You are on page 1of 9

ჯორჯ გორდონ ბაირონი

(ცხოვრება და შემოქმედება)

[22 იანვარი 1788 წ. (დუვრი, კენტი) _ 19 აპრილი 1824 წ. (მისოლუნგი, საბერძნეთი)]

ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (1789 წლიდან მეექვსე ლორდი ბაირონი) ინგლისელი
რომანტიკოსი პოეტი გახლდათ, რომელმაც მთელი ევროპის წარმოსახვა დაიპყრო. შელისა და
ქითსთან ერთად, იგი უმცროს რომანტიკოსთა პლეადას წარმოადგენს. მისი ალტერ–ეგო
ჩაილდ ჰაროლდი უამრავი ბაირონული გმირის პროტოტიპად იქცა მსოფლიო
ლიტერატურაში. ბაირონიზმის მოდა მწერლის სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა,
მიუხედავად იმისა, რომ თავად პოეტის შემოქმედებაში ცხოვრების ბოლოს რეალისტურმა
ტენდენციებმა იჩინა თავი. საბერძნეთის გამათავისუფლებელ ბრძოლაში აქტიური
ჩართულობის გამო, იგი ამ ქვეყნის ეროვნულ გმირადაცაა აღიარებული.
ბაირონთა საგვარეულო სათავეს ნორმანდიიდან იღებს. მათი წინაპრები თან ახლდნენ
უილიამ დამპყრობელს ჰასტინგსის ბრძოლაში. პირველადი გვარი ბურუნი (ხშირად
გვხვდება შუასაუკუნეობრივ საგმირო ქრონიკებში) მეფე ჰენრი II_ის დროს ბაირონად
გადაკეთდა. საგვარეულოს აღზევება ჰენრი VIII_ის მმართველობის ხანიდან იწყება, როცა
ერთგულებისთვის მეფემ ნოტინგემის საგრაფოში მდებარე ნიუსტედის სააბატო უბოძა
პოეტის წინაპარს, სერ ჯონს. ამ უკანასკნელს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც სერ ჯონ
მცირე დიდწვეროსანი (Sir John the Little with Great Beard). ელისაბედის ხანაში ბაირონთა
ოფიციალური საგვარეულო ხაზი შეწყდა და ეს გვარი ერთ–ერთ უკანონოდ შობილ ძეს
გადაეცა. ინგლისის რევოლუციის პერიოდში ბაირონებმა მეფისადმი ერთგულება
შეინარჩუნეს და მადლიერმა ჩარლზ I_მა მათ პერის ტიტული უბოძა.
პოეტის ბაბუა საძღვაო ფლოტში მსახურობდა და ადმირალის წოდებამდე მიაღწია. მას
„ჯეკ უამინდობას“ ეძახდნენ, რადგან საკმარისი იყო ზღვაში გასულიყო, რომ ქარიშხალი
იწყებოდა. ახლაგაზრდობაში მან დაწერა მოთხრობა იმ კატასტროფის შესახებ, რომელიც
მისმა გემმა განიცადა. ეს ნაწარმოები დაიბეჭდა სახელწოდებით „უეჯერის დაღუპვა“ და
საკმაო წარმატება ხვდა წილად. ადმირალს ორი ვაჟი ჰყავდა. უფროსი, ჯონი, სამხედრო
ოფიცერი იყო; უმცროსი, ჯორჯ ანსონი, მეზღვაური. პოეტის მამა კაპიტანი ჯონი მოქეიფე და
მფლანგველი გახლდათ. ველური ხასიათის, აგრესიულობისა და ურიცხვი ვალების გამო მას
„შეშლილი ჯეკი“ შეარქვეს.1778 წელს იგი ბარონესა კონეინერზე დაქორწინდა. ქალი 1784
წელს გარდაიცვალა და ჯონს დაუტოვა ასული ავგუსტა, რომელიც მოგვიანებით დედის
ნათესავებთან იზრდებოდა. დაქვრივების შემდეგ კაპიტაინი ბაირონი მალე დაქორწინდა
ქეთრინ გორდონზე, მდიდარ მემკვიდრეზე, რომლის ძარღვებშიც შოტლანდიელ მეფეთა
სისხლი ჩქეფდა (ანაბელა სტიუარტის ხაზით). 1788 წელს ამ ქორწინების შედეგად დაიბადა
ჯორჯ გორდონ ბაირონი.
ამ მომენტისათვის, დიდებული წარმომავლობის მიუხედავად, ოჯახი სიღატაკის ზღვარზე
იყო. ჯონ ბაირონს უკვე გაეფლანგა თავისი ქონება და უმეტესი ნაწილი მეუღლის
მემკვიდრეობისა. მისის ბაირონი მშობლიურ შოტლანდიაში დაბრუნდა და აბერდინში
დასახლდა. მცირე ხანს იქ ჯონ ბაირონიც გადაბარგდა, მაგრამ მალე საფრანგეთში
გაემგზავრა, სადაც 1791 წელს გარდაიცვალა. მეუღლემ ძლიერ განიცადა მისი სიკვდილი,
მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი საშინელი ხასიათისა იყო, ქონებას ანიავებდა, ვალებში იყო
მუდამ ჩაფლული და არც ერთგულებით გამოირჩეოდა. ამან კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც
ნერვული შეტევების მქონე ქეთრინის მდგომარეობა. იგი ხან მოყვარული, ხან აგრესიული
იყო საკუთარი შვილის მიმართაც კი. არც პატარა ჯორჯი გამოირჩეოდა გაწონასწორებული
ხასიათით და მის ცელქობებზეც ბევრ ამბავს ყვებიან.თუმცა, მისი ძიძები, დები გრეები
იხსენებდნენ, რომ დაყვავებით მას ყველაფერს გააკეთებინებდი, მაგრამ დედას მოთმინება არ
ყოფნიდა და გააფთრებული ხშირად ნივთებსაც კი ესროდა ბავშვს.
ჯორჯს მომხიბვლელი გარეგნობა გამოყვა მამისგან, მაგრამ, დაბადებისას მიღებული
ტრამვის გამო, კოჭლი იყო, რასაც ძალიან განიცდიდა. 5 წლის ასაკს რომ მიუახლოვდა,
მისტერ ბოუერსის სკოლაში მიაბარეს, მაგრამ იქაურ განათლებაზე ბევრად მეტი სარგებელი
ბავშვ მოუტანა მერი გრეიმ, რომელიც ფსალმუნებსა და ბიბლიას უკითხავდა. მოგვიანებით,
ხელმოკლეობის მიუხედავად, დედამ ორი კერძო მასწავლებელი დაუქირავა. ერთმა მათგანმა
ისტორიისადმი სიყვარული შთაუნერგა, მოერემ კი ლათინური შეასწავლა.
ათი წლის რომ გახდა, გარდაიცვალა მისი გარე ბაბუა (ბაბუის ძმა) უილიამ ბაირონი, მე_5
ლორდი ბაირონი. შედეგად, ყმაწვილმა ბაირონმა ლორდის ტიტული და ბაირონთა
საგვარეულო მამული, ნიუსტედის სააბატო, მიიღო მემკვიდრეობით. ამის შემდეგ დედა–
შვილი ინგლისში დაბრუნდა. საგვარეულო სახლი ფრიად სავალალო მდგომარეობაში
დახვდათ და საცხოვრებლად უვარგისი აღმოჩნდა. მაგრამ ბაირონი მოიხიბლა ძველი
შენობითა და მისი შემოგარენით. მოგვიანებით მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ
საგვარეულო მამულისათვის საკადრისი სახე დაებრუნებინა.
1799 წელს ჯორჯ ბაირონი დოქტორ გლენის სკოლაში მოხვდა, სადაც ორი წელი დაჰყო. აქ
თავის მტკივან ფეხსაც მკურნალობდა, რამაც გარკვეული შედეგიც გამოიღო. სწავლიტ თავს
არ იკლავდა, მაგრამ საფუძვლიანად გაეცნო დოქტორის მდიდარ ბიბლიოთეკას. 1801 წელს
ჰეროუს სკოლაში გაემგზავრა. სკოლაში ცნობილი იყო მეგობრების მიმართ რაინდული
დამოკიდებულებით და იმით, რომ ყოველთვის ესარჩლებოდა უმცროსებს. 1803 წლის
არდადეგებზე შინ დაბრუნებულ ბაირონს სერიოზული სიყვარული ეწვია. მისი რჩეული
გახდა მერი ენ ჩევორთი, რომლის ბაბუაც დუელში დაიღუპა ჯორჯ გორდონ ბაირონის
ბაბუის ძმის ხელით. ჩევორთების მამული მეზობლად მდებარეობდა და ყმაწვილი ბაირონი
ხშირად სტუმრობდა მათ. მერის სერიოზულად არ აღუქვამს უმცროსი შორეული ნათესავის
გრძნობები. 1805 წელს მისმა გათხოვებამ დიდი გულისტკივილი მოჰგვარა ახალგაზრდა
ბაირონს.
განათლების მიღება ბაირონმა კემბრიჯში განაგრძო, თუმცა მეცადინეობაზე მეტ
გულმოდგინებას ცურვაში, ცხენოსნობაში, კრივსა და ბანქოს თამაშში იჩენდა. ვალს ხშირად
იდებდა და გამუდმებით ფული სჭირდებოდა. სწორედ კემბრიჯში სწავლის პერიოდში
გამოსცა ბაირონმა თავისი პირველი ლექსების კრებული „მოცალეობის საათები“.
1809 წლის ივნისში ბაირონი სამოგზაუროდ მიდის. მან ინახულა ესპანეთი, ალბანეთი,
საბერძნეთი, თურქეთი და მცირე აზია, გადასცურა დარდანელის სრუტე, რითაც დიდად
ამაყობდა შემდგომ. 1811 წელს ბაირონი ინგლისში დაბრუნდა. მან გარკვეული პერიოდი
დაჰყო ლონდონში, აყოვნებდა რა ნიუსტედში გამგზავრებას და შეხვედრას დედასთან,
რომელთან ურთიერთობის მინიმუმამდე დაყვანას (ამ უკანასკნელის ფეთქებადი ხასიათის
გამო) ბაირონი მუდამ ცდილობდა. მაგრამ მოვლენები მოულოდნელად ტრაგიკულად
განვითარდა. ქეთრინ გორდონი ავად გახდა და გარდაიცვალა. ბაირონმა დედას ვერ ჩაუსწრო
და ძალიან მძიმედ განიცადა ეს ამბავი.
1812 წლის 27 თებერვალს ბაირონი ლორდთა პალატაში ტავისი პირველი სიტყვით
გამოდის. ორი დღის შემდეგ კი გა,ოიცა „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის“ პირველი ორი
სიმღერა. პოემას ლეგენდარული წარმატება ხვდა წილად. ერთ დღეში წიგნის 14000
ეგზემპლარი გაიყიდა, რაც ნამდვილი ლიტერატურული სენსაცია იყო. ასეთი წარმატების
საიდუმლოს თავად ავტორიც ვერ ხსნიდა. ნაწარმოებმა არა მხოლოდ ინგლისი, ევროპაც
დაიპყრო.
1813 წელს ბაირონმა ხელი სთხოვა ანნა იზაბელა მილბენკს, მდიდარი ბარონეტის ასულს,
მაგრამ უარი მიიღო. თუმცა, მის მილბენკმა მასთან მიმოწერის სურვილი გამოთქვა. 1814
წელს ბაირონმა კვლავ სთხოვა ქალს ხელი და ამჯერად თანხმობით დაჯილდოვდა. მათი
ქორწილი 1815 წლის იანვარში შედგა. დეკემბერში კი წყვილს ქალიშვილი, ადა, შეეძინა.
ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით ერთ თვეში ლედი ბაირონი მშობლებთან გაემგზავრა,
ქმარტან აღარ დაბრუნდა და განქორწინების სურვილი გამოთქვა. ბაირონი ამ ამბავს
სიდედრის გავლენას მიაწერდა, თუმცა ჭეშმარიტი მიზეზები დღემდე უცნობია. ლედი
ბაირონმა უარი თქვა მათ გამხელაზე და საზოგადოებამ ათასგვარი ფანტაზია დაუკავშირა ამ
ამბავს.
1816 წელს ბაირონი გამოეტხოვა ინგლისს, სადაც საზოგადოებრივი აზრი და კოლეგა–
პოეტები (ლეიკისტები) მის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი. თავდაპირველად
შვეიცარიაში გაემგზავრა და ზაფხული ჟენევის ტბაზე ვილა დიოდატიშიგაატარა. სწორედ იქ
გაიცნო პერსი ბიში შელი და მერი შელი და დაუმეგობრდა მათ.
1816 წლის ნოემბერში ბაირონი გადავიდა ვენეციაში. 1819 წლის აპრილშიპოეტი გაიცნობს
გრაფინია ტერეზა გვიჩიოლის, ასაკოვანი იტალიელი გრაფის ახალგაზრდა მეუღლეს. მათ
შორის რომანი გაჩაღდა. მალე ტერეზა იძულებული გახდა ქმარს რავენაში გაყოლოდა.
ბაირონიც იქ გადავიდა საცხოვრებლად. ორი წლის შემდეგ გრაფინიას ძმას და მამას
პოლიტიკური სკანდალის გამო რავენას დატოვება მოუხდათ. მათთან ერთად პიზაში
მიემგზავრებიან ბაირონი და აწ უკვე განქორწინებული ტერეზა. იქ პერსი ბიში შელისთან და
იტალიაში ახლადჩამოსულ ლი ჰანტთან ერთად ჟურნალ „ლიბერალს“ დაარსებას გეგმავს.
მაგრამ შელი მალე იღუპება. ბაირონი მაინც იწყებს ჟურნალის გამოცემას (რაც თავიდანვე
შელის იდეა და სურვილი იყო) მერი შელისთან ერთად, მაგრამ მხოლოდ სამი ნომრის
გამოცემა მოხერხდა. 1822 წელს გრაფინიას ოჯახი გენუაში გადადის და ბაირონიც თან
მიჰყვება სატრფოს. იგი საბერძნეთში გამგზავრებამდე ტერეზასთან ერთად ცხოვრობს და
ძალიან ბევრს წერს.
მალე საბერძნეთში აჯანყებამ იფეთქა. ბაირონმა საკუთარი ხარჯებით შეიძინა ბრიგი,
იარაღი, დაიქირავა ხუთასამდე ჯარისკაცი, რომლებთან ერთადაც 1823 წლის 14 ივლისს
საბერძნეთში გაეშურა. შემდეგ ინგლისში დარჩენილი მთელი თავისი ქონების გაყიდვის
განკარგულება გასცა და აღებული თანხა საბერძნეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას
მოახმარა. ბერძნულ დაბა მისოლუნგში ბაირონი ცხელებით დაავადდა და 1824 წლის 19
აპრილს გარდაიცვალა. მისი სხეული ინგლისში გადაასვენეს და ნიუსტედის სააბატოს
მახლობლად საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს. მადლიერმა ბერძნებმა კი ჯორჯ გორდონ
ბაირონი ეროვნულ გმირად აღიარეს.
შემოქმედება
ჯორჯ გორდონ ბაირონის შემოქმედება შეიძლება პირობითად დაიყოს სამ პერიოდად: (1)
1807–1809; (2) 1809–1817; (3) 1818–1824.
ლექსების წერა ბაირონმა ადრეული ასაკიდან დაიწყო, ხოლო პირველი კრებული,
„მოცალეობის საათები“ (Hours of Idleness), 1807 წელს გამოსცა. კრებულში შემავალი ლექსების
ნაწილი არასრულყოფილია, მაგრამ უკვე გამოიკვეთა ახალგაზრდა შემოქმედის უდიდესი
შესაძლებლობები. ამ ადრეულ ლექსებში კლასიციზმისა და რომანტისმის ერთგვარ ნაზავი
იგრძნობა. ახალგაზრდა ბაირონზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს XVIIIსაუკუნის
ინგლისური კლასიცისტური პოეზია (განსაკუთრებით, ელიგზანდერ პოუპის შემოქმედება).
შესამჩნევია, აგრეთვე, სხვა ბრიტანელ მწერალთა შემოქმედების ზეგავლენაც (მაგალითად:
ჯეიმზ მაკფერსონის „ოსიანის ბალადები“, რობერტ ბერნსის ლირიკა, თომას მურის
„ირლანდიური მელოდიები“). ახალგაზრდა პოეტის ნიჭის წარმოჩენასთან ერთად, კრებული
ნათელ წარმოდგენას გვაძლევს XVIIIსაუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისის
ინგლისური პოეზიის დონეზე, რომელსაც ბაირონი უპირისპირდება თავისი ნოვატორული
ძიებებით, მაგრამ რომელსაც ეყრდნობა კიდეც მისი შემოქმედება, ამავრდოულად.
დაახლოებით ერთ წელიწადში „ედინბურგის მიმოხილვაში“ გამოჩდა დაუნდობლად
კრიტიკული სტატია „მოცალეობის საათებისა“ და მათი ავტორის მისამართით. ამ კრიტიკას
ახალგაზრდა პოეტმა მძაფრი სატირული პოემით, „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი
მიმომხილველები“ (English Bards and Scotch Reviewers), უპასუხა. ეს ნაწარმოები 1809 წელს
გამოსცა და პირველი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოები
ერთგვარი „ბაირონული კლასიციზმის“ ტრიუმფია. პოემაში იგი აკრიტიკებს თავის
თანამედროვე თითქმის ყველა რომანტიკოს მწერალს და ხოტბას ასხამს კლასიცისტებს,
დრაიდენსა და პუოპს. მოგვიანებით, ბაირონმა თავადვე აღიარა ნაწარმოების კრიტიკული
მხარის ნაწილობრივი უსამართლობა და მიკერძოებული დამოკიდებულების დიდი წილი.
მოგვიანებით, ევროპასა და აზიაში მოგზაურობისას, მწერალი გათავისუფლდა კლასიციზმის
გავლენისაგან და თანდათანობით ჩამოყალიბდა ინდივიდუალურ რომანტიკოს პოეტად.
1809–1811 წლების მოგზაურობის პერიოდში ბაირონმა შექმნა თავისი ცნობილი პოემის,
„ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის“ (Childe Harold's Pilgrimage, 1812–1818) პირველი ორი
სიმღერა, რომლებიც მისი ინგლისში დაბრუნების შემდეგ გამოიცა და ავტორს არნახული
პოპულარობა მოუტანა (ერთ დღეში 14000 ეგზემპლარი გაიყიდა). ეს მნიშვნელოვანწილად
იყო განპირობებული იმით, რომ ამ ორიგინალური ქმნილებით ბაირონმა ერთგვარად
გააფართოვა რომანტიზმის ჰორიზონტი. პოეტებს მანამდეც უცდიათ თავიანთი
მოგზაურობების გამოცდილების პოეზიაში ასახვა, მაგრამ პირველად სწორედ ბაირონმა
მახერხა ამის გაკეთება სათანადო სიმკვეთრითა და გამომხატველობით. მოგვიანებით პოემის
მე_3 და მე_4 სიმღერაც დაიბეჭდა. მათში გრძნობათა მეტ ინტენსივობას და ცხოვრების უფრო
ღრმა ხედვას ვაწყდებით. ნაწარმოებში ბაირონი შეეხო თავისი დროის ყველაზე მტკივნეულ
საკითხებს _ კერძოდ კი გულგატეხილობის განწყობილებას, რომელიც ფართოდ გავრცელდა
საფრანგეთის ბურძუაზიული რევოლუციის თავისუფლებისმოყვარე იდეალების
განადგურების შემდეგ. პოეტი იმ პერიოდის ისტორიულ–პოლიტიკურ პერიპეტიებს
ეხმაურება; თანაგრძნობით საუბრობს ესპანელ გლეხებზე, ქალთა ჰეროიზმზე. პიროვნების
დათრგუნვის, პოლიტიკური ტერორისა და დაუსრულებელი ომების ეპოქაში ახალგაზრდა
პოეტმა ცხადად დაანახა კაცობრიობას მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების მწარე
შედეგები. პოემის მესამე სიმღერაში ნაპოლეონის ვატერლოსთან დამარცხების თაობაზე
ბაირონი წერს: „რატომ უნდა გვიხაროდეს, რომ ლომი მოკლულია, თუკი ჩვენ ისევ მგლების
ნადავლი გავხდით?!“ ამ ნაწარმოებში ბაირონის მოწოდება თავისუფლებისაკენ ხმამაღლა
გაისმა, მიუხედავად პოემის, ერთი შეხედვით, ცინიკური ტონისა. „ჩაილდ ჰაროლდის
მოგზაურობა“ გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათსაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომპერსონაჟი ავტორთან უნდაგავაიგივოთ (ამას თავად ბაირონიც ეწინააღმდეგებოდა).
შემოქმედების მეორე პერიოდში ქმნის ბაირონი, აგრეთვე, ერთგვარ თხზულებებს ლექსად
_ პოემათა ციკლს „აღმოსავლური პოემები“ [„გიაური“ (The Giaour, 1813), „აბიდოსელი
პატარძალი“ (The Bride of Abydos, 1813), „კორსარი“ (The Corsair, 1814), „ლარა“(Lara, 1814),
„კორინთოს ალყა“(The Siege of Corinth, 1816) და „პარიზინა“(Parisina, 1816).] ამ რომანტიკულ
პოემებში ავტორის პიროვნება ნაკლებად ვლინდება (მაგალითად, „ჩაილდ ჰაროლდთან“
შედარებით). უფრო ხშირად ნაწარმოებებში გვხვდება გამოგონილი მთხრობელი, რომელიც
დაინტერესებული არაა მომხდარი მოვლენებით და, შესაბამისად, მიუკერძოებელია. პოემებმა
გამოცემისთანავე გაითქვეს სახელი (მაგალითად, „კორსარის“ 13000 ეგზემპლარი გაიყიდა
ერთ დღეში, „გიაური“ კი 13_ჯერ გამოიცა წლინახევრის განმავლობაში). ამ ციკლს
აერთიანებს რომანტიკული გმირის სახე, თავისუფალი კომპოზიცია, მწვავე დრამატული
კონფლიქტი, საბედისწერო ვნება (რაც გმირს აიძულებს თავისი სიცოცხლე შურისძიებას ან
საიდუმლოებით მოცულ თავგადასავლებს შესწიროს), სათქმელის ბოლომდე არ მიყვანა (რაც
მკითხველის დაინტერესებას იწვევს). პოემათა სერთო ამაღლებულ–ტრაგიკული და
პოეტურ–ლირიკული ტონალობა განპირობებულია ერთიანი ჩანაფიქრით ავტორისა,
რომელიც ცდილობს ფილოსოფიურად გაიაზროს შინაგანი ტრაგიკული კონფლიქტი გმირისა
რეალობასთან.სწორედ ამ ნაწარმოებებში წარმოჩინდა პირველად მთელი სისავსით
პერსონაჟი, რომელსაც მოგვიანებით „ბაირონული“ უწოდეს, რომლის ერთგვარი ჩანასახი ჯერ
კიდევ „ჩაილდ ჰაროლდში“ გამოჩნდა და რომელმაც კულმინაციას მიაღწია „მანფრედსა“ და
„კაენში“. ეს გმირი სხვადასხვა სახელს ატარებს, სხვადასხვა ეროვნებისა თუ რელიგიის
წარმომადგენელია, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებს მთელ რიგ არსებით პიროვნულ
თვისებებს. იგი უარყოფს საზოგადოებას, სადაც ტირანია სუფევს და სხვადასხვა ფორმით
უპირისპირდება მას. იგი პიროვნების თავისუფლებას აცხადებს და არანაირ დამთრგუნველ
პირობებს არ ემორჩილება. თუ ბაირონის პირველი რომანტიკული პერსონაჟი, ჩაილდ
ჰაროლდი, უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგ პასიური პროტესტით
შემოიფარგლება, „აღმოსავლური პოემების“ მეამბოხე გმირისთვის ცხოვრების აზრი
მოქმედებასა და ბრძოლაშია. ეს პოემები ბაირონის ახალი მიღწევაა პოეზიაში.
ბაირონის სხვა რომანტიკულ პოემათაგან აღსანიშნავია: “შილიონის ტუსაღი“(The Prisoner
of Chillon, 1816), „ტასოს ჩივილი“ (The Lament of Tasso, 1817), „მაზეპა“ (Mazeppa, 1818),
„დანტეს წინასწარმეტყველება“ (The Prophecy of dante, 1819). მათ, ბაირონის უამრავი სხვა
ნაწარმოების მგავსად, მწვავე სოციალურ–პოლიტიკური დატვირთვა ახასიათებთ.
1814–15 წლებში ბაირონი ქმნის ლექსების კრებულს „ებრაული მელოდიები“ , რომელშიც,
ბიბლიურ თქმულებებზე დაყრდნობით, დევნილთა, უკუგდებულთა და ჩაგრულთა ბედს
ეხება. ეს ციკლი ბაირონის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია. მასში გადმოცემულია
გრძნობები პოეტისა, რომელიც მესაკუთრული, გაუტანელი საზოგადოების გარემოცვაში
იტანჯება. მწერლის მსოფლაღქმა მტკივნეულია. მის სევდასა და წუხილში მთელი სიღრმით
აირეკლება მისი სულიერი სამყარო. ტრაგიკულად მარტოსული ადამიანის სასოწარკვეთა
საოცარი პოეტური ძალითაა გადმოცემული ისეთ ლექსებში, როგორიცაა „ჩემს სულში ბნელა“
(My Soul Is Dark) და „უძინართა მზე“ (Sun of the Sleepless). მაგრამ „ებრაული მელოდიების“
ცენტრალურ თემად მაინც რჩება პოეტურად განზოგადებული საკითხი იმ ხალხის
ისტორიული ბედისა, რომელიც თავისუფლებისაკენ მიილტვის და თავისი მჩაგვრელი
სძულს. ამ ლექსებით პოეტი ყველა ჩაგრულს ბრძოლისაკენ მოუწოდებს. [მაგალითად,
აღსანიშნავია ლექსები „ჯუფთას ქალიშვილი“ (Jephthah’s Daughter) და „დასრულდა შენი
სიცოცხლის გზა“ (Thy Days Are Done)].
ჯორჯ გორდონ ბაირონი თავისი ეპოქის შვილი იყო და აქტიურად ერთვებოდა
პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეხმაურებოდა ინგლისსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს.
შესაბამისად, შეუძლებელია ყოველივე ეს მის ნაწარმოებებში (და მათ შორის ლირიკულ
ლექსებშიც) არ ასახულიყო. ბაირონის პოლიტიკურ ლირიკას სათავე დაუდეს ლექსებმა
„ცნობილი ბერძნული საომარი სიმღერის თარგმანი“ (Translation of the Famous Greek War
Song) და „დამშვიდობება მალტასთან“ (Farewell to Malta). ცნობილია მისი ლექსი „სიმღერა
ლუდიტებს“ (Song for the Luddites), რომლითაც იგი ლუდიტების მოძრაობას გამოეხმაურა.
ლექსი თამამი მოწოდებაა ქედუხრელობის, დაუმორჩილებლობისა და ბრძოლისაკენ, რაც
შესანიშნავად ჩანს სიტყვებში “We will die fighting or live free”.ბაირონის პოლიტიკურ
ლირიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, აგრეთვე, ნაპოლეონ ბონაპარტეს სახეს.
[„ოდა ნაპოლეონ ბონაპარტეს“ (Ode to Napoleon Buonaparte), „ნაპოლეონის ელბადან გაქცევის
შესახებ“ (On Napoleon’s Escape from Elba), „ოდა ფრანგულიდან“ (Ode from the French),
„ნაპოლეონის გამოთხოვება“ (Napoleon’s Farewell).] ეს ციკლი მნიშვნელოვანია
ბაირონისათვის გმირის ძიების თვალსაზრისითაც. აღსანიშნავია, რომ მწერლის
დამოკიდებულება ამ ისტორიული ფიგურისადმი არასოდეს ყოფილა ცალმხრივი. პოეტი
აღიარებდა ნაპოლეონის მხედართმთავრულ ტალანტს და მის ნიჭს, როგორც მსხვილი
პოლიტიკური მოღვაწისა, რომელსაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საფრანგეთის
რევოლუციის თავისუფლებისმოყვარე იდეები შეჰქონდა. მაგრამ, ამავდროულად, ბაირონი
მასში ხედავდა ადამიანს, რომელმაც პირადი ძალაუფლებისათვის ზურგი აქცია თავისსავე
იდეალებს, რამაც გამოიწვია კიდეც ნაპოლეონის დაცემა.
ბაირონის ლირიკული შემოქმედებიდან უნდა გამოვყოთ, აგრეთვე, პოეტის სატრფიალო
ლირიკა, რომელიც რთული და ფსიქოლოგიურია. უფრო სწორი იქნებოდა მისთვის
შეყვარებულის პოეზია გვეწოდებინა. ეს ლექსები მოტრფიალე ჭაბუკის განწყობილებას
გადმოგვცემენ. მათში გვხვდება ფიქრები და მოგონებანი გულისსწორზე, იგრძნობა
სატრფოსტან განშორებით გამოწვეული ტკივილი. [„განშორებისას“ (On Parting),
„სიყვარულის პირველი კოცნა“ (The First Kiss of Love), „სიყვარულის უკანასკნელი
გამომშვიდობება“ (Love’s Last Adieu), „როცა ჩვენ ორნი დავშორდით“ (When We Two Parted),
„მიტირებ, როცა აღარ ვიქნები?“(And Wilt Thou Weep When I Am Low), „სიყვარული და
სიკვდილი“ (Love and Death).]ბაირონის, ალბათ, ყველაზე ცნობილი სატრფიალო ლექსი „ის
მოდის სიტურფით სავსე“ (She Walks in Beauty), გარეგნულად და სულიერად მშვენიერი
ქალით აღფრთოვანებული პოეტის მიერ შეთხზული ერთგვარი ხოტბაა. სატრფიალო
ლირიკას მიაკუთვნებენ, აგრეთვე, პოეტის ლექსებს თირზას მიმართ.
ბაირონის უკანასკნელ ლექსად ითვლება „დღეს შემისრულდა ოცდათექვსმეტი წელი(On
This Day I Complete My Thirty-Sixth Year), რომელიც პოეტის ერთგვარ ავტოეპიტაფიადაც
შეიძლება ჩაითვალოს.
შემოქმედების მეორე პერიოდისბოლოს ბაირონმადაიწყო თავისი კომიკურ–სატირული
შედევრების შექმნა. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით იყო სატირული პოემა
„ბეპო“ (Beppo, 1817), რომელშიც ბაირონმა პირველად მიმართა იტალიურ სალექსო საზომს _
ოტავა რიმა (რაც მოგვიანებით, თავისი შემოქმედების გვირგვინის, „დონ ჟუანის“, წერისასაც
გამოიყენა). ნაწარმოები იტალიაში დაიწერა და, გარკვეულწილად იტალიური კულტურისა
და ლიტერატურის გავლენითაც, აქ ავტორის გონებამახვილურმა სატირამ განსაკუთრებული
სიხალასე, ძალა და ელფერი შეიძინა. შეიძლება ითქვას, რომ „ბეპოს“ გარეშე, „დონ ჟუანიც“ არ
იქნებოდა.
1816–17 წლებში დაიწერა რომანტიკული დრამა „მანფრედი“ (Manfred), რომელშიც
ბაირონის ე.წ. „დემონური გმირი“ ერთგვარ სრულყოფილებას აღწევს.ხშირად ავლებენ
პარალელს ამ ნაწარმოებსა და გოეთეს „ფაუსტს“ შორის (თუმცა, ბაირონი აღნიშნავდა, რომ
„ფაუსტი“ არ ჰქონდა წაკითხული).„მანფრედი“ არის ძლიერი და ღრმად განსწავლული
პიროვნების კაცობრიობისაგან დემონურიგანდგომისა და მარტოსულობის ტრაგედია.
ტრაგედია ადამიანისა, რომელიც არანაირ ავტორიტეტს არ ცნობს და არანაირ ძალას არ
ემორჩილება. მანფრედი მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის და ამის გამო ერთგვარი
თვითგანადგურების იარაღადაც იქცევა, მიუსჯის რა საკუთარ თავს გაცილებით უფრო მკაცრ
სასჯელს, ვიდრე ნებისმიერი კანონით შეიძლებოდა დაკისრებოდა. თუმცა, მანფრედის
მცდელობა გასცდეს კაცობრიობის საზღვრებს კრახით მთავრდება; იგი უკანასკნელ წამს
მაინც უარს ამბობს საკუთარი ნებით თავსმოხვეულ განდეგილობაზე და ადამიანთა
ურთიერთობა–თანაარსებობის საჭიროებას აღიარებს (აბატისათვის ხელის ჩაკიდების
მომენტი).
ბაირონისეული რომანტიკული გმირი ტრაგიკულია მთელი თავისი არსით. ზოგიერთი
მკვლევარის აზრით, იგი არა მხოლოდ თვითგანადგურებით ხასიათდება, არამედ
დამღუპველი და საშიშია გარშემომყოფთათვისაც (მაგ.: ასტარტას იდუმალებით მოცული
დაღუპვა). ყოველივე ამის მაგალითად ბაირონის მეორე ცნობილი რომანტიკული დრამა
„კაენიც“ (Cain, 1821)გამოდგება. ამ უკანასკნელს ბევრი აქვს საერთო მილტონის „დაკარგულ
სამოთხესთან“, მაგრამ აქ ყველაფერში ბაირონული სტილი და სულისკვეთება იკვეთება.
საზოგადოებრივიწყობისა და ავტორიტეტების წინააღმდეგ ამბოხება აქ განსაკუთრებით
მკვეთრად ვლინდება. „მანფრედისაგან“ განსხვავებით, აქ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი
გონება უფროა, ვიდრე ვნებები. კაენი სკეპტიციზმით შეპყრობილი ადამიანის ტრაგედიაა;
პიროვნებისა, რომელიც ყველასა და ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებს და უნდობლობას
გამოთქვამს თავად ღმერთის სამართლიანობის მიმართაც კი. ყოველივე ამის გამო,
ნაწარმოებმა იმთავითვე მკრეხელური ქმნილების სახელი მოიპოვა, მაგრამ არ უნდა
დავივიწყოთ, რომ კაენისა და ლუციფერის მიერ წარმართული მსჯელობანი, თუ მათი
აზრები, სხვაგვარი შინაარსის მატარებელი ვერ იქნებოდა. და რაც მთავარია, არ უნდა
გავაიგივოთ პერსონაჟთა აზრები და სიტყვები ავტორისეულ მოსაზრებებთან. საგულისხმოა
ისიც, რომ ნაწარმოებში კაენის სულის ბნელი მხარე როდია წარმოჩენილი მხოლოდ. ცოლ–
შვილთან მისი დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ამსახველი სცენები საოცარი
სინაზითა და სიყვარულით გამოირჩევიან (მსგავსი რამ არ გვხვდება არც „მანფრედში“ და არც
„აღმოსავლურ პოემებში“), რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნის ლუციფერის გავლენის ქვეშ
მოქცეული კაენის შავ–ბნელ სამყაროსთან.
ბაირონის რომანტიკულ დრამათაგან აღსანიშნავია აგრეთვე, „ზეცა და დედამიწა“ (Heaven
and Earth, 1821), რომელიც წინამორბედთა მსგავსად მისტიური, ზებუნებრივი ელემენტების
სიჭარბით ხასიათდება. ბაირონული ამბოხის ხმა აქაც გაისმის. საყურადღებოა ისიც, რომ ეს
პიესები არ არის გათვლილი სცენაზე დასადგმელად და ერთგვარ საკითხავ დრამებს
წარმოადგენენ.
რომანტიკული დრამებისაგან განსხვავებით, „სარდანაპალი“ (Sardanapalus, 1821), „მარინო
ფალიერო“ (Marino Faliero, 1821) და „ორი ფოსკარი“(Two Foscari, 1821) განასახიერებენ
ავტორის ერთგვარ განზრახ მცდელობას რომანტიკული დრამების თავისებურებათაგან განზე
გადგომისა და დრამებისნეოკლასიცისტურ პრინციპებზე დაფუძნებისა. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ბაირონი რომანტიკოსია მაშინ, როცა საკუთარ პიესებში ზებუნებრივი არსებები და
მკვეთრად გამოკვეთილი ლირიკული ელემენტი შეომოაქვს, მაგრამ კლასიცისტია
(ერთგვარად), როცა მასალას გათელილი ისტორიული სიუჟეტებიდან იღებს და უარს ამბობს
სიუჟეტის განვითარებასა და ადამიანთა საქმიანობაში სულების სამყაროს ჩართვაზე.
ამ დრამათაგან ყველაზე წარმატებული „სარდანაპალი“ აღმოჩნდა.ამასთანავე, ეს
ნაწარმოები გაცილებით უფრო ახლოა კლასიკურ ტრაგედიასთან, ვიდრე ბაირონის
ნებისმიერი სხვა დრამა. სიუჟეტი ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება, მაგრამ ავტორი საკმაოდ
დიდ თავისუფლებას აძლევს საკუთარ ფანტაზიას. არსებობს ვარაუდი, რომ გამოგონილი
ქალი პერსონაჟის, მირას, პროტოტიპად მწერალმა თავისი იტალიელი სატრფო ტერეზა
გვიჩიოლი გამოიყენა. მიიჩნევენ, აგრეთვე, რომ სარდანაპალის მხატვრულ სახეში ბაირონმა
გაცილებით მეტი ჩადო საკუთარი პიროვნული თვისებებიდან, ვიდრე თავის სხვა რომელიმე
ბაირონულ პერსონაჟში. გარდა ამისა, სარდანაპალი და მირა (დრამის მთელ რიგ სხვა
პერსონაჟებთან ერთად) გაცილებით უფრო რეალური, ხორცშესხმული პიროვნებანი არიან,
ვიდრე ბაირონის სხვა გმირები.
ჯორჯ გორდონ ბაირონის კალამს არაერთი მწვავე პოლიტიკური სატირა ეკუთვნის.
მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ირლანდიური ავათარა“ (The Irish Avatar, 1821),
„სამსჯავროს ხილვა“ (The Vision of Judgment, 1821)  და „ბრინჯაოს საუკუნე“ (The Age of
Bronze, 1823). პოეტური ნოვატორობა, რომელიც ამ პოემებს გამოარჩევს, შემზადებულია
მწერლის სიჭაბუკისდროინდელი გამოცდილებით სატირულ ჟანრში, რომელიც
თანდათანობით განვითარდა, დაიხვეწა და ერთგვარ მწვერვალს „დონ ჟუანში“ მიაღწია.
20_იანი წლების პოლიტიკური სატირები მეტყველებენ არა მარტო ბაირონის მიერ მიმდინარე
საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოვლენების საღ შეფასებაზე, არამედ თავად ავტორის
პოლიტიკურ აქტივობაზეც. პოეტი სიტყვითა და საქმით იბრძვის ყოველგვარი ჩაგვრისა და
ტირანიის წინააღმდეგ. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მწერალი საშინელ
წინააღმდეგობას წააწყდა ნაწარმოებთა დაბეჭდვის მცდელობისას. მაგალითად, „სამსჯავროს
ხილვა“, რომელიც დაიწერა როგორც პაროდია რობერტ საუთის ამავე სახელწოდების პოემაზე
(თუმცა, ბევრად სცილდება ლიტერატურული პაროდიის საზღვრებს თავისი შინაარსითაც და
მნიშვნელობითაც), ბაირონის გამომცემელმა მარიმ შესავლის გარეშე და მთელი რიგი
ცვლილებებით გამოაქვეყნა. ამასთან დაკავშირებით, მწერალი თავის გამომცემელს წერს:
„სამართლიან ბრძოლაში თუნდაც ორმოც მოწინააღმდეგეს გავუმკლავდები, მაგრამ მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ ჩემი საჭურველთმტვირთველი მოღალატე არ აღმოჩნდება და
აღჭურვილობას არ დამიზიანებს!“
ჯორჯ გორდონ ბაირონის შემოქმედების მწვერვალად და ინგლისური ლიტერატურის
ღირსშესანიშნავ ნიმუშად ითვლება დაუმთავრებელი სატირული პოემა (ერთგვარი რომანი
ლექსად) „დონ ჟუანი“ (Don Juan, 1818-1824). ავტორმა 16 სიმღერის დაწერა და მეჩვიდემტეს
დაწყება მოასწრო მხოლოდ. ეს ნაწარმოები განსაკუთრებით მძაფრ სოციალურ კრიტიკას
მოიცავს. მასში ავტორი ეხება თემათა საოცრად ვრცელ არეალს: თავისუფლებას, ტირანიას,
ომს, სიყვარულს, პირმოთნეობას და მაღალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელ მრავალ
სხვა მანკიერებას. ბაირონის ირონიულმა დაკვირვებებმა და ადამიანურ სისუსტეთა
დაუფარავ–შეულამაზებლად ასახვამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მის თანამედროვეთა
შორის. ნაწარმოები მოგვითხრობს ყმაწვილკაცის მოგზაურობისა და ურთიერთობათა
შესახებ. სახელის გარდა, ამ პერსონაჟს ბევრი არაფერი აქვს საერთო პოპულარული
ევროპული ლეგენდის უგულო მექალთანესთან. მთელი რიგი თავგადასავლებისა, რომელთაც
ხვადასხვა ამპლუაში მყოფი გმირი (განებივრებული მოზარდი, გარიყული, საყვარელი, მონა,
ჯარისკაცი, ინგლისური საზოგადოების ორნამენტი) გაივლის, ბაირონს საშუალებას აძლევს
მოიცვას თემათა ფართო არეალი, მათ შორის, სოციალური, პოლიტიკური, პოეტური და
მეტაფიზიკურიც კი. პოეტმა სახე უცვალა პოპულარულ ლეგენდას, რათა ეჩვენებინა, რომ
საზოგადოება (და არა ინდივიდი) არის პასუხისმგებელი სამყაროში არსებულ ბოროტებაზე.
„დონ ჟუანის“ ერთგვარი შინაგანი რომანტიკულობა უდავოა, მაგრამ, ამავდროულად,
ნაწარმოებში ნათლად შეიმჩნევა რეალიზმის ნიშნები, ისევე, როგორც სვიფტისა და
სტერნისეული მხილების ძალა. პოემაში ავტორმა ჩადო მთელი თავისი მრავლისმომცველი
ცოდნა მსოფლიოს შესახებ და ის სიბრძნე, ცხოვრებისეული გამოცდილებით რომ შეიძინა. ეს
ნაწარმოები არის ბრწყინვალე სურათი ცხოვრებისა, შემკული სატირული, სარკასტული, თუ
სერიოზული კომენტარებით. აქ წარმოდგენილია ცხოვრება მთელი თავისი
მრავალფეროვანებით _ სიყვარულით, სიხარულით, ტანჯვით, სიძულვილით, შიშით. ეს არის
მრავლისმომცველი სოციალური სატირა, რომელსაც სრულიად დამსახურებულად
მოიხსენიებენ, როგორც „თანამედროვე ცხოვრების ეპოსს“. როგორც გოეთე ამბობდა, ‘„დონ
ჟუანი“ უსაზღვროდ გენიალური ნაწარმოებია; თავისი მტრობით ადამიანებისადმი ის მიდის
უკიდურეს სისასტიკემდე, ხოლო თავისი სიყვარულით ადამიანებისადმი _ უნაზესი
გრძნობების სიღრმემდე.’

You might also like