You are on page 1of 15

რეფორმაციის ეპოქა გერმანიაში

ჰოლანდიელი ისტორიკოსი იოჰან ჰიუზინგა XV-XVI საუკუნეების პერიოდს ხატოვნად


,,შუა საუკუნეების შემოდგომას“ უწოდებს. ეს მართალია, რადგან ამ დროს მთელ ევროპაში
ფეოდალური ურთიერთობა ირღვეოდა და მის წიაღში ახალი, კაპიტალისტური ურთიერთობის
ელემენტები ისახებოდა. თვით რეფორმაციული მოძრაობაც, რომელმაც განსაკუთრებულ
გაქანებას გერმანიაში მიაღწია, ამ დროს ჩასახული ბურჟუაზიული ელემენტების აქტიურობით
იყო განპირობებული. მაშინდელი მოთხოვნების დიდი ნაწილი ბურჟუაზიულ შინაარსს
ატარებდა და მისგან გავლენას არც ლუთერი იყო მოკლებული.
მარტინ ლუთერი
ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა და თეოლოგმა მარტინ ლუთერმა
მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია გერმანიის ისტორიას. ამიტომ საფუძველს მოკლებული არ
არის იმ მოაზროვნეების აზრი, რომლებიც ამბობენ: ლუთერი რომ არა, გერმანიას არც ჰეგელი
ეყოლებოდა და არც კანტი. მან არამარტო აზროვნება წასწია წინ, არამედ სქოლასტიკისა და
კათოლიკური ღვთისმსახურების კრიტიკის ადრინდელი ტრადიცია განავითარა. ასევე თავისი
ახალი იდეებით დიდი დარტყმა მიაყენა კათოლიკური ეკლესიის უმთავრეს საფუძვლებს. ეს
გამოჩენილი რელიგიური რეფორმატორი დიდი კულტურული მოღვაწეც გახლდათ. ლუთერმა
გაწმინდა გერმანული ენა, თარგმნა ბიბლია და შექმნა თანამედროვე გერმანული
სალიტერატურო ენა და პროზა, შეთხზა გამარჯვების რწმენით აღსავსე ქორალის ტექსტი და
მელოდია, რომელიც XVI საუკუნის მარსელიოზად იქცა. მანვე სკოლების შექმნით,
უნივერსიტეტების რეფორმით, ეკლესიებსა და სკოლებში ახალი წესრიგის დანერგვით
განახორციელა რეფორმაციით გათვალისწინებული პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი
სოციალ–ეთიკური შეხედულებები, რომელიც ხალხთა კავშირის აუცილებლობას მოწმობს,
დღესაც მაღალ შეფასებას იმსახურებს.
მარტინ ლუთერი დაიბადა 1483 წლის 10 ნოემბერს აისლებენში, მაშინდელი მანსფელდის
საგრაფოს მთავარ ქალაქში, მაღაროელის ოჯახში. მისი მშობლები–მამა ჰანსი და დედა
მარგარიტა გლეხური წარმოშობისანი იყვნენ. მათ შვიდი შვილი ჰყავდათ და თავდაპირველად
ოჯახს ძალიან უჭირდა. მალე ჰანსი ქ. მანსფელდში გადასახლდა, სადაც მაღაროებში დაიწყო
მუშაობა, საწარმო შეიძინა და ოჯახმაც სიდუხჭირეს თავი დააღწია. უფრო მეტიც, ჰანსი
შეძლებული ბიურგერი გახდა და პატარა ლუთერსაც სწავლის შესაძლებლობა მიეცა. ის ჯერ
მიაბარეს მანსფელდის საეკლესიო-სამრევლო სკოლაში, შემდეგ გადაიყვანეს მაგდებურგის და
აიზენახის სკოლებში, სადაც ის საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. მისი შრომა ეკლესიაში
გალობა იყო; ჰქონდა შესანიშნავი ხმა, რითაც მსმენელთა გულებს ადვილად იპყრობდა.
სკოლაში გამორჩეული მოწაფე წარმატებით ეუფლებოდა ყველა საგანს. საფუძვლიანად ისწავლა
ლათინური და ბერძნული ენები. მისი ნიჭიერებისა და წარმატებების შესახებ აიზენახში
ლეგენდები დადიოდა. მოქალაქეები ლუთერს სახლებში ეპატიჟებოდნენ და მისგან იმას
ითხოვდნენ, რომ მათი ბავშვებისათვის დახმარება გაეწია გაკვეთილების მომზადებაში. მისმა
ნიჭმა და შესანიშნავმა ხმამ აიზენახის გამორჩეული ქალბატონის, ურსულა კოტის ყურადღებაც
მიიპყრო. ლუთერი მან ოჯახში მიიწვია, რათა დახმარებოდა მის შვილს გაკვეთილების
მომზადებაში. ამასთანავე ურსულა მას პატრონად მოევლინა, მიუალერსა და დააპურა, მოეპყრო
როგორც საკუთარ შვილს. ლუთერი შემდეგ იგონებდა, რომ ეს იყო ,,მიწიერი სამოთხე“, რომლის
დატოვება მას 1501 წლის გაზაფხულზე მოუხდა. ჩვიდმეტი წლის ლუთერი ერფურტის
უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
სტუდენტობის წლებში (1501-1505) ლუთერი ბეჯითად განაგრძობდა სწავლას. ნიჭიერი
ყმაწვილი ბევრს კითხულობდა, უყვარდა ფილოსოფია და განსაკუთრებით იტაცებდა
არისტოტელეს წიგნები (ლოგიკა, ფიზიკა, ეთიკა). სწავლობდა აგრეთვე ევკლიდეს გეომეტრიას,
მურისის არითმეტიკასა და მუსიკას, პტოლემაიოსის ასტრონომიას, რომაელი პოეტებისა და
მორალისტების-ციცერონის, ოვიდიუსის, ვერგილიუსის, ლივიუსის, ჰორაციუსის და სხვათა
თხზულებებს, ეწაფებოდა ბიბლიის ტექსტებს. როგორც კი თავისუფალ დროს იხელთებდა,
მუსიკის ჰანგებით ტკბებოდა, თვითონაც უკრავდა ლიუტნაზე (მოსაზიდ საკრავებიანი

1
მუსიკალური ინსტრუმენტი) და მეგობართა წრეშიც ხალისით მღეროდა. ამიტომ შემთხვევითი
არ იყო, რომ მას ხშირად ,,მუსიკოსად“ იხსენიებდნენ. უნივერსიტეტთან არსებულ ჰუმანისტთა
წრეში ერთხანს ჩაბმული ლუთერი ხშირად ეკამათებოდა ჰუმანისტებს ფილოსოფიის
საკითხებზე, რის გამოც მან ,,ფილოსოფოსის“ მეტსახელი მიიღო.
სწავლაში ბეჯითმა და ნიჭიერმა ლუთერმა 1502 წლის სექტემბერში (უნივერსიტეტში
შესვლიდან ერთი წლის თავზე) თავისუფალი ხელოვნების ბაკალავრის პირველი
საუნივერსიტეტო ხარისხი მოიპოვა, ხოლო 1505 წლის თებერვალში „კვადრიუმით“
გათვალისწინებული უზარმაზარი პროგრამის დაძლევისა და გამოცდების წარმატებით
ჩაბარების შემდეგ–თავისუფალი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო.
მიღწეული დიდი წარმატებები ლუთერს არ აკმაყოფილებდა. მას მეტი სურდა, თუმცა ვერ
გადაეწყვიტა, საერო და საეკლესიო მოღვაწეობის სფეროებიდან, რომელი აერჩია. ამაში მას
მამის რჩევა დაეხმარა. ჰანსი ოცნებობდა, რომ შვილი არა საეკლესიო პირი, არამედ სამართლის
დოქტორი გამოსულიყო, რაც მას ოდესმე ბურგომისტრის თანამდებობას ან კიდევ (ყოფილა
ასეთი შემთხვევები) აზნაურის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარებოდა. ამ რწმენითა და მტკიცე
გადაწყვეტილებით ჰანსმა ლუთერს საჩუქრად იუსტინიანეს ,,სამოქალაქო სამართლის
კოდექსს“ (Corpus Iuris) გაუგზავნა და თან წერდა, რომ მისთვის ღირსეულ საცოლეს არჩევდა.
ლუთერი მამის სურვილს დაჰყვა და სწავლა ერფურტის უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ იუსტინიანეს კოდექსმა და ტიტულოვანი იურისტების მიერ
წაკითხულმა ლექციებმა, ის საგონებელში ჩააგდო. კერძოდ, იმ გარდაუვალობაში ჩაახედა, რომ
იურისტად გახდომის შემთხვევაში თვითონაც მოუწევდა იმათ შორის დადგომა, ვინც გერმანის
მთავრობის აბსოლუტურ სწრაფვასა და ბატონყმურ ჩაგვრას ამართლებდა. გლეხური
წარმოშობისა და დემოკრატიული სულის მატარებელ ლუთერს იმთავითვე შესძულდა ეს
სამართალი და გული ვერ დაუდო მის კითხვას.
ლუთერის ასეთ განწყობას ერთი ასეთი შემთხვევაც დაემატა: 1505 წლის 2 ივლისს ის
მანსფელდიდან ერფურტში ბრუნდებოდა. უეცრად ცა მოიქუფრა, ღრუბლებმა დაფარა იგი და
კოკისპირული წვიმა დაუშვა. დასველებისაგან თავი რომ დაეღწია, ლუთერმა ნაბიჯს აუჩქარა,
რათა ხისათვის შეეფარებინა თავი, მაგრამ მოულოდნელად ჭექა-ქუხილის ძლიერმა ხმამ
შეაზანზარა არემარე, სულ ახლოს მეხი დაეცა, რომლის ტალღამ იგი მიწაზე დასცა. ლუთერი,-
როგორც შემდეგში თვითონ იგონებდა,-,,მოულოდნელი სიკვდილის შიშმა შეიპყრო“,
იმავდროულად იმის ეჭვი აწვალებდა, მოხვდებოდა თუ არა სამოთხეში სიკვდილის
შემთხვევაში. მიწაზე გართხმული ლუთერი ლოცულობდა, ევედრებოდა მაღაროელთა
მფარველად მიჩნეულ წმ. ანას, მისგან შველას ითხოვდა, თანაც აღთქმაც აღავლინა: გადარჩენის
შემთხვევაში ხელი აეღო სწავლის გაგრძელებაზე და ბერად აღკვეცილიყო.
ერფურტში დაბრუნებისთანავე ლუთერმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო
მეგობრებსა და მასწავლებლებს. ის ორი კვირის შემდეგ დაბინავდა წმ. ავგუსტინეს მონასტერში,
თუმცა მისი ბერად აღკვეცა ერთბაშად არ მომხდარა. მას მოსამზადებელი დრო მისცეს და
,,მორჩილად“ გაამწესეს, რომლის დროსაც ლუთერი დაბეჯითებით ეცნობოდა შუა საუკუნეების
სულიერ მოაზროვნეთა მოძღვრებას. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაეძლია თავისი
სიამაყე, შეემოწმებინა საკუთარი სინდისი, მოეწესრიგებინა აზრები და გრძნობები, დაედო
აღთქმა სიღარიბისა, უმწიკვლობისა და მორჩილებისა, რაც ასე აუცილებელი იყო სულის
ხსნისთვის და ბერად აღკვეცისათვის. როცა ლუთერმა ყველაფერი ეს პირნათლად აღასრულა,
მას მოძღვარმაც მისცა დასტური და ის 1506 წლის სექტემბერში ბერად აღიკვეცა. ვინაიდან
ლუთერი თავისუფალი ხელოვნების მაგისტრი იყო, მისი აღმასვლა საეკლესიო იერარქიის
კიბეზე კიდევ უფრო სწრაფად წარიმართა. 1506 წლის 19 დეკემბერს იგი იპოდიაკონი გახდა,
1507 წლის 27 თებერვალს–დიაკონი, ხოლო 1507 წლის 4 აპრილს მღვდლის ხარისხი მიენიჭა.
ახლა ლუთერს შეეძლო და მოვალეც იყო, ჩაებარებინა წმინდა აქტები-მონათვლა, ცოდვათა
მიტევება, ქორწინება, ზიარება და ა. შ, რომლითაც ეკლესია გამოიშვიათებულია ღვთის
წყალობასთან.
მღვდლად კურთხევისთანავე მას მიეცა შესაძლებლობა, რომ უახლოეს ხანებში შეესწავლა
თეოლოგია და ყველა იმ ავტორთა თხზულებები, რომელებსაც ადრე კითხულობდა. მას უნდა

2
ჩაებარებინა გამოცდები თეოლოგიის ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის ხარისხების
მოსაპოვებლად, რაც ადრე ვიტენბერგის უნივერსიტეტში ყოფნის დროს შეძლო კიდევაც.
ვიტენბერგის უნივერსიტეტი 1502 წელს საქსონიის კურფიურსტის ფრიდრიხ ბრძენის
ძალისხმევით დაარსდა. ლუთერის წყალობით მან მალე ევროპული მნიშვნელობა მოიპოვა და
სწავლის მსურველები უხვად მოგროვდნენ. XVI საუკუნეში შეიქმნა ანდაზაც: ,,გართობა გინდა,
შეგიძლია წახვიდე, სადაც მოისურვებ, მაგრამ თუ გინდა სწავლა, წადი ვიტენბერგში“.
შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ შექსპირისეული ჰამლეტი ვიტენბერგში სწავლობდა.
ვიტენბერგის უნივერსიტეტში, სადაც 1508 წელს მიიწვიეს ლუთერი, ერთდროულად
სტუდენტიც იყო და მასწავლებელიც; ისმენდა ცნობილი თეოლოგის შტაუპიცის ლექციებს,
ემზადებოდა გამოცდებისათვის და თან არისტოტელეს ეთიკაში სემინარებსაც ატარებდა.
დაუღალავი შრომითა და გამორჩეული ნიჭის წყალობით მან სულ მოკლე ხანში მოიპოვა
თეოლოგიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1512 წლის 19 ოქტომბერს,
ვიტენბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანატმა, რომელსაც სათავეში ედგა
პროფესორი ანდრეას კარლშტადტი, 23 წლის ლუთერს მიანიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის
ხარისხი ბიბლიის განმარტების უფლებით, რითაც დასაბამი მიეცა მის ურთიერთობას ხალხთან.
გამოცდებისათვის მზადების შუალედში, 1510 წლის დეკემბერში ლუთერი საქსონიის
საეკლესიო კონგრეგაციის დავალებით რომში პირველად ჩავიდა. როგორც ლუთერი იგონებს,
მან ,,მარადიულ ქალაქს“ მუხლმოყრილმა შეჰღაღადა: ,,მოგესალმები, შენ, წმინდა ქალაქო, აქ
წამებულთა დანთხეული სისხლით სამგზის განწმენდილო!“ ასეთი შთაგონების შემდეგ
მისთვის მალე ცხადი შეიქმნა, რომ რომი სულაც არ იყო ,,წმინდა ქალაქი“, რომ აქ სასულიერო
პირები იქცევიან არა ისე, როგორც წესია; თვალთმაქცობა, ფარისეველთა საოცარი
გულგრილობა სარწმუნოებისადმი, გარეგნულად ყალბი ნიშნები სათნოებისა, უადგილო ოხვრა
და გულში ხელის ბრაგუნი, გარყვნილება და სიხარბე, აი, რა იხილა მან. ,,რომი წმინდა ქალაქი
იყო, გახდა ყველაზე ცუდი“,– წერდა ლუთერი.
1512 წლის 25 ოქტომბერს რომიდან დაბრუნებულმა ლუთერმა ვიტენბერგის
უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების კითხვა ღვთისმეტყველებაში. 1513-1516 წლებში მოამზადა
სალექციო კურსები, ე.წ. ,,საკითხავები“. მათში უკვე მოხაზულია ახალი სარწმუნოების
კონტურები, რომელშიც ამტკიცებს, რომ სულის ხსნისთვის აუცილებელი პირობაა არა ადრე
დადგენილი ,,კეთილი საქმეები“ (მარხვა, მომლოცველობა, ინდულგენციების ყიდვა და ა.შ.),
რის საჭიროებაზეც კათოლიკური ეკლესიის მესვეურები მიუთითებდნენ, არამედ ქრისტიანის
შინაგანი თავისუფლება, მისი შეგნებული და არა თავსმოხვეული მისწრაფება სიკეთისადმი. ეს
სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი რწმენის გამოცხადება ყოვლისშემძლე ძალად.
ლექციების კითხვასთან ერთად 1515 წლიდან მას ვიტენბერგის ეკლესიის მღვდლის
(ავადმყოფი სიმონ გეინზეს) მოვალეობაც დაეკისრა. მართალია, თავდაპირველად ლუთერი
უხალისოდ მოეკიდა მღვდელის მოვალეობას, მაგრამ დროთა განმავლობაში შეეჩვია მას და
ჭეშმარიტ მოძღვრადაც გადაიქცა, ისე გაიწაფა, რომ დღეში ხშირად რამდენჯერმე
წარმოთქვამდა ქადაგებას. ამაში მას ხელს უწყობდა ფენომენალური მეხსიერება, რითაც იგი
არაფრით არ ჩამოუვარდებოდა მაშინდელი ერუდიციის ფენომენს-ერაზმ როტერდამელს. მან
თითქმის მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა, ასევე ზეპირად ახსოვდა სხვა წაკითხული წიგნების
უმრავლესობა, არ საჭიროებდა რაიმე კონსპექტებში ჩახედვას. ლუთერის ქადაგებებს
განსაკუთრებული ჟღერადობა მას შემდეგ მიეცა, როცა ვიტენბერგის ახლოს გამოჩნდა პაპის
ნდობით აღჭურვილი დომინიკელი ბერი იოჰან ტეცელი, რომელიც ფუგერების
წარმომადგენელთა თანხლებით ინდულგენციების საოცრად ცინიკურ და თავხედურ ვაჭრობას
ეწეოდა. ის მორწმუნეებს იმაში არწმუნებდა, რომ ,,ვინც ყუთში ჩაუშვებს ფულს სალხინებელში
ვინმეს სულისათვის და როგორც კი მონეტა მიაღწევს ძირამდე და გაწკარუნდება, სული მაშინვე
ზეცაში გაფრინდება. შენდობის მადლი (ე. ი. ინდულგენცია-გ.კ.) სწორედ ის მადლია, რომელიც
ადამიანს ღმერთთან შეარიგებს“. ,,ინდულგენციის შემსყიდველი,–განაგრძობს ტეცელი,–ხდება
მისგან (ე. ი. ინდულგენციისაგან-გ.კ) უფრო სუფთა, ვიდრე ადამი იყო სამოთხეში ცოდვასთან
ზიარებამდე. ინდულგენციის გამყიდველი ადამიანებს ხდის უფრო მეტად წმინდანებს, ვიდრე
იყო პეტრე მოციქული... არ არის ისეთი ცოდვა, რომელიც არ დაიფარება ინდულგენციით,

3
იყიდეთ ინდულგენცია და თქვენ გეპატიებათ მომაკვდინებელი ცოდვა, ჩადენილი თვით
ღმრთისმშობელთანაც კი, მოიტათ! მოიტათ! გადმოალაგეთ ფულები! ისარგებლეთ
შემთხვევით! გადაარჩინეთ თქვენი ნათესავები და ახლობლები ჯოჯოხეთში ცოდვის
განმწმენდელი ტანჯვისაგან“.
ამგვარად, ტეცელი ხრწნიდა რელიგიურ თემს, რომელიც ებარა ლუთერს, იგი ანგრევდა
სახარების იმ ზნეობრივ ნორმებს, რასაც ლუთერი ქადაგებდა. ამის მოთმენა უკვე აღარ
შეიძლებოდა და მორწმუნე თემისადმი მოძღვრის პასუხისმგებლობა ლუთერს გადამჭრელი
გადაწყვეტილების მიღება შთააგონა.
ლუთერის „95 თეზისი“ და მისი არსი.
მართალია, ლუთერმა ჯერ კიდევ 1516 წელს, თავისი თეზისების გამოქვეყნებამდე ბევრად
ადრე დაიწყო ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ ქადაგება, მაგრამ ამან სასურველი
შედეგი ვერ გამოიღო. საჭირო შეიქმნა ახალი გზის ძიება. როგორც პროფესორს, ლუთერს
უფლება ჰქონდა ჩამოეყალიბებინა თეზისები საკამათო საკითხებზე და მოეწვია მოწინააღმდეგე
მათი განხილვისათვის.
ლუთერიც ასე მოიქცა. 1517 წლის 31 ოქტომბერს, როცა მან ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე
გამოაკრა თავისი ,,95 თეზისი“, ამ თხზულების რამდენიმე ეგზემპლარი, როგორც მოსაწვევი,
დაგზავნა დისპუტისათვის. იმ დროს ეს არ იყო ან დაუმორჩილებლობის ანდა ამბოხისაკენ
მოწოდების აქტი: კარები, რომელიც ეკლესიის მთავარი შესასვლელი იყო, ყოველთვის
გამოიყენებოდა, როგორც განცხადებების გამოსაქვეყნებელი ადგილი. და, როგორც
უნივერსიტეტის პროფესორი, ლუთერიც საზოგადოების წინაშე აქვეყნებდა თეზისებს
განსახილველად და არა რეცოლუციისაკენ მოწოდებისათვის. თეზისები ელვისებური
სისწრაფით (14 დღეში) გავრცელდა მთელს გერმანიაში, მაგრამ მათი განხილვის დღეს არავინ
არ გამოცხადდა. ერთადერთი, ვინც გამოეხმაურა ლუთერის თეზისებს, ტეცელი იყო. ეს
უკანასკნელი წერილობითი ანტითეზისებით გამოვიდა, რისთვისაც მას იმავე 1517 წლის
ბოლოს ფრანკფურტის უნივერსიტეტში თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიანიჭეს.
დაისმის კითხვა: რატომ იპყრობს ყურადღებას თეზისები? განა ლუთერამდე არ იყვნენ
ადამიანები გერმანიაში, რომლებიც ილაშქრებდნენ ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ?
რა თქმა უნდა, ლუთერამდეც იყვნენ ადამიანები, განსაკუთრებით გერმანელი ჰუმანისტები,
რომლებმაც ხმა აღიმაღლეს ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ადამიანები და
მათ შორის ჰუმანისტებიც ინდულგენციებით ვაჭრობაში ხედავდნენ დიდ უზნეობას უფრო
იმიტომ, რომ ამ გზით მიღებული თანხა ხმარდებოდა არა ღვთისმოსაობის მიზნებს, არამედ
თვით პაპის ფუფუნებით ცხოვრებას. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ შენდობის გაყიდვა ეს არის
ერისკაცთა ფეოდალური ექსპლუატაციის განსაკუთრებული ნაირსახეობა, რომელიც
დაფუძნებულია გამოსასყიდი მსხვერპლის იდეაზე; ასევე ისინი ვერ ხედავდნენ, რომ ბაზარზე
გამოტანილი შენდობის სიგელი–ეს მხოლოდ ეპიტიმიისა (მორწმუნეთა საეკლესიო სასჯელისა)
და სატისფალციის (ცოდვათა მიტევები) შენაცვლებაა. ყველაფერი ეს შესანიშნავად განჭვრიტა
ლუთერმა. ეკლესიაში, რომელიც ინდულგენციებს ყიდდა, მან დაინახა არა უბრალოდ ვაჭარი,
არამედ მოვაჭრე ფეოდალი, რომელსაც ,,წმინდა პეტრეს ტაძრის აგება“ სურდა ,,თავისი
სამწყსოს ძვლებით, ხორცითა და ტყავით“. ლუთერმა ისიც შესანიშნავად განჭვრიტა, რომ
ეკლესიის ამდაგვარი მისწრაფებების დაძლევა საეკლესიო დოგმების პრინციპული კრიტიკის
გარეშე შეუძლებელი იყო. მისი თეზისების სიახლე სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მათში
დაგმობილი იყო არამარტო ინდულგენციებით ვაჭრობის ამორალური მხარე, არამედ
კათოლიკური დოგმების ის სისტემაც, რომელზეც დაფუძნებული იყო საეკლესიო–ფეოდალური
ექსპლუატაცია. თეზისებში უპირველესად დაგმობილია ის დოგმა, რომლის თანახმად, სულის
ხსნა შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიის მიერ დადგენილი რომელიმე საიდუმლოს ,,ძალით,
საეკლესიო წეს-ჩვეულებების“ აღსრულებით. ,,პაპის ინდულგენციას სულ უმნიშვნელო
შეცოდების შემთხვევაშიც კი არ ძალუძს დანაშაულის მოხსნა“. ამგვარად, უარყოფს რა სულის
ხსნის საქმეში კათოლიკური ეკლესიის მიერ შემოთავაზებულ საშუალებებს, მათ შორის
ინდულგენციას, ლუთერი, უპირველეს ყოვლისა, იმას ამბობს, რომ სინამდვილეში მათ სხვა
მოვალეობა არ აკისრიათ თუ არა ადამიანების ძარცვა და სულიერი გახრწნა. ამგვარად,

4
ლუთერი კითხვის ქვეშ აყენებდა ზეციური გამოსასწორებელი სასჯელების უფლებაზე
ეკლესიის პრეტენზიას, მორწმუნეებს იმაში არწმუნებდა, რომ ადამიანების გათავისუფლება
ცოდვებისაგან გარედან მოხვეულ არავითარ მოწყალების სიგელს არ ძალუძს, ადამიანები
ცოდვებისაგან გათავისუფლებას მხოლოდ რწმენით მოიპოვებენ და არა კათოლიკური
ეკლესიის შუამავლობით.
ფაქტობრივად, ამ დებულებით ლუთერს ზედმეტად მიაჩნდა კათოლიკური ეკლესია იმ
სახით, როგორითაც ის იყო წარმოდგენილი, თვლიდა, რომ საჭირო იყო მისი გარდაქმნა,
გამარტივება და გაიაფება. ეს მოთხოვნა ლუთერმა კიდევ უფრო განავრცო და განაზოგადა
თავის მომდევნო თხზულებებში. იგი იმასაც მოითხოვდა, რომ მეტი ყურადღება დათმობოდა
არა ,,საღვთო გადმოცემას“, ე. ი. პაპის დეკრეტების, მიმართვების და საეკლესიო კრებების
ავტორიტეტს (ლუთერის აზრით, საეკლესიო კრებებიც ადამიანებისგან შედგება და ამიტომ
მათაც შეუძლიათ შეცდომების დაშვება), არამედ ,,საღვთო წერილს“, რომელიც გაცილებით
უფრო ადრინდელი წარმოშობისაა და სანდო, ვიდრე კათოლიკური ეკლესია. მით უფრო
უსინდისობად მიაჩნდა მას არამარტო მიტევების სიგელის გაყიდვით აკრეფილი ფული, არამედ
ეკლესიის უძველესი ქონებაც: მისი მიწები და მასში ყმა-გლეხების გამოყენება. აქედან ძნელი არ
იყო გადასვლა საეკლესიო ქონების სეკულარიზიციისა და საეკლესიო-ფეოდალური ჩაგვრის
აღმოფხვრის იდეაზე.
თეზისებიდან გამომდინარე, ამ იდეებს არ შეიძლება გავლენა არ მოეხდინა მაშინდელი
გერმანიის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მართლაც, მან ისე იმოქმედა, როგორც ნაპერწკალმა
დნეთის კასრში; მათ შეასრულეს ბიძგის როლი და სათავე დაუდეს რეფორმაციულ მოძრაობას,
რომელმაც ყველა წოდება თავის მორევში ჩაითრია. თითოეულმა წოდებამ თეზისებში დაინახა
არამარტო ის, რაზეც ლუთერი მიუთითებდა, არამედ ისიც, რაც საერთოდ აწუხებდათ.
თავის მხრივ, როცა ლუთერმა იგრძნო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, კიდევ უფრო
გაბედული გახდა. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ლაიფციგის დისპუტზე (1519 წ.), სადაც
ლუთერს დაუპირისპირდა ინგოლშტადტის უნივერსიტეტის კანცლერი იოჰან ეკი. პაპის ეს
წარმომადგენელი შეეცადა ლუთერისთვის ბრალი დაედო ჰუსიტურ მწვალებლობაში და
მისთვის ისეთივე განაჩენი გამოეტანა, როგორიც ჰუსს ხვდა წილად კონსტანცის საეკლესიო
კრებაზე. მაგრამ ლუთერი არ შეუშინდა მოსალოდნელ საფრთხეს და გაბედულად განაცხადა,
რომ ჰუსის მოძღვრებაში ,,ბევრი რამ ქრისტიანული და ევანგელიკურია“. მაგალითად, ის, რომ
სულის ხსნისთვის საჭირო არ არის ვირწმუნოთ რომის ეკლესიის მეთაურობა და მისი
პირველობა სხვებისადმი. „უიკლიფმა თქვა ეს, იან ჰუსმა თუ სხვა ვინმემ, სულერთია, ეს
ჭეშმარიტებაა“. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ ,,კონსტანცის საეკლესიო კრება არ იყო უშეცდომო, მან
უპირველესად ის შეცდომა დაუშვა, რომ მიიღო უსამართლო დადგენილება ჰუსის დაწვის
შესახებ“. ფაქტობრივად, ასეთი განცხადება რომის პაპთან და კათოლიკურ ეკლესიასთან
ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას ნიშნავდა.
ამის მომასწავლებელი იყო ლუთერის თეოლოგიურ-პუბლიცისტური ხასიათის ის სამი
თხზულებაც, რომლიც მან 1520 წლის მეორე ნახევარში გამოსცა. ესენია: მიმართვა ,,გერმანელი
ერის ქრისტიანი თავადაზნაურობისადმი ქრისტიანთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“,
,,ეკლესიის ბაბილონური ტყვეობის შესახებ“ და ,,ქრისტიანის თავისუფლების შესახებ“. ამ
,,მსოფლიო მნიშვნელობის თხზულებებში“ (ლეოპოლდ ფონ რანკე) ანუ ,,რეფორმაციულ
ტრილოგიაში“ (ერიხ სოლოვიოვი) ლუთერმა პირველმა დააყენა დღის წესრიგში კათოლიკური
საეკლესიო წყობილებისა და წეს-ჩვეულებების გარდაქმნის მოთხოვნა. უპირატესობა მიანიჭა რა
სულიერ, ,,უხილავ“ ეკლესიას, მან კითხვის ქვეშ დააყენა არსებული სეკლესიო იერარქიის
საჭიროება, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იყო კათოლიკური ეკლესია. პაპობა,
ეპისკოპოსობა, წმინდანთა კულტი, საეკლესიო კრებათა დადგენილებები, ხატები,
ინდულგენცია, მესა, ბერული აღთქმანი, საიდუმლოებანი (შვიდი საიდუმლოებიდან მან
მხოლოდ ორი დატოვა: ნათლობა და ზიარება); ყველაფერი ეს,–ამბობდა ლუთერი,–არ
დასტურდება საღვთო წერილში და, მაშასადამე, მათ ღვთაებრივ წარმოშობას არ ამტკიცებს,
ისინი მხოლოდ ისტორიულად დამკვიდრდნენ კათოლიკურ ეკლესიაში და ამიტომაც
არავითარი როლი არ ენიჭებათ რწმენისა და სულის ხსნის საქმეში.

5
ლუთერისათვის ასევე მიუღებელი იყო ასკეტიზმის ისეთი გამოვლინება, როგორიცაა
ცელიბატი (მღვდლების უცოლობა), რომელიც დამკვიდრებულია კათოლიკურ ეკლესიაში.
ქორწინება, მისი თქმით, არათუ უარსაყოფელია, არამედ ღვთის ნების გამოვლინებაა, რომელსაც
ადამიანებისთვის ზნეობრივი სიწმინდე უფრო მოაქვს, ვიდრე უზნეობა, იგი გამრავლებასაც
უზრუნველყოფს, რაც ასე აუცილებელია ქვეყნისა და ადამიანების მომავლისათვის. ამიტომაც
არამარტო რიგითმა ადამიანებმა, არამედ მღვდლებმაც უნდა იფიქრონ ქორწინებისა და
გამრავლებისათვის,–ამბობდა ლუთერი. მან თვითონ მისცა მღვდლებს მაგალითი, როცა 1525
წელს, 42 წლის ასაკში, ცოლად შეირთო ყოფილი მონაზონი, ახალგაზრდა (25 წლის) კატარინა
ფონ ბორა, რომელთანაც ექვსი შვილი ეყოლა.
ლუთერი მარტო ოჯახის შექმნით როდი შემოიფარგლა. მან ერთიანად საერო ცხოვრებისა
და საერო საქმეების რეაბილიტაციაც მოახდინა. თავის ,,ტრილოგიაში“ ის აზრი გამოთქვა, რომ
საერო ცხოვრება და საერო საქმეები სულაც არ არის ცოდვილიანობის სფერო, როგორც ეს
კათოლიკური ეკლესიის მესვეურებს წარმოუდგენიათ. მართალია, არც ლუთერი გამორიცხავს,
რომ ადამიანთა მოღვაწეობის ეს მხარე წარმავალია, მაგრამ იმავდროულად მათ საჭიროებაზეც
მიუთითებს, ადამიანებს იმაში არწმუნებს, რომ საჭიროა თვით ხელისუფლება და სამართალიც,
რამეთუ ისინი დაწესებულნი არიან ღმერთის მიერ ბოროტთა დასასჯელად და
კეთილსინდისიერთა დასაცავად. მათ იმის უფლებამოსილებაც აქვთ, რომ დასაჯონ სასულიერო
თანამდებობის პირები თუ ამის საჭიროებას მოითხოვს ვითარება, შეუძლიათ მოიწვიონ
საეკლესიო კრებები ან სათავეში ჩაუდგნენ საეკლესიო გარდაქმნების საქმეს, თუ ამისათვის არ
იცლიან ისინი, ვისაც მოწოდებით ეს ევალებათ. ამგვარად, ლუთერმა ბევრად გაუსწრო
მოვლენებს, როცა მოახდინა საერო ცხოვრებისა და საერო საქმეების რეაბილიტაცია.
ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ქრისტიანობის სასულიერო და საერო წოდებებად
ტრადიციულ დაყოფაზე უარის თქმის ლუთერისეული მოთხოვნაც. მას უდიდეს
უსამართლობად მიაჩნდა ის, რომ ,,პაპებს, ეპისკოპოსებს, მღვდლებს, ბერებს“ სასულიერო
წოდებად მოიხსენიებდნენ, ხოლო ,,მთავრებს, ბატონებს, ხელოსნებს, მიწათმოქმედს-საერო
წოდებად“. ყველაფერი ეს,–ფიქრობდა ლუთერი,–ეშმაკური გამონაგონია, ერთიანი სიცრუეა,
ვინაიდან ყველა ქრისტიანი ჭეშმარიტად სასულიერო წოდებისაა: ნათლობა, სახარება, რწმენა-
აი, რა ხდის მათ სასულიეროდ. ამდენად, ლუთერის აზრით, ყველა ქრისტიანს, გამონაკლისის
გარეშე, მღვდლად კურთხევის უფლებაც აქვს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს თვითნებურად,
მღვდლად კურთხევას წინ უნდა უძღოდეს არჩევნები, სადაც მრევლი საუკეთესოს შეარჩევს.
მაშასადამე, ლუთერი მღვდლის არჩევნებში უშვებს დემოკრატიულ ელემენტებს, რაც
კეთილმყოფელ გავლენას ახდენდა XVI საუკუნის პოლიტიკურ–იურიდიულ აზროვნებაზე,
მისი თანამედროვე სხვა რეფორმატორების იდეურ მრწამსზე.
დემოკრატიული პრინციპის შემცველია ღმერთის წინაშე ყველა ქრისტიანის
თანასწორობისა და სინდისის თავისუფლების ლუთერისეული მოთხოვნაც. ერთნაირი რწმენა
და სული,–აი, რა ხდის ქრისტიანებს თანასწორად. მისგანვე ეძლევათ მათ რწმენა და სინდისის
თავისუფლება და, მაშასადამე, ყოვლად დაუშვებელია ღვთისგან ბოძებული ამ თანასწორობისა
და თავისფლების უზურპაცია, რომელსაც პაპები მიმართავენ. ,,განა ამას არ ნიშნავს ის, რომ,–
კითხულობდა ლუთერი,–საეკლესიო სამართალში ასე მაღლაა დაყენებული სასულიერო პირთა
თავისუფლება, პიროვნება და ქონება, და ეს მაშინ, როცა, თითქოსდა საერონი სულიერად
ისეთივე კეთილი ქრისტიანები არ იყვნენ, როგორებიც სასულიერო პირები არიან? რატომაა,
რომ შენ ასე თავისუფალი ხარ სხეულით, ცხოვრებით, ქონებით და პატივით, მე კი არა, თუმცა
ჩვენ ერთნაირი ქრისტიანები ვართ, ერთნაირად მონათლულები, გვაქვს ერთი და იგივე რწმენა,
სული და ყველაფერი დანარჩენი? თუ მღვდელს მოკლავენ, ადგილს ინტერდიქტი დაედება,
რატომ არ ხდება ეს, როცა კლავენ გლეხს? საიდან მომდინარეობს ასეთი განსხვავება თანასწორ
ქრისტიანებს შორის თუ არა მხოლოდ პაპისეული კანონებისა და პაპის თანამზრახველობის
მონაჩმახებისაგან“.
ვერ ვიტყვით, რომ ლუთერი ქრისტიანებს შორის სავსებით ვერ ხედავდა განსხვავებას. რა
თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ საქმიანობითი და თანამდებობრივი განსხვავება.
,,ყველანი ჩვენ,–წერდა ის,–ერთი სხეულის წევრები ვართ, მაგრამ ყოველ წევრს თავისი

6
განსხვავებული საქმიანობა აქვს, რითაც ის ყველა დანარჩენს ემსახურება“. მაგალითად,
მღვდელს საქმე აქვს საიდუმლოებებთან და საღვთო წერილთან. ეს არის მისი საქმიანობა და
თანამდებობა, ამის ანალოგიურად, საერო ხელისუფლებას ხელთ უპყრია მახვილი, ე.ი.
ძალაუფლება, რათა დასაჯოს ბოროტი და დაიცვას წესრიგი. მეჩექმეს, მჭედელს,
მიწათმოქმედს–თითოეულს აქვს თავისი სამუშაო და მოვალეობა (ასევე ღმერთის მიერ
დაწესებული), რითაც იგი სხვებს ემსახურება. ერთი სიტყვით, ლუთერის აზრით, ადამიანების
ურთიერთობა ურთიერთსამსახურის პრინციპზეა აგებული და, ამდენად, ღმერთი ადამიანებს
გამოარჩევს არა მისი საქმიანობით, არამედ მხოლოდ იმის მიხედვით, თუ როგორია ამ
საქმიანობის უკან მდგომი ადამიანის რწმენა და სიყვარული. მაშასადამე, ლუთერის აზრით,
ცდებიან ისინი, რომელთაც მღვდლის შრომა უფრო საპატიოდ წარმოუდგენია ან ამ მოტივით
მღვდლობა განუზრახავს. ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ ,,მღვდლის შრომა ღმერთის თვალში,
იოტისოდენადაც არ არის უფრო საპატიო გლეხის შრომისგან მინდორში, ანდა ქალის
შრომისაგან ოჯახში, რადგან ყოველგვარი საქმიანობა ღმერთის წინაშე იზომება მხოლოდ
რწმენით“.
ამრიგად, აღიარა რა ყველა ქრისტიანის თანასწორობა ღმერთის წინაშე და ის, რომ
ღმერთისათვის არც ერთი საქმიანობა თუ თანამდებობა არ არის გამორჩეული, ამით ლუთერმა
საფუძველი გამოაცალა სამღვდელოების პრივილეგირებული მდგომარეობის ტრადიციულ
გაგებას. მეტიც, მან საეჭვო გახადა ფეოდალური საზოგადოების ერთ–ერთი უპირველესი
წოდების არსებობის საკითხი, შეასრულა თავისებური დენთის როლი, რომელმაც, როგორც
ამერიკელი ისტორიკოსი ვ. პარინგტონი აღნიშნავს, აფეთქება გამოიწვია და ბზარი გაუჩინა
ფეოდალიზმის ციხის კედლებს.
ლუთერმა თავისი მთავარი დარტყმის ობიექტად მაინც რომის პაპი და მისი კურია
გაიხადა. მათ პირდაპირ ის უთხრა, რომ მორწმუნის სულსა და ღმერთს შორის არ შეიძლება
იყოს სხვა შუამავალი, გარდა იესო ქრისტესი, რომ პაპები შუამავლები კი არ არიან, არამედ
წარმოადგენენ ბოროტ ძალას, რომლებმაც დასცეს ეკლესიის ავტორიტეტი, წაბილწეს მთელი
საქრისტიანო. თვით რომიც კი, რომელიც ,,საქრისტიანოს ცენტრად“ ითვლება, მათი წყალობით,
,,უზნეობის ცენტრი“ გახდა, საიდანაც იღებს სათავეს ,,სიცრუე და მოტყუება, ძარცვა, ქურდობა,
ყაჩაღობა, ფუფუნებით ტრაბახი, ქალთა და მამაკაცთა გარყვნილება და ღვთის ყოველგვარი
უგულებელყოფა“,–ამბობდა ლუთერი.
ამ უზნეობის უპირველეს მიზეზად ლუთერს ის მიაჩნდა, რომ პაპებმა დიდი ხანია
გადაუხვიეს სახარების პრინციპებს-ემართათ ადამიანების მხოლოდ სულიერება, ხელი მიჰყვეს
მათ მატერიალურ გამგებლობასაც, მყარად ჩაბღაუჭებულები არიან საკმაოდ ვრცელ
ტერიტორიებსა და ქალაქებს, სადაც ადამიანებს ისეთივე ჩაგვრაში ამყოფებდნენ, როგორც ამას
აკეთებდნენ საერო ბატონები. ერთი სიტყვით, მათ უკანონოდ ხელთ უპყრიათ საერო
ხელისუფლება და კიდევ იმისათვის იბრძვიან, რომ გააფართოვონ თავიანთი სამფლობელოები,
და ეს იმ დროს, როცა აღმოსავლური, მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურებს არასოდეს
არ გასჩენიათ საერო ხელისუფლების დაუფლების სურვილი. რატომ არ ბაძავენ პაპები მათ?–
კითხულობს ლუთერი.
ლუთერის განსაკუთრებულ გულისწყრომას ის იწვევდა, რომ პაპები არც გერმანიას
ეშვებოდნენ. ,,ცხვრის ტყავში გახვეულმა ამ მტაცებელმა მგლებმა“, ,,ამოჭამეს რა იტალია“, ახლა
გერმანიაზეც ავრცელებენ თავიანთ ბატონობას, უმოწყალოდ ძარცვავენ მის ქონებას, სხეულს,
სულს, იტაცებენ ყველაფერს, რისი წაღებაც შეუძლიათ, თან ძარცვის ათასგვარი საშუალება
გააჩნიათ. ისინი არამარტო ინდულგენციებით და სასულიერო თანამდებობებით ვაჭრობენ,
არამედ გერმანიაში კარდინალების თანამდებობაც გადმოაქვთ, რომელსაც სხვა მიზანი არა აქვს
თუ არა ამ ქვეყნის ეკონომიური გაკოტრება და სულიერი დამონება. ამგვარად, რომის პაპის
ბატონობისაგან გერმანიის გათავისუფლების მოთხოვნა, რომელსაც ლუთერი თავის ყველა
გამოსვლასა თუ თხზულებაში ქააგებდა, მკაფიოდ გამოხატულ პატრიოტულ ხასიათს
ატარებდა. იგი მთელი გერმანელი ხალხის ინტერესებს პასუხობდა და ეროვნული ეკლესიისა
და ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კეთილშობილურ იდეას ემსახურებოდა.
ლუთერი მშვენივრად ხედავდა, რომ მის ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი იყო პაპის

7
თანამზრახველთა პოზიცია, რომელთა მოქმედებას განსაზღვრავდა არა იდეური მრწამსი,
არამედ პიროვნული, ანგარებით სავსე მოსაზრებები. ეს ის სასულიერო პირები არიან,
რომელთაც საეკლესიო თანამდებობანი არა გამორჩეულობით, არა ნიჭისა და ცოდნის
წყალობით, არამედ ფულით, პოლიტიკური სამსახურის საფასურად მიიღეს. მათთვის უცხოა
ეროვნული და პატრიოტული საქმეები. თავიანთი პრივილეგირებული მდგომარეობის
შენარჩუნების მიზნით ისინი ყველაფერს იკადრებენ, არაფრად აგდებენ ქვეყნისა და ხალხის
ინტერესებს. ამის გამოხატულებაა მათი ნიჰილიზმიც, ,,გერმანული თვისებებისა და
ჩვეულებების“ უპატივცემულობა და ყოველგვარი პაპური წეს–ჩვეულებებისადმის მონური
მორჩილება, ასკეტური მორალისა და უსასრულო მოთმინებისაკენ მოწოდება. ლუთერს ღრმად
სწამს, რომ ამქვეყნიური ცხოვრებისაგან განდგომა, მხოლოდ ზეცისაკენ ყურება,
თვითდამცირება და უსასრულო მოთმინება ხალხს აბეჩავებს და წინააღმდეგობის სურვილს
უკარგავს. ,,უსასრულო მოთმინებისაკენ მოწოდებამ,–ამბობდა ლუთერი,–განაიარაღა ზეცა და
გააქალაჩუნა ქვეყანა“ და ამიტომაცაა, რომ გაიძვერებს მიჰყვება ხალხი, ,,ნაცვლად იმისა, რომ
სამაგიერო მიუზღოს შეურაცხმყოფელთ“. სხვათა შორის, ანალოგიურ აზრებს ლუთერის
თანამედროვე ნიკოლო მაკიაველიც გამოთქვამდა.
ცხადია, ,,დაბეჩავებული და დაქუცმაცებული“ იტალიის და გერმანიის შვილებს,
მაკიაველსა და ლუთერს, თავიანთი ქვეყნის გაერთიანება და პროგრესი პაპებისა და მათი
თანამზრახველების კლანჭებისაგან თავის დაღწევის გარეშე ვერ წარმოედგინათ. თანაც,
ლუთერის ღრმა რწმენით, ყველაფერი ამის მიღწევა მაშინ შეიძლებოდა თუ პაპებს
წაერთმეოდათ სხვა უფლება, გარდა უმთავრესი მოვალეობისა–,,ყოველდღიური ვედრებისა და
ცრემლისა ქრისტიანობისათვის“. მით უფრო მიუღებლად მიაჩნდა ლუთერს პაპების პრეტენზია
ეკლესიის მეთაურობაზე, რომელსაც, სინამდვილეში იესო ქრისტე წარმოადგენს. მათთვის,
ასკვნიდა ლუთერი, ,,ეპისკოპოსის უბრალო გვირგვინიც იკმარებდა“. ამით ლუთერი,
ფაქტობრივად, პაპობის ინსტიტუტს უარყოფდა. მას არც ის მიაჩნდა აუცილებლად, რომ მაინც
და მაინც რომი ყოფილიყო საეკლესიო ცენტრი. ,,ეკლესია ყველგანაა, სადაც ქადაგებენ და
აღიარებენ ღვთის სიტყვას, ეკლესია ემორჩილება რწმენას, მისი თავი უხილავია და გვევლინება
რწმენის ობიექტად. ეკლესიის გადაქცევა ხილულ სამეფოდ შეცდომაა“,–ასკვნიდა ლუთერი.
ამდაგვარი დაპირისპირებით ლუთერი ძალზე შორს წავიდა, რასაც პაპი ლეო X, რა თქმა
უნდა, ვერ შეურიგდებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა. 1520 წლის 15 ივნისს მან ბულაში „Exsurge
Domini” დაგმო ლუთერის 41 „შეცდომა“, გამოაცხადა ის მწვალებლად და შესთავაზა სამოც
დღეში უარი ეთქვა თავის შეხედულებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკლესიიდან
განკვეთდა, მაგრამ ლუთერი ამას არ შეუშინდა. იმავე წლის 10 დეკემბერს ვიტენბერგის
უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე ეკის თხზულებებთან ერთად
ცეცხლს მისცა პაპის ბულა, ხოლო ლათინურად შემდეგი წარმოსთქვა: ,,ისე, როგორც შენ
დაღუპე ჭეშმარიტება ღვთისა, დაე, თვითონაც დღეს ამ ცეცხლში შთაინთქე“. სინამდვილეში ეს
იყო დიდი ისტორიული მნიშვნელობის აქტი, რომლის მსგავსი საქციელი თავის დროზე იან
ჰუსმა ჩაიდინა. ამის შემდეგ (1521 წლის აპრილში) ვორმსის რაიხსტაგში მოხმობილი ლუთერის
მეამბოხე სულმა ამ წარმომადგენლობითი ორგანის წინეშეც იჩინა თავი. 18 აპრილს, ხუთშაბათ
დღეს, ლუთერი წარსდგა სახელმწიფო მოხელეების წინაშე: რაიხსტაგში იმყოფებოდა
იმპერატორი კარლ V, მისი ძმა ფერდინანდი, 6 საიმპერიო კურფიურსტი, 28 ჰერცოგი, 8
მარკგრაფი, 30 არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი და აბატი, მრავალი მთავარი და გრაფი, 10
თავისუფალი ქალაქის წარმომადგენელი, სტუმრები იტალიიდან და ესპანეთიდან. სანახაობა
საოცრად შთამბეჭდავი და შიშისმომგვრელი იყო. ლუთერს შეჰყურებდა ათეულობით
განრისხებული ადამიანის თვალი, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რეფორმატორს
თანაუგრძნობდნენ. პაპის ნდობით აღჭურვილმა პირმა ეკმა მას მოსთხოვა, რომ უარი ეთქვა
თავის შრომებსა და მათში განვითარებულ აზრებზე, რაზეც ლუთერმა მტკიცედ უპასუხა: ,,არა“,
ხოლო როცა მოთხოვეს გარკვევით ჩამოეყალიბებინა თავისი აზრი საეკლესიო კრების
შესაძლებელ შეცდომებზე, ლუთერმა აქაც უკან არ დაიხია და გაბედულად თქვა: „ჩემგან
პირდაპირი, ნათელი და კატეგორიული პასუხი სურთ. კარგით, მეც გიპასუხებთ მიკიბვ-
მოკიბვის გარეშე: მე არ შემიძლია დავუმორჩილო ჩემი რწმენა არც პაპს, არც საეკლესიო კრებას,

8
რადგან დღესავით ნათელია, რომ ისინი ხშირად ცდებიან და თვით ერთმანეთსაც
ეწინააღმდეგებიან. თუ მე არ დამარწმუნებენ საღვთო წერილის დამოწმებით ან ნათელი
გონივრული მოსაზრებით, თუ მე არ დამარწმუნებენ თვით იმ ტექსტებით, რომელიც მოვიტანე,
და თუ ამდაგვარად ღვთის სიტყვით არ შებოჭავენ ჩემს სინდისს, მაშინ მე არ შემიძლია და არც
მსურს უარი ვთქვა არაფერზე, რადგან ქრისტიანს არ შეშვენის, გამოვიდეს სინდისის
წინააღმდეგო“. ლათინურად წარმოთქმული ეს სიტყვა ლუთერმა გერმანულადაც გაიმეორა და
თავისი გამოსვლა ასე დაასრულა:- ,,ამაზე ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. დაე, ღმერთი
შემეწიოს, ამინ“ („Hier Stehe ich, Ich kann nicht adners. Gott helfe mir. Amen“).
ლუთერის ეს გამოსვლა არამარტო რომის თამამი გამოწვევა იყო, არამედ სინდისის, აზრის
თავისუფლების პრინციპის საქვეყნოდ გამოცხადებაც, რომლის მსგავსი მანამდე იშვიათად
მომხდარა.
ეს საქციელი ლუთერს არ აპატიეს. იმპერატორმა, რომელიც მსოფლიო კათოლიკური
მონარქიის შექმნაზე ოცნებობდა და პაპის მხარდაჭერას საჭიროებდა, ის გააკეთა, რაც პაპის ნება
იყო: 21 მაისს გამოსცა ვორმსის ედიქტი, რომლითაც ლუთერი კანონგარეშედ გამოცხადდა,
მაგრამ ლუთერს მფარველები გამოუჩნდნენ. უპირველესად ეს იყო კურფიურსტი, ფრიდრიხ
ბრძენი, რომელმაც ჯერ კიდევ 26 აპრილს, ვიდრე ედიქტს გამოსცემდნენ, რეფორმატორი
მოატაცებინა და დამალა ვარტბურგის ციხეში, სადაც მან ხელი მიჰყო ბიბლიის თარგმნას:
ახალი აღთქმის თარგმანი დაასრულა 1513, ხოლო ძველი აღთქმისა–1534 წელს.
ჰაინეს თქმით, ამ თარგმანს უპირველესად ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მან საფუძველი
დაუდო გერმანულ სალიტერატურო ენას, რითაც ლუთერმა პოლიტიკურად და
სარწმუნოებრივად შეკრა დაქუცმაცებული გერმანია. ეს თარგმანი ხალხში (არამარტო
პროტესტანტებში) მოწონებით სარგებლობდა. მის პოპულარიზაციას დიდად უწყობდა ხელს
ბიბლიის ბეჭდური გავრცელებაც, რომელიც 1522 წლიდან 1546 წლამდე 430–ჯერ გამოიცა.
ბიბლიის თარგმანს ასევე ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ მან დიდი გავლენა მოახდინა
რეფორმაციული იდეების ფართოდ გავრცელებასა და რევოლუციური მოძრაობის შემდგომ
რადიკალიზაციაზე. ამ შემოქმედებით ლუთერმა დაშლის გზაზე მდგარ ფეოდალურ
საზოგადოებას ისეთი საზოგადოების სურათი უჩვენა, რომელმაც არაფერი იცოდა
ხელოვნურად აგებულ ფეოდალურ იერარქიაზე. გლეხების ხელში იგი აღმოჩნდა იარაღი,
რომელსაც იყენებდნენ მთავრების, თავადაზნაურების და ხუცების წინააღმდეგ. მან გერმანიაში
გლეხთა ომის დაწყებას შეუწყო ხელი, თუმცა უფრო ადრე მოხდა რაინდთა აჯანყება ჰუტენისა
და ზიკინგენის მეთაურობით. ეს აჯანყება, რომელიც მიმდინარეობდა 1522–1523 წლებში
ტრირის არქიეპისკოპოსის წინააღმდეგ, წინასწარ განწირული აღმოჩნდა. მისმა
ხელმძღვანელებმა ვერ მიაღწიეს საწადელს, ერთიან ძალად ვერ შეკრეს მოქალაქეები და
გლეხები, რისი იმედიც ჰქონდათ და მხოლოდ რაინდებზე დაყრდნობით სათანადო
წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს გერმანიის სასულიერო და საერო მთავრების გაერთიანებულ
შეიარაღებულ ძალებს და სასტიკი მარცხიც იწვნიეს. ზიკინგენი ერთ-ერთ ციხე–კოშკზე
იერიშის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს, ხოლო ჰუტენი შვეიცარიაში გაიქცა და მალე (1523 წ.)
გარდაიცვალა კიდეც. ერთი სიტყვით, მათი ცდა, რომ ბოლო მოეღოთ გერმანიის მთავრების
თვითნებობისა და სეპარატისტული პოლიტიკისათვის და დაეჩქარებინათ გერმანიის
გაერთიანება იმპერატორის მეთაურობით, უშედეგო აღმოჩნდა. გერმანიაში არსებული
მდგომარეობის გამოსწორების მომდევნო ცდას მიუნცერის გამოსვლა წარმოადგენდა.
მიუნცერი და გლეხთა დიდი ტრაგედია.
თომას მიუნცერი ლუთერის თანამედროვე მოღვაწე და მოაზროვნეა. მისეული სოციალური
თუ ქონებრივი გათანაბრების და, საერთოდ, თანასწორობის იდეა თავისთავად მიმზიდველი
იყო, მაგრამ ამ იდეის წინა პლანზე წამოწევა იმ სიტუაციაში, როცა გერმანიის ეროვნული
ეკლესიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა, ქვეყანას უბედურებას
უქადდა. ასეც მოხდა. მიუნცერისეულმა რეფორმაციამ (უფრო დაწვრილებით ქვემოთ
ვისაუბრებთ) გერმანელი ერი უაზრო სისხლისღვრამდე მიიყვანა, მისი შედეგების ლიკვიდაცია
კი უაღრესად რთული და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა, რადგან ლუთერის მიერ შეკრული
ერი ისევ გაიხლიჩა და უნდობლობის ჭაობში ჩაეფლო. ზიანი მიადგა იმ ეროვნულ საქმეს,

9
რომელსაც ლუთერის რეფორმაცია ითვალისწინებდა. არ გამოვრიცხავთ, რომ მისი
ინსპირატორი იყო ორთოდოქსული კათოლიკობის მეთაური, რომის პაპი და მისი ნების
აღმსრულებლები გერმანიაში. ამას გვაფიქრებინებს პაპის ლეგატის ალეანდრეს შემდეგი
სიტყვები: ,,თუ გერმანიაში შეეცდებიან რომაული ტახტის დამხობას, ჩვენ ისე მოვიქცევით, რომ
მათ (ე. ი. გერმანელებს–გ.კ) ერთმანეთს დავაგლეჯინებთ, საკუთარ სისხლში ვაბანავებთ“. მათ
ხომ ეროვნულიდან სოციალურ საკითხზე ყურადღების გადატანით გერმანელი ერის გახლეჩა
და ურთიერთდაპირისპირება სურდათ და ეს შეძლეს კიდეც. მიუნცერი, მისდა უნებურად, მათ
სამსახურში აღმოჩნდა, იგი ძმათამკვლელ ომში ჩაითრიეს.
თომას მიუნცერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 1490–1525 წლებში, დაიბადა შტოლბერგში,
შეძლებული გლეხის ოჯახში. მის ბავშვობასა და ყრმობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, მხოლოდ
ის ვიცით, რომ სულ პატარა მიუნცერი მოწმე გახდა ოჯახური ტრაგედიისა, შტოლბერგის
გრაფმა მამამისი ჩამოახრჩობინა. ჩანს, ნიჭიერება მას არ აკლდა, აკი 1507 წელს სწავლას იწყებს
ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად მეცადინეობდა მედიცინაში, ხოლო
შემდეგ ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. ის ბევრს კითხულობდა, წაუკითხავი არ დარჩენია
ჰუმანისტების თუ რომაელი მორალისტების, აგრეთვე მისტიკოსების (ტაულერის და სხვათა)
თხზულებები. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ხდება რა თეოლოგიის დოქტორი, იღებს
მღვდლის თანამდებობას. მიუნცერს შეხების წერტილი ჰქონდა ვიტენბერგის
უნივერსიტეტთანაც. 1518 წელს ის ისმენდა ლუთერის ლექციებს ღვთისმეტყველებაში,
მოწიწებით ეკიდებოდა რეფორმატორს, ერთხანს მისი მიმდევარიც იყო. არც მიუნცერს აკლდა
ლუთერის მხარდაჭერა: სწორედ მისი სარეკომენდაციო წერილით (1520 წ.) მიიღეს მიუნცერი
ცვიკაუში, სადაც მღვდლისა და მქადაგებლის მოვალეობა უნდა შეესრულებინა. ცვიკაუში ის
დაუკავშირდა ანაბაპტისტებს, ნიკოლას შტორხს და მის მეგობრებს, რომლებსაც ,,ცვიკაუს
წინასწარმეტყველთა“ სახელით მოიხსენიებდნენ. ეს ის ხალხია, რომლებიც ჩვილობაში
მონათვლას მიუღებლად, ძალის უქონლად თვლიდნენ. მონათვლის საიდუმლოს, მათი აზრით,
ძალას ანიჭებს მხოლოდ რწმენა, რაც ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს. მხოლოდ მოზრდილებს
შეუძლიათ იმოქმედონ შეგნებულად, რწმენის ბრძანებით და ამიტომაც ხელახლა უნდა
მოინათლონ ისინი. აქედან წარმოდგება სექტის სახელწოდებაც–ანაბაპტისტები, რომელიც
,,ხელახლა მონათლულებს“ ნიშნავს. მათი ,,მეორედ მონათვლის“ ეს იდეა მიუნცერს არ მიუღია,
სამაგიეროდ, ანაბაპტისტებმა კარგად შეითვისეს მიუნცერისეული საყოველთაო თანასწორობის
იდეა, რომლის ქადაგებასაც ის მოგვიანებით დაადგა.
საეტაპო მნიშვნელობის იყო მიუნცერის მოგზაურობა პრაღაში (1522–1523 წწ.), სადაც
გაეცნო თაბორიტების იდეებს, რომლის შემდეგ მან დაიწყო ანტიფეოდალური რევოლუციური
იდეების ქადაგება. თუ რა როლი შეასრულეს ამაში დაინტერესებულმა პირებმა, რომის პაპმა და
მისმა აგენტებმა გერმანიაში, ეს უცნობია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ამის შემდეგ იწყება მისი
ჩამოშორება ეროვნული მოძრაობიდან. 1524 წლიდან მიუნცერი განუდგა ლუთერს და,
საერთოდ, ბიურგერულ რეფორმაციას და გახდა 1524–1525 წლების გლეხთა ომის იდეოლოგი
და ხელმძღვანელი, რევოლუციურ–უტოპიური მოძღვრების, თავისუფლებისა და სოციალური
თანასწორობის მქადაგებელი.
გლეხთა დიდი ომი 1524 წლის ივნისში შტიულინგენის საგრაფოს აჯანყებით დაიწყო,
რომელმაც სულ მალე მან გერმანიის სამი დიდი რაიონი–შვაბია, ფრანკონია და თიურინგია
მოიცვა. გლეხთა აჯანყება იყო აგრეთვე ელზასსა და ტიროლში. ყველგან იქმნებოდა
აჯანყებულთა რაზმები, შემუშავებულ იქნა არაერთი პროგრამა: შვაბიაში შეიქმნა ,,12 მუხლი“,
ფრანკონიაში ,,წერილ-თეზისები“, ასევე ,,ჰაილბრონის პროგრამა“, რომლებშიც აისახა
გლეხების, ბიურგერების და რაინდების ინტერესები. მიუნცერის გავლენა ყველგან დიდი იყო.
აჯანყებულთა რაიონებში ჩასული მიუნცერი ყველგან უპირისპირდებოდა ლუთერის
ბიურგერულ რეფორმაციას და ამბოხებულებს იმაში არწმუნებდა, რომ თუ ლუთერი და მისი
თანამოაზრეები ,,მღვდლებზე და ბერებზე თავდასხმის იქით აღარ მიდიან, მაშინ მათ
საქმისთვის ხელი არ უნდა მოეკიდათ... ლუთერი ცუდი რეფორმატორია, ნაზ სხეულს ის
ბალიშებს უგებს, ძალიან აზვიადებს რწმენის მნიშვნელობას და ნაკლებად აფასებს საქმეს“.
ამგვარად, რეფორმატორის უპირველეს მოწოდებას მიუნცერი ხედავდა არა ახალი რელიგიის

10
ჩამოყალიბებაში, არამედ ამქვეყნიური ცხოვრების უკეთ მოწყობაში. „ადამიანებმა,–წერს ის,–
,,სამოთხე საიქიოში კი არ უნდა ეძებონ, არამედ სააქაო ცხოვრებაში“, სამოთხე მათ აქ,
დედამიწაზე უნდა დაამყარონ და „უღმერთოების“ თვითნებობას ბოლო უნდა მოუღონ.
,,უღმერთოებად“ კი მიუნცერი ,,მთავრებსა და ბატონებს“ მიიჩნევდა, რამეთუ ყოველგვარი
უბედურება მათგან მომდინარეობდა. ,,თავიდათავი,–ამბობდა ის,–მევახშე, ქურდი, ავაზაკი
მთავრები და მებატონეები არიან; ისინი იტაცებენ ყოველივეს: თევზს წყალში, ფრინველს
ჰაერში, მარცვლეულს მიწაზე; ყოველაფერს ითვისებენ, სადაც კი რამეს წააწყდებიან, ძარცვავენ
და ტყავს აძრობენ გლეხსა და ხელოსანს. და ამის შემდეგ მათ ჰყოფნით თავხედობა და
ღარიბებს უქადაგებენ: არ მოიპაროთო; და თუ მაინც დაინახავენ, რომ ღარიბი ადამიანების
წრიდან ვინმე ოდნავ შესცოდავს, მას უმალ სახრჩობელაზე აგზავნიან“. ეს სიტყვები
ფაქტობრივად სხვა არაფერი იყო, თუ არა ყოველგვარ სოციალურ ბოროტებაზე უარის თქმა.
მიუხედავად ამისა, მიუნცერს გერმანელი მთავრებისა და ბატონების მხოლოდ კრიტიკა არ
აკმაყოფილებს. ის უბრალო ადამიანებისგან იმის შეგნებას მოითხოვს, რომ იარაღით ხელში
გადააგდონ ტირანია და მისგან მომდინარე ტანჯვა და ჩაგვრა მოსპონ. მათ იმის გაკეთებაც
მართებთ, რომ დედამიწაზე დაამყარონ ,,ღვთის სამუდამო სუფევა“ ანუ ისეთი საზოგადოება
შექმნან, სადაც არ იქნება კერძო საკუთრება და ხელისუფალთა ძალადობა, სადაც ადამიანთა
ურთიერთობა ქონების ერთობას, სამართლიანობასა და საყოველთაო კეთილდღეობას
დაეფუძნება.
,,ღვთის სამუდამო სუფევა“ ანუ კომუნიზმი, რომლის დამყარებაზეც მიუნცერი ოცნებობს,
მარტო სოციალური საკითხების მოგვარებით არ ამოიწურება, იგი ხელისუფლების საკითხის
მოგვარებასაც გულისხმობს. ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობის აშენება მიუნცერს ვერ
წარმოუდგენია მმართველობის ძველი ფორმის შენარჩუნებით, ხალხის კეთილდღეობისათვის
მზრუნველი ხელისუფლების გარეშე, რომელსაც თვითონ ხალხი აირჩევს. აქ თავს იჩენს
რესპუბლიკური იდეების ჩანასახი, რაკი ხალხია პოლიტიკური ხელისუფლების წყარო და
სუბიექტი, ამიტომაც იგი თვითონ ირჩევს ისეთ ხელისუფალს, რომელსაც არ ექნება სხვა
საფიქრალი, თუ არა ზრუნვა ხალხის კეთილდღეობისა და ქრისტეს მტრების დათრგუნვისა.
ერთი სიტყვით, მიუნცერი ხალხური რეფორმაციის პრინციპებს იცავდა.
მიუნცერმა მთელი თავისი პრაქტიკული საქმიანობა აჯანყებულ რაიონებში
არჩევითობისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვის პრინციპებს დაუქვემდებარა. ჯერ
იყო და ალშტედტში ყოფნის დროს, როცა დაიწყო საეკლესიო გარდაქმნა, ღვთის მსახურთა
დაკომპლექტებას არჩევნების გზით შეეცადა, თანაც ამ მსახურებას ეროვნული ელფერი მისცა.
მან ეკლესიიდან განდევნა ლათინური ენა და მშობლიურ, გერმანულ ენას დაუქვემდებარა
ქადაგება და ლიტურგიული გალობა. მიუნცერისა და მისი მიმდევრების გავლენით გლეხთა
პროგრამებმაც მეტი რადიკალიზმი შეიძინა. უპირველესად ეს ითქმის ე.წ. ,,წერილ–
თეზისებზე“, რომელიც ფრანკონიაში გამოსცეს. ეს პროგრამა უტოპიური იყო, რადგან მთელი
ძალაუფლების ხალხის ხელში გადაცემა, მუქთახორების თვითნებობის ალაგმვა, ყველგან
სამართლიანობის დამყარება მაშინდელ პირობებში შეუძლებელი გახლდათ. თუმცა ფაქტია,
რომ ამ პროგრამამ სერიოზული გავლენა მოახდინა ფრანკონელ აჯანყებულთა ტაქტიკაზე. მან
გააძლიერა ანტიფეოდალური პროტესტი, დარაზმულობა და კიდევ უფრო გაზარდა მიუნცერის
ავტორიტეტი. ყველგან, სადაც კი ჩადიოდა, მას უწოდებდნენ სასურველ ,,რევოლუციონერ
თეოლოგს“, ,,მამა თომას“ ან კიდევ ,,ღარიბთა ერთგულ მრჩეველს“.
სამაგიეროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა ლუთერის საუბრები ტიურინგიაში, სადაც ის
აჯანყებულებს ხვდებოდა.
აჯანყებული გლეხები და ხმალამოღებული ლუთერი.
ვერ ვიტყვით, რომ გლეხთა ომის წამოწყებაში გარკვეული როლი ლუთერმა არ შეასრულა.
ამას მოწმობს 1522 წელს ეპისკოპოსების წინააღმდეგ წარმოთქმული მისი სიტყვები: ,,თუ
სასულიერო ხელისუფალნი ყურს არ დაუგდებენ ღმერთის სიტყვას, არ შეწყვეტენ მძვინვარებას,
დახოცავენ და ჩაიდენენ ბოროტებას, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არა ძლიერი აჯანყების
დაწყებით, რომელიც გაანადგურებდა, გაწყვეტდა მათ? და თუ ეს მოხდება, უნდა გვემხიარულა
კიდეც“. ასეთი სიტყვები მას ადრეც უთქვამს. ამიტომ გლეხები ლუთერს ,,ჩვენიანს“

11
უწოდებდნენ და დღე–დღეზე მოელოდნენ იმას, რომ ,,გერმანელი ჰერკულესი“ სათავეში
ჩაუდგებოდა სახალხო ჯარს. კათოლიკეებმაც, როგორც კი დაიწყო აჯანყება შტიულინგში,
ნიშნის მოგებით თქვეს: ,,აი, ლუთერისეული რეფორმაციაო!“. ამაში ორივე მხარე ცდებოდა.
მათ ვერ გაითვალისწინეს ის, რომ თუ ლუთერისათვის მისაღები იყო სასულიერო
ხელისუფალთა წინააღმდეგ მიმართული აჯანყება, სამაგიეროდ დაუშვებლად, ღმერთის ნების
საწინააღმდეგოდ, მიაჩნდა იგი საერო ხელისუფალთა მიმართ. ლუთერს ფრიდრიხ
საქსონელისაგან მითითებაც ჰქონდა, რომ დაეგმო დაწყებული აჯანყება, მაგრამ ერთხანს თავს
იკავებდა, იმედი ჰქონდა, რომ გამოჩნდებოდა გლეხების რაიმე დოკუმენტი, სადაც მათი
გონიერება გამოჩნდებოდა. მისთვის ასეთი დოკუმენტი გახდა ,,12 „მუხლი“, რომელიც 1525
წლის დასაწყისში მემინგენში მიიღეს. ეს იყო ზომიერი და თავშეკავებული დოკუმენტი,
რომლის ავტორები შესავალში ითხოვდნენ, რომ გლეხებისათვის მოეხსნათ მეამბოხეობის
ბრალდება და ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდებოდა.
პირველ მუხლში საუბარი იყო იმაზე, რომ მრევლს მისცემოდა მღვდლის არჩევისა და
შეცვლის უფლება; მეორე–სვამდა საკითხს ე.წ. მცირე მეათედის გაუქმების შესახებ, თუმცა
ცნობდა დიდი მეთედის მართებულობას; მესამე მუხლში გლეხები მოითხოვდნენ ბატონყმობის
გაუქმებას; მეოთხე, მეხუთე და მეათე მუხლები აყენებდნენ მოთხოვნას, რომ გლეხებისათვის
დაებრუნებინათ მათთვის წართმეული სათემო მიწები, ნადირობისა და შეშის ჭრის უფლება;
მეექვსე და მეშვიდეში საუბარი იყო საბატონო ბეგარის გაუქმებაზე; მერვეში–მიწის ღალის
შემცირებაზე; მეცხრეში–სამართლის წარმოების შერბილებაზე; მეთერთმეტეში–,,მკვდარი
ხელის“ უფლების შეცვლაზე; მეთორმეტე მუხლი უარს ამბობდა ყველა იმ მოთხოვნაზე,
რომელიც არ შეესაბამებოდა ღვთის სიტყვას.
ამ დოკუმენტის გაცნობისთანავე ლუთერმა დაწერა ,,მოწოდება მშვიდობისაკენ“, სადაც
ორივე მოწინააღმდეგე პარტიას ,,მწარე სიმართლე“ (როგორც ის ფირობდა) უთხრა და მათ
შორის თანხმობის მიღწევას შეეცადა. ჯერ ბატონებს ის დაუმტკიცა, რომ მათ წინააღმდეგ
გლეხების აჯანყება სამარლიანია თავგასული ჩაგვრის გამო. „თუ არ გამოსწორდებით, ყველა
თქვენგანს სიკვდილი ელოდება“,–ნათქვამია ,,მოწოდებაში“.
ასევე მკაცრია ლუთერის შთაგონება აჯანყებული გლეხების მიმართ. ,,კი, ბატონო, თქვენ
ამბობთ, რომ ხელისუფლება სასტიკი და აუტანელია“, მაგრამ ეს არ ამართლებს თქვენს
ამბოხებას. ,,ღმერთი კრძალავს აჯანყებას“, რამეთუ მას ქვეყნისათვის მხოლოდ ქაოსი და
უბედურება მოაქვს. ხელისუფლების დამხობის უფლება არავის არ აქვს, გარდა იმისა, ვინც ის
დააწესა, ე. ი. ღმერთისა,–განმარტავდა ლუთერი და გლეხებს ევედრებოდა, რომ შეეწყვიტათ
აჯანყება.
ლუთერი თავისი ,,მოწოდების“ შედეგებს არ დაელოდა და თვითონვე დაიწყო სააგიტაციო
მოგზაურობა. მოიარა თიურინგიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საგრაფო და რაიონი, სადაც
კი იდგნენ აჯანყებულთა რაზმები. გლეხებს იგი მშვიდობისაკენ მოუწოდებდა. მაგრამ ლუთერს
გაწბილება ელოდა, მსმენელები მას გულგრილად ეკიდებოდნენ ან დამცინავი წამოძახილებით
აწყვეტინებდნენ სიტყვას. მას ,,მთავრების მლიქვნელიც“ კი უწოდეს. ყველაფერმა ამან
(უპირველესად იმის გამო, რომ არ მოუსმინეს მის რჩევა–დარიგებას) ლუთერი ამბოხებული
გლეხების წინააღმდეგ განაწყო და სულ მალე, 1525 წლის მაისში გამოსცა პამფლეტი „ყაჩაღური
და მძარცველური ბრბოს წინააღმდეგ“, რომლითაც გლეხთა აჯანყებას ანათემა გამოუცხადა და
მთავრებს იმისაკენ მოუწოდა, რომ მოეკლათ აჯანყებულები, ისევე როგორც კლავენ ცოფიან
ძაღლებს“.
მეამბოხე გლეხებისადმი ასეთი დამოკიდებულება, ბუნებრივია, ჩირქს სცხებდა
ლუთერის სახელს, აკნინებდა მის ავტორიტეტს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას,
რომ ლუთერი გამონაკლისი არ ყოფილა. ლუთერამდე და მის შემდეგაც მრავალმა გამოჩენილმა
პიროვნებამ გაილაშქრა აჯანყებულთა წინააღმდეგ. ასე იქცეოდნენ თვით ლუთერის
თანამედროვე ისეთი ჰუმანისტებიც კი, როგორებიც იყვნენ ერაზმ როტერდამელი და თომას
მორი. ამ ჰუმანისტების აზრითაც, უბრალო ადამიანებს არა აქვთ უფლება, აძაგონ
ხელისუფლება. პირიქით, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ მას. მათ გაამართლეს ამბოხებული
გლეხების დასჯა გერმანიაში. მაშასადამე, არამარტო ლუთერი, არამედ ერაზმი და მორიც

12
გმობდნენ რევოლუციურ გარდაქმნებს: მათ ღრმად სჯეროდათ, რომ ძალადობა ძალადობას
წარმოშობს, რომ თანამოძმეთა ურთიერთშორის ბრძოლა მხოლოდ ქვრივებსა და ობლებს
ამრავლებს, რომ მას გაუმჯობესება სულ არ მოაქვს ან თუ მოაქვს ძალზე უმნიშვნელო, რომ ამ
გზით მოპოვებული თავისუფლება (თვით ტირანიისგან გათავისუფლებაც) ვერ პოულობს
გამართლებას.
ლუთერის ასეთ საქციელს ის გამართლება მაინც აქვს, რომ, როგორც ზემოთ ითქვა, მის
სახელთან დაკავშირებულ რეფორმაციულ მოძრაობას, რომელიც ეროვნული ხასიათის
ატარებდა (პაპებისა და მისი აგენტებისგან გერმანიის გათავისუფლება უნდა მოეტანა),
საფრთხეს უქმნიდა მიუნცერის მიერ სოციალური საკითხის წინ წამოწევა, რასაც ლუთერი ვერ
შეურიგდებოდა. სიკვდილამდე მას გულწრფელად სწამდა, რომ რეფორმაცია სრულ
გამარჯვებას მოიპოვებდა, ბოლოს მოუღებდა პაპების ბატონობასაც გერმანიაში, ,,საქმეში რომ
არ ,,გაჩხირულიყო“ მიუნცერი თავისი აჯანყებით“.
გლეხთა ომის კრახი
ლუთერის სააგიტაციო მოგზაურობებს, როგორც ითქვა, არ მოჰყვა ის შედეგი, როგორიც მას
სურდა. მან ვერ ჩააცხრო აჯანყებულთა ლტოლვა, რომ მჩაგვრელებთან ბრძოლა საბოლოო
გაამარჯვებამდე მიეყვანათ. პირიქით კი მოხდა, გლეხები და ღარიბები კიდევ უფრო
გააქტიურდნენ, რომელთაც გვერდში ბიურგერები და რაინდებიც ამოუდგნენ. ახალი
ხელმძღვანელებიც გამოჩნდნენ. ესენია: ბალთაზარ ჰუბმაიერი, ჰიპლერი და სხვ. სწორედ
ჰიპლერისა და მისი მეგობრების სახელს უკავშირდება ,,ჰაილბრონის პროგრამის“ შედგენაც,
რომელიც ბიურგერთა მოთხოვნებს უფრო პასუხობდა, ვიდრე გლეხების ინტერესებს. ეს ჩანს
თუნდაც იქიდან, რომ ამ პროგრამის მიხედვით უნდა მომხდარიყო გერმანიის ყველა
ხელისუფალის დამორჩილება იმპერატორისადმი, ხოლო მთავრები დ თავადაზნაურთა სხვა
წარმომადგენლები მოხელეებად უნდა ქცეულიყვნენ. პროგრამის მეხუთე მუხლის მიხედვით,
სასულიერო წოდებას მთლიანად უნდა ჩამორთმეოდა საერო ხელისუფლება, დაეარსებინათ
გერმანიის ერთიანი კანონმდებლობა და სასამართლო, მოეჭრათ საერთო ფული, რომელსაც
გასავალი ექნებოდა მთელ გერმანიაში, უნდა შემოეღოთ ერთიანი ზომა–წონის ერთეული და
გაეუქმებინათ ვაჭრობა-მრეწველობის დამაბრკოლებელი ყველა საბაჟო. ჰიპლერი და
,,ჰაილბრონის პროგრამის“ სხვა ავტორები რაინდთა თავის მხარეზე გადმობირებასაც შეეცადნენ
და ამ მიზნით პროგრამაში დასმული იყო საკითხი წოდებრიობის წესის შენარჩუნებისა, მაგრამ
არც ერთ პროგრამას განხორციელება არ ეწერა. მართალია, აჯანყებულებს ერთხანს (ეს კი 1525
წლის 17 მარტიდან ხდება) ძალაუფლებაც კი ეპყრათ ხელში მიულჰაუზენში, სადაც დაამხეს რა
ძველი მაგისტრატი, შექმნეს რევოლუციური მთავრობა ,,მუდმივი საბჭოს“ სახით, მაგრამ,
როგორც მოსალოდნელი იყო, მათ წინააღმდეგ თვით ერთმანეთის მოძულე სასულიერო და
საერო მთავრებიც კი გაერთიანდნენ და ერთიანი ძალით 15 მაისს ფრანკენჰაუზენთან მუსრი
გაავლეს აჯანყებულ ღარიბებს და გლეხებს. ანგარიშსწორება არც შემდგომში შეწყვეტილა და
დახოცილთა საერთო რაოდენობამ 100 000 კაცს გადააჭარბა. მიუნცერი მთავრებმა შეიპყრეს და
სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ხოლო იმათ, ვინც გადაურჩა დევნასა და
სიკვდილს, სასიცოცხლო პირობების ოდნავი გაუმჯობესებაც არ მიუღიათ; პირიქით, უფრო
გაუსაძლისი გახდა მათი ცხოვრება.
მიუნსტერის კომუნა
გერმანიაში რევოლუციური სული ერთბაშად არ ჩამცხრალა. დევნის მიუხედავად გლეხთა
ომის გადარჩენილმა ნაწილებმა, განსაკუთრებით ანაბაპტისტებმა, კვლავ ააღორძინა სექტა
მიუნსტერში, დასავლურ გერმანულ ქალაქში, საიდანაც განდევნეს მთავარ–ეპისკოპოსი.
ანაბაპტისტების დიდი ნაწილი აქ მოვიდა ნიდერლანდებიდან იან მატისის და იან ლეიდენის
ხელმძღვანელობით. მათ უმრავლესობა მოიპოვეს ქალაქის მმართველობაში, ქალაქი
გამოაცხადეს ,,ახალ იერუსალიმად“, ანუ ,,ღვთის სამეფოდ“, რომელმაც 14 თვე, 1535 წლის
ივნისამდე იარსება. ამ ,,სამეფოს“ ჯერ იან მატისი ხელმძღვენლობდა, ხოლო მისი სიკვდილის
შემდეგ იან ლეიდენი. მათ ქალაქში გამთანაბრებელი პოლიტიკა გაატარეს, გააუქმეს ფული და
შემოიღეს ნატურით გაცვლა. ძვირფას ლითონებს მოსახლეობა საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის აბარებდა. ეკლესიებისათვის ჩამორთმეული ქონება და საკვები პროდუქტები

13
ნაწილობრივ მოსახლეობას დაურიგეს; მევახშეობა აკრძალეს და ძველ აღთქმაზე დაყრდნობით
ერთხანს მრავალცოლიანობა შემოიღეს, რომელიც მოგვიანებით გააუქმეს.
მიუნსტერის ,,მეფე“ საოცრად სასტიკი მმართველი აღმოჩნდა. არსებითად მისი სამეფო
თეოკრატიულ ხასიათს ატარებდა. გაანადგურეს ხატები და საეკლესიო მორთულობანი,
წიგნებიდან მხოლოდ ბიბლია დატოვეს.
მიუნსტერის სამეფოსაც აღსასრულის დღე დაუდგა. მთავარ–ეპისკოპოსის ჯარებმა მას
ალყა შემოარტყეს. მოალყეებს საიმპერიო ჯარიც მიეხმარა. მართალია, ქალაქი და მისი
დამცველები გმირულად იბრძოდნენ, მაგრამ 1535 წლის ივნისში იგი მაინც დაეცა, სიკვდილით
დასაჯეს აჯანყებულთა ხელმძღვანელები, მონასტერში კვლავ კათოლიკობა აღსდგა.
ლუთერი და პროტესტანტი მთავრების გააქტიურება
ლუთერს არც გლეხთა ომის დროს და არც მისი დამარცხების შემდეგ შეუწყვეტია
რეფორმაციული საქმიანობა. მას მხარს უჭერდნენ რეფორმაციის მომხრე მთავრები, რომლებსაც
ლუთერმა რელიგიური გარდაქმნების საქმეში სრული თავისუფლება მიანიჭა. რა თქმა უნდა,
მისი იდეალი სულაც არ ყოფილა მთავრის ხელისუფლება (იგი გერმანიის გაერთიანებისა და
ძლიერი საიმპერატორო ხელისუფლების მოსურნე იყო), მაგრამ როცა ლუთერმა დაინახა, რომ
კარლ V–მ ვერ გაამართლა მისი იმედები (მისთვის უცხო აღმოჩნდა ეროვნული საქმეები, თვით
რეფორმაცია, რომელსაც მტრად მოეკიდა და პაპის მხარე დაიჭირა), მან დაიწყო ძლიერი
მოკავშირის ძებნა და ასეთად რეფორმაციის მომხრე მთავრები მიიჩნია, რაც სწორი არჩევანი
გახლდათ. მოცემული მომენტისათვის მხოლოდ მათ შეეძლოთ პროტესტანტობის დაცვა და
ამიტომაც მიანიჭა სრული თავისუფლება რელიგიური გარდაქმნების საქმეში. მთავრებს
თავიანთ სამფლობელოებში რელიგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაწყვეტის
უფლებას 1526 წელს მოწვეული შპაიერის რაიხსტაგის დადგენილებაც ანიჭებდა. აქედან
გამოდიოდნენ ისინი, როცა თავიანთ სამფლობელოებში ხელი მიჰყვეს არამარტო ეკლესიების,
არამედ სკოლებისა და უნივერსიტეტების გარდაქმნას იმ პროგრამის შესაბამისად, რომელიც
შემუშავებული იყო ლუთერისა და მისი მეგობრის, გამოჩენილი ჰუმანისტის ფილიპ
მელანქტონის მიერ. იმავდროულად ხდებოდა საეკლესიო მიწებისა და ქონების
სეკულარიზაცია, რომელიც ხელს უწყობდა მთავრის ხელისუფლების გაძლიერებას; ახლა მას
ეკიდებოდნენ როგორც ,,უმაღლეს ეპისკოპოსს“.
კათოლიკეები და იმპერატორი კარლ V ვერ შეურიგდნენ მთავრების ასეთ მოქმედებას და
მათ 1529 წელს მოიწვიეს შპაიერის ახალი რაიხსტაგი, რომელმაც აკრძალა საეკლესიო მიწების
სეკულარიზაცია და 1526 წლის დადგენილება გააუქმა. ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა
რაიხსტაგზე წარმოდგენილი ლუთერანული უმცირესობა, 5 მთავარი და 14 ქალაქი, მათ შორის
სტრასბურგი, ნიურნბერგი, ულმი. მათ პროტესტი განაცხადეს და თქვეს, რომ სინდისისა და
რწმენის საქმეში შეუძლებელია დავემორჩილოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ამ
მომენტიდან რეფორმაციის მომხრეებს (როგორც ლუთერანებს, ისე ცვინგლისა და კალვინის
მიმდევრებს) პროტესტანტებს უწოდებენ.
რა თქმა უნდა, შეეცადნენ მოლაპარაკების გზით კათოლიკეებსა და პროტესტანტებს
შორის თანხმობა ჩამოეგდოთ. სწორედ ამ მიზნით, 1530 წელს შეიკრიბა აუგსბურგის რაიხსტაგი,
სადაც ლუთერს, როგორც ,,ერეტიკოსს“, მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. ამიტომაც მას
მხოლოდ ლუთერის მომხრე ფილიპ მელანქტონი დაესწრო. ამ უკანასკნელმა შეიმუშავა
პროტესტანტიზმის კრედო (მრწამსი), რომელმაც მიიღო ,,აუგსბურგის აღსარების“ ანუ
,,აუგსბურგის სარწმუნოების“ სახელწოდება.
,,აუგსბურგის აღსარება“ შედგენილი იყო ლუთერანული პირველი დოგმატის–,,მხოლოდ
რწმენით გამართლების“ შესაბამისად და უარყოფდა რომაულ–კათოლიკური ეკლესიის
იერარქიას, აუქმებდა მდიდრულად მორთული ხატებისა და ,,წმინდანთა“ ნეშტების
გამოყენებას–ეკლესიაში, მოითხოვდა ღვთისმსახურების ჩატარებას ეროვნულ ენაზე და ა.შ.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეთანხმება ვერ შედგა. კარლ V–მ ,,აღსარება“ მიუღებელ
დოკუმენტად მიიჩნია. იმპერატორმა მის ავტორსა და ახალი რწმენის მატარებლებს ძველი
სარწმუნოების დაბრუნებისაკენ მოუწოდა და ვინც ამას არ გააკეთებდა სასჯელით დასჯა
ემუქრებოდა. ამან მოსახლეობა აპათიისაგან გამოიყვანა. გაააქტიურდა პრტესტანტი მთავრებისა

14
და ქალაქების საქმიანობა. მათ 1531 წლის თებერვალ–მარტში ქ. შმალკალდენში თავდაცვისა და
რეფორმაციის მხარდაჭერის მიზნით სამხედრო–პოლიტიკური კავშირი შეკრეს. ერთი სიტყვით,
ყველაფერი ისე წარიმართა, რომ შმალკალდენის კავშირისა და იმპერატორის ძალებს შორის
შეტაკება მომხდარიყო, მაგრამ ამას ლუთერი ვერ მოესწრო. ის 1546 წლის 18 თებერვალს
გარდაიცვალა. ლუთერი სულ ახალი განსვენებული იყო, როცა იმპერატორმა კარლ V–მ
საფრანგეთის მეფე ფრანსუა I–თან ზავი დადო და მაშინვე გამოემგზავრა გერმანიაში, რათა
შმალკალდენის კავშირისა და პროტესტანტებისათვის ბოლო მოეღო. მას თან ახლდა
ესპანელთა 40 000–იანი ჯარი, მასვე მხარი დაუჭირა საქსონიის ჰერცოგმა მორიცმა, რომელიც
ლუთერანი იყო. ასეთი საქციელისათვის პროტესტანტებმა მას იუდა უწოდეს. თავდაპირველად
(1547 წ. 24 აპრილს) გაიმარჯვეს იმპერატორის ჯარებმა, მაგრამ სულ მალე მორიცმა უარი თქვა
თავის ადრინდელ პოზიციაზე და 1552 წელს თავს დაესხა იმპერატორის ძალებს და დაამარცხა
იგი. მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებამ დიდხანს გასტანა, რომელიც 1555 წელს ე.წ.
აუგსბურგის რელიგიური ზავით დასრულდა. მის თანახმად, იმპერიაში ლუთერანები და
კათოლიკეები თანასწორად გამოცხადდნენ. თითოეულმა მთავარმა იმის უფლება მოიპოვა, რომ
სურვილისამებრ მოეწყო თავისი სარწმუნოება. ,,ხელისუფლება ვისიც არის, რწმენაც მისია.“
ასეთი პრინციპი გაატარეს მათ.
პროტესტანტებთან წარუმატებელმა ბრძოლამ კარლ V–ს უარი ათქმევინა ტახტზე. მან
თავისი სამფლობელო ორ ნაწილად გაყო: შვილს ფელიპე II–ს ესპანეთის მეფობა უბოძაა, ხოლო
ძმას, ფერდინანდ I-ს, გერმანიის იმპერატორობა. აუგსბურგის რელიგიური ზავით რეფორმაცია
(ლუთერანობამ ფართო გავრცელება ჰპოვა არამარტო გერმანიაში, არამედ ავსტრიაში, დანიასა
და შვეიცარიაში) არ დამთავრებულა, თუმცა ამ დროიდან დაიწყო კონტრრეფორმაციაც. იგი
გერმანიაში 1555 წლიდან 1618 წლამდე, ოცდაათწლიანი ომის დაწყებამდე გაგრძელდა. ეს ომი
კი კათოლიკურ ლიგასა და პროტესტანტულ უნიას შორის მიმდინარეობდა.

15

You might also like