You are on page 1of 8

ეკოლოგიაში მოიაზრება მთელი რიგი ურთიერთდაკავშირებული სისტემებისა, რომლებიც

განსაზღვრავენ ბუნებრივ სამყაროს მოცემულ დროსა და სივრცეში. ანალოგიურად


შეგვიძლია განვმარტოთ სოციალური ეკოლოგია (Moen, P., ELder, G. H., Jr., & Luscher, K., 1995)
და მასში ის სხვადასხვა გარემო მოვიაზროთ, რომელშიც ადამიანის ქცევა ხორციელდება
(სურ. N1) სოციალური ეკოლოგია შედგება მრავალი განსხვავებული კონტექსტისგან,
რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევაზე და აყალიბებს მას. სოციალური ეკოლოგია
მოიცავს იმ უშუალო და ახლომდებარე კონტექსტებს, როგორიცაა კონკრეტული სოციალური
სიტუაცია, რომელშიც იმყოფება ინდივიდი დროის მოცემულ მომენტში. ბიჰევიორალურ და
სოციალური დასწავლის თეორიებში მომუშავე პიროვნების ფსიქოლოგებს ის უშუალო
სიტუაციური ფაქტორები აინტერესებთ, რომლებიც გავლენას ახდენენ და აყალიბებენ
ინდივიდის ქცევას მოცემულ დროსა და ადგილზე. სხვა სიტყვებით, მათ სოციალური
ეკოლოგიის მიკროკონტექსტი — ქცევაზე უშუალო გარემოს გავლენები — აინტერესებთ.

ქცევის ყველაზე შორეულ და მრავლის მომცველ კონტექსტებს მაკროკონტექსტებს უწოდებენ.


მათში შედის სოციალური კლასი, გენდერი, რასა, კულტურა და ის ისტორიული კონტექსტი,
რომელშიც ვცხოვრობთ. დროის ნებისმიერ მომენტში პიროვნების ცხოვრება კონტექსტების
იერარქიაშია ლოკალიზებული, უშუალო სოციალური სიტუაციის მიკროკონტექსტით
დაწყებული და კლასის, კულტურისა და ისტორიის მაკროკონტექსტით დამთავრებული.

მიკროკონტექსტი: სოციალური სიტუაცია

სიტუაციის კლასიფიკაციები

რუდოლფ მუსი (Moos, R. H., 1986) თავის ტაქსონომიაში ექვს ზოგად კატეგორიას გამოყოფს
და იმ სხვადასხვაგვარ მახასიათებელზე საუბრობს, რომელიც შეგვიძლია გავითვალისწინოთ
კონკრეტული სიტუაციის აღწერისას. მუსი ასახელებს შემდეგ ექვს კატეგორიას, ესენია:
ფიზიკური ეკოლოგიის განზომილებები, ქცევის ვითარებები/გარემო ანუ ეპიზოდები,
ორგანიზაციული სტრუქტურა, სიტუაციაში მყოფი პიროვნებების მახასიათებლები,
ორგანიზაციული კლიმატი და ფუნქციონალური და განმამტკიცებელი თვისებები. მუსის
კლასიფიკაცია მოკლედ არის შეჯამებული ცხრილში 1.

ბარბარა კრაჰე (Krahe, B., 1992) სიტუაციური მახასიათებლების განსხვავებულ განლაგებას


გვთავაზობს — იგი მათ იერარქიაში ათავსებს: ყველაზე ქვედა დონეზე მის იერარქიაში
განლაგებულია სიტუაციური სტიმულები — ცალკეული ობიექტები ან აქტები, რომლებიც
სიტუაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და თავიანთი დამოუკიდებელი მნიშვნელობა
გააჩნიათ. მაგალითად, სიტუაციაში „სემესტრის ბოლოს გამოცდის ჩაბარება“ სიტუაციური
სტიმულები იქნება მაგიდებისა და სკამების გარკვეული განლაგება, საგამოცდო ფურცლები
და კალმები, იმავე საგამოცდო ოთახში მყოფი ჯგუფელები და ა. შ. მეორე დონეზე შეგვიძლია
განვიხილოთ სიტუაციური მოვლენები ანუ ეპიზოდები. გამოცდის მაგალითში ეს შეიძლება
იყოს „გამოცდის დასაწყისის შესახებ შეტყობინების მოსვლა“ და „გამოცდის დასასრულისკენ
ღია კითხვებზე წერილობითი პასუხების გაცემა“. მესამე დონეზე მოვლენები
ინტეგრირდებიან და ერთ მთლიან სურათს ანუ ერთიან სიტუაციას ქმნიან. ეს ერთიანი
სიტუაცია არის უნიკალური ხდომილება დროის მოცემულ მომენტში და მოცემულ
ადგილზე. ეს გამოცდა შეიძლება პირველი გამოცდა იყოს, რომელსაც სტუდენტი
უნივერსიტეტში მისვლის შემდეგ აბარებს; ან გამოცდა, რომელიც ფსიქოლოგიის კურსის
ბოლოს უნდა ჩააბაროს. მეოთხე დონეზე სიტუაციები განზოგადებული ტერმინებით
განისაზღვრება, როგორიცაა, მაგალითად, „ზოგადად გამოცდა“. მიუხედავად იმისა, რომ
ყოველი გამოცდა თავისებურად უნიკალური და განუმეორებელია, მათ უმრავლესობას
გააჩნია საერთო მახასიათებლები, რომლებიც ამ მოვლენის „გამოცდაობას“ განსაზღვრავენ.
და ბოლოს, მეხუთე და ყველაზე მრავლისმომცველი დონეზე შეგვიძლია ცხოვრებისეულ
სიტუაციებზე ვისაუბროთ. კრაჰეს (1992) მიხედვით, ეს არის „სოციალური და ფიზიკური
ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც ზემოქმედებს პიროვნებაზე და რომელზეც, თავის
მხრივ, ზემოქმედებს ამ პიროვნების მოქმედებები განვითარების გარკვეულ ეტაპზე“ (გვ. 196).
უნივერსიტეტის გამოცდის ზემოთ განხილულ მაგალითში ასეთი ცხოვრებისეული
სიტუაცია შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც „ბაკალავრიატის პირველი კურსის
სტუდენტად ყოფნა“ და ეს განსაზღვრება მოიცავს ყველა იმ სპეციფიკურ და კონკრეტულ
ვითარებას, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპთან ასოცირდება (McAdams, D. P., 2006).

ფორგასი (1978) გამოყოფს ოთხ განზომილებას, რომელზეც ლაგდება 15 განსხვავებული


ინტერპერსონალური გარემო. ეს განზომილებებია: იმ შფოთვის ოდენობა, რომელსაც იწვევს
სიტუაცია; ის, თუ რამდენად გრძნობს პიროვნება თავს სიტუაციაში ჩართულად;
მთლიანობაში სიტუაციის სიკარგე ან სიცუდე და ის, თუ რამდენად გულისხმობს სიტუაცია
ამოცანების შესრულებას ან სოციოემოციურ ინტერაქციას.

სიტუაციური პროტოტიპი არის სიტუაციათა მოცემული კლასის თვისებათა აბსტრაქტული


ერთობლიობა/ნაკრები. ეს არის სამუშაო მოდელი პიროვნებისთვის, რომელიც ატყობინებს
მას, თუ რას უნდა ელოდოს კონკრეტული ტიპის სიტუაციებიდან და როგორ უნდა მოიქცეს,
როდესაც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება. სიტუაციური პროტოტიპი შეიძლება მოიცავდეს
ინფორმაციას სიტუაციის ფიზიკური გარემოს, მასში ჩართული ადამიანების ფიზიკური
მახასიათებლებისა და ამ ადამიანების მიერ განხორციელებული ტიპური ქცევების შესახებ.
მაკროკონტექსტი: სოციალური სტრუქტურა ????????

ბრონფენბრენერის ეკოლოგიური თეორია

ზოგადი ეკოლოგიური მოდელი ორ ძირითად მოსაზრებაზე აიგება (Bronfenbrenner, U. , 1994).


პირველის თანახმად, ცხოვრების განმავლობაში (და განსაკუთრებით ადრეულ ფაზებზე)
ადამიანის განვითარება ადამიანის აქტიურ, მზარდ ბიოფსიქოლოგიურ ორგანიზმსა და მის
უშუალო გარემოში არსებულ პიროვნებებს, საგნებსა და სიმბოლოებს შორის
პროგრესირებადად კომპლექსური რეციპროკული ურთიერთქმედების პროცესების
მეშვეობით ხორციელდება. ეს ურთიერთქმედება რომ ეფექტური იყოს, დროის ხანგრძლივ
პერიოდში რეგულარულად უნდა ხდებოდეს. უშუალო გარემოში მიმდინარე
ურთიერთქმედების ასეთ განგრძობილ ფორმებს ბრონფენბრენერი პროქსიმალურ პროცესებს
უწოდებს. პროქსიმალური ხანგრძლივი პროცესების კარგი მაგალითებია მშობელი-შვილი ან
ბავშვი-ბავშვი წყვილების აქტივობები, ჯგუფური ან განცალკევებული თამაში, კითხვა, ახალი
უნარების ათვისება, სწავლა, სპორტული აქტივობები და რთული ამოცანების შესრულება.

მეორე განმსაზღვრელ მოსაზრებაში ამ დინამიკური პროცესის სამი წყაროა აღწერილი და


ამტკიცებს, რომ განვითარებაზე მოქმედი პროქსიმალური პროცესების ფორმა, ძალა, შინაარსი
და მიმართულება სისტემატურად ვარირებს განვითარების პროცესში მყოფი პიროვნების
მახასიათებლების, ამ პროცესების მიმდინარეობის გარემოს (უშუალო და უფრო შორეულის)
თავისებურებებისა და განვითარების შედეგების ბუნების მიხედვით (Abdul-Adil, J., Tolan, P. H.,
& Guerra, N., 2009)

ეს ორი მოსაზრება თეორიულად ურთიერთდამოკიდებულია და ემპირიულ გადამოწმებას4


ექვემდებარება. კვლევის დიზაინი, რომელიც მათი ერთობლივი გადამოწმების საშუალებას
იძლევა, პროცესი-პიროვნებს-კონტექსტის მოდელის სახელით არის ცნობილი. 5

4 კვლევა (Bronfenbrenner, U. , 1994; Christensen, J., 2010) აჩვენებს, რომ პროქსიმალური


პროცესების გავლება გაცილებით ძლიერია, ვიდრე იმ გარემოს კონტექსტებისა, რომელშიც
ისინი ჩნდებიან.

გარემო, როგორც განვითარების კონტექსტი: გარემოს ხუთი სისტემა

ბრონფენბრენერი ეკოლოგიურ გარემოს ჩაშენებულ სტრუქტურებად მიიჩნევს, როდესაც


ერთი სტრუქტურა მეორეშია ჩაშენებული.

ბრონფენბრენერი ხუთ ასეთ გარემოს აღწერს (Santrock, J. W., 2006) ამრიგად, ეკოლოგიური
თეორია გარემოს ხუთი სხვადასხვა სისტემისგან შედგება, ახლო პიროვნებათშორისი
ურთიერთქმედებებიდან დაწყებული და კულტურის ფართომასშტაბიანი გავლენებით
დასრულებული. ეს ხუთი სისტემაა მიკროსისტემა, მეზოსისტემა, ეგზოსისტემა,
მაკროსისტემა და ქრონოსისტემა (სურ. N1). ის აღწერას ყველაზე შიდა შრიდან იწყებს და
ნელ-ნელა ამოდის ზედაპირზე.
მიკროსისტემა არის აქტივობების, სოციალური როლებისა და პიროვნებათშორისი
ურთერთობების პატერნი. ეს პატერნი განვითარებაში მყოფ პიროვნებას გამოცდილებაში
ეძლევა მოცემულ პირისპირ არსებულ, კონკრეტული ფიზიკური, სოციალური და
სიმბოლური მახასიათებლების მქონე, გარემოში, რომელიც უბიძგებს, უფლებას აძლევს ან
უკრძალავს მას სტაბილურ და პროგრესულად მზარდი სირთულის ურთიერთობებში
ჩართვას ან მოქმედების განხორციელებას უშუალო გარემოში (Abdul-Adil, J., Tolan, P. H., &
Guerra, N., 2009). მიკროსისტემა ის გარემოა, რომელშიც ინდივიდი თავისი დროის
მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს. ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ოჯახი, მეგობრები,
უნივერსიტეტი და უბანი. ასეთ მიკროსისტემებში ინდივიდი უშუალოდ ურთიერთქმედებს
მშობლებთან, მასწავლებლებთან, თანატოლებთან და სხვებთან. ბრონფენბრენერი თვლის,
რომ სტუდენტი გამოცდილების პასიური მიმღები კი არ არის, არამედ ის რეციპროკულად
ურთიერთქმედებს სხვებთან და ამით მიკროსისტემის კონსტრუირებაში მონაწილეობს

მეზოსისტემა იმ კავშირებსა და პროცესებს მოიცავს, რომელიც განვითარებადი პიროვნების


ორ ან მეტ გარემოს შორის არსებობს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა სახლსა და
სკოლას, სკოლასა და სამუშაო ადგილს შორის. სხვა სიტყვებით, მეზოსისტემა
მიკროსისტემების სისტემაა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მეზოსისტემას სკოლებსა და
ოჯახებს შორის კავშირი წარმოადგენს. ათასი მერვეკლასელის ერთ-ერთ კვლევაში (Epstein,
1983a, 1983b, წყაროში Santrock, J. W., 2006) მოსწავლეების დამოკიდებულებებსა და
მიღწევებზე ოჯახსა და სკოლაში მიღებული გამოცდილებების ერთობლივ გავლენას
შეისწავლიდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ის მოსწავლეები, ვისაც კომუნიკაციისა და
გადაწყვეტილების მიღების მეტი შესაძლებლობა ჰქონდა სახლსა თუ სკოლაში, მეტად
ინიციატივიანები იყვნენ და უკეთეს ნიშნებსაც იღებდნენ სკოლაში. ამასთან, ოჯახსა და
სკოლაში მიმდინარე პროცესების გავლენა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სოციოეკონომიკური
სტატუსის ან რასობრივი კუთვნილების

ეგზოსისტემა მოიცავს კავშირებს და პროცესებს, რომლებიც ორ ან მეტ გარემოს შორის


არსებობს. ამასთან, სულ მცირე, ერთი გარემო არ მოიცავს განვითარებად პიროვნებას, მაგრამ
მასში მიმდინარე მოვლენები არაპირდაპირ ზემოქმედებენ პიროვნების უშუალო
საცხოვრებელ გარემოში მიმდინარე პროცესებზე. მაგალითად, ბავშვისთვის ეგზოსისტემა
შეიძლება იყოს სახლსა და მშობლის სამსახურს შორის ურთიერთობა (Bronfenbrenner, U. ,
1994). ასევე, ეგზოსისტემის მაგალითია სკოლებისა და პარკების ზედამხედველობის
სამსახურების ურთიერთქმედება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სკოლების,
პარკების, სარეკრეაციო საშუალებებისა და ბიბლიოთეკების ხარისხის განსაზღვრაში და,
აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილებებით ხელს უწყობენ ან აფერხებენ ბავშვის
განვითარებას (Santrock, J. W., 2006). 1980-იან წლების დასაწყისიდან მოყოლებული, კვლევა
განსაკუთრებით სამ ეგზოსისტემაზე ფოკუსირდებოდა, რომლებიც გამორჩეულ
არაპირდაპირ გავლენას ახდენენ ბავშვისა და მოზარდის განვითარებაზე იმით, რომ
ზემოქმედებენ ოჯახზე, სკოლასა და თანატოლების ჯგუფზე. ეს არის მშობლების სამსახური,
ოჯახის სოციალური ქსელები და სამეზობლო-თემის კონტექსტები (Bronfenbrenner, U. , 1994).

მაკროსისტემა მოცემული კულტურის ან სუბკულტურის მიკრო, მეზო და ეგზოსისტემების


მახასიათებლების გამაერთიანებელ პატერნს წარმოადგენს, რომელიც ამ უფრო ფართო
სისტემაში რეალიზირებულ რწმენების სისტემებს, ცოდნას, მატერიალურ რესურსებს, ადათ-
წესებს, ცხოვრების სტილებს, შესაძლებლობის სტრუქტურებს, პოტენციურ რისკებსა და
ცხოვრების გზის ვარიანტებს ეფუძნება. მაკროსისტემა ერთგვარი სოციალური გეგმაა
კონკრეტული კულტურისთვის ან სუბკულტურისთვის (Bronfenbrenner, U. , 1994). ამრიგად,
მაკროსისტემა უფრო ფართო კულტურას მოიცავს. კულტურა ფართო ტერმინია და ბავშვის
განვითარებაში ეთნიკური კუთვნილების როლსა და სოციოეკონომიკურ ფაქტორებს
აერთიანებს. ეს ყველაზე მრავლისმომცველი კონტექსტია, საზოგადოების ღირებულებებისა
და წეს-ჩვეულებების ჩათვლით, რომელშიც, მაგალითად, მასწავლებლები და მოსწავლეები
ცხოვრობენ (Santrock, J. W., 2006). მაკროსისტემის დონეზე იმ გაცილებით სპეციფიკური
სოციალური და ფსიქოლოგიური მახასიათებლების იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც,
საბოლოო ჯამში, მიკროსისტემის კონკრეტულ პირობებსა და პროცეზებზე ზემოქმედებენ,
მაკროსისტემის ასეთი ფორმულირება ისეთი მარტივი იარლიყების მიღმა გასვლის
აუცილებლობაზე მიგვითითებს, როგორიცაა სოციალური კლასი და კულტურა
(Bronfenbrenner, U. , 1994). 6

კვლევები (Cole, 2006; Shweder & others, 2006, წყაროში Santrock, J. W., 2006) აჩვენებს, რომ
ზოგიერთ კულტურაში (როგორიცაა ისლამურ ქვეყნებში, მაგალითად, ეგვიპტეში ან ირანში),
მაგალითად, მეტად ტრადიციული გენდერული როლებია გამოკვეთილი, სხვა კულტურებში
(მაგალითად, აშშ-ში) კი შედარებით მრავალფეროვანი გენდერული როლებია მიღებული.
ისლამური ქვეყნების უმრავლესობაში განათლების სისტემები მამაკაცის დომინირებას
უწყობენ ხელს მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების სკოლებში უფრო და უფრო მეტად
მკვიდრდება ქალებისთვის და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემის
ღირებულება.

ქრონოსისტემები ბოლო სისტემის პარამეტრები გარემოს მესამე განზომილებამდე


აფართოვენე. ადამიანის განვითარების ტრადიციულ კვლევებში დროის მსვლელობა
ქრონოლოგიური ასაკის სინონიმად განიცილებოდა. თუმცა, 1970-იანი წლების დასაწყისიდან
უფრო და უფრო მეტი მკვლევარი იყენებდა კვლევის ისეთ დიზაინებს, რომელშიც დრო
უბრალოდ მზარდი ადამიანის თვისებას კი არ წარმოადგენდა, არამედ ირგვლივ არსებული
გარემოს მახასიათებელიც და არამარტო ცხოვრების გზასთან მიმართებაში, არამედ
ისტორიული დროის ჭრილშიც (Baltes, P. B., Lindenberger, U., & Staudinger, U. M., 2006).
ქრონოსისტემა მოიცავს არამარტო პიროვნების მახასიათებლების დროთა განმავლობაში
მიმდინარე ცვლილებებს ან კონსისტენტურობას, არამედ იმ გარემოს მახასიათებლების
ცვლილება-უცვლელობასაც, რომელშიც ეს პიროვნება ცხოვრობს (მაგალითად, ცხოვრების
წინსვლასთან ერთად იცვლება ოჯახის სტრუქტურა, სოციოეკონომიკური სტატუსი,
დასაქმებულობა, საცხოვრებელი ადგილი, ყოველდღიური ცხოვრების ტემპი).
ქრონოსისტემის დიზაინის კარგი მაგალითია ელდერის კლასიკური ნაშრომი „დიდი
დეპრესიის ბავშვები“ (1974/1999). კვლევა მოიცავდა ოჯახების ორი ჯგუფის შედარებას,
რომლებიც იმით განსხვავდებოდნენ (სხვა ყველა თანაბარ პირობაში) ერთმანეთისგან, რომ
1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შედეგად სრულიად დაკარგეს ან 35%-ით შეუმცირდათ
შემოსავალი თუ არა. განმეორებითი7 კვლევების მონაცემებმა შესაძლებელი გახადა ამ
პერიოდის განვითარებაზე გავლენის შეფასება ბავშვობაში, მოზარდობასა და
მოზრდილობაში. ასავე, იმ ფაქტმა, რომ ერთ შერჩევაში გაერთიანებული ბავშვები რვა წლით
ადრე იყვნენ დაბადებულნი, ვიდრე მეორე შერჩევაში მყოფნი, შესაძლებელი გახადა უმცროსი
ასაკის მონაწილეებზე, რომლებიც მოზარდები იყვნენ, როდესაც მათი ოჯახებს
ეკონომიკურად გაუჭირდათ, დეპრესიის გავლენის შედარება იმ გავლენასთან, რომელიც
დიდმა დეპრესიამ იმ პერიოდში პატარა ბავშვებზე მოახდინა (Bronfenbrenner, U. , 1994). ორი
ჯგუფის შედარებამ დრამატული განსხვავებები გამოავლინა. პარადოქსული იყო, რომ
კვლევის იმ მონაწილეების შემდგომ განვითარებაზე (განსაკუთრებით საშუალო ფენაზე),
რომლებიც დეპრესიის წლებში მოზარდები იყვნენ, ოჯახების ეკონომიკურმა სიდუხჭირემ,
დადებითად იმოქმედა. ისინი, არადეპრივირებულებთან ანუ მათთან შედარებით, ვის
ოჯახსაც დეპრესიის დროს არ შეცვლია სოციოეკონომიკური სტატუსი, მეტად
გამოთქვამდნენ კარიერული მიზნების მიღწევის სურვილს და უფრო მკაფიოდ ხედავდნენ
საკუთარ მიზნებს. შეჭირვებული ოჯახებიდან გამოსული ბიჭები და გოგონები მეტად
კმაყოფილნი იყვნენ ცხოვრებით როგორც საკუთარი, ისე საზოგადოებრივი სტანდარტების
მიხედვით. ინტერვიუების ანალიზმა და დაკვირვებებმა ელდერს იმის იდენტიფიცირების
საშუალება მისცა, რასაც ის განვითარების ამ ტრაექტორიის შესწავლაში კრიტიკულ ფაქტორს
უწოდებდა: ეკონომიკური დაცულობის დაკარგვამ აიძულა ოჯახი, რომ საკუთარი
ადამიანური რესურსების მობოლიზება მოეხდინა და ამ საქმეში ტინეიჯერებიც ჩაერთო,
რომლებსაც საკუთარ თავზე ახალი როლებისა და პასუხისმგებლობების აღება მოუხდათ
სახლში და გარეთ. ამ გამოცდილებამ კი ეფექტურად გაავარჯიშა მათი ინიციატივა,
პასუხისმგებლობა და თანამშრომლობის უნარი (

შეჯამება ბიჰევიორისტები და სოციალური დასწავლის თეორეტიკოსები განსაკუთრებულ


ყურადღებას უთმობენ იმის შესწავლას, თუ რამდენად არის თითოეული ჩვენგანი საკუთარი
გარემოს ანარეკლი — რამდენად არის ჩვენი ქცევა და, საერთოდ, მთელი ცხოვრება ჩართული
და განსაზღვრული ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროთი. როგორია ეს გარემო, რომელიც
ასეთებად გვაყალიბებს? გარემოს რომელი კონტექსტები ზემოქმედებენ ჩვენს ქცევაზე და
ასეთებად გვქმნიან? დღესდღეობით, როდესაც სოციალური მეცნიერების ფარგლებში
გარემოს გავლენებზე საუბრობენ, იყენებენ ტერმინს სოციალური ეკოლოგია, რომელშიც ის
სხვადასხვაგვარი გარემო მოიაზრება, რომელშიც ადამიანის ქცევა ხორციელდება. სოციალურ
ეკოლოგიას მრავალი განსხვავებული კონტექსტი ქმნის, რომელიც ზემოქმედებს ინდივიდის
ქცევაზე და აყალიბებს მას. ის მოიცავს როგორც უშუალო და ახლომდებარე კონტექსტებს,
როგორიცაა კონკრეტული სოციალური სიტუაცია, ისე — უფრო ფართო კონტექსტებსა და
სისტემებს. პირველს მიკროკონტექსტს უწოდებენ, რომელიც პიროვნების ფსიქოლოგების
ინტერესის საგანს შეადგენს, ხოლო მეორეს — მაკროკონტექსტს, რომელიც ისეთი
დაშორებული და ფართო კონტექსტებია, როგორიცაა, მაგალითად, სამეზობლო, უბანი,
სკოლა, სოციალური კლასი, გენდერი, რასა, კულტურა და, ბოლოს, ის ისტორიული
კონტექსტი, რომელშიც ვცხოვრობთ. სხვადასხვა ავტორი სოციალური სიტუაციების
განსხვავებულ კლასიფიკაციას გვთავაზობს. არსებობს მუსის, კრაჰესა და ფორგასის
კლასიფიკაციები. სოციალურ სიტუაციაზე საუბრისას აუცილებლობით დგება მასში
სუბიექტური-ობიექტურის გამიჯვნის პრობლემა. კენტორის თეორიის მიხედვით,
ადამიანები რეგულარულად ქმნიან დახვეწილ პერსონალურ ტაქსონომიებს, რომელსაც
სიტუაციურ პროტოტიპებს უწოდებენ. ეს არის სიტუაციათა მოცემული კლასის თვისებების
აბსტრაქტული ნაკრები, ერთგვარი სამუშაო მოდელი პიროვნებისთვის, რომელიც
ატყობინებს მას, თუ რას უნდა ელოდოს (ან არ ელოდოს) კონკრეტული ტიპის
სიტუაციებიდან და როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება.
პროტოტიპული სიტუაცია, შესაძლოა, მოიცავდეს ინფორმაციას სიტუაციის ფიზიკური
გარემოს, მასში მონაწილე ადამიანების ფიზიკური მახასიათებლებისა და მათ მიერ
განხორციელებული ტიპური ქცევების შესახებ. სოციალური სტრუქტურა მოიაზრებს
საზოგადოებაში არსებულ იმპირობებს, რომელიც ადამიანებს ძალაუფლებისა და
რესურსების მიხედვით განასხვავებს ერთმანეთისგან. ის ქმნის ადამიანის ქცევის
მაკროკონტექსტს, რომლის პიროვნებაზე გავლენის დასანახად პიროვნებისა და სოციალური
კლასის ურთიერთმიმართებაზე დაკვირვებაც საკმარისია. ბრონფენბრენერი ადამიანის
ქცევის ეკოლოგიური მოდელს გვთავაზობს, რომელიც ორ დაშვებაზე აიგება და ადამიანის
განვითარების გარემოს ხუთ სისტემას აღწერს. ეს დაშვებებია: (1) ცხოვრების განმავლობაში
(და განსაკუთრებით ადრეულ ფაზებზე) ადამიანის განვითარება ადამიანის აქტიურ, მზარდ
ბიოფსიქოლოგიურ ორგანიზმსა და მის უშუალო გარემოში არსებულ პიროვნებებს, საგნებსა
და სიმბოლოებს შორის პროგრესირებადად კომპლექსური რეციპროკული
ურთიერთქმედების პროცესების მეშვეობით ხორციელდება; (2) განვითარებაზე მოქმედი
პროქსიმალური პროცესების ფორმა, ძალა, შინაარსი და მიმართულება სისტემატურად
ვარირებს განვითარების პროცესში მყოფი პიროვნების მახასიათებლების, ამ პროცესების
მიმდინარეობის გარემოს (უშუალო და უფრო შორეულის) თავისებურებებისა და
განვითარების შედეგების ბუნების მიხედვით. ბრონფერბრენერი აღწერს მიკროსისტემას,
მეზოსისტემას, ეგზოსისტემას, მაკროსისტემასა და ქრონოსისტემას, როგორც ადამიანის
განვითარების უშუალო და მეტ-ნაკლებად დაშორებულ კონტექსტებს, რომლებიც პირდაპირ
თუ არაპირდაპირ ზემოქმედებენ მასზე

You might also like