Professional Documents
Culture Documents
დაიბადა 1050
გარდაიცვალა 1127
მოღვაწეობა ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, კალიგრაფი, მწერალი და
მთარგმნელი
არსენ იყალთოელი — XI-XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე,
ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი.
ცხოვრება და მოღვაწეობა
წყაროებში იხსენიება ვაჩესძედ. წარმოშობით იყალთოდან ყოფილა.
განათლება მიიღო ბიზანტიაში, ე.წ. მანგანის აკადემიაში. მისი
მასწავლებლები იყვნენ მიქაელ ფსელოსი და იოანე ნომოფილაქსი. აქვე
დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა. 80-იან წლებში წავიდა შავ
მთაზე (სირია), სადაც მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით.
მისი გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა მანგანის მონასტერში,
შემდეგ თეოფილე ხუცესმონაზონთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად
ჩამოსულა საქართველოში. მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში.
ტრადიციული ცნობის თანახმად, არსენ იყალთოელს დავით
აღმაშენებლის დახმარებით იყალთოს მონასტერთან დაუარსებია
იყალთოს აკადემია და მისი პირველი რექტორიც ყოფილა. საბოლოოდ
შიომღვიმის მონასტერში დამკვიდრებულა.
სამწიგნობრო მოღვაწეობა
არსენ იყალთოელმა თარგმა და ერთ კრებულში „დოგმატიკონში“
(ყველაზე სრული ნუსხაა S - 1463, XII-XIII სს.) გააერთიანა ბიზანტიის
მწერალთა ფილოსოფიური-თეოლოგიური თხზულებები: ანასტასი
სინელის „წინამძღვარი“, იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“, მისივე
რამდენიმე პოლემიკური ნაშრომი, თეოდორე აბუკარას პოლემიკური
ეპისტოლენი, მიქაელ ფსელოსის „პირმშოსათვის“, კირილე
ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის, ლეონ პაპის დოგმატურ-
პოლემიკური ეპისტოლენი, სტატიები და ტრაქტატები, მრავალი
უავტორო პოლემიკური თხზულება და სხვა. არსენ იყალთოელმა
თარგმნა აგრეთვე „დიდი სჯულისკანონი“, გიორგი ამარტოლის
„ხრონოღრაფი“ და სხვა.