღმას მიზეზი ტყუილისთვის
დღევანდელ სამყაროშიც სოციალური
მედიის შექმნასთან და განვითარებასთან
ერთად მეტად მასშტაბური გახდა. 2022
დასაწყისში ორმა ამერიკელმა დამ მოიტყუა
ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით და
ამით საკმაოდ დიდი თანხა ააგროვა.
ამასთან ერთად არსებობს ათასნაირი
შემთხვევა ტყუილის, რომელიც ყურადღების
მოსაქცევად იყო ნათქვამი. ამ ყურადღებას
კი ზოგი, როგორც ზემოთ ვთქვი, ფულის
საშოვნელად იყენებს, ზოგი კი უბრალოდ,
თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
როგორც წარსულში, ასევე დღესაც ტყუილი
რაიმე სიტუაციიდან დასაძრომად
გამოიყენება ჩემ, თქვენ და ბავშვების
მიერაც. რამდენჯერ მოგვიტყუებია
დაგვიანების დროს, რომ საცობში მოვყევით,
ან რამდენჯერ გვითქვამს, რომ რაღაც ჩვენს
მაგივრად ვიღაც სხვამ დააშავა. ეს
ყველაფერი იმ მომენტში პრობლემების
ასაცილებლად ითქმის და უმეტეს
შემთხვევაში ეს ამართლებს კიდეც, მაგრამ,
ვაი, და თუ გამოგვიჭირეს?! მთელი ნდობა
ჩვენს მიმართ დაკარგულია. პრობლემების,
უფრო კონკრეტულად კი საყვედურის,
აცილება ადამიანის ეგოისტური ბუნებიდან
გამომდინარეობს. ჩვენ არ გვინდა, რომ
ვინმემ ჩვენს თავზე წარმოდგენა
უარყოფითისკენ შეიცვალოს და ღირსება
შეგვილახოს, მაგრამ ზოგიერთი ტყუილი კი
მართლაც ღირსეულ საქმეს ეხმარება. მეორე
მსოფლიო ომის დროს ყოფილა არა ერთი
შემთხვევა, როდესაც სახლის ჩხრეკვის
დროს, ოფიცერს მოეტყუებინა და ეთქვა,
რომ იქ არც ერთი ებრაელი იყო, და ამით
მათ სიცოცხლეს უნარჩუნებდა. ასეთი
ტყუილი, ალბათ დამეთანხმებით, მართლაც
რომ სწორია. ხანდახან კი ტყუილი
უბრალოდ ვინმეს სიკეთისთვის ითქმება.
ექიმები იტყუებიან პაციენტის
მდგომარეობის შესახებ, რათა მათ არ
ინერვიულონ. ამას თვითონ ოჯახიც შვრება
ზოგჯერ, როგორც დედა ნიკო
ლორთქიფანიძის მინიატურაში
„სარეცელზე“, როდესაც ის შვილს
არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება
იმისდა მიუხედავად, რომ მან მშვენივრად
იცოდა, რომ ის გარდაიცვლებოდა. ეს კი
იმას გვიჩვენებს, რომ ჩვენთვის ძვირფასი
ადამიანები, რელიგიური თვალსაზრისით,
ცოდვის ჩადენაზეც არ ამბობენ უარს, ჩვენი
კარგად ყოფნისთვის.
ტყუილი - ადამიანის ცხოვრების
განუყოფელი ნაწილი. თემა, რომელიც
დღემდე აქტუალურია და რომელზედაც
ბევრი მსჯელობის შედეგად, უამრავი
დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ
ჭეშმარიტება, რომელიც ზოგიერთ
შემთხვევაში ძალიან მწარე და
არასასიამოვნო შეიძლება იყოს, ამ
შემთხვევაში ძალზედ მარტივია: არსებობს
მრავალნაირი მიზეზი, რატომაც ადამიანი
იტყუება. როგორც სიკეთისთვის, ასევე
ბოროტებისთვის მოხმარებული.

You might also like