You are on page 1of 4

ლექცია 4

საბჭოთა წარსულის ტრავმული მეხსიერება

ნაწილი 2
სტალინური რეპრესიები - გამოუგლოვებელი ტრავმა

არსებობს ტრავმული მოვლენები, რომლებიც ტრავმად ვერ ჩამოყალიბდა, ანუ,


სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი ვერ იქცა საზოგადოების ან მისი რომელიმე ჯგუფის
საზიარო მეხსიერების ნაწილად. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ზოგჯერ
მომდევნო მტკივნეული ან ტრიუმფალური მოვლენები გადაფარავს ამ მოვლენის
მეხსიერებას; სხვა შემთხვევებში თავად ტრავმული მოვლენა რთული წარსულის
ნაწილია, რომლის გახსენება სასახელო არ არის და მონაწილეები მას გაურბიან;
ხანდახან ტრავმის ამოთქმა არ ხერხდება რეპრესიების შიშით, ან პოლიტიკურ
ლიდერთა გადაწყვეტილების გამო.
როგორც ამერიკელი მკვლევარი ვამიკ ვოლკანი აღნიშნავს, კოლექტიური ტრავმა
კოლექტიური იდენტობის ქსოვილის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისტორიის მანძილზე
საზოგადოებები/ჯგუფები მრავალ ტრავმულ მოვლენას განიცდიან, მაგრამ მხოლოდ
ზოგი მათგანი ცოცხლობს საუკუნეების განმავლობაში. ამ ტრავმებიდან ზოგიერთი კი
ყალიბდება ე.წ. „რჩეულ ტრავმად“. ვოლკანის განმარტებით, ცნება „რჩეული ტრავმა“
აღნიშნავს იმ მოვლენის მენტალურ რეპრეზენტაციას, რომელმაც გამოიწვია დიდი
დანაკარგი, უმწეობისა და მსხვერპლად ყოფნის განცდა, რასაც საფუძვლად ედო მეორე
ჯგუფთან განცდილი მარცხი ან დამცირება. რჩეული ტრავმა ყალიბდება მაშინ, როცა
ტრავმული მოვლენით გამოწვეული დანაკარგის გამოგლოვება, ამა თუ იმ მიზეზით,
არ ხერხდება. ეს გამოცდილება ინახება მეხსიერებაში და გადაეცემა მომდევნო თაობას,
რომელმაც უნდა შეძლოს მისი გამოგლოვება და შელახული იდენტობის აღდგენა. თუ
შვილების თაობა ვერ უმკლავდება ამ ამოცანას, მაშინ ის, თავის მხრივ, ტრავმულ
მეხსიერებას და მის რეპრეზენტაციას გადასცემს მომდევნო თაობას.
თაობიდან თაობაზე გადაცემის პროცესში ტრავმული მეხსიერება იცვლის
ფუნქციას: ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის ისტორიული სიმართლე
მოვლენის შესახებ, - მნიშვნელოვანი ისაა, რომ გაზიარებული ტრავმა ერთმანეთთან
აკავშირებს ჯგუფის წევრებს და იდენტობის ქსოვილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
„ძაფად“ იქცევა. იგი შეიძლება ყოველთვის შესამჩნევი არ იყოს, შეიძლება გადაეჯაჭვოს
სხვა ძაფებს ან დიდხანს დარჩეს მთვლემარე მდგომარეობაში, მაგრამ შემდეგ
გააქტიურდეს და მძლავრ ფსიქოლოგიურ ძალად იქცეს. ასეთ დროს ჩნდება „დროის
კოლაფსი“: ტრავმა აქტიურდება, ცოცხლდება მასთან დაკავშირებული შიშები,
მოლოდინები, ფანტაზია, ცნობიერი და არაცნობიერი კავშირი მყარდება წარსულ
ტრავმასა და თანამედროვე საფრთხეს შორის და დიდი ხნის წინ მომხდარი ამბავი „ისე

1
განიცდება, თითქოს გუშინ მოხდა“1 (გავიხსენოთ კოსოვოს ბრძოლა - რჩეული მარცხი
სერბებისათვის; მილოშევიჩი).
1930-იანი წლების საბჭოთა რეპრესიები, რომელთაც საბჭოთა კავშირში „ხალხის
მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა, გამოუგლოვებელ (თუმცა არა რჩეულ) ტრავმათა
რიცხვს განეკუთვნება.
„ხალხის მტრებს“ მათ უწოდებდნენ, ვინც, ბრალმდებელთა სიტყვით, ნათელი
სოციალისტური მომავლის მშენებლობის გზაზე წინ ეღობებოდა მშრომელებს და მათ
მეთაურს - კომუნისტურ პარტიას. მათ შორის ისინიც ხვდებოდნენ, ვინც სრული
შეგნებით და ენთუზიაზმით იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და
განმტკიცებისათვის; ზოგი მათგანი მანამ, სანამ თავადაც რეჟიმის მსხვერპლად
იქცეოდა, თვითონ ებრძოდა „ხალხის მტრებს“; შემდეგ სხვების რიგი დგებოდა და ასე
მუშაობდა რეპრესიების მანქანა. მაგალითად, ასეთი ბედი ეწია ბუდუ მდივანს (1877-
1937), რომელიც 1903 წლიდან ბოლშევიკური პარტიის წევრი და საქართველოში
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ეკავა ყველაზე
მაღალი თანამდებობები (საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, რკპ(ბ)
კავკასიის ბიუროს წევრი, საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე,
საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე). იმის გამო, რომ მხარს
უჭერდა საქართველოს პირდაპირ (და არა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციის
მეშვეობით) გაწევრიანებას საბჭოთა კავშირში, ნაციონალ-უკლონისტად2 მონათლეს,
ოპოზიციური საქმიანობის ბრალდებით 1928 წელს პარტიიდან გარიცხეს და 3 წლით
ციმბირში გადაასახლეს. 1931 წელს შეცდომები მოინანია და განაცხადა, რომ წყვეტდა
ოპოზიციურ მუშაობას. 1936 წლამდე ეკავა საქართველოს სსრ სახალხო კომისართა
საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა. 1936 წელს ისევ
დააპატიმრეს „ტროცკისტულ-ჯაშუშური ცენტრის“ მუშაობაში მონაწილეობის
ბრალდებით. მასთან ერთად დააპატიმრეს მეუღლე, სამი ვაჟი და ქალიშვილი. 1937
წლის 9 ივლისს საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ ბუდუ მდივანს მიუსაჯა
სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა და განაჩენი მეორე დღესვე მოიყვანა
სისრულეში. დახვრიტეს მისი ოჯახის წევრებიც: ცოლი და სამი ვაჟი; ქალიშვილი ჯერ
გადაასახლეს, 1939 წელს კი დახვრიტეს. ოჯახის წევრებისგან ცალკე, 1937 წლის
აპრილში, მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში დააპატიმრეს ბუდუ მდივნის ვაჟი, 26
წლის აღიარებული ჩოგბურთელი არჩილ მდივანი, რომელსაც ბერიას მკვლელობის
მცდელობაში დასდეს ბრალი, დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი იმავე დღეს
აღასრულეს.

1
Volkan, Vamık D. When Enemies Talk: Psychoanalytic Insights from Arab-Israeli Dialogues, Zigmund Freud Lecture
(Vienna: 1999), p. 13-14; Vamık D. Volkan. Transgenerational Transmissions and Chosen Traumas. Opening Address, XIII
International Congress. International Association of Group Psychotherapy. August, 1998. „Transgenerational Transmissions
and Chosen Traumas: An Aspect of Large-Group Identity“. March 2001. Group Analysis 34(1): 79-97. DOI:
10.1177/05333160122077730
2
ნაციონალ-უკლონისტების შესახებ იხ.: მ. მაცაბერიძე. საბჭოთა კავშირი, კომუნისტური ტოტალიტარიზმის
აღზევება და დაცემა. თბილისი, 2023, გვ. 62-65.
2
1935 წელს, ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებით, მთაწმინდის პანთეონში დიდი
პატივით დაკრძალეს ბოლშევიკი რევოლუციონერი და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე
სიმონ ჯუღელი (1888-1935). ორი წლის შემდეგ კი, 1937 წელს, ბერიასავე ბრძანებით,
იგი მთაწმინდის პანთეონიდან გადაასვენეს, რადგან გაარკვიეს, რომ „ხალხის მტერი“
იყო.
1937-1938 წლები, რომელიც ისტორიაში „დიდი ტერორის“ სახელწოდებით
შევიდა. ამ წლებში რეპრესირებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. 1990-იან წლებში
გახსნილი საარქივო მასალების მიხედვით, 1936-38 წლებში, სულ მცირე, 1.7
მილიონი ადამიანი დააპატიმრეს და აქედან 725 ათასი დახვრიტეს. საქართველოში,
რომლის მოსახლეობა 2,5 მილიონს შეადგენდა, 29 051 ადამიანი გახდა
რეპრესიების მსხვერპლი, მათ შორის 14.372 დახვრიტეს, 14.679 გადაასახლეს. ამ
პროცესს პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.
რეპრესირებულთა შორის იყვნენ ე.წ. “კულაკები”, გლეხები, სასულიერო პირები,
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, მეცნიერები, მწერლები, მხატვრები,
პოეტები, პარტიული ფუნქციონერები, მაღალი თანამდებობის პირები, სამხედროები
და, უბრალოდ, რიგითი მოქალაქეები. მათ ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების
გარეშე ასამართლებდნენ და განაჩენი გამოჰქონდათ - ძირითადად, ამ საქმეს ე.წ.
„სამეული“ (ტროიკა) ასრულებდა, რომელიც სამი ადამიანისგან შედგებოდა – შინაგან
საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელისგან, პარტიული მდივნისა და
პროკურორისგან. სასამართლო პროცესი 5-10 წუთი გრძელდებოდა, მას ბრალდებული
არ ესწრებოდა, განაჩენიც უმისოდ გამოჰქონდათ და სისრულეშიც სწრაფად
მოჰყავდათ. გასაჩივრების უფლება არ არსებობდა. საყოველთაო შიშისა და ძალადობის
პირობებში, რეპრესიები ჩვეულებრივ ამბად იქცა, რასაც ადამიანები თანდათან
ეჩვეოდნენ.3
სტალინის გარდაცვალების შემდეგ რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაცია
მოხდა, თუმცა მათი უმრავლესობა ამ დროს ცოცხალი აღარ იყო. მათი ოჯახის
წევრებმა ამის დამადასტურებელი ცნობები მიიღეს.
სწორედ იმიტომ, რომ რეპრესიების საკითხი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში,
„პერესტროიკამდე“, ტაბუირებული იყო, ეს მოვლენა ვერ ჩამოყალიბდა
კოლექტიურ/კულტურულ ტრავმად და ეს პროცესი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ
დაიწყო, როცა უკვე არა თავად რეპრესირებულებმა, არამედ მათმა შვილებმა დაიწყეს
განცდილ ტრავმაზე საუბარი. შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც საგანგებოდ სწავლობენ
რეპრესიების საკითხს, აქვეყნებენ საარქივო მასალებს და მოგონებებს.
განსაკუთრებით მძიმე იყო იმ ადამიანების ტრავმა, რომელთა ოჯახის წევრები
საბჭოთა ხელისუფლების ერთგული, ხშირად სხვებისადმი დაუნდობელი სამსახურის
შემდეგ თავად გახდნენ რეპრესიების მსხვერპლნი. ზოგმა მშობლებისა და სხვა
წინაპრების რეპრესიებამდელი ამბავი ათეული წლების შემდეგ გაიგო. ცხოვრების

3
ქადაგიძე, თამარ. სტალინის „დიდი ტერორი“. ყველაზე მარტივი კითხვები 1937 წელზე.
https://jam-news.net/ge/stalinis-didi-terori-yvelaze-martivi-kitkhvebi-1937/
3
მანძილზე მათ არ ჰქონიათ განცდილზე ღიად საუბრის საშუალება; მათი ნაწილი
ტრავმას სხვადასხვა მხატვრული ხერხით, არაპირდაპირ გამოხატავდა.

სავალდებულო:
1. წიგნიდან „ალჟირის პატიმართა პორტრეტები - სტალინიზმის ისტორიიდან“.
თბილისი, 2008:
წინასიტყვაობა (ნინო ლეჟავა) - გვ. 5-8.
არსენი როგინსკი, ალექსანდრ დანიელი. აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს
მოღალატეთა ცოლებისათვის - გვ. 9-23.
ინტერვიუები დასახელებული წიგნიდან.
2. ლანა ღოღობერიძე. რაც მაგონდება და როგორც მაგონდება. თბილისი,
„ბენეფისი“ – GAT, 2003 ან მომდევნო გამოცემა.
3. ზაირა არსენიშვილი. „ვა სოფელო“; „რეკვიემი“; „ქარი ამწევი ფარდის“.
4. ნოდარ დუმბაძე. „მზიანი ღამე“.
მხატვრული ფილმები:
1. ლანა ღოღობერიძე. „ვალსი პეჩორაზე“.
2. რადიო თავისუფლება. ინტერვიუ ლანა ღოღობერიძესთან:
https://www.youtube.com/watch?v=p4sY4-CpGv4&fbclid=IwAR3LKhc3t_l0ZHCD_st-
XcLY6fYo2CiDkNr3r4iBsfqUP1oYyVxi7GRPlv4 (ნაწილები: დედა და მამა;
რეპრესირებულთა შვილი)
თავგადასავალი (ლანა ღოღობერიძე): https://www.youtube.com/watch?
v=4tTWPnath0s
3. დროის სუნთქვა (ზაირა არსენიშვილი). https://www.youtube.com/watch?
v=0EWEI_IWmNE
„დღის კოდი“ - ზაირა არსენიშვილი: https://www.youtube.com/watch?
v=zG1rJeU89NE
ნინო ბექიშვილის ინტერვიუ ზაირა არსენიშვილთან (სოვლაბი)
https://www.youtube.com/watch?v=EcIpEBSzVTk

დამატებითი საკითხავი:
1. მოგონებები წიგნიდან: დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული
ქალების შესახებ. თბილისი, 2012.
2. რუტა სეპეტისი. რუხ ჩრდილებს შორის. თბილისი, 2016.

მხატვრული ფილმი:
ლანა ღოღობერიძე. „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითებზე“

You might also like