Professional Documents
Culture Documents
ბიოგრაფია
ადრეული წლები
ჭაბუა ამირეჯიბის დედა იყო მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე.
აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეების,
დადიანების, გურიელებისა, მიქელაძეებისა და ნაკაშიძეების პირდაპირი
შთამომავალი იყო. მწერლის მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი –
ცნობილი ადვოკატი – ჩამომავალი ამირეჯიბებისა.
ვიკიციტატა
„მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი – ამირეჯიბი
მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის
თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და
კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა
საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი,
რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი
ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო,
ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც
საქართველოში, ასევე ბიზანტიაში – აქედან მოდის გვარის
წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის
მანძილზე ერთადერთი „ხეპრე“ გვარში – თქვენი მონა-მორჩილია:
ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული.
მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და
სწავლა მივატოვე.“
თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შედის
ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის
რადიოფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1938 წელს,
მესამე რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის დამატებითი წოდებით.
მომდევნო წელს მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ მწერალი
ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ
ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ კი გადავიდა ფილოლოგიის
ფაკულტეტზე.
დაკავება და სასამართლო
1943 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას, მწერალი ხდება „საქართველოში
საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“
საქმის მონაწილე. ორგანიზაციას, რომელში წევრობისთვისაც მწერალი
დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. 1944 წლის აპრილში მწერალს მიესაჯა
25 წლის პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ
მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და შეიცვალა უმაღლესი ზომით –
დახვრეტით.
თავისუფლება
ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი ოჯახური
პრობლემების წინაშე დადგა. მწერლის დედა დაბრუნდა სხვადასხვა
ბანაკში 10 წლიანი ყოფნის შემდეგ, მისი უმცროსი და ნათია ამირეჯიბი
დეიდებთან იზრდებოდა. მწერლის უფროსი და, როდამი მოსკოვში
ცხოვრობდა და ჯერ მიხაილ სვეტლოვის ცოლი იყო, ხოლო მისი
გარდაცვალების შემდეგ - ფიზიკოს ბრუნო პონტეკორვოს გაჰყვა ცოლად.
ამ პერიოდის შესახებ ოტია პაჭკორია შექმნის ლიტერატურულ
პორტრეტს „ჭაბუა და ბრუნო“. მწერლის და როდამი მეორე ქმრის
სიკვდილის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც 77 წლის ასაკში
გარდაიცვალა. როდამ ამირეჯიბი პატრონობდა დედასა და ჭაბუას
პატიმართა ბანაკებში და მარტოდდარჩენილ უმცორს დას, ნათიას
უვლიდა.
ოჯახი
ჭაბუა ამირეჯიბს ჰყავდა ექვსი შვილი სხვადასხვა ცოლისგან. მიაჩნდა,
რომ „ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ
ღმერთმა იმით დააჯილდოვა, 40 წლის განმავლობაში, ნამდვილ
მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ
თანხმობაში“.
ბერად აღკვეცა
2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად
დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად
აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე
სერაფიმემ მისსავე სახლში, თამარაშვილის გამზ. №8-ში შეასრულა. ამ
საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ
სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს
შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა
ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის
სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის
გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის
შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი
გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე
სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა,
რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი
მიულოცა.[3][4]
გარდაცვალება
ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის 12 დეკემბერს, 92 წლის ასაკში, საკუთარ
სახლში, თამარაშვილის ქუჩაზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ
გარდაიცვალა.[5] დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო
მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.[6]
შემოქმედება
პატარაობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს. დაახლოებით ოციდან
ორმოც წლამდე არაფერი დაუწერია, ბანაკებში ჭკუაში არ მოსდიოდათ
ამისთანა საქმიანობა. პატიმრობის შემდეგ სერიოზულად წერს.
რომანები
„დათა თუთაშხია“ (რომანი, წგნ. 1-2, 1973–1975)
„გორა მბორგალი“ (რომანი, 1984–1994)
„გიორგი ბრწყინვალე“ (რომანი, 2003)
მოთხრობები
გზა 1962
მოთხრობები „ჩემი მეჯღანე ბიძა“ (მოთხრობების კრებული, 1963)
„ხარის აღსარება“ (მოთხრობების კრებული,1964)
„გიორგი ბურდული“ (ნოველა, 1965)
ძია შოთას ბადია 1968
არაკების კრებული 1968
პრემიები და ჯილდოები
სსრკ-ის სახელმწიფო პრემია: 1979
საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე[7] : 1987
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია: 1994
საქართველოს სახელმწიფო პრემია: 1998
ღირსების ორდენი: 2001
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
თბილისის საპატიო მოქალაქე: 2001
საბა (ლიტერატურული პრემია): 2009
წმიდა გიორგის ოქროს ორდენი: 2009