You are on page 1of 2

მთავრობა

საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი


ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას .
მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე
სახელმწიფო მინისტრი. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და
მინისტრებისაგან. მთავრობის სტრუქტურა მოიცავს სამინისტროს, სახელმწიფო
მინისტრს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებს, სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას, სახელმწიფო რწმუნებულს და
მთავრობის ადმინისტრაციას.
მთავრობის ფორმირების პროცესი იწყება საპარლამენტო არჩევნების
დასრულებისა და ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების
ცნობისთანავე. არსებული მთავრობა აგრძელებს მუშაობას ახალი პრემიერ -
მინისტრის დანიშვნამდე.
მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის
გადადგომიდან ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის
ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში
გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული
პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის
შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო
პროგრამა. ნდობის მისაღებად, საჭიროა პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას დადგენილ ვადაში
პრეზიდენტი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა,
დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს .
ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს
პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მი- სი დანიშვნიდან 2 დღის
ვადაში მინისტრებს. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს
პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
მთავრობის გამგებლობაში შედის აღმასრულებელი უფლებამოსილებების
სრული სპექტრი: საგარეო ურთიერთობები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი
უსაფრთხოება, თავდაცვა, სახელმწიფო ფინანსები, ეკონომიკა, რეგიონული
განვითარება, გარემოს დაცვა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა,
განათლება, კულტურა, სპორტი და სხვ.
საქართველოს მთავრობის მუშაობის ძირითადი ფორმაა მთავრობის სხდომა,
რომელიც იმართება თვეში ერთხელ მაინც. მთავრობის სხდომას იწვევს, მის
დღის წესრიგს განსაზღვრავს და სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-
მინისტრი. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ან მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის
სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს. საქართველოს მთავრობა მუშაობს
რეგლამენტის შესაბამისად, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით
მთავრობა ამტკიცებს.
საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ
შესასრულებლად, იღებს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს დადგენილებებს
და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს განკარგულებებს, რომლებსაც
ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.
უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული
შემადგენლობის 1/3-ზე მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად
ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ხოლო
პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ
შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს
წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
თუ პარლამენტი, საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა
სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ
მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება.
ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში
საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს,
ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ
საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-
მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება
უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.
თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს
მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ
მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

You might also like