You are on page 1of 7

თ.

მთვარელიძე აპოკრიფული სახარებები

1. პილატეს წერილი კლავდიუსისადმი

(წერილი „პილატეს ციკლის“ უძველესი ტექსტია. თარიღდება მე-2 საუკუნის მეორე ნახევრით. ტექსტი
წარმოადგენს პილატეს გამართლებისა და ქრისტეს ჯვარცმაში ბრალეულად იუდეველთა ტომის
წარმოჩენის მცდელობას.)

პილატე პონტოელი სალამს უძღვნის იმპერატორ კლავდიუსს. ეს-ესაა რაღაც მოხდა ისეთი,
რასაც მე თვითონ გამცნობ: შურის საფუძველზე, იუდეველებმა საკუთარი თავებიც დასაჯეს
და შთამომავლობაც - თანაც ძალზე მძიმე სასჯელით. მათ მამებს ღმერთი დაჰპირდათ, რომ
ზეციდან თავის წმინდანს მოუვლენდა, რომელიც სამართლიანად იწოდებოდა მათ მეფედ და
რომელიც, ღმერთისავე პირობის თანახმად, ქალწულის მეშვეობით მოევლინებოდა
დედამიწას. თუმცაღა, ჩემი მმართველობის ჟამს, როცა იუდეაში გამოჩნდა იგი და იხილეს, თუ
როგორ უბრუნებდა თვალის სინათლეს ბრმებს, როგორ კურნავდა კეთროვნებს, როგორ
აჯანსაღებდა დამბლადაცემულებს, როგორ დევნიდა ბოროტ სულებს ადამიანთაგან და უფრო
მეტიც - როგორ აღადგენდა მკვდრებს, როგორ უბრძანებდა ქარებს ჩადგომას, როგორ
დააბიჯებდა ზღვის ტალღებზე ისე, რომ არც კი სველდებოდა, როგორ სჩადიოდა ბევრ სხვა
სასწაულს და იუდეველთა მთელი ხალხი როგორ აღიარებდა მას ღვთის ძედ,
მღვდელთმთავრები შეიძრნენ შურით მის მიმართ, შეიპყრეს იგი და მე მომგვარეს. ერთი
მეორეზე უარეს ტყუილს ამბობდნენ, ბრალს სდებდნენ მას, თითქოს გრძნეული იყო და მათი
სჯულის წინააღმდეგ მოქმედებდა. მე დავიჯერე მათი ტყუილი, ვბრძანე გაემათრახებინათ
იგი და მათ ნებას მივანდე მისი ბედი. შემდეგ ჯვარს ვაცვი და დავუყენე მცველები, რათა მისი
სამარხისთვის ედარაჯათ. მაგრამ იუდეველები ისე იყვნენ ბოროტებისგან ძლეულნი, რომ
ჩემი ჯარისკაცები მოისყიდეს და უთხრეს: „თქვით, რომ მოწაფეებმა მოიპარეს მისი
სხეულიო“. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მცველებმა ფული აიღეს, გაჩუმება მაინც ვერ
შეძლეს იმის შესახებ, რაც მომხდარიყო. ანუ, დაადასტურეს, რომ აღდგა და რომ ეს მათ
თვითონ იხილეს, ამასთან - აღიარეს, რომ ფული აიღეს იუდეველთაგან. ეს ყველაფერი
მოგახსენე, რათა ვინმემ ტყუილი არ თქვას იმაზე, რაც მოხდა და შენც არ იფიქრო, რომ
იუდეველთა ტყუილები სარწმუნოა.
თ. მთვარელიძე აპოკრიფული სახარებები

2. პილატე პონტოელის წერილი ტიბერიუსისადმი

(დაწერილია აღორძინების ეპოქაში. ტექსტი აღმოსავლური წარმომავლობისაა. პილატე


ცდილობს თავი იმართლოს იმპერატორ ტიბერიუსთან ქრისტეს შეპყრობისა და მოკვდინების
გამო და მთელი ბრალი იუდეველებს აჰკიდოს).

პილატე პონტოელი მიესალმება იმპერატორ ტიბერიუს კეისარს. რაც შეეხება იესო ქრისტეს,
რომლის შესახებაც საუბარი მქონდა ბოლო წერილში, ხალხის სურვილის თანახმად, მას
სასტიკი სასჯელი დაუდგინდა. მე ამ სურვილის მიმართ შიშით განვიმსჭვალე და არ ვიყავი
მომხრე მისი აღსრულებისა. ზევსს ვფიცავ, ისეთი სათნო და სამართლიანი კაცი იყო, როგორიც
არავინ ყოფილა და ვერც ვერავინ იქნება. მაგრამ ადამიანთა მცდელობები, სწავლულთა და
მღვდელთმთავართა ერთსულოვნება - ჯვარს ეცვათ ჭეშმარიტების მოციქული, ყურადსაღები
იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მოწაფეებმაც გააფრთხილეს ისინი და გრძნეულმა
ქალებმაც. როდესაც ჯვარს აცვამდნენ, ზებუნებრივი ნიშნები მოგვევლინა, რომლებიც,
ფილოსოფოსთა მსჯელობის თანახმად, მთელი სამყაროს დაღუპვის მაუწყებელია. მისი
მოწაფეები აქტიურად მოქმედებენ: საკუთარი მძლავრი ცხოვრებით მასწავლებელს კი არ
უმტყუნეს, არამედ მისი სახელით სჩადიან კეთილ საქმეებს. განსაკუთრებული შიში რომ არ
მქონოდა ხალხის წინააღმდეგობისა, რომელიც სადაცაა აჯანყებას იწყებდა, შესაძლოა ამ
ადამიანს ახლაც ეცოცხლა ჩვენივე სიკეთისათვის. უფრო მეტად შენი დიდებულების
ნდობისაგან იძულებული, ჩემი სურვილის წინააღმდეგ, არც კი ვცადე მთელი ჩემი ძალით
შევწინააღმდეგებოდი ამ მართალი ადამიანის სისხლის დაღვრას, ყოველგვარი ბრალდების
წინააღმდეგ აღვმსდგარიყავ. ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რომელიც ადამიანთა
ძალადობას ეფუძნებოდა, მითუმეტეს რომ ეს ნიშნავდა მათსავე დაღუპვას, რაც წმინდა
წერილებშიც დასტურდება. სიხარული შენდა! აპრილის მეხუთე კალანდა.
თ. მთვარელიძე აპოკრიფული სახარებები

5. პილატეს წერილი ჰეროდესადმი

(წერილის სირიული ვერსია მე-5 საუკუნით თარიღდება, ბერძნული კი - მე-15 საუკუნით. წერილში
საუბარია პილატესა და მისი ცოლის პირადი გამოცდილება და სასწაულები, რომლებსაც ისინი
შეესწრნენ ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ. წერილი პილატეს წარმოაჩენს ნამდვილ მოწამედ
და მისი გამართლებისა და წმინდანად ქმნის ერთ-ერთ მცდელობად გვევლინება).

1. პილატე, იერუსალიმის მმართველი, მიესალმება ტეტრარქ ჰეროდეს. სწორი არ იყო ის, რაც
შენგან ზეწოლით ჩავიდინე იმ დღეს, როდესაც იუდეველებმა იესო მომგვარეს - ქრისტედ
წოდებული, რომელიც ჯვარს ეცვა და როგორც მითხრეს, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა.
იძულებული გავხდი, გალილეაში ჩემი ხალხი გამეგზავნა, რომლებმაც იგი ძვალ-
ხორცქმნილი ნახეს და იხილეს, თუ როგორ ასწავლიდა თავის დოგმებს ხუთასზე მეტ
ღვთისმოსავ ადამიანს, რომლებიც მას აღიარებენ შიშის გარეშე და უფრო მეტიც - ქადაგებენ
მის აღდგომას და ადიდებენ მის მარადიულ სასუფეველს, ამბობენ, რომ მისი წმინდა
მოძღვრებით ზეცა ნათდება და მიწა განიწმინდება.

2. ჩემმა მეუღლემ - პროკლამაც ირწმუნა იმ ხილვებისა, მას რომ მოევლინა: მან წინდაწინ ნახა,
რომ შენი რჩევით, მე ჯვარცმისთვის გადავცემდი მას და ამიტომ მიმატოვა. თან წაიყვანა ათი
ჯარისკაცი და მისი სანდო ასმეთაური ლონგინოზი, რომელიც აღდგომის სასწაულს
შესწრებია. ისინი იესოს საძებნელად წავიდნენ და იხილეს იგი, თუ როგორ იჯდა მოხნულ
მინდორში და ქადაგებდა მამამისის დიდებულებას ხალხის წინაშე, ყველა მას შეჰხაროდა და
გაოცებულნი იყვნენ იმით, რაც იწვნია - რომ ჯვარცმის შემდეგ მკვდრეთით აღდგა. დაინახა
მან ისინი (პროკლა და ლონგინოზი) და უთხრა: „ჯერაც არ გწამთ ჩემი, პროკლა და
ლონგინოზ? განა შენ არ იცავდი ჩემს სამარხს? დიაცო, განა შენ არ გააფრთხილე შენი ქმარი
ჩემზე? [...] და მამაჩემის აღთქმას, რამდენადაც ყოველ წარწყმედილ ხორცს მე თავადვე
დავაბრუნებ სიცოცხლეში ჩემი სიკვდილით, რომელიც უკვე იხილეთ, მე - ვინც ბევრი რამ
დავითმინე და ავმაღლდი. ახლა კი შეისმინეთ, რომ არ დაიღუპება ადამიანი, რომელიც
ირწმუნებს ჩემსას და მამაჩემისას, ვინაიდან მე გავანადგურე სიკვდილის ტკივილები და
დავთრგუნე ეს მრავალთავა ურჩხული. ჩემს მეორედ მოსვლისას კი ყოველი, ვისაც აქვს
სხეული და გონი, აღდგება და განგვადიდებს მამაჩემს და მე, რომელიც პილატე
პონტოელისგან ვეცვი ჯვარს.“ ეს მოისმინეს პროკლამ და ასისთავმა ლონგინოზმა და
ირწმუნეს იესოს ვნება. ჯარისკაცები კი, რომლებიც მათთან ერთად წავიდნენ,
დამწუხრებულნი და მტირალნი დაბრუნდნენ უკან და მიამბეს ყოველივე. როცა ეს მოვისმინე,
სხვა ჯარისკაცებსა და მათ წინამძღოლებსაც ვამცნე და ისინიც მწუხარედ ტირიან ყოველდღე,
ფიქრობენ რა იმ ბოროტებაზე, რაც მის წინაშე ჩაიდინეს. მე თავადაც, ჩემი ცოლის ტკივილთა
გამო, ვმარხულობ და მიწაზე მძინავს [...] უფალი კი მოვიდა და წამოგვაყენა მე და ჩემი ცოლი
მიწიდან. და როდესაც მის დასანახად შევტრიალდი, მის სხეულზე ნაიარევი ნიშნები
შევამჩნიე. მან კი ხელები მხარზე დამადო და თქვა: „ყველა თაობა, ყველა ტომი მადლიერი
იქნება შენი, რადგან შენი ზეობისას მოკვდა ძე კაცისა, აღდგა იგი და ცად ავიდა და ზის იქ -
მაღლა და შეიტყობს დედამიწის ყოველი ტომი, რომ მე ვარ იგი, ვინაც უნდა განსაჯოს
ცოცხალნი და მკვდარნი უკანაკნელ ჟამს.“
თ. მთვარელიძე აპოკრიფული სახარებები

6. ჰეროდეს წერილი პილატეს

(წინა წერილის გაგრძელებას წარმოადგენს. ტექსტი ბერძნული წარმოშობისაა და სავარაუდოდ, მე-6


საუკუნეში უნდა შემქნილიყო. ტექსტში აღწერილია ჰეროდეს სინანული იესოს ჯვარცმის გამო მას
შემდეგ, რაც მთელი რიგი უბედურებებისა დაატყდა თავს და წარმოადგენს საბოდიშო წერილს
პილატესთან).

1. ჰეროდე, გალილეის ტეტრარქი მიესალმება პილატე პონტოელს, იუდეველთა მმართველს.


შენს ღვთიურ წერილთა პასუხად, დიდი მწუხარებით გწერ ამას და ვიცი, შენც დამწუხრდები,
როდესაც შეიტყობ, რომ ჩემი საყვარელი ასული, ჰეროდია მდინარის ნაპირას თამაშისას
წყალმა იმსხვერპლა: უეცრად ამოვარდა მდინარე ნაპირებზე და ყელამდე დაფარა იგი,
დედამისმა კი მაშინვე დაიჭირა თავით, რომ წყალს არ გაეტაცა, მაგრამ ბავშვს თავი მოძვრა და
ჩემს ცოლს შერჩა ხელში. დანარჩენი სხეული წყალმა წაიღო, ჩემი ცოლი კი - მუხლებში ბავშვის
თავით, განუწყვეტლივ მოთქვამდა და იგლოვდა, ისევე როგორც მთელი ჩვენი სახლეული.

2. მეც ძალზე დამწუხრებული ვარ იესოს სიკვდილის გამო. მინდა მოვიდე, ვიხილო იგი,
ფეხებში ჩავუვარდე და რამე მოვისმინო მისგან, რადგანაც ბევრი ბოროტება გავუკეთე მასაც
და იოანე ნათლისმცემელსაც, ახლა კი სამართლიანად ვისჯები, იმიტომ რომ მამაჩემმა უცხო
ბავშვთა სისხლით მორწყო მიწა იესოს გამო, მე კი იოანე ნათლისმცემელს მოვკვეთე თავი.
სამართლიანია ღვთის სასჯელი, ვინაიდან ყველას იმის მიხედვით მიეგება, რასც ფიქრობს.
რაკიღა შენ იესოს ნახვა შეგიძლია, ჩემთვისაც გაისარჯე და მიშუამდგომლე, რადგანაც შენ
გადმოგეცა ერთა მეუფება, წინასწარმეტყველთა და ქრისტეს თანახმად. ლესბონაქსიც, ჩემი
ვაჟი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის. მრავალი დღეა უკურნებელი სენით იტანჯება
იგი და მეც ძალიან ავად ვარ, წყალმანკი მტანჯავს, პირიდან კი მატლები ამომდის. ჩემმა
ცოლმაც მეტისმეტი ტირილისგან მარცხენა თვალი დაკარგა.

3. სამართლიანია სასაჯელი ღვთისა, რადგანაც მართალი კაცის თვალწინ


ვლაზღანდარობდით. არ იქნება მშვიდობა მღვდელთმთავართა შორისო, ამბობს უფალი.
სიკვდილი უკვე ელით მათაც და ისრაელის შვილთა სენატსაც, რადგანაც უსამართლოდ
აღმართეს ხელი მართალ იესოზე. ამისათვის ზღავენ საუკუნეთა განმავლობაში, მანამ სანამ
ერები არ მოიგებენ უფლის სასუფეველს, საიდანაც განიდევნებიან სინათლის ძენი, იმიტომ
რომ არ მოვუფრთხილდით მას, რაც უფლისა და მისი ძისაგან მოგვენიჭა.

4. ამიტომაც გთხოვ, აღასრულო სამართალი, შენს ცოლსაც და შენც მუდამ გახსოვდეთ იესო,
დაე თქვენი იყოს სასუფეველი, რადგანაც ჩვენ მართალი კაცი დავღუპეთ. ისე კი, პილატე, თუ
კვლავ შევხვდებით, რაკიღა ერთ აზრზე ვდგავართ, იზრუნე ჩემი ოჯახის დაკრძალვაზე,
ვინაიდან უფრო სამართლიანი იქნება შენ დაგვკრძალო, ვიდრე მღვდელთმთავრებმა,
რომლებიც მეყსეული განადგურებისთვის არიან განწირულნი. იხარებდე!

5. გიგზავნი ჩემი ცოლის საყურეებსა და ჩემს ბეჭედს. გახსოვდეს, რომ ჩემს უკანასკნელ დღეს
უნდა დამიბრუნო ისინი. მე კი უკვე ვისჯები ამ ცხოვრებაში, რაკიღა პირიდან მატლები მდიან,
მაგრამ კიდევ უფრო მეტად მეშინია მომავალი სამსჯავროსი, რადგანაც იქ ღვთის სასჯელი
მელის. აქაურ ცხოვრებას კი ყველა დავაღწევთ თავს, რადგანაც ცოტა ხნით ვარსებობთ აქ,
მაგრამ იქაური სამსჯავრო და ჩვენი საქმეებისამებრ განსჯა მარადიული იქნება.
თ. მთვარელიძე აპოკრიფული სახარებები

7. პილატეს შეპყრობა

(დაწერის თარიღი უცნობია, მაგრამ ტექსტი აღმოსავლური წარმომავლობისა უნდა იყოს. მასში
აღწერილია კეისრის მიერ პილატეს შეპყრობისა და განსჯის ამბავი, ასევე მოთხრობილია, თუ როგორ
დასაჯა და განდევნა ლუკიანემ ებრაელთა ტომი კეირსრის ბრძანებით).

1. როდესაც ამ წერილებმა რომში ჩააღწიეს და კეისარმა და მისმა გარემოცვამ წაიკითხეს ისინი,


ყველა გაოგნდა, რადგანაც პილატეს უსამართლობის გამო, ბნელმა მოიცვა და შეძრა მთელი
დედამიწა. რისხვით აღივსო კეისარი, გაგზავნა თავისი ჯარისკაცები და უბრძანა მათ,
ბორკილდადებული პილატე მასთან მოეყვანათ.

2. როდესაც პილატე რომში ჩამოიყვანეს და კეისარმა შეიტყო ეს ამბავი, ღმერთების ტაძარში


მოიხმო მთელი სენატი, ჯარი, თავის ძალოვანთა სიმრავლე და უბრძანა პილატეს, მის წინაშე
წარმდგარიყო. მაშინ უთხრა მას: „როგორ გაბედე ამის ჩადენა, უღირსო, როცა ასეთი დიდი
ნიშნები იხილე იმ კაცთან დაკავშირებით? ამ ბოროტი ქმედების გაბედვით ხომ მთელი
სამყარო დაღუპე“.

3. პილატემ უპასუხა: „მეუფეო, იმპერატორო, მე უბრალო ვარ, რადგანაც ამ ყველაფერში


დამნაშავე მოძალადე იუდეველი ხალხია“. კეისარმა ჰკითხა: „და ვინ არიან ისინი?“. პილატემ
მიუგო: „ჰეროდე, არქელაოსი, ფილიპე, ანნა და კაიაფა, ასევე - იუდეველთა მთელი ბრბო“. და
ჰკითხა კეისარმა: „რატომ დაჰყევი მათ რჩევას?“ პილატემ კი უპასუხა: „ეს ხალხი ამბოხებულია
და არ გემორჩილებიან, არ უსმენენ შენს ბრძანებებს“. და მიუგო კეისარმა: „როდესაც იგი შენ
გადმოგცეს, უსაფრთხოებაზე უნდა გეზრუნა და ჩემთან გამოგეგზავნა იგი, ჯვარს კი არ უნდა
გეცვა და არც მათ უნდა დამორჩილებოდი, რადგანაც იგი მართალი კაცი იყო და ამგვარ
საკვირველებებს სჩადიოდა, რასაც შენ თვითონვე აღნიშნავ. ეს სასწაულები ადასტურებს, რომ
იესო ანუ ქრისტე იუდეველთა მეფე იყო“.

4. როდესაც კეისარმა ეს თქვა და ქრისტეს სახელი ახსენა, უცებ სენატის თვალწინ ყველა
ღმერთის ქანდაკება წაიქცა და მტვრად იქცა, კეისრის გარემოცვა კი შეშინდა ღმერთების
დაცემით და ყველანი, შიშით აღვსილები, დაიფანტნენ, საკუთარ სახლებს მიაშურეს ამ
ფაქტით გაოცებულებმა. კეისარმა ბრძანა მაშინ, რომ დაეცვათ და ედარაჯათ პილატესთვის
მანამ, სანამ თვითონ ჭეშმარიტებას შეიტყობდა იესოზე.

5. მეორე დღეს კეისარმა სენატი კაპიტოლიუმზე შეკრიბა და სცადა, კვლავ დაეკითხა პილატე.
კეისარმა დაიწყო: „თქვი სიმართლე, ურჯულოვ, რადგან შენი უგუნური დამოკიდებულების
გამო იესოსადმი, აქაც კი იჩინა თავი შენ მიერ ჩადენილ ბოროტებათა შედეგმა, როცა
ღმერთების დამსხვრევა ვიხილეთ. ახლა კი აღიარე: ვინ არის ის ჯვარცმული, ვისმა სახელმაც
დაამსხვრია ყველა ღმერთი?“ პილატემ მიუგო: „ჭეშმარიტად, ყველაფერი ნამდვილია, რასაც
მის შესახებ ამბობენ. მის საქმეთაგან მეც კი დავრწმუნდი, რომ იგი ყველა იმ ღმერთზე მაღლა
დგას, ვისაც ვეთაყვანებით“. კეისარმა კი თქვა: „მაშ რატომ ჩაიდინე ასეთი უგუნური საქციელი
მის მიმართ, როცა ყოველივე უწყოდი მასზე, თუკი შენ ჩემი მეუფებისთვის ზიანის მიყენება
არ გსურდა?“ პილატემ უპასუხა: „ეს ურჯულო და უღმერთო იუდეველების ამბოხისა და
უკანონობის გამო ჩავიდინე“.
თ. მთვარელიძე აპოკრიფული სახარებები

6. მაშინ რისხვით აღსავსე კეისარმა სენატთან და თავის ძალებთან ითათბირა და ბრძანა, რომ
შემდგომი ვერდიქტი გამოეტანათ იუდეველებისთვის: „ლუკიანე, აღმოსავლეთის
მამრთველო, სალამი შენდა! შევიტყვე, რომ ეს-ესაა იმ იუდეველებმა, რომლებიც იერუსალიმსა
და მის შემოგარენში მდებარე იუდეურ ქალაქებში ცხოვრობენ, გაბედეს და უკანონო საქციელი
ჩაიდინეს, აიძულეს რა პილატე - ჯვარს ეცვა იესო, რომელიც ღმერთადაა აღიარებული. მათი
ამ დანაშაულის გამო, სამყარო ბნელმა მოიცვა და წარწყმედისაკენ მიემართება. ამიტომ,
ახლავე გაემართე იქ ჯარის დიდ განაყოფთან ერთად და გამოუცხადე მათ, რომ ამ ბრძანებით
ისინი დაპატიმრებულები არიან. მორჩილად აღიძარი მათ წინააღმდეგ, მიმოფანტე ისინი
ყველა ერში, აქციე მონებად და განდევნე იუდეიდან, რათა მათი ერი ისეთი უმნიშვნელო
გახდეს, რომ ვეღარსად ვეღარ გამოავლინოს საკუთარი თავი, რაკიღა ისინი სავსენი არიან
ბოროტებით.“

7. როდესაც ამ ბრძანებამ აღმოსავლეთის ქვეყანაში ჩააღწია, ლუკიანე შიშით დაემორჩილა მას


და იუდეველთა ტომი დაშალა, ხოლო ვინც იუდეაში დარჩა - მონებად აქცია და წარმართების
სამსახურში ჩააყენა, რათა კეისარს გაეგო რაც მოიმოქმედა ლუკიანემ უდეველთა წინააღმდეგ
და ნასიამოვნები დარჩენილიყო.

8. კეისარმა კი მაინც გადაწყვიტა, რომ პილატე დაესაჯა და ერთ-ერთ არქონტს - სახელად


ალბიონს უბრძანა, პილატესთვის თავი მოეკვეთა და თან უთხრა: „როგორც ამ კაცმა აღმართა
ხელი იმ მართალ კაცზე, რომელსაც ქრისტეს უწოდებდნენ, ისე უნდა აღესრულოს იგი, იმავე
გზით, ხსნის გარეშე“.
თ. მთვარელიძე აპოკრიფული სახარებები

8. პილატეს სიკვდილი

(ტექსტის პირველადი ვერსია ლათინურენოვანია და შუა საუკუნეებით თარიღდება. ტექსტი


მოგვითხრობს პილატეს მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ.)

1. როდესაც პილატე სამსჯავროს ადგილას მივიდა, ჩუმად ლოცულობდა: „უფალო, ნუ


წარმწყმედ მე ბოროტ ებრაელებთან ერთად, რადგანაც ურჯულო იუდეველები რომ არა, მე
არასდროს აღვმართავდი ხელს შენზე. მაგრამ ისინი ჩემ წინააღმდეგ აჯანყებას გეგმავდნენ და
შენც იცი, რომ უგუნურებით ჩავიდინე ყოველივე. ამიტომაც ნუ წარმწყმედ ამ ცოდვისათვის,
არამედ მომიტევე მე, უფალო, ისევე როგორც მხევალს შენსას პროკლას, რომელიც ჩემი
სიკვდილის ჟამს გვერდით მიდგას და რომელსაც წინასწარმეტყველებით განუცხადე შენ, რომ
ჯვარზე უნდა გაკრულიყავი. ნუ განსჯი მას, ჩემი ცოდვისთვის, არამედ მოგვიტევე ჩვენ და
მიგვიჩინე ადგილი შენს მართალთა შორის.“.

2. როგორც კი პილატემ ეს ლოცვა დაასრულა, ზეციდან ხმა გაისმა: „ერთა ყოველი ტომი და
თაობა ნეტარგყოფს შენ, რადგანაც შენი მმართველობის ჟამს აღესრულა ყოველი, რაც ჩემ
შესახებ თქმულა წინასწარმეტყველთა მიერ. შენ თავად კი ჩემს წმინდა მოწამეებს შორის
იქნები ჩემი მეორედ მოსვლის ჟამს, როდესაც ისრაელის თორმეტ ტომსა და იმათ განვსჯი,
ვინაც არ აღიარა სახელი ჩემი“. მაშინ პრეფექტმა პილატეს თავი მოჰკვეთა და მაშინვე დაიტაცა
იგი უფლის ანგელოზმა. პროკლამ კი, მისმა მეუღლემ იხილა, თუ როგორ ჩამოვიდა ანგელოზი
და აიღო პილატეს თავი. სიხარულით აღვსილმა პროკლამ მაშინვე განუტევა სული და თავის
ქმართან ერთად დაიმარხა.

You might also like