Professional Documents
Culture Documents
აპოკალიფსურ დროსა და "აპოკალიპტიკოსებზე"
აპოკალიფსურ დროსა და "აპოკალიპტიკოსებზე"
რელიგია
ჩვენი დრო აპოკალიფსურია, მაგრამ როდის არ იყო ის ასეთი? ქრისტიანები ჯერ
კიდევ მოციქულთა დროს ხედავდნენ ბოროტების დემონურ განსახიერებას და
გამოვლინებას მათ გარემომცველ სამყაროში, სისხლიანი დევნის დროს ერთგვარად
საკუთარი თვალით ჭვრეტდნენ აპოკალიფსის აჩრდილს და “ქვესკნელის მხეცის”
შავბნელ მოხაზულობას, რომელსაც ეკლესიის – ქრისტეს სასძლოს დაფლეთა ისე
სურდა, როგორც ლომები გლეჯდნენ ქრისტიანთა სხეულებს რომის კოლიზეუმის
კედლებში. მსოფლიო ისტორიის მოვლენებში ისინი წინასწარ შეიგრძნობდნენ
მომავალ კატასტროფებს და აპოკალიფსური სურათების კონტურები მათ თვალწინ
სულ უფრო ნათლად და მკაფიოდ იკვეთებოდა. აპოკალიფსი დედამიწაზე ქრისტეს
მოსვლის დროიდან დაიწყო. იოანე ღვთისმეტყველი პატმოსზე ჭვრეტდა, რა არის და
რა იქნება.
როცა სიბერე დგება, ამბობენ: “ახლოსაა სიცოცხლის ბოლო”. მაგრამ ის რამდენ ხანს
გასტანს, არავინ იცის, შესაძლოა, სიჭაბუკეზე ხანგრძლივიც აღმოჩნდეს. მთიდან
დაშვებას მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ასვლას. ახლა, ისევე, როგორც ადრე, ქრისტიანები
ცოდვის მზარდ ძალას და სიკეთის მოკლებას – მსოფლიოს ამ ზნეობრივ ენთროპიას
ხედავენ. მაგრამ დრო, როცა ისტორიის უკანასკნელი გვერდი გადაიშლება, უცნობია.
უფალმა თქვა, რომ მალე მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად, მაგრამ
რომელ კოსმიურ განზომილებებშია ნათქვამი ეს სიტყვები, ჩვენ არ ვიცით. იოანე
ღვთისმეტყველის გამოცხადებაში წერია, რომ ნეტარ არიან ისინი, ვინც ამ წიგნს –
აპოკალიფსს კითხულობენ, ნეტარნი კი იმიტომ არიან, რომ დედამიწაზე სამუდამოდ
ცხოვრებით არ ცდუნდებიან, განსაცდელისათვის მზად არიან, რომ ბოროტების
საბოლოო დამარცხება და სიკეთის გამარჯვება უწყიან. მაგრამ აპოკალიფსის
ხილვები არ ფარავდა ქრისტიანთათვის მათი ცხოვრების მთავარ ამოცანას –
თავიანთი თავი სიკვდილისათვის და ქრისტესთან შესახვედრად მოემზადებინათ,
რაც ისტორიის ვადებისაგან დამოუკიდებლად მოხდება. მომავლის გახსნა
აიძულებდა მათ აპოკალიფსი საკუთარ გულებში ეძებნათ და ეხილათ, ანუ იქ, სადაც
ქრისტე ანტიქრისტეს ებრძვის, სადაც დემონი ადამიანის გულის ტაძრის დანგრევას
ლამობს, სადაც ადამიანი საკუთარ თავს ხან წმიდანთა შორის, ხანაც ბნელი ძალების
ხროვაში ხედავს. ეს შინაგანი აპოკალიფსი მოღვაწეთათვის იხსნებოდა, ისინი
საკუთარ თავს დასტიროდნენ, თავიანთ გულებში მსოფლიო ტრაგიზმს ჭვრეტდნენ
და გრძნობდნენ.