You are on page 1of 11

თემა – სამართალი და ხელისუფლება

1. ხელისუფლების ფილოსოფიურ-სამართლებრივი გაგება


2. ნება და ხელისუფლება;
3. სამართალი როგორც სახელმწიფო (პოლიტიკური) ხელისუფლების
ფორმირებისა და ბოჭვის საშუალება
4. წესრიგი, თანასწორობა, თავისუფლება, როგორც სახელისუფლო
Dდილემმა
5. ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის უფლება

1. ხელისუფლების ფილოსოფიურ-სამართლებრივი გაგება

1. ადამიანი თავისუფალი და ამავე დროს საზოგადოებრივი არსებაა. მისი


არსებობა შესაძლებელია მხოლოდ სხვებთან კავშირში. თითოეული ადამიანის `მეს~
გაცნობიერება სხვასთან მიმართების გარეშე შეუძლებელია, იგი არ არსებობს სხვასთან
(შენთან, ჩვენთან) შეხვედრის გარეშე.

2. ,,მესა” და ,,შენის” მჭიდრო კავშირი წარმოშობს ,,ჩვენის” პრობლემას. ,,ჩვენ”


არ წარმოადგენს ,,მეს” მრავლობით რიცხვს, ,,მეს” საერთოდ არ აქვს მრავლობითი, იგი
უნიკალური და განუმეორებელია. ,,ჩვენ” არის ,,მე“ და ,,შენი“ ურთიერთობა. ,,ჩვენ”
არის ერთიანობა, რომელიც უპირისპირდება მრავალსაც და განცალკევებულსაც.
ადამიანი, როგორც ,,მე” ვითარდება ,,ჩვენის” წიაღში. ,,მედ”, ,,შენად”, ,,იმად”
დაყოფა შესაძლებელია მხოლოდ ,,ჩვენის” ყოვლისმომცველი ერთობის საფუძველზე.

3. ,,ჩვენ” ადამიანის საზოგადოებრივი ყოფაა, სხვა ადამიანებთან თანაარსებობაა,


რაც მისი (ადამიანის) არსებობის არსებითი ნიშანია, მიუხედავად ამისა, საზოგადოება
არაა ბუნებრივი წარმონაქმნი (ერთადერთი ბუნებრივი საზოგადოება ოჯახია – რუსო),
არაა ბუნების მიერ ბოძებული და ეფუძნება გარკვეულ შეთანხმებებს ანუ ხელოვნურ
დათქმებს.

4. ადამიანთა ნებისმიერ კავშირში (ოჯახი, სასწავლებელი, სახელმწიფო და ა. შ.)


შეინიშნება ამ კავშირის წევრის – ,,მეს“, როგორც თავისუფალი არსების, მისწრაფება
თავისუფლებისაკენ – პიროვნული საწყისების რეალიზაციისაკენ. ეს გასაგებიცაა,
ვინაიდან ადამიანის ბუნება თავისუფლებაა, რის გამოც ჩნდება ,,მესა“ და ,,ჩვენის“ დაპი-
რისპირების შესაძლებლობა. ამიტომ, ,,ჩვენ” _ ანუ ადამიანთა თანაარსებობის, მათი
კავშირის შენარჩუნების აუცილებლობა, პიროვნებისგან (,,მესგან“), საკუთარი
თავისუფლების შეზღუდვას, მის გარკვეული დოზით დათმობას მოითხოვს
საზოგადოების (,ჩვენის“) სასარგებლოდ. ,,მესა“ და ,,ჩვენის“ მშვიდობიანი თანაარსებობა
წესრიგის არსებობას მოითხოვს. წესრიგი კი, რომელიც აუცილებელია ადამიანთა
კავშირის შენარჩუნებისათვის, გარკვეულად ზღუდავს კავშირის წევრის – პიროვნების
(,,მეს”) მისწრაფებას თავისუფლებისაკენ.

5. მაშასადამე, ადამიანთა ნებისმიერ კავშირში, ერთმანეთს უპირისპირდება,


პიროვნების (,,მეს”) მისწრაფება პიროვნული საწყისების რეალიზაციისაკენ და
საზოგადოებრივი ერთობის (,,ჩვენის”) შენარჩუნების გარდაუვლობა. იქმნება
ადამიანთა კავშირის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ხელოვნური დათქმები,
რომელთა ერთობლიობას წესრიგს უწოდებენ.

6. წესრიგი ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას და მიისწრაფვის ადამიანთა


კავშირის, როგორც მთელის (,,ჩვენის“) შენარჩუნებისათვის. წესრიგისათვის საზოგა-
დოებრივი საწყისია (,,ჩვენია“) მთავარი, თავისუფლებისათვის კი პიროვნული.

7. ადამიანთა ნებისმიერ კავშირში წესრიგს იცავს და ახორციელებს


ხელისუფლება ე.ი. ხელისუფლება ზღუდავს პიროვნულს, რითაც უზრუნველყოფს
ადამიანთა თანაცხოვრებისათვის ნორმალური პირობების შექმნას და ამ ფარგლებში
უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფლებას. ამ მსჯელობიდან გამომდინარე,
გამოდის, რომ ხელისუფლების მიერ პიროვნულის შეზღუდვა, პრინციპში, პიროვნების
სასარგებლოდაა მიმართული, რადგან, როგორც ჰეგელი აღნიშნავდა, პიროვნების
თავისუფლება სხვა პიროვნების გარეშე შეუძლებელია: „სხვაში უნდა იგრძნოს ნებამ
თავი თავისთან“.

8. როგორც ვხედავთ, ხელისუფლების აუცილებლობა განპირობებულია


ადამიანთა თანაცხოვრების (,,ჩვენის“) შენარჩუნების გარდაუვლობით. თუმცა,
საყურადღებოა, რომ ხელისუფლებას აქვს ტენდენცია, ,,ჩვენის“ სახელით, იქცეს
პიროვნებაზე (,,მეზე“) ზემწოლ და მისი ცხოვრების განმსაზღვრელ ძალად.

9. თანამედროვე იურიდიულ და ფილოსოფიურ ლიტერატურაში


ხელისუფლების სხვადასხვა ნიშნებზე მიუთითებენ:
ერთნი მას განსაზღვრავენ, როგორც სხვისი დამორჩილების უნარსა და
საშუალებას;
მეორენი, როგორც გარკვეული მიზნების განხორციელების საშუალებას;
მესამენი კი, როგორც ადამიანთა შორის ისეთი ურთიერთობების არსებობას,
როცა ერთნი იძლევიან ბრძანებებს, მეორენი ემორჩილებიან.

10. ზოგადად თუ ვიტყვით, ხელისუფლება მოვლენათა განვითარებაზე ზემოქმე-


დების შესაძლებლობაა. იგი ნებისმიერი საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზაციის
არსებითი ელემენტია და წარმოადგენს გარკვეული წესრიგის შენარჩუნებისა და
რეგულირების ინსტრუმენტს. რაც უფრო რთულია საზოგადოება (ადამიანთა კავშირი
– ,,ჩვენ“), მით უფრო რთულია ხელისუფლების ორგანიზაციაც.

11. ხელისუფლებას საზოგადოებაში, რაიმე უპირატესობის ნიშნის საფუძველზე,


ფლობს პიროვნება, პიროვნებათა გარკვეული ჯგუფი. ეს უპირატესობა, შეიძლება იყოს
ავტორიტეტის, შეიძლება ძალის ან სხვა სახის პრივილეგიის (ვთქვათ, სამართლიანობა,
სიმდიდრე და სხვა) საფუძველზე წარმოშობილი უპირატესობა.
12. ავტორიტეტის, იძულების თუ სამართლის საფუძველზე გარკვეული ნების
თავსმოხვევის შესაძლებლობას სხვის ნებაზე, ამ უკანასკნელთა წინააღმდეგობის
მიუხედავად, მათი მოქმედების გარკვეული მიმართულებით წარმართვის უფლებასა და
შესაძლებლობას ხელისუფლებას უწოდებენ.

13. როგორადაც არ უნდა მოვიხსენიოთ ხელისუფლება _ ,,ღმერთის სვლად


დედამიწაზე” (ჰეგელი); ,,ყველაზე ცივ საოცრებად ცივ საოცრებათა შორის” (ნიცშე) და
სხვა, იგი წარმოადგენს ,,ჩვენის“ ინტერესების დამცველს, მის ჩრდილს, თანაც ისეთ
ჩრდილს, რომელსაც აქვს ,,ჩვენისაგან“ გაუცხოვებისა და ტირანიად ჩამოყალიბების
შესაძლებლობა თუ ის შებოჭილი არ არის სამართლითა და თავისუფლების იდეით.
ინდივიდუალურ თავისუფლებასთან მიმართებაში ნაკლებმნიშვნელოვანია, თუ ვინ
ახორციელებს ტირანიას – ერთპიროვნული მმართველი თუ ხალხის უმრავლესობა.
უმრავლესობის ტირანიის შემთხვევაში ინდივიდის მდგომარეობა გაცილებით უფრო
რთულია, რადგან ამ შემთხვევაში მას უწევს საზოგადოებრივი აზრის და, მაშასადამე, ამ
საზოგადოებრივი აზრიდან მომდინარე სულიერი თუ ფაქტობრივი ძალადობის
დაძლევა.

2. ხელისუფლება, ძალა და ნება


14. ხელისუფლება არ შემოიფარგლება იძულებით. ხელისუფლება სულია.
ნებისმიერი ხელისუფლების არსი საბოლოო ანგარიშით სულზე ძალაუფლებაა.
ნაპოლეონს რუსეთში დამარცხების შემდეგ უთქვამს: "ყველაზე მეტად ამ ქვეყნად
მანცვიფრებს ფიზიკური ძალის უძლურება. სამყაროში ორი რამაა: მახვილი და სული,
საბოლოო ანგარიშით ყოველთვის იმარჯვებს სული".

15. ძალა არ ქმნის არანაირ და მათ შორის, არც სახელისუფლებო უფლებას.


ძალასთან მიმართებაში უფლება უაზრობად იქცევა: თუ ძალის გამოყენებით ვმართავ, ეს
სულაც არ ნიშნავს, რომ მართვის უფლება მაქვს, უფრო პირიქით, არ მქონია მართვის
უფლება და ამიტომ ვიყენებ ძალას; თუ იძულებული ვარ ვემორჩილებოდე, ეს ნიშნავს,
რომ არ მაქვს არც უფლება და არც მოვალეობა. ძლიერის უფლება მხოლოდ მის
ფაქტობრივ შესაძლებლობას – ძალას ეფუძნება და არანაირი სამართლებრივი თუ
ეთიკური ძირებით არაა გამაგრებული. უმაღლესი ხელისუფლება სამართალია. ამიტომ,
როგორც რუსო იტყოდა, ძლიერმა, რომ შეინარჩუნოს ბატონობა, ძალა უფლებად უნდა
აქციოს, ხოლო მორჩილება მოვალეობად. სამართალი საუკეთესო "ძალის პოლიტიკაა".
ძალა (ძალადობა) ძალადობის ობიექტის შიშს ეფუძნება. მოძალადეს ძალის იმედი აქვს
ჩემი შიშის გამო, საკმარისია მე არ შემეშინდეს და მოძალადეს ძალის იმედი აღარ
ექნება. კარგად თქვა სენეკამ ,,შენი ძალა არ არის ჩემს შიშზე მეტი, ვინც შეიძლება
მოკვდეს შეუძლებელია მისი იძულება“.

16. მიუხედავად იმისა, რომ ძალა აუცილებელი ატრიბუტია ადამიანთა


საზოგადოებრივი ორგანიზაციის შესანარჩულებლად, მასში და მის გარეთ წესრიგის
დასამყარებლად და დასაცავად, ხელისუფლება ნებას უფრო ეფუძნება, ვიდრე ძალას.
სახელისუფლებო ურთიერთობები გაშუალებულია ნების საშუალებით. შემთხვევითი
არაა, რომ თანამედროვე სანეცნიერო ლიტერატურაში ხელისუფლება განისაზღვრება,
როგორც ნებელობითი დამოკიდებულება ადამიანებს შორის. ნება აქტიურად
მოქმედებდეს სახელისუფლებო ურთიერთობებში, რადგანაც ხელისუფლების
წარმომშობი ძირები და მისი საყრდენი უპირველესად ადამიანის ფსიქიკაშია.
ნებისმიერი ხელისუფლება მართულთა მხრიდან აღიარებას ეფუძნება. ძალა ნებას
მოჰყავს მოქმედებაში. ძალა არ მუშაობს ადამიანის ნების გარეშე, ამიტომ
ხელისუფლების მთავარი საყრდენი ადამიანის სულია და არა ძალა და ძალადობა.

17. ხელისუფლების ერთ-ერთი სახე სახელმწიფო (პოლიტიკური)


ხელისუფლება იბადება რა ინტერესთა ბრძოლაში, გამოდის ძალის სახით და თავის
ნებას უქვემდებარებს სხვების ინტერესებს. მისი სამართლიანობის დაფუძნება ,,ხალხის
ნების” კატეგორიითაა შესაძლებელი. ხალხი საერთო საზრისით გაერთიანებულ
ადამიანთა სიმრავლეა. აქაც ნებაა ამოსავალი. ნება ადამიანის მიერ გადაწყვეტილების
მიღების უნარია, მისი საშუალებით მიზნიდან პრაქტიკულ მოქმედებაზე გადასვლა
ხდება. გადაწყვეტილების მიღებით, ანუ ნების საშუალებით ადამიანი თავს აღწევს
გაურკვევლობას და აყალიბებს ,,მეს”. წორედ ამ ,,მე”-თა ერთობლიობა, ხალხი, არის
ხელისუფლების ობიექტი.

18. სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის ფორმულა აუცილებლობით


გულისხმობს ნორმატიული აქტის ადრესატის შინაგან რწმენასაც, რა თქმა უნდა ამ
შინაგან რწმენას შეიძლება დაემატოს სხვადასხვა პროპორციით გარეგანი იძულებაც,
მაგრამ არსებითი შინაგანი რწმენაა. ცხადია, გადაწყვეტილება ხელისუფლების
ზეწოლით ანუ იძულების გზითაც შეიძლება იქნეს მიღებული, მაგრამ ამგვარად
მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის ფსიქიკა არასოდეს აღიქვამს სამართლად.
როგორც პროფესორი გიორგი ნანეიშვილი ასკვნის, იძულებას არ შეუძლია
გვიკარნახოს, რომ ჩვენ სამართლად განვიცადოთ ის, რაც თვით ფსიქიკაში არ
განიცდება ასეთად. იძულების არცერთ აქტს, თუნდაც იგი ნორმის შესრულების
მიზნით ხდებოდეს, _ არ შეუძლია გვაიძულოს, რომ შესრულებული განვიცადოთ,
როგორც სამართალი. Aასეთ შემთხვევაში ხელისუფლებისა და მისი ობიექტის _
ხალხის ურთიერთობა უსამართლო ხასიათს იძენს, რაც ხელისუფლების ობიექტს
(,,მე”-თა ერთობლიობას) წინააღმდეგობის უფლებას აძლევს (ამ საკითხზე უფრო
ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ).

19. როგორც ვხედავთ, ერთის მხრივ, ნება, კერძოდ, ხალხის ნება სახელმწიფო
ხელისუფლების დაფუძნების საშუალებაა, რაც განსაზღვრავს ხელისუფლების
უფლებას, დაიმორჩილოს სხვები, მობილიზაცია გაუკეთოს საზოგადოებას გარკვეული
მიზნების სარეალიზაციოდ, მიიღოს გადაწყვეტილებები და სხვა. სახვანაირად თუ
ვიტყვით, ხალხის ნება არის ხელისუფლების, როგორც პოტენციური იძულების (ამ
შემთხვევაში იძულების განხორციელების მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ
პიროვნებაში დადებითი რეაქციები გამოიწვიოს და აღძრას მასში მისწრაფება _
გაიაზროს და გადააფასოს საზოგადოების მიმართ თავისი დამოკიდებულება.)
ლეგიტიმაციის საფუძველი.
20. მეორე მხრივ, ხალხის ვალდებულება _ დაემორჩილოს ხელისუფლებას,
დათმოს თავისუფლების წილი და ჰქონდეს გარკვეული უფლებები და მოვალეობები
ანუ განახორციელოს ერთგვარი თვითიძულება _ ნებიდან მომდინარეობს. მართლაც,
როგორც აღვნიშნეთ, ხელისუფლება სხვების სოციალური სივრცის განსაზღვრის
შესაძლებლობაა ანუ სოციალური სუბიექტების მოქმედების სფეროს კონტროლისა და
შეზღუდვის საშუალებაა, მაგრამ ხელისუფლებამ ეს რომ განახორციელოს ასეთი
სივრცის საზღვრის გავლება ჯერ ადამიანის შინაგან სამყაროში უნდა შეძლოს, მის
ცნობიერებაში უნდა მოახერხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოდნა არ გადაიქცევა არც
ნორმად და არც მოქმედების წესად.

21. მაშასადამე, ხალხის (,,ჩვენის”) ნება არის ხელისუფლების უფლების


დაფუძნების საშუალება, მისით ფუძნდება ხელისუფლების უფლება ძალაზე, ანუ მისი
ძალაუფლება. ამდენად, ხალხის ნება, სახელმწიფო ხელისუფლების განუყოფელი
ნაწილია. შემთხვევითი არაა, რომ ტერმინი ,,ხელისუფლება“ სამართლის პრიორიტეტის
მაგულისხმებელი ტერმინია ძალასთან მიმართებაში. იგი მომდინარეობს
სიტყვისაგან ,,ხელი“, რაც ძველ ქართულში ,,წესს“, ,,რიგს“ ნიშნავდა (,,გაჭრა ხელია
მიჯნურთა...“). შესაბამისად, ტერმინი ხელისუფლება ეტიმოლოგიურად წეს-რიგის
უფლებას ნიშნავს),

3. სამართალი როგორც სახელმწიფო (პოლიტიკური) ხელისუფლების


ფორმირებისა და ბოჭვის საშუალება
22. თანამედროვე სამართლებრივი ცნობიერება სახელმწიფო ხელისუფლებას
განიხილავს, როგორც:
 თითოეული მოქალაქის ძირითადი უფლებების მაღიარებელსა და
დამცველს;
 ხალხის არა მხოლოდ ხელისუფლების ობიექტად, არამედ აგრეთვე მის
სუბიექტად მაღიარებელ ფენომენს;
 ხალხის არა მხოლოდ ქვეშევრდომად, არამედ ხელისუფლების მიზნად
მაგულისხმებელ მოვლენას;
 ხალხთან ერთად ერთი მიმართულებით მოქმედს;
 მოვალეობას და არა უპირატესობას.

23. არსებობს თეორიები, რომლებიც თვლიან, რომ სამართალი და სახელმწიფო


ხელისუფლება ფაქტობრივად ერთიდაიგივეა. ვფიქრობთ, ამგვარი მოსაზრებები ზუსტი
არ უნდა იყოს, არც იმ შემთხვევაში, სამართლად მხოლოდ ხელისუფლების მიერ
მიღებული კანონები რომ ჩავთვალოდ და მით უფრო, არც იმ შემთხვევაში, სამართლად
ბუნებით სამართალს თუ მივიჩნევთ. მართალია, ხელისუფლება სამართლებრივად
ორგანიზებული ინსტიტუტია და ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კანონის
ქმედითობა ეყრდნობა ხელისუფლების ავტორიტეტს, რომელიც სამართლით
მინიჭებული უფლებამოსილებით გამოდის, როგორც სამართლის ძალა, მაგრამ იგი
მხოლოდ ნორმატიული შინაარსით არ განისაზღვრება. ნებისმიერი ხელისუფლება
თავისთავში ინსტრუმენტულ ფუნქციასთან ერთად ღირებულებით ასექტებსაც
მოიაზრებს. ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს ,,მგრძნობიარობა ხალხის
ნებისადმი”.

24. ხელისუფლება და სამართალი ერთი და იგივე რომ არ არის, იქედანაც ჩანს,


რომ იგი არსის, ფაქტობრივის სფეროა და არა ჯერარსის, მაშინ, როცა სამართალი
ჯერარსის სფეროა. სამართალი, განსაკუთრებით ბუნებითი სამართალი, ხელისუფლების
შეფასების კრიტერიუმია. ხელისუფლება შეიძლება იყოს მეტნაკლებად სამართლებრივი.
ხელისუფლებისა და სამართლის გაიგივების შემთხვევაში ხელისუფლების
სამართლებრივი შეფასება შეუძლებელი იქნებოდა. სახელმწიფოში, ხშირად,
ხელისუფლების აქტიურობა სჭარბობს სამართლის აქტიურობას და თუ სამართალს
სახელისუფლებო საწყისის გარდა არ ექნებოდა სხვა საწყისები (სამართლიანობა, ზნეობა,
რელიგია და სხვა), მაშინ შეუძლებელი გახდებოდა ხელისუფლების სამართლებრივი
შებოჭვა თუ თვითშეზღუდვა, რადგან ხელისუფლებას კანონების (სამართლის) ცვლა
ხელეწიფება.
25. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება წარმოადგენს პოზიტიური
სამართლის აუცილებელ პირობას, იგი მას ანიჭებს სიცოცხლისუნარიანობას - აძლევს
მოქმედების შესაძლებლობას, სამართალი მაინც არ დაიყვანება ხელისუფლებაზე,
რადგან კანონებისა და ზოგადად სამართლებრივი ნორმების გარდა, სამართალი
შეიცავს სოციალურ-სამართლებრივ მოთხოვნებს (ბუნებით უფლებებს), რომლებიც
სამართლის ნორმებმა უნდა გარდაქმნან კანონიერ უფლებებად და მოაქციონ ისინი
იურიდიულ სფეროში. Eესეც რომ არ იყოს, თვით ხელისუფლებასაც არ შეუძლია
არსებობდეს სამართლის გარეშე, ამიტომ მათი უპირობო გაიგივება შეუძლებელია.

26. ხელისუფლება არ არის არც პოზიტიური სამართლის (კანონების)


ერთადერთი წყარო, პოზიტიურ სამართალში მნიშვნელოვანი წილი სამართლიანობის
იდეასაც ეკუთვნის, რომელიც ხელისუფლებაზე მაღლა მდგომია და სხვა
კრიტერიუმებით ყალიბდება. ასე, რომ ხელისუფლების
კანონშემოქმედებითი ,,მონოპოლიაც”, რის გამოც, ხშირად აიგივებენ ხელისუფლებას
და სამართალს ერთმანეთთან, იზღუდება როგორც ბუნებითი, ასევე ბუნებით
სამართალთან ნაზიარები საკუთრივ პოზიტიური სამართლითაც.

27. სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირება ხდება სამართლის საშუალებით.


სამართალი განსაზღვრავს ხელისუფლების შექმნის წესს, მის სტრუქტურას,
სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციებს, განხორციელების ფორმებს და სხვა. ამავე
დროს, სამართალი, ხელისუფლების მოქმედების არეალის შემოფარგვლით, ახდენს მის
ბოჭვას. ხელისუფლების შებოჭვის დონისა და კრიტერიუმის დადგენა ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების დიდი დოზით
შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს მისი იმდენად შესუსტება, რომ ვეღარ შეძლოს მასზე
დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
4. წესრიგი, თანასწორობა, თავისუფლება, როგორც სახელისუფლო დილემა
28. ორი მთავარი დილემა, რომელიც დგას ზოგადად ხელისუფლების წინაშე
გამომდინარეობს ხელისუფლების უძველესი და უახლოესი მიზნებიდან. უძველესი და
კლასიკური მიზანი წესრიგის დამყარებაა, უახლოესი კი თანასწორობის მიღწევა. ორივე
მნიშვნელოვანი ფასეულობაა, მაგრამ ხელისუფლებას არ შეუძლია მისდიოს ერთ-ერთ
მათგანს, მესამე მნიშვნელოვანი ფასეულობის – პიროვნული თავისუფლების გაწირვის
გარეშე. შეჯახება თავისუფლებასა და წესრიგს შორის ქმნის ხელისუფლების
თავდაპირველ დილემას, ხოლო შეჯახება თავისუფლებასა და თანასწორობას შორის,
თანამედროვე დილემას. Oორივე დილემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთიც და
მეორეც მოითხოვს სხვა ფასეულობის, კერძოდ, თავისუფლების რაღაც დონით
დათმობას.

29. ბუნებრივია, წესრიგი ზღუდავს თავისუფლებას და ამ არსი მდგომარეობს


შემდეგში, რა დონით უნდა შეზღუდოს მოქალაქის პიროვნული თავისუფლება
ხელისუფლებამ წესრიგის მისაღწევად. მართალია, ორივე ღირებულება
მნიშვნელოვანია და ორივე უნდა დაიცვას სახელმწიფომ, მაგრამ ორივეს ერთ დონეზე
დაცვა შეუძლებელია. ამიტომ უნდა გაირკვეს რა წესრიგსა და ვის თავისუფლებაზეა
ლაპარაკი. კონტროლმა და წესრიგმა შეიძლება შეზღუდოს ბოროტმოქმედთა
თავისუფლება, მაგრამ იგივე კონტროლი და წესრიგი ხომ ხელფეხს უხსნის
კეთილსინდისიერი მოქალაქეების თავისუფლებასა და თავისუფალ მოქმედებას?
ამიტომ ამ დილემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ საკითხი ასე უნდა დასვას:
კონკრეტულად ვისი და რისი თავისუფლებაა მისთვის მნიშვნელოვანი და მიიღოს
შესაბამისი გადაწყვეტილება ამ ორ ფასეულობას შორის ერთერთისთვის უპირატესობის
მინიჭების შესახებ.

30. აღნიშნული დილემის გადაჭრისას ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის


გადახდა უწევს, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში ვლინდება.
5. ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის უფლება
31. ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის უფლება დემოკრატიული და
სამართლებრივი ღირებულებების დაცვის უკიდურესი საშუალებაა. ამ უფლების
მიზანი დემოკრატიულ ღირებულებებს, სამართლიანობას, თანასწორობას,
თავისუფლებასა და მოქმედი სამართლის კონკრეტულ შემთხვევას შორის
დაპირისპირების მოხსნაა. იგი მოქმედი კანონის (ბრძანების, გადაწყვეტილების და
სხვა) ისეთი წინასწარგანზრახული დარღვევაა, რომელიც თავსდება ზოგადი
კანონიერების ფარგლებში. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უფლება ხორციელდება
ძალის გამოყენების გარეშე, მას საჯარო ხასიათი აქვს. მისი მშვიდობიანი და საჯარო
ხასიათი ხაზს უსვამს მოქმედი კონსტიტუციისა და სოციალური ინსტიტუტებისადმი
პატივისცემას. Aამ უფლებით პროტესტდება დემოკრატიისა და სამართლიანობის
საბაზისო ღირებულებების დარღვევა.

ტერმინები: კოსმოპოლიტიზმი; ლეგისტები; ლიბერალიზმი; ადამიანური ღირსება; ავთენტური;


ავტარკია

You might also like