You are on page 1of 87

თქმული და უთქმელი ისტორიები:

გერმანელები საქართველოში

ამ წიგნზე მუშაობის იდეა ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში გამიჩნდა, როდესაც
შემთხვევით ბოლნისის, მაშინდელი ლუქსემბურგის, 1936 წლით დათარიღებულ
ფოტოს წავაწყდი. მანამდე არც ლუქსემბურგზე მსმენოდა რამე, მით უმეტეს, არც
გერმანელების ცხოვრებაზე საქართველოში. გუგლში მაშინვე წავიკითხე
ყველაფერი, რაც კი ხელმისაწვდომი იყო. ასე გავიგე პირველად გერმანელთა
კავკასიაში ჩამოსახლების, მათი აქაური ცხოვრებისა და მერე _ საბჭოთა
სახელმწიფოს მიერ სასტიკი ფორმებით დეპორტაციის შესახებ. თუმცა, მივხვდი,
რომ ჩემი გამძაფრებული ინტერესისთვის ის, რაც წავიკითხე, საკმარისი არ იყო.

მეორე დღესვე ბოლნისში გავემგზავრე, საკუთარი თვალით რომ მენახა და ჩემი


ყურით მომესმინა ის წარსული, რომელსაც გუგლი ვერ მოყვება. ქალაქი
საფუძვლიანად დავათვალიერე და გზად შემხვედრებსაც ვესაუბრე. მაშინ
მივხვდი, რომ ისტორია, რომელსაც ბოლნისი ინახავს, საბადოა არა მხოლოდ
გერმანული თემის ცხოვრების შესწავლისთვის, არამედ უახლოესი წარსულის
გაცნობისა და გააზრებისთვისაც, რასაც საქართველოში, როგორც წესი,
ვერიდებით. ეს წიგნი კი ერთ-ერთი მცდელობაა _ აჩვენოს ადამიანთა ამბებით
მოყოლილი საქართველოს ისტორია, რომელიც მხოლოდ გერმანულ თემთან არ
იკვეთება, ის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თანაცხოვრების ამბავიცაა.

წიგნზე ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიით ვიმუშავე, შესაბამისად, აქ


წარმოდგენილი ტექსტების ავთენტურობა და თხრობის დინამიკა დაცულია. ჩემი
მიზანიც ეს იყო _ მინდოდა მკითხველისთვის ადამიანთა განსხვავებული ხმები
მაქსიმალურად ყოფილიყო შესაგრძნობი. ისტორიების შეკრებისთვის ის
ადგილები შევარჩიე, სადაც გერმანული თემი ძლიერად იყო წარმოდგენილი _
ბოლნისი, ასურეთი, სართიჭალა და თბილისი. ვესაუბრებოდი არა მხოლოდ
შთამომავლებს, არამედ მათაც, ვისაც გერმანელებთან ან მათ წარსულთან რაიმე
ფორმით შეხება ჰქონია.

რესპონდენტებთან საუბარი განსაკუთრებულად საინტერესო იყო _ ისინი თავისი


ამბების მოყოლით ჩემ თვალწინ ქმნიდნენ ისტორიას. როგორ ქმნიდნენ, რის
მოყოლას ამჯობინებდნენ და რაზე დუმდნენ, როგორ იკვეთებოდა პირადი
მეხსიერება კოლექტიურთან - ამას წიგნში თავად იხილავთ. ამ ამბებიდან
ზოგიერთი შეიძლება გეცნოთ, უკვე მოყოლილი იყოს, ზოგიერთი კი სრულიად
უცნობი იქნება, თუმცა ყოველ ჯერზე ადამიანები ისტორიებს სხვადასხვანაირდ
ვყვებით - ამიტომ მგონია, რომ თქმულიც და უთქმელიც ერთნაირად საინტერესო
იქნება.

გულწრფელ მადლობას ვუხდი მთხრობელებს ისტორიების გაზიარებისთვის. ისინი


არიან ამ წიგნის ავტორები, მე მხოლოდ ამ ამბების შემკრები ვარ.

უღრმესი მადლობა გერმანიის საელჩოს საქართველოში და გამომცემლობა


„ინტელექტს“ ჩემი იდეის მხარდაჭერისთვის _ შესაძლებლობისთვის, რომ ამ
ამბებს მკითხველი წიგნის სახით გაეცნობა.

დიდი მადლობა მათ, ვინც გულითადად მეხმარებოდა რესპონდენტების


მოძიებაში:

გვანცა მიქიაშვილს,
ომარ და ოთარ გიორგობიანებს,
ელენე გოგოლაძეს,
თენგიზ მეტრეველს,
ანა გამისონიას,
დავით ასათიანს,
თამთა გოჩიტაშვილს.

ასევე იმ ადამიანებს, ვინც არ ისურვა აქ დასახელება, მაგრამ გვერდით მედგა


მუშაობის პროცესში.

მათ გარეშე ეს წიგნი ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.

და ბოლოს, ისევ მადლობა მთხრობელებს _ ვინც ამ წიგნში თავისი ისტორიის


მოყოლით საქართველოს უახლესი ისტორიაც მოგვიყვა. მჯერა, რომ ისტორიის
ცოდნა, მისი გააზრება _ ისტორიის მოყოლიდან იწყება. ისიც მჯერა, რომ
საზოგადოებები, სადაც წარსულზე ლაპარაკობენ და სხვადასხვა პერსპქტივიდან
აფასებენ მას _ უკეთესად ცხოვრობენ.

ფოტო კი, რომლითაც მე ბოლნისი, საქართველოს გერმანელები და ჩვენი ქვეყნის


უახლესი ისტორია გავიცანი, ამ წიგნის გარეკანზეა.

თამთა მელაშვილი

ბოლნისი
დამიხატე ბოლნისი
პეტრე დანელია

1815 წელს ალექსანდრე I-მა, რუსეთის იმპერატორმა, იმოგზაურა ევროპაში. ეს ის დროა _


ნაპალეონობა დამთავრდა და დაემთხვა „ზასუხა“, მოუსავლიანობა და შიმშილობა.
ძალიან დიდი შიმშილი იყო ევროპაში. ამ ალექსანდრე I-ის და, ეკატერინე, რომლის
სახელიც ჰქვია ბოლნისს, გათხოვილი იყო ვურთემბერგელ მეფეზე, ვილჰელმზე.
ეკატერინეს გერმანულად კატარინას ეძახდნენ. რა თქმა უნდა, იმპერატორმა თავისი და
მოინახულა და იქ ვილჰელმმა დაუყენა ასეთი საკითხი, რომ ჩვენი ლუთარიანელებიო,
გერმანელი პროტესტანტების ერთ-ერთი მიმდინარეობაა, მოითხოვს, გინდა თუ არა,
გაგვიშვი რუსეთში, სადმე კავკასიაში საცხოვრებლადო. ამათ რომ სთხოვეს,
ალექსანდრემ მისცა თანხმობა.

ერთი მიზეზი მათი ჩამოსვლის შიმშილი იყო. მეორე მიზეზი _ რუსებს დასაყრდენი ძალა
რომ ჰქონოდათ. იმპერიისთვის კარგი იყო, ამ მხარეს ააყვავებდნენ და საყრდენი ძალაც
ეყოლებოდათ. ნაციონალური მოძრაობა თუ დაიწყებოდა, ჩამოყვანილი ხალხი შენ
მხარეზე დადგებოდა. ამ გერმანელების ნაწილი იყვნენ ფილიალისტები . ღმერთის
მეორედ მოსვლის სჯეროდათ, ეგონათ, რომ 1836-ში უნდა ყოფილიყო ღმერთის მეორედ
მოსვლა და იმისიც სჯეროდათ, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე, კავკასიაში, კიდობანთან
ახლოს ყველაზე დაცული იქნებოდნენ. ისიც იცოდნენ, რომ ქართველები ძველი
ქალდეელები არიან. ბევრი რამე იცოდნენ მაგათ, მაგრამ მერე მაინც საბოლოოდ, ესენიც
ლუთერანულზე გადავიდნენ. გერმანიიდან ჩამოვიდნენ ლუთერანები, აქ ჩაუტარეს
ლექციები და აგიტაციები.

წამოვიდნენ ბადენიდან და გემებით ჩამოვიდნენ ოდესაში . შევიდნენ ორჯონიკიძემდე და


კრასნოდარიდან გადმოვიდნენ საქართველოში. ზოგი დასახლდა თბილისში , ზოგი
თეთრწყაროში, ზოგი აქა, ზოგი იქა. დიდი ნაწილი დარჩა ვოლგისპირეთში. ერთი ნაწილი
წავიდა ისრაელში, წმინდა მიწაზე და ნაწილი ჩამოვიდა აქ. კავკასიაში სულ 8 დასახლება
გააშენეს: 6 საქართველოში და 2 აზერბაიჯანში. ბოლნისელები ჯერ მოხვდნენ სადღაც,
შამქორთან, შამქორის მიდამოებში. დახნეს, დაამუშავეს მიწები, მაგრამ გაზაფხულზე
გაუჩნდათ რაღაც დაავადება და ძალიან ბევრი დაიღუპა. მერე მეფისნაცვალს სთხოვეს ,
სადმე აქეთ გადმოგვასახლეთ, ასურეთისკენო. ნახეს ეს ადგილები, თეთრიწყარო,
ბოლნისი, მოეწონათ, დასახლდნენ აქ 1818 წელს და გააშენეს ეს ქალაქი. იქამდე აქ
არავინ ცხოვრობდა, მოტიტვლებული ადგილი იყო, ნასოფლარი. ყორანთა იყო
მახლობლად, სოფელი, რომელიც თურქებმა და ირანელებმა გაასწორეს მიწასთან,
კვრინჩხი იყო მარტო დარჩენილი, ვაზი გაველურებული…

ჰოდა, მიიღეს ამათ თავისი წილი მიწები. საკმაოდ დიდი მიწები და დაიწყეს ქუჩების
მშენებლობა. ყველა ქუჩა მოკირწყლული იყო ქვაფენილით. გაამშვენეს ეს ქუჩები,
სარწყავი არხები გაიყვანეს. 1826 წელს ამათ თავს დაესხნენ თურქები. ხალხი გაიტაცეს,
ტყვედ წაიყვანეს და თურქეთში გაყიდეს. ვინც გადარჩა, გადარჩა და დაიწყო ისევ
ცხოვრება. ბევრი დაიღუპა გზაში, ბევრი გამოეპარათ. ერთი ქალის ისტორიაა
საინტერესო. ვითომ მუსულმანობაც მიიღო, თურქული ენაც ისწავლა, ფულიც იშოვა,
პატარა ფული და ორ თუ სამ წელიწადში გემი მოდიოდა საქართველოში, გამოიპარა,
დაჯდა იმ გემზე და ჩამოვიდა ისევ საქართველოში. 9 შვილი გააჩინა მერე... ეტყობოდა,
საქმრო ჰყავდა აქ, ბოლნისში. დანარჩენები, ვინც კი რუსებმა დაიბრუნეს, წაიყვანეს
თბილისში, გამოაჯანმრთელეს, უმკურნალეს.

ბაღნარად აქციეს აქაურობა გერმანელებმა. ძალიან მოეწონათ აქაური ღვინო, აითვისეს


ტრადიციული მეღვინეობა და დაიწყეს ღვინის წარმოება. 1903 წელს ააშენეს უნიკალური
ღვინის ქარხანა, თაღიანი, დიდი სარდაფებით, მუხის კასრებით. ღვინო ჰქონდათ
ბრწყინვალე. ისეთი ღვინო ჰქონდათ, რო ამათი ღვინო იგზავნებოდა თვით იმპერატორის
კარზე. აღმაშენებლის პროსპექტზე ახლა აღმოაჩინეს გერმანული წარწერები,
ლუქსემბურგის ღვინო აწერია. ბრწყინვალე სპეციალისტები იყვნენ ხორცის, ლუდის.
გერჰარდ ტუნი, ასე ერქვა მგონი ლუდის მწარმოებელს. ნაყინის ქარხანა ჰქონდათ,
ნაყინის. ჰქონდათ აფთიაქები, სახანძრო, მონადირეთა კავშირი, ველოსიპედისტები
ჰყავდათ, შეჯიბრებში იღებდნენ მონაწილეობას. სტადიონიც ააშენეს.

ყველა ოჯახს ჰქონდა თავლა, საძროხე, საქათმე. თითო ოჯახს მინიმუმ ერთი ძროხა
ჰყავდა და მინიმუმ ერთი ცხენი. ზამთრისთვის 3-4 ღორს ზრდიდნენ, დაახლოებით 50
ფრთა ქათამი ჰყავდათ, ინდაური და ბატიც და ყველაფერს თვითონ აკეთებდნენ .
ხორბალი მოყავდათ და ბოსტნეული, ვაჭრობდნენ თბილისში, დასავლეთ
საქართველოში, გაჰქონდათ სომხეთში, რუსეთში. ხანდახან სამუშაოდ ქირაობდნენ
ქართველებს და სომხებს.
აქ კიდევ მე ვნახე სხვადასხვა ოჯახში ბერლინიდან გამოგზავნილი სამეცნიერო წიგნები
სოფლის მეურნეობაზე, მეცხოველეობაზე… თავად ამზადებდნენ თავიანთი მეთოდებით
შხამ-ქიმიკატებს. უმაღლეს დონეზე ქონდათ ჩაცმულობა. გოგოებიც იქედან იწერდნენ
ტანსაცმელს… გაზეთიც ჰქონდათ თავიანთი.

პარკიც გააშენეს. პარკში იყო საცეკვაო მოედანი. ტანცები ჰქონდათ და მიყვებოდნენ


ძველები, ქალები, ფრანცუსკებს ჩავიცვამდითო, ფრანცუსკებსო, კაცებიო ტუფლებსო,
ჰალსტუხით უნდა ყოფილიყვნენო და პარკში ვსეირნობდოთო, ვცეკვავდითო, იმდენს
ვცეკვავდით, ძირი სძვრებოდა ფეხსაცმელსაო. თავისი სასულე ორკესტრები ჰყავდათ,
ბავშვების, დიდების. თავისი თეატრიც ჰქონდათ, ძალიან კარგი.

მე მასწავლიდა გერმანულს ერთი ქალი, ვინც აქ დაამთავრა სკოლა გერმანელებთან


ერთად, ანა ვახვახიშვილი. ცოცხალი ენციკლოპედია იყო, მემატიანე. ყველაფერი იცოდა
აქაურ გერმანელებზე. ჰოდა, ბოლნისის სიონზე ვწერდი და ანიკო, მასწავლებელო,
სპორტზე მინდა რამე მასალა-მეთქი, გერმანელების გუნდის წარსულზე-მეთქი. მისი ძმა
თვითონ იყო ფეხბურთელი. იმდენი მასალა მომცა გერმანული, იმდენი წიგნები…
ამიხსნა, მელაპრაკა, ბევრი რამ გავიგე მაშინდელ გუნდზე. ძალიან ძლიერი გუნდი
ჰყავდათ ამათ ფეხბურთელების. საბჭოთა კავშირის ფინალში ითამაშეს 37 წელს.
საქართველოში ყველას მოუგეს, მერე ამიერკავკასია მოიგეს, მერე მოსკოვში
გამოიძახეს, ჩავიდნენ. ძირითადად გერმანელები თამაშობდნენ, ცოტა ქართველები და
სომხებიც იყვნენ. 37-ში წააგებინეს, მაგრამ მანქანა აჩუქეს _ ემ ადინი.

ამათ რეპრესიები 37 წელშივე შეეხოთ. ვინ დახვრიტეს, ვინ გადაასახლეს. 26 ათასზე მეტი
ადამიანი გადაასახლეს საქართველოდან. 41-ში 12 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე
ასახლებდნენ.

შუა აზიაში ვიყავი პრაქტიკაზე, შრომის სემესტრზე, 72 წელს. ყაზახეთში, ჯამბულის ოლქში .
საღამოს მოვედი სამუშაოდან და მითხრეს, ვიღაც გოგოები იყვნენო და
გკითხულობდნენო, შენო მართლა ბოლნისიდან ხარო? ლუქსემბურგიდანო? მე ვუთხარი,
ჰო-მეთქი. ასე თქვესო, რომ საღამოს 9 საათზე მოვალთო. მოვიდნენ ეს გოგოები ისევ და
Мы хотим с вами понзакомится-ო. სტუდენტები ვართო, სადღაც ვსწავლობთო, მაგდენი
აღარ მახსოვს. შენ ხო ბოლნისიდან ხარო და მე ვუთხარი, კი-მეთქი, კაი რუსულით
ლაპარაკობდნენ. გვინდა ოჯახში დაგპატიჟოთო, მამაჩემსა და დედაჩემს ძალიან უნდათ
გაგიცნონო და თუ ბოლნისიდან ხარო, გვეტყვი სად ცხოვრობო, როგორია ეხლა
ლუქსემბურგიო…

მივედი კვირას. როგორც დამიბარეს ისე, პუნქტუალურად. გავეცანი , შევედი . სუფთა


სახლი იყო, ლამაზი. ეზოში სულ ყვავილები. წარმომიდგენია, აქ რა იქნებოდა, ბოლნისში,
ხეები და ყვავილები. შუა აზიაში ჰქონდათ ხეები და ყვავილები, ჯამბულიდან თითქმის 50-
100 კილომეტრში უკვე ყარაყუმი იწყება, უდაბნო. არაყი ჰქონდათ, რაღაც-რაღაცეები.
შეგიძლიაო, რომ დახატო ბოლნისიო? მშობლებმა მითხრეს. ასაკიანი კაცი და ქალი იყო.
ერთი გოგო ყავდათ, ერთი ბიჭი. ეს გოგო სტუდენტი იყო, ბიჭს დამთავრებული ქონდა.
მეთქი, როგორ არ შემიძლია. ძალიან ადვილია, რუქა ვიცოდი და დიდ ფურცელზე
დავხატე ბოლნისი, ქუჩები. დავაწერე სახელები. ამ ქუჩას რა ქვიაო, მეუბნება. მე ვუთხარი
_ რუსთაველის ქუჩა. აი, ესა ყვავილების ქუჩა იყოო. ამას რა ქვიაო, მე ვუთხარი _ სააკაძის
ქუჩა, აი ეს ნიკოლოზის ქუჩა იყო ჩემ დროსო. ამას რა ქვიაო, მე ვუთხარი ლენინის-თქო.
აი, იმ ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე მე და მეთქი აქ, აი ამ
ადგილას, ამ კუთხის სახლში მე ვცხოვრობ-მეთქი. ვაიო, ასე აქედან გადამითვალა ერთი
ათი სახლი, ასე გააკეთა Одинъ дом, два дом, три дом და აი, ამ მე-12 სახლში მე
ვცხოვრობდიო. ცრემლები წამოუვიდა.

ტურისტებად ჩამოდიან ბევრი. 1000-1200 კაცი ჩამოდიოდა 2012 წლამდე. იმის მერე კიდე
მოიმატა. აი, ძალიან ბევრი მოსულა, ვიზიტკებიც მაქვს. ახალგაზრდა ბიჭი იყო, გვარად
პალმერი. ბაბუაჩემი ცხოვრობდა ამ ქუჩაზეო, ამ სახლში ნამყოფიაო და ნახვა მინდაო.
ავიღე რუქა, გადავუშალე. ჰოდა, ასე მითხრა, რომ მეოთხე სახლია სააკაძის ქუჩაზეო.
მივედით. მასპინძელი გამოვიდა, გოგონა, ბავშვთა ბიბლიოთეკაში მუშაობს და მეთქი,
გერმანელი სტუმრები არიან, თავის სახლს ეძებენ და პალმერები ხო არ არიანო.
შეგვიყვანა ამ დიასახლისმა და გამოგვიტანა წიგნი. თურმე ამ ბიჭის ბაბუა ყოფილა
ჩამოსული და უჩუქებია ოჯახისთვის ეს წიგნი. აკოცა იმ ბიჭმა ამ წიგნს. ბაბუა ყოფილა აქ
90-იან წლებში, მოხუცი კაცი იყო, საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, მაშინ ჩამოვიდა . ამ
ქალმა, მასპინძელმა გაშალა პურმარილი, ვიჩინაც ჰქონდა გერმანულ ყაიდაზე
გაკეთებული და იმ ბიჭს მოეწონა ძალიან. ცოტ-ცოტა არაყიც დავლიეთ. ეს ბიჭი ძალიან
ბედნიერი წავიდა, ვიზიტკა დაგვიტოვა მეც და იმათაც, კიდევ ჩამოვალო. ახალგაზრდა
ბიჭი იყო, 35 წლის.

მოკლედ, ძალიან მაგარი ხალხი იყვნენ. აქ მაზნიაშვილიც იყო, გენერალი. 18 წელს ხომ
იყო საქართველო-სომხეთის ომი. აქ შემოვიდნენ სომხები, მაგრამ გერმანელები მაგრად
დახვდნენ და რითი გადაირჩინეს თავი, იცი? ამათ უთხრეს, რომ 1910 წელსო, თურქეთში
გენოციდი რომ იყო, იქედან გამოქცეული სომხები ეხლა ცხოვრობენ ჩვენთან აქ, ისინი
ჩვენ მივიღეთო აქო, ძმაო, დავუმალეთო თათრებსო და არ მივეცით მაგათი მოკვლის
ნებაო და თქვენ აქ როგორ მოდიხართო. რა გინდათ, თქვენ თუ ქართველებს ეომებით,
ჩვენ გერმანელები ვართო, იარაღი ჩვენც გვაქვსო. ჰოდა, მოლაპარაკებაში სომხებმა
არაფერი არ დაუშავეს, მაგრამ მეორე დილით შემოვიდა მაზნიაშვილი . შემოვარდნენ
ქართველები თუ არა, გაიქცნენ სომხები, სდიეს და დახოცეს.

ის ძალიან ცუდი ქნეს კომუნისტებმა, რომ მაგათი სასაფლო გაასწორეს მიწასთან. 60-იან
წლებში იყო ეგ. ეხლა საბავშვო ბაღია იქა. მე პირველ კლასში ვიქნებოდი, ბავშვები
იძახდნენ წავიდეთ სასაფლაოზე, სასაფლაოს ასწორებენო, ოქროს საათებს და კბილებს
პოულობენო. ეკლესიაც ხო გადაანგრიეს, 24 მეტრი მოანგრიეს. ვინც დაანგრია, ერთ
წელიწადში სუყველა გარდაიცვალა რაღაც უცნობი დაავადებებით . მათ შორის ერთი კაცი
იყო, ის დაკუტდა. თვითონ დაკუტდა და 18 წლის შვილიც დაუკუტდა. მერე წავიდნენ ისინი
ბოლნისიდან. კოლმეურნეობის მუშები იყვნენ, ვინც დაანგრია.
ფოტო 1: კატარინენფელდის რუკა, ნათელა გრიგოლიას პირადი არქივიდან.

სახლი
ნათელა გრიგოლია
ფოტო: 2. უცნობი მეგობრის წერილი ანა ვახვახიშვილს, ნათელა გრიგოლიას
პირადი არქივიდან

უდანაშაულოდ ტანჯვა უკეთესია, ვიდრე დანაშაულის ჩადენა.

სახლს სისუფთავე ამშვენებს.

სახლის ღირსება _ სტუმართმოყვარეობაა.

სახლის კურთხევა _ ღვთისმოსაობა.

სახლის ბედნიერება _ კეთილდღეობა.

იყავი ბედნიერი და კმაყოფილი, როგორც ბატი შვრიის ნამჯაში.

მე სტალინგრადის ბრძოლების დროს დავიბადე. მამა მანდ დაიღუპა. ბრონი ქონდა ,


შეეძლო დარჩენილიყო, ომში არ წასულიყო, მაგრამ არაფრით არ დარჩა. მამას არ
გაუგია ჩემი გაჩენა. წერილებში კი წერდა დედაჩემს, გაუფრთხილდიო, თუ მეღირსა
ჩამოსვლა, ჩვენს შვილს ერთად გავზრდითო, მაგრამ… მამა რომ დაიღუპა, დედაჩემი
ჩემზე 5 თვის ორსული იყო. არც გათხოვილა მას შემდეგ.

დედამ და მამამ აქ, ბოლნისში გაიცნეს ერთმანეთი. მამა მთავარი მიწათმომწყობი იყო ,
წარმოშობით სამტრედიელი. დედა _ ანა ვახვახიშვილი, დიდგვაროვანი ოჯახიდან.
თავიდან თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა, როგორც
მეტყევე, აქ განაწესეს სამუშაოდ. დედა 7 წლის იყო, ბოლნისში რომ ჩამოვიდა. ბაბუაჩემი
37-ში დახვრიტეს. ჩვენ გვეგონა, ციმბირში გადაასახელს. მერე საბუთები რომ ამოვქექეთ
კაგებეში, აქა და იქა, ვნახეთ, 17 ნომებერს რომ წაიყვანეს, 18-ში უკვე დაუხვრიტავთ
არგასახარებლებს. დედაჩემს სულ ეშინოდა, სულ დევნიდნენ ჩვენ ოჯახს, მენშვიკია ,
ხალხის მტერიაო. მოკლედ, ტრაგიკული ბედის ვიყავით.

დედას კიდევ ორი უმცროსი ძმა ყავდა. ერთი, ლევანი, 18 წლისა დაეღუპა დიფტერიით.
მაშინ წამლები არ იყო და რადგან ბაბუაჩემი სულ დევნაში იყო, ნათესავები მის
გასვენებაშიც არ მოვიდნენ. ყველას ეშინოდა. გერმანელებმა დაკრძალეს ჩვენი
საყვარელი ლევანი. ვაიმე, როგორ ბიჭი იყო, არაჩვეულებრივი, ლამაზი. რა გერმანული
იცოდა და რა ფეხბურთი. გერმანელების გუნდშიც თამაშობდა.

დედაჩემი გერმანლებთან ერთად სწავლობდა, მათ სკოლაში დადიოდა. მერე თვითონ 70


წლის განმავლობაში ასწავლიდა გერმანულს. პირველი გერმანისტი იყო, სხვათა შორის.

ძალიან მეგობრობდა დედა გერმანელებთან. რო დაურეკავდნენ, ანხენ, ანხენ, სულ ასე


ეუბნებოდნენ. იმდენად შეყვარებული იყვნენ მისი მეგობრები ბოლნისზე, საქართველოზე,
დედაჩემზე.
ფოტო 3: ანა ვახვახიშვილი, (ზემოთ, მარჯვნივ), გერმანელ თანაკლასელებთან ერთად,
ციფრული ფოტომატიანე, საქართველოს ეროვნული ბიბილიოთეკა.

მე ვცხოვრობ
იულია ფერენგერი

წელს 80 წელი გამიხდა. დავიბადე გლეხის ოჯახში. დედა ლამპარტერი იყო, მე


ფერინგერი ვარ. დედ-მამა კოლმეურნეობის წევრები იყვნენ. მამა თავიდანვე
ავადმყოფობდა და გარდაგვეცვალა 39 წელიწადში აქ, გერმანელებში . დედა მარტო
დარჩა გაჭირვებაში ორი ბავშვთან ერთად _ მე და ჩემ დასთან. გერმანელებს წესი აქვთ _
ყველამ თავის თავს თვითონ უნდა მოუაროს. მამას ნათესავები უფრო შეძლებულები
იყვნენ, მაგრამ ახლოს არ გვეკარებოდნენ. ცივი ხალხი იყო. ბაბუა, ბებია დედას არ
ეხმარებოდნენ. დედას მამა თეთრწყაროელია, ასურეთიდან. ის თვითონ 8 შვილის
პატრონი იყო და რამდენი შეეძლო ეხმარებოდა დედაჩემს და საწყლად-საწყლად
ვაშენებდით ამ სახლს.

40 წელიწადში უკვე იყო ლაპარაკი, რომ გერმანელები უნდა გასახლდნენ აქედან. მე


მაშინ ვიყავი სამი წლისა. როგორც დედაჩემი ყვებოდა, ბებია _ მამის დედა ძალიან
აძალებდა თურმე, რომ გათხოვილიყო. ამ დროს ბაბუაჩემთან, ესე იგი, მამის მამასთან
მუშაობდა ერთი ქართველი კაცი _ ფურცელაძე, მუშად იყო. ჰოდა, სულ ეჩიჩინებოდნენ
დედას, რა გინდა მარტოხელას ორ ბავშვთანო, აგერ, წაყევი ცოლადო. დედაჩემი უარზე
იყო. რად მინდა, ძლივს ბავშვებს ვუვლი, არ მინდაო. ასე თუ ისე, მაინც დააძალეს და
გათხოვდა. გაყვა ამ კაცს. სამი თვის მერე, მაისში ეს კაცი ჯარში წაიყვანეს. ივლისის
დასაწყისში ცნობა მიიღო, რომ მოკლეს. დაიღუპა ჯარში. დარჩა დედაჩემი მარტო.

დადგა სექტემბერი. სექტემბერში ხალხს უკვე ამზადებდნენ წასასვლელად . დედაჩემი


როგორც ყვება, მისცეს 24 საათი. ყველანი ვიყავით მომზადებულიო, მაგრამ გერმანელები
ისე შეაგონეს, რომ, რასაც აქ დატოვებ, იქ მოგცემენო. მოდიოდნენ ოჯახში, აღწერავდნენ
ყველაფერს, რაცა გაქვს, რაც არა. დედას უთხრეს, შენო ნუ გეშინიაო, ვინაიდან
ქართველი ქმარი გყავსო, შენ დარჩებიო. დედაჩემს არა სჯერავდა. ჰოდა, რაღაც 24
საათში გაასახლეს, წავიდნენ. ამით დამთავრდა. დარჩა დედაჩემი ორი ბავშვით .
მთავრობა ძალიან გვაწუხებდა. ყოველ თვეში ერთხელ ეძახოდნენ დედას, ხელწერილს
ართმევდნენ, რომ გერმანელებთან კავშირი არ ქონებოდა. ამის შიშით დედაჩემს
არავისთან კავშირი არა ჰქონდა. ძალიან ჩაგრავდნენ დედაჩემს. რამდენჯერ
გამოგვიძახეს, რამდენჯერ 24 საათი ვიყავით კაგებეში, დედას ჩვენც მივყავდით . სულ
ტიროდა დედაჩემი, რა ვქნა, როგორ მოვიქცეო. ასე ვიწვალეთ, წვალობდა დედაჩემი.

მუშაობდა ისევ აქ, კოლმეურნეობაში. მე ბევრი რამე აშკარად არ მახსოვს, მხოლოდ ის


ვიცი, რომ ძალიან გვიჭირდა. დედა ძროხას ინახავდა და ამით გაგვიყვანა ეს ორი ბავშვი .
რომ ნახა, ასეთ ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, დედაჩემი ისევ გათხოვდა ქართველზე. იმ
ქართველს ყავდა სამი შვილი და ჩვენ ორნი _ ხუთ ბავშვს ინახავდა როგორც ოჯახის
ქალი. ის კაციც გვეხმარებოდა, როგორც კაცი. უკვე დედას ისე აღარ ჩაგრავდნენ და
ჩვენც თავში არავინ გვირტყავდა. აღარ გვეძახოდნენ გერმანელებო, ფაშისტებოო. ამ
კაცმა, ასე თუ ისე, შეგვინახა. 7-8 წლის ბავშვი ვიყავი და მჭადი გვქონდა, ჩემთვის მეტი
არაფერი იყო საჭირო.

ეს კაცი 5 წელში დაიღუპა. დარჩა დედაჩემი ისევ მარტო. წამოგვიყვანა ჩვენს პატარა
სახლში და აქ ვცხოვრობდით. ამასობაში მე სკოლაში წავედი. გვიჭირდა. ძალიან
გვიჭირდა. მერე ჩემი და წამოიზარდა. ჩემზე 4 წლით უფროსი იყო ჩემი და. ცოტა
წამოიზარდა ის, ცოტა ის ეხმარებოდა, ცოტას მე ვეხმარებოდი ოჯახში. დედა
კოლმეურნოებაში აგრძელებდა მუშაობას. 49 წელში გააგდეს კოლმეურნეობიდან და
წაგვართვეს ყველაფერი. ავდმყოფობდა, წნევა ქონდა და გონებას კარგავდა ძალიან
ხშირად. ძალიან ცუდად იყო და ვერ გამოიმუშავა „ტრუდა დნი“. მაშინ იყო, აუცილებლად
უნდა გქონოდა „ტრუდა დნი“. ვერ გამოიმუშავა, ამის გულისთვის გააგდეს და
წაგვართვეს საკარმიდამო. მერე, ჩემი და რომ წამოიზარდა, დაიწყო მუშაობა. პატარა
ფეხი გაიდგა. 17 წლის იყო ჩემი და, მოატყუილეს სამსახურში და ჩასვეს ციხეში. ეხლა
ამის წვალებაში ვიყავით. სანამდი გაიმართლა თავი და გამოვიდა, სტალინიც მოკვდა . 53-
ში გარდაიცვალა სტალინი, 56-ში მე დავამთავრე სკოლა. ჰოდა, უკვე ცოტ-ცოტა შეიცვალა
მდგომარეობა და გავიმართეთ წელში.

სტალინის სიკვდილი მახსოვს. რაც ჩვენ ვტიროდით, რაც ჩვენ ვჭყაოდით. მთელი სკოლა,
მთელი ბოლნისი, რაიკომის წინ ვიყავით შეკრებილები. ხმით ვტიროდით. ორი დღე ასე
ვტიროდით. სტალინის სიკვდილი _ ჩვენთვის ეს იყო დიდი ამბავი, მაგრამ მერე 56-ში,
ახალგაზრდები რომ დახვრიტეს თბილისში, იმის მერე გაგება შეგვეცვალა იმ
ცხოვრებაზე...

მერე დავამთავრე სკოლა. ორი წელიწადი უმაღლესში ვსწავლობდი უცხო ენის


ინსტიტუტში, მაგრამ შეძლება არ იყო და მივანებე თავი. მერე გავთხოვდი, ძალიან
„ნეუდაჩნად“ როგორც იტყვიან. საერთოდ, უბედურს უბედურება დაჰყვება. მაგის
ვარიანტი არ არი, რო ბედნიერება დაჰყვეს. ათი წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად . ბავშვი არ
შეგვეძინა. მერე დავიწყე მუშაობა. 69 წელიწადში თბილისში გადავედი საცხოვრებლად .
იქ ვმუშაობდი. იქ ვიყავი და მერე იქ მომცეს ბინა _ ერთოთახიანი. ერთი 7 წელი იქნება,
რაც დავანებე მუშაობას თავი. სხვადასხვა ორგანიზაციაში ვმუშაობდი, სამხედროებშიც
ვიყავი ბუღალტრად.

არეულობა რომ იყო საქართველოში, მაშინ გავაკეთე საბუთები გერმანიაში


წასასვლელად. მომცეს ნებართვა, მაგრამ დედაჩემმა თქვა, მე აქედან არსად არ წავალო,
ეს ჩემი სახლ-კარია, ჩემი მიწა, აქ გამასვენეთ და მერე წადით, სადაც გინდათო. დავრჩით
და დავრჩით ასე...

ბავშვობიდან რა მახსოვს? აი, გერმანელები რომ გადაასახლეს, ის პერიოდი ცოტათი


მახსოვს. 4 წლისა ვიყავი, მეხუთე წელიწადში. ეს სახლები სულ მიტოვებული იყო
უაპტრონოდ. დავდიოდით იმ სახლებში, ხან ფანჯარას ჩავამტვრევდით, ცოტა სიმინდს
მოვიპარავდით. შემოდგომა იყო და გერმანელებს მოსავალი _ ყველაფერი სახლში
ქონდათ უკვე შეტანილი. დღევანდელი დღესავით მახსოვს, არ დამავიწყდება _ ერთ
მიტოვებულ სახლში კატა იყო უპატრონოდ ჩაკეტილი, მშიერი. წავედით მე და ჩემი და,
ჩავამტვრიეთ ფანჯრები და წამოვიყავნეთ ის კატა. იმ კატას ვინახავდით სულ , ჩვენი კატა
გახდა, ჩვენთან იყო.

გაჭირვების მეტი არაფერი არ მახსოვს. ქურდობა და მაიმუნობა იყო ომიანობის დროს.


ყველგან. ყველასთვის ასე იყო. მარტო ჩვენთან კი არა. ეს მახსოვს და ეს მიტოვებული
სახლები. შიმშილობა მახსოვს. ერთი ლუკმა ჭადი რომ გვქონებოდა, ერთმანეთს
ვაკბეჩინებდით ბავშვები. 41-ში და 42-ში რომ ჩამოსახლდნენ ქართველები, ისინიც,
როგორც ჩანს, ღარიბები იყვნენ, არ ქონდათ არაფერი. მანამდე ის სახლები,
გერმანელების, გაიძარცვა. ღამით ძარცვავადნენ. არავინ სჯიდათ.

ქართველები რომ ჩამოვიდნენ, მაგათ სულ სხვა წესი აქვთ ერთმანეთთან, მჭადი ქონდათ
თუ ლობიო ქონდათ, თუ ფხალი ქონდათ თუ რა, ერთმანეთს უწილადებდნენ. წინათ
ხალხი უფრო კეთილი იყო, სხვა დამოკიდებულება ქონდათ. რომ ხედავდნენ, დედა
მარტოხელა ქალია, ხან ლურსმანს მიუჭედებდნენ, ხან რაღაცას მიეხმარებოდნენ. ახლა
ფულითაც რომ გინდოდეს, არავინ არ მოდის, არავინ გეხმარება...

დედა ძალიან მშრომელი იყო. ძალიან. მეტისმეტად. დღე და ღამე შრომობდა საწყალი
ქალი. სულ შრომაში იყო, სულ ტანჯვაში იყო. მაინც მარტოხელა ქალი… მიწაზე
მუშაობდნენ კოლმეურნეობაში. ქალები და კაცები ერთად მუშაობდნენ. დილას 6 საათზე
ურემი მოდიოდა, ცხენებს ჩააბამდნენ, იმ ურმით მიყავდათ ქალები. ჩვენ, ფაქტიურად,
დედაჩემმა გაგვზარდა მინდორში. მივყავდით, აბა, სახლში ხომ არ დაგვტოვებდა
მარტოკა?! ეს კარგად მახსოვს, თოკს ჩამოკიდებდა ხეზე, გააკეთებდა საწოლს, იმაში
მაწვენდა და ჩემი და მაკაჩავებდა, რომ არ მეტირა. ეს მახსოვს, მეტი არაფერი. რომ
წამოვიზარდეთ, მერე ჩვენც ვეხმარებოდით ბავშვები კოლმეურნეობაში. დედას
მივყავდით სკოლის მერე ანდა შაბათ-კვირას სათბურებში, სადაც კიტრი, პამიდორი
მოყავდათ... მივდიოდით, ვეხმარებოდით, მწვანილის ამოღებაში, მორწყვაში … თუ არ
გვქონდა გამომუშავებული, მგონი 120 სამუშაო დღე უნდა ყოფილიყო, არ გაძლევდნენ
არაფერს. დილას, უთენია მივდიოდით და საღამოს მოვდიოდოთ. საჭმელი სახლიდან
მიგვქონდა. ზოგჯერ ერთად ვჭამდით, ზოგჯერ ცალ-ცალკე.

აი, ასე იყო. ასე წვალებ-წვალებით. ნათესაობა სულ დავკარგეთ. ოღონდ, 55 წელიწადში
დაბრუნდა დედაჩემის მამა ყაზახეთიდან და ჩვენთან ცხოვრობდა , სანამ გარდაიცვალა .
მარტო დაბრუნდა. დანარჩენები იქ მოკვდნენ შიმშილით. იქ მარტოკა იყო და მერე
წამოვიდა. რომ ჩამოვიდა, ძალიან დაბეჩავებული იყო. რომ ყვებოდა, ვგიჟდებოდით ,
ისეთ რამეებს ყვებოდა, რომ მკვდარ ძაღლებსა და მკვდარ კატებს სჭამდნენ. ძალიან
უჭირდათ. ბევრი შიმშილისგან მოკვდა. ჩასახლდნენ იქ, სოფლებში. სადღაც ჩაასახლეს
და იქ შახტაში მუშაობდა. 75 წლის იქნებოდა, რომ დაბრუნდა. აქ გარდაიცვალა . ისე
უხაროდა რომ ჩამოვიდა, ისე უხაროდა. აღარ მოვკვდებიო. ერთი ათი წელიწადი
იცოცხლა. მერე მოკვდა.

კიდევ ეკლესია მახსოვს. ძალიან პატარა რომ ვიყავი, დედას ეკლესიაში დავყავდით .
ყოველ კვირა დღეს ჩაგვაცმევდა ლამაზად თეთრ კაბებს, პატარა ჩუსტიკებს და
მივყავდით ეკლესიაში. ეკლესიაში ისეთი მუსიკა იყო, საოცარი! სიწყანრე და სისუფთავე
იყო. დაგვსვამდა დედაჩემი, დამთავრდებოდა ღვთისმსახურება და წამოგვიყვანდა
სახლში. ყოველ კვირა დღეს აუცილებლად მივყავდით ეკლესიაში. მეორე ეკლესია იყო
სასაფლაოს შესასვლელში. ისე ლამაზად იყო გაკეთებული. არკა იყო. არკის გევრდით
იყო პატარა სახლი. იქვე იყო ეკლესია, მიცვალებულიც რომ მიყავდათ, იქ ასვენებდნენ.
ძალიან ლამაზი სასაფლაო იყო, სულ მწვანეში, მერე უპატრონოდ რომ დარჩა…
დაანგრიეს და სახლები ააშენეს. ესაა ჩვენი ცხოვრება…

ჩვენი ენა შვაბურია. კუთხური ენაა. მერე, უკვე აქ რომ ვცხოვრობდით, ენა შერეული
გახდა. ზოგი სიტყვა აღებული იყო, რუსული და გერმანული, რაღაც შერეული გახდა. ენამ
ცვლილება განიცადა. დედას ხელწერილი ქონდა დადებული, რომ გერმანულად არ
ილაპარაკებდა. არც მიწერ-მოწერა შეიძლებოდა, დაბეზღების გვეშინოდა . დედამ ხო არ
იცოდა თითქმის სხვა ენა, გერმანული იცოდა მარტო და რაც შეეძლო გველაპარაკებოდა .
რუსული სულ არ იცოდა დედამ. ნელა-ნელა შეისწავლა. საუბარი მაინც თავის ენაზე
დაიწყო ჩვენთან.

შვაბურად ვთქვა რამე? აბა, რა გითხათ. ჩვენ რაღაცნაირი გადატეხილი ენა გვაქვს...

აი, მაგალითად, მე ვცხოვრობ არის იჰ ლებ.

ჰო. იჰ ლებ.
ფოტო 3: იულია ფერინგერის მამა, ფერინგერი, მარჯვნიდან მეორე, იულია ფერნგერის
პირადი არქივიდან.

წაღები მილიციის უფროსისთვის


ვიქტორ შანინი

მე ვიქტორ პეტროვოჩ შანინი ვარ. დედაჩემს რეგინა ერქვა, რეგინა გენრიხოვნა


ვაისბერგ. დედაჩემის მხრიდან ყველა გერმანიაში წავიდა. მანამდე კიდე ყველა
გადაასახლეს ყაზახეთში, უზბეკეთში. ზოგი სად, ზოგი სად. დედას ყველა ნათესავი
გადაასახლეს, დედაჩემს რახან უკვე რუსული გვარი ქონდა, არ გადაასახლეს. ვისაც
გერმანული გვარი ქონდა, ყველა გადაასახლეს. ღამით მოვიდა მანქანა და წაიყვანა
ყველა. რისი წაღებაც შეძლეს, წაიღეს. დანარჩენი ყველაფერი აქ დარჩათ. შემოდგომა
იყო, ახლად აღებული მოსავალი დატოვეს. ორტონიანი კასრები ქონდათ, 3-4 კასრი
ჰქონდათ ასეთი ორტნონიანი, ღვინით სავსე. მოვიდა მილიცია და დალუქა ეს კასრები.
მორჩა, იმას ვერვინ მიეკარებოდა. მოვიდნენ და ეს კასრები სამტრესტმა წაიღო, ღვინო
კიდე ვინ წაიღო და ვინ დალია, ვინ იცის.

მერე ბიძაჩემმა ყველა მოძებნა ყაზახეთშიც, უზბეკეთშიც და ლაგოდეხში წამოიყვანა ,


მარა ლაგოდეხში არ შემოუშვეს იმიტომ, რომ საქართველოდან გადასახლებულებს არ
უშვებდნენ, არ შეიძლებოდა. ამიტომ ბელაქანში, აზერბაიჯანში დასახლდნენ,
ლაგოდეხთან ახლოს. დედამისიც კი, 95 წლის რომ იყო, მოძებნა და ჩამოიყვანა. ყველა
მანდ შეიკრიბა. მერე ბიძაჩემიც მოკვდა, ბიცოლაჩემიც. მერე ზოგი გერმანიაში წავიდა .
რომ მიდიოდნენ, მეც ვნახე ეგენი, დავემშვიდობე. 1980-იან წლებში წავიდნენ. სახლი
გაყიდეს და წავიდნენ. გორბაჩოვი იყო მაშინ. მეც მითხრეს წამოდიო, მაგრამ დავბერდი ,
აქ მივეჩვიე, სად წავიდე. აქ მომწონს.

მამაჩემი საქართველოში სარატოვიდან ჩამოვიდა. 1933 წელს იქ სტალინური


კოლექტივიზაცია იყო, მდიდრები გააკულაკეს. მამაჩემის ოჯახი კომუნისტები არ იყვნენ,
კაპიტალისტები იყვნენ. 2 ცხენი ყავდათ და 4 ძროხა, ესე იგი კაპიტალისტები იყვნენ, ასე
ჩათვალეს და გააკულაკეს. მამაჩემის და მაშინ თბილისში ცხოვრობდა. თბილისელ
გერმანელზე იყო გათხოვილი. ჰოდა, მშობლებმა მისცეს ათი ოქროს თუმანი, უთხრეს,
წადი შენ დასთანო. ჰოდა, ჩამოვიდა აქ თავის დასთან, თბილისში. დის ქმარს კიდე აქ,
ბოლნისში, ნათესავები ყავდა. ჰოდა, აქ მოიყვანეს. ლუქსემბურგი იყო აქ, გერმანული
კოლონია და აქ მოეწყო სამუშაოდ. მეწაღე იყო, გერმანელებს ფეხსაცმელებს უკერავდა .
ეგ იყო მისი პროფესია. ერთ ღამეში ტყავის ფეხსაცმელს კერავდა. სულ ბრწყინავდა იმ
ფეხსაცმლის ტყავი და ერთ ღამეში კერავდა რამდენიმე წყვილ ტყავის ფეხსაცმელს ,
წაღებს. დილით იმათი კერვა არ შეიძლებოდა. არ იყო კანონიერი. ზოგი კლიენტი ისეთი
ყავდა _ მილიციის უფროსი, შეკვეთას აძელვდნენ, ის მერე უფასოდ უკერავდა და მერე
ისინი მფარველობდნენ, ხელს ვერავინ ახლებდა. ასე ცხოვრობდა. აბა, ისე შეგეკერა და
გაგეყიდა, მაშინვე დაგიჭერდნენ და ციხეში ამოგაყოფინებდნენ თავს! მამაჩემის დის
ქმარი, გერმანელი, ისიც ფეხსაცმელებს კერავდა, მაშინ ხო მაღაზიები არ იყო. ტუფლებს,
ბასანოჟკებს _ ყველაფერს კერავდნენ. ჯერ დახატავდნენ და მერე კერავდნენ. ალბომი
ქონდათ ამ დახატული ტუფლების და ვის როგორი უნდოდა, ამოირჩევდა, შეუკვეთავდა
და მერე კერავდნენ. ზინგერის საკერავი ქონდა, კერავდა და ყიდდა ხან ლეგალურად, ხან
არალეგალურად, ხან კიდე უფროსობას უფასოდ აძლევდა და ასე.

მე რო დავიბადე, მერე უკვე მამაჩემი სავხოზში კერავდა. ინვალიდი იყო, ფეხი ქონდა
მოტეხილი, ჯოხით დადიოდა. ჰოდა, იმ სავხოზში კერავდა, იქ მუშაობდა კანონიერად
უკვე, ხელფასსაც აძლევდნენ, ყველაფერი. მამაჩემი ინვალიდი იყო და დედაჩემიც
ავადმყოფობდა. მძიმე ბავშობა მქონდა. არ იყო ადვილი. მამაჩემი რახან ინვალიდი იყო ,
მიწა მისცეს და იმ მიწას ვამუშავებდით. დედა დისახლისი იყო. ჩემ ძმას კი ასწავლა
გერმანული. ჩემი ძმა ჩემზე უფროს იყო. მე 43 წელს დავიბადე, ჩემი ძმა ათი წლით იყო
ჩემზე უფროსი. ვალოდიამ იცოდა გერმანული, მაგრამ მერე აღარ იცოდა. სკოლაში
დაუწყეს გაჯავრება _ ფაშისტო, ფაშისტოს ძახილი. მოდიოდა მერე სახლში და ტიროდა.
ომი იყო ახალი დამთავრებული.

დედაჩემი აქ, ბოლნისში დაიბადა. ოჯახში შვიდი თუ რვა ბავშვი იყო. მამა მოუკვდათ,
იმათაც უჭირდათ. დედაჩემი რუსულად ლაპარაკობდა, გერმანულად კიდე შვაბურად
ლაპარაკობდა, ეგენი ხო შვაბიიდან იყვნენ. შვაბები არიან ეგენი, გერმანელები კი არა .
დიდი ბიბლია ქონდა, იმას კითხულობდა. ხატებიც ქონდა. ამ ბიბლიას კიდე არავინ
უშლიდა, ვინ გაიგებდა იმათ ენაზე დაწერილს ბიბილიაა თუ რაა. შვაბურად იყო ეგ
ბიბლია გერმანულად კი არა, ისეთი იეროგილფები იყო შიდ, ვინ წაიკითხავდა და ვინ
გაიგებდა. ხატებზე მაშინ ლოცულობდა, როცა სახლში არავინ იყო. ვერავინ ვერაფერს
იგებდა.

დედაჩემი 79 წელს მოკვდა, კიბო ქონდა. მაშინ კიბო არ იკურნებოდა. საავადმყოფოში


რომ წავიყვანე, მითხრეს, რომ არაფერი ეშველებოდა. ლაგოდეხშია დაკრძალული.
დედაჩემი ძაან კარგ ნამცხვრებს აცხობდა. ატმით, ქლიავით. ღუმელში აცხობდა. დიდი
ღუმელი გვქონდა. ახლაც მახსოვს იმ ნამცხვრების სუნი.

(ფოტო 4: ვიქტორ შანინი, მარჯვნიდან მეორე მშობლებთან ერთად, ვიქტორ შანინის


პირადი არქივიდან)

Tamara, bist du da?


თამარა სააკოვი

ბოლნისში დავიბადე, 1937 წელს. აქედან მოყოლებული ვცხოვრობ ბოლნისში. ჩემი დედა,
ბებია-ბაბუა _ ყველა ბოლნისელები იყვნენ. არასდროს არსად წასულან, ბოლნისში
ცხოვრობდნენ. მამაჩემი სომეხი იყო, ბოლნისში მუშაობდა. გერმანელზე დაქორწინდა ,
დედაჩემზე და ცხოვრობდნენ აქ. დედაჩემი 1900 წელს დაიბადა. 16 წლის იყო, რომ
გათხოვდა. მამაჩემი ლტოლვილი იყო. როცა თურქები დაესხნენ თავს, სომხეთიდან
გამოიქცა და მოვიდა ბოლნისში. მისი მშობლები მოკლეს, მარტოკა დარჩა. ბოლნისში
რომ მოვიდა, ასე, 20 წლის ბიჭი იქნებოდა. მერე იურისტად მუშაობდა ბოლნისის
პროკურატურაში. 1945 წელს მოკვდა იმიტომ, რომ მისი შვილი მოხალისედ წავიდა ომში
41 წელს, 18 წლის ბიჭი, ჩემი ძმა. 18 წლის წავიდა ომში მოხალისედ მამის თანხმობის
გარეშე. ამან ძალიან იმოქმედა მამაჩემზე და ნერვიულობისგან დაიღუპა .

და-ძმანი ხუთნი ვიყავით. მარტო მე და ჩემი უფროსი და დავრჩით, სოფია. ჩვენ ორნიღა
დავრჩით, ყველა მოკვდა დანარჩენი. დედას გენრიეტა ერქვა, გვარი იყო ქეჩიკ. იცი,
როგორ გაიცნეს ერთმანეთი? გერმანელებს ქონდათ ასეთი წესი, ყოველ შაბათ-კვირას
ქონდათ პრაზდნიკები, იკრიბებოდნენ მინდორში, ეკლესიის ახლოს. ეკლესიათან დიდი
მწვანე მინდორი იყო, ყველა გერმანელი იქ იკრიბებოდა და თუ ვინმეს უნდოდა, სხვა
ნაციაც მიდიოდა იქ. სომხებიც იყვნენ იქ, აზერბაიჯანელებიც და აი , იქ გაიცნეს დედამ და
მამამ ერთმანეთი. მაშინ ყველა ძალიან მეგობრული იყო, ის, რომ რამე უთანხმოება
ყოფილიყო ერებს შორის, არ არსებობდა.

მამამ ისწავლა გერმანული, მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობდით, არ გვანებებდა .


ამბობდა რუსულად ილაპარაკეთ, ბავშებმა რუსული უნდა ისწავლონო. მაშინ ხო მარტო
რუსულად ვლაპარაკობდით. გერმანულს კი ვსწავლობდით სკოლაში, მაგრამ მაინც,
სახლში გერმანულად არ გვანებებდა ლაპარაკს. ამბობდა, გერმნულსა და სომხურს,
გაიზრდებიან და თვითონ ისწავლიანო, ახლა საჭიროა მხოლოდ რუსულიო. რუსულ
სკოლაში დავდიოდით ჩვენც. დედაც ლაპარაკობდა რუსულად. დედასთან ხან რუსულად
ვლაპარაკობდით, ხან გერმანულად. დედაჩემი მეშვიდე კლასამდე გერმანულ სკოლაში
სწავლობდა. იქ ყველაფერი ძალიან კულტურული იყო. ხშირად ამბობდა: აი, ეს ჩვენ
დროს არ ხდებოდა. ჩვენთანაც, რუსულ სკოლაშიც, სადაც მე ვსწავლობდი, სიმკაცრე იყო,
დისციპლინა იყო. ახლა კიდე არანაირი დისციპლინა არაა. ამას წინათ სკოლიდან
მეზობლის ბავშვის გამოსაყვანად მივედი, კინაღამ თავზე გადამიარეს. ისე დავიბენი , ეს
ბავშვები დარბიან, დარბიან, ლამის კისერი მოიტეხონ. მე ვიძახი: ვაიმეეე , აქ აღარ
შემოვალ. ჩვენ დროს ასე არ იყო. ან ახლა როგორ ყვირიან ეს ბავშვები, სკოლიდან რომ
გამოვლენ, რა ხმამაღალა ლაპარაკობენ. დაამთავრებენ სკოლას, მანქანებში ჩაჯდებიან
და გიჟებივით დაქრიან. აბა, ახლა ასე შეიძლება? თან შენიშვნასაც არავინ აძლევს. კი
ბატონო, იმხიარულეთ, მარა ასე ხმაური, ყვირილი შეიძლება? ამ მანქანიდან მთელი
ტანებით არიან გადმოკიდებული, არა ვარ მართალი?

დედაჩემსაც არ მოწონდა ასეთი რაღაცეები. ძალიან მორიდებული ქალი იყო, ძალიან.


იდეალური წესრიგი ქონდა სახლში, ეს ნივთი რომ აქ იდო, ესე იგი აქ უნდა ყოფილიყო.
დედა, ვეკითხებოდი, რატომ აკეთებ ასე, იყოს ეს აქ, რა მოხდა. არა, მეუბნებოდა, დილით
ადამიანი რომ გაიღვიძებს, ახალი საქმეები აქვს, ახალი დღე იწყება. ესე იგი, საჭიროა
საღამოთი ყველაფერი წესრიგში მოიყვანო. ჩვენ კი, ბავშვები... მე კიდე ჯერ ბავშვი ვიყავი
მაშინ, შაბათი დადგებოდა თუ არა, ჭურჭელი უნდა გვერეცხა, მაშინ თან ეს ფხვნილები ხო
არ იყო, არაფერი არ იყო. მარა წკრიალებდა ჩვენი ჭურჭელი. ეს ქვაბები და ჩაიდნები
გაგვქონდა ეზოში და ვხეხავდით. იცი რითი? ნახშირით. შეშა რომ დაწვებოდა, რაც
დარჩებოდა, იმითი. ვხეხავდით და ვხეხავდით. ისე ბრწყინავდა ყველაფერი . ახლა კიდე
ფხვნილებია, ყველაფერია… ახლა კიდე რა, ბავშვს გააჩენ და ყველაფერია, პამპერსი
ჩააცვი და მორჩა… მე მახოსვს, როცა ჩემი ბიჭი გავაჩინე, ძალიან გვიჭირდა. 1960 წელს
გავაჩინე ჩემი ბიჭი, სამსახურის მერე წყლის მოსატანად სად დავიოდი, იცი? ეე,
სასაფლაოს იქეთ. რომ მივდიოდი, არ ვიცოდი, ეს ბავშვი ვისთვის დამეტოვებინა.

პარკში მახსოვს კიდე, ჩემს პატარაობაში, იდეალური მუსიკა იყო. შაბათობით. ისიც
მახსოვს, როგორ ვცეკვავდი.ზემოთ პარკში დიდები ცეკვავდნენ, ქვემოთ _ პატარები.
ყოველ შაბათს, კვირას. ისეთი კარგი მუსიკა იყო, აკორდეონი უკრავდა. ამას მე ომის მერე
გეუბნებით. ომამადე კიდე, დედაც იხსენებდა, რომ ძალიან ლამაზი იყო იქაურობა. დედაც
იქ დადიოდა საცეკვაოდ. დაბრავოლსკებიც არიან აქ, ისინი ისე ცეკვავდნენ, იმდენს,
ტუფლებს იქ ტოვებდნენ, იმდენს ცეკვავდნენ. იულია იმდენს ცეკვავდა, ноги отбила она.
სუფთა იყო ყველაფერი, აკურატულად იყო, ნაყინსაც ყიდდნენ, ყველაფერი იყო, ახლა
კიდე მკვდარია იქაურობა. მუსიკა რუსული იყო, მე რო ვცეკვავდი და მანამდე
გერმანულიც იყო და რუსულიც. შედიხარ პარკში და ასეთი არკა იყო, თეთრი, თეთრი
პატარა ვარდების. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი. შუაში იყო ფანტანი. იმ ფანტანისგან
კი შემორჩა რაღაც. ვარდები აღარ არი. ბოლოს, აღარც მახსოვს, იმ პარკში როდის
ვიყავი. რომ წავიდე, რა გავაკეთო იქ. ბავშვები რომ პატარები იყვნენ, მაშინ სულ
დავდიოდით. კარუსელები იყო და უხაროდათ ბავშვებს. ახლა არი კარუსელები ? კიდე
კაი!

დედა ძირითადად გერმანულ საჭმელებს აკეთებდა. შემწვარი ქათამისგან ჟარკოის


აკეთებდა. იცი როგორ კეთდება ჟარკოი? ახლა გასწავლი. დაჭრი ქათამს. თუ ბებერია,
ჩადებ ქვაბში, ცოტა წყალს დაასხამ, რომ მოიხარშოს. თუ წიწილაა და რბილი, ეგრევე
უნდა შეწვა. როცა კარგად, ლამაზად შეიწვება _ კარგად უნდა შეიწვას _ პილპილსა და
მარილს მოაყრიან და მერე ასხამენ ღვინოს, თეთრ ღვინოს. ეს ღვინო იმდენი უნდა
დაასხა, რომ ქათამი დაიფაროს. კარგად დაახურავ თავსახურს იმიტომ, რომ ეს ღვინო
ორთქლდება. ასე 15 წუთი უნდა იყოს ცეცხლზე, მეტი არა და მერე ისეთია, გასაგიჟებელი.
წვენია ისეთ გემრიელი. პარალმენტიდან რომ იყვნენ ჩემთან სტუმრები თბილისიდან , ეს
რა არისო მითხრეს, გვასწავლე, გვასწავლე, როგორ გააკეთე ეს ქათამიო. ვასწავლე.
კიდე იცი რას აკეთებდა დედაჩემი? აი, ვთქვათ, მოხარშავდა ქათმს და ის ნახარში
ცხიმინია, იქ ვერმიშელს ჩააწყობდა მერე, სახლში გაკეთებულ ვერმიშელს და ისეთი იყო ,
გასაგიჟებელი…

კიდე რა გითხრათ? მწვანე ლობიოს მოხარშავდნენ, წყალს გადაღვრიდნენ. კამას


დაჭრიდნენ და ნიორს და ცოტა ძმარს უზამდნენ და კაკალს. ეს ბლუდა ახლა ძაან
მოდაშია სომხეთში, კაკლიანი ლობიო. ტოლმა მახსოვს კიდე. ტოლმას ვამზადებდით.
როგორ მიხაროდა! როცა დედა ტოლმას აკეთებდა, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.

სახლში გემრიელი სადილი რომ იყო, ეს ისე კარგად მახსოვს, ისე მიხაროდა . გემრიელი
სადილიიი. მამა კიდე არცერთ შემთხვევაში არ გვაძლევდა უფლებას, ფანჯრის რაფაზე
დავმსხდარიყავით. მაინც ავძვრებოდით იმ რაფაზე, ვიყურებოდით, ბედნიერები ვიყავით ,
მამა მოვიდოდა თუ არა, ჩქარა-ჩქარა ჩამოვხტებოდით.

დედაჩემის მშობლები, დები ყველა გაასახლეს. მარტო დედაჩემი დარჩა აქ იმიტომ , რომ
სომეხზე იყო გათხოვილი. მაშინ მამაჩემი მუშაობდა პროკურატურაში. 3-4 დღით ადრე მან
უკვე იცოდა, რომ ამათ ასახლებენ. დედაჩემს ჩუმად უთხრა, რომ შენებს გაასახლებენო,
შენ დაგტოვებენო. დედამ დაიწყო ტირილი. უნდოდა თავისიანების ნივთები ჩვენთან
მოეტანა სახლში, მაგრამ მამამ არ დაანება. ერთი ნემსის მოტანის უფლებაც კი არ მისცა,
წარმოგიდგენია? ისეთი თანამდებობა ქონდა. ასე რომ, 3-4 დღით ადრე დედამ იცოდა,
მაგრამ არავისთვის შეეძლო ეთქვა, მშობლებისთვისაც კი.

გადაასახლეს და ზოგი გზაში მოკვდა. გემზე ვინც კვდებოდა, ზღვაში აგდებდნენ. ზოგი
შიმშილით მოკვდა. ერთი ნათესავი დამრჩა მარტო, ყაზახეთში ცხოვრობს, იქ დარჩა .
ვიცნობ. ჩამოვიდა ერთხელ, თავისიანებს ეძებდა. ჩვენ ისეთი გვარი გვაქვს, აუცილებლად
ერთმანეთის ნათესავები ვიქნებით. ქეჩიკ გერმანული გვარი არაა. სომხურია, იმიტომ
რომ ბაბუა მოიტაცეს აზერბაიჯანელებმა, წაიყვანეს აზერბაიჯანში . იქ უნდოდათ მოეკლათ
და უთხრეს, თუ გერმანულ გვარს აიღებ, ცოცხალს დაგტოვებთო. დაეთანხმა. ფაქტიურად
კი ქეჩოიანი იყო. ასე გახდა ქეჩიკ, მაგრამ მაინც გადაასახლეს, იმიტომ რომ ყველაფერი
უკვე გადაკეთებული იყო, იზრდებოდნენ როგორც გერმანელები. ბებიაჩემი _ დედის
დედაც გერმანელი იყო.

ფოტოები იმდროინდელი არაფერი არ დამრჩა. ყველაფერი მკაცრად იყო. ყველაფერი


უნდა გაგენადგურებინა. სამი წლის კი ვიყავი, მაგრამ ამ გასახლებიდან ცოტა მეც
მახსოვს. მახსოვს, როგორ ყვიროდნენ. ვფიქრობდი: ნეტა, რატო ყვირიან. ღამე მიდიოდა
მანქანა, ჩვენ გარშემო სულ გერმანელები ცხოვრობდნენ, ტვირთავდნენ ამ მანქანებს,
ვისაც რა შეეძლო, ის მიქონდა. ბევრი რამ აქ დარჩათ. რომ წავიდნენ, მერე ქურდობა
დაიწყო. ყველაფერი გამოქონდათ და სახლში მიქონდათ. დედაჩემი კიდე არ გაუშვეს,
თავისიანებისგან რამე წამოეღო. მახსოვს ერთადერთი მაგიდა. არ ვიცი, როგორ
მოახერხა ამ მაგიდის მოტანა. ისეთი მაგიდა იყო. დავიწყება არ შემიძლია . როგორც
დიდი სარკე. პატარა ხო ვიყავი და ვუყურებდი და ვაჰ, რა ლამაზია-მეთქი, ვიფქრობდი. ეს
მახსოვს, მაგრამ მერე სად წავიდა ის მაგიდა, არ ვიცი. გაყიდეს ალბათ.

ყველაზე დიდ დარტყმა მამაჩემმა იმისგან მიიღო, რომ შვილი ასე მოიქცა. იცი რატო
მოიქცა ასე? რუს ქალზე უნდოდა დაქორწინება. იმ ქალს კიდე თავისი შვილები ყავდა.
მამაჩემი ძალიან წინააღმდეგი იყო ამისი. ძალიან. არავითარ შემთხვევაშიო. გაბრაზდა
ჩემი ძმა. სახლში რაც ქონდა, ჩემოდანში ჩააწყო, ერთი ფოტოც არ დაუტოვებია.
ფეხბურთელი იყო. ეს რუსი ქალიც ბოლნისში ცხოვრობდა, მდინარესთან ბარაკები იყო,
იქ. სად წავიდა მერე, არ ვიცი. მე ყველაზე უმცროსი ვარ. მახსოვს ჩემი ძმა. მახსოვს,
როგორ მეთამაშებოდა. მუცელზე დამისვამდა, ძალიან მაღალი და ძლიერი იყო. ძალიან
ლამაზი იყო. ომში წავიდა მაგიტომ, რომ მამამ უფლება არ მისცა ცოლად ის რუსი ქალი
მოეყვანა. ეს იყო მისი ერთადერთი მიზეზი. ფეხბურთელი იყო, საუკეთესო. აქ, ბოლნისში
დიდი საფეხბურთო გუნდი იყო. საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მოხვია ხელი თავის
ნივეთებს და წავიდა და წავიდა. ქერჩში მოხვდა მაშინ, როცა ძალიან დიდი ომი მიდიოდა
იქ. ქერჩში დარჩა. იქ დაიღუპა.

ბურთს ვთამაშობდით ბავშვობაში. ოი, რა სიხარული იყო. ვისროდით ამ ბურთს,


დავტრიალდებოდით, მერე დავიჭერდით. ვმხიარულობდით. დღეს, მგონი, ბურთით ასე
აღარვინ მხიარულობს. ახლა უკეთესი სათამაშოები აქვთ. ეს კომპიუტერები,
ტელეფონები...
ახლა მე და ჩემი და ვლაპარაკობთ ხანდახან გერმანულად. არ გვანებებდნენ ადრე.
მკაცრად იყო ყველაფერი. ახლაა გერმანელი, გერმანელი, მაგრამ ადრე ხო არ იყო ასე .
ერთი ნათესავი მყავდა, სულ გერმანულად ლაპარაკობდა. თან სულ ხმამაღლა, ნე დაი
ბოგ და ავტობუსში ამოვა და ერთი ბოლოდან მეორეში დამიძახებს: თამარა, ბიშთ დუ და?
მეძახის. ვეუბნები: გოგო, ნუ ყვირი ამ გერმანულად. არ მიყვარდა, როცა გერმანულად
უცხო ადამიანებთან ერთად მელაპარაკებოდა. заткнись, ვეუბნებოდი. ნუ ლაპარაკობ,
გინდა ქართულად ილაპარაკე, გინდა რუსულად. Ну и что, ну и что, მეუბნებოდა, არ მინდა
და მორჩა. ამას წინათ გარდაიცვალა. იმდენს ვეჩხუბებოდი ხოლმე. გინდა გერმანულად
ლაპარაკი? სახლში ილაპარაკე. იმათ დაკრულზე ცეკვავო, ასე მეუბნებოდა. არ მიყვარს,
როცა ვინმე იტყვის: ნემეცი ნემეცი.

მაიორი და სასკოლო ჩანთა


ფარხად კაზიმოვი

აბა, რა მოვყვე? დავიბადე აქ, ბოლნისში, 1940 წელს, 9 აგვისტოს, შერეულ ოჯახში. მამა
აზერბაიჯანელი იყო, დედა _ გერმანელი. მამამ ბაქოში ისწავლა, მერე აქ ჩამოვიდა და
მუშაობა დაიწყო, ტექნიკუმში ასწავლიდა. მერე დედამ და მამამ ერთმანეთი ნახეს,
შეუყვარდათ და... 41 წელს, როცა ასახლებდნენ აქედან გერმანელებს, ქალები,
რომლებიც არაგერმანელებზე იყვნენ გათხოვილი, დატოვეს, არ გადაუსახლებიათ . ასე
რომ, დედაჩემი და მისი ორივე და აქ დარჩა. დები სომხებზე იყვნენ გათხოვილი. ერთს
ქმარი ბუღალტერი ყავდა, მეორე ენკავედეში მუშაობდა. ჩემს დაბადებამდე , 36 წელს,
ბაბუა, მამის მამა დაიჭირეს და თბილისში წაიყვანეს. მაშინ მასზე მეტი არაფერი
ვიცოდით. 56 წელს, როცა რეაბილიტაცია მოხდა სტალინური რეპრესიების
მსხვერპლებისა, აქ მოვიდა ერთი დმანისელი კაცი, მამაჩემთან და უთხრა, რომ
ბაბუაჩემთან ერთად იჯდა მაგადანში ლაგერში და იმ ლაგერში დაიღუპა ბაბუა 48 წელს .

დედის მხრიდან ბაბუას ყავდა 4 ქალიშვილი და ერთი ვაჟი. სამი გოგო აქ დარჩა , ერთი
გერმანელზე იყო გათხოვილი და ის გადაასახლეს ყაზახეთში. 50 წლის თებერვალში
ჩვენც გადაგვასახლეს, არაფერი აუხსნიათ, ისე. 10 წლის ვიყავი მაშინ, მეორე კლასში.
ღამის 2 საათი იყო, კარზე კაკუნია, ვაღებთ, შემოდის სამხედრო ვინტოვკით. ორნი იყვნენ,
ერთი ეს სამხედრო და ერთი მაიორი. სამხედრო კართან დადგა, მაიორი შემოვიდა და
მამას დოკუმენტი აჩვენა, უნდა გადაგასახლოთო. რატომ, რისთვის, არაფერი გვითხრეს.
მამა მანამდე მთელი ერთი თვე საავადმყოფოში იწვა, ლამის სიკვდილის პირას იყო,
ძლივს გადაარჩინეს. საბარგო მანქანაში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს მე, დედა, მამა და ჩემი
და.

ჩაგვიყვანეს მარნეულამდე, იატაკზე იწვა იქ ხალხი. 18 დღე-ღამე მივდიოდით ყაზახეთში


მატარებლით, იმ ცივ ზამთარში. ზოგი მატარებლშივე კვდებოდა, გარეთ აგდებდნენ
პირდაპირ. მაიორი, ვინც გადაგვასახლა, კარგი კაცი აღმოჩნდა. ხედავდა, რომ მამა
ძალიან სუსტად იყო, ფეხზე ძლივს იდგა და ჯარისკაცს უთხრა, დადე ეგ ვინტოვკა და
საწოლის წაღებაში მიეხმარეო. სახლიდან რომ გავყავდით, მახსოვს კედელზე ჩანთა
მეკიდა, მეორე კლასში ვიყავი მაშინ, შევხედე ამ ჩანთას და მითხრა მიდი, მიდი, წაიღე,
სადაც არ უნდა გადაგასახლონ, უნდა ისწავლოო. სასკოლო ჩანთა იყო, ჩემი წიგნები იდო
შიგნით. ჩემი და მაშინ 2 წლის იყო, სამი წელი, ყაზახეთში რომ ჩავედით, მაშინ
შეუსრულდა.

ეს გადასახლება მამაჩემთან იყო კავშირში, რადგან ბაბუა ხალხის მტრად შერაცხეს 36-ში .
ისიც უდანაშაულო იყო სრულიად. სასაცილო კიდე რა იყო, იცით? ომის დროს მამაჩემი
ბატალიონში იყო, დეზერტირებს იჭერდა. მამის ერთი ნაცნობი დეზერტირი გახდა, გაიქცა
და დაიმალა. მამა შეხვდა მას, ელაპრაკა და დაითანხმა ჩაბარებებულიყო. ისიც ჩაბარდა .
საქართველოს მილიციის ისტორიაში წერია, რომ ამისთვის მამა დააჯილდოვეს
სტალინის საპატიო ორდენით. მაგრამ მერე მოუგონეს ათასი მიზეზი, მათ შორის
ფინანსური და გადაასახლეს. არადა, მამა ძალიან პატიოსანი კაცი იყო.

მამაჩემმა იმდენი ქნა, რომ ერთი წლის მერე, 51-ში რაიონულ ცენტრში გადავედით.
ყაზახური ჩვენ არ ვიცოდით, თან იქ მარტო ყაზახური სკოლა იყო. მამამ ითხოვა, რომ მე
სწავლა მჭირდებოდა და მოკლედ, მოგვცეს უფლება გადავსულიყავით. იმ ბინის
პატრონმა, სადაც ვცხვობდით, მამაჩემი მერე სამსახურშიც მოაწყო ატხოზში და ნელ -
ნელა, იქ მთავარი ინჟინერიც გახდა. მერე სახლიც გამოგვიყვეს, იმ სახლში
ვცხოვრობდით, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. 56 წელს უკვე რეაბილიტაცია
მოგვცეს და უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. რეაბილიტაციის წერილში ეწერა , რომ
მამასთვის 6 თვის ხელფასი უნდა გადაეხადათ, ბინა დაებრუნებინათ, მაგრამ არაფერი
არც გადაუხდიათ და არც დაუბრუნებიათ.

ყაზახეთში, იმ რაიონულ ცენტრში რუსებიც ცხოვრობდნენ, კორეელებიც, ყაზახებიც , ჩემი


სკოლაც ინტერნაციონალური სკოლა იყო. ყველა ვმეგობრობდით. მე რაიკომის მეორე
მდივნის შვილთან ვმეგობრობდი. ჩვენ იმათთან მივდიოდით, ისინი ჩვენთან მოდიოდნენ .
აქ იყო დიდი ცხვირაწეული ვინმე რაიკომის მდივანი, თორემ იქ უბრალო ადამიანი იყო,
მშობელთა კრებაზეც კი მოდიოდა. მეზობელ დიდ ბიჭებთანაც ვმეგობრობდი, სკოლას
ამთავრებდნენ. იმათ ველოსიპედი ქონდათ, მე არა. მათხოვეს თავისი ველისიპედი და
ისიერინე რამდენიც გინდა, ახლა ჩვენ გამოცდებისთვის ვემზადებით , მაინც არა
გვცალიაო. სათევზაოდაც დავდიოდით, მთებშიც დავდიოდით, ველურ ტიტებს
ვკრეფდით, მასწავლებლებისთვის მიგვქონდა. აქ რომ დავბრუნდი, აქაც კარგი იყო,
დეიდაშვილები დამხვდნენ, იმათთან ვთამაშობდი, მაგრამ იმათი მამებიდან, ბუღალტერი
რომელიც იყო, ის დაიჭირეს და ციხეში დაიღუპა.

56 წელს, როცა ყველას რეაბილიტაცია მოხდა, დავბრუნდით მშობლებიც, მეც და ჩემი


დაც. 56 წელს უკვე მე-8 კლასში ვიყავი, 59-ში სკოლა დავამთავრე. მაშინვე ჯარში
გამიწვიეს, წავედი ჯარში, სამი წელი ვიმსახურე. ზუსტად მაშინ გამოვიდა პირველად
ასეთი ბრძანება, რომ ის, ვინც კარგად მსახურობდა ჯარში, აძლევდნენ ერთთვიან
შვებულებას და გქონდა უფლება წასულიყავი და სადმე, სასწავლებელში ჩაგებარებინა .
თუ ჩააბარებდი, გაგიშვებდნენ ჯარიდან, თუ არა _ ჯარში დაბრუნდებოდი. მაშინვე წავედი
შვებულებაში, კიშიონიოვში, ჯარის მეგობრები მყავდა იქაური. წავედი და ჩავაბარე იქ
ინსტიტუტში, დავამთავრე, ვიმუშავე კიდეც და მერე აქ დავბუნდი, აქ მყავდა მშობლები.
მას მერე აქ ვცხოვრობ, ბოლნისში.
გადასახლებიდან რომ დავბრუნდით, მამა ძალიან სუსტად იყო, დედა მაშინვე
კოლმეურნეობაში წავიდა სამუშაოდ, ყაზახეთშიც კოლმეურნეობაში მუშაობდა , მამას იქაც
არ შეეძლო მუშაობა. მერე კოლმეურნეობის კანტორაში მოეწყო დარაჯად. მე და ჩემი და
სკოლაში დავდიოდით. ყაზახეთში სკოლაში ოთხებზე და ხუთებზე ვსწავლობდი, აქ კიდე
ისეთი მეგობრები მყავდა, არ სწავლობდნენ და მეც… მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე,
მარტო ფიზიკაში და მათემატიკაში მყავდა სამები, დანარჩენი სულ ოთხები და ხუთები
მქონდა. გადასახლებამდე ბავშვობიდან ცოტა მახსოვს. ზამთრები იყო, თოვლიანი .
ცენტრიდან, სადაც გამგეობაა, იქ ხო დაღმართია და იქედან ციგებით ვეშვებოდით და
ეკლესიამდე ჩავდიოდით. ხისგან ვაკეთებდით ციგებს. ზაფხულს სულ პარკში
ვატარებდით, ძალიან ლამაზი პარკი იყო. შეხვიდოდი თუ არა, აუზი იყო, თევზები
დაცურავდნენ იქ. დიდი მხარულება იყო. შაბათ-კვირას, საღამოს ცეკვები იყო. ტანგო,
ვალსი… ფოქსტროტსაც ვცეკვავდით.

ბოლნისი ბოლო წლებამდე ძალიან მეგობრული ქალაქი იყო. ყველა ნაცია ერთმანეთში
მეგობრობდა, მაგრამ 89 წლიდან აქედან აზერბაიჯანელების გასახლება დაიწყეს .
გამსახურდიამ ხო თქვა: ყველა თავის ისტორიულ სამშობლოშიო. კოსტავამ აქ მიტინგი
ჩაატარა _ გააგდეთ ყველაო. ბევრი წავიდა ამის მერე. მანამდე კი ყველაფერი კარგად
იყო. სკოლაში ბევრი ვიყავით, სხვადასხვა ეროვნებისა. ვმეგობრობდით სომხებიც,
აზერბაიჯანელებიც და ქართველებიც, ბერძნებიც. არასოდეს არ ყოფილა , რომ შენ
ქართველი ხარ, შენ სომეხი...

ჩემი და აქედან 89 წელს წავიდა. იძულებული გახდა, ბინა გაეყიდა და წასულიყო. ბაქოში
ცხოვრობენ ახლა. მე ხელი არ მახლეს, ქართველი ცოლი მყავს. მერე დაიწყეს დაშინება,
ერთხელ კარებზე ბენზინის შესხმაც უნდოდათ, მაგრამ გავიგონე, გავვრადი გარეთ და
გაიქცნენ. გარაჟზე დამიწერეს „убираисья“, მაგრამ რახან მასწავლებლად ვმუშაობდი და
აქ ბევრი ყოფილი მოსწავლე მყავს, წავედი ერთ-ერთ ლიდერთან, ჩემ ყოფილ
მოსწავლესთან და ვუთხარი, რაც ხდებოდა. იმან მითხრა, თუ ვინმე კიდე მოვა თქვენთან,
მე მითხარითო, მე თითონ გავასახლებ იმასო. ჩემი მშობლებისთვისაც არ უხლიათ ხელი.
ასე დავრჩით აქ...

დედას ლენა მაიერ ერქვა. თვითონ მისი მამა მძღოლი იყო. სამი ცხენი და ფაეტონი
ყავდა, მგზავრები ბოლნისსა და მარნეულში დაყავდა. მე ბაბუა არ მახსოვს. დედასთან
გერმანულად ვლაპარაკობდით, ისე რუსულად. მამამ ვერ ისწავლა გერმანული. როცა
მამა სახლში არ იყო, გერმანულად ვლაპარაკობდით. დედამ გვასწავლა, მაგრამ ეს
ლიტერატურული გერმანული არ ყოფილა. შვაბური იყო და ახლანდელი შვაბური კი არა,
200 წლის წინანდელი შვაბური. აქ, ბოლნისში მასწავლებელმა, მახსოვს, გერმანულში
სამიანი დამიწერა. რაც იცი, ეს შენი დამსახურება არაა, დედაშენის დამსახურებააო და იქ ,
მოლდავეთში გამოცდას რომ ვაბარებდი, გამომცდელმა დანარჩენებს დაუძახა : მოდით ,
ნახეთ, ეს ჯარისკაცი გერმანულად რა კარგად ლაპარაკობსო. ზოგადად, ბოლნისის
მცხოვრებლებმა ხუთ-ხუთი ენა იცოდნენ. ბავშვობაში ქართულად სუფთად
ვლაპარაკობდი, მეზობლები მყავდა ქართველები. აზერბაიჯანულიც ვიცი თავისთავად ,
სომხურიც.
ძალიან შრომისმოყვარე იყო დედაჩემი. სახლის საქმესაც აკეთებდა და გარეთაც
მუშაობდა. ძალიან გემრიელ კატლეტებს ამზადებდა, ნაირ-ნაირ სუპებს, გერმანელებს
კიდე უყვარდათ ხორცი მოხარშულ კარტოფილთან ერთად. ლობიოს კეთებაც იცოდა .
ჩვენ შემწვარი კარტოფილი გვიყვარდა, ბავშვებს და ხშირად გვიწვავდა ხოლმე. დედა 84
წლისა გარდაიცვალა. ჯერ მამა გარდაიცვალა და სამ თვეში დედა.

56 წლის რეაბილიტაციის მერე ზოგ გერმანელს მოუნდა აქ დაბრუნება, მაგრამ არ მისცეს


უფლება და გასაგებიცაა. რომ დაბუნებულიყვნენ, თავის სახლებს მოითხოვდნენ და ამ
სახლებში უკვე ყველგან ცხოვრობდნენ და ასე აღარ გამოვიდოდა.

ჩემი ნათესავები ყაზახეთში სემიპალატინსკში მოხვდნენ, მერე კოსტანაიში . მერე


ფერგანაში გადავიდნენ და ჩამოდიოდნენ აქ ჩვენ სანახავად . ყველა იყო ბოლნისში , მეც
ვიყავი იმათთან ერთი თვე გერმანიაში. 95 წელში. კუპონები იყო მაშინ. ძლივს მომცეს ვიზა
და ძლივს წავედი. შტუტგარტში ვიყავი, რადშტატში. მომატარეს იქაურობა . უცებ
გაფრინდა 1 თვე იქ ყოფნაში. ფულიც მაჩუქეს, ტანსაცმელი მიყიდეს. ამ ფულით ჩემ
ბიჭსაც ვასწავლე და ჩემ გოგოსაც. სწავლა მაშინ უკვე ფასიანი იყო.

აქ, ბოლნისში ჩვენ საეკლესიო община გვაქვს. ადრე საკმაოდ დიდი იყო, ახლა
კვირაობით ტარდება წირვა-ლოცვა. პასტორები მოდიან თბილისიდან. პასტორი როცა
ამოდის, 7-8 კაცი მაინც ვიკრიბებით ხოლმე. ბევრი ჩვენიანი დაიღუპა ბოლო წლებში,
ზოგი გერმანიაში წავიდა, ზოგი _ რუსეთში, ზოგიც _ აზერბაიჯანში.

ცუქაქუხა ბელასგან
ბელა ბერძენაძე

ჩვენთან კულინარიიდან შემორჩენილი არი ლექუხა და ცუქაქუხა. ლექუხას ბადაგით


აცხობენ. მე არ გამომიცხვია, მაგრამ ცუქაქუხა გამომიცხვია და ვიცი, როგორ კეთდება.
დამწვარი შაქრითა და დარიჩინით მზადდება და უგემრიელესია . ჩემებს უყვართ ძალიან .
თან ისეთი ნამცხვარია, მთელი თვე შეიძლება იდოს და არ გაფუჭდეს. ერთი თვე ძლებს
და მეტხანაც. ცუქაქუხა მე გერმანელებისგან ვისწავლე. უფრო სწორად, დედამ ისწავლა
გერმანელებისგან. დედა მერე მოხუცდა, დეტალები აღარ ახსოვდა, მაგრამ აღვიდგინე .
იულია დაბრავოლსკაიასგან აღვადგინე. იულიას დედა ყავდა გერმანელი . მე თვითონ
წარმოშობით დასავლეთიდან ვარ. აქ ხომ 42-ში ჩამოასახლეს ქართველები და მე 49-ში
დავიბადე.

ერთ პორციაში სამი აჩმის ტაფა ამოდის. ერთი ლიტრა რძე უნდა და ერთი კგ. შაქარი . ამ
შაქრიდან ცალკე ორი ჭიქა უნდა დაიწვას, კარამელიზაცია უნდა გაუკეთდეს. შაქარი უნდა
დავწვათ სქელძირიან ტაფაზე, უნდა გაყავისფრდეს. აი, აქვე ხო გიდუღთ ლიტრა რძე ,
იქეთ კიდევ ეს შაქარი რო გაშავდება და დაიწვება, ბუშტებს ამოყრის, 1 ლ ცხელ რძეში
ნელ-ნელა ჩაასხამთ. ნელა-ნელა იმიტომ, რომ შეიძლება აქაფდეს და გადმოვიდეს. რძე
ამ დროს დაბალ ცეცხლზეა და ისიც მიიღებს ყავისფერს. მერე გადმოდგამთ და ჩაყრით
ერთ კილო შაქარს და ნახევარ კილო ცხიმს. გერმანელები ღორის ქონითაც აკეთებდნენ,
მაგრამ მე ეხლა ნაწილს კარაქს ვუშვები და ნაწილს მარგარინს. შეგიძლია ერთი და იგივე
ცხიმით გაააკეთო. ერთი სუფრის კოვზი დარიჩინიც უნდა უქნათ. პიკანტურ გემოს აძლევს
ძალიან ცერეცოს თესლიც. მერე უნდა შეაზილოთ ათი ჩაის ჭიქა ფქვილი და დატოვოთ
ასე.

ეს ღამით კეთდება. მეორე დღეს დილით, როცა მოიცლით, აიღებთ ათ კვერცხს, გულს
ცალკე და ცილას ცალკე. 5 სუფრის კოვზ მაწონში გახსნით 2 ჩაის კოვზ სოდას და შეურევთ
გათქვეფილ კვერცხის გულს. ცილა ცალკე უნდა გათქვიფოთ და ამოიყვანოთ. როგორც
ტორტისთვის ამოგყავთ, აი ისე. მერე ამ ყველაფერს ერთმანეთში გადაურევთ. მარილი
და ვანილი არ უნდა დაგავიწყდეთ. აურევთ და ამოფუვდება, იგრძნობთ თვითონ.. . სქელი,
არაჟანივით წასასმელი ცომია. თუ შეამჩნიეთ, რომ თხელი გამოგივიდათ, შეგიძლიათ
დაუმატოთ, მეტი ფქვილი შეაზილოთ, რომ არაჟნის სისქის გამოვიდეს.

კალკის ქაღალდს წაუსვამთ ცხიმს, დაასხამთ, შედგამთ დუხოვკაში და გამოაცხობთ


ჩვეულებრივ, 180 გრადუს ტემპერატურაზე. პლიუს კიდე, იცით, რა უნდა გააკეთოთ?
კაკლის მთლიანი ლებნები უნდა დააწყოთ ზემოდან დუხოვკაში შედგამამდე . მე კვერცხის
გულსა და მაწონს ვთქვიფავ ერთმანეთში და ჯერ ამას ვუსვამ ზემოდან, მერე ვაწყობ
ლებნებს და რო ცხვება, ისეთი ლამაზია და ისე პრიალებს...

ინგრედიენტები:

1 ლ რძე, 1.200 კგ შაქარი, ½ კგ მარგარინი ან კარაქი, 10 ჭ. ფქვილი, 10 კვერცხი, 5 ს.კ


მაწონი, 2 ჩ. კ სოდა, 1 ს.კ მიხაკ-დარიჩინი, 1.ჩკ. ცერცეოს თესლი, მწიკვი მარილი, მწიკვი
ვანილი, კაკლის ლებნები.
სად არის სამშობლო?
ანა კოხი

ყაზახეთში დავიბადე, 1955 წლის 7 ივლისს. ჩვენ შვაბები ვართ, ეკატერინემ ჩამოგვიყვანა
პირდაპირ სარატოვის გუბერნიაში, სარატოვის ოლქია ეხლა, მაგრამ ომის დროს ჩვენც
გადაგვასახლეს ყაზახსტანში.

მე საქართველოში გავთხოვდი. მეუღლე ქართველი მყავს. იქ გავიცანი, ყაზახეთში.


სხვათა შორის, თბილისში, მარჯანიშვილზე იყო კოხების აფთიაქი. ვერ გავარკვიე ზუსტად
ვინ იყვნენ, მაგრამ როგორც გავიგე, ჩემი პაპის ძმები ან ბიძაშვილები იყვნენ. სოფელ
თამარისში ჩამოვიდნენ პირველად კოხები. ბევრნი იყვნენ, თბილისში, კახეთში …

პაპაჩემი, დედაჩემის მამა, იმ დროს იყო რაიკომის მდივანი იქ, ყაზახეთში . ძალიან დიდი
პოსტი ჰქონდა, მაგრამ ომმა, რომ იტყვიან, ხაზი გადაუსვა ყველაფერს. ჩვენ რა შუაში
ვიყავით. არაფერ შუაში არ ვიყავით. პაპაჩემი წაიყვანეს. მაშინ ერქვა ტრუდარმია , მაგრამ
ეს იყო რუსული კონცლაგერი. წაიყვანეს და იქედან აღარ დაბრუნებულა. ეტყობა,
დახვრიტეს. ეს ბავშვები _ ძალიან ნიჭიერი ბავშვები იყვნენ _ ჩემი დეიდები, ბიძები, სულ
დაიფანტნენ. ზოგი პრიუტში გაიზარდა, ზოგი მათხოვრობდა. ძალიან რთული პერიოდი
იყო ჩვენთვის. მერე ომი რომ დამთავრდა, რეაბილიტაცია კი მოხდა პაპაჩემისა, ისევ
რაიკომში ჩამოკიდეს მისი პორტრეტი, მაგრამ ვის რად უნდოდა ის პორტრეტი , როცა
ოჯახი გაუბედურდა! აი, ასე დაიფანტნენ მთელი ჩვენი ნათესავები, ბიძები, დეიდები, სულ
სხვადასხვა ადგილას მოხვდნენ.
ბევრი მძიმე ისტორია გვაქვს. ჩემი დეიდისა, მაგალითად. მაგასაც ყავდა გერმანელი
მეუღლე. ოღონდ, ეგენი ნორილსკში ცხოვრობდნენ. მისი მეუღლე ოფიცერი იყო და
ზონაში მუშაობდა. სამი ბავშვი ყავდათ. ბიძას და ყავდა გერმანიაში და ჩვეულებრივი
მიწერ-მოწერა ქონდათ. ომი რომ დაიწყო, იმ ღამესვე მოვიდნენ, ბიძაჩემი წაიყვანეს და
დახვრიტეს. დეიდაჩემი დარჩა სამი პატარა ბავშვით, შუა ზამთარში, იმხელა თოვლში .
მისცეს 24 საათი. 24 საათში უნდა წახვიდე აქედანო. რით უნდა წავიდეს, ან სად სამი
ქორფა ბავშვით. არც ტრანსპორტია, არაფერია იმ თოვლში. ლამის გაგიჟდა ეს ქალი. მის
მეუღლეს ყავდა ძალიან კარგი მეგობარი, რუსი. გაიქცა მასთან და დახმარება სთხოვა .
უცოლო იყო ის კაცი და ძალიან უშველა. რამდენიმე საათში საბუთები სულ გადააკეთა.
დეიდაჩემი მეუღლედ ჩაწერა და ასე გადაარჩინა ოჯახი. დარჩა ცოლ-ქმრობა მაგათ
შორის. ძალიან კარგი პიროვნება იყო. ყველა ემადლიერებოდა მაგ ადამიანს. ბევრი
ასეთი ტრაგედიები ომმა მოიტანა.

ჩვენ ვცხოვრობდით, როგორც ბოლნისია, ისეთ რაიონულ ცენტრში _ ტავრიაში. კარგი


ბავშვობა მქონდა ძალიან. არ ვიკვეხები, მაგრამ ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, ხუთოსანი. ეხლაც
კი მაქვს სიგელები სულ შენახული. ყველაფერში ვმონაწილეობდი. მუსიკაც მიყვარდა ,
სპორტიც, ყველა ინსტრუმენტზე ვუკრავდი, მაგრამ ხალხის მხრიდან ძაან დაჩაგრული
ვიყავით სუყველა. აი, გული მტკივა, რომ მახსენდება და სულ მეტირება. მაინც ფაშისტებს
გვეძახდნენ. აი, მე რა ფაშისტი ვიყავი. მე ბავშვი ვიყავი ხო? თვითონ, ვინც მართლა
მოღალატეები იყვნენ, ჩვენ გვეძახდნენ ფაშისტებს. გული ხო გეტკინება, არა? ყველაზე
ძალიან სამახსოვრო, ტრაგედია მაქვს ერთი, აი, ეხლაც კი მეტირება. მეხუთე კლასში
ვიყავი და პარკის გავლით მოვდიოდი სკოლიდან. მეხუთე კლასის ბავშვი მე რა ფაშისტი
უნდა ვიყო, მაგრამ ეტყობა შურდათ, რომ ხუთოსანი ვიყავი. დამიჭირეს, ერთი 15 ბავშვი
იყო, კლასელებიც იყვნენ მათ შორის და მცემეს. ისე მცემეს, რომ გულწასული დამტოვეს
ხის ქვეშ. წიხლებით მცემეს და ფაშისტი ხარ, ესა ხარ, ისა ხარო, მეძახეს და დამტოვეს
ეგრე. კიდევ კარგი, მეზობლის ქალმა გამოიარა, დამინახა და გაიქცა დედაჩემთან
სამსახურში. ერთი თვე სკოლაში არ დავიოდი, სულ გაშავებული ვიყავი, ისე მცემეს. მერე
სკოლაში კი წავიდა დედაჩემი და უთხრა, თუ ჩემი შვილი ფაშისტია, მაშინ რა უნდა
საბჭოთა სკოლაშიო. წავალ და წითელ ჯვარში დავწერო. მაშინ ერთი წითელი ჯვარის
ეშინოდათ ცოტათი… თითონ დირექტორიც მოვიდა, მოგვიბოდიშა, მაგრამ რა აზრი
ქონდა. ეს მე მაქ მთელი ცხოვრება გულში, მაგრამ ბევრი კარგი მეგობარიც მყავდა იქ,
ყაზახეთში. ერთი ლუდა ჩერნოვა იყო, რუსი. ერთ მერხზე ვიჯექით, ერთ ქუჩაზე
ვცხოვრობდით, ისიც ხუთოსანი იყო, დებივით ვიყავით. დიდი სიყვარულით ვიხსენებ .

გულახდილად ვიძახი, რომ მე საქართველოში დავდივარ თავაწეული. აი, აქ ვიგრძენი


ხალხის სითბო. საქართველო ძალიან მიყვარს. ჩემი ძმებიც აქ გაიზარდნენ სანახევროდ .
18 წელი აქ იცხოვრეს. ჩემ უფროს ძმას ისე უყვარს საქართველო, ქართულიც ისწავლა.
რომ მირეკავს, ჯერ ხო რუსულად ვლაპარაკობთ, მერე მეუბნება, ქართულად
ვილაპარაკოთ, თორე დამავიწყდებაო და მერე ქართულად ვლაპარაკობთ. სადაც
სითბოს იგრძნობ და ხალხის სიყვარულს, ის არი შენი სამშობლო. მე ასე მგონია.

აქაც რომ პირველად ჩამოვედი, კაზრეთში ვცხოვრობ, კაზრეთის სამმართველოში


დავიწყე მუშაობა კადრების განყოფილებაში და რომ მეკითხებოდნენ, რა ეროვნება ხარ,
რუსი ვარ _ ვეტყოდი. აი, ეს მქონდა ბავშვობიდან, ასეთი შიში. მერე იქ მეჩხუბეს, სხვათა
შორის, ბოლნისელებმა, არა გრცხვენია, რომ მაგას იძახი, შენ პირიქით უნდა იამაყო, შენ
ამისთანა გვარი გაქვს, უნდა იამაყო, რომ გერმანელი ხარო. აი, ახლა, პირიქით,
მეამაყება.

ჩვენ გვეშინოდა ჩვენ ენაზე ლაპარაკი, ამიტომ რუსულად ვლაპარაკობდით ძირითადად .


გერმანულად რომ მელაპარაკებიან, მესმის, მაგრამ პასუხით, ვერ ვპასუხობ და გული
მტკივა. სხვისი ენები ვიცი და ჩემი არა. რა ვქნა, ჩემი ბრალი არ არის. ცხოვრების
ბრალია.

ჩემ მეუღლეს ყაზახეთში შევხვდი. იქ ჩამოვიდა, იქ მუშაობდა. მე იმ დროს ვსწავლობდი .


მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, ქორეოგრაფიულ განყოფილებაზე, მაგრამ
დავანებე სწავლას თავი, გავთხოვდი და წამოვედი საქართველოში. 17 წლის ვიყავი
მაშინ. კარგი მეუღლე შემხვდა ძალიან, კმაყოფილი ვარ. ორი შვილი მყავს, ექვსი
შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი.

აქ შეგუება არ გამჭირვებია. არ ვიკვეხები, მაგრამ სანამ თბილისში ჩამოვედი , მანამდე


მატარებელში ვისწავლე ქართული. ჩემ ქმარს ვუთხარი, მოდი დამიწერე ანბანი. ასე
ვისწავლე პირველი სიტყვები: პური, წყალი... რომ ჩამოვედი, ვკითხულობდი უკვე. აბა,
მატარებელში სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა! მიყვარს უცხო ენები. სომხური,
აზერბაიჯანული ცოტ-ცოტა ვიცი. ქართულად გამართულად ვწერ, ვკითხულობ.
კალიგრაფიაც ლამაზი მაქვს. მუზა რომ მომდის, ლექსებსაც ვწერ. ხან რუსულად, ხან
ქართულად. იმ დღეს მარშუტკაში ვზივარ, წამოვიდა ერთი სტრიქონი, მეორე… ვაიმე,
პასტა, ფურცელი… ჩქარ- ჩქარა ვიპოვე და ჩავიწერე…

***
Где же ты милый, где ты?
Сердце стучит в окошко,
Самый любимий на свете,
Хотъ напиши немножко.

Жду не дождусъ терпливо,


Я твоего сообщения,
Время идет торопливо,
Без твоего окружения.

Маме от до дочки

С женским днем всем поздравляю,


Счастъя, радости желаю!
Мама, милая мая,
Будъ всегда счастливая.

У тебя два сына естъ,


Дочка у тебя одна я,
Тебе некогда присестъ,
Мамочка родная.

Вся в заботах, вся в делах,


Денъ и ночъ ты на ногах,
Всем всегда че угодишъ,
А здоровъю повредишъ.

***
ექვსი შვილიშვილი მყავს,
ექვსი ვარდის კონა,
მოსვენება არა მაქვს,
ვარ მაგათი მონა.

***
არ დაბერდე, ბებიკო,
მეხვეწება ანი,
ყველაფერში დაგიჯერებ,
იცოცხლე დიდი ხანი.
ასურეთი

მატილდა

მანანა წულუკიძე
გერმანელები 41-ში გადაასახლეს. ერთი კვირით ადრე უთხრეს თურმე ამ საცოდავებს,
მაგრამ არ დაიჯერეს. ერთი კვირა გაურკვევლობაში იყვნენ. არ იცოდნენ, რა იქნებოდა
და როგორ. ერთი კვირის მერე ფურგონებზე ისხდნენ, სამუშაოდ მიდიოდნენ და
მოვიდნენ თურმე დიდსაბარგულიანი მანქანები, ჩასხეს და წაიყვანეს. ჩუმად, წყნარად
წავიდნენ თურმე, გაოგნებულები. არც პორტესტი, არც ტირილი, არც არაფერი . მერე
საქონლის გადასაზიდ სატვირთო ვაგონებში შეყარეს, დროდადრო უღებდნენ თურმე
კარებს და ასე ჩაიყვანეს კოსტანაიში. კოსტანაი ყოფილა უდაბნო ყაზახეთში .

აქ დიდი გზით მოვიდნენ. ჯერ რომ გადმოასახლეს, წამოიყვანეს ოდესაში. იქ იყო დიდი
გამანაწილებელი პუნქტი და ოდესაში შავი ჭირი თუ რაღაც სახადი დაემართათ და
ძალიან ბევრი დაიღუპა. ორჯერ გაატარეს თურმე კარანტინი. მერე უკვე თითონაც
უნდოდათ, რომ, აი, ბოლოს და ბოლოს, წამოსულიყვნენ სადმე და დასახლებულიყვნენ.
აქ 1815-ში ჩამოვიდნენ, მაშინ კი ძალიან შეუწყვეს ხელი. მთავრობამ შვიდას-შვიდასი
მანეთი და 32 დესეტინა მიწა მისცა თითო ოჯახს. 72 ოჯახი დასახლებულა აქ, ასურეთში. იმ
წელს, პირველ წელს ძალიან გაუჭირდათო, მიწურები აუშენებიათ. თავიდან ისე
გაჭირებიათ, რომ ზოგს მათხოვრობაც დაუწყია, მაგრამ მეორე წლიდან მთელი ეს
მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დახმარებიათ. ვალდებულება იყო
სახელმწიფოსგან, რომ უნდა დახმარებოდნენ მშენებლობაში. მანგლისში რუსული
სამხედრო ნაწილი იყო და ჯარისკაცებიც ეხმარებოდნენ თურმე და ისე ააშენეს სახლები .

ამ სახლებს თუ დააკვრიდებით, ნახავთ, რომ ორი ოთახი და სამზარეულო სხვა ქვით არის
ნაგები და მერე სხვა აქვს მოშენებული. აი, ჭელიძეების სახლი, მაგალითად,
დაბალჭერიანია, დაბლა აქ ჭერი, პატარა ფანჯრები აქ და მერე შემდეგ წლებში რაცაა
მიშენებული, დიდფანჯრებიანია, მაღალჭერიანი. დროშიც იყვნენ შეზღუდული , როგორც
ჩანს, ვალდებულება ქონდათ, რომ დროის რაღაც მონაკვეთში აეშენებინათ სახლები .
მერე ნელ-ნელა მოეწყვნენ. აქ ცალკე გადიოდა ტროტუარი ფეხით მოსიარულეებისთვის,
წყლის საწრეტი არხები იყო ყველგან, ჩვენთან ჩამოდის აქ ერთი, კიდეა შემორჩენილი.

აქ, ამ ტერიტორიაზე ყოფილა თურმე გაუვალი მუხნარი, გაუვალი მუხის ტყე. შვარცვალდი
დაარქვესო გერმანელებმა, შავი ტყე და ალტდორფი ქვია ძველ ქართულ ნასახლარს.
ასურეთს გაცდებით თუ არა, იქვეა ის ნასახლარი, ეტყობა კიდეც, რომ ნასახლარია.
ელიზაბეტტალი კიდე რომელიღაც დედოფლის პატივსაცემად დაარქვეს. რომ იზეიმეს
სოფლის აშენება, იმ დღეს თურმე ამ დედოფლის დაბადების დღე იყო და მაგიტომ
დაარქვეს იმისი სახელი.

მერე ამ ტყეს ჭრიდნენ, მუხნარს და თან სოფელს აშენებდნენ. იმ ქართულ ნასახლარს არ


მიკარებიან. წყალიც არი იქ, მდინარეც უფრო ახლოს ჩამოდის, მაგრამ აქეთ აირჩიეს .

გაუკაცრიელებული და ნასახლარი რომ იყო ეს ადგილები, იმიტომაც უნდოდა რუსეთს აქ


შემოეყვანა და მოსახლეობისგან გაცლილ ტერიტორიაზე დაესახლებინა . თან მშრომელი
ხალხით, თან ისეთი ხალხით, ვინც მადლიერი იქნებოდა, იმპერატორის მადლიერი .
ფულიც მისცეს და მიწაც. 32 დესეტინა კი არა, 2-3 დესეტინა თუ ექნებოდა ჩვენ გლეხს. აქ
ჩამოსახლებულები ძირითადად უნადელო გლეხები იყვნენ, გერმანიაში მიწის
არმქონეები. ორადორი ყოფილა თავადი _ იქაური მიწის მფლობელი. ერთი კოხი იყო
მემამულე, რომელმაც იქ მიწა დატოვა და აქ ამათი მეთაური იყო და მეორე, დამავიწყდა
იმ ქალის გვარი, ისიც მემამულე იყო, მარტოხელა ქალი, რომელსაც ორი უკანონო შვილი
ყავდა თურმე. ეს ქალი იყო ბებიის დედა ალილუევასი, სტალინის ცოლის.

ესენი ლუთერანები იყვნენ. აქაც ქონდათ ეკლესია, მერე კლუბად გადააკეთეს. უკვე
ჩამოსვლა რომ შეეძლოთ, 80-იანებში, ერთი ქალი ჩამოდიოდა ყაზახეთიდან _ მატილდა
ერქვა. იმ კლუბში სცენაზე სკამს დაიდგამდა, დაჯდებოდა, მღეროდა და მღეროდა .
ლოცულობდა, გალობდა. დილიდან საღამომდე იქ იყო და მღეროდა.

ბერია და ვარსკვლავი

ეკა უძულაშვილი

ასურეთელი გერმანელების შესახებ წიგნზე მუშაობა იმიტომ გადავწყვიტე , რომ ჩემი


წინაპრები მათთან ერთად ცხოვრობდნენ 41 წლის გასახლებამდე. სულ იყო მოგონებები
მათ შესახებ, მათი მონატრება. ბებიასგან, პაპასგან მესმოდა მათი ამბები. მამიდები და
მამა საბავშვო ბაღში გერმანალებთან ერთად დადიოდნენ და გერმანულადაც
თავისუფლად საუბრობდნენ, მაგრამ აქცენტით, შვაბურად. მათაც ძალიან ბევრი სიტყვა
იცოდნენ ქართული, სიმღერებიც. მაგალითად, „სულიკო“ და „ციცინათელა“. ახლაც
ვეკონტაქტები ძველი გერმანელების შთამომავლებს, ალბათ არიან უკვე 70-ს
გადაცილებული, და მათაც იციან ქართული სიტყვები, ახსოვთ, თავიანთ ღრმა ბავშვობაში
ან მშობლებისგან გაგონილი.

ჩემი ბებია და პაპა ასურეთელები იყვნენ. ასურეთს ელიზაბეტტალი ერქვა 1914 წლამდე .
პირველი მსოფლიო ომის დროს ყველა გერმანულ დასახლებას შეუცვალეს სახელი და
მათ შორის ასურეთსაც და მაშინ დაარქვეს ძველი ისტორიული სახელი _ ასურეთი. პაპას
წინაპრები ცხოვრობდნენ დურნუკში, თეთრიწყაროს რაიონში. პაპას მამა მეწაღე იყო და
ამიტომ დასახლდა გერმანელებთან, რადგან მეწაღეობა საჭირო პროფესია იყო. სხვა
შემთხვევაში გერმანელები სხვა ეროვნების ადამიანს, თუ რაღაცა ხელობას, საქმეს არ
ეწეოდა ან შავ მუშად არ იყო დასაქმებული, მწყემსად, მაგალითად, არ აძლევდნენ
დასაქმების უფლებას, ჩაკეტილად ცხოვრობდნენ. პაპა რახან მეწაღე იყო, მათთან
დამკვიდრდა და ცოლიც მოიყვანა მეზობელი სოფლიდან, ქართველი, 16 წლის. ორივემ
შეისწავლა გერმანული ენა და ძალიან კარგი მეზობლური ურთერთობა ქონდათ
გერმანელებთან. ამიტომ ეს თემა ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის. სტუდენტი რომ
გავხდი, ისტორიულზე ვსწავლობდი, გადავწყვიტე, სამეცნიერო კონფერენციაზე
გერმანელების შესახებ მემუშავა. ძალიან დიდი მოწონება და ინტერესი დავიმსახურე .
სასწავლებლის დამთავრების მერე კიდევ უფრო დავინტერესდი , უფრო გავაღრმავე თემა
და წიგნის ფორმა მივეცი. პირველად 2005 წელს და მერე 2010-ში გამოიცა ჩემი წიგნი.

ამ საკითხებზე მუშაობის პერიოდში გავიცანი ერთი ქალბატონი _ მარგალიტა ცხვედაძე,


უცხო ენათა ინსტიტუტში მუშაობდა ლექტორად. ძალიან ახლოს იცნობდა გერმანელების
ცხოვრებას, გასახლების პერიოდზე ყვებოდა. მაშინ თავად მუშაობდა სოფლის საბჭოში
აღმრიცხველად, თავად აწარმოებდა სოფლის საარქივო დოკუმენტებს _ ვის რამდენი
სული პირუტყვი ყავდა, ვის რა შემოსავალი ქონდა, ოჯახში რამდენი წევრი იყო... ამ
დავთრებით დაიბარეს რაიონულ განყოფილებაში და უთხრეს, რომ ამა და ამ რიცხვში
მზადდება გასახლების პროცესი. ამის შესახებ არაფერი უნდა ეთქვა, არ უნდა გაემხილა .
ძალიან მძიმე იყო ეს მისთვის. ამას მიყვებოდა, საუბრობდა და რომ ნახა, რომ მე ამ
ყველაფერს ვიწერ, სახელებსა და გვარებს ვინიშნავ, რას წერო, გამომართვა ეს რვეული
და შუაზე გადახია. იმდენად იყო დასტრესილი და შეშინებული. მერე რა თქმა უნდა ,
აღვიდგინე მისი საუბრები და ჩანაწერები და წიგნშიც შევიტანე .

80-იან წლებში, როცა უკვე ლექტორი იყო, წერილი მოუვიდა შტუტგარტიდან. ასურეთში
ცხოვრების დროს მასთან ერთი გერმანული ოჯახი მეგობრობდა, ფოლმერების. სკოლაში
დადიოდა იმ ოჯახის გოგონებთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ისინი ეძებდნენ. ემოციურად
ყვებოდა, როგორ ჩამოვიდნენ და როგორ მიიპატიჟეს მერე სტუმრად გერმანიაში.

ისე კი, გასახლების დროს 20 კილომდე ბარგის წაღების უფლება მისცეს და იმ ბარგში
ბარი და თოხი წაიღეს, თესლები წაიღეს, ჭინჭრის ძირებიც კი წაიღეს, ისე უყვარდათ
ჭინჭარი. პროცესი იყო ძალიან რთული, მტკივნეული, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი
გზაში დაიხოცა. სიცივისაგან, შიმშილისაგან. იმდენად შიოდათ, რომ პურს, რასაც
აძლევდნენ, დედები თითონ არ ჭამდნენ, ამტვრევდნენ და მერე წყალში ალბობდნენ,
რომ ბავშვებისთვის ეჭმიათ. ფეხმძიმე ქალიც კი გარდაიცვალა გზაში თურმე ერთ-ერთ
გაჩერებაზე. ჯერ მარნეულში ჩაიყვანეს, მერე მარნეულიდან გადაიყვანეს აზერბაიჯანში ,
აზერბაიჯანიდან უკვე გემებით გაიყვანეს ყაზახეთში. გემით რომ ჩაგვიყვანეს ,
დანიშნულების ადგილამდე კიდევ 6 დღე ვიარეთ მარხილებითო, სიცივესა და ყინვაში .
იქაც, რა თქმა უნდა, არანაირი პირობები არ ყოფილა, მიწურებში დაიწყეს ცხოვრება .
უამრავი ადამიანი დაავადდა და მოკვდა.

აქ რელიგიურ ნიადაგზე წამოვიდნენ. თან, უკეთესი საცხოვრებელი პირობების


მოსაძებნად. ძირითადად გაჭირვებული ხალხი აიყრებოდა ხოლმე. საერთოდ, 1818 წელს
ჩამოვიდნენ, მაგრამ ასურეთში 1819 წელს დამკვიდრდნენ. დამკვიდრების პერიოდი იყო
ძალიან მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ძალიან დიდი ყურადღება
მიაქცია, მისცა მიწები, ფული გადაუხადა, დაეხმარა სასოფლო სამეურნეო იარაღით ,
თესლებით... თავდაპირველად გარშემო სოფლების მოსახლება ეხმარებოდა მათ,
მაგრამ მერე თავისი შრომისმოყვარეობით იმდენად მომძალვრდნენ ეკონომიურად , რომ
უკვე იქეთ ეხმარებოდნენ სუყველას. კოლმეურნეობის პერიოდში, 30-იან წლებში ასურეთი
პირველი მილიონერი კოლმეურნეობა იყო. ამ დოვალთის ხარჯზე ააშენეს აბანოს შენობა ,
კარტოფილის უზარმაზარი საწყობი, ღვინის ქარხანა. გასაყიდი წერტები ჰქონდათ
გახსნილი აზერბაიჯანში, თბილისში, საბჭოს მოედანზე. აწარმოებდნენ რძის პროდუქციას ,
თაფლს, მეაბრეშუმეობასაც კი მიჰყვეს ხელი. ცხენების ფერმაც ჰქონდათ, აღარ ვამბობ
ღორის, ძროხისა და ცხვრის ფერმებზე. ჰქონდათ სადურგლო სახელოსნო და სამჭედლო.
ძირითადად, მათი გამწევი ძალა ურმები იყო და თუ დაზიანდებოდა, თავიანთ
სადურგლო-სახელოსნოებში აკეთებდნენ. თუ ვინმეს რამე ნივთი დაეკარგებოდა,
მპოვნელი ამ ნივთს კოლმეურნეობის კანტორაში ფანჯარაზე მიიტანდა და დადებდა.
პატრონი გაივლიდა და აიღებდა. არ არსებობდა ვინმეს სხვისი ნივთი წაეღო. არ
არსებობდა ვინმეს თავის სახლის წინ არ დაეხვეტა ქუჩა, არ გაეწმინდა სანიაღვრე არხი .

1907 წელს გამოიყვანეს წყალი. „კაუკაზიშე პოსტში“ იყო სპეციალური სტატია ასურეთში
წყლის გაყვანასთან დაკავშირებით. წყაროები მანამდე იყო, მაგრამ ასე
სისტემატიზებულად პირველად მოხდა წყლის გაყვანა. მაღაზიების გაერთიანება იყო და
ამ გაერთინებაში შემოიტანეს თუჯის მილები. თითოეულმა ოჯახმა გარკვეული თანხა
დადო, მერე სახელმწიფოც ერთი მესამედით დაეხმარა. ასე რომ, საკუთარი წყალი
ყველას ჰქონდა. გარდა ამისა, მთელ რაიონში პირველი ასურეთი იყო
ელექტროფიცირებული სოფელი. მაშინ, როცა რაიონის ხელმძღვანელობა ცხენით
დადიოდა ქალაქსა თუ სოფელში, ასურეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარეს მანქანა
ყავდა, პიკაპი ემსახურებოდა. 38 წელს, როდესაც მოსკოვში იყვნენ სასოფლო-სამეურნეო
გამოფენაზე წასული ორმოც კაცამდე დელეგაცია, მუშა იყო, აგრონომი, ვეტექიმი თუ
ინჟინერი, იქ ჰქონდათ წაღებული ყურძნის ჯიშები, ის, რასაც აწარმოებდნენ, თაფლი…
საჩვენებლად ორი ცხენიც კი წაიყვანეს. მათი სახელებიც იყო მითითებული _ ოსმანა და
სულაკა. სტალინსაც შეხვედრია ეს დელეგაცია და გამოგვკითხა, ქართველებსა და
გერმანელებს როგორი ურთიერთობა გაქვთო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი
ურთიერთობა ჰქონდათ. არ იყვნენ კონფლიქტურები, სად ეცალათ კონფლიქტისათვის.
დილის 6 საათზე რომ გავიდოდნენ სამუშაოზე, დაღლილ-დაქანცულები სახლში გვიან
შედიონენ, მაგრამ შაბათ-კვირა მათთვის ხელშეუხლებელი იყო. შაბათ-კვირას გართობა
და დროსტარებაც იცოდნენ საერთო ფსონით.

ჰქონდათ თეატრი, სასულე ორკერსტრი, ბავშვთა სასულე ორკერსტრი, ჯაზორკესტრი.


ასევე ჰქონდათ კრამიტის გამოსაწვავი საწარმო. ხელოსნები ჰყავდათ დაქირავებული
მანგლისიდან და მეთუნეობას მისდევდნენ. ჰქონდათ სასათბურე მეურნეობაც, თავად
გამოყავდათ ჯიშები. ცნობილი ქართველი აგრონომი იყო _ კაკულია და კიდევ
ავსტრიელი აგრონომი ადოლფ ზაუტერი, რომელმაც ბაღი გააკეთა. ის არ
გადაუსახლებიათ იმიტომ, რომ ავსტრიელი იყო და პასპორტში თურმე ლენინის
ხელმოწერა ჰქონდა. ეტყობა, ამანაც გაჭრა. უშვილო იყო და მოგვიანებით უაპტრონოთა
სახლში გარდაიცვალა… ეს მისი გაკეთებული ბაღი ძალიან ლამაზი იყო, ლამაზი ხეივანი
ჰქონდა. ყურძნის სხვადასხვა ჯიში ჰქონდა თურმე ამ ხეივანში. ყველა ის ჯიში, რაც კი
არსებობს საქართველოში.

ასურეთში იყო ეკლესიაც, რომელიც მერე კულტურის სახლად გადაკეთდა. ამ ეკლესიას


თავი წააჭრეს 50-იან წლებში. ასურეთის კოლმეურნეობა ბერიას სახელობისა იყო და
ბერიას თურმე კარგი ურთერთობა ჰქონდა აქაურობასთან, ხშირად ჩამოდიოდა და ერთ-
ერთი ვიზიტის დროს, აღუნიშნავს _ ეს თქვენი კლუბი რა ეკლესიასავით გამოიყურებაო.
არ მიუცია მითითება, რომ მოხსენით, მოკვეთეთო, მაგრამ პარტიის ხელმძღავნელობამ,
ადგილობრივებმა, რა თქმა უნდა, ეს მიიღეს, როგორც ბრძანება და იმ წამშივე
მოანგრიეს თავი. თავზე რომ ვარსკვლავი ედგა ამ შენობას, ეგ ვარსკვლავი მე მახსოვს.
კლუბი რომ დაიწვა, ეტყობა ეგ ვარსკვლავი შიგნით იყო შენახული, ხანძრის მერე გარეთ
გამოაგორეს და ზუსტად მახსოვს, როგორ ეგდო ეზოში დამწვარი.

კულინარიას რაც შეეხება, შერწყმული ჰქონდათ ქართული კერძებთან. იცოდნენ


ჩახოხბილი, ჩიხირთმა, ჩურჩხელა, გოზინაყი. ჩვენ აქ ერთი კერძი გვაქვს, ნემეცურს
ვეძახით, ვიჩინაა მოხარშული კარტოფილთან ერთად, გერმანული კერძია. ღორს
ზამთარში ხომ დაკლავდნენ, ბარკლებს ცალკე ამოიღებდნენ და ცალკე ამარილებდნენ.
ზოგადად, მშრალად ამარილებდნენ და მარილთან ერთად უკეთებდნენ დაფნას , წიწაკას ,
ნიორს. მესამე თუ მეშვიდე დღეს წყალს დაასხამდნენ და აჩერებდნენ ერთი თვე . მერე
ამოიღებდნენ და გააშრობდნენ. საშუალოდ, 3-4 ღორს კლავდნენ იმის მიხედვით, ვის
რისი შესაძლებლობა ქონდა.

ღორსაც და ნემეცურსაც ზოგიერთი ახლაც ასე აკეთებს. ხორცი ერთი თვის განმავლობაში
ხო არის წყალში და წყალშივე მოჭრიან ერთ ნაჭერს, მოხარშავენ, ერთ პირ წყალს
გადაუღვრიან, ზედმეტ მარილს გამოიტანენ, მერე ხორცი ნახევრად რომ მოიხარშება ,
გათლილ კარტოფილს ჩააყოლებენ შიგნით და კარტოფილიც ღებულობს ამ გემოს.
უგემრიელესია.

(ფოტო: 5, ასურეთის გერმანული ეკლეასია 1950-იანი წლების დასაწყისში, ციფრული


ფოტომატიანე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა).
სიზმარს რომ ვეხედავ...
ჭიჭიკო წულუკიძე

კაჩაეთი მახსოვს, იქ დავიბადე. ჩვენ სახლში იყო სკოლა. ორწლედი იყო მაშინ. სკოლას
შენობა არა ქონდა და ჩვენი სახლი გვქონდა გაქირავებული სკოლად. თან ჩვენ სახლში
ვიყავით და თან სკოლაში ვიყავით.

41 წელში ჩამოგვასახლეს აქა. კაჩაეთიდან ასე, 16-17 ოჯახი წამოვედით. 13 წლის ვიყავი.
მახსოვს ყველაზე მაგარი, მდიდარი სოფელი იყო ესა. ვმუშაობდით, კოლმეურნეობა იყო
მაშინ და… მართალია, ომი იყო, მაგრამ სხვას რომ უჭირდა, ისე არ გვიჭირდა ჩვენ.
საჭმელი სამყოფი იყო და მოსავალი კარგი მოდიოდა. მე და დედაჩემი ჩამოვედით აქ.
მამა არა მყავდა. უფროსი ძმა მყავდა და იმან უფრო მოიწადინა. შეგვპირდნენ, რომ ვინც
აქ წამოვიდოდით, ფრონტზე არ გაგვიშვებდნენ. მაშინ ხრესილში მუშაობდა , რაღაცა
ქარხანა იყო. ჩემი მეზობელი კაცი მუშაობდა იქ, იმის ბიჭი და ჩემი ძმა. იქიდან
შემოგვითვალა, რომ ლაპარაკია, გადასახლებაში მიდიან, ასეთი და ასეთი პირობებია,
ჩაეწერეთ აუცილებლად, რომ გადავრჩეო და გადარჩა კი არა… აქედან, ასურეთიდან
წაიყვანეს ფრონტზე. სწავლობდა, მეათე კლასში იყო და დაამთავრა თუ არა, მაშინვე
წაიყვანეს.

თან ისეთები წამოვიდნენ აქ ჯერ, რომ აგიტაცია გასწიეს, რომ მართლა კარგი
მაცხოვრებლები იყვნენ და ჩვენც წამოვედით. იძულება არ ყოფილა, მაგრამ პირველი ეგ
იყო, რო ჯარში არ გაგიწვევენო. ოჯახის უფროსი არ უნდა წასულიყო ომში, მაგრამ მეორე
დღეს გაუშვეს ჩემი ძმა ფრონტზე.

6 დღე ვიყავით ვაგონში. სატვირთო ვაგონები იყო მაშინ. ურმები მოვიდნენ ხარებით და
ტყიბულში შემოგვიყვანეს. ნება დაგვრთეს, 10 თუ 12 ქათამი შეგვეძლო წამოგვეყვანა.
ტყიბულში ვიყავით სამი დღე სადგურში. მერე ჩამოვედით მარნეულში. დეკემბრის თვე
იყო და მოვიდა თოვლი. მარნეულში სადგური პატარა არი, ვინ დეეტეოდა ზედ და გარეთ
ვიყავით თოვლში. მატარებლის შპალები იყო, რკინიგზის შპალები და იმაზე გავშალეთ
ქვეშაგებელი და დავიფარეთ ზევიდან. იმაზე დავწექით და ისე ვიყავით. დილაზე
ჩამოვიდა ფურგონები და ფურგონებით წამოგვიყვანეს. მასიურად სულ დაიხოცნენ
პატარა ბავშვები. ვერ გადაიტანეს გზა.

ჩამოვედით აქა და აქ წინასწარ იყო გამოგზავნილი ხალხი, ყველა სოფლიდან ორ -ორი


კაცი იყო, ჩვენი სოფლებიდან. იმგენმა მიიღეს ჯერ სახლები და მერე დანარჩენი
წინასწარ გაანაწილეს. ავტორიტეტული კაცები იყვნენ. ისინი გამოაგზავნა სოფელმა . ჩვენ
რომ ჩამოვედით, დაგვხვდნენ ისენი და გვასწავლეს, რომელი სახლი რომელია, შენი
რომელია.

ეს სახლი პატარა სახლი იყო. ვინ უყურებდა მაშინ სახლის მოწონებას. აქ იყო ცხენების
თავლა, სავსე იყო ქერით. ქერით და სიმინდით. ორი გლეხი ვცხოვრობდით აქ. კაცი იყო
ის და მე ბავშვი ვიყავი, 13 წლისა და არ მიშვებდა აქა, ჩემი ძმისთვის მინდაო და მერე
ავტორიტეტული კაცები დაელაპარაკნენ კარგად. დამანება თავი და ვიყავით ეგრე.

დედაჩემი და მე კოლმეურნეობაში ვიყავით ორივე. სკოლის მერე ვეხმარებოდი მე ,


თოხნა იყო, კარტოფილის ამოღება იყო, დათესვა იყო. სკოლის მერე იყო ეგ. სად იყო
ომის დროს სწავლა, მარა ვინც მოწადინებული იყო, სწავლობდა მაინც. მერე მე-9
კლასიდან გამოვედი და წავედი ბოლნისში. ტექნიკუმი იყო ბოლნისში მევენახეობა -
მეღვინეობისა და ის დავამთავრე, იქ ვმუშაობდი. ემტეესი იყო მაშინ. ყველაზე დიდი
ტრაქტორები და მანქანები იყო იქ, ისინი ამუშავებდნენ კოლმეურნეობების ნაკვეთებს და
იქ ვიყავი აგრონომად. მერე ჯარში წამიყვანეს, სამი წელიწადი ვიყავი . იქედან რომ
ჩამოვედი, დავიწყე ისევ მუშაობა აქაურ ემტეესში, საწყობში, საწყობის გამგედ და იქ
ვიყავი მთელი 16 წელი. მერე ცოლი მოვიყვანე, იმერელი ქალი და ვცხოვრობდით
მშვენიერად.

ბევრი აქ ჩამოსახლებული დაბრუნდა უკან, რაჭაში ომის მერე. მართალია, შენი კუთხეა
რაჭა მარა, აგერ, ა, თბილისთან ისე ვართ ახლოს, რომ თბილისში მუშაობენ ახლა ჩემები
და დილას მიდიან, საღამოს მოდიან. 30-32 წუთი უნდა მანქანას.

მარა რა არი, იცი? სიზმარს რო ვეხდავ, ისევ იქ ვარ ჩემ სახლში, რაჭაში.

(ფოტო : პიონერი ჭიჭიკო წულუკიძე (მარცხნივ) თანაკლასელებთან ერთად, ჭიჭიკო


წულუკიძის პირადი არქივიდან)
პიონერები და დეზერტირები
ომარ ჩიტალაძე

გადმოსახლება ბუნდოვნად მახსოვს. ბუნდოვნად. 1941 წელია. თუ არა ვცდები,


ოქტომბერი. ოქტომბრის თვეა, შემოდგომა. გამოცხადდა საყოველთაოდ, რომ ნება-
სურვილით, ვისაც სურდა, შეეძლო წამოსულიყო ასურეთში. ჩამოიარეს სპეციალურად და
გაგავაფრთხილეს. აქეს ეს ადგილი, თეთრიწყაროს რაიონი. მერე დედაქალაქთან
ახლოსაა, ძალიან ახლოს და უფრო მეტი პრივილეგიები გქონდა ადამიანს
სწავლისათვის, განვითარებისათვის.

მე სადმელში ვცხოვრობდი მაშინ და 5 წლის ვიყავი. მხოლოდ მე ვცხოვრობდი წმინდა


გიორგის ეკლესიასთან, კლდეებია იქ ასასვლელი, იმ კლდის ძირში. სადმელი
ბუნდოვნად მახსოვს, ეპიზოდურად მახსოვს რაღაც-რაღაცეები. ჰოდა, 41 წელში
გადმოგვასახლეს. წამოვედით და ერთხანს რიცეულზე შევჩერდით. რიცეულის გზა
მახსოვს. მახსოვს ის ამბავი, რომ ცოტა შიმშილობაც იყო. გვშიოდა. უკვე ომია დაწყებული ,
ქლუხორის უღელტეხილზე არიან გერმანელები, ბათქა-ბუთქი ისმის. მახსოვს,
ახალგაზრდობა რომ მიდიოდა ჭალაზე, რიონის პირზე, ახალგაზრდები, სულ პატარა
ბიჭები და სიმღერით რომ მიდიოდნენ, ომში რომ მიდიოდნენ, ეს მახსოვს
გუშინდელივით.

გაგვიჭირდა აქ ჩამოსვლა. გაგვიჭირდა იმიტომ, რომ გზები გადაკეტილი იყო. ჯერ


რიცეულზე გავჩერდით, მანქანებს ველოდებოდით. მანქანები არ იყო, ფრონტზე იყო
წასული, მეორე თუ მესამე დღეს მოვიდა უკვე მანქანები. წამოვედით, ქუთაისით
წამოვედით, დიდხანს ველოდეთ მატარებელს, რადგან ფრონტზე მიდიოდა,
ჯარისკაცებით იყო დატვირთული. მერე დაგვაჯინეს მაინც მატარებელზე და დაახლოებით
ერთი სამი დღე მაინც ვიარეთ. გზები გადაჭედილი იყო, ამ ფრონტის ამბებით. ჰოდა,
ჩამოგვიყვანეს მარნეულში და მარნეულიდან წამოგვიყვანეს, გრუზავიკი მანქანებით
ამოგვიყვანეს აქ. მახსოვს შემოსვლა. რომ შემოვედით, ისეთი ლამაზი იყო... ახლაც
მახსოვს ზაბორები. ქვის ზაბორები იყო. ქვის ზაბორები, ესე, ამ სიმაღლეები და იმ ქვის
ზაბორებზე ასე, 80 სანტიმეტრი სიმაღლის ხის ზაბორები იყო კიდე ზევიდან. სუყველგან
ერთნაირი იყო, განა ჩვენ რომ გვაქვს ზოგს ყვითელი, ზოგს ჭრელი… ერთ ფერში იყო
ყველა გაკრასკული…

აქ რომ ჩამოვედით, 1 თუ 2 ნოემბერი იყო, მეორე დღეს ავდექი, წელამდე თოვლი იყო
მოსული. ამათ სახლებს ბალკონები ქონდა ძალიან ვიწრო, მაგრამ კარგი სახლები იყო.
როგორც გადმოცემით ვიცი, უცოლო პედაგოგი კაცი ცხოვრობდა ჩვენს სახლში. ცოლ-
შვილი არ ყოლია. აქეთ თავლა იყო, იქით ქვის კიბე. აკაციის ხეები იდგა ეზოში,
უზარმაზარი აკაციის ხეები. მეფუტკრეობა ქონიათ განვითარებული და აკაციის თაფლი
ძალიან კარგია. ზოგადად, ასეთი ეკონომიურად ძლიერი სოფელი არ ყოფილა
საქართველოში. ტრამვაის გაყვანა უნდოდათ. ტრამვაის უნდა ევლო ვენახებამდე .
ქარხნები ქონდათ, კერამიკის ქარხანა, აგურის ქარხანა. საამქროები იყო საუკეთესო.
მანქანის ნაწილებს აკეთებდნენ, არემონტებდნენ. ესე იგი, ძალიან ნიჭიერი ყოფილა ეს
ხალხი და ძალიან პუნქტუალური.

პადვალი მახსოვს, გერმანელების დატოვებული კარტოფილით იყო სავსე, ერთი


ნახევარი ბოჩკამდე თაფლი იყო კიდე. ეს გერმანელები რომ გაასახელს, უთქვამთ,
მოუტყუებიათ, რომ თქვენო რამოდენიმე კვირაში უკან დაბრუნდებითო. აბა, ისე შეიძლება
რაღაც ბუნტი ყოფილიყო. ამიტომ წყნარად გაიყვანეს, ბერია ხელმძღვანელობდა
უშუალოდ ამ საქმეებს. თანაც… რა მოხდა. როგორ გაასახლეს ახლა ეს გერმანელები. აქ
მთავარი აგრონომი ვუტენბერგი იყო, თანაც პარტკომის თავმჯდომარე, პარტიული კაცი.
ჰოდა, ჩვენ როგორც გვითხრეს, ამ კაცმა კავშირი დაამყარა ჰიტლერთან. ესე იგი ,
გერმანელი “პასადკას” გააკეთებდა, გადმოსხამდა ჯარს და აგერ დაგიბანაკებდა , აგერ
ჩააყენებდა, იარაღით და ამბებით და მოხდებოდა საშინელება. აქედან დაარტყამდა
პირდაპირ თბილისს. ახლოსაა, რა შორს თბილისია.

მე მახსოვს ის ამბავი კიდე: ბავშვები რომ ვთამაშობდით გარეთ, ორჯერ იყო ისეთი
შემთხვევა, რომ თვითმფრინავმა გადმოიარა, გერმანულმა თვითმფრინავებმა და
პრაკლამაციებით გაივსო მთელი ცა. ბავშვები ვართ, გაგვიხარდა, დავრბივართ ,
ვკრიფავთ ამ ფურცლებს და ვკითხულობთ: თქვენ იცხოვრებთ საუკეთესო ქვეყანაშიო,
თქვენ არ შეგეხებითო და გვაიმედებდნენ, რომ ესე იცხოვრებთ, ესე იქნებით _ პირობები
იყო გადასარევი. ქართულად იყო ეს პრაკლამაციები. ეტყობა, ქართველი მუშაობდა,
ვიღაცა ყავდათ ქართული ენის მცოდნე, აგენტი და ის აკეთებდა ამას.

ჰოდა, მერე საბავშვო ბაღში შევედით აქ. მალევე შევედით, მეორე წელსვე შევედით .
დღესაც ხო არი საბავშვო ბაღი. შენობები იყო საუკეთესო და იქ ვიარე ერთი -ორი
წელიწადი. მერე 43-ში საშუალო სკოლაში შევედი, პირველ კლასში. პირველი საშუალო
სკოლის შენობაც ულამაზესი შენობა იყო, ხის. ორსართულიანი, გერმანელების
გაკეთებული, ქართულ სტილში. 1953 წელში დავამთავრე საშუალო სკოლა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი . საშუალო სკოლაში


არ გვქონდა პირობები, რომ ვინმე პედაგოგს ესწავლებინოს. ხან ქართული ენა
გვახატინებდა რაღაცას, ხან რუსული. მერე ხატვის წრე ჩამოყალიბდა და პირველი მე
მივვარდი, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ერთი გაკვეთილი ჩატარდა. თეთრწყაროში
გადაიყვანეს პედაგოგად ჩვენი მასწავლებელი. ჩვენ დაგვტოვეს ასე . დავამთავრე
საშუალო სკოლა და წავედი აკადემიაში ჩასაბარებლად. მანდ გამოცდები მიდის
უმაღლეს დონეზე. მაინც გავედი. ეხლაც მიკვირს, ოთხები გამოვიტანე. ბოლოს
კომპოზიციაში იყო გამოცდა. იქ ორიანი მივიღე. წარმოდგენაც არ მქონდა როგორ და რა
უნდა გემეკეთებინა. ფურცელიც არ მქონდა, გაზეთი „კომუნისტი“ რომ იყო, იმის
გვერდებზე ვხატავდი. ესე წვალებით წავედი, ვერ მოვხვდი იმ წელს და გადავწყვიტე
ჯარში წასვლა. წავედი ჯარში 54 წელში. მახარაძეში ვმსახურობდი 2 წელი. მერე
თბილისში დავბრუნდი, სამსახურიც ვიშოვნე, მოსამზადებელი კურსები ქონდა აკადემიას ,
იქ მოვემზადე უფასოდ. მოვემზადე, ასე მოვხვდი და დავამთავრე აკადემია.

რაც შეეხება გერმანელებს, აქ დაგვხვდნენ ისეთი ადამიანები , ვინც ქართველზე იყო


გათხოვილი. გერმანელი დედა ყავდათ. ჩვენთან ერთად დაამთავრეს საშუალო სკოლა
იმ გოგოებმა, ლუიზამ და ნათელამ. როგორც და-ძმები, ისე ვიზრდებოდით, როგორც და-
ძმები. ნათელას დედაც მახსოვს. კაი ქალბატონი იყო, ლამაზი. გერმანელი
მასწავლებელი მყავდა კიდე. თინა ერქვა. ცხონებული კარგი ქალი იყო. გრამატიკა
კარგად გვასწავლა. დღესაც არ დამვიწყებია კითხვა და წერა.

არდადეგების პერიოდში, თავისთავად ცხადია, ჩვენ დავდიოდით კოლმეურნეობებში .


ასურეთის კოლმეურნეობა საჩვენებელი იყო, საუკეთესო. კოლმეურნეობას
ვეხმარებოდით პიონერები. კოლმეურნეობას ვეხმარებოდით თავთავების აკრეფაში. ესე
იგი, კომბაინი ვერ ასწრებდა თავთავების გადამუშავებას და თავთავები ცვიოდა დაბლა
და ძალიან ბევრი დანაკარგი იყო. ვკრეფდით მეშოკებით ამ თავთავებს და სპეციალურ
ბრიგადას ვაბარებდით. სასწორზე იჯდა ის ბრიგადა, დიდი სასწორები იყო . ბრიგადის
წარმომადგენელი იწერდა სიას. მე მახსოვს, რომ ყველა ბავშვი ითვლიდა შრომა დღეს.
განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში ხდებოდა ეს და ისე _ შაბათ-კვირას. ასე რომ,
დასვენება არა გვქონია ჩვენ. მეტი რო გაგვეთოხნა ბავშვებს, მეტი რო გვემუშავა და
რაღაც სარგებელი გვქონოდა, ხანდახან ღამე მარაბდაში ვრჩებოდით . 5 კილომეტრია
მარაბდამდე და ჩვენ, ასე დავთქვით ბავშვებმა, რო 5 კმ ფეხით სიარული აქეთ-იქედან
ძაან ძნელია. ვიღლებოდით და გადავწყვიტეთ დავრჩენილიყავით ადგილზე. იქ გქვონდა
ყანები, სიმინდი ითესებოდა. არხის პირას ვიწექით. მეშოკები გვქონდა . ჩალამ-კალამს
მოვჭრიდით, დავიგებდით, გადავაფარებდით მეშოკებს, გავიშლიდით საწოლს და ღამე
გვეძინა ასე, არხის პირას. მეორე დღეს ბრიგადირი ამოვიდოდა და მოგვიტანდა პურს.
ტალონებით იყო მაშინ პური. ბიჭები ვიყავით ძირითადად, გოგოები უმეტესად თავთავებს
კრეფდნენ. ასე ვწვალობდით, ვეხმარებოდით სოფელს, ოჯახს, 12-13 წლის ბავშვები.
სოფელს უჭირდა და ვეხმარებოდით. ტონობით დაიკარგებოდა ის ხორბალი, ჩვენ რომ
არა. ბაშვობიდანვე დავიწყეთ შრომა, გასაჭირი იყო. 45, 46, 47, 48 წელი შიმშილობა იყო.
ფული გვქონდა, მაგრამ მოსავალი არ იშოვებოდა. დანგრეული იყო ქვეყანა. ასე
გავიტანეთ თავი და მოვედით აქამდე.

კიდევ შეშა მოგვქონდა ბავშვებს ტყიდან. რამდენჯერ ყაჩაღიც შეგვხვედრია .


დეზერტირები რომ იყვნენ გასულები, ტყეებში იმალებოდნენ გაღმაუბნელები ,
ბორბალოელები რამდენჯერ შეგვხვედრიან ბავშვებს. ერთხელ გასულები ვართ , არსენას
გამოქვაბულს რო ეძახიან, იმის მოპირდაპირე მხარეს ვართ, ტყეში შევედით ბავშვები .
ურიკები დავაყენეთ და შეშას ვამზადებთ. ფიჩხი მოგვაქ, ვაგროვებთ და გავიხედეთ,
წვერებიანი კაცი მოდის, ნაბადი ახურია ესე და თოფი აქ გვერდზე გადაკიდებული . აუ ,
მივიყუჩეთ სუყველა ერთად. ნუ გეშიანიათ, ბავშვებო, ნუ გეშინიათო. საბჭოს
თავმჯდომარე ხომ არ დაგინახიათ აქა გამოვლილიო. დადიოდნენ ტყეში, ეძებდნენ
მაგათ, საბჭოს თავმჯდომარე მოუძღოდათ წინ. მილიციანარები მოყავდა და ეძებდნენ
მაგათ. ნუ გეშინიათ, ნუ გეშინიათო. ჩვენ თქვენ არ გერჩითო. ორნი იყვნენ და ისე, ბევრნი
იყვნენ საერთოდ ტყეებში შეხიზნული. ზოგი დაიჭირეს მერე.

პატიმრებიც მახსოვს. ერთხელ, აბანოში ვართ, გოგირდის აბანო იყო, ორსართულიანი ,


სულ მოზაიკაში ქონდათ გაკეთებული გერმანელებს და მარაბდიდან პატიმრები
მოიყვანეს დაჭერილი აქ, დეზერტირები. მოიყვანეს აბანოსთან, ჩამოსხდნენ ქვებზე და
ერთი ცმუტობდა რაღაც, ერთი პიროვნება. ჰოდა, რას აკეთებს ეხლა ეს პიროვნება.
მივიდა იქ გვერდზე, ერთი პატარა საპირფარეშო იდგა, წყლის პირას. ჰოდა , მივიდა და
გადახტა. გადახტა და ატყდა ამბავი, გაგვექცა პატიმარიო და სანამ იმათმა მოიხედეს , ეს
ხევში, უზარმზარი ხევია, ერთი დაახლოებით ასი მეტრის სიმაღლეზე გადავარდა . დაეშვა ,
გავიხედე და გარბის, გარბის და გამოეკიდენ ეს ნადზორები. გამოეკიდენ და დაიჭირეს .
მაღლა ვეღარ შეძლო ასვლა. მოიყვანეს და აბანავეს ეს პატიმრები. წავიდნენ და ეს
თურმე, ეს გაქცეული, გზაზე მოუკლავთ მერე.

(ფოტო: 6)

ჩემი მიშა ცოცხალია


ნათელა ლაიშვილი

დედაჩემი შმიდტი იყო. ომი რომ დაიწყო, მე და ჩემი ტყუპი და ვიყავით წლის და ორი
თვის. მამაჩემი ფრონტზე წაიყვანეს. ჩვენ ჯერ ჩუღურეთში ვცხოვრობდით, დედაჩემის
დედ-მამა აქ ცხოვრობდნენ, ასურეთში. ძალიან ძლიერი ოჯახი იყო, დიდი მეურნეობები
ქონდათ, ვენახები. ყველაფერი სავსე იყო ხორბლით. ღორები დაკლული, 8 ღორზე
ნაკლებს არ კლავდნენ თურმე, მუშები ყავდათ გარეშე სოფლებიდან მოყვანილი. მერე
ბრძანება რომ მისცეს, რომ უნდა დატოვონ ყველაფერი და წავიდნენ, რახან ბევრი
სიმდიდრე ქონდათ, ბაბუაჩემმა, ვილგელმი ერქვა, ამოიყვანა დედაჩემი აქ და დაგვტოვა
ამ სახლში. არ უნდოდა თურმე დედაჩემს, მაგრამ უკვე იცოდნენ, რომ გვასახლებდნენ,
ამიტომ ამოიყვანა დედაჩემი, რომ ამას დარჩენოდა ამხელა სახლი, პადვალი სავსე
ხორბლით, ღვინოებით. ყველა წიაყვნეს ყაზახსტანში, დედაჩემის დედა და მამა , ძმები და
დები, მარტო დედაჩემი დარჩა აქ იმიტომ, რომ ქართველი ქმარი ყავდა.

აქ ეს მთლიანი სახლი ჩვენი იყო. ნახევარ სახლში მერე სხვები შემოასახლეს. მამაჩემი
ჯარში წაიყვანეს და დავრჩით ასე მარტოკანი მე და ჩემი ტყუპი და დედასთან . დედაჩემი
კერავდა და არ გვიჭირდა. ხო ბევრი ხორბალი დაუტოვეს, მერე აქ იყო კოდაზე რუსები
სამხედრო ნაწილი და იმათი ცოლები მოდიოდნენ, იკერავდნენ და თან პროდუქტი
მოქონდათ. ასე რომ, არ გამჭირვებიაო, დედაჩემი იტყოდა ხოლმე. კერავდა და
შემოსავალი ჰქონდა. ომის მერე ჩვენც მამაჩემის პენსია გვეძლეოდა 18 წლამდე,
როგორც წესი იყო. ასე რომ, გაჭირვება მართლა არ გვიგვრძვნია. უმამობას მიჩვეული
ვიყავით პატარაობიდანავე, მაგრამ დედაჩემს თუ რამე სჭირდებოდა, მოდიოდნენ ეს ჩემი
მამიდაშვილები, ნათესავები მამაჩემის მხრიდან და შეშის მოტანა იყო , ყველაფერი იყო _
გვეხმარებოდნენ. ძალიან ყურადღებიანები იყვნენ. მამიდები სანამ ცოცხლები იყვნენ ,
სულ გვქონდა მიმოსვლა.

ასე გავიტანეთ თავი ნელ-ნელა. პატარები რომ ვიყავით, თურმე, ამ რიკულებს


ჩავკიდებდით ხელს და ისე დავიწყეთ სიარული. მერე საბაშვო ბაღში შევედით. ენა
გერმანულად ავიდგით. საბავშვო ბაღში რომ მივედით, ჯერ კიდევ ვერ ვლაპარაკობდით
ქართულად კარგად. მერე რაჭველის ქალებმა მოსვლა რომ დაიწყეს კერვაზე, ჩვენ
გერმანულად ვლაპარაკობდით დედასთან და რატო არ ელაპარაკები, ფრიდა, ბავშვებს
ქართულადო. დედა ქართულად გამართულად ვერ ლაპარაკობდა, აქცენტი ქონდა მაინც.
დავიწყეთ მერე ქართულად ლაპარაკი და გერმანული სულ დაგვავიწყდა . სკოლაში რომ
მივედით, იქ უკვე კარგად ვლაპარაკობდით. კარაგადაც ვსწავლობდით, კარგი მოსწავლე
ვიყავი. დედაჩემს რომ მოსდიოდა წერილები ყაზახსტანიდან, როცა დართეს ნება, ჯერ
პირველად არაფრის ნება არა ჰქონდათ და მერე რომ დართეს ნება, რომ მოდიოდა ეს
წერილები და ხმამაღლა რომ კითხულობდა, მესმოდა. ახლაც რომ მოდიან
გერმანელები, მესმის რას ლაპარაკობენ, მაგრამ პასუხს ვერ ვაძლევ.

ასურეთი ძალიან მჭიდრო დასახლება იყო მაშინ, ბევრი ბავშვი ვიყავით . ეს რაჭველი
ბავშვები უფრო ღარიბები იყვნენ, ჩვენ უფრო განსხვავებული ვიყავით ჩაცმით , მოვლით .
დედაჩემი სულ სხვანაიარ საჭმელებს აკეთებდა. წესად ქონდა, რომ ყოველ შაბათ -კვირას
ქათამს დაკლავდა. მერე ფურნე გვედგა აქ და აუცილებლად აცხობდა. პურებს აცხობდა
და იმ დღეს, ერთი გოგო იხსენებდა, რომ, აი, ფრიდასგან ვისწავლე მე პურის ცხობაო. აი ,
ამხელა ბუხანკებს აცხობდა. ნამცხვრებსაც აცხობდა არაჩვეულებრივს. მე ვერ ვაცხობ ისე,
როგორც დედაჩემი აცხობდა. ღამე დაიწყებდა ცომის გაკეთებას და მეორე დღეს
აცხობდა. ზილამდა, ზილამდა, რაღაც ძვირფას ნამცხვრებს აკეთებდა. ყველას ახსოვს
მისი ნამცხვრები და იძახიან, არ ყოფილა შემთხვევა, ფრიდასთან მისულიყავი და
ნამცხვარი არ ქონოდაო. ძალიან კეთილი ქალი იყო. ყველა ეცოდებოდა. აგერ,
მეზობლები ძალიან გაჭირვებულები იყვნენ და სანახევროდ დედაჩემი არჩენდა . რომ
გააკეთებდა საჭმელს, მაშინვე მიაწვდიდა. ყველანი, ახლაც რომ მივდივარ ხოლმე
პენსიაზე, იქ რომ მხვდებიან, ყველა მეუბნება, ფრიდა რა კაი ქალი იყო და რა კარგი
ნამცხვრები ქონდაო.

სკოლა ძალიან კარგად მახსენდება. ჩვენ თაობაში არ გვქონდა გარჩევა, რომ ეს ის არის,
ის ის არის. არ მახსოვს ვინმეს რამე წამოეძახებინოს. მარტო ერთი მეზობელი გვყავდა ,
არ იყო კარგი ქალი და ის იტყოდა ხოლმე, ნემეც, ნემეცო, მაგრამ ის არავისთან არ იყო
კარგი, არცერთ მეზობელთან. არასოდეს, არასოდეს არ ყოფილა, რომ ჩვენთვის ვინმეს
რამე ეწყენინებინოს. ერთად მივდიოდით და მოვდიოდით მთელი უბანი . ძალიან ახლოს
ვიყავით ერთმანეთთან ყველა, მაგრამ დედაჩემს ერთი ჩვეულება ქონდა _ რომ იტყოდა
ამ საათზე უნდა მოხვიდე, სახლში უნდა ვყოფილიყავით მაგ დროს.

ვაბარებდი უცხო ენებზე, გერმანულის სწავლა მინდოდა, მაგრამ მერე გავთხოვდი . 20


წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ძალიან ბევრს ვუნდოდი _ იმას, იმას, იმას და თითქოს,
ჩემი ქმარი იმათ შორის ავარჩიე. მარტო რომ ვიყავით და კაცი არ გვყავდა არავინ ,
ალბათ უფრო იმიტომ გავთხოვდი, თორემ მამა რომ მყოლოდა, არ დამანებებდა. დედა
არ ყოფილა ჩემი გათხოვების წინააღმდეგი. ჯერ ქირით ვცხოვრობდით თბილისში , მერე
პლეხანოვზე მოგვცეს ბინა, რკინიგზელი იყო ჩემი ქმარი, მემანქანე და მისცეს. ახლა იქ
ჩემი შვილიშვილი ცხოვრობს. ორი გოგო მყავს. უკვე დიდები არიან. მაგათაც უკვე
შვილიშვილები ყავთ. ადრე გათხოვებამ ესე იცის. დედაჩემი რომ დაიღუპა , 85 წელს
დაიღუპა, იმის მერე აქ წამოვედით. მანამდეც, ყოველ შაბათ-კვირას მოვდიოდით აქ
დედას სანახავად, ზამთრობით იქით მიგვყავდა _ თბილისში. ოქტომბერი იყო, ჯერ ადრე
იყო თბილისში წაყვანა. ჩემი ქმარი, და და სიძე მოვიდნენ, მაგრამ სახლის კარი არ
გააღო დედაჩემმა. მერე ფანჯრიდან გადავიდა ჩემი და, მკვდარი იყო უკვე დედაჩემი .
სისხლისდენა ქონია, სიმსივნე გაუჩნდა, ჩემმა დამ რომ ნახა, თბილი ყოფილა ჯერ კიდევ
თურმე.

ძალიან მშრომელი ქალი იყო. კერვა თბილისში ისწავლა. ეს გერმანელი გოგოები, ბევრი,
თბილისში მიდიოდნენ თურმე გუვერნანტებად, მაგრამ მამამისს უთქვამს, მე შენ ეგრე არ
გაგიშვებ, კერვა უნდა გასწავლოო და უსწავლებია კიდეც. ის საკერავი მანქანაც ახლა
გვიდგას, მაშინ რომ უყიდა. 13 წლის ყოფილა დედაჩემი, რომ უკვე კერვა იცოდა. ძალიან
კარგად კერავდა. ყველა რომ მინდორში მიდიოდა და მუშაობდა, დედაჩემი სახლში
რჩებოდა _ უნდა მოეხარშა, გამოეცხო. საღამოთი რომ მოვიდოდნენ, ყველანი ერთად
პურსა სჭამდნენ. მერე გააკულაკეს ბაბუაჩემი, ძალიან ბევრი საქონელი ყავდა , ყანებიც
ჰქონდა, ვენახები... ვისაც არ უნდოდა კოლმეურნეობაში შესვლა, გააკულაკეს. მერე მაინც
შევიდა კოლექტივში. დედაჩემი იტყოდა ხოლმე, რომ სულ უბრაზდებოდა დედა მამასო,
რატომ დროზე არ შეხვედი კოლექტივშიო.

ბევრი შვილის ყოლა იცოდენ თურმე გერმანელებმა. დედა უფროსი იყო და მაგის გარდა ,
სულ ხუთნი ყოფილან. ორი დაეღუპა, დიდები უკვე, 20 წლისები, სასაფალოზე ეხლაც არი
ქვა. ერთი ტიფით, მეორე ფილტვების ანთებით. ჰოდა, ბრაზი მოსდიოდათ თურმე, რომ
ვილგელმიო მარტო ამუშავებდა შვილებს, ექიმთან არ მიჰყავდაო. ისეთი ლამაზები
იყვნენ ორივე, ვინც დაიღუპა _ ანაც და ვილიც.

წესად ქონდათ მაგათ, რომ ყოველ შაბათს დაალაგებდნენ ქუჩებს, კვირას წავიდოდნენ
ტყეში. ზევით, ვაკე ადგილი და დიდი მუხის ხეებია. იმათ ქვეშ ყველა უბანს თავისი
ადგილი ქონდა და იქ ქეიფობდნენ, ცეკვავდნენ, შეყვარებულები ერთმანეთს
ხვდებოდნენ. სისუფთავე იყო ყველგან. აი, ჩვენც რომ პატარები ვიყავით, დედამ ისე
მიგვაჩვია, რომ თვითონ რომ კერავდა, ერთი სახლში ჭურჭელს ვალაგებდით, მეორე
ეზოში ქათმებს, წვრილმანს ვუვლიდით. ასე მიგვაჩვია სისუფთავეს და შრომას. მიგვაჩვია
და დაუზარლები ვიყავით. არ ვიყავით ზარმაცები.

რომ იტყოდა დედა, ახლა ჭამის დრო არისო, უნდა დავმსხდარიყავით და ერთად გვეჭამა.
საერთოდ, გერმანიაშიც ეგრე არიან. ერთად უნდა დაჯდე, ერთად უნდა ჭამო. ღამე არ
დაწვებოდა, რომ არ ელოცა. ლოცულობდა. სქელი ბიბლია ჰქონდა, კამოდის უჯრაში
ახლაც დევს, იმას აიღებდა და კითხულობდა. საკერავი მაშინის გვერდით ედო, დაწოლის
წინ აიღებდა, გადაშლიდა რამდენიმე ფურცელს, წაიკითხავდა და ისე დაწვებოდა .
შვაბურად კითხულობდა. წერილებსაც რომ წერდნენ ისინი, შვაბურად წერდნენ . ჩვენ ვერ
ვკითხულოდბით იმ ნაწერს, მაგრამ ხმამაღლა რომ კითხულობდა წერილს, გვესმოდა.
დედაჩემის მშობლები მერე ისე კარგად მოეწყვნენ იქ, ყაზახსტანში . ესენი ხო ძალიან
მშრომელი ხალხი იყო. სადაც კი წავიდნენ, ყველგან დაამყარეს სამუშაო წესრიგი , რომ,
პირიქით, მადლობას უხდიდნენ აქეთ. ყაზახეთიდან მთელი ნათესავები მერე გერმანიაში
წავიდნენ. მარტო ისინი დარჩნენ, ვინც, მაგალითად, იქაური რუსები შეირთო. დედაჩემი
ნათესავები, თითქმის ყველანი, წასული არიან გერმანიაში. დედაჩემის ბიცოლა 91
წლისაა და კარგად არის. ძალიან კარგად ცხოვრობენ ეგენი.

ოქროს ქორწილი რო ქონდათ ბიძიას და ბიცოლას, რომელიღაც წელიწადში, დედაჩემი


ცოცხალი აღარ იყო მაშინ, დიდი კამპანია გადაიხადეს და დაგვპატიჟეს . გავიკეთეთ ვიზა
და წავედით. ფრანკფურტთან ახლოს ვიყავით, ძალიან მომეწონა იქ. გვითხრს, ისე
გავაკეთოთ, რომ თქვენც წამოდით და აქ ვიცხოვროთო, მაგრამ არ მოვინდომეთ, არც მე
და არც ჩემმა დამ. ვერ მივატოვე აქაურობა. ახლა ვფიქრობ _ წავსულიყავი, სიბერე მაინც
მექნებოდა ნორმალური...

დედაჩემს სულ ენატრებოდა თავისიანები. რამდენჯერმე წავიდა ყაზახეთში მათ


სანახავად. ისინიც სულ ჩამოდიოდნენ. წელიწადი არ გავიდოდა, რომ არ
ჩამოსულიყვნენ. დავდიოდით და მიმოსვლა გვქონდა. ჩემი შვილიშვილებიც კი წავიყვანე
და ერთი ზაფხული დავისვენეთ იქა. იქედანაც ძალიან ეხმარებოდნენ დედაჩემს . ბიძაჩემი
სამკერვალოების მომმარაგებელი იყო და თეთრეული იქნებოდა თუ ჩვენი ტანსაცმელი ,
სუყველაფერს გვიგზავნიდნენ. მეც ვკერავდი, დედას რომ ვუყურებდი , ვისწავლე .
თბილისში რომ ვიყავი, ვკერავდი, მაგრამ რაც ასურეთში ჩამოვედი, აღარ შემიკერავს.

მამა არ დაბრუნებულა ომიდან. იქ დაიღუპა. დედა აღარ გათხოვილა. აქ იშვიათი იყო,


რომ მეორედ ვინმე გათხოვილიყო. ბავშვები, ყველა უმამოდ გავიზარდეთ. გარეშე
სოფლებიდან რომ მოდიოდნენ აქ სამუშაოდ, მამაც ასე მოსულა თურმე და უთქვამთ,
მიშაო, თუ გინდა კარგი ოჯახი შექმნა, აი, ვილგელმის შვილი, ფრიდა მოიყვანე ცოლადო,
მართლა კარგი, ძლიერი ოჯახი გექნებაო. დედაჩემი იტყოდა, სამი წელი მოდიოდა და
მიდიოდა და არ მივყვებოდი, არ მინდოდა გათხოვებაო, მაგრამ ბოლოს მაინც
დათანხმდა.

დედა სიკვდილამდე, ჩემი მიშა ცოცხალიაო, ამბობდა, სულ მაგას ამბობდა. ჩემი მიშა.
ძალიან მონატრული იყო. მამა წერილებს წერდა იქედან. ქართულად წერდა. მახსოვს მეც
ეს წერილები, ბავშვობაში დედაჩემს შიფანერკის უჯრაში ქონდა შენახული და მერე სად
გაშპა, არ ვიცი. მამიდაჩემებმა წაიღეს შეიძლება. ბოლო წერილში ეწერა, მივდივარ
სტალინგრადისკენაო. იმის შემდეგ წერილი აღარ მოგვსვლია, მაგრამ დედას სულ
სჯეროდა _ ცოცხალიაო. სულ ამბობდა _ ცოცხალია, სადღაც სხვაგან არის, სხვა ცოლი
ყავს, მაგრამ ხო არის ცოცხალიო. (ფოტო: 7)

ჭერში დაფარული საიდუმლო


დავით წულუკიძე
ამ ლამაზი სოფლის ისტორია ორასი წლის წინ დაიწყეს გერმანელებმა და 1942 წელს
გააგრძელეს ქართველებმა. როდესაც რუსეთმა საქართველო შეიერთა, იმპერიაში
კარგად იცოდნენ ქართველების ხასიათი და ეკატერინე მეორე ყველა “სიკეთესთან”
ერთად ჭკვიანი მმართველიც იყო და თავის დაზღვევის მიზნით თბილისის გარშემო
შექმნა გერმანელების ოთხი დასახლება: სართიჭალა, ჩვენ, ბოლნისი და დიდუბე. ეს
დასახლებები ეკატერინეს ერთგული ძალა იყო, რომელიც დასაყრდენი ძალა იქნებოდა
ქართველების ურჩობის შემთხვევაში. როგორც ამბობენ, კარგად შეიარაღებული
ბატალიონის გამოყვანა შეეძლო ამ სოფელს. ჩემს ბავშვობაში საჩიხე დაუნგრევია მამას
და ათამდე კარაბინი და უამრავი პატრონები უნახავს. პატრონებით თამაშობდიო , ხშირად
უთქვამს.

ამ ჩამოსახლებას მოყვა ის, რომ, მოგეხსენებათ, გერმანელები მშრომელი, კულტურული


და პუნქტუალური ხალხია და ქვემო ქართლში გააშენეს, კვლავ ვიმეორებ, ლამაზი
სოფელი ელიზაბეტთალი. რომ იტყვიან ყველა სიკეთით: მოკირწყლული ქუჩებით,
ეკლესიით, წისქვილით, გოგირდის აბანოთი, ზეთის სახდელით, ღვინის მარნით და ბაღ-
ვენახებით, რომელსაც ალგეთის წყლით რწყავდნენ. გასაბჭოების მერე, როდესაც
კოლმეურნეობები შეიქმნა, აქაური კოლმეურნეობა ერთ-ერთი ძლიერი იყო მთელ
საქართველოში. აქედან ღვინის მარანი 7 კილომეტრითაა დაშორებული და მამა
მეუბნებოდა, გერმანელებს ტრამვაის ხაზის გაყვანა უნდოდათ იქამდისო. გაიყვანდნენ
კიდეც, რომ დასცლოდათ, მაგრამ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ყველაფერი
შეიცვალა.

ეს ამბავი ლეგენდასავით შემორჩა, რომელიც ბერიას უკავშირდება, მაგრამ მე სიმართლე


მგონია. ბერია არ იყო ის კაცი, მითებსა და ლეგენდებს გამოკიდებოდა . როდესაც
რუსეთის იმპერიამ თავი დაიზღვია მათი აქ ჩამოსახლებით, ისე საბჭოთა იმპერიამაც
გადაამოწმა - როგორ მოიქცეოდნენ გერმანელები. ამბობენ, არ ვიცი, აქ - ასურეთში, არ
ვიცი რაჭისუბანში, დესანტი ჩამოსხეს პარაშუტებით, გერმანულ სამხედრო ფორმაში
გადაცმული და მოხდა ისე, რომ ეს დესანტი შეიფარეს და დამალეს აქაურმა
გერმანელებმა. დამალვა ეგეთი არ უნდაო, სამ დღეში მარნეულიდან გადაასახლეს
ყაზახეთში. არავინ დაუტოვებიათ შერეული ოჯახების გარდა.

1942 წელს რაჭველები ჩამოასახლეს და ასე დაიწყო ამ სოფლის ახალი ისტორია.


როგორც გითხარით, ყველაფრით უზრუნველყოფილი სოფელი დაგვიტოვეს
გერმანელებმა და ამ სიკეთეს მოვლა-პატრონობა ხომ უნდოდა. რაჭველებმაც
დაიკაპიწეს ხელები და ღირსეულად მიხედეს სოფელს. ბევრი არაფერი შეცვლილა
სოფელში, თუ არ ჩავთვლით კოლმეურნეობის კანტორასა და სოფლის საბჭოს ახალ
შენობებს. ეს ეკლესიაც ჩვენ არ გადაგვიკეთებია კულტურის სახლად, თვითონ
გერმანელებმა გადააკეთეს. 21 წელი იცხოვრეს საბჭოეთში და ეკლესიას
დაატოვებინებდნენ? თვითონ გერმანელებმა ჩამოხსნეს ჯვარი და მის ადგილას
ხუთქიმიანი ვარსკვლავი დადგეს. ანათებდა ეს ვარსკვლავი, ღამით მეზობელი
სოფლებიდანაც ჩანდა.

არაჩვეულებრივი კლუბი გვქონდა ამ კულტურის სახლში პარტერებით, იარუსებით ,


კეთილმოწყობილი სცენით, კინოს გამშვები აპარატურით. მარტო ჭაღები ღირდა ერთ
რამედ, ავსტრიიდან იყო ჩამოტანილი. ამ სცენას უნახავს ლია ელიავა, ოთარ კობერიძე ,
იპოლიტე ხვიჩია და სხვა ცნობილი ქართველი მსახიობები… აქ ადგილბრივი ძალებით
იდგმებოდა სპექტაკლები, აქაური რეჟისორი, ჩარლი მეტრეველი დგამდა. გვყავდა
არაჩვეულებრივი მომღერალთა და მოცეკვავეთა ანსამბლები. ერთი სიტყვით, დუღდა
კულტურული ცხოვრება. ჩვენ სოფელს ჰყავდა და ჰყავს განათლებული ინტელიგენცია და
მშრომელი ხალხი და გული რაზე მწყდება, იცით? რაც ეს კულტურის კერა, კლუბი
დაგვეწვა 80-იან წლებში, იმის მერე ჩაკვდა კულტურული ცხოვრება. არავინ გამოჩნდა
მისი მშველელი. კი დაიწყეს მისი მშენებლობა, მაგრამ მოვიდა 90-იანი წლები და
როგორც ყველგან გაჩერდა ყველაფერი, ასე მოხდა ჩვენთანაც. ახლა იმედის თვალით
ვუყურებ იმ ძვრებს, რომელიც ჩვენ სოფელში დაიწყო მის გასამშვენიერებლად და იმედი
მაქვს კულტურის სახლსაც დაადგება საშველი.

ერთი ამბავი გამახსენდა და მოგიყვებით. ჩვენ ძველ გერმანულ სახლს ვანგრევდით.


სერგო ბაბუა იყო ჩამოსული, დურგალი კაცი იყო, ზალაში ეძინა. ერთ დილას, მამას
დაუძახა, თავის საწოლის თავზე ჭერზე მიუთითა და უთხრა, ამ ადგილას ჭერი უნდა
ჩამოვხსნაო, რაღაც მაინტერესებსო. გითხარით, დურგალი კაცი იყო და ადვილად
შეამჩნია ჭერზე აკრული ფიცარი ჩამოხსნილი იყო და ხელახლა აკრულზე შეღებილი
აღარ ემთხვეოდა ერთმანეთს. ჰოდა, ჩამოხსნა და გაგიხარია… საოცრად ლამაზი ყავის
სერვიზი ჩამოიღო, კარგად შეფუთული.

ახლა რატომაა საინტერესო ეს ფაქტი, იცით? ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ფრიდას
ქალიშვილი გვწევია, ნათელა. თან უცხო ქალბატონი ახლდა. გაგვაცნო, ეს გოგო ადრე აქ
ცხოვრობდა, ამ ეზოში იზრდებოდა, სანამ გადაასახლებდნენო. მოვიპატიჟეთ ,
ყაზახეთიდან სტუმრად იყო ჩამოსული. ათი წლის იყო რომ გადაასახლეს. ძალიან
დასწყდა გული სახლი რომ აღარ დახვდა, მაგრამ ეზოში გავივლი, სადაც ვიზრდებოდიო.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს ქალბატონი რამდენიმე ხანი დარჩა აქ, ასურეთში .
სასაფლაოზეც იყო გასული. გამოსამშვიდობებლად რომ მოვიდა, დედამ ჭერიდან
ჩამოღებული ყავის სერვიზი გამოუტანა და მისცა - დედას წაუღეო. ახლა თქვენ აპირებთ
ტირილს და ხომ წარმოგიდგენიათ რაზ იზამდა ის ქალი. ერთი საათი იტირა და რა
გვითხრა, იცით? მამა აღარ მყავს, მაგრამ ალბათ, დედაჩემს ათი წლის სიცოცხლე
მოემატება ამას რომ ჩავუტანო.
ოთხი ერთნაირი კაბა
ჯულიეტა დარჯანია

ბებია, მამის დედა გერმანელი მყავდა _ ელა შლეხტი. ბავშვობიდან მახსოვს, მისი
გაზრდილი ვარ. ძალიან პუნქტუალური ქალი იყო, მომთხოვნი, მკაცრიც. რაღაც
განსაკუთრებული სიმკაცრე ქონდა, რადგან სხვა ოჯახებში ბავშვები ცოტა სხვანაირად
იზრდებოდნენ. ეს მეტად გვთხოვდა განათლებას, ალბათ იმიტომ, რომ პასტორების
ოჯახიდან იყო, მისი წინაპრები წირვა-ლოცვას ატარებდნენ ლუთერანულ ეკლესიაში .

ბაბუა ასურეთში 37 წელში გადმოიყვანეს. ემტეესის დირექტორად მუშაობდა . ემეტეესი


სოფლის სამანქანო ტექნიკის გარაჟი იყო და იმას ხელმძღვანელობდა . თელავიდან
გადმოიყვანეს და თურმე, იმდენად არ უნდოდა ასურეთი, რომ სულ იძახდა _ სად
მიგყავართო. ამ გორას რომ გადმოვიდნენ, სოფელს შემოვხედეო და რაღაც სითეთრემ
მომჭრა თვალიო და რომ შემოვიდა, დაინახა, რომ ყველა სახლი თეთრი იყო, კრამიტით
გადახრული. ისეთი სილამაზე იყო, ვერ აღვწერო. გარეთ ჭადრების და აკაციის ხეები
იდგა, სახლში რამდენი ოჯახის წევრიც იყო, იმდენ ნაძვს რგავდნენ, კიპაროსებს . ყველა
ეზოში ყვავილი ხარობდა. ყველაფერი იყო: ვენახები, საქონელი მეურნეობებში, ყველას
თავის ნორმა ყავდა და ერთად მუშაობდნენ. უნიკალური სისუფთავე იყო, აბსოლუტურად
ყველა ქართულად ლაპარაკობდა. ისე მომეწონა ეს ყველაფერი, არ მეგონა, რომ
საქართველოში ვიყავიო და ვიფიქრე, არ გამიჭირდება მე ამ ხალხთან ურთიერთობაო .
მეც გადმოცემით ვიცი, რომ ასურეთი საუკეთესო სოფელი იყო… მეც მახსოვს ცოტა
იმდროინდელი. ლუსთაგრთენი, მაგალითად. პარკი. მაგრამ ჩემ ბავშვობაში უკვე ისეთი
აღარ იყო. ჰექტარ-ნახევარი იყო ტერიტორია, ჰოლანდიელები უვლიდნენ, უშვილო ოჯახი
იყო თურმე და მთელი თავიანთი ცხოვრება ამ ბაღს დაუთმეს. იქ გამოყავდათ ვაზის
ჯიშები, ყვავილები და თითოეული კუთხე იყო ათვისებული. მახსოვს, რომ მოდიოდნენ
ატრაქციონები, ღია ამფითეატრი იყო, ადრე თურმე ორკესტრიც უკრავდა. თეატრი იყო,
სადაც ახლა წისქვილის შენობაა. ბებიასგან ვიცი, რომ თეატრის შენობა იყო უნიკალური ,
ულამაზესი. ცისფერი და ოქროსფერი ფარჩით ყოფილა გაწყობილი მთელი შენობა.
თბილისში არ იყო ისეთი, ელავდა ისეთი ლამაზი იყოო.

ჰოდა, ბაბუას მოეწონა ბებია. ბებია ძალიან ლამაზი იყო. ასურეთის თეატრში დეზდემონას
თამაშობდა. ალბათ, გრძნობა ორმხრივი იყო. ბაბუაც ძალიან ლამაზი კაცი იყო. მანამდეც
მოწონდა, ეტყობა. ბებია პატარა იყო ათი წლით, 19 წლის. ესე მოხდა ამათი შეუღლება
ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად. ოჯახებში, მაინცდამინც არც გერმანელს უნდოდა
გაყოლოდა ქართველს და ჩვენებსაც, მით უმეტეს, არ ქონდათ სურვილი. მერე იმდენად
გაჭირდა ცხოვრება ომის წლებში თბილისში, რომ ბაბუის მხარე იძახდა _ ელას
გერმანული მარიფათი რომ არა, ჩვენ ყველა დავიხოცებოდითო. იმიტომ, რომ ბებიამ
შრომა იცოდა. ყველა სოფელში წაგვიყვანა და გამოგკვება ომიანობის დროსო.
ზოგადად, გერმანელები ძალიან მშრომელები იყვნენ, ყველა შრომით ცხოვრობდა .
ბავშვი რომ იზრდებოდა, იმან იცოდა, რომ თუ არ იშრომე, ისე ვერ იარსებებ. ბებიაც
ასეთი იყო _ მკაცრი იყო და მოწესრიგებული, ბავშვობიდან გვაჩვევდა შრომას. თვითონ
რომ მიდიოდა ვენახებში, ჩვენც წაგვიყვანდა, იმას თუ დიდი თოხი ეჭირა, მე პატარა თოხი
მეჭირა. ვაშლის აკრეფა იყო თუ სხვა რამე, ყველაფერში გვრთავდა. ჩემი ასაკის ბავშვები
თუ გარეთ თამაშობდნენ… მერე ვუძალიანდებოდი მეც, მეც მინდოდა თამაში და აი, შე
მაწანწალა, ჯობია ისწავლო და იკითხოო, მეტყოდა. მკაცრად გამზარდეს. ამიტომ
გავთხოვდი მალე. 19 წლის გავიპარე. ჩემი შვილი სხვანაირად გავზარდე. მკაცრად არ
გამიზარდია. რაც თავისუფლად ხარ და თავისუფლად ზრდი, უკეთესია... ეს სიმკაცრე
ცოტა რთული იყო ასატანად.

მახსოვს, ბებია აცხობდა, კარგად კერავდა და ქსოვდა, ძალიან კარგად ქარგავდა.


მღეროდა, გალობდა, ძალიან კარგად უკრავდა მანდოლინასა და ფორტეპიანოზე.
გერმანულ სიმღერებს მღეროდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ზუსტად არ მახსოვს, რა
სიმღერები იყო. ძალიან სუსტი ვიყავი, მისი გადარჩენილი ვარ. ბრონქიტი მქონდა
ბავშვობაში. მაშინ თეთრიწყაროში ვცხოვრობდით, დედა იქ მუშაობდა , ნესტია იქ .
საავადმყოფოში უთხრეს, არ არის შანსი მაგის გადარჩენისო. მომკიდა ბებიამ ხელი და
წამომიყვანა თავისთან, თავისი მკურნალობით მიშველა. მასთან ავად გახდომაც კი
მიყვარდა. ამ ბრონქიტის გამო სუსტი ვიყავი და ხშირად ვიწექი, ის კიდევ მანებივრებდა
და მიკითხავდა გოთურ ზღაპრებს. გოთურად მიკითხავდა და თან მითარგმნიდა. ისე
მიყვარდა ეს პროცესი, თან სიცხე მქონდა, თან ვქოშინებდი და მიდი, მიდი, ბებია,
წამიკითხე რა, ვეხვეწებოდი და ისიც დაუზარლად მიკითხავდა.
მახსოვს სამზარულოც. აცხობდა ტორტებს, ნამცხვრებს. გერმანული კრემი… მე მსგავსი
არსად მინახავს და არც დამიგემოვნებია. სიროფით მზადდება კრემები . შტირომი კიდევ _
ასეთი საჭმელია, რომელიც კეთდება ქვაბში, თუჯში. იწვება. კვერცხია, ფქვილი, ცხიმი ,
ცოტა ზეთი უნდა. ცომს აკეთებ და მერე ბლომად ზეთში იწვება. მერე იჭრება, ბურთებივით
მრგვალდება და აცხობ. ცხელ-ცხელი გადმოგაქვს და ცივ კომპოტს ასხამ. ძალიან უხდება
ატმის, კომშის კამპოტი, ძალიან უცხოა. მე ასეთი სხვაგან არც გამიგია და არც მიჭამია.
მაკარონსაც თითონ ამზადებდა. ვერმიშელსაც. დაუზარლად.

ძალიან ლამაზი იყო. ქერა, ცისფერთვალება, მაღალი და ძალიან ლამაზი ტანი ჰქონდა.
გზაში რომ მიდიოდა, ვაიმე, ეს რა ლამაზია და ვინ არისო, ყველა აჩერებდა. ძალიან
უვლიდა თავს. ლოკონები ქონდა, მუქ შინდისფრად შეღებილი. მისი თმის გაკეთება
მთელი პროცედურა იყო. ჩაცმის სტილი ქონდა უცნაური. ძალიან ფერადი იყო, ევროპულ
სტილში. ხო შეკერავდა თავის ზომას თვითონ _ ფერადს, მაქმანებით გაწყობილს, ზომების
მიხედვით იმავეს შეუკერავდა თავის შვილს, მამიდაჩემს და იმავეს შეგვიკერავდა ჩვენც _
მეც და ჩემ დასაც. და რომ მივდიოდით, ოთხივეს ერთნაირი კაბა გვეცვა. არ არსებობდა
შაბათ-კვირა, რომ ფილმი არ გვენახა, ან თეატრში არ წავსულიყავით. უნდა გვენახა
ფილმი, უნდა გვენახა თეატრი და ასე, ოთხივე ერთად, ერთნაირები დავიოდით. მერე რო
გავიზარდე, მივხვდი, რატო ჩხუბობდა ჩემი უფროსი და. არ მოგვყვებოდა. არ მოწონდა ეს
ერთნაირი კაბები.

მე-9 კლასში ვიყავი, რომ გარდაიცვალა. მაშინ კი მეგონა, რომ ასაკი ქონდა, მაგრამ 63
წელი ნამდვილად არაფერია. სიმსივნე ქონდა. ალბათ, ნერვიულობდა, დარდობდა .
მაინც დათრგუნული იყო. ენატრებოდა თავისიანები, უნდოდა თავისიანებთან. ძალიან
კარგი და ყავს. ცოცხალია და გერმანიაშია. და და შვილები. ყველა კარგი ყავდა
გარშემო. თვითონაც უნდოდა წასვლა. დღემდე მისი დისშვილი ჩამოდის, გვსტუმრობს,
კარგი ურთიერთობა გვაქვს. 80-იანი წლებიდან ბებიის დაც ჩამოდიოდა , იმათი
ლაპარაკისას ვიგებდით გადასახლების თემებს, თორემ ისე ამაზე არ საუბრობდა .

მშობელი, ნათესავი _ ყველა მოწყვიტეს და გადაასახლეს. მეუღლე დარჩა მარტო.


ფეხმძიმე იყო თან მაშინ. მერე შვილი ეყოლა, დაეღუპა. მერე გაუჩნდა ერთი და მერე
მეორე. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა. მგონია, რომ მაინც იქეთ მიუწევდა გული. ზუსტად
მახსოვს, რომ ქონდა სურვილი გერმანიაში წასულიყო. ენახა იქ თავისიანები ,
ახლებლები. დარჩებოდა თუ არა _ ეგ არ ვიცი.

ხანდახან ვფიქრობ, ნეტა, ახლა ჩემ გვერდით რომ იყოს, რას მეტყოდა. სხვათა შორის,
რამდეჯერმე შევიგრძენი მისი გვერდით ყოფნა. ინსტიტუტში გავცივდი ერთხელ საშინელი
ვირუსით და მაშინაც ვგრძნობდი, რომ ჩემთან იყო, ახლოს იყო. ძალიან მიყვარდა.
ეტყობა, თითონც ძალიან ვუყვარდი. ახლა ყოველდღიურ ლოცვებში ვიხსენიებ. სხვა რა
შემიძლია გავუკეთო? თან, რაღაცნაირი ვალდებულების გრძნობაც მაქვს... სულ მინდა,
რომ რაღაც გავუკეთო აქაურობას, ასურეთს და მისი სახელით დავუტოვო.

(ფოტო 8: ელა შლეხტი და დავით დარჯანია, ჯულიეტა დარჯანიას პირადი არქივიდან)


ტკბილი და მწარე
გურამ შალი

ჩემი ბავშვობა მამენტ კარგი იყო, მამენტ ცუდი. იყო შემთხვევები, რომ დავაშავებდი
რაღაცას და პირდაპირ მეტყოდნენ _ შე ფაშისტო. უფროსებიც, მეზობლებიც… არ
დავაშავებდი, მაინც მე მბრალდებოდა ყველაფერი... სიგარეტს ვინმე მოწევდა , გურამა
დაგაჩვევდათ. არადა, მე ჯარში რო წავედი, მაშინ დავიწყე სიგარეტის მოწევა . იყო კი,
რაღაცას ვეპარებოდი მეც, ყველა ბავშვი ეპარება. ხანდახან იმასაც ეუბნებოდნენ , რო
მაგასთან არ ითამაშო, ეგ ცუდ რამეს გასწავლის, რა ვიცი, მე ცუდი არაფერი გამიკეთებია ,
მარა ეგეც მესმის… ომის გამო ზიზღი ქონდათ, ზოგს ვინ ყავდა დაღუპული, ზოგს ვინ და
ჩვენზე ანთხევდნენ. მარა ბავშვი რა შუაშია …

სკოლა რომ დავამთავრე, სავაჭრო-საბუღალტროზე მინდოდა ჩაბარება. ძაან ძლიერი


ვიყავი მათემატიკაში, 8 ქების სიგელი მქონდა. მასწავლებლის მხრიდანაც იყო
დამცირება და მეცხრე-მეათეში ავურიე, სწავლაზე ჩავიქნიე ხელი. აღარ გავაგრძელე.
შეიძლება ოქროს მედალოსანი არ ვყოფილიყავი, მარა კაი ოთხოსანი მაინც ვიქნებოდი .
ჰოდა, რო წავიღე ეს საბუთები, საბურთალოზე იყო ეს სავაჭრო-საბუღალტრო ტექნიკუმი .
მივიტანე, დავდე, გადაშალეს. მე დაბადების მოწმობაში მეწერა ნემეცი . ქართულად
ჩამიწერეს ნემეცი. ჰოდა, ხო გადაშალა ეს და შემომხედა, ნემეცი ხარო? კი, გერმანელი
ვარ-მეთქი. მომაყარა უკან ეს საბუთები, ნემეცებისთვის ტექნიკუმი ძაან დიდი ფუფუნება
არისო, წადი, პროფტექნიკუმში ჩააბერეო. შემოვტრიალდი და წამოვედი. რას ვეტყოდი,
წამომივიდა ცრემლები. აველი პირდაპირ სამხედრო კომისარიატში, წამიყვანეთ ჯარში-
მეთქი და წამიყვანეს ჯარში.

მამაჩემს იოჰანეს ერქვა, აქ დაიბადა ასურეთში 1909 წელში. მამამისის მამაც აქ დაიბადა .
სამი თაობა აქ დაიბადა. მაღალი, ახოვანი, თეთრი კაცი იყო, მე დედის მხარეს წაველი,
დედა ხევსური მყავს. მამაჩემს გერმანელების გასახლებამდე მიუსაჯეს ციხე , 11 წელი
ციხე, პლუს 5 წელი პირობითი. ციხე რო მოიხადა, დაბრუნდა 52 წელში. მეუღლეც ყავდა,
შვილიც ყავდა _ გოგო. ის ცოლ-შვილი გადაასახლეს და სად წავიდნენ, ვერა ნახა. ეძება,
მარა ვერა ნახა. ხან წერილებით ეძება, ხან ძმებს მიწერა, ვერ იპოვა. და მყავს სადღაც
შეიძლება, რა ვიცი. თუ ცოცხალია, მე კი ვარ უკვე 56 წლის და...

ჰოდა, რო დაბრუნდა, სახლი აღარ დახვდა, სხვა იყო შესახლებული. იმ კაცმა რომ გაიგო,
მაგის სახლია, შკაფია და სტოლიო, კიდე საყვავილეო, უნდა გადავყარო მაინცო და ხო
არ წაიღებო. კი, იყო დაზიანებული, მაგრამ წამოიღო, გაუხარდა, რაღაცა მაინც აიღო
თავისი სახლიდან. მერე აქ, ეს ქლუხორელები რო ჩამოასახლეს, ადგილი მოგვცეს და
ავაშენეთ ჩვენი სახლი წვალებ-წვალებით. ჰოდა, სახლი აღარ ქონდა, რომ დაბრუნდა და
მდგუმრად დადგა _ იყო აქ ერთი ქალი, ენუქიძე ვასასი. სამ-სამი შვილი ომში ყავდა
დაღუპული, მაგრამ გერმანელი მიიღო მდგმურად. როგორც თავისი შვილი, ისე ყავდა
მამაჩემი. აქაც რომ გადმოვედით, ჩვენ სახლში და მეც რო წამოვიზარდე, მეც ჩავდიოდი ,
ვასასი ბებიას ვეძახდი, ჩურჩხელებს მაჭმევდა, ისე ვუყვარდი, ჩემი შვილიშვილი ხარო.

52-ში რომ ჩამოვიდა, 53-ში დედაჩემი მოიყვანა, გაურიგეს. 54-ში უფროსი ძმა გაჩნდა ჩემი
და მერე მე გავჩნდი, 61-ში. დედაჩემს თავისი ორი შვილი ყავდა, ორშვილიანი მოიყვანა
მამაჩემმა, ქვრივი. ორიც ჩვენ გავჩნდით მერე. დედას შვილებიც მამამ გაზარდა, ერთად
ვცხოვრობდით ყველა. ორივე მეურნეობაში მუშაობდა. კოლმეურნეობა იყო ჯერ და მერე
მეურნეობად გადაკეთდა. ჩემ ბავშვობაში ნაკვეთები ქონდათ ნორმებად , ეხლა იჯარას
რომ ეძახიან, ეგრე იყო. ამუშავებდა და პროდუქტს ჩააბარებდა, რაც მეტი იყო, ან სახლში
წამოიღებდა ან გაყიდდა, ფულს აიღებდა. მამაჩემი სოფელში მაინცდამაინც არ იყო .
ვენახში იყო, იჯარით ქონდა აღებული და თან ყარაულად იდგა. იქ საზამთროები და
ნესვებიც მოყავდა. მაგარი მშრომელი კაცი იყო, ერთ ჰექტარ ვენახს მარტო უვლიდა ,
აპარატით წამლავდა. ეხლაცაა მისი სახელობის საყარულო ქოხი. იანეზას ქოხს ეძახიან.
იოჰანესი ხომ ერქვა და ქართულად დაარქვეს იანეზა. 78 წლის იყო რომ გარდაიცვალა.
87-ში.

მამა ერიდებოდა ჩვენთან გერმანულის ლაპარაკს. დედა რო მყოლოდა გერმანელი ,


ალბათ, უფრო მასწავლიდა. ჩვეულება ჰქონდა, კალბასეულობას აკეთებდა ძალიან
კარგად. ვერ ვისწავლე, პატარა ვიყავი, თორე ისე პოვრობა მეხერხება, ძაან გემრიელი
საჭმელები ვიცი. შობაზე გვქონდა აუცილებლად ბატი ან იხვი. აღდგომაზე, გერმანული
წესია, რომ დაგიმალავდნენ კვერცხებს და უნდა იპოვო. ეძებ და მერე საჩუქარს პოულობ .
ჩვენც ვაკეთებდით, ვღებავდით კვერცხებს სხვადასხვა ფერით. გვიხაროდა , საჩუქარი
უნდა მიგვეღო რა.

ბავშვობა ტკბილიც იყო და მწარეც, მარა მოგონება ეხლა ორივე ტკბილია. ყველაფერი
ხო მე მბრალდებოდა. არ ვიყავი ცელქი ბავშვი, მარა არც ვუთმობდი, უფროსებსაც არ
ვუთმობდი, შეუპოვარი ვიყავი. რო დამეთმო და თავი დამეღუნა, მატლსა რო ფეხი
დაადგა, დაიკლაკნება ხო? რახან ზეწოლას ვგრძნობდი, მეც ვცდილობდი, რო რეაქცია
გამომეხატა. იყო ასეთი შემთხვევა, რომ ქვედა უბანში ბავშვებმა მოიპარეს მეზობლიდან
მსხალი. გადავიდნენ და მკვახე მსხალი მოიპარეს. ჰოდა, დამაბრალეს მე. ასე, 9-10 წლის
ვიყავი მაშინ. არადა, მე არ ვიყავი, ქვედაუბნელი ბიჭები იყვნენ. თან, მე ისე მზრდიდა
მამაჩემი, რომ სხვისი არ აიღო და შენი იკმარეო, მეუბნებოდა. იცი, რომელი მსხალი იყო?
გვიან შემოდგომით რომ არის, ეგა. ზაფხულში კიდე როგორ შესჭამ იმ მსხალსა, ზედ
კბილები დაგრჩება. დაუკრეფიათ და წამოუღიათ. მამაჩემი ამოვიდა სამსახურიდან,
ემტეესში მუშაობდა მაშინ ყარაულად, გააჩერა იმ კაცმა და უთხრა : შენმა ბიჭმა მსხალი
ჩამომიკრიფაო. მიიყვანა ხესთან და ანახა. ზევით დახუნძლულია ეს ხე, ქვეით მართლა
კაი ძალა, ერთი ვედრა ნახევარია მოკრეფილი. მოვიდა მამაჩემი, პირველად თავის
სიცოცხლეში ქამარი მოიხსნა, არც ის მკითხა, არც ესა. მე ხო გითხარი შენაო, სხვისი არ
მოიპაროო და კარგა მაგრა ამიჭრელა გვერდები. დღესაც მახსოვს. ის ცდილობდა , რომ
მე სხვისი არ მომეპარა და ეგ რო არ ყოფილიყო, მე ხო მე არ ვიქნებოდი, ვიქნებოდი
ვიღაცა ავხელიანი. კარგი-მეთქი. ეხლა უნდა მოვყვე ჩემი ავცუდობა. ხო მცემა, ვერაფერი
ვუთხარი. დაღამდა მეორე ღამე, ჩაველი, სუ დაუკრიფე ის მსხალი, რაც იყო და
ჩამოუყარე ძირა. ერთი მსხალი არ გამიჩერებია ზედა. ერთი მსხალი არ გამიჩერებია .
ფოთოლს ხელი არ დავადე. მსხლები სათითაოდ მოვწყვიტე და ჩამოვყარე. დილითი
ადრე ჩავიარე, ყარაულად ზის იქა, ჯერ არც უნახია ეს. ეხლა-მეთქი, ადი იქა და ნახე შენი
მსხალი როგორ არი. ეგ მე გავაკეთე-მეთქი, ვუთხარი. ეხლა ვიცი, ორჯერ ერთი და
იგივეზე აღარ მცემენ-მეთქი. წინა დღეს მე არ მიხლია ხელი, მე არ მომიპარავს და უკვე მე
მაგისი მივიღე-მეთქი. წავედი და ამ კაცმა ხმაც ვერ ამოიღო. თურმე უკვე გაუგია ვინც იყო,
მეზობლის ბიჭები იყვნენ.

იყო კიდე ერთი შემთხვევა. ჩემი ტოლები, პატარა ბავშვები თამაშობენ აგერ,
სამეზობლოში, სახლში. ჩვენ ქმრები ვართ, თქვენ ცოლები და მოგვიტანეთ კამპოტიო,
კამპოტი ქონიათ მაცივარში შედგმული გასაციებლად. კრაოტებზე ზიან და დაუთხუპნიათ
ეს კრაოტები. ვინ გააკეთა, ვინ გააკეთა და გურამამო, გურამას მეტი ვინ გააკეთებდა.
ყველაფერი მე მბრალდებოდა რა. თუ ვერ გაიგებდნენ, ვინ გააკეთა, გურამამ გააკეთა.

მაროჟნი იყო ქვედა ქუჩაზე, ყვიროდნენ. მაშინ კვერცხებით შეიძლებოდა ყიდვა . ქათმებს
ველოდებოდით, რო როდის გადმოაგდებდა კვერცხს, რო ეგრევე ვეცემოდით და
მაროჟნის საყიდლად გავრბოდით. ორი კვერცხი ერთი მაროჟნი იყო. ორ კვერცხში
იძლეოდნენ ერთ მაროჟნს. ჰოდა, რო დაიწყეს ყვრილი, გავიქეცით. ოთხი კვერცხი
მიჭირავს, გავრბივარ. მეზობელის ბიჭიც გამოვარდა. ვიყიდეთ და მოვდივართ . მე ეხლა
ორი ცალი ვიყიდე, ერთი მაცივარში უნდა ჩავდო, ვიცი. ვიცი, რო ამას არ შევჭამ,
მაცივარში ჩავდებ და ეს უნდა ვჭამო. დედაჩემი რო მოდიოდა სამსახურიდან, მეთქი
შეჭამს რა, ვუყიდე, ან მერე შევჭამ-მეთქი, დედაჩემი არ შეჭამდა ვიცოდი და ისევ მე
მრჩებოდა. მარა ხო გეეხარებოდა, რო, აი, ბავშვმა ჩემზე იფიქრა. მოვდივართ და ეს,
ჩემთან ერთად ვინც მაროჟნზე იყო წამოსული, ორღობეში ზაბორებს აეკრა. დაიანახა ის
კაცი, იმ სახლის პატრონი რომ მოდის თავქვე და აეკრა ამ ზაბორებს და მოგვიახლოვდა
თუ არა, დაკრა ფეხი და გაიქცა. ახლა მე რა ვიცი, აზრზე არა ვარ, რაზე გარბის, რა
დააშავა ასეთი, რო გაიქცა. არც მე მითხრა არაფერი, თორე მეც გავიქცოეოდი. მე
მოვიდვარ ჩვეულებრივად და მოვიდა ეს კაცი, მომკიდა ხელი მარცხენა ხელზე, ამით ხო
ვჭამ, მარჯვენათი მომკიდა და მომათრევს ესე. მეც მოვყვები და ვჭამ. არაფერს არ
მეუბნება. ამომიყვანა ზემოთ, სკამია გრძელი, ზიან აქეთ-იქიდან მთელი უბნის უფროსები :
ქალები, კაცები. მიმიყვანა და აი, ეს არიო, ამან ქნა ესო. ქვიშა ქონდა ეზოსთან დაყრილი
და ამ ქვიშზე ზემოდან შიფერები ქონდა დაწყობილი. რა დააშავაო, ეკითხებიან ეს
უფროსები და მოიხედა გევრდზე და კაი ხნის ჩამოტეხილი იყო იმ ქვიშაზე ერთი შიფერი,
ან სულაც შეიძლება ეგეთივე შიფერი ედო და აიო, შიფერი გაუტეხიაო და ქვიშა იპნევაო
იქედანო, მავნეაო. ახლა იმას ხო არ იტყვის, კამპოტი დამილიაო. შეიძლება მერე
ვიღაცამ უთხრას, მერე რა, ბავშვები არიან, დალიეს, რა მოხდა? მე ვდგევარ ესე, ვჭამე ეს
მაროჟნი, მარა მეორე მაცივარში ხო უნდა ჩავდო, დნება. კაი შარვალ-კოსტუმი აცვია, კაი
თანამდებობაზე მუშაობდა ეს კაცი. შარვალ-კოსტუმი აცვია, სამსახურში უნდა წავიდეს რა,
დილა არი. ჰოდა, ამის შვილიშვილი გადმოდგა და ბაბუო, ეგ არა ყოფილა საერთოდო,
რა გინდაო, ცოდვა არ არიო? გამიშვა უცბად ცივად ხელი და წადი ეხლა, მოუსვი
აქედანო. კიდე რო ეთქვა, რო აი, წადი, შვილო, შევცდი, მაგის ბოდიში სულ არ მინდოდა
ხო? მე არ ვყოფილვარ-მეთქი? სახელით მივმართე თან, ბიძია-მეთქი, და შენ არ გითხარი
წადიო? და დავხედე ამ მაროჟნს, უკვე რძედ არი ქცეული. წადი, შენი დედაც-მეთქი და
თქაფ! მივახალე იმ შარვალ-კოსტუმზე. ახლა ვიცი, რაზე უნდა მდიო-მეთქი, დავაწექი და
გავიქეცი.

იმის მერე აღარ დამინახია იმ კაცზე ის შარვალ-კოსტუმი.

(ფოტო 9)

შალა

პირველი ვერსია

ეკა უძულაშვილი: შალა ველური ქართული ჯიშია ასურეთული შავის სახელით ცნობილი,
რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით იყო ასურეთთან ახლოს შემორჩენილი,
სამაჩვათის ტყის ტერიტორიაზე. მე-17 საუკუნეში, თუ უფრო ადრე პერიოდში აქ მდებარე
სოფელი განდაგურდა და გაუკაცრიელდა. ეს ჯიშიც დაიკარგა და მერე იპოვეს
გერმანელებმა. მძღოლი იყო, გვარად _ შალი, სახელი ცნობილი არ არი, რომელმაც
ჩამოიტანა მისი ლერწი, ველურ ვაზთან დაამყნო და გაამარავლა. ეს ჯიში ასე გადარჩა.
აქედან გამომდინარე, მას დაერქვა შალა. შალას ეძახიან, თორე ისე ცნობილია,
როგორც ასურეთული შავი.

მეორე და მესამე ვერსიები

ოთარ წერეთელი: არის ვერსია, რომ ვინმე შაალი ყოფილა, გერმანელი და იმან
გამოიყვანა ეს ჯიში. ისე ეს ჯიში საერთოდ, მარტო იქაა, სადაც გერმანელები იყვნენ. აქაა ,
სართიჭალაში და ბოლნისში. მეორე ვერსია არი, რომ ეს იყო შალიკო ჭელიძე, კარგი
კაცი, აგრონომი კაცი, კვაცხუთიდან. სანერგე მეურნეობას ხელმძღვანელობდა და იმან
გამოიყვანა ეს ჯიში და თითქოს შალა შალიკოს გამო დაარქვეს. შალიკოზე მე უფრო
მეეჭვება. რატო იცი? შალიკო ჩამოვიდა 41 წელში აქა, 41 წლამდე კიდე ეს ვენახები აქ
იყო.

ახლა აქ შალა იშვიათობაა, რამდენიმე ოჯახს გვაქვს. ძალიან გამძლე ჯიშია, მაგრამ
შრომატევადი. დიდი მტევანი აქვს, 13-კიმპალიანი. 13-კიმპალიანი მტევანი იშვიათობაა.
ერთი მტევანი შეიძლება კილო-ნახევარი გამოვიდეს. სქელი კანი აქვს და მწერი
ნაკლებად ეტანება. საჭმელადაც ძალიან კარგია და სეტყვასაც უძლებს. არაჩვეულებრივი
ღვინოა, მუქი წითელი. როგორიც არის, ისეთი უნდა ჩამოასხა. მაგრამ ეს სამრეწველო
ღვინო არაა, ტრანსპორტირებას ვერ უძლებს, ლექს იკეთებს, გადასატან-გადმოსატანად
ცოტა რთულია. ძალიან გავრცელებული იყო აქ, ჩვენთან, ისეთი ბუნების არის სხვაგან არ
ხარობს.

ჰოდა, შაალი იყო თუ შალიკო… არა, პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ასეთი
შენისანიშნავი ჯიშია?

მეოთხე ვერსია

დათო ბასილია: შალა მე 1999 წელს გავაშენე. ჰოდა, როცა ვაშენებდი, მივწერე
მეღვინეობის ინსტიტუტს, რო რა ჯიშია, როგორ ჭირდება მოვლა… უნიკალური,
აბორიგენი ჯიშია, გადაშენების გზაზე და ყველანაირად დაგიდგებით გვერდში რომ
გააშენოო. გამოუყვანია გერმანელს, ვინმე შაალბერგს, გვარი არ მახსოვს ეხლა .

ერთი თავისებურება აქვს მაგას. თვითონ არ იმტვერება. ადრე ბოლნისიდან მწარე ვაზის
მტვერი ჩამოჰქონდათ და იმითი მტვერავდნენ. მერე ერთი რიგი თეთრი ყურძენის,
რქაწითელის გაშენება დაიწყეს, ერთი რიგი შალასი და თვითონ დაიწყო დამტვერვა .
მართლა უნიკალური ჯიშია რა, იდეალური. ნახვერად ტკბილი ღვინო გამოდის. ჰოდა, არ
მინდა, რომ დაიკარგოს და ვუვლი. აქედან 8 კილომეტრშია ვენახები. ისეთი ადგილია,
მზიანი, მარნეულში რო წვიმს, აქ მზე არი და დარია.

მეხუთე ვერსია (პირველი ვერსიის მსგავსი)

მანანა წულუკიძე: მე ასე გამიგია, რომ ეს კაცი ყოფილა ან მექანიზატორი, ან მძღოლი,


მაგრამ ინტერესიანი კაცი ყოფილა და დადიოდა თურმე ამ ნასახლარებზე და იქედან
არი შემოტანილი. ქართული ჯიშია, ქართულ ნასახლარებზე აჭრილი. მარტო ეს კი არა,
სხვა ჯიშებიც მოუტანია და მერე ასურეთში გაუშენებია.

მეექვსე ვერსია (პირველი და მეხუთე ვერსიის მსგავსი)

ზურაბ გიორგობიანი: ტყეში ნახა გერმანელმა, შემოიტანა და დაამყნო. ზოგი ამბობს, რო


მეტყევემ ნახაო, ზოგი ამბობს მძღოლმა ნახაო, ტყეში შეშაზე იყოო. ენდემურია , ქართული
ჯიშია, კაცო. შვაბები საიდან წამოვიდნენ? საიდან? იქ ყურძენი არა ყოფილა. აქ ისწავლეს
ვაზიც, ესეც, ისიც. იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოასახლეს, ვენახი არ იცოდნენ. შვაბები
არიან, ბიჭო, მთა არი იქ, იქ ვენახს რა უნდა?

მეშვიდე ვერსია

გურამ შალი: შალა ჩემი გვარის ყურძენია, როგორც მამაჩემისგან მაქვს მოსმენილი.
მაგის დიდი ბებიის არი. ახლა ათასი ვერსიაა ქართველებში აქ _ ვითომ კაცს
გამოუყვანიაო, მაგრამ არა, ეგ არი გამოყვანილი მამაჩემის პაპის დედისგან . ეგ ჯიში
გამოიყვანა იქ, გერმანიაში და აქ წამოიღეს მის პატივსაცემად. წამოიღეს და კალმით
დაამყნეს. ჩვენი გვარის აქ ბევრნი იყვნენ, სოფელში ყველაზე დიდი გვარი იყოო. რო
ახვიდე აქ, სასაფლაოზე, ჩვენი გვარის ქვებზე ყურძენს ნახავ. ვინ რაზეც მოღვაწეობდა ,
ქვაზე ის იყო გამოსახული. ეგ რომ ჩამოიტანეს და ჩამოვიდნენ, აქ სულ ტყე იყო. კაფვის
დროს ნახეს ველური ვაზი, დაამყნეს და გაამრავლეს ნელ-ნელა. ახლა სახელი
გადაარქვეს და ასურეთული შავი დაარქვეს. არაა ეგ ასურეთული შავი, ეგაა შალა.

მერვე ვერსია (პირველი, მეხუთე და მეექვსე ვერსიის მსგავსი)

ჭიჭიკო წულუკიძე: შალა ეს ყოფილა… თითონ შალა გვარია, შალი. ეს ჯიში უნახია
ტყეში საღაცა და მოუტანია იქედან. გოუშენებია და მოამრავლა იმ კაცმა. დაარქვეს
შალა. საუკეთესო ჯიშია. საქართველოში, ალბათ, იმისთანა ჯიში არ არი. როგორც
წამალი ისეა. წამალია, გეუბნები.
სართიჭალა
მარიენფელდი, პეტერსდორფი, ფრაიდენტალი და… შალა

იოსებ სიბოშვილი

სართიჭალა პირველი იყო, სადაც გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ. ვითომ


რუსეთმა შემოიყვანა ეგენი, მაგრამ რუსეთს არ შემოუყვანია. სულ სხვა რაღაც მოხდა .
ახლა გამოდის ჩემი წიგნი „ივრისპირელები“. აი, იქ მაქვს მე ერთი მოთხრობა სწორედ ამ
ამბავზე დაწერილი _ პეტრე ბაგრატიონის როლზე გერმანელი შვაბების ჩამოსახლებაში.
პეტრე ბაგრატიონს როცა ხელში ჩაუვარდა ტოტლებენის მოხსენებითი ბარათი,
ეკატერინე მეორის მიმართ მიწერილი, აი, მაშინ ნახა, თუ როგორი გაუბედურებული იყო
ჩვენი ქვეყანა. ერეკლე მეფემ ჩამოასახლა აქ სომხები თბილისის გარშემო, თათრები ,
მუღანლოა აქ, სოფელი, ერეკლეს ჩამოსახლებული თათრებისაა, რომლებიც არაფერს
აკეთებდნენ საქართველოსთვის და თვითონ ერეკლე მეფე გაყიდეს კრწანისის ომში .
ამიტომ საჭირო იყო, აქ ისეთი ხალხის შემოყვანა, რომელიც გააუმჯობესებდა
საქართველოში, პირველ ყოვლისა, ეკონომიკას. ქართველები მეომარი ხალხი ვართ,
მიწათმოქმედი და ჩვენ ვაჭრობა არ გეხერხებოდა არასდროს. ამიტომ საჭირო იყო ასეთი
ძლიერი ხალხის მონახვა.

როდესაც სუვოროვს ახლდა პეტრე ბაგრატიონი ევროპულ სამხედრო მოძრაობაში , მაშინ


სწორედ შვაბიაში მოხვდა პეტრე და აი, იქ ნახა ის ხალხი, ვინც ნამდვილად
გამოადგებოდა საქართველოს, ამოიცნო მათში ქართული ფესვები. თქვენ
წარმოიდგინეთ, ეს ხალხი ევროპაში წასული ყოფილან კავკასიიდან, საქართველოდან.
ესენი აბსოლუტურად განსხვავდებიან გერმანელებისგან. აი, ჩვენთან როგორც სვანებს
სხვა დიალექტი აქვთ, ისე აქვთ ამათ სხვა დიალექტი და მაშინ ჩაუჯდა ბაგრატიონს თავში ,
რომ უნდა ვუზრუნველყო ამათი გადმოსახლებაო. ალექსანდრე პირველმა მოკლა პეტრე
ბაგრატიონი. ბოროდინოს ომში რომ დაიჭრა პეტრე, ვითომ ექიმი გაუგზავნა და
ფაქტობრივად, მოკლეს პეტრე იმიტომ, რომ ბაგრატიონს უყვარდა ალექსანდრეს და,
ეკატერინე და ამასთან ერთად, არმიაში ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა , ტახტს
დაიკავებდა თავისუფლად. შემდეგ, როდესაც პეტრეს შეყვარებული კატარინა ეულად
დარჩა, მოხდა ისე, რომ, ესეც ღვთის ნება იყო ალბათ _ ცოლად გააყოლეს შვაბიის
ჰერცოგს. და აი, სწორედ მაშინ ასრულდა პეტრეს ანდერძი და პირველი ასი ოჯახი
გამოიგზავნა საქართველოში.

ქალაქ ურიდან წამოვიდნენ, გადმოვიდნენ იზმაილში, მერე ოდესაში, ოდესაში რუსებმა


უზრუნველყვეს მაგათი განაწილება, ურმებით მოდიოდნენ. ყიზლარში შეექმნათ
პრობლემა, ჩერქეზეთში უფრო სწორად. ჩერქეზებმა რახან ნახეს, რომ ეს ხალხი
მოდიოდა, მოგეხსენებათ კავკასიელების ამბავი, მუშაობა ეზარებათ და უნდოდათ
დაეტოვებინათ თავისთან, მაგრამ აქაც პეტრე ბაგრატიონის ძმაკაცებმა , პირიქითა
ხევსურებმა ივაჟკაცეს, შეძლეს გერმანელების გადმოყვანა და აი, 1817 წლის
შემოდგომაზე ისინი ჩამოვიდნენ თბილისში.
თბილისში ჩამოვიდნენ და პირველი 31 ოჯახი გამოუშვეს აქეთ. რა თქმა უნდა,
მეფისნაცვალთან შეთანხმებით. ეს 31 ოჯახი დასახლდა აქ, სართიჭალში. იცით, საიდან
ჩანს მათი ქართული ფესვები? ამ 31 ოჯახიდან 22 მევენახე იყო, ზვრები გააშენეს. აქ იყო
ცარიელი, ქარიანი ადგილი, არავინ სახლობდა. ამ სოფელს დაარქვეს მარიენფელდი , ამ
უბანს _ როზენფელდი ანუ ვარდის მდელო. მარია ფეოდოროვნა იყო კატერინას დედა.
როგორც რუსები წერენ, მის პატივსაცემად დაერქვა, თუმცა პეტრეს ესეც
გათვალისწინებული ჰქონდა, რადგან ძალიან ახლოს იყო მარია დედოფალთან.
დედასთანაც და შვილთანაც სხვა ურთიერთობა ჰქონდა.

ამ ადგილიდან ცოტა ზემოთ კიდე ჩამოასახლეს 18 თუ 20 ოჯახი და იმას უწოდეს


პეტერსდორფი. რუსებმა გაავრცელეს ასეთი ჭორი, რომ ეს პეტრე პირველის
პატივსაცემად დაერქვა. სინამდვილეში, ეს მოხდა პეტრე ბაგრატიონის პატივსაცემად.
მერე, 1848 წელს, აბასთუმანში ჩასახლებულმა გერმანელებმა მიმართეს საჩივარით
მეფისნაცვალ ვორონცოვს, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი გვაქვს მიწების
გამო და გთხოვთ, რომ სხვა ადგილას გადაგვასახლოთო. მოინახა თავისუფალი ადგილი
ისევ სართიჭალის მახლობლად. იქ ჩამოასახლეს 18 ოჯახი. დაარქვეს ფრაიდენტალი. ასე
რომ, აქ სამი სოფელი იყო გერმანელების.

შემდეგ ამ ხალხმა დაიკაპიწა ხელები და დიდი გაჭირვებით და დიდი შრომის შედეგად


შექმნეს შესანიშნავი სოფლები, შექმნეს შესანიშნავი სარწყავი სისტემა . ჯერ ქუჩებს რომ
შეხედოთ, ლარივით გაჭიმული ქუჩებია. გერმანელები სადაც სახლდებიან, ჯერ ქუჩას
აკეთებენ. ქუჩის სიგანე, პარამეტრები ყველგან ერთი და იგივე იყო. პლეხანოვი რომ
გადაზომოთ და აქ, სართიჭალაში ქუჩის სიგანე, ერთმანეთს ემთხვევა. განსაკუთრებით
განავითარეს ჰიდროტექნიკური ნაგებებობი აქ, მდინარე იორზე. სარწყავი სისტემა
გააკეთეს, რომელიც დღესაც მოქმედებს. მახსოვს, ამ არხში იყო გაწმენდილი ქვიშა და
შიგ თევზები დაცურვადნენ. აბა, კარგი დედმამიშვილი იყავი და იქ რამე ჩაგეგდო.
ვბანაობდით შიგნით. შექმნეს ასევე შესანიშნავი პარკი, ჰქონდათ თავიანთი “კირხე ”,
რომელიც, სავარაუდოდ, 1870 წელს უნდა იყოს აშენებული. მერე კლუბად გადააკეთეს
ქართველებმა. კლუბად რომ აკეთებდნენ, მაშინ დანგრევა დაიწყეს, სადღაც , 30-იან
წლებში. ბოლომდე არ დაუნგრევიათ. ერთი ადამიანი მოკვდა ნგრევის დროს, ერთს
შვილი გარდაეცვალა და თქვეს არიქა, ვიწყევლებითო. მაინც ეკლესიაა, კი
ევანგელისტური, მაგრამ ღვთის სახლია და აღარ დავანგრევთო. რაც დარჩა კლუბად
გადაკეთდა, კლუბი იყო მანდ. მე თვითონ მაგ კლუბის სცენაზე ვცეკვავდი ბავშვობაში ,
მაგრამ ჩვენ რა ვიცოდით…

უკვე 1941 წელს გერმანელები გაასახლეს. ვითომ, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს


რადიოგადამცემი უპოვნეს სარდაფში, რითაც უკავშირდებოდა გერმანელებს . ათი დღე
მისცეს ვადა და მარადიორული წესით გაასახლეს. არაფერი არ გაატანეს, ასე ცარიელ-
ტარიელები გაუშვეს ყაზახსტანში. იქ ისეთი მკაცრი კონტინენტური ჰავა იყო, რომ
ზამთარში 50 გრადუსამდე ყინავდა. ესენი მაინც მშრომელი ხალხი რომ იყვნენ, იცით, რა
ქნეს? ვაშლის ხეები დარგეს, შემოდგომით დიდ არხებს ჭრიდნენ და იმაში ფლავდნენ ,
დააყრიდნენ მიწას, რომ არ გაყინულიყო ზამთარში და გაზაფხულზე ისევ
წამოაყენებდნენ. იქაც ააყვავეს ყველაფერი.
მერე, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, აქაც გამოიარა რამდენიმემ. ეძებდნენ. თავის
წინაპრების სახლებს კი არა, ოქროს ეძებდნენ. ესენი ოქროს მოიპოვებდნენ, ბოლნისი
გახდა თვითონ ცენტრი, სადაც ოქროს მოიპოვებდნენ და მერე ეს ოქრო ნაწილდებოდა
ყველა გერმანელზე და შესაბამისად, მარტო ოქრო კი არა, ქვაც - სახლების
მშენებლობისთვის ბოლნისიდან მოჰქონდათ. ეს ოქრო ინახებოდა ყველასთან. მერე
ქართველები რომ ჩამოასახლეს აქ, ზოგი სახლში ეძებდა იმ ოქროს, ზოგი გარეთ.
რამდენიმე შემთხვევა ვიცით, რომ იპოვეს, გაცხადდა, მაგრამ იყო შემთხვევები , რომ არ
გაცხადდა და არც ვიცით.

ესენი რომ გაასახლეს, მაშინ ჩამოასახლეს ხარაგაულის რაიონის სოფლებიდან


მოსახლეობა. მერე, უკვე 51 წელში, მეორე ნაკადი წამოვიდა ისევ ხარაგაულიდან.
შესაბამისად, მეზობელი სოფლებიდანაც უკვე მოდიოდა თავისით ხალხი. ის
ორგანიზებული ჩამოსახლება იყო. მაშინ საგარეჯოს ეკუთვნოდა ეს სოფელი და
საგარეჯოს რაიკომის მეორე მდივანი იყო ვალიკო პაქსაშვილი, თვითონ ხარაგაულელი ,
ძალიან პატრიოტი კაცი. იმ მწირი ნიადაგიანი რაიონიდან წამოიყვანა ეს ხალხი და
დაასახლა აქ. სხვათა შორის, კაი ხალხი. მერე გაიზარდა ეს სოფელი. როდესაც
სამგორის არხის გაყვანა დაიწყეს და სიონის დაგუბება, იქ, წყლის ქვეშ 5 სოფელი მოყვა
და ისინიც აქ გადმოსახლდნენ.

მე, მაგალითად, ძალიან კმაყოფილი ვარ გერმანელების აქ ცხოვრებით იმიტომ, რომ ამ


123 წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთეს საქართველოსთვის. აი, ჩვენ ვერ
გავაკეთეთ. მაგათგან ვისწავლეთ ქვევრიდან ღვინის ამოღება და კასრებში დაყენება .
ამხელა ზვრები გააკეთეს, პირველი კარტოფილიც სხვათა შორის, მათ დათესეს. ჯერ
დიდუბეში, მეორე ჩუღურეთში და მერე სართჭალაში. ხორბალი მოყავდათ, ქერი
მოყავდათ, ყურძენი… ერთმა სართიჭალელმა თქვა სწორი სიტყვა ერთხელ. ესენი კი არ
უნდა გაესახლებინათ შუა აზიაში, ჩვენ, ქართველები უნდა გავესახლებინეთო და მერე
ექსკურსიაზე უნდა ჩამოვეყვანეთ აქო და ვნახავდით, როგორც იქნებოდა აყვავებული
აქაურობაო.

შესანიშნავი ზვრები გააშენეს. ციგროვანს ეძახიან. ეს ქართული ტოპონიმი არ იყო და


აღმოჩნდა მერე, რომ ეს მოდის გერმანულიდან _ “ცუკერ ვაინ”, რაც შაქრიან ღვინოს
ნიშნავს იმიტომ, რომ იქ ისეთი პროცენტით მოდის ყურძენი, რომ შაქარი თუ არ გაუკეთე ,
არ გამოვა, სიმაგრე არ ექნება.

ასევე საინტერესოა ხაშმური საფერავის საკითხი. ასე კი ეძახიან, მაგრამ არაა ეგ ხაშმური
საფერავი. აი, სადაც ახლა საპატრიარქოს მარანია, ივრის გადაღმა, ჩოლოყაშვილების
რეზიდენცია იყო. ჩოლოყაშვილები იყვნენ ბატონები და იყო ასეთი _ თადია
ჩოლოყაშვილი, ძალიან მეურნე კაცი, რომელიც გერმანელებთან თანამშრომლობდა.
ასურეთში ვინმე შილემ აღმოაჩინა ძველი ქართული ჯიში _ წითელი ყურძნისა და
როგორც ჩანს, ამ შილემ ეს ვენახის ჯიში გადმოიტანა აქეთ, ჩამოიტანა თადიასთან და
მანდ გააშენეს. მიკროკლიმატია მაგ ადგილას. გამოვიდა ასეთი უნიკალური ჯიში .
საფერავი არაა, მაგრამ საფერავს ეძახიან. იმ ადგილას, სადაც ეს ვენახებია გაშენებული
შილიანი ქვია. შილიანი შილეს ვენახს ნიშნავს. ტოპონიმი ისტორიას ყველაზე კარგად
ინახავს იმიტომ, რომ ისტორიაში დიდ ტყუილებს წერენ და ტოპონიმს კიდევ ვერ შეცვლი .
მაგრამ ეს ჯიში ახლა ძალიან ცოტა მოდის, რადგან კომუნისტების დროს 9 ტბა გაკეთდა
იორზე და ამან ტენიანობა შეცვალა. ის სიმშრალე აღარ ჰქონდა და გადაჯიშდა , მაგრამ
მაინც ჯობნის სხვა საფერავს.

სხვა კიდევ რა? მაგათი სასაფალოა შემორჩენილი, კიდევ ეს დანგრეული კლუბი .


ხიდიცაა, 36 წელს ააშენეს. მაშინდელი პირობებით ააშენეს და ვიწროა. ამიტომ, ამ
აშენებულ ხიდს მეორე ხიდი აუშენეს გვერდით, რომ მანქანებს ემოძრავა . ნანგრევებია
შემორჩენილი. ერთი ყაიდის სახლები შენდებოდა. კარგი ფეჩი ჰქონდათ შიგნით ,
კედელში იყო დატანებული და ორ ოთახს ათბობდა. თავის სათავსო ჰქონდათ,
შესანიშნავი სარდაფები ჰქონდათ, ჰქონდათ სხვენი. აქაც ესეთი სახლი იყო, ეს მე ავაშენე
მერე ახალი. აქ, როგორც გამოვიკვლიე, ცხოვრობდა იაკობ ბეკი.

ეგენი რომ ჩამოვიდნენ, თავიდან არავის არ ეკარებოდნენ. არც სხვა ქალს


თხოულობდნენ და არც ათხოვებდნენ. და მერე უკვე, როდესაც ამდენი ხნის
თანაცხოვრება მიდიოდა, მეზობელი სოფლები იყო ხო, ბოლოს და ბოლოს,
ახალგაზრდებს შეუყვარდებოდათ ერთმანეთი. თანაცხოვრების პერიოდში მოხდა ისე ,
რომ 5 გერმანელი ქალი გათხოვდა ქართველზე. ეს 5 ქალი დატოვეს, არ
გადაუსახლებიათ. ერთ-ერთი ჩემი მეზობელი იყო, ლიდა ბაუერი, მაგრამ მერე წავიდნენ ,
გადასახლდნენ აქედან. ლიდა ბაუერს ორი გოგო ჰყავდა _ ლილი და ელზა. ლილი მერე
პროფესორი გახდა უცხო ენების ინსტიტუტში და ახლა გერმანიაშია , იქ ცხოვრობს და
ელზაც აქ არ არი. სად არი, არ ვიცი. კურიოზი რა არის, იცით? უცხო ენებში რომ წავიდნენ
ეს ორივე ჩასაბარებლად, ამათი გერმანული ვერ გაიგეს. განცვიფრებულები ჩამოვიდნენ ,
ჩვენ გერმანელები ვართ და ვერ ჩავაბარეთო. დიდი ძალისხმევა დაჭირდა იმ ლილის ,
მაგრამ ეხლა პროფესორია და იქეთ ცხოვრობს. ის მართლა გერმანელია. მაღალი გოგო
იყო, ცისფერი თვალებით, ქერა და მკაცრგამომეტყველებიანი.

უკანასკნელი ქალბატონი, ვინც გარდაიცვალა, მამაჩემის ბიძაშვილს ჰყავდა ცოლად ,


კოტრინი იყო გვარად. გერმანიაში წავიდა, პენსიაც დაუნიშნეს, სახლ-კარი მისცეს. იქ
გარდაიცვალა. მაგის შვილი აქ ცხოვრობს ახლა, სულიკო. გერმანელების
შთამომავლებიდან ერთიღა სულიკოა დარჩენილი, სხვა არავინ.
დგას დედაჩემი და მღერის
სულიკო სიბოშვილი

სკოლაში რომ დავიოდი, ვიძახდი, მეთქი რა ბედნიერები არიან სხვები, რო ქართველები


არიან და მაინცდამაინც მე ვარ ნემეცი… ძნელი იყო. ახლა, დღესდღეობით კარგია, მარა
მაშინ არ ვარგოდა ნემეცობა. კინოში რო დავდიოთ, თუ კინო გადიოდა ომზე, აი,
ფაშისტო, ფაშისტო, გიტლერო, ვის როგორ უნდოდა, ისე მეძახდა, ისე დამცინოდა . ცოტა
რთულად გავიზარდე რა… აქ, უბანში სულ თანაკლასელები ვიყავით. ვმეგობრობდით,
მაგრამ გოგოსთან თუ უნდოდათ ჩემი შერცხვენა, მაშინ ისინიც მეძახდნენ ნემეცს. თუ
გოგო მოგეწონებოდა, მაშინ დაგაყრიდნენ… გოგოები კიდე, რა ვიცი… ჩემმა ცოლმა
თვითონ მითხრა: მე შენ მიყვარხარო და მოვიყვანე ცოლად. ქართველი იყო ჩემი ცოლი.
ცოლმა მითხრა სიყვარული და მოვიყვანე. ბავშვი იყო, რო დავინიშნე, 23-ის მე ვიყავი, ის
16-ის იყო, მე-17-ში. აქ ცელოფნის პარკების ქარხანა იყო და იქ ვმუშაობდით ორივე. იქ
დამიწყო: რატო არ გამოდიხარ გარეთ. ცოტა, ცოტა, ცოტა და… კაი შვილები მომცა
ღმერთმა.

დედაჩემი ლენა, გერმანელი იყო, მამა ქართველი, მარა მალევე გაშორდა. დედაჩემი რო
შეირთო, მერე მამაჩემი წავიდა ჯარში. ჯარიდან რო დაბრუნდა , მერე უარი თქვა ,
გაცილდა, რახან დედაჩემი გერმანელი იყო. იქ შეუჩდნენ, რათ გინდა გერმანელი ქალი …
მე 49 წელს დავიბადე და ალბათ, დედა 48 წელს გათხოვდა, მე რა ვიცი. დედაჩემი
ძირითადად მშენებლობაზე მუშაობდა. მესამე მასივი რო შენდებოდა თბილისში , იქ . მაშინ
იქ მუშაობდნენ თათრის ქალები და ბრიგადაში იყო. ხელოსნებს ეხმარებოდნენ , ზოგი რას
აკეთებდა, ზოგი რას. დედამ ქართული იცოდა, ქართული სკოლა ქონდა დამთავრებული.

მე უფრო ბებიამ გამზარდა, დედის დედამ, ისიც გერმანელი იყო. ბებიას ემმა ერქვა , ორი
მ. სასაფალოზე დააწერეს ემა. ეგრე არა, ემმა. ქალიშვილობის გვარი ჰეიდერ და ქმრის
გვარი კოტრინი იყო. ბებია ცალკე ცხოვრობდა, ძველი გერმანული სახლი რომაა, იქ. მეც
მანდ ვცხოვრობდი, ეგ იყო ბებიაჩემის სახლი. მერე ბებია რო დაიღუპა, მე დავასაფლავე.
ჰოდა, მე დამრჩა ეგ სახლი. მერე ბიჭმა მოინდომა და გავაკეთეთ მანდ მაღაზია, თონე,
მარა ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, მე ევროპაში უნდა წავიდეო. ეხლა ჩემი ბიჭი
საფრანგეთში ცხოვრობს, 4 შვილი ყავს. მე-4 შვილი ახლა შეეძინა. მე კიდე ერთი გოგო
მყავს. გოგო აქ ცხოვრობს. გოგო ბებიაა უკვე. ჩემი ცოლი გარდაცვლილია.

დედაჩემი დაიბადა 30-ში, 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეს. სამი წლისა იყო,
მამა რო დაეღუპა. მერე ბებიაჩემი გათხოვდა ქართველზე. შეეძინათ ბიჭი. 40 თუ 41 წელში
გადაასახლეს ბებიაჩემიც, დედაჩემიც და ის პატარა ბავშვიც . ბებიაჩემს შვილები , ერთი
ომში დეეღუპა, ორი კიდე ყავდა. დედაჩემი და ეს ბავშვი და მერე ამ ქართველმა , აქ
მეწისქვილეთ მუშაობდა, სტალინს მიწერა, რომ შვილი დამიბრუნეო და ჩამოსახლდნენ,
მარტო ჩვენი ოჯახი ჩამოვიდა აქა. სხვა შვილებს, ნემეცებს არ შეეძლოთ აქ
შემოსულიყვნენ. ბებია, დედა და ბიჭი, რობერტი დაბრუნდა, დედაჩემის ნახევარძმა .
ბებიაჩემი დაბრუნდა იმიტომ, რო ქართველი შვილი ყავდა. ნაკითხი და განათლებული
ქალი იყო ბებიაჩემი. აქ მაშინ წერა-კითხვა… სად იცოდნენ წერა-კითხვა.

აქედან რო გადაასახლეს, 24 საათში გადაასახლეს და რა უნდა წაეღოთ, არა? 24 საათში


რა უნდა წაიღო. თან პატარა ბავშვით. მერე ბაქოს გავლით წაიყვანეს. გემზე გარეთ
ვიწექითო და წყალი გვასხამდა ზედაო. მერე როგორც იყო, ჩაიყვანეს ციმბირში .
ციმბირში იყო ბებიაჩემი გადასახლებული.

რო გადაასახლეს, გაჭირვებით იყვნენ იქა და მერე დედაჩემმა თქვა, სიზმარი ვნახეო,


ძროხებს ურიგებდნენ მოსახლეობას, რო შიმშილით არ მომკვდარიყვნენ და ბებიაჩემმა
თქვა, მეწველი ძროხა უნდა წამომეყვანაო და დედაჩემმა თქვა, სიმზარში ვნახეო, რო
რქაზე ეკეთა წითელი ლენტიო. ჰოდა, ნახა და სიზმარი აუცხადდა. ეგეთი ძროხა ნახეს.
თავიდან არ იწველიდაო, მაგრამ მერე რო მოიწველაო, ოც ლიტრას იწველიდაო.

დედაჩემი გერმანიაში დავასაფლავე. 7 სექტემბერს ათი წლისთავი გახდება , რაც


გარდაიცვალა. ძლივს წავიყვანე, ვიწვალე, ნათესავები ვიპოვე. ნათესავები გვყავს იქა ,
სამი ბიძაშვილი ცხოვრობს. ნათესავები გერმანიაში რო მიდიოდნენ, წერილი მოგვივიდა ,
ბებიაჩემი წერდა მაგათ, მიმოწერა ქონდა ხოლმე. ჰოდა, წერილი მოგვივიდა, რო აღარ
მოიწეროთ, სუყველანი გერმანიაში მივდივართო. ზოგი ყაზახეთში იყო, ზოგი ტაშკენტში .
91-ში წავიდნენ გერმანიაში. მეც მივწერე, რო ლენას ბიჭი ვარ, მაინტერესებს გერმანია ,
რო ჩახვალთ, დამიკავშირდით-მეთქი… მომწერეს, რო ჩვენ ახლა ისეთ ადგილას ვართ ,
რო ბინა არა გვაქო, ბინას რომ მოგვცემენ, იმ წუთშივე ვიზას გამოგიგზავნითო. არც მენახა
ისინი, დედაჩემის დეიდაშვილები იყვნენ. მომივიდა ვიზა. 92-ის ნოემბერში იმათთან
ვიყავი უკვე. დიდი პატივი მცეს, სამი თვე შემინახეს, ნათესაობა მომატარეს. ქორწილშიაც
ვიყავი, დასაფლავებაზეც, ნათესავიც ვნახე, ყველაფერი. ფულიც მაჩუქეს. მერე წამოვედი
აქ და დედაჩემს ვუჩიჩინე, რა გინდა აქა-მეთქი. კუპონები იყო მაშინ. არაფერი არ
მოდიოდა იმ კუპონებით. იმდენი ველაპარაკე, რო 94 წელში გავგზავნე მაინც. 63 წლის
იყო. თავიდან არ უნდოდა წასვლა, მერე მეც ჩამიყვანა. ტიროდა, აქ რა მინდაო. მერე
დეიდაშვილმა ისე გაუკეთა, რო თითონ პირველ სართულზე ცხოვრობდა და მეორეზე რო
გათავისუფლდა ოთახი, იქ დასახლდა დედაჩემი. ნოიშტადტში. ახალი ქალაქია და ეგეთი
ქალაქია 17 დასახელების. ნოიშდტადტ ამ დერ ვაინშტრასე, ასე ქვია. მანჰაიმთან არი
ახლოს. მერე შეეჩვია დედაჩემი იქაურობას. შეეჩვია კი არა, მერე გათხოვდა კიდეც.
გერმანელები საერთოდ მალე აწყობენ ცხოვრებას… მე ტაშკენტში დავდიოდი
ნათესავებთან და... მაგარი ხალხია რა, უცებ ააწყვეს ცხოვრება. ერთმანეთს მაგრად
ეხმარებიან. თუ სახლი დეეწვებოდა ოჯახს, პრობლემა არ იყო, მეორე დღეს აუშენებდნენ .
ზოგი კრაოტს მისცემდა, ზოგი რას, ზოგი რას. მეორე დღეს გამართული იყო უკვე. მაშინვე
ფეხზე აყენებდნენ.

ერთხელ ბიძაჩემი სტუმრად იყო ჩამოსული ტაშკენტიდან. მეორე ბაძამ მითხრა, წადი,
ხერხი მოიტანეო. სოფლის შემოსასვლელში ცხოვრობდა. რომ გამოვედი, ის
ტაშკენეტელი ბიძა ეკითხება, რო რით მიდის იქო და აი, მატოციკლეტით წავაო. რას
ამბობო, კაცო, 8 წლის ბავშვი მატოციკლეტითო როგორო. მე ჩვეულებრივად წავედი
მატოციკლეტით და მოვუტანე ხერხი. შევასრულე ეს ყველაფერი და ერთი ბიძა ამაყობს,
მეორე მტუქსავს.

ჰო, მერე გადის წლები და ჩავდივარ უზბეკეთში. იქაური ბიძა იყო მჭედელი . მე
ყოვლეთვის ჩხირკედელა ვიყავი და იქ სამჭედლოში რაღაცეებს ვჭედავდი . რომ შემატყო
რო რაღაცეებს ვაკეთებ, მართალი რაღაცეები უნდა გასწავლოო, ბიძაჩემმა . ჰოდა , მერე
უცებ გაახსენდა და მიდი, სულიკო, საჭმელი ამოიტანეო და რით წავიდე-მეთქი და მეც ხო
მყავს მატოციკლეტიო. მაშინ უკვე 12 წლის ვიყავი. იმისი კიდე უფრო დიდი მატოციკლეტი
იყო. ჰოდა, მითხრა ეს. სოფელში რომ გავიარე, მთელი სოფელი მე მიყურებდა. პატარა
ვიყავი, იქ მერე გარაჟ-სამჭედლო იყო და ხო გაგიჟდნენ, ბავშვს რას უშვებიო, მოიკლავს
თავსაო და იქაც შევასრულე ეს კომბინაცია და მერე ის სამი შვილი, რომელიც ყავდა,
სამივეს დავისვამდი ხოლმე მატოციკლეტზე და ვასეირნებდი.

მერე ერთხელ ბიძაჩემმა მითხრა, ცურვა იციო? და კი-მეთქი და წავედით არ მახსოვს,


მდინარე სირდარია იყო თუ ამუდარია, სირდარია, მგონი. ჰოდა, ხიდი იყო აშენებული .
ხიდზე იყო დარჩენილი ფიცარი. დიდი სქელი, ფიცარი იყო, ერთი თორმეტმეტრიანი .
ეწვალა ბიძაჩემი და ხიდიდან მოაძრო ის, აპალოვკას რო ეძახიან. მოაძარო და ის
ფიცარი წყალში ჩავარდა. დიდი მდინარეა, დიდი მდინარე . და შეხვალო იმ ფიცრამდეო ?
კი, მე ვუთხარი, შევალ. შევედი და დავჯექი იმ ფიცარზე. იცი, რამდენი ვიარე იმ ფიცრით?
12 კილომეტრი. 12 წლის ბავშვმა. იქ გავხდი 12 წლის. 12 კილომეტრი ვიარე იმ ფიცრითა
მდინარეზე. ეს ბიძაჩემი მომყვებოდა მდინარის ნაპირას. სადაც საშვალება იყო ,
მატოციკელტით მომყვებოდა ან გადამისწრებდა ხოლმე და მიყურებდა , აბა, მოვდივარ
თუ არა და როგორა ვარ და როგორც კი ადგილზე მივიტანეთ ის ფიცარი, მერე
დავხერხეთ და ერთი ოთახის პოლი გამოვიდა, იმხელა იყო. ესე ვუყვარდი მე ბიძაჩემს.
ნეტა იქ ვყოფილიყავი, იქ დავრჩენილიყავი.

აგე, ფოტოზე ბებიაჩემი, ბაბუაჩემი და დედაჩემი. დაიცა, ტილო გადავუსვა , ზოლებად არ


დააჩნდეს. ეს სურათი აგერ რო მიკიდია, ბებიაჩემმა გერმანელი პლენებისგან იყიდა სამ
ლიტრა ღვინოდ. თბილისს ხო აშენებდნენ ეგენი და ალბათ, კვირაობით უშვებდნენ და ეს
სურათი წამოუღია. სამ ლიტრა ღვინოდ ვიყიდეო. აქ სოფელში რო დადიოდა, ღვინო
უნდოდა. აქ მიკიდია კიდე ერთი ლოცვა გერმანული. ტრაუ იუს, ბლაიბე ბაი მირ, გეე ონ
დე ფოლგე, ვერ გავიგე რაო? ტრაური რა არი, ტრაური. იუსუს რა ტრაურია. ბლაიბ ბაი
მირ, ჩემთან იყავიო… ეს ძველია, ერთი 200 წლის მაინც იქნება. აქ ერთი მხატვარი ბიჭია
და ვიმსჯელეთ როგორ არი შესრულებული და ვერ გავიგეთ მაინცდამაინც.

ბიბლიაც მქონდა კიდე 1700 წელს გამოცემული. გერმანიაში რო წავედი, წავიღე. იქ


მითხრეს 70 მარკას მოგცემთო. მერე ვისთანაც ვიყავით სტუმრად, იმათ ვაჩუქე. იმათ 4000
მარკამდე ფული მაჩუქეს და მე ბიბლია აღარ მეჩუქებინა?

აი, აქ ბაღი მაქვს, ესპერიმენტებს ვატარებ, რა როგორ მოვიყვანო. რა როგორ მოდის,


იმას ვაკვირდები. ყვითელი პამიდორი გინახავს? ერთი პამიდორი დავთესე და ერთი
ძირი ამოვიდა. ახლა ვუვლი და გავამრავლებ. აი, ეს კიტრია. ის გოგრაა, ისეც გოგრაა.
ტელეფონიდან ვსწავლობ, როგორ მოვუარო. შუაში როა, იქაა სარწყავი. ეხლა კიტრი
არავისა აქვს, მე კიდე მომყავს. ვამრავლებ ყველანაირს, მიყვარს შვილიშვილებს, რო
ავუტან. ეს პრასის თესლია. ეს არი უნგრეთის ხახვი. ბაზარში რო იყიდება შეშა , ისეთი კი
არაა, ეს ქორფაა, ქორფა. ეს სახლი მე ავაშენე. „ნემცი გრუზიი“ _ ფილმია ასეთი.
ვახტანგიმ გადაიღო, აქ იყო ჩვენთან, გვარი დამავიწყდა. ერთხელ მძინავს
ტელვიზორთან და გავიღვიძე, დედაჩემი რაღაცეებს ლაპარაკობს. ვაჰ, მეთქი რა ხდება.
ის ფილმი გადის თურმე ტელევიზორში. აი, იქ იმ ადგილასა დგას დედაჩემი და მღერის იმ
ფილმში. გერმანულად მღერის სიღერას. რომელი წლები უნდა ყოფილიყო, ალბათ, 87…
ხო, დგას და მღერის. ყვავილზე მღერის რა… ძალიან კარგად მღეროდა დედაჩემიც და
ბებიაჩემიც. ორ ხმაში რო დაიწყებდნენ სიმღერას...

(ფოტო 9: სულიკო სიბოშვილი დედასთან, ლენა კოტრინთან ერთად)


თ ბილ ისი

სასაფლაო, არიქვები და სოციალური ქსელები

ოლესია დიმიტრიჩენკო

სასაფალოდან დაიწყო ეს ყველაფერი. სოფელ თამარისში გვაქვს სახლი. ამ სოფელში


გერმანული სასაფლაოა. ბავშვი რომ ვიყავი, ხშირად დავდიოდით ხოლმე იმ
სასაფლაოზე. აღდგომებზე, სანათესაო რომ იჯდა სუფრასთან, მე დავდიოდი და
გერმანელების საფლავებს ფოტოებს ვუღებდი. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ბავშვია იქ
დაკრძალული და სულ მაინტერესებდა და სულ ვკითხულობდი ხოლმე, რატომ. როგორც
ბებია მეუბნებოდა, თურმე ქოლერა იყო გავრცელებული და ეს ბავშვები მაშინ დაიღუპნენ .
თან, ეს საფლავები ჩვენი სასაფლაოებისგან განსხვავდებოდა. ჩვენ რკინის
შემოღობილები გვაქვს, დიდი სურათებით, იქ კიდევ ძალიან კოხტად იდგა ეს სადა ქვები ,
სადაც ლამაზად იყო ამოწერილი სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების
თარიღი. თან რაღაც ფრაზაც იყო მიყოლებული. სულ ვეძებდი ხოლმე, რას ნიშნავდა,
სანამ გერმანულის სწავლას დავიწყებდი.

ჯერ ფირის ფოტოაპარატით დავიწყე გადაღება. ვიცოდი, რომ დიდი ბებია გერმანელი
მყავდა, მაგრამ მის საფლავზე გერმანული გვარი არ ეწერა. ეწერა ქმრის გვარი _
დიმიტრიჩენკო და რომ ვეკითხებოდი მამაჩემს, ბიძაჩემს, მაგათ ბიძაშვილებს , არავინ არ
იცოდა მისი ნამდვილი გვარი, საბუთიც კი არანაირი არ მოგვეპოვებოდა. მარტო ერთი
ფოტოსურათი გვქონდა ბებიისა და პაპის. ჩემი ძმა იყო მისული არქივში, ათი წლის წინ
დაახლოებით, მაგრამ მაშინ იქ უთხრეს, რომ გერმანელებზე არქივი არ გვაქვსო,
ყველაფერი დაიწვაო.

მეც ვერ მოვისვენე და წლების მერე მე თვითონ დავიწყე ძებნა. თავიდან არ ვიცოდი,
საიდან დამეწყო. ლუთერანები რახან იყვნენ, ეძებეთ ან კათოლიკური ეკლესიების ან
ლუთერანული ეკლესიების ფონდებშიო. ასე დავიწყე ლუთერანულიდან, მერე გადავედი
სხვა ეკლესიებზე. სადღაც ავლაბრის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვიპოვნე
ქორწინების მოწმობა, რითაც დავადგინე ჩემი დიდი ბებიის გვარი . სახელი ხომ ვიცოდი
და მოწმობაში ეწერა, რომ ელიზაბეტ ვაშერი, ალექსანდერდორფის კოლონიის
მცხოვრების გოტლობ ფრედერიკ ვაშერის შვილი, გათხოვდა გრიგორი დიმიტრიჩენკოზე .
გვარი რომ გავიგე, მერე ყველაფრის ძებნა დავიწყე, რაც ამ გვარზე არსებობდა .

ერთხელ, არქივში ყოფნისას სრულიად შემთხვევით ერთი გერმანელი შემხვდა . მე რომ


ვმუშაობდი, ის რაღაცის საკითხავად შემოვიდა და მთხოვა, მიმასწავლე, აქედან როგორ
გავიდეო. მივასწავლე და რომ გამოვედით, ვკითხე, ვინმეს ეძებთ-თქო? და კიო, მაგრამ
დღეს მივდივარ და ვერ ვასწრებო. შენ ვის ეძებო, მეთქი ელიზაბეტ ვაშერს. მე მაგ გვარზე
არაფერი ვიცი, მაგრამ გერმანიაში არის ქალბატონიო, რომელიც ძალიან გარკვეულია ,
ბევრი რამ იცის და რომ ჩავალ, მივცემ შენ კოორდინატებსო. მეორე დღესვე ამ
ქალბატონისგან მივიღე პასუხი მეილზე. დაწყებული 1817 წლიდან, ვაშერების პირველი
ოჯახი რომ ჩამოვიდა საქართველოში, სრული გენეალოგია _ მიყოლებით მომცა. პირი
დამრჩა ღია. მან უფრო მეტი იცოდა, ვიდრე მე. ეს ქალი რიტა ლაუბჰანი აღმოჩნდა,
რომელიც აგროვებს ალექსანდერდორფის მცხოვრებელების გენეალოგიებს და
ამზადებს წიგნს. ქალბატონი რიტა ხვდებოდა ბაბუებსა და ბებიებს, ვინც უკვე გერმანიაში
ცხოვრობს და იმათგან იწერდა ცნობებს. ასე შეადგინა მთელი კოლონიის ქრონოლოგია
1818 წლიდან დღემდე. მალე იქნება ამ წიგნის პრეზენტაცია. როგორც კი გამოვა,
გამომიგზავნის და ერთად გავეცნოთ.

რახან დიდი ბებიის გვარი გავიგე, მერე უკვე შთამომავლები მაინტერესებდა . რამდენი
შვილი ყავდა, ვინ დარჩა და ვინ გადაასახელს _ მაგ კუთხით მინდოდა გაყოლა. შარშან
ყაზახეთში გადასახლებლი ნათესავები ვიპოვე. მათზე საერთოდ არ გვქონია ინფორმაცია
ოჯახში. მამამ კი იცოდა, რომ გადასახლების მერე სადღაც წავიდნენ, მაგრამ
კონკრეტულად სად _ დაკარგული ქონდა ყველაფერი. ვიპოვე არქივში, რომ,
მაგალითად, ქრისტინა ვაშერი გათხოვილი იყო ვინმე გოტფრიდ რინკზე. რინკის გვარი
ამოვაგდე, მივყევი და მივეყვი, დავიმეგობრე და კიო, მე ვარო, აქეთ სურათები
გამომიგზნა თვითონ. ახლა ისინი რუსეთში ცხოვრობენ. ჩვენ გვეგონაო, რომ თქვენ
გერმანიაში წასულები ხართო, პაპაჩემი წერილებს გწერდათ საქართველოში , მაგრამ
პასუხი უკან მოდიოდაო, რომ ასეთი გვარი არ იძებნება და მაგ მისამართზე არავინ
ცხოვრობსო.

მოკლედ, გავარკვიე, რომ 6 შვილი ყავდა ჩემ წინაპარს. ვინც აქ დარჩა და არ


გადაასახლეს საქართველოდან, 90-იან წლებში მაინც წავიდა, ჩვენ დავრჩით მარტო და
ვინც გადაასახლეს, იმათთან დაკარგული გვქონდა კონტაქტი. ელიზაბეტ ვაშერის
შვილების შესახებ, ასევე პაპაჩემის შესახებ გავიგე ქალბატონი რიტასგან . თურმე კარგად
უკრავდა და მღეროდა. სამწუხაროდ, 70-იან წლებში გარდაიცვალა, მე კი 1982 წელს
დავიბადე.

ამ ყველაფრის მერე დიდუბეში, მაშინდელი ალექსანდერდორფის კოლონიის


ტერიტორიაზე მივედი. სახლი მაინტერესებდა. არქივში ვიპოვე საბუთი, სადაც წერია , რომ
სამტრედიის 25 ნომერში ვცხოვრობდით, მაგრამ ვერ ვნახე ის სახლი. იქ კორპუსი დგას
ახლა. ალექსანდერდროფის ტერიტორიაზე იყო სასაფალაოც, სამტრედიის ქუჩის ზემოთ .
ამ ორი კვირის წინ, სანამ არქივი დაიკეტებოდა, ვიპოვე მაგ სასაფლაოს გეგმა.
ბერლინში დახატული. სად რამდენი ხეა, სადაა არხი, სადაა ბილიკები, რომელ ოჯახს
რამდენი კვადრატული მიწა ქონდა გამოყოფილი _ ყველაფერი. 1925 წელსაა დახატული,
ფერადი ფანქრით. თავის საეკლესიო საბჭოს გამოუზაგვნეს იქიდან საქართველოში.

თვითონ ალექსანდერდორფი არ იყო დიდი კოლონია, 2 პარალური ქუჩა იყო და 28-30


სახლი იდგა. მერე როგორც გავარკვიე, ჩემებიც მიწების სიმწირის გამო წავიდნენ აქედან ,
თამარისში გადასახლდნენ. სავარაუდოდ, სადღაც 1920-იან წლებში გადავიდნენ, ზუსტი
თარიღი ვერ ვნახე. მაშინ თამარისს ტრაუბენბერგი ერქვა. ეს სახლი ახლაც გვაქვს. იქაც
საკმაოდ საინტერესო გერმანული კვალი ეტყობა სოფლის განლაგებას, ცენტრალურ
გზას, სარწყავ არხებს. სასაფლაოცაა შემორჩენილი.

შემორჩენილი ძველი ფოტოებიდან კიდევ ბევრი რამ მაქვს გასარკვევი. იმ თაობიდან


ბევრი აღარ არის ცოცხალი რომ ვკითხო, ვინ ვინაა. სოციალურ ქსელებში, ბევრ ჯგუფში
ვარ გაწევრიანებული და ხანდახან ამ ფოტოებს ვდებ. იქნებ, ვინმემ ვინმე იცნოს ან რამე
იცოდეს. პრინციპში, სხვა გზა რეალურად არ არსებობს რაიმეს გაგების. თუ სახელი და
გვარი იცი, ეს ძალიან კარგია და ხელმოსაჭიდი. ოღონდ ხშირად ორ-ორი სახელი
მხვდება, ელიზაბეტ-კაროლინა, მაგალითად, ან კაროლინა-გერტრუდა და ხან ერთი
სახელითა რომაა და ხან მეორეთი, ეს ძალიან ართულებს ძებნის პროცესს.

შარშან, მაისში „ტფილისის ჰამქრის“ მხარდაჭერით, საკრებულოში გამოფენა გავაკეთეთ


სახელწოდებით “ალექსანდერსდორფი - თბილისში დაკარგული გერმანული სოფელი”.
საკმაოდ ბევრი და საინტერესო მასალა მოვიძიე საქართველოს ეროვნულ არქივში ,
მაწილი ქალბატონ რიტასგან მივიღეთ გერმანიიდან. რა თქმა უნდა, მისი ძალიან დიდი
მადლობელი ვარ.

შარშან ქალბატონმა რიტამ მომწერა, გერმანიაში ერთი ბაბუაა _ ერიხ კაუტერი,


ნათესავად გეკუთვნისო. თვითონაც ეძებს ნათესავებს და სურვილი აქვს გაცნობის და თუ
წინააღმდეგი არ ხარ, მივცემ შენ კოორდინატებსო. დავუკავშირდი, დამიკავშრიდა . ჩემი
დიდი ბებია და მაგისი ბებია იყვნენ ალალი დები. ისიც ყაზახეთში იყო გადასახლებული ,
ახლა თვითონ გერმანიაშია. უშუალოდ იცნობდა ჩემს დიდ ბებიას და მის მეუღლეს.
მომიყვა როგორ ეთამაშებოდნენ, რომ შევხვდიო, მე 4 წლის ვიყავი, მაგრამ ძალიან
კარგად მახსოვს ეს შეხვედრაო და სულ დეტალებში მომიყვა ეს ამბავი. ახლაც მაქვს
მასთან კონტაქტი, სკაიპით ვურეკავთ ერთმანეთს კვირაში ერთხელ. წიგნიც აქვს
დაწერილი თვითონ, ავტობიოგრაფიული. სამწუხაროდ, ბებიის ძმის კვალზე ვერ
გავედით, ვერც მე და ვერც ერიხი. ვერ ვნახეთ, ვერ ვიპოვეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ
როდესმე… თან, სხვა გვარებთან შედარებით, ჩვენი გვარი არაა დიდი.

ბებიას მეუღლე რახან უკრაინელი იყო _ დიმიტრიჩენკო, ის არ გადაასახლეს. აქ დარჩა


თავისი ორი ვაჟით, პავლეთი და ალექსანდრეთი, მაგრამ გოგოები გერმანელებზე იყვნენ
გათხოვილი და ისინი ოჯახებთან ერთად გადაასახლეს. ყველა ვიპოვე, ერთის გარდა.
გერტრუდა ბოტლერს ვეძებ _ ბებიის დის ერთ-ერთ შვილიშვილს. ასაკის მიხედვით ჯერ
კიდევ ცოცხალი უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი, სად ვეძებო… ბებია რახან დიმიტრიჩენკოზე
გათხოვდა, როგორც ჩანს, მართლმადიდებლობაზე გადავიდა. მაგიტომ ვიპოვნე ის
მოწმობა ავლაბრის ეკლესიის საარქივო ფონდში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშიც მიძებნია. პროცედურა საკმაოდ რთული იყო ,


სანამ შემიშვეს. სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
კავშირის წევრიც ვარ და ოფიციალური წერილით მივმართეთ. ძალიან ბევრი პირადი
საქმე ინახება მანდ, მაგრამ მე რასაც ვეძებდი, ვერ ვიპოვე. გადასახლების მომენტში
იქმნებოდა ეს პირადი საქმეები, თმის ფერი, თვალის ფერი, წონა, ოჯახის წევრები,
ბავშვები… ყველაფერს წერდნენ შიგნით. ყველასი არაა შემორჩენილი , მაგრამ რაცაა , იქ
ისე დაწვრილებით წერია ყველაფერი, იქ რომ შევძვრე, ვეღარც გამოვალ ალბათ.

სახლში ყველა გერმანულად ლაპარაკობდა, მე რომ გავიზარდე, ის უფროსი თაობა უკვე


წასული იყო, არავინ დამხვდა პრინციპში ცოცხალი. მე უკვე აღარ, მაგრამ მამაჩემმა ,
ბიძაჩემმა _ ყველამ იცოდა. დიდმა ბებიამ ასწავლა თავის შვილებსა და შვილიშვილებს
გერმანული.

ალბათ, ჩემი ძმის დამსახურებაა არქივში ძებნა რომ დავიწყე. მაგას ქონდა ეგ სურვილი ,
რომ არქივში მისულიყო და ბებიის გვარი გაეგო. ამდენი ნათესავები ხართ და ბებიის
გვარი არ გახსოვთო. ან არ ახსოვდათ, ან მალავდნენ. დიდი ალბათობა იყო, რომ
მალავდნენ. ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, ალბათ. ხომ გითხარით, სახლში საბუთიც
ვერსად ვნახეთ. ჩემი ძმა ეძებდა და ვერ იპოვა, მერე სულ წავიდა საქართველოდან
საცხოვრებლად. ცუდი პერიოდი იყო, 90-იანი წლები. მაშინ ვის ახსოვდა ბებია .
მაგრამ, მე ერთხელ რომ შევედი არქივში, მის მერე ვეღარ გამოვდივარ . ზოგადად,
ძალიან საინტერესო პროცესია, ჩათრევა იცის. ახლა, აგვისტოში დაკეტილია , ჩემი სეზონი
არ არის… თორემ, თავისუფალი დრო გამომიჩნდება თუ არა, მაშინვე არქივში
გავრბივარ. ერთის ძებნას დაიწყებ და მეორესთან მიყავხარ … ამიტომ, ჯერ კიდევ ძიებაში
ვარ, ჯერ კიდევ ვეძებ.

(ფოტო 10: ელიზაბეტ ვაშერი და გრიგორი დიმიტრიჩენკო, ფოტო 11: ელიზაბეტ


ვაშერის და გრიგორი დიმიტრიჩენკოს ქორწინების მოწმობა, ოლესია
დიმიტრიჩენკოს პირადი არქივიდან)

ლაიპციგიდან სემიარსკამდე
თინათინ ჰაინე

დაბადებიდანვე ჩემი ცხოვრება მეორე მსოფლიო ომთან იყო დაკავშირებული . ივნისში


ხომ დაიწყო ომი და ოქტომბერში უკვე ჩრდილოეთ ყაზახეთში გადაგვასახლეს. სამი
თვისა უკვე პოლიტიკური დამნაშავე ვიყავი. 1941 წლის ივლისში დავიბადე და ოჯახის 8
წევრი გადამასახლეს: პაპა, ბებია, მამის უფროსი ძმა, მისი მეუღლე და 2 წლის გოგონა,
მამა, დედა და მე. მამაც და მისი ძმებიც საოცრად ლამაზები იყვნენ, მაღლები, ტანადები .
აი, ფილმებში თუ გინახავთ ცნობილი მსახიობები, ისეთი აგებულების ბიჭები იყვნენ . რომ
გვასახლებდნენ, ჯერ არ იცოდნენ, სად გაგვანაწილებდნენ და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ
სოფელში, არ ვიცი გარდაიცვალა, დახვრიტეს, თუ რა უქნეს იმ კაცს, აღარ იყო ექიმი . ამ
სოფელს ერქვა სემიარსკი, იყო სემიპალატინსკთან ახლოს, პავლოდარის ოლქი.

ჩვენი ოჯახი ექიმებისგან შედგებოდა და ეს პროფესია გამოადგათ. სხვები მიყავდათ და


მინდორში ყრიდნენ, პრიდაპირ მინდორში დაყრიდნენ. ყაზახეთამდე ერთი თვე ვიარეთ ,
ოქტომბერი და ნოემბრის ბოლოს ჩავედით. ღრმა ზამთარია და როცა მივდიოდით,
დედაჩემს ისეთი ლამაზი ლურჯი კრეპდიშინის კაბა ეცვა, ვარდისფერი ყვავილებით .
ჩავედით და იქ თოვლი დაგვხვდა. იმის გამო, რომ ექიმები იყვნენ სუყველა, ამიტომ არც
დაიხვრიტნენ. სუყველა ექიმები იყვნენ _ დედა, მამა, ბიძა, პაპა, ბებია არა, ბებია
ძველებური ქალი იყო. 14 წლის იყო რომ გათხოვდა, პროფესია მაშინ არ ჭირდებოდათ ,
იყვნენ უბრალოდ მეუღლეები. გააჩინა 4 შვილი. სხვათა შორის, ლეო _ უფროსი რომელიც
იყო, მანამდე წავიდა გერმანიაში. ისიც ულამაზესი ადამიანი. ახალგაზრდა რომ იყო,
თბილისში ჩამოვიდა გერმანული ცირკი თავისი ბალერინებით. მაშინ ცირკი სხვანაირი
იყო, უფრო ვარიეტე, ვიდრე ცირკი. ერთ-ერთ ბალერინაზე გადაიარია, შეუყვარდა , გაყვა
და ცხოვრობდა დრეზდენში. ჩვენ წარმოშობით სწორედ დრეზდენიდან ვართ,
საქსონიიდან.
თბილისში როგორ მოვხვდით _ ეს არის ყველაზე საინტერესო ამბავი. პაპაჩემი, ოტო იყო
თერაპევტი. დაამთავრა ლაიპციგის უნივერისტეტი, სამედიცინო ფაკულტეტი . ვინაიდან
წარჩინებული სტუდენტი იყო, რუსეთის კარიდან მიიღო მიპატიჟება , რომ უნდა
ყოფილიყო ექიმი - Leibarzt მარია ფიოდოროვნასი, ალექსანდრე მესამის მეუღლის და
ნიკოლოზ მეორის დედის. ახალგაზრდა, ლამაზი კაცი იყო, ლურჯი თვალები ჰქონდა,
ღრმა ლურჯი თვალები. მეფის კარზე მკურნალობდა ამ იმპერატრიცებს და ბუნებრივია ,
ფრეილინებსაც, გრაფინიებსაც ეგ მკურნალობდა. ერთ-ერთ, სულ ახალგაზრდა
გრაფინიას შეუყვარდა. თითონ იყო 14-15 წლის და მისი მეუღლე იყო 19 წლის. გრაფმა
იეჭვიანა ოტოზე. უკვე აკრძალული იყო, მაგრამ მაინც გამოიწვია დუელში. მთელი ღამე
ივარჯიშა ოტომ. უნივერსიტეტში მხოლოდ მკურნალობას ასწავლიდნენ, მოკვლა არ
უსწავლებიათ და დილით გავიდა დუელზე. მაშინ დუელეზე მიდიოდნენ სამეჯლისო
ტანსაცმლით, ფრაკით, ხელთათმანებით, ცილინდრით. თან წაიღო, ბუნებრივია , ექიმის
საკვოიაჟი. პირველი გასროლა ეკუთვნოდა ოტოს, რადგან გრფმა გამოწივია და
მოწინააღმდეგეს ეკუთვნის პირველი გასროლა. ესროლა და მოახერხა, გააგდებინა
იარაღი, ხელიც ოდნავ გაუკაწრა. სტაცა მერე თავის საკვოიაჟს ხელი, მივარდა ამ გრაფს
და დაუმუშავა ჭრილობა, მერე ისევ სტაცა საკვოიაჟს ხელი და გაიქცა. გაიქცა
სამხრეთისკენ იმიტომ, რომ პასპორტის გაკეთება ვერ მოასწრო. ამიტომ საბუთების
გარეშე გაიქცა.

გარბის სამხრეთისკენ და საფოსტო სადგურებზე ჩერდება. ერთ სადგურზე დაუგვიანეს


ცხენები, ეს გზის ნაპირას დგას და ბოლთას სცემს. უცებ დაინახა, რომ ეტლები იყო
ჩამომწკირვებული. ეტლებიდან ხმა ისმის სიმღერის, სუნი წამოვიდა ღვინის. იქედან
გაკვირვებულმა გადმოხედა ვიღაცამ და ჰკითხა, ასე გამოწკეპილი აქ რას აკეთებო და
მიიპატიჟა. ეს ვიღაც აღმოჩნდა თავადი ამილახვარი. ის ამილახვარი, რომელმაც მერე
ქაშუეთი ააშენა. მოკლედ, დალიეს ერთი სადღეგრძელო, მეორე, მესამე და
რასაკვირველია, ოტომ უამბო თავის ამბავი. სად გარბიხარო და არ ვიცი, სად გავიქცეო
და ალბათ, მაინც სადმე სამხრეთ პორტში მივალ და იქედან გემს გავყვებიო, შეიძლება
ამერიკაშიცო. რა გინდა ამერიკაში, სამოთხეში წაგიყვანო და ჩამოიყვანა თბილისში . ეს
ამილახვრები და ზოგადად, ქართული თავადობა განთქმული იყვნენ თავისი
სტუმარმასპინძლობით, კაცთმოყვარეობით და კი არ მიატოვა, რომ ჩამოვიდნენ
თბილისში, სახლი აყიდინა. ამ დროს Kirche უკვე აშენებული იყო მარჯანიშვილის
მოედნაზე. მოედანს მაშინ ერქვა Kirchenplatz და მარჯანიშვილის ქუჩას ერქვა Kirchenstrasse.
ამ Kirchenstrasse-ზე ორსართულიანი სახლი აყიდინა ოტოს და რომ მუშაობდა, მერე,
ბუნებრივია, ისტუმრებდა მის ვალს.

ასე მოვხვდით საქართველოში. ეს იყო მე-19 საუკუნის ბოლო წლები. ამ დროს


პოლონელებიც იყვნენ აქ გადმოსახლებულნი. იქ ხომ სულ ბუნტი იყო და ამ ბუნტს
სათავეში ედგნენ გენერლები. რუსების ხასიათი კარგად ვიცით. ჩამოახრჩობდნენ ამ
გენერლებს და ოჯახებს კიდევ - на Кавказ, თბილისში გადმოასახლებდნენ. გერმანელები
ხომ იყვნენ მიხეილის ქუჩაზე და დიდუბეში, პოლონელები კიდევ, ხიდს რომ გადახვალ
და გადაიხედავ, იქ იყო Черная Балка, აი, იქ ცხოვრობდნენ. ერთხელაც, ოტო რომ
სეირნობდა “კირხენშტრასეზე”, მივიდა ხიდამდე, გადაიხედა ამ ხიდზე და დაინახა 14
წლის პოლონელი გოგონა, ეკატერინე. პოლონელები ყოველთვის სილამაზით იყვნენ
გამორჩეული. ბევრი არ უფიქრია ოტოს, სახლი ჰქონდა, ცოლი არ ყავდა, თვითონ 23-24
წლის იყო, სტაცა ხელი ამ გოგონას ისე, რომ არც უთხოვია მშობლებისთვის, წამოიყვანა
სახლში და აი, ასე მივიდნენ ყაზახეთამდე. ოტო ხუმრობდა - ნახეთ, ლაიპციგიდან
სემიარსკამდე თითქმის ნახევარი დედამიწა არის და სულ მუქთად მაქვს გავლილიო.
რუსეთში ხომ მიმიპატიჟესო, პეტერბურგიდან ხომ ამილახვარმა ჩამომიყვანა თბილისში
და თბილისიდან კიდევ “ტეპლუშკებით” გამისტუმრეს ჩრდილოეთ ყაზახეთშიო.

იცით, კიდევ რა გააკეთა პაპამ გადასახლებამდე? ხომ იყო Leibarzt, თერაპევტი.


საქართველოში რომ ჩამოვიდა და ნახა, თერაპევტები არიან, მაგრამ სტომატოლოგია
თითქმის არ არსებობს. წავიდა ისევ რუსეთში, იქ უკვე აღარავინ დევნიდა, შეისწავლა
სტომატოლოგია, ჩამოვიდა და გახსნა სტომატოლოგიური სასწავლებელი იქ, სადაც
ახლა სტომატოლოგიური კლინიკაა აღმაშენებელზე. იქ იყო Deutsche Krankenhaus და
ზევით, სხვენზე გახსნა პაპამ სტომატოლოგიური სასწავლებელი.

რომ გაგვასახლეს, სახლი ჩამოგვართვეს და მარტო თბილი ტანსაცმელი გაგვატანეს. იქ


დაგვახვედრეს ოროთახიანი, პატარა изба, წინ сени იყო, сени კიდე უფრო მეტი იყო, ვიდრე
ის ორი ოთახი. უზარმაზარი ძმები თავისი ცოლებით, შვილებით და დედ-მამით იმ პატარა
ოთახებში იყვნენ. ეს изба იქვე, საავამდყოფოს ეზოში იდგა.

ამინდები იყო რაღაც სასწაული. ქარი, ქარი, ქარი იცოდა… ზამთარ-ზაფხულ. ეს ძმები ხომ
ძლიერები იყვნენ, მაგრამ ეზოში რომ გასულიყვნენ და საავადმყოფოში შესულიყვნენ ,
იმასაც ვერ ახერხებდნენ ხანდახან ჭიშკარი გაეღოთ, ისეთი ქარი იყო. ყინვაზე არაფერს
ვიტყვი, ზოგჯერ მინუს 50-მდეც ეცემოდა. ეს სიცივე მახსოვს განსაკუთრებით და ბებიის,
ბაბუნიას სიყავრული. სამაგიეროდ, ზაფხულში, რაღაც დღეები +50 იყო. ყაზახები
მიწურებში ცხოვრობდნენ. ზაფხულობით ამოვიდოდნენ და ტყავის იურტებს გახსნიდნენ .
იმ იურტებში იყვნენ, მაგრამ ზამთარში ისევ მიწის ქვეშ ჩავიდოდნენ . მშენებლობა არ
იცოდნენ, ეს ხომ მომთაბარე ხალხი იყო. ეს საავადმყოფოც, ალბათ, რუსების მიერ იყო
აშენებული. აგურის, ნორმალური შენობა იყო.

მახსოვს კიდევ მოგვიტანდნენ ნახევარ туша-ს არ ვიცი ძროხა იყო, არ ვიცი ცხენი და сени -
ში ჩამოკიდებდნენ. მაცივარი, მადლობა ღმერთს, ბუნებრივი გვქონდა. ჰოდა, ეს
გაყინული туша ეკიდა სენიში და რომ მოგვშივდებოდა, ჩამოვათლიდით, ნაჯახიც იქვე
იდო. ჩამოვათლიდით და შევწვავდით. შეშა ექიმებისთვის ყაზახებს მოქონდათ ,
პაციენტებს. კარტოფილიც მოქონდათ. პური არ იყო. მახსოვს კარტოფილს მოხარშავდა
ბაბუნია და თითო-თითოს ჩამოგვირიგებდა.

მამაჩემი იმ დროს ჯერ კიდევ 25 წლის იყო, ამიტომ ტრუდარმიაში გაიწვიეს. ბიძაჩემს არ
შეხებია ტრუდარმია, უკვე 32 წლის იყო. ტრუდარმიას დახვრეტა უნდა გერჩივნოს, მაგრამ
აქაც ისევ ექიმის პროფესია გამოადგა. თან სიმპათიური ადამიანი ხომ იყო გარეგნულად,
სიყვარულს იწვევდა. პაციენტები სულ უკან დასდევდნენ, ნიჭიერი და კარგი ექიმიც იყო .
ტრუდარმიაში უკვე იყვნენ სამხედრო ტყვეები და იქ ამუშავებდნენ . მამა გადაიყვანეს
ურალში, ჩელიაბინსკის მეტალურგიული ქარხანაში. ჩვენ დავრჩით ყაზახეთში , მაგრამ
დედაჩემმა თბილისში წამოსვლა გადაწყვიტა. რახან ქართველი იყო, უკვე შეეძლო
დაბრუნებულიყო. ქმარი იქ აღარ ყავდა და ვისთან ერთად ყოფილიყო გადასახლებული .
მე დავრჩი ყაზახეთში ბაბუნიასთან. ჩვენ რომ გადაგვასახლეს, დედ -მამა უკვე
ასპირანტები იყვნენ. კოწია ერისთავი, აკადემიკოსი, იმდენად აღტაცებული იყო ამ ორი
ახალგაზრდა მომავალი ექიმით, რომ იმ დროს, როცა ცუდად რომ გაგეხედა, შეეძლოთ
ტყვია დაეხალათ შუბლში, წავიდა და განაცხადა, ეს ახალგაზრდები ჩვენი მედიცინის
მომავალიაო, მაგრამ ვინ დატოვებდა ან დედას, ან მით უმეტეს, მამას. ჩელიაბინსკის
მეტალურგიული ქარხანაში რომ მუშაობდა, კი მუშა იყო, როგორც დანარჩენი ტყვეები ,
მაგრამ ექიმი ხომ სჭირდებოდათ, ვიღაცა ავად ხდებოდა და არა მხოლოდ ტყვეები,
არამედ ოფიცრებიც, მათი ოჯახის წევრები, ბავშვები… მთელი დღე დასდევდა ბავშვებს
იმიტომ, რომ მეტწილად ბავშვები ხდებოდნენ ავად.

მოვიდა 49 წელი და სტალინმა გადაწყვიტა, რომ რუსთავში უნდა აეღორძნებინა


მეტალურგია და ეს ჩელიაბინსკის მეტალურგიული ქარხანა გადმოიტანა რუსთავში . აქაც
გერმანელი ტყვეები მუშაობდნენ და ამიტომ ითვლება, რომ რუსთავი გერმანელების
აშენებულია. თბილისსაც მერე ეს ტყვეები აშენებდნენ. აი, მაგალითად, აკადემია რომ
იყო, მაშინ Дом Шахтера ერქვა, გერმანელებს ააშენებინეს. ძალიან ბევრი შენობაა მაგათი
აშენებული, მაგრამ ერთი ცუდი ამბავიც მოუვიდათ გერმანელ ტყვეებს. მარჯანიშვილის
მოედანზე ხომ იდგა ეს გერმანული ეკლესია, პეტრესა და პავლეს სახელობის. ამ ტყვეებს
დაანგრევინეს თავისი ხელით ეს Kirche, არაჩვეულებრივი შენობა.

დედა წამოვიდა და მერე მეც წამომიყვანეს, რადგან მამაც რუსთავში გადმოვიდა .


მწყინდა, რომ ბაბუნიას მოვშორდი. ბებია დარჩა, ბიძაჩემიც იქ 1956 წლამდე იყო. არც
მამაჩემი გაუთავისუფლებიათ, ისევ ტრუდარმიაში იყო, ოღონდ რუსთავში. მხოლოდ 1956
წელს მიიღეს რეაბილიტაცია. მე თითონ ოფიციალური რეაბილიტაცია 1997 წელს მივიღე .
56-ის მერე ბიძა კალუგაში გადვიდა. დიდი ქალაქების სია იყო, სადაც არ შეიძლებოდა
დასახლებულიყო. ამიტომ კალუგა აირჩია, მოსკოვთან ახლოსაა და კარგი ქალაქია.
იქაური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახდა. ბაბუა ყაზახეთში გარდაიცვალა .
საავადმყოფოს ეზოში დაკრძალეს, იქვე. 70 წლის იყო. დღესდღეობით ეს არაა ძალიან
ხნიერი ასაკი, მაგრამ მაშინ მახსოვს სულ ამბობდა: Я оченъ стар, Я оченъ стар.

აქ, თბილისში სკოლა დავამთავრე, სამხატვრო აკადემია დავამთავრე, თეატრალურ


ინსტიტუტში ვმუშაობდი, სტუდენტური თეატრის მთავრი მხატვარი ვიყავი , მერე დოცენტიც
გავხდი... ბავშვობიდან დავიწყე ხატვა. ყაზახეთში არ დამიწყია, იქ არ მქონდა ფანქარი .
საპონიც კი არ გვქონდა. სხვათა შორის, აქ რომ ჩამოვედით, არც აქ გვქონდა არც საპონი
და არც პური. პური საერთოდ არ იყო. მოზრდილი ბავშვი ვიყავი, პირველად დედაჩემმა
თეთრი პური რომ მოიტანა, “ბუხანკას” ეძახდნენ. აიღო დანა და გაჩერდა. ვერ ჭრიდა…
ცრემლი ადგებოდა, შეიძლება რამე გაახსენდა... რამდენი ხანია არც თვითონ ეჭამა პური,
არც შვილს, არც ქმარს… მშივრები და დაბრენძილები დადიოდნენ, სრული ამ სიტყვის
მნიშვნელობით. ჩემი დილა და საღამო იმით იყო დაკავებული, რომ მამაჩემის წინდებს
ვკემსავდი, გუშინდელ დაკემსილს ახლად ვკემსავდი. პერანგებზე საყელოებს ვკემსავდი .
ერთი პიჯაკი ქონდა და ერთი შარვალი ექიმ კაცს. კოსტიუმს ნიშადურის სპირტით
ვწმენდდი. დედაჩემი სულ მუშაობდა, ოჯახს ინახავდა, სად ქონდა ამის დრო. დედაჩემი
მეცნიერების მეექვსე ქალი კანდიდატი იყო. ჩამოვიდა თუ არა, საკანდიდატოს მოკიდა
ხელი.
მწარედ მახსოვს, მესამე თუ მეოთხე კლასში გადავედით. ხომ ვიყავით მანამდე
ოქტომბრელები და ვარსკვალავი გვეკეთა, მერე უნდა გავმხდარიყავით პიონერები.
გადაარჩიეს მოსწავლეები და მე მესამე ჯგუფში მოვხვდი. რეპრესირებული , გერმანელი ,
ლამის ჰიტლერის შვილიშვილად ვიყავი გამოცხადებული. პირველი ჯგუფში
პრივილეგირებულები იყვნენ, მეორე რაღაც საშუალო კლასი და მესამე ნაყარ -ნუყარი.
არც ძალიან ბევრი ვიყავით იმ მესამე ჯგუფში, სხვათა შორის. ეს მახსოვს ძალიან მწარედ.
ისე ვტიროდი, ისე ვტიროდი...

საბუთები მოვიპარე და ისე ჩავაბარე აკადემიაში. მშობლებს მედინსტიტუტში მიჰქონდათ


ჩემი საბუთები. მხატვრობა მინდოდა. რა ვიფიქრე, იცით? აი, გავხდი ექიმი. ღმერთმა იცის,
რა ექიმი ვიქნები, კარგი ვიქნები თუ ცუდი ვიქნები. გინდაც კარგი იყო, ცუდი ამბავი
ყველას ემართება, ერთხელ მაინც. ცუდი ექიმი რომ გავხდე, ხო საშინელება იქნება და
ცუდი მხატვარი ვის რას დავუშავებ, ვის რას ვავნებ-მეთქი. მადლობა ღმერთს, არც ისე
ცუდი მხატვარი ვარ.

კიდევ, იცით, რა მახსოვს? აკადემიის პირველ კურსზე ვარ, ჩემ ბედნიერებას საზღვარი
არა აქვს, ავდივარ ამ მარმარილოს კიბეზე და დეკანატის წინ კიდია განცხადება , რომ
საზღვარგარეთ წასასვლელი საგზურებია “გედეერში”… ვაიმე, ვიფიქრე “გედეერი”,
გერმანია… დავწერე განცხადება, მოვაწერე ხელი და ჩავაბარე. მეორე დღეს წინ მხვდება
კიბეზე პარტიის მდივანი. მიყურებს ზევიდან დამეუბნება : ამიხსენი ეხლა , რატომ გინდა
გერმანიაში წასვლა. რა მიზანი გაქვს? სხვებს რატომ უნდათ-მეთქი. სხვებზე არაა
ლაპარაკი, შენზეა ლაპარაკიო. გაიტანა საკითხი პარტიულ კრებაზე, რომ, აი,
რეპრესირებულს უნდა გედეერში წასვლა და ვერ ვათქმევინე მიზანიო. რა მიზანი უნდა
მქონოდა? მე დრეზედენის გალერეა მინდოდა მენახა და ეგ რომ ვთქვი, სასაცილოდ არ
ეყოთ. ზვიადი რომ მოვიდა, მერე წავედი გერმანიაში, ჩემ შორეულ ნათესავებთან. თან
როგორც მხატვარი, არაერთხელ მიმიპატიჟეს გამოფენაზე.

მამა 79 წლისა გარდაიცვალა. ძალიან პოპულარული იყო. ნევროლოგიის ინტიტუტი რომ


გაიხსნა თბილისში, პირველი საბჭოთა კავშირში, იქ მუშაობდა ბოლო წლებამდე.
რუსთავში როცა ცხოვრობდა, მახსოვს ღამე იპარებოდა, ჩვენთან რომ მოსულიყო,
დედაჩემის სახლში, თბილისში. ღამე მაღვიძებდნენ ხოლმე, რომ მეკოცნა
მამაჩემისათვის. ის ტყვეები კიდევ გამოატანდნენ _ ზოგი სათამაშოს მიკეთებდა, ზოგი
კაბას, თავისი შვლის კაბა რომ უბეში ედო, მამაჩემს ატანდა ჩემთან. ის წელი რომ
მოვიდა, როცა ეს ტყვეები უკვე მიყავდათ უკან, მამაჩემს უთხრეს ამ გერმანელებმა ,
იმდენი გარდაცვლილის საბუთები გვაქვს, აირჩიე რომელიც გინდა და წამოდიო , ვინ
გაიგებსო. ოჯახს მერე წამოიყვანო. მამა არ წავიდა. არ დაგვტოვა. დედაჩემმაც უთხრა ,
ძლივს დავბრუნდით ამ ყაზახეთიდან და ცოტა ხანს ვნახოთ, ვიყოთ ამ საქართველოშიო.

ჩემი არჩევანი რომ ყოფილიყო, არ ვიცი, სად ვიცხოვრებდი. გერმანია და საქართველო


ერთნაირად მიყვარს. ჩემი მშობლიური ენა გერმანულიცაა, ქართულიც და რუსულიც.
ქართულად ძალიან კარგად ვლაპარაკობ. რამე მეტყობა, ან აქცენტი მაქვს, ან საუბარში
შეცდომას დავუშვებ? ხანდახან რაიმე სიტყვა მავიწყდება , ხან რუსულად , ხან ქართულად ,
ხან გერმანულად, მაგრამ ეს ასაკის ყვავილებია.
(ფოტო: 11) ოტო ჰაინე, თინათინ ჰაინეს პირადი არქივიდან.

ბებია და გერმანელი ტყვეები


ოლღა ადვაძე

ბებია 1870 წელს დაიბადა მდიდარ, უზრუნველყოფილ ოჯახში. ლოძში ცხოვრობდნენ,


პოლონეთში, მაშინდელი პრუსიაში. 4 ბავშვი იყვნენ ოჯახში. დედაც მდიდარი იყო, მამაც,
მაგრამ ამ დროს უკვე ისე იყო, რომ 17 წლისებს სახლიდან უშვებდნენ და ეუბნებოდნენ _
წადით, იმუშავეთ. მისი დები გუვერნანტებად რუსეთში, მოსკოვში წავიდნენ. ბებია
თავიდან კიევში მოხვდა, იქ მუშაობდა გუვერნანტად, მერე კი წამოვიდა მდიდარ ოჯახში ,
მირომანოვებთან. ეს მირიმანოვები მირიმანიძეები იყვნენ, რუსიფიკაციის მერე
მირომანოვები გახდნენ. ძალიან მდიდრები იყვნენ, მაგრამ ბებია ცუდად მიიღეს იმიტომ ,
რომ მათს ვაჟს, გვარის გამგრძელებელს შეუყვარდა. რადგან შეუყვარდა და მერე
ბავშვსაც ელოდებოდა, ოჯახმა ორივე გამოაგდო. 1890-იანი წლებია, ქუჩაში არიან. ბებიას
ძმა გერმანიაში ყავდა, ფაბრიკანტი იყო და ყოველთვის აქცევდა ყურადღებას , აქაც
ჩამოდიოდა. მოკლედ, ადგა, ჩამოვიდა და თავის დას სახლი უყიდა. თვითონ იმ ძმას
ბაქოში საკანცელარიო საქონლის ფაბრიკა ჰქონდა. მდიდარი ცოლიც ყავდა . უყიდა და
ეს სახლი მერე გახდა ჩვენი სახლი. ასი წელი იდგა მთაწმინდაზე. ძერჟინსკის ქუჩაზე.
გამსახურდიას დროს, სნაიპერმა ისროლა სახურავზე, დაზიანდა და მერე დაანგრიეს.
ლამაზი სახლი იყო ძალიან, თბილისური, ვარდებით სავსე.

ბებიას ერქვა მარტა ალექსანდრეს ასული კემპე და აქაც მარტო გერმანელებით იყო
გარშემორტყმული. ამ სახლში თითქოს თავისი სახელმწიფო შექმნა. დასასვენებლადაც
მხოლოდ გერმანიაში მიდიოდა. ბადენ-ბადენში, მაგალითად. შვილები, მამაჩემის გარდა,
მთლად ჯანმრთელები არ იყვნენ, მაგრამ კარგი განათლება მისცა ყველას. მუსიკაც
ასწავლა, ენები: ფრანგული, გერმანული, რუსული, ინგლისური…. უფროსი ქალიშვილი
კონსერვატორიაშიც სწავლობდა. მამამ საუკეთესო განათლება მიიღო. თითონ ბაბუა
ადრე, 1917 წელს დაიღუპა. ისპანკა შეეყარა და მამა იძულებული გახდა, ოჯახზე ეზრუნა.

ბაბუამ იმ სამუსიკო სასწავლებელს ჩაუყარა საფუძველი, რომლის ბაზაზე მერე


კონსერვატორია დაარსდა. პედკოლექტივშიც შედიოდა. იმ სასწავლებელში ძალიან
ბევრი მუსიკოსი გერმანელი იყო. 1870-იანი წლებიდან აქ განსაკუთრებით შემოდიოდა
გერმანული კულტურა. ძალიან ცნობილი გერმანელი მუსიკოსები ატარებდნენ იმ
სასწავლებელში გაკვეთილებს. კრიუგერი, მაგალითად. ცნობილი მუსიკალური სალონი
ჰქონდათ და ზოგადად, გერმანელი მუსიკოსები ძალიან პოპულარული იყვნენ. ბევრი
გერმანელი უკრავდა ორკესტრში და ბევრიც გაკვეთილებს ატარებდა კონსერვატორიაში .
ბაბუას, რახან ცოლი თან გერმანელი ყავდა, ურთერთობა ქონდა მათთან, ჩვენთანაც
მოდიოდნენ სახლში. ბებიასთანაც ხშირად მოდიონენ სტუმრები. ეს ახლა არ დადის
არავინ არავისთან, თორემ მაშინ დადიოდნენ.
ბაბუა რომ გარდაიცვალა, მამა იძლებული გახდა ოჯახზე ეზრუნა. აქ უკვე სოვეტიზაცია
იყო დაწყებული. ლენინგრადში წავიდა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. ენებიც
კარგად იცოდა, სწავლაც ოქროს მედალზე დაასრულა. ამ ოქროს მედლის გაყიდვამ
მოგვიწია მერე, 90-იანებში. მამამ გემთმშენებლობის ფაკულტატზე ისწავლა . იქ
პროფესორის ასისტენტიც იყო, ლექციებსაც კითხულობდა. მერე გერმანიაში გააგზავნეს ,
ჰამბურგში. სხვა მოწინავე სტუდენტებთან ერთად, იქ უნდა ემუშავა სამხედრო გემის
მშენებლობაზე. მამას დარჩენაც შეთავაზეს იქ სპეციალისტად, მაგრამ როდესაც დაინახა ,
რომ ერთს კი არა, ბევრ სამხედრო გემს აშენებდნენ, თან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ,
იფიქრა, რომ ეს ომს ნიშნავდა და კავკასიაშიც ძალიან გართულდებოდა სიტუაცია .
კავკასიაში, უპირველესად, იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი გერმანელი იყო. ეს
გერმანლები კრისტალურად სუფთები იყვნენ, მევენახეობას მისდევდნენ,
მიწათმოქმედებას, მაგრამ… მაშინ მიხვდა, რომ არ აქვს უფლება იქ დარჩეს და
რატომღაც ამ გერმანელებში დედის კულტიც ძალიან ძლიერია. არც ლენინგრადში,
არსად არ მოუნდომებია წასვლა და დაბრუნდა საქართველოში. ბებიასთვისაც ეს სახლი
მისი პატარა გერმანული სადიასახლისო იყო და არ შეიძლებოდა მისი დატოვება .

მამა ქართულად არ ლაპარაკობდა და მიხვდა, რომ უნდა ეშველა საკუთარი თავისთვის.


ასე იპოვნა დედაჩემი. დედაჩემი მაჭავარიანი იყო, ქუთაისის გუბერნიიდან . დედა ძალიან
ძლიერი ქალი აღმოჩნდა. უფროსი იყო და თავისი დები და ძმებიც ჩამოიყვანა თბილისში .
აქ ნათესავებიც ყავდა, მაშინ ყველა ძალიან კეთილი იყო და ნათესავებს კარს უღებდა ,
სანამ მოეწყობოდნენ სადმე. დედაჩემიც შეიფარეს. მაშინ თბილისი ძალიან კეთილი
ქალაქი იყო, ჩვენ ამას ხომ არ ვიგონებთ. დედა ლამაზი ქალი იყო, მამა მივიდა
დედასთან და დაელაპარაკა. იმან რუსული არ იცოდა და ამან ქართული, მაგრამ
როგორღაც აუხსნა, რომ გერმანელი ვარ და უნდა გადაარჩინო ჩვენი ოჯახიო, ცოლად
უნდა გამომყვეო. დედამაც ჩათვალა, რომ ასე თავის ოჯახსაც დაეხმარებოდა, მაგრამ
მისთვის ეს ადვილი არ ყოფილა იმიტომ, რომ ძალიან ძნელია სრულიად განსხვავებული
ორი კულტურის ერთად თანაცხოვრება. დედა და მამა 37 წელში შეხვდნენ ერთმანეთს.
მამამ მერე მაშინვე ლინინგრადში წაიყვანა, რომ მისთვის ცოტა რამ მაინც ეჩვენებინა ,
ძალიან რომანტიკულად ჩაატარეს ყველაფერი, მაგრამ ბებიას გაუჭირდა დედას მიღება.
დედამ ეკონომიური ფაკლუტეტი დაამთავრა, ყოჩაღი ქალი იყო, ბევრ ადგილას
ბუღალტრად მუშაობდა. არაჩვეულებრივად აკეთებდა ამ საბუღალტრო ბალანსებს .
ყველასთან ძალიან მეგობრული იყო, მამა კი ძალიან მკაცრი მახსოვს.

38 წელს ჩემი და დაიბადა. მერე, ომის დროს ძალიან გაჭირდა ყველაფერი. მამაჩემმა
მაშინ 31-ე ქარხანაში დაიწყო მუშობა, ახლა თვითმფრინავებს აშენებდა . მერე კიდევ ეს
პარტიული შეკრებები.. თითქმის ვერ ვხედავდით, სახლში გვიან მოდიოდა. ომი რომ
დამთავრდა, მერე მე დავიბადე. რახან მე მუქი ვიყავი და დედას ვგავდი, ბებიამ არ
მიმიღო. ჩემი და კიდე თეთრი იყო და ბებიაჩემის რჩეული. იმას გერმანული სახელიც
დაარქვეს _ ირმა.

მკაცრი იყო ბებიაჩემი, თითქმის ყველაფერს გვიშლიდა. ომის დროს ის სახლი რომ არ
წაერთმიათ, იძლებული იყო უფასოდ დაეთმო ოთახები საბჭოთა ჯარისკაცებისთვის. ეს ის
ჯარისკაცები იყვნენ, ვისაც გამოსაჯანმრთელებლად თბილისში უშვებდნენ ხოლმე . ჩუმად ,
თავისთვის სულ ჩხუბობდა. ძნელი იყო მისთვის ეს. ნაცნობებსაც სტუმრად მხოლოდ
გერმანელებს იღებდა. მარტო ჩემი და უყვარდა. გავდა ბებიას ჩემი და. რაღაც
იზოლირებისკენ ქონდა მიდრეკილება. ეს ზოგადად, გერმანელებს ახასიათებთ ,
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ კარგი გააკეთეს საქართველოსთვის.

ომის მერე გერმანელ ტყვეებს ხო ააშენებინეს თბილისი, ეს სტალინური სახლები სულ


მაგათი აშენებულია, ხო შიოდათ და ციოდათ ამ ტყვეებს და ბებიას ეს ტყვეები ჩუმად
მოყავდა სახლში, აჭმევდა, ასმევდა, ათბობდა, ტანსაცმელს აძლევდა. დიდი ღუმელი
გვქონდა. ჩემ დას ახსოვს, ხელთათმანებს როგორ აძლევდა ტყვეებს. კი, ისეთი ცივი
ზამთარი არ იყო ჩვენთან, მაგრამ მაინც ხო ციოდა.

და თვითონ ბებია, იცით, როგორ მოხდა, რომ არ გაასახლეს? საერთოდ, „პოდანნი“ იყო,
არც ქონდა უფლება აქ დარჩენილიყო, მაგრამ ხო ფანატიკური გერმანელი იყო და თქვა ,
არა, მე ცოცხალი არ წავალ აქედან გადასახლებაშიო. ჩავიდა ჩვენი სახლის სარდაფში
და თავის ჩამოხრჩობა სცადა. ძლივს მიუსწრეს, ნახევრად გაგუდული ჩამოხსნეს. თან,
უკვე მოხუციც იყო. დედაც შეეხვეწა მერე იმათ, ხომ ხედავთ მოხუცია და მიეცით აქ
სიკვდილის უფლებაო და მიაღწია იმას, რომ არ გაესახლებინათ. იმათაც _ ყოჩაღ,
ქართველო ქალო, ყოჩაღ, ქართველო ქალო _ სულ ასე ეძახეს, დედამთილზე რომ ასე
ზრუნავო. მაშინ ბებია 70 წლის იქნებოდა, თუმცა მოხუცებსაც ხომ ასახლებდნენ. გზაში
იხოცებოდნენ მერე სულ ეს მოხუცები.

შიშით სულ გვეშინოდა და რა თქმა უნდა, გერმანული არ გვისწავლია. არც მე და არ ჩემ


დას. თან ყველა იმალებოდა. გერმანელებიც გვარებს იკეთებდნენ, გვარზე დაბოლოებას
იცვლიდნენ, შიში ქონდათ. მოვლენ, წაგვიყვანენ… 31-ე ქარხნის მერე მამაჩემი უკვე
ენგურჰესზე მუშაობდა ჰიდროტექნიკაზე, მერე დისერტაციაც დაიცვა, მაგრამ პარტიიდან
გარიცხეს სტალინის სიკვდილის შემდეგ. მერე ძალიან გატყდა, სტრესიც დაეტყო …
დედაც და მამაც საბჭოთა მოქალაქეები იყვნენ, საბჭოთა ხელისფულებას ადიდებნენ .
მამა 87 წელს გარდაიცვალა და უკვე 91 წელს გაზეთში წავიკითხე, რომ ვიკრიბებით, ვისაც
აქვს კავშირი გერმანელ ერთან, მოდითო. თავიდან ცოტა ხალხი მოვიდა, მაშინ ჯერ კიდევ
ეშინოდათ, ეს ხომ ძალიან ძლიერი ტრამვა იყო… იდეოლოგიური მტერი იყავი.

თავიდან სხვადასხვა ადგილას ვიკრიბებოდით, ბევრჯერ შევიცვალეთ ადგილი, ჯერ


პლეხანოვზე პარკში, მერე პოლიტექნიკურის შენობაში, მერე ოფისიც გამოგვიჩნდა . ასე
დაარსდა „ანუნგი“. ახლა გარი აუგსტია ჩვენი ხელმძღვანელი. გარიმ ბევრი რამ გააკეთა,
ბევრს იმედი მისცა, ძალიან გაგვაერთიანა. მერე ერთმა გერმანელმა გერმანიაში წასვლა
გადაწყვიტა, ფალიაშვილზე ცხოვრობდა და რომ მიდიოდა, ეს თავისი ბინა მოგვცა ,
დაგვიტოვა. ოფისი გვქონდა, გერმანულის გაკვეთილები გვიტარდებოდა უფასოდ
კვირაში ერთხელ. თეატრალურიდან მეც მოვიყვანე პედაგოგები. ხალხიც ნელ-ნელა
შემოვიკრიბეთ. ენის უფასო კურსი დღემდე გვაქვს, კვირაში ერთხელ ვიკრიბებით. მაგრამ
ბევრი ჩვენიანი გერმანიაში წავიდა და ბევრიც გარდაიცვალა. ფალიაშვილზე დიდხანს
ვიყავით დ მერე ტაბიძეზე გადავედით, სადაც დღემდე ვართ . უკვე თითქმის 25 წელი
ვარსებობთ. გვქონდა გამოფენებიც. დიანა კესნერმა მაშინ ამ გემოფენებისთვის ძალიან
ბევრი მასალა მოგვცა. დიანა კესნერი გადასახლებულიც იყო, წიგნიც დაწერა, ახლა 90
წლის მაინც იქნება და კანადაში ცხოვრობს. დიანამ მოიფიქრა თეატრის ორგანიზება. 1998
წელი იქნებოდა დაახლოებით. კონცეფცია მოიფიქრა, ბავშვებიც შევკრიბეთ,
სპექტკალები დავდგით გერმანულ ენაზე. „კონკია“ დავდგით, „ყინულის დედოფალიც“,
ძალიან მოსწონდათ ეს სპექტკალები. მშობლებიც მიხვდნენ, რომ კარგი იყო ამ
სპექტაკლების კეთება, მაშინ ხო რთული დრო იყო, ბავშვებიც სიხარულით დადიოდნენ,
ნიჭიერი ბავშვები იყვნენ ძალიან. რეჟისორები მერე თეატრებიდანაც მოგვყავდა ,
ფესტივალშიც მიიღეს მონაწილეობა. დიანას უნდოდა ამათი თეატრალურში გადაყვანა ,
მაგრამ აღარ გამოვიდა. მერე დიანაც წავიდა კანადაში. ეს თეატრი 2004 წლამდე
არსებობდა.

არიქვები შევკრიბეთ ყველას ოჯახიდან, ბევრი მასალა შევაგროვეთ . ძალიან კარგი


გამოფენა გავაკეთეთ არქიტექტორებზე, მხატვრებზე, მუსიკოსებზე, სიმენსებზე ,
ზალცმანებზე, ოსკარ შმერლინგზე, პედაგოგებზე, მეცნიერებზე, ექიმებზე ….

ახლა აინუნგში ძალიან ცოტა დავრჩით. შერეული ოჯახებიდან თავისთავად...

(ფოტო 12)

ქართული სული
იზოლდა ქურდაძე

დავიბადე 37 წელს. დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი. სრულიად შემთხვევით


ხელოვნების მუზეუმში მოვხვდი და მას მერე იქ ვმუშაობ. გიდობიდან დავიწყე და უფროს
მეცნიერ-მუშაკი გავხდი. ქართული ფერწერის ფონდის მცველი ვიყავი.

ომი რომ დაიწყო, მამა წავიდა ჯარში. დედა მარტო დარჩა ჩემთან. ძალიან გაუჭირდა
დედას. მშობლები გასახლებული ჰყავდა უკვე, 41 წელს გაასახლეს. დედის მშობლები
კოლონისტების შთამომავლობა იყო, თბილისში, დიდუბეში ცხოვრობდნენ, წყალტუბოს
ქუჩაზე. გვერდით, სამტრედიის ქუჩაც გერმანელების იყო, თავისებური, ლამაზი
სახლებით. ჩვენი სახლიც არაჩვეულებრივი იყო. მე მახსოვს ეს სახლი. ბოლნისში ვნახე
რამდენიმე მსგავსი. პედესტალზე იდგა, თავისი სარდაფი ჰქონდა. სარდაფი მაცივარიც
იყო, იქ ინახავდნენ ყველაფერს. აივანიც ჰქონდა. ლამაზი, განსხვავებული აივნები
მახსოვს ამ სახლებზე. ხეხილი, ყვავილები ათასნაირი... ჩვენი წყალტუბოს ქუჩის
დასაწყისში იდგა, მაგრამ მერე, ზუსტად ჩვენ წინ, დაიწყეს რადიოქარხნის მშენებლობა
და მიყვა მას ჩვენი სახლიც. დაანგრიეს.

ბებია და ბაბუა იმ სახლში ცხოვრობდნენ. დიდი ეზო გვქონდა. დედა რომ გათხოვდა ,
მამას არ ჰქონდა ბინა და ჩემ მშობლებს ორი ოთახი დაუთმეს. დიდუბეში მაუდის ქარხანა
რომ იყო, დედ-მამა იქ მუშაობდნენ, იქ გაიცნეს ერთმანეთი და შეუყვარდათ. ძალიან
ახალგაზრდები იყვნენ. დედა 16 წლისა იყო. იქეთა ეზოში ცხოვრობდნენ თვითონ ბებია
და ბაბუა და ჩემი დეიდები. ოჯახში ბევრნი იყვნენ, 9 და და ერთი ძმა. აქ დედაჩემი და მისი
ორი და დარჩა. დედაჩემი იმიტომ, რომ ქართველზე იყო გათხოვილი. დეიდები იმიტომ,
რომ ერთს რუსი ჰყავდა ქმარი, მეორეს _ უკრაინელი. ბაბუა მევენახე იყო, ვენახები
ჰქონდა, ახლა რომ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაა, იმ ტერიტორიაზე. მერე რომ
გაასახლეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩამოერთვათ.

ბაბუამ გასახლების გზას ვერ გაუძლო. ჩასვლისთანავე გარდაიცვალა. ბებიამ დიდხანს


იცოცხლა. გასახლებაზე ბევრი არაფერი ვიცი… მგონია, რომ უცბად მოხდა, ღამით.
თითქმის ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს. ყაზახეთში ტრუდარმიაში მუშაობდნენ ,
საშინელ, აუტანელ პირობებში. დედას ერთ-ერთი და ყაზახეთში მოხვდა თავის ოჯახთან
ერთად, მეორე და უზბეკეთში, სამარყანდთან ახლოს. ძმაც გაასახლეს. რუსი ცოლი
ჰყავდა. რეაბილიტაცია რომ მოხდა, უთხრეს წადით სახლებშიო, მაგრამ არ მოინდომეს ,
იცით? დასახლდნენ იქ, მიეჩვივნენ... აღარ მოინდომეს დაბრუნება. დეიდები ყაზახეთში
დარჩნენ ბოლომდე, მათი შვილები კი დაბრუნდნენ მერე გერმანიაში , 80-იან წლებში .
სხვათა შორის, ბებია ჩვენთან ჩამოვიდა, ასაკოვანი იყო უკვე ძალიან, 80 წლის.
დაბრუნდა. ქალიშვილმა ჩამოიყვანა. ვიფიქრეთ, რომ დარჩებოდა, მე მაშინ სკოლას
ვამთავრებდი, რომ ჩამოვიდა. გამოდის, რომ მაშინ ვნახე პირველად ბებია. ძალიან
თბილი, ბუნჩულა ქალი იყო. მან რუსული არ იცოდა და მე კიდევ გერმანული, დედას
მეშვეობით ვსაუბრობდით. მაგრამ, იცით, ვერ გაძლო აქ, დაახლოებით ერთი წელიწადი
იყო და უკან დაბრუნდა, ყაზახეთში. მერე მალევე გარდაიცვალა.

ომი მახსოვს. უფრო სწორად, იცით, რა მახსოვს? პატარა ვარ, ავადა ვარ და ფარდები
კიდია ფანჯრებზე და თვითმფრინავები დაფრინავენ. გარეთ გახედვა აკრძალულია ,
შუქიც არ უნდა ჩანდეს ფანჯრებიდან. ომის დროს, სოფელი გვქონდა ქარელის რაიონში
და როგორც კი არდადეგები დაიწყებოდა, იქ მივდიოდი. არდადეგები სულ იქ მაქვს
გატარებული. დედაც ჩვენთან იყო, დედამთილ-მამათილთან, მულებთან. ძალიან
მშრომელი იყო და თუ რამე შეეძლო, აქედან მოჰქონდა. ძალიან საყვარელი მამიდები
მყავდა, თითქმის მათი გაზრდილი ვარ.

მამაჩემი ომიდან დაბრუნდა. ბიძაჩემი იქ დაიღუპა. მოხალისედ წავიდნენ ორივე და


პირველი ტალღა ქერჩში რომ დაიღუპა, იქ მოხვდა ბიძაჩემი. მეტი არც არაფერი
გვცდონია მის სიკვდილზე. უბრალოდ, ჩვენი სოფლიდან იყო ნაცნობი, ვინც ნახა, რომ
ბიძა გემზე ადიოდა. ის გემი როგორ ჩაიძირა, ისიც ნახა.

დიდუბიდან ჩვენ, როგორც გითხარით, რადიოქარხნის მშენებლობის გამო გაგვასახლეს.


ეს, ალბათ, 70-იანი წლები იქნებოდა. იქვე, ბაღის ქუჩაზე აშენდა სპეციალურად
კომუნალური ბინები იმ ხალხისთვის, ვინც რადიოქარხნის ტერიტორიაზე ცხოვრობდა .
მეზობლები ერთად ცხოვრობდნენ, საერთო სამზარეულო და ტუალეტი ჰქონდათ.
საშინელება იყო ეს კომუნალკა. აგერ ხომ სამზარეულო იყო და იქვე ტუალეტი, სულ
იქვე… ჩვენ იქ არ გვიცხოვრია, მამამ გაყიდა ის ბინა და მაშინვე გადავედით.

კომუნალურში დეიდაჩემი დარჩა, მაგრამ იქ უკვე სხვებიც ცხოვრობდნენ,


ახლამოსულებიც შემოასახლეს, შერეული ხალხი. მერე იქვე, სამტრედიის ქუჩაზე აშენდა
მაღლივი კორპუსი და ამ კომუნალკიდან იქ გადავიდნენ, მგონი, ყველას მისცეს ბინა,
ბევრიც წავიდ-წამოვიდა, შვილები მშობლებისგან განსახლდნენ და ასე …მე დიდი ხანია
იქით აღარ ვყოფილვარ. დეიდა რომ გარდაიცვალა, იქ უკვე აღარავინ დარჩა, ჩემი
დეიდაშვილი გათხოვდა, სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.

დედას შიში ჰქონდა, გერმანული ვერ მასწავლა. ენა არ ვიცი, მაგრამ გერმანიაში ვარ
ნამყოფი, გედეერში უფრო სწორად. პროფკავშირებიდან გამიშვეს სამოგზაუროდ .
ბერლინი მახსოვს. მოსკოვში მეგონა თავი, გუმი, ცუმი იქაც იყო… გარშემო თითქმის
ყველა რუსულად ლაპარაკობდა... ისე ვერ იტანდნენ ეს დასავლეთის გერმანელები
ბერლინელებს, რომ მოკლედ არ ვიცი… ერთი ექსკურსიის დროს ფეერგეშიც
შეგვიყვანეს, მუზეუმში. არაჩვეულებრივი მუზეუმი იყო. დრეზდენშიც ვიყავით …
საინტერესო იყო ძალიან…

ჰოდა, დედას თვითონაც დაავიწყდა ენა. აქა-იქ თუ იხსნებდა გერმანულ სიტყვებს,


ქართულენვანი გახდა, ქართველი გახდა ტრადიციებითაც. მგონია, რომ ეს მამამ
განაპირობა. ის დეიდა, დიდუბეში რომელიც ცხოვრობდა, იმან თითქოს უფრო
შეინარჩუნა გერმანელები… მეზობლები, მეგობრები ჰყავდა, ურეკავდნენ...

მერე, აინუნგი რომ ჩამოყალიბდა 1992-ში, დედაც მივიყვანე, ძირითადად სახლში იყო,
დიასახლისი იყო მთელი თავისი სიცოცხლე და იქნებ გადახალისდეს-მეთქი... ძალიან
მოეწონა, მაგრამ ჩვენი ოჯახი მაინც ქართული იყო… ოსკარ შმერლინგის ქალიშვილის,
რენეს გადასახლება ხომ უნდოდათ, მაგრამ გადაარჩინეს, საქართველოს ემსახურებაო.
თითონაც წერს, სხვათა შორის, მე და მამა _ ჩვენ ქართველები ვართ, ქართული სული
გვიდგასო...

(ფოტო 13: იზოლდა ქურდაძის ბებია და ბაბუა: კაროლინა და ქრისტიან ჰენსინგერები,


თბილისი. თარიღი უცნობია)
ერთი „სერვიზის“ ორი ნაწილი

ჰარი აუგსტი

მამაჩემის წინაპრები ჩამოვიდნენ მე-18 საუკუნეში უკრაინაში, ეკატერინეს დროს. ძალიან


მდიდრები იყვნენ. პაპაჩემს დიდი ვენახები ჰქონდა, მეღვინე იყო, მისი ძმა ძალიან
ცნობილი ქირურგი იყო ოდესაში. უკრაინაში რომ მოაწყვეს ბოლშვიკებმა
გოლოდომორი, ოჯახის ნაწილი წავიდა ოდესაში, მამაჩემი აღმოჩნდა ცხინვალში . არ
ვიცი როგორ. ისეთი დრო იყო, რომ არ ყვებოდნენ. შვილებსაც კი არ უყვებოდნენ,
რადგან ეშინოდათ, რომ ბავშვი სადღაც რაღაცას იტყვის და მერე გამოეკიდებიან... ჩვენ,
ზოგადად, ძალიან ცოტა რამ ვიცით ჩვენ წინაპრებზე, იმიტომ რომ ეშინოდათ ამაზე
ლაპარაკი. ეს ინფორმაციები მე მერე მოვიპოვე.

მამა იყო გერმანელი და დედა ქართველი, მჭედლიშვილი. როგორ და სად გაიცნეს


ერთმანეთი, არ ვიცი, არ საუბრობდნენ ამაზე. დაქორწინდნენ და ცხინვალში
დასახლდნენ. დედაჩემის მშობლებიც ვლადიკავკაზში ცხოვრობდნენ, მდიდრები იყვნენ ,
ღვინის წარმოება ქონდათ. ბავშვობიდან ცხინვალი მეც მახსოვს. ეს იყო ქართულ-რუსულ-
ებრაული დასახლება, გერმანელებიც ბლომად იყვნენ. გერმანელების 12 ოჯახი
გადაასახლეს ცხინვალიდან.

მე 39 წელს დავიბადე და ცხადია, მამა და მისი დაპატიმრება არ მახსოვს. მამა ცხინვალში


დაიჭირეს. მისი არავითარი საბუთი არ მაქვს, დაბადების მოწმობაც კი არ მაქვს. რომ
დაიჭრეს, ყველაფერი წაიღეს. დედა ამ დროს თბილისში იყო და მამის დაჭერა
მეზობლებმა შეატყობინეს. დედაჩემი დაიმალა. თავის ნათესავებთან, კარდენახში
იმალებოდა კარგა ხანი. ნათესავებმა შეიფარეს. მერე თბილისში ჩამოვედით და
სკოლაში თბილისში შევედი.

გერმანელების გადასახლება ოქტომბერში დაიწყო. ეს, რა თქმა უნდა, ოფიციალურად


მოხდა. ვოლგისპირელი გერმანელებით დაიწყეს. 8 ოქტომბერს გამოვიდა ბრძანება
გერმანელების გადასახლებაზე. საქართველოდან დაახლოებით 22 500, აზერბაიჯანიდან
ათასი კაცით ნაკლები, სომხეთიდან _ 212 კაცი გაასახლეს. სომხეთში ცოტანი იყვნენ
პრაქტიკულად, მიწა არ იყო იქ და რატომ დასახლდებოდნენ. თავიდან რომ ჩამოვიდნენ,
6 კოლონია შექმნეს, მაგრამ მერე სხვა ადგილებიდანაც ჩამოვიდნენ და სხვადასხვაგან
დასახლდნენ. პრაქტიკულად, მთელ საქართველოში, თითქმის ყველგან, 1-2 გერმანელი
მაინც ცხოვრობდა. მაგალითად, კნუტ ჰამსუნს თავის მოგონებებში უწერია, რომ წილკანში
სასტუმროში გაჩერდნენ და იმ სასტუმროს მფლობელი გერმანელი იყო.
ჩემი მამიდების ისტორია ცალკე არის საინტერესო. ერთი მამიდა ოდესაში ცხოვრობდა .
იქ გერმანელები რომ შევიდნენ, ისე სწარაფად მიიწევდნენ წინ, რომ ვერ მოასწრეს იმათი
გადასახლება და ვინც იყვნენ იქ, ისინი დარჩნენ თავის ადგილზე. მერე , გერმანელები
რომ მიდიონენ, გასაგები იყო, რომ ესენი ან იმათ უნდა გაყოლოდნენ ან ციმბრიში
ელოდათ გადასახლება. მამიდის ოჯახმა მოახერხა მიუნხენთან ახლოს, ამერიკის ზონაში
გადავიდა. მამიდას შვილი ყავდა, იმ ბიჭმა დაამთავრა სამედიცინო უნივერისტეტი . მე
იმათ საერთოდ არ ვუნახავართ, ცხადია. არც იმედი ქონდათ, რომ მნახავდნენ.
მიუნხენელი მამიდა მე ვერ გავიცანი, გარდაიცვალა. მაგრამ 91 წელს ვიპოვე ჩემი
მამიდაშვილი. მე და ჩემი ბიჭი დაგვპატიჟა, ერთი თვე ვიცხოვრეთ მასთან. იქ აღმოვაჩინე ,
რომ ერთნაირი სერვიზი გვქონდა. უფრო სწორად, ერთი სერვიზის ნაწილი მე მქონდა,
ნაწილი _ იმას. დიდი კოვზები მქონდა ინიციალებით მე, მაგალითად, და იმას ქონდა,
სუპის ჩამოსასხმელი. ეს ხომ წვრილმანია, მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო… ის ძალიან
დაეხმარა ჩემ შვილებს, ბიძგი მისცა. ჩემმა ბიჭმა მიუნხენის ტექნიკური ინსტიტუტში
ისწავლა, გოგომ _ სამედიცინოზე.

მეორე მამიდას ძალიან კარგი ხმა ქონდა, ოდესის კონსერვატორიაში ისწავლა.


დაამთავრა და მერე იტალიურ ოპერაში მიიღეს. ეს ოპერა წავიდა გასტროლებზე ჩინეთში
და იქ დარჩა. მერე მამიდა შანხაის ოპერაში გადავიდა. სოლისტი იყო, გასტროლებზე
დადიოდა იაპონიაში. მერე მამიდა დაიჭირეს და გადაასახლეს. სხვადასხვა ადგილას
იყო გადასახლებული. პრინციპი ქონდათ ასეთი, რომ ერთ ადგილას დიდხანს არ
ასახლებდნენ, რომ არ შეკრულიყვნენ ერთმანეთში ეს გადასახლებულები . იქ, ბანაკში
მამიდაჩემი მღეროდა იქაურ ჯგუფში და მაგის გარდა იქ იყო საბჭოთა კაშირის სამი
სახალხო არტისტი. ცოტა უკეთესი პირობები ჰქონდა და მაგიტომ გადარჩა . ერთ დროს
ელჩის ცოლებთან და ინტელგინტ ქალებთან ერთად იყო ციხეში, ფილოსოფიაში
ლექციებს კითხულობდნენ თურმე…

მე სკოლა თბილისში დავამთავრე წარჩინებით, მერე უნივერსიტეტში ფიზიკის


ფაკლუტეტზე ვისწავლე. ვმუშაობდი ფიზიკის ინსტიტუტში, ასპირანტურა მოსკოვში
კურჩატოვის ინსტიტუტში დავამთავრე. ერთხელ ბოლო კლასში, მახსოვს კლასელი
მოვიდა ჩემთან, იმას სომხური გვარი ქონდა და მითხრა დედაჩემმა თქვა, შენ გერმანელი
ხარო. მაშინ ძალიან ვერიდებოდით ამას.. მეზობლებმა ყველამ იცოდა, ცხადია , ჩემი
გერმანელობა, მაგრამ არაფერი მიგრძვნია. მერე, გამსახურდიას დროს, სამსახურში
გავიგე, ეს რას ნიშნავდა… თან, ეს იყო ფიზიკის ინსტიტუტში, თითქოს განათლებულ
სახლში…

როგორც კი შეიქმნა ჩვენი ასოციაცია, ზრუნვა დავიწყეთ რეაბილიტაციაზე . სასამართლოს


დადგენილება მაქვს რეაბილიტაციის შესახებ. ფორმალურად ყველანი ვიყავით
რეაბილიტირებული, აღარავის აღარ უთქვამს, რომ, აი, დაჭერილი იყავი…
რეაბილიტაცია ნიშნავს, რომ დაგიწერონ, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო იყავი და
მატერიალური ანაზღაურება მოგცენ. ეს რეპრესირებულები და კომპენსაციები მარტო
გერმანელების პრობლემა ხომ არ არის, ეს არის ქვეყნის პრობლემა. კანონსაც მერე
მივიღებთო და ერთადერთი, რაც გააკეთეს, პენსია დაგვინიშნეს _ 49 ლარი. დღემდე არ
არის კომპენსაციების საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი... 2014 წლიდან
სასამართლოების გადაყვეტილებით ყველა პოლიტრეპრესირებულს შედარებით
დამაკმაყოფილებელი კომპენსაცია მისცეს.

(ფოტო 14)

ტანტეები

ანი ბრეგვაძე

თბილისში ბევრი გერმანელი იყო. ომი რომ დაიწყო, ალბათ, გარემოებების გამო, ბევრი
გათხოვდა ქართველზე და გვარიც შეიცვალა, გადასახლებაში რომ არ მოყოლილიყო.
ვფიქრობ, თითქმის ყველა ტანტეს ასეთი ისტორია ქონდა. ალბათ, ნახევარს არც
ჩამოუვიდა ქმარი ომიდან. რა ეკეთებინათ, უსაქმოდ ხომ არ გაჩერდებოდნენ და დაიწყეს
ბავშვების მომზადება გერმანულ ენაში. ქონდათ ბაღები ან კერძოდ ამეცადინებდნენ
ბავშვებს სახლებში. 50-დან 65 წლის ასაკამდე ქალები იყვნენ. ბავშვი ვიყავი და ბევრი
არაფერი მახსოვს.

ჩემი და ჩემზე 5 წლითაა უფროსი, გერმანულ საბავშვო ბაღში დადიოდა ტანტეებთან, იქ


მიიყვანეს. ეს ბაღები მოძრავი იყო, ძირითადად ვინმეს სახლში იმართებოდა . 1-2 წელი
შეიძლება ერთ ოჯახში ყოფილიყვნენ, ვისაც, მაგალითად, აწყობდა ასე , თვითონ
სამსახურში დადიოდა და უნდოდა ბავშვი სანდო ხელში ჰყოლოდა საიმედოდ და
მხიარულად. ერთ-ერთი ასეთი იყო ჩემიც _ ტანტე ლიდას ბაღი. ტანტე ლიდა გათხოვილი
იყო ვაშაკიძეზე. მისი ნამდვილი გვარი არ მახსოვს. დედაჩემი რომ ცოცხალი იყოს, იმას
მეტი ინფორმაცია ექნებოდა, ახსოვდა ეს ყველაფერი და ჩემზე უკეთესადაც იცოდა .

რა თქმა უნდა, იშვიათი იყო ეს ტანტეების ბაღები, მაგრამ ძალიან სახელიანი იმიტომ ,
რომ ძირითადად ნაღები საზოგადოების შვილები სწავლობდნენ იქ. არ ვიცი, ჩვენ საიდან
მოვხვდვით ამ ბაღში, მაგრამ ეს დედაჩემის დამსახურება იყო. დედაჩემს უნდოდა , რომ
მაქსიმალურად საუკეთესო განათლება მოეცა ჩვენთვის. ეს ტანტეებიც არჩევდნენ
ბავშვებს, ყველას არ იღებდნენ. მოკლედ, ჩემი და სრული 4 წელი დადიოდა ტანტე
ლიდასთან ბაღში, მე მხოლოდ 1 წელი ვიარე. მინისტრი იყო მაშინ გარდაფხაძე და
იმათთან იყო სახლში ეს ბაღი. 70-იანი წლების შუა ხანებზე ვლაპარაკობ.

პატარა ჯგუფები იყო, ათ ბავშვზე მეტი არ ყავდათ. ტანტე ლიდა, მახსოვს, მსუქანი ქალი
იყო, სადად შეკრული თმა ქონდა, სუფთა იყო ძალიან, სიმპათიური, ინტელიგენტური,
ოღონდ ქართულად არ იღებდა ხმას. თუ რამე არ გვესმოდა, ჟესტიკულაციით გვიხსნიდა.
გვქონდა ნაირფერი ბარათები, რომლებზეც ეხატა, მაგალითად, სტაფილო და ასე, თამაშ -
თამაშით გვასწავლიდა ენას. ასეთი სწავლება არ იყო მაშინ გავრცელებული პრაქტიკა ,
ძალიან ხისტი აღზრდის სისტემა იყო ზოგადად. ეს ახლა არის ბაღებში ასეთი
თავისუფალი გარემო, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. ჩვეულებრივ საბჭოთა ბაღში რომ ვიყავი,
ყველაზე კარგი სათამაშო რაც მქონდა, გამომართვეს ეს თოჯინა, დადეს თოკის იქეთ და
ხელი არ მომაკიდებინეს. ვკვდებოდი, ისე მინდოდა იმ ჩემი თოჯინის ხელში დაჭერა.

აქ კი ტანტეებთან გვქონდა ეს ფუფუნება. სულ ვთამაშობდით, სულ სპექტაკლებს


ვდგამდით. ტანტე ლიდას ბაღში ბოლოს, მახსოვს, გამოსაშვები სპექტაკლი დავდგით . მე
ვიყავი წრუწუნა, უკან ვიდექი და ტანტე ლიდა იყო თალგამი. რომ ვეჭიდებოდით,
ტანსრული ქალი იყო და სულ მეშონდა ზემოდან არ დამცემოდა. მოკლედ, ძალიან
თბილი და მყუდრო გარემო იყო. სხვა დამოკიდებულება ქონდათ ბავშვებისადმი ,
როგორც პიროვნებებისადმი და არა როგორც საბჭოთა კონვეიერისადმი …

ჩემს დას სკოლაში უკვე კერძო მასწავლებელი ყავდა _ ტანტე ოთილია. მისი გვარიც არ
მახსოვს, არც ჩემ დას ახსოვს. ჩემმა დამ თქვა, არ მიყვარდა, რადგან ბევრ დავალებას
მაძლევდაო. მის მერე ჩვენთან ტანტე ბეატა მოდიოდა. ბეატა კარგად მახსოვს. თხელი,
ძალიან ლამაზი ქალი იყო, ქერათმიანი, ცისფერთვალება, დახვეწილი ევროპელი.
თხელი თითები ქონდა. ქუთათელაძეზე იყო გათხოვილი. მაშინ უკვე აღარ ყავდა მეუღლე.
შვილიშვილი ყავდა ბალერინა, ვერონიკა, მზე და მთვარე ამოსდიოდა. მოსკოვის დიდ
თეატრში ცეკვავდა და ძალიან ამაყობდა მისით. ტანტე ბეატას დედაჩემის გაკეთებული
ლობიო უყვარდა, კვირაში ორჯერ მოდიოდა ჩვენთან და დედასაც სიამოვნებდა მისი
გამასპინძლება. რომ მოვრჩებოდით გაკვეთილს, სამზარეულოში ისხდნენ დედა და
ტანტე ბეატა და იქ საუბრობდნენ ხოლმე. ბეატამ ქართული იცოდა, ცოტ-ცოტას
ამტვრევდა, დედას რუსულად ელაპარაკებოდა. კარგი, ტკბილი ქალი იყო, ვუყვარდით
ბავშვები ძალიან, სულ გვეფერებოდა. მახსოვს პიონერი რომ გახვდი, ძალიან მიხაროდა
იმიტომ, რომ სკოლა გავაცდინეთ და მერე ნაყინებს შეგვპირდნენ, თან ვაკის პარკში
წაგვიყვანეს, ნაყინიც გვიყიდეს. მართალია, ერთ ნაყინს ორი ბავშვი ვჭამდით, ორი ერთს
ვლოკავდით, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვიყავით მაინც. მოვაბიჯებთ ერთად
გახარებული მე და თათია სულაძე, ჩემი კლასელი, შევედი სახლში… ტანტე ბეატაა
ჩვენთან და ვახარე: ტანტე ბეატა, პიონერებში მიმიღეს-მეთქი და სახე მახსოვს მისი ,
ისეთი სინანულით სავსე მზერა ქონდა… ანალოგიური მზერა დავიჭირე მერე
დედაჩემზეც…

ტანტეები მართლა გამორჩეულები იყვნენ. ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებები მათ


უკავშირდება. ძალიან წყნარი და მშვიდი გარემო იყო მათთან, არააგიტაციური და
არაპროპაგანდისტული. მშვიდიც და თავისუფალიც. მგონია, რომ ვისაც ქონია
ტანტეებთან შეხება, ყველას კარგად ახსოვს ისინი. მე ძალიან მადლობელი ვარ
დედაჩემის, რომ ტანტეებით მე და ჩემ დას ასეთი ბავშვობა გვაჩუქა.
მე ვარ…
მარიამ ჭაჭია

ჩემი დიდი-დიდი ბაბუა იყო ძალიან ცნობილი მათემატიკოსი. ლეონარდ ეილერი,


რომელიც მათემატიკის მამადაა აღიარებული. გერმანიიდან იყო მოწვეული სანკტ -
პეტერბურგში და იქ მუშაობდა. ეილერის შვილიშვილი გათხოვილი იყო ოტენზე,
რომელსაც ქონდა ფილტვის პრობლემა, ასთმური შეტევები და უთხრეს, რომ
საქართველოში კარგი ჰავაა. ამიტომ ჩამოვიდა თბილისში და აქ დაფუძნდა . მერე
გახსნეს აფთიაქი მაშინდელ კიროვის ქუჩაზე. დღემდე არსებობს ის აფთიაქი, ახლაც იქ
დგას დიდი ბაბუის კარადები. თვითონ ააშენა ეს სახლი, სადაც პირველ სართულზე
ჰქონდა ლაბორატორია და აფთიაქი, ქიმიკოსი იყო თან, მეორე სართულზე თვითონ
ცხოვრობდნენ, მესამეზე _ დამხმარეები. ამ სახლში გაზარდა 12 შვილი. ფერდინანდ
ოტენზე ვლაპარაკობ, ბებიის ბაბუაზე. ბებიას მამამ, ალექსანდრე ოტენმა მისი კვალი
გააგრძელა. ისიც ქიმიკოსი იყო და ამ აფთიაქს ხელმძღვანელობდა.

როდესაც ბებიაჩემზე, მარია ელისაბედ ოტენზე და მის ისტორიაზე დოკუმენტურ ფილმს


ვიღებდი, იქ ბებია საუბრობდა, რომ ბაბუას დაჭერა ძალიან დიდხანს არ უნდოდათ .
ყველა გადაასახლეს, მაგრამ ბაბუაჩემი ხელუხლებელი იყოო. ბებიაჩემის დიდი ბაბუა,
როგორც ქიმიკოსი ჩართული იყო საბჭოთა კავშირის „ბომბა უბეჟიშების“ გადახურვის
სქემების შემუშავებისთვის. ანუ მისი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ
ამავე დროს საკმაოდ საშიში პიროვნებაც ხდებოდა, რადგან ვიღაცას რომ
დაეპატიმრებინა, საბოლოოდ, ყველა ინფორმაციას საფრთხე ექმნებოდა. როგორც
ბებია ყვება, ყოველ საღამოს მოდიოდნენ და ვიღაცა მიყავდათ მათი ოჯახიდან , 12 შვილი
და ბიძაშვილები ერთ სახლში ცხოვრობდნენ. რომ მოდიოდნენ, ბებია ამბობს, რომ
ითვლიდა ნაბიჯებს და იცოდა ვის კარამდე რამდენი ნაბიჯი იყო და ვის წაიყვანდნენ .
საბოლოოდ, ისე არ მომხდარა, რომ ერთ დღეს მოვიდნენ და ბაბუაჩემი დააპატიმრეს.
როცა ბიძას აპატიმრებდნენ, ბაბუა გასაცილებლად მივიდა, იქ თურმე დედამისი დაეცა და
ერთ-ერთმა ჯარისკაცმა წაქცეულს წიხლი კრა. რა თქმა უნდა, ბაბუამ ეს შეურაცხყოფა არ
შეარჩინა იმ ჯარისკაცს. მერე სახლში რომ დაბრუნდა, თავის ცოლს უთხრა, ამაღამ
წამიყვანენო და წაიყვანეს კიდეც.

ბებიას ყავდა უფროსი და _ ტატიანა, რომელიც მამისის დაჭერისას უკვე სრულწლოვანი


იყო და რომელსაც ასევე უწევდა რეპრესიები. დიდი ბებიაც დაიჭირეს, რადგან ქმრის
გვარზე იყო. ბებია 15 წლის იყო და შანსი ქონდა, რომ დარჩენილიყო. უშვილო
ნათესავებმა ისიც უთხრეს მშობლებს, დავიტოვებთ და გავზრდითო, მაგრამ დედამისმა
თქვა _ სადაც მე ვიქნები, იქ იქნება ჩემი ორივე შვილიო. ასე რომ, ბებიაჩემიც წიაყვანეს.
ძალიან საინტერესოა, თვითონ როგორ ყვება ამ წასვლის ისტორიას. სულ ამბობდა, რომ
საბჭოთა კავშირის მსახურები ძალიან ჭკვიანები იყვნენ: ცდილობდნენ, რაც შეიძლება
მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, მაგრამ დამადასტურებელი ფაქტი _ რაც შეიძლება
ნაკლები. მაგალითად, მატარებელს რომ აჩერებდნენ, აძლევდნენ, ვთქვათ, 5 წუთს
საპირფარეშოსთვის და უცებ იწყებდნენ მატარებლის დაძვრას და ძალიან ხშირად
პატარა ბავშვები, მოხუცები, ფეხმძიმე ქალები ასე რჩებოდნენ გზაში. იმათ ვერავინ
ვერაფერს დაუმტკიცებდა. ისინი მათი მოკლული არ იყო. შუა სტეპში ტოვებდნენ და ხომ
უეჭველია, მგლების საჯიჯიგნად.

იმას აღარავინ ამბობს, რომ იქ როცა ჩავიდნენ, რეალურად ერთადერთი გადასარჩენი


გზა იყო ის, იქაური სოციუმისთვის გამოსაყენებელი ყოფილიყავი. ბებიაჩემი და მისი და
გადარჩნენ იმიტომ, რომ დედას და ტატიანას თვითონ უმაღლესი განათლება ჰქონდათ
და სკოლაში დაიწყეს მუშაობა. ბებიაჩემის დედა რუსულის პედაგოგი იყო და ტატიანა
ქიმიკოსი. ამიტომ, მანაც ჯერ სკოლაში დაიწყო მუშაობა, მერე გადავიდა ქიმიურ
ლაბორატორიაში, რასაც შეეწირა კიდეც. მოიწამლა და გააფრთხილეს, რომ შვილის
ყოლა არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც გარისკა, გააჩინა და მშობიარობის დროს
გარდაიცვალა. მათი გადარჩენის შანსი მათივე განათლება გახდა. ისე არავინ გკლავდა ,
მაგრამ ზამთარში, ყინვაში, სტეპში ან შიმშილისგან მოკვდებოდი , ან გაიყინებოდი, ან
ცხოველების საჯიჯიგნი გახდებოდი. ძალიან ბუნებრივად ცხრილავდნენ
გადასახლებულებს. რეალურად სიკვდილიანობის სტატისტიკაც არ არსებობს. ერთი ჩემი
მეგობარია, დედით ებრაელია და მამით გერმანელი და ის ამბობს ხოლმე , ყველაზე
ჭკვიანი მაინც საბჭოთა კავშირი იყოო, იმიტომ რომ გერმანელები იმდენად „ჩიოტკები“
არიან და ყველაფერს ისე ზუსტად აღწერდნენ, საბჭოთას კი ვერც მოსდებ ბრალსო.
რამდენი, როგორ, რანაირად _ სტატსიტიკა არაა, არაფერი ვიცით.

ბებიაჩემის ამბავი საინტერესოდ განვითარდა. მოხდა ისე, რომ იქ უმაღლესში ჩააბარა,


როცა გასვლის უფლებაც არ ქონდა ყაზახეთიდან. მაინც ჩუმად წავიდა, ჩუმად ჩააბარა .
ბევრ რაღაცას გადაურჩა და ვფიქრობ, რომ ზუსტად მაგიტომ გამოიწვრთნა ისეთი
ძლიერი ქალი, როგორიც იყო საბოლოოდ, მაგრამ… 2 წლის წინ გარდაცვალა 88 წლისა
და ბოლომდე ჰქონდა კაკუნზე რეაქცია… სულ რაღაცას ინახავდა, შოკოლადს ძალიან
პატარას მოკბეჩდა და დადებდა, რომ სხვასაც შეხვედროდა, სულ მატყლის რაღაცეებს
კერავდა... მუდმივად ეს მსხვერპლშეწირვის სინდრომი ქონდა ბოლომდე. სულ ამაზე
გვქონდა ჩხუბი, რომ დაანებე თავი, აღარ არის ომი, შეგიძლია შოკოლადი ჭამო და
ჩავალ და კიდე ამოვიტან… თუკი რამე მიზეზი ჩაუვარდებოდა ხელში, მუდმივად ყვებოდა
ამბებს ყაზახეთზე. მაგალითად, როგორ შეხვდა მგელს მარტოდამარტო სტეპში და
როგორ გადაურჩა, როგორ გარბოდა საბჭოთა “აბზორისაგან”, ტრუდარმიაში რომ არ
წაეყვანათ, რადგან იქ წასვლა სიკვდილს ნიშნავდა. აი, მაგალითად, ვინმეს რომ ეთქვა _
მცივა, მომენტალურად ამას ყაზახეთის ამბებზე გადაიყვანდა. ყოველთვის პოულობდა
რაღაც მიზეზს, რომ ამაზე ელაპარაკა და ეს არ იყო მოხუცებულობის სინდრომი. მე რომ
დავიბადე, 50 წლის იყო, საკმაოდ ახალგაზრდა. ეს იყო _ თითქოს რაღაცის თქმა რომ
გინდა და უთქმელი რომ გრჩება ამ ცხოვრებაში... შეიძლება იმიტომ, რომ ვინც ეს
საშინელებები ჩაიდინა, არავინ დაუსჯიათ… ან იმიტომ, რომ მუდმივად წნეხის ქვეშ იყო ,
როგორც враг народа ან შეიძლება იმიტომ, რომ სინდისი ქენჯნინდა, გვარი რომ
გამოიცვალა, გერმანელობას „უღალატა“ და უღალატა იმიტომ, რომ საქართველოს
სოციუმში უფრო დამკვიდრებულიყო. შეიძლება ამის კომპლექსიც ჰქონდა და ამის ხარჯზე
ყვებოდა მუდმივად ყველაფერს.

მე თვითონ ფილმის გაკეთება იმ ამბებზე არ მინდოდა, რაც წიგნშიც შეგვიძლია


ამოვიკითხოთ და არქივში ვნახოთ. იქ ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია, მაგრამ მე
უფრო იმის ჩვენება მინდოდა, რომ ის, რაც მოხდა ამდენი წლის წინ, დღეს როგორ
აისახება ამ ადამიანზე, როგორ ტოვებს დაღს მის მენტალობზე. მგონი, ადამიანის
მოკვლა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე მისი ფსიქიკის მოკვლა იმიტომ, რომ როცა
ადამიანს კლავ, მის ინდივიდს ინარჩუნებ და მის მომვალ თაობებს არ ერჩი. ბებიაჩემის
სინდრომი რაც იყო, ის აუცილებლად დედაჩემზე არის ასახული და რაღაც დონეზე
ჩემზეც. ამას მე ვერ გავექეცევი. მე ბებიაჩემის გაზრდილი ვარ და იმ ისტორიებით
გაზრდილი... თან, ბებიაჩემი სულ 7 წელი იყო იქ, 7 წელი არაფერია 81 წლის
ცხოვრებასთან შედარებით, მაგრამ ამ 7 წელმა რა გავლენაც იქონია მასზე და შემდგომ
მის შვილებზე, აი, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც კი შეიძლებოდა საბჭოთა
კავშირს გაეკეთებინა. ამიტომ ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირმა კიდევ უფრო მეტი
დანაშაული ჩაიდინა, როცა მომავალი თაობების ფსიქიკა მოკლა, ჩემი თაობისაც,
ნაწილობრივ… ეს არის, არ ვიცი რა… და კიდევ, დაუსჯელი როცაა ეს ყველაფერი…

ვფიქრობ, რომ ოდესმე ამ ფილმის ჩემს ვარიანტს გავაკეთებ. საბოლოოდ, საფრანგეთის


ტელევიზიამ იყიდა მასალები და თავისებურად დაამონტაჟეს, რადგან მათი თანხებით
იყო გაკეთებული. პირველი კადრებია, როცა კითხულობს, რომ „а вы уверены, нас не
поимают?» ეს მუდმივი შიში ჰქონდა. მერე რაღაც მომენტში დაიწყო საუბარი… რადგან
ისიც იცოდა, რომ მე მისი შვილიშვილი ვარ და თუ რამე არ მოეწონებოდა, იმას ფილმში
არ ჩავრთავდი. ძალიან ინტიმური საუბრები იყო. მერე ისე გავაკეთეთ, რომ ხმაზეც მე
ვიყავი და კამერაზეც, დამატებით არავინ იყო და უფრო მარტივად წავიდა გადაღებები .

ძირითადად რაზეც ლაპარაკობდა, ფილმშიც იმაზე ილაპარაკა, მაგრამ ჩემთვის ძალიან


საინტერესო გახდა პროცესი _ ფილმის გადაღების განმავლობაში ბებიაჩემის
პიროვნების აღმოჩენა. მენახა, როგორ ეშინია ამ ყველაფრის, როდესაც ერთი შეხედვით
ასეთი მტკიცე ქალი ჩანს. ჩემთვისაც ყველაფრის გადაფასება და რაღაც
სტერეოტიპებიდან გამოსვლა ამ ფილმის კეთების პროცესში უფრო მოხდა . ისტორიული
ფაქტების შეფასების საშუალებაც მომეცა. როცა “წითელქუდას” მაგივრად ბავშვობაში
ისმენ ისტორიას - როგორ შეხვდა ბებია მგელს და გადაურჩა, ეს რაღაცა კი “ჟუტკია”,
მაგრამ უფრო თავგადასავალია, მაგრამ მერე შეხედულებას იცვლი ამ ისტორიისადამი .
მერე კიდევ მივხვდი, რომ... ბებიაჩემს მივხვდი და სისტემასაც მივხვდი.

ყველაზე საინტერესო კიდევ ის იყო, რომ სულ მეუბნებოდა _ არ განსაჯო ის ადამიანები,


ვინც მაშინ ჩვენზე დაწერა ის საჩივრები, რადგან შენ არ იცი, ეს რა იყოო... შენ რომ
ყოფილიყავი იმ დროს, არავინ იცის, როგორ მოიქცეოდიო. თავიდან ჩემთვის ის
ადამიანები, ვინც, მაგალითად, ბიძამისზე დაწერეს, იმიტომ რომ ბინის მიღება უნდოდათ,
ეგენი იყვნენ ჩემთვის მართლა враги народа, მაგრამ მერე, როცა გეუბნებოდა, რა
ხდებოდა, რომ მათ ზურგს უკან იდგნენ მათი შვილები და ოჯახები, ვხვდები, რომ მართლა
ვერ განსაზღვრავ იმ ადამიანების საქციელს, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა . მეც არ ვიცი ..
კი, ადვილია წაკითხულიდან განსაჯო, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ აბა, შენი თავი
ჩააყენე, როცა გეუბნებიან, რომ შენ თუ ამას არ გააკთებ, შენი შვილი დაისჯება ... და ის
ადამიანები, ვინც, ვთქვათ, ბებიაჩემს რაღაცით მიეხმარნენ და გადამალეს, თუ
გადარჩენის შანსი მისცეს, ისინი ალბათ უბრალოდ გმირები იყვნენ, იმიტომ რომ
გარისკეს, საკუთარი თავი, ოჯახების და ახლობლების კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ
დააყენეს. საქართველოში ეს დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ყველაფერი იმალება,
ყველაფერი პირადზე დადის, თუმცა კარად ვიცით, რომ ცნობილი ოჯახები საჩივრებს
წერდნენ. დღემდე ვერ გავაკეთეთ ის, რომ გავითალისწინოთ, რომ ის იმ დროს, იმ
კონტექსტში მოხდა. ჩვენ კი არ უნდა განვსაჯოთ, არამედ ისტორია წამოვწიოთ წინ.
ისტორია არის აგებული მოცემული პირობებიდან, ეს იყო აბსოლუტური ჯოჯოხეთი. ვერ
გაიგებდი, ვინ რას აეკთებდა, ყველა ამ სისტემის პაიკი იყო. ეს ფილმიც მარტო
ბებიაჩემის ამოცნობაში არ დამეხმარა, ბევრი კარი მაჩვენა…

„სოვლაბის“ არქივზე მუშაობის პერიოდშიც დავდიოდით და ვცდილობდით ჩაგვეწერა ეს


ადამიანები. საოცრება იყო _ როგორ უხაროდათ, რომ რაღაცას გიზიარებენ და მათი
ამბავი არ დაიკარგება... შეიძლება ესეც იყო _ ბებიაჩემსაც გაზიარება უნდოდა...
დაუსჯელობა დაუსჯელობად, მაგრამ სულ ამბობდა _ კარგი, რეაბილიტაცია მოგვცეს,
მაგრამ უდანაშაულო მამაჩემს ვინ გააცოცხლებს ამით? ვერც იმ ქონებას დაიბრუნებენ და
ვერც საოჯახო სახლს, მაგრამ ის, რომ მათი ამბავი არავინ იცის, ეს კიდევ სხვა
ტრაგედიაა… ადამიანს მორალური მხარე უფრო აინტერესებს, უფრო ის აინტერესებს
თავისი სათქმელი თქვას, ისტორიას დარჩეს, ვიდრე ვინმე დაისაჯოს... მგონია, რომ ეს
უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. როცა ამდენი ხალხი ასე იყო მიყუჩებული და
არაფრის თქმის საშუალება არ ჰქონდა, ამ შანსის მიცემა ბებიაჩემისთვის ფანტასტიკური
იყო, იმიტომ რომ, საბოლოოდ, შეძლო და თქვა რაღაცა, რომელიც დაფიქსირდა და
ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა საინტერესო. ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთის
ტელევიზიისთვის იყო საინტერესო ამ ამბის ჩვენება. ასე ერთგვარი რეაბილიტაციაც
ხდება _ სატკივარი თქვა და სხვებმა მოისმინონ.

ისიც საინტერესოა, რას ყვებიან, როგორ ყვებიან... პირველ დღეს რომ ერთ ისტორიას
გიყვება, შეიძლება მეორე დღეს იგივე მოყვეს, მაგრამ მერე მეტი ამბებით დახუნძლოს .
საინტერესოა, როგორ იხსნებიან ამ მოყოლის პრიცესში და ეს მათთვის უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველდღური საქმიანობა. რაღაცამ უნდა ამოხეთქოს.
მაგალითად, ბავშვს, რომელსაც ემოციისა და სუნის დონეზე ახსოვს გადასახლებები _
სინესტის სუნმა შეიძლება გაახსენოს რეპრესიები... და როცა არავის აინტერესებს შენი
ამბავი, ეს ძალიან დასანანია.

თავიდან ჩემი ფილმის სახელი იყო „მე ვარ“ და სამი წერტილი. იმიტომ, რომ როცა ბებია
საუბრობდა თავის იდენტობაზე, თავის გერმანელობაზე, ყველაფერზე, თუკი რამე კარგი
ჰქონდა, ასე აღნიშნავდა: ეს იმიტომ, რომ მე ვარ გერმანელი, ამიტომაც შემიძლია ბევრი
მუშაობა, ამიტომაც ვარ პედანტური. ყველაფერი კარგი გერმანელობასთან იყო კავშირში.
ერთ-ერთი საუბრის დროს ძალიან გატყდა, გვარის შეცვლაზე ყვებოდა და ხომ ვიცი,
როგორ ძალიან ეუხერხეულებოდა მამის გვარი რომ გადაიკეთა. მაშინ მოყვა,
საქართველოში რომ ჩამოვიდა, როგორ გადავიდა დედამისის გვარზე _ ზავრიევზე.
ზავრიევი სომხური გვარია და საქართველოში ხომ სომხებიც მაინცდამაინც არ
ეპიტნავებათ, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ეს ქართველები ძალიან გულღია ერი ვართ ,
არა ვართ არც გულღია და მაინც რაღაც დონეზე გვიყვარს ხალხის გაფილტვრა .
ნაციონალიზმი ჩვენში ძალიან მძაფრად არის. როცა გათხოვდა, ბაბუაჩემი - სუფთა
იმერელი კაცი იყო, ბაბუაჩემიც კი მალავდა ბებიის გერმანულ წარმოშობას და ამბობდა ,
რომ სომეხია, სომეხი ქალი მოიყვანა ცოლად. წარმოიდგინე, სომეხი როგორ არ უყვართ
საქართველოში და როდესაც გიწევს თქვა, რომ სომეხი ხარ იმიტომ, რომ არ თქვა, რომ
გერმანელი ხარ, რამხელა სტიგმაა…
ერთ-ერთი საუბრის დროს ისიც თქვა _ ვინ ვარ მეო, ვინა ვარო, მე გერმანელი ვარო? არა
ვარო მე გერმანელიო, გერმანიაშიც არ ვყოფილვარო და მეშინია კიდევაც იქ წასვლისო.
სომეხი ვარო? ან როგორი სომეხი ვარო, ან ქართველი რატომ ვარ, რახან ქმრის
ქართულ გვარზე გადავედიო? არავინაც არა ვარო და ეს რამდენჯერმე გაიმეორა და მერე
ერთი დიდი პაუზა ჰქონდა და ბოლოს თქვა: საბოლოოდ, მე მაინც გერმანელი ვარ,
იმიტომ რომ გერმანელად ვგრძნობ თავსო. ეს არის იმხელა აბსურდი... რომ
გერმანელად გრძნობს თავს. ეს გერმანელობის იდენტობის შეგრძნება , მგონი, მამისის
ნოსტალგია უფრო იყო. მამამისის და წარსულ ცხოვრების და რეალურად არა ის, რომ
გერმანელად გრძნობდა თავს. რეალურად ხო არც იცოდა, რა იყო ეს გერმანელობა.
გერმანელობა იყო პატარა ბუშტი, რომელიც ამ გერმანულმა ჯგუფმა შეკრა გერმანული
საუბრით, რაღაც მოძველებული ტრადიციებით, აბაჟურის ქვეშ დასხდომით და
„ჩაიპიწიებით“, რაც ცოტა ტყუილი, ყალბი მგონია… ამას ეძახდა გერმანელობას, სხვა რა
უნდა ყოფილიყო…

ფილმს უწყვეტად, ერთი წელი ვიღებდი. ეს ჩემთვის რაღაც პროცესი იყო... საინტერესო
იყო, მაგალითად, ერთსა და იმავე ამბავს როგორ ყვება სხვადასხვა ლოკაციაზე, აი,
სამზარეულოში, მისაღებში, საძინებელში და ასე... თან იმასაც მივხვდი, რომ აუცილებელი
იყო მასთან მეტი დრო გამეტარებინა, იმიტომ რომ ეს ამბები მოდიოდა და მოდიოდა.
ბაბუაჩემზე, მაგალითად, და „ბომბაუბეჟიშების“ გადახურვაზე მანამდე არაფერი
ვიცოდით, დედაჩემმაც არ იცოდა.

ეს ამბებიც, რასაც გვიყვებოდა, მაგალითად, როგორ ჩააბარა სამედიცინოზე, დეკანი რომ


ებრაელი აღმოჩნდა და როცა გაიგო, გერმანელი მიიღეს, როგორ გაგიჟდა, ან მგელთან
შეხვედრა, ან როგორ ყრიდნენ მიცვალებულებს მატარებლიდან _ ეს რაღაცა
სათავგადასავლო-საშინელებათა ჟანრიდან იყო, თითქოს შეფუთული იყო ასე და კიდევ
რამდენი ასეთი ამბავი ჩაიყოლა, კაცმა არ იცის. შეიძლება იმასაც ხვდებოდა, რომ მისი
ცხოვრებაც მიიწურა და უკვე რაღაცეების თქმა შეეძლო. შეიძლება რაღაც სხვა ინტიმი
ჩამოყალიბდა ჩვენი გადაღებების დროს… მაგრამ ეს მოყოლები რეალურად მაინც
სათავგადასავლო მოყოლებია ან დამტკიცება იმისა, რომ ისინიც და მათი ოჯახებიც
საჭირონი იყვნენ ამ ცხოვრებაში. მაგალითად, ერთ-ერთი ქალი _ იმ კაცის შვილი, ვინც
თიხის საკნალიზაციო სისტემა გააკეთა მთელ თბილისში _ ყვებოდა, რამდენიმე წლის
წინ, მიშამ რომ ამოთხარა ეს კანალიზაციები, როგორ მიდიოდა ქუჩაში და შემთხვევით
მამამისის გვარი როგორ დაინახა ამ ამოთხრილ თიხაზე. შეიძლება მაშინ დაუმტკიცა
თავის თავს, თუ დარწმუნდა, რომ მამამისმა მართლა გააკეთა ეს ყველაფერი. ძალიან
ამაყი იყო, ამ ამბავს როცა ყვებოდა და ყვებოდა ძალიან დეტალურად: როგორ მიდიოდა,
რა ეცვა იმ მუშას, ვინც თხრიდა... ეს ფაქტი იყო მისთვის ძალიან მნიშნელოვანი.

ეს ადამიანები რეალურად ელიტა იყვნენ საქართველოშიც და საბჭოთა კავშირშიც,


მართლა ამხელა კულტურა, ამხელა მეცნიერება შემოიტანეს, მაგრამ ძალიან სწრაფად
გადაიქცნენ ხალხის მტრებად და ხალხის მტრებად მარტო მთავრობისთვის კი არა,
ხალხისთვისაც გახდნენ. ყველა მათ დევნიდა. ეს კომპლექსი, რომ მათი ოჯახები
მნიშვნელოვანი იყო სოციუმისთვის და ისინიც რაღაცას აკეთებდნენ, ძალიან ადამიანური
მომემენტია, ხომ? სოკოები კი არ ვართ, რომ მარტო ვჭამოთ და გავიზარდოთ, არამედ
რაღაცას ვაკეთებთ ამ ცხოვრებაში… ამის დამტკიცებაზე გადავიდნენ უკვე . ალბათ
ამიტომ იყო, რომ ამ ამბებს ყვებოდნენ როგორც თავგადასავლებს. თუმცა ისტორიას
ნაკლებად ეხებოდნენ _ გაუგებრობა ან კირიტიკა რომ არ მოჰყოლოდა. ერთი კაცი იყო,
მგონი, ეს ისტორია ჰარი აუგსტმა მომიყვა _ ყველამ იცოდა, რომ რეპრესირებული იყო
და ყაზახეთშიც იყო გადასახლებული, მაგრამ ეს კაცი არაფერს ლაპარაკობდა ამაზე და
იმასაც კი უარყოფდა, რომ გერმანული იცოდა. ასე მიჰყვებოდა ცხოვრებას. როცა
მოხუცდა და კვდებოდა, 2 დღე აგონიაში იყო და თურმე აგონიაში მყოფი მარტო
გერმანულად ლაპარაკობდა და გერმანულად ყვებოდა რეპრესიების ამბებს. რამხელა
ტკივილია, ასე რომ ინახავ, საკუთარ შვილსაც არ უყვები, ესეც ხო რაღაცნაირად
გაფრთხილების ზომაა, გინდა რომ ეს ყველაფერი შენ შვილს არ შეეხოს, არ იცოდეს…

ბებია მუშაობდა სულ, სასწრაფოს ექიმი იყო და მთელი ცხოვრება, ყოველ მეორე დღეს
იღებდა მორიგეობებს. ეს აბსოლუტურად გიჟური რეჟიმია. ვმეგობრობდით. მაგალითად,
არასდეს პრობლემები არ ქონია ჩემს ჩაცმასთან დაკავშირებით, ძალიან მოკლეს ჩაცმა
რომ დავიწყე მაშინაც. ადრე დავიწყე მოწევა, 15 წლის ვიყავი და ერთდერთი ბებიაჩემი
იყო, ვინც იცოდა ამის შესახებ, ოღონდ სულ მეუბნებოდა: У тебя будет рак. ძალიან ახლოს
ვიყავით ერთმანეთთან. 14 წლის ვიყავი, მასთან გადავედი საცხოვრებლად, რთული
თინეიჯერობის პერიოდი მქონდა. ძალიან კომფორტულად ვიყავი მასთან.

სტალინი ეზიზღებოდა და ამას არც მალავდა. სულ ამბობდა _ Он падонок. ამას


სხვებთანაც ამბობდა. არ ვიცი, სტალინის სიკვდილამდე ან 70-იან წლებში თუ გაბედავდა
ამის თქმას, მაგრამ ჩემი თავი რაც მახსოვს, ყოველთვის ამბობდა, რომ _ Он падонок.
ჩინოვნიკებს ყოველთვის აკრიტიკებდა, საერთოდ, სისტემის ტიპები ეზიზღებოდა.

ბებიასაც ჰქონდა შანსი, რომ 92-ში გერმანიაში წასულიყო. მერე ხომ აკრძალეს იმიტომ,
რომ მიხვდნენ, რომ ესენი გერმანელები კი არა, რაღაც ჰიბრიდი გამოვიდა _ საბჭოთა
ჰიბრიდი ოდესაღაც გერმანული გვარის პატრონების. მაშინ ჰქონდა შანსი და ძალიან
კარგი შემოთავაზება, დიდი ბაბუიდან გამომდინარე, იქ ბინას და პენსიას აძლევდნენ , აქ
რომ 90-იანი წლების უბედურება და ომი იყო, მაგრამ არ წავიდა. ამბობდა, რომ მე ვერ
მივატოვებ გივის საფლავს, მე აქ უნდა მოვკვდე, არ მინდა გერმანიაშიო. აი, ის შიში, რომ
იქ მას რუსს დაუძახებდნენ, სრულიად აგიჟებდა. სავარაუდოდ, გრძნობდა კიდეც, რომ
არანაირი გერმანელები ესენი არ იყვნენ. ეს იყო ოჯახის ნოსტალგია, ეს გერმანელობა .
მათ მამებს ქონდათ ეს გერმანული ფესვი, თითონ მამიმისს განათლება ბერლინში
ჰქონდა მიღებული, იქ გაიზარდა, მერე აქ ჩამოვიდა და აქ კი მუშაობდა და ძალიანაც
მოწონდა საქართველო, მაგრამ მისი შვილი, რომელიც არცერთხელ გერმანიაში არ
ყოფილა, აქაურ გერმანულ ბუშტში მყოფი, ალბათ ამას თვითონაც აცნობიერებდა.
ალბათ, ზღაპარში ყოფნა ერჩივნა, ვიდრე რეალობისთვის თვალის გასწორება. იქ
ყოველთვის საბჭოთა ადამიანი იქნებოდა, აქ კი ყოველთვის გერმანელი.

(ფოტო 15: მარია ოტენი და მარიამ ჭაჭია ფილმის გადაღების დროს, მარიამ ჭაჭიას
პირადი არქივიდან).

You might also like