You are on page 1of 7

კლასიკური სიღრმის ფსიქოლოგიის კიდევ ერთ სერიოზულ მიმართულებას ადლერის

ინდივიდუალური ფსიქოლოგია წარმოადგენს. ალფრედ ადლერი იზრდებოდა ვენაში,


საშუალო შეძლების ებრაელი ვაჭრის მრავალშვილიან ოჯახში. დაბადებიდან ძალზე სუსტი
და ავადმყოფური, ადლერი გამუდმებით ებრძოდა თავის ფიზიკურ არასრულყოფილებას.
ვენის უნივერსისტეტის დამთავრების შემდეგ იგი იწყებს საექიმო პრაქტიკას, რომელმაც
მალე მიიყვანა ნევროლოგიამდე და ფსიქიატრიამდე. ადლერი გაეცნო ფროიდის შრომებს,
დაუახლოვდა მას და შევიდა 1902 წელს დაარსებულ "ფსიქოანალიტიკურ წრეში". შემდგომში
მას ისეთი ფიგურები შეუერთდნენ, როგორიცაა იუნგი და ბლეილერი. მალე ადლერი
ფროიდის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე გახდა, რომელზეც ეს უკანასკნელი
განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა. 1907 წლიდან იწყება თეორიული უთანხმოება ადლერსა
და ფროიდს შორის, რაც ძირითადად ამ უკანასკნელის შეხედულების პანსექსუალური
ხასიათით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, 1910 წელს ადლერს ვენის
ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პრეზიდენტად ირჩევენ. 1911 წელს ფროიდი და
ადლერი საბოლოოდ წყვეტენ ურთიერთობას. ადლერი იწყებს ორიგინალური კონცეფციის
შექმნას და აყალიბებს ფსიქოანალიტიკოსთა ახალ ჯგუფს, რომელიც შემდგომაში
ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ასოციაციად გარდაიქმნება. პირველი მსოფლიო ომის
დროს ადლერი ხელმძღანელობდა სამხედრო ჰოსპიტალს. ომის შემდეგ იგი დაინტერესდა
ბავშვების აღზრდის პრობლემებით და ვენაში დააარსა ბავშვებისა და მშობლების
საკონსულტაციო ცენტრების ქსელი.

ადლერის პოპულარობა სულ უფრო იზრდება; ინდივიდუალური ფსიქოლოგია


საერთაშორისოდ აღიარებული ხდება, ტარდება კონგრესები, გამოდის ჟურნალები. 1935
წელს, ავსტრიის ნაცისტური მთავრობის მიერ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის აკრძალვის
შემდეგ ადლერი ოჯახით აშშ-ში გადადის საცხოვრებლად და ნიუ-იორკის სამედიცინო
კოლეჯში იკავებს პროფესორის თანამდებობას. იგი შოტლანდიაში გარდაიცვალა სალექციო
ტურნეს მსვლელობაში.

ადლერი თვლიდა, რომ პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის პირველადი და


ძირეულ სექსუალური მოტივაცია კი არ არის, არამედ არასრულყოფილების განცდა და მისი
კომპენსაციის მექანიზმები. ადამიანი დაბადებიდან უსუსური და არასრულყოფილი არსებაა.
იგი სრულიად უძლურია დამოუკიდებლად შეეგუოს გარემოს, ამიტომ მშობლების მუდმივი
მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. ეს გამოცდილება ბავშვში იწვევს არასრულყოფილების ღრმა
გრძნობას ოჯახის უფრო მოზრდილ და ძლიერ წევრებთან შედარებით. იყო ადამიანი, ნიშნავს
გქონდეს არასრულყოფილების განცდა. ზოგიერთ ადამიანში ეს განცდა ზომაზე მეტად
ძლიერდება და შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსის სახე მიიღოს.

ადლერი ამის სამ მიზეზს ასახელებს: ფიზიკური ნაკლი, მშობელთა გადაჭარბებული


მეურვეობა და მშობელთა უყურადღებობა. საერთოდ კი არასრულყოფილების განცდა
საყოველთაო, პირველადი და ნორმალური განცდაა. ეს არ არის პასიური მდგომარეობა; იგი
პიროვნების განვითარების სტიმულია, ვინაიდან მასში თავის დაძლევის ტენდენციას აჩენს.
ეს ამოსავალი ლტოლვა ვლინდება ისეთი კონკრეტული მოტივაციური ტენდენციების სახით,
როგორიცაა უპირატესობის მიღწევა ან, უკიდურეს ვარიანტში, ძალაუფლებისკენ სწრაფვა.
ადლერის თქმით, პიროვნების სოციალური სწრაფვების შესწავლა, არსებითად,
უპირატესობის, ძალაუფლებისა და სხვებზე მბრძანებლობის განდევნილი სურვილების
გაშიფვრას ნიშნავს. ადლერი, ფაქტობრივად, იმეორებს ფროიდის ცენტრალურ იდეას
არაცნობიერი ინსტინქტების თანდაყოლილობის შესახებ. ბიოლოგიური ინსტინქტური
ლტოლვების ნაცვლად, ადლერი არასრულყოფილების გრძნობიდან მომდინარე სოციალურ
მისწრაფებებზე ლაპარაკობს, რომელთაც პირველადი და თანდაყოლილი ხასიათი აქვს. ისინი
შეადგენენ პიროვნების მოტივაციურ ფუნდამენტს; მათზე აგებულია ე.წ. კონკრეტული
კომპენსაციის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება პირველადი
არასრულყოფილების დაძლევა. ადამიანის მთელი ცხოვრება, მისი "ცხოვრების სტილი",
"ფსიქიკური კონსტიტუცია", "მოძრაობის ხაზი" არის კომპენსატორული მექანიზმების
რეალიზაცია კონკრეტულ ფორმებში. კომპენსაციის მექანიზმებს, კერძოდ ცხოვრების სტილს,
ძირითადად, ადრეულ ბავშვობაში, 4-5 წლისთვის ეყრება საფუძველი. ცხოვრების სტილი,
ერთი მხრივ, გამოხატავს ადამიანის უნიკალურობას, განუმეორებლობას; იგი
ინდივიდუალურია. პირველადი, ამოსავალი მოტივაციის მსგავსების მიუხედავად, საბოლოო
ჯამში, ყველა თავისებურად წყვეტს არასრულყოფილების დაძლევის ამოცანას. ამიტომ
ეწოდება ამ თვალასაზრისს ინდივიდუალური ფსიქოლოგია. მეორე მხრივ, ფსიქიკური
კონსტიტუცია ინდივიდუალობის მუდმივობას და, მაშასადამე, პიროვნების (ხასიათის)
გარკვეულ ტიპს გულისხმობს.

ადლერი პიროვნების ოთხ ორიენტაციაზე ან ტიპზე ლაპარაკობს. ესენია:

მართველი ტიპი, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტური ორიენტაციით,


დომინირებისა და სხვებისადმი მტრული დამოკიდებულებით;

ამღებლური ტიპი, რომელიც ორიენტირებულია მითვისებასა და მოპოვებაზე სხვების


ინტერესების გაუთვალისწინებლად;

განრიდების ტიპი, რომლისთვისაც მთავარია წარუმატებლობისაგან თავის არიდება და არა


მიღწევისკენ სწრაფვა.

ცხოვრების ეს სამივე სტილი, პრინციპში, არაადაპტურად და არაჯანსაღად უნდა ჩაითვალოს.

ადაპტურს ადლერი მეოთხე, ე.წ. სოციალურ-სასარგებლო ტიპს უწოდებს. მასში მოცემულია


ძლიერი სოციალური ორიენტირებულობა, სხვებთან ურთიერთობისა და მათზე ზრუნვის
განწყობა. ასეთი პიროვნება სასიცოცხლო ამოცანებს თანამშრომლობისა და
კონსტრუქციულობის ვითარებაში წყვეტს.

ადლერის თანახმად, პიროვნების ამა თუ იმ სტრუქტურისა და ორიენტაციის ფორმირებაზე


მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის დაბადების რიგითობა, ანუ ის, თუ რიგით
მერამდენეა ბავშვი, რა ადგილი უკავია ოჯახში და, აქედან გამომდინარე, რა სოციალური
გამოცდილება აქვს მიღებული.
პირველი შვილი ყურადღების ცენტრშია მანამ, სანამ არ გაჩნდება მეორე ბავშვი, რაც ბოლოს
უღებს მის პრივილეგირებულ მდგომარეობას. ეს მძიმე განცდებს იწვევს, მათ შორის ისეთებს,
როგორიცაა დაურწმუნებლობა და უსაფრთხოების დაკარგვა, ეჭვიანობა და მტრული
დამოკიდებულება, წარსული მდგომარეობის დაბრუნების სურვილი. შედეგად, შეიძლება
ჩამოყალიბდეს ავტორიტარულობა, კონსერვატულობა, ძალაუფლებისკენ სწრაფვა,
ლიდერობისკენ მიდრეკილება. ისინი ხშირად გვევლინებიან მორალური ღირებულებებისა
და ოჯახური ტრადიციების დამცველებად, ახასიათებთ მოწესრიგებულობა, სერიოზულობა,
სიჯიუტე, პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის გრძნობა შეიძლება გაჭარბებულიც იყოს,
რის გამოც უფროსი შვილი ზოგჯერ ძლიერ მშფოთვარე პიროვნებად ყალიბდება. თუ
"ტახტის დაკარგვასთან" შეგუება ნორმალურად არ ჩაივლის, არსებობს დიდი ალბათობა, რომ
მივიღოთ პრობლემური ბავშვი, ხოლო მოზრდილობაში _ დამნაშავე, ნევროტიკი,
ალკოჰოლიკი, გარყვნილი პიროვნება. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, უფრო ხშირად
სწორედ პირველი ბავშვები აღწევენ ცხოვრებაში დიდ წარმატებებს.

მეორე შვილი მუდამ "მდევნელის" როლშია, მისი ცხოვრების სტილი განისაზღვრება


ამოცანით _ აჯობოს თავის უფროს ძმას ან დას. ამიტომ იგი ხშირად ხდება ამბიციური,
ეჭვიანი, მეტოქეობაზე და წარმატებაზე მიმართული, პატივმოყვარე ადამიანი. ბავშვობაში
განვითარების ტემპით იგი, უფრო ხშირად, აღემატება უფროსს. ადლერის აზრით, ყველაზე
კარგად ადაპტირებული სწორედ მეორე ბავშვია,

ყველაზე პრობლემური კი უმცროსი. ერთი მხრივ, მას მშობლებიც ანებივრებენ და და-ძმებიც,


მაგრამ, მათთან შედარებით უმცროს ბავშვს ნაკლები პრივილეგიები აქვს, რაც იწვევს
არასრულყოფილების გრძნობის გაძლიერებას და დამოუკიდებლობის განცდის შესუსტებას.

დედისერთას პრობლემა იმაშია, რომ იგი ოჯახის ცენტრია, ამიტომ, მუდმივი ყურადღებისა
და კონტროლის ქვეშ იმყოფება. განებივრებულობის შედეგად შეიძლება დამოუკიდებლობას
მოკლებული და ეგოცენტრული პიროვნება განვითარდეს.

ადლერი საგანგებოდ იხილავს კომპენსაციის ერთ გამორჩეულ ფორმას, რომელიც გარკვეული


ტიპის ცხოვრების სტილს ქმნის და მას ჰიპერკომპენსაციას ან ზეკომპენსაციას უწოდებს. ესაა
თავისებური, არასრულყოფილებაზე განსაკუთრებით ძლიერი რეაქციის ტიპი. ამ
შემთხვევაში პიროვნება საგანგებო ძალისხმევით, ნებისყოფის დიდი დაძაბვით, დაუღალავი
ვარჯიშით ცდილობს განივითაროს ის ფუნქციები და თვისებები, რომლებიც მას თავიდან
არასრულყოფილად აქვს მოცემული. უდიდესი შეუპოვრობისა და შემართების შედეგად იგი
უნიკალურ, უდიდეს შედეგებს სწორედ იმ სფეროში აღწევს, სადაც დეფექტი გააჩნდა.
ჰიპერკომპენსაციას ფსიქიკის სფეროში თავისი ანალოგები მოეპოვება ორგანულ პროცესებში.
აცრისას ორგანიზმი ავადდება, მაგრამ, ამარცხებს რა დაავადებას, იგი უფრო ჯანმრთელი და
ძლიერი ხდება, ვიდრე იყო. ეს პარადოქსული ორგანული პროცესი, რომელიც ავადმყოფობას
ზეჯამრთელობად, სისუსტეს ძლიერებად, მოწამვლას იმუნიტეტად აქცევს,
ჰიპერკომპენსაციის გამოვლინებაა. ეს იმით აიხსენება, რომ რაიმე დაზიანებისა თუ საფრთხის
წარმოქმნისას ორგანიზმი, როგორც მთლიანი სისტემა, თავს უყრის იმაზე მეტ სასიცოცხლო
ძალებსა თუ ორგანულ რესურსებს, ვიდრე ეს კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრისათვის
არის საჭირო; ამით იგი დაცულობის უფრო მაღალ გარანტიებს ქმნის. ფსიქიკური აპარატიც
აყალიბებს ერთგვარ "ფსიქიკურ ზედნაშენს" და განსაკუთრებულად ავითარებს ისეთ
ფსიქიკურ პროცესებს, როგორიცაა მეხსიერება, ინტუიცია, ყურადღება, მგრძნობელობა,
ინტერესი; ერთი სიტყვით, ქმნის ზესრულყოფილებას არასრულყოფილებიდან, გარდაქმნის
დეფექტს ნიჭად, ტალანტად. ადლერს მრავლად მოაქვს ამგვარი მაგალითები: ბავშვობაში
ენაბლუ დემოსთენე დიდი ორატორი გახდა, მანეს ასტიგმატიზმი ჭირდა,
სმენადაქვეითებული ბეთჰოვენი საბოლოოდ დაყრუვდა, მაგრამ გენიალურ მუსიკას წერდა.
ვილმა რუდოლფი, ბავშვობაში გადატანილი პოლიომიელიტის შედეგად პარალიზებული
ფეხებით, სირბილში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით ხშირად
მიუთითებდა ადლერი ნაპოლეონზე, რომლის მხედარმთავრულ გენიას ნაწილობრივ მისი
სიდაბლით, აგრეთვე, გარკვეული ფიზიკური დეფექტებით გამოწვეული
არასრულყოფილების გრძნობით და, შესაბამისად, ამ გრძნობის დასაძლევად წარმართული
ჰიპერკომპენსაციით ხსნიდა.

ცხოვრების სტილისა და კომპენსაციის მექანიზმების დახასიათებასთან დაკავშირებით,


ადლერს შემოაქვს სოციალური გრძნობის ცნება. ეს გრძნობა არ შეიძინება სოციალიზაციის
პროცესში, იგი, ფაქტობრივად, თანდაყოლილია ისევე, როგორც არასრულყოფილების
გრძნობა. ადამიანს არ შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს თავისი სასიცოცხლო
(კომპენსატორული) ამოცანები, იგი იმთავითვე სოციალურია. ნორმალური
განვითარებისთვის ინდივიდი აუცილებლად უნდა ჩაერთოს სოციალურ კონტექსტში,
დაიმკვიდროს თავისი ადგილი ჯგუფში, საზოგადოებაში. "თავის სისუსტეში ადამიანს
მხოლოდ საზოგადოებაზე დაყრდნობა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მას არ ძალუძს
იარსებოს მარტო; არსებობის უნარს იგი მხოლოდ საზოგადოების დახმარებით იძენს. ამიტომ,
ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ საზოგადოება იმ ფაქტორის სახით, რომელიც ინდივიდუუმის
სისუსტის კომპენსირებას ახდენს". უპირატესობისკენ, დომინირებისკენ, ძალაუფლებისკენ
სწრაფვა, როგორც ძირეული მოტივაციური ტენდენცია, თავისთავად გულისხმობს სხვას _
სოციუმს. ასევე ენა, გონება, ზნეობა, ესთეტიკური გრძნობა თავისი ფორმირებისა და
რეალიზაციისთვის მოითხოვს ბავშვის კავშირს ახლობელ ადამიანთან. სხვა ადამიანებთან
ურთიერთობა, მათი შემეცნება, ადამიანის საზოგადოებაში ცხოვრების აუცილებელ
წინაპირობას წარმოადგენს.

სოციალური გრძნობა ძირითადად სამ სფეროში ვლინდება:

პროფესიული საქმიანობა, სხვა ადამიანებთან სოციალური კონტაქტი და სიყვარული.


პიროვნება, რომლის სოციალური გრძნობა შესუსტებულია, ან რომელიც სოციალურ
ურთიერთობებში შეფერხებებს აწყდება, ვერ აღწევს სრულყოფილ რეალიზაციას ამ
სფეროებში, რაც ავტომატურად გამორიცხავს ნორმალურ კომპენსაციას. ამის პირდაპირი
შედეგია პიროვნების ავადმყოფური გამოვლინებები ან გადახრები, დევიანტური ქცევები და
ა.შ. "ყველა ადამიანის წარუმატებლობაში, ალკოჰოლიზმში, მორფინიზმში, კოკაინიზმში,
სქესობრივ დამახინჯებებში, არსებითად ყველა ნერვულ გამოვლინებაში ჩვენ, ფაქტობრივად,
შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სოციალური გრძნობის არასაკმარისი დონე".

ამრიგად, ნევროზი (ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის ძირითადი ობიექტი), ადლერის


მიხედვით, წარმოადგენს არასრულფასოვანი, წარუმატებელი კომპენსაციის შედეგს ან
გამოვლინებას. კულტურის თვალსაზრისით, "ნებისმიერი ნევროზი შეიძლება
განისაზღვროს, როგორც არასრულყოფილების გრძნობისაგან თავის დაღწევის არასწორი
მცდელობა უპირატესობის გრძნობის მოსაპოვებლად". კომპენსაციის "ნორმალური"
საშუალებების ძიების ნაცვლად, ადამიანი "მირბის ავადმყოფობაში", "იმუშავებს ნევროტულ
სიმპტომებს", რაც კომპენსაციის მიღწევის თავისებურ ხერხს წარმოადგენს. საკუთრივ
გზებისა და ხერხების რაგვარობა დამოკიდებულია კონკრეტულ სოციალურ პირობებზე და
ხასიათის ტიპზე. იმას, რასაც ერთი ტიპი ნევრასთენიული ჩივილებით აღწევს, სხვა
მოიპოვებს შიშის, ისტერიის, ნევროტული აკვიატებულობის ან, თუნდაც, სომატური
აშლილობების გზით. ნევროტიკი, გარკვეული აზრით, ახლობლების ტირანია; იგი
დომინირებს გარშემომყოფებზე, ყურადღების ცენტრშია, მასზე გამორჩეულად ზრუნავენ და
ა.შ. ერთი სიტყვით, ძალაუფლებისკენ ლტოლვა ამ შემთხვევაში ერთგვარ დაკმაყოფილებას
ნახულობს. ფსიქოთერაპიის ზოგადი ამოცანაა ხელი შეუწყოს პაციენტის ცხოვრების
სტილისა და საბოლოო მიზნების გადასხვაფერებას, რათა მათ საზოგადოებრივი
მნიშვნელობა შეიძინონ.

აქედან გამომდინარე, გამოიყოფა ფსიქოთერაპიის სამი ძირითადი ასპექტი: პაციენტის


სპეციფიკური ცხოვრების სტილის დადგენა, დახმარება თავის თავის გაგებაში და, რაც
მთავარია, მისი სოციალური ინტერესის ფორმირება-გაძლიერება. ამისათვის თერაპევტმა
უნდა დაამყაროს თანასწორუფლებიანი ურთიერთობა პაციენტთან მისი პრობლემების
თავისუფალი განხილვის, მისი სულიერი სამყაროს შთაგრძნობის გზით და არა თავისუფალი
ასოციაციების საშუალებით, როგორც ამას ფროიდი აკეთებდა. ადლერი თვლიდა, რომ
ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება იმოქმედონ დამოუკიდებლად. მაშასადამე, პაციენტმა
მაქსიმალური აქტივობა უნდა გამოავლინოს, რათა გაიგოს და შეცვალოს თავისი თავი. ეს
სრულ შესაბამისობაშია ადლერის იდეებთან მე-ს შემოქმედებითი ძალის შესახებ. იგი
თვლიდა, რომ ადამიანს, თავისი ცხოვრების უნიკალური სტილის შესაბამისად, შეუძლია
აქტიური და შემოქმედებითი მონაწილეობა მიიღოს საკუთარი პიროვნების ფორმირებაში და,
საერთოდ, საკუთარი ბედის განსაზღვრაში.

ადლერის თეორიის ინტერპრეტაცია და შეფასება არაერთგვაროვანია. ზოგჯერ ეჭვის ქვეშ


აყენებენ მისი კონცეფციის სიღრმის ფსიქოლოგიისადმი მიკუთვნებულობის მართებულობას.
სიღრმის ფსიქოლოგია არაცნობიერი ფსიქიკის შესახებ მოძღვრებაა. ამ მხრივ ადლერი
საგრძნობლად ჩამოუვარდება ფროიდსა და იუნგს, ვინაიდან თითქმის არ იძლევა
არაცნობიერის სტრუქტურის დახასიათებას. მისი კონცეფცია უფრო პიროვნების თეორიაა,
რასაც ხაზგასმით აღნიშნავდნენ უდიდესი პერსონოლოგები (უ. შტერნი, ჰ. მიურეი, გ.
ოლპორტი). თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიღრმის ფსიქოლოგიაში შემავალი
სისტემები, არცნობიერთან ერთად, ყოველთვის პიროვნების თეორიებიც იყვნენ. ადლერის
არაცნობიერი, ფაქტობრივად, არის პიროვნება _ მისი ცხოვრების სტილი. ადლერი
არაცნობიერ მიზანზე ლაპარაკობს; ის ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში და განსაზღვრავს
ცხოვრების სტილს, რომელიც ამ მიზნის ხორცშესხმას წარმოადგენს. არასრულყოფილების
გრძნობაც, უმეტეს წილად, არაცნობიერია, თუმცა, ზოგჯერ მისი გაცნობიერებაც ხდება.
მაშასადამე, საწყისი მოტივაციური ძალები ადლერთან მაინც არაცნობიერია, რაც სიღრმის
ფსიქოლოგიის და, სახელდობრ, ფსიქოანალიზის არსებითი ნიშანია. ინდივიდუალური
ფსიქოლოგიის ფსიქოანალიზთან კავშირზე ის გარემოებაც მიანიშნებს, რომ ძირითადი
პიროვნული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ორივე მათგანის მიხედვით, ადრეულ
ბავშვობაში ხდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ფროიდისა და იუნგის მსგავსად, ადლერიც
ვერ ხედავს თვისობრივ განსხვავებას ნორმალური და ავადმყოფური ფსიქიკის მოქმედების
ძირეულ მექანიზმებს შორის. ამ მომენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა
ნეოფროიდიზმში, ისევე როგორც სოციალური ფაქტორების გადამწყვეტ როლს პიროვნების
ფსიქიკის ფორმირებასა და ნევროტიზაციაში. აქ უთუოდ უნდა აღინიშნოს ადლერის
დამსახურება ფსიქოანალიზის ტრანსფორმაციაში მისი გასოციალურების მიმართულებით.
ადლერი პირველი დაუპირისპირდა ფროიდის ბიოლოგიზმს. უპირატესობისა და
ძალაუფლებისკენ სწრაფვა, სოციალური გრძნობა ადამიანის ძირეული ნიშნები და
ტენდენციებია. თუმცა, ლიბიდონალური ლტოლვების მსგავსად, ისინიც თანდაყოლილი
ინსტინქტური ბუნების არიან; სოციალური გარემო მხოლოდ ხელს უწყობს ან აფერხებს მათ
რეალიზაციას.

ადლერის თეორიული სისტემა ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს შორის საკმაოდ მაღალი


შეფასებით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, არც მას დაჰკლებია კრიტიკა. შეიძლება ითქვას,
რომ ფსიქოანალიზისა და ანალიზური ფსიქოლოგიის მიმართ აკადემიური ფსიქოლოგიის
მხრიდან გამოთქმული შენიშვნები მთლიანად ვრცელდება ინდივიდუალურ
ფსიქოლოგიაზე. აქ გამომუშავებული ცნებები და შეხედულებები არ გამოირჩევა სიცხადით
და კონკრეტულობით და, ამიტომ, ნალკებ ექვებდებარება შემოწმებას კონტროლირებადი
სისტემატური გამოკვლევებით. ადლერის კლინიკური დაკვირვებების გამეორება და
ვერიფიკაცია შეუძლებელია. ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ იგი არც ცდილობდა
შეემოწმებინა პაციენტების მიერ მოწოდებული ცნობების სარწმუნოობა; ფროიდისა და
იუნგის მსგავსად, ადლერი არ განმარტავდა, როგორ აანალიზებდა პირველად მონაცემებს და
რის საფუძველზე მიდიოდა ამა თუ იმ დასკვნამდე

ადლერის თეორიული სისტემა, მთლიანობაში, ძნელად ექვემდებარება მეცნიერულ


დადასტურებას, მაგრამ მისი ერთი ასპექტი, კერძოდ შეხედულება დაბადების რიგითობის
შესახებ, ინტენსიური შესწავლის საგანი გახდა. შედეგებმა, მიუხედავად მათი
არაერთმნიშვნელოვნებისა, დაადასტურა, რომ არსებობს გარკვეული კავშირი ინდივიდის
დაბადების რიგითობასა და მის პიროვნულ თავისებურებებს შორის, თუმცა ყოველთვის
ისეთი არა, როგორც ადლერი ვარაუდობდა.

You might also like