You are on page 1of 4

შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპული ხელოვნება

V-XV სს

დასავლეთ ევროპული კულტურის საწყის პერიოდად IV-V საუკუნეებია მიჩნეული,


როდესაც რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ახალი ხალხი ასპარეზზე გამოვიდა თავისი
სოციალურ-პოლიტიკური წყობით, ყოფითა და ადათ-წესებით. მონათმფლობელური
საზოგადოების მსხვრევამ გადასახლებებისათვის გაუხსნა გზა იმ ხალხს, რომლებიც ევროპაში,
წინა და შუა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ანუ იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, რომლებიც
ოდესღაც რომის იმპერიის მიერ იყო გაერთიანებული. ეს მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში
ცნობილია, როგორც ხალხთა დიდი გადასახლება, რომლის მონაწილეები იყვნენ გერმანული და
სლავური ტომები, მონღოლები და თურქები. ამ ხალხმა ის ფეოდალური სახელმწიფოები შექმნა,
რომელთა ფარგლებშიც შემდეგ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოებიც ჩამოყალიბდა.
მოსახლეობამ აითვისა ლათინური ენა, რომელმაც თანდათან ადგილობრივი ენები განდევნა და
საყოველთაოდ გავრცელდა, მაგრამ არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ ზეპირსიტყვიერ,
ყოველდღიურად სამეტყველო ფორმებშიც. ამ „ხალხური“ ლათინურიდან, რომელმაც
სხვადასხვაგვარი ადგილობრივი შეფერილობა შეიძინა, შემდგომში ჩამოყალიბდა დასავლეთ
ევროპული რომანული ენები: ფრანგული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური და ა. შ.
ფეოდალური წყობა საბოლოოდ IX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამ ეპოქის მთავარ
დამახასიათებელ ნიშანს ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე წარმოადგენს. ფეოდალი
განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე იყო თავის სამფლობელოში. ხშირი იყო ომები
ფეოდალებს შორის. ქვეყნის ცალკეულ ნაწილებს შორის კავშირი სუსტი და რთულად
დასამყარებელი იყო. არა მხოლოდ მეურნეობას, ზოგადად ცხოვრებასაც ჩაკეტილი ხასიათი
ჰქონდა. XII საუკუნიდან ვაჭრობა განვითარდა და თანდათანობით ქალაქების ზრდაც მოხდა.
იმდროინდელი ევროპის საზოგადოებრივმა კონტრასტებმა, უსასრულო ომებმა,
სტიქიურმა უბედურებებმა, შიმშილმა და ეპიდემიებმა დაღი დაასვა შუა საუკუნეების
აზროვნების სტილს და შესაბამისად, მის კულტურასა და ხელოვნებას. დასავლეთ ევროპული
კულტურის ჩამოყალიბება პოლარული მოვლენების შეჯახების პროცესში ხდებოდა.
დასავლეთმა რომის სახელმწიფოს კრიზისი, ხალხთა დიდი გადასახლება და ახალი
ბარბაროსული სამეფოების ჩამოყალიბება განიცადა. შუა საუკუნეების გარიჟრაჟზე ევროპულ
ასპარეზზე ერთმანეთს საზოგადოებრივი განვითარების ორი ფაზა შეხვდა:

1
1. ანტიკური ცივილიზაციის დასრულება, რომლის წიაღშიც ფეოდალური
ფორმაციის ელემენტები ყალიბდებოდა;
2. ახალგაზრდა ერების მიერ მოტანილი თემური წყობილება, რომელიც უკვე
იშლებოდა.
ამ შეტაკებას დაძაბული და დრამატული ხასიათი ჰქონდა. ევროპული კულტურა
პირველყოფილი ბარბაროსული წარმართობისა და ძველი სამყაროს მიერ შექმნილი
ქრისტიანობის, მაგიური წარმოდგენებისა და ანტიკური ფილოსოფიის, საეკლესიო
დოქტრინებისა და ანტიფეოდალური ერესების, ფოლკლორისა და ლიტერატურის, ხალხური
დიალექტებისა და ლათინური ენის, ბარბაროსული მსოფლმხედველობისა და ანტიკური
ანთროპომორფიზმის შეპირისპირების პროცესში ყალიბდებოდა. ეს შუა საუკუნეების
კულტურას რთულ ხასიათს ანიჭებს.
მონათმფლობელობასთან შედარებით, ფეოდალიზმი პროგრესული ნაბიჯი იყო. მის
განმტკიცებას თან საწარმოო ძალების განვითარებია, კულტურული მიღწევების პერიფერიებში
გავრცელება ერთვოდა. ეროვნული კულტურების, ეროვნული სკოლების ჩამოყალიბება
ხდებოდა.
განსაკუთრებული ადგილი, რომელიც შუა საუკუნეებში ეკლესიას ეჭირა, ეპოქის
ფეოდალურ-რელიგიურ მსოფლმხედველობას განსაზღვრავდა. ფილოსოფია, სამართალი,
განათლება, მორალი, ლიტერატურა და ხელოვნება დაკავშირებული იყო რელიგიასთან, ან
ემორჩილებოდა მას. რეალობის შეფასება რელიგიისა და თეოლოგიის სფეროში წარმოშობილ
კატეგორიებში ხდებოდა. ამიტომაც შუა საუკუნეების ხელოვნება იყო რელიგიური, სიმბოლური,
განყენებული. მხატვრის მთავარი დამკვეთი ეკლესია იყო, რომელიც ქადაგებდა, რომ
ყველაფერი მიწიერი არის მხოლოდ ზეციურის სუსტი ანარეკლი, ამიტომ ხელოვნება ბუნებას კი
არ მიჰყვებოდა, არამედ სიმბოლოებსა და ალეგორიებს მიმართავდა იმისათვის, რომ ზეციური
ცხოვრება უკეთ აესახა. შუა საუკუნეების მეცნიერება, ე. წ. სქოლასტიკა მთლიანად რელიგიას
ეყრდნობოდა. ის დაკავებული იყო საღვთო წერილისა და სასულიერო პიროების ნაწარმოებების
განმარტებით. ეკლესიამ მთლიანად დაიმორჩილა სკოლა. განათლების ერთ-ერთ კერად დიდი
დროის მანძილზე მონასტრები და საეპისკოპოსო სკოლები რჩებოდა.
შუა საუკუნეების ხლოვნების ძეგლების შესწავლა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ
იმდროინდელ ოსტატებს ბერძნული ხელოვნება ზედმიწევნით უნდა სცოდნოდათ. მათ კარგად
იცოდნენ, როგორ შემოეკეცათ მოსასხამი სხეულის ირგვლივ ისე, რომ ნაკეცების ქვეშ კიდურები
გამოჩენილიყო. ისიც იცოდნენ, როგორ შეედგინათ მოზაიკა სხვადასხვა ელფერის კენჭებისაგან,
2
რომ სხეულის ან კლდეების ფერები გადმოეცათ. ისინი ჩრდილებსაც აღნიშნავდნენ მიწაზედა
არც რაკურსების გადმოცემა უძნელდებოდათ. თუ კომპოზიცია ჩვენს თვალში პრიმიტიულად
გამოიყურება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოსტატს სურდა სიმარტივე. ეგვიპტელთა შეხედულება
ყოველი საგნის მკაფიოდ გამოსახვის შესახებ განსაკუთრებული ძალით შემობრუნდა, მაგრამ
მხატვრები ახალი ცდებისას პრიმიტიული ხელოვნების მარტივ ფორმებს კი არ იყენებდნენ,
არამედ ბერძნული ფერწერიდან მომდინარე ფორმებს. ამიტომაა, რომ შუა საუკუნეების
ქრისტიანული ხელოვნება პრიმიტიული და რაფინირებული მეთოდების უჩვეულო ნაერთი
გახდა.
შუა საუკუნეებში შეიცვალა წარმოდგენა სამყაროსა და ადამიანზე. რელიგია ქადაგებდა,
რომ ადამიანის ფიზიკური არსი დროებითი და ხრწნადია, ხოლო მისი სული მარადიული.
სხეული სულის ციხედ, ცოდვების უღირს ჭურჭლად გადმოცხადდა. უკვე ამ შეხედულებაში
გამომჟღავნდა სულის სხეულზე, იდეების სამყაროს მატერიალურ სამყაროზე ბატონობის იდეა.
ამგვარად, შუა საუკუნეების ქრისტიანული დოქტრინებიდან წარმოიშვა ესთეტიკური იდეალი,
რომელიც ანტიკური იდეალის საპირისპირო იყო. თუ ანტიკურობაში ადამიანი განიხილებოდა,
როგორც სამყაროს ცენტრი, ახლა მას უყურებენ, როგორც „უმნიშვნელო განაკაწრს სამყაროს
უზარმაზარ სივრცეზე“ (რენე დეკარტი).
შუა საუკუნეების კულტურა მთელი ათასწლეულის მანძილზე ვითარდებოდა. ზოგ
ქვეყანაში ეს პერიოდი კიდევ უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა.
დასავლური და ცენტრალური ევროპის შუა საუკუნეების კულტურის ისტორიაში
გამოიყოფა სამი ძირითადი ეტაპი:
1. V საუკუნიდან X საუკუნის შუა წლებამდე: ფეოდალიზმის ჩამოყალიბების, მისი
მსოფლმხედველობისა და კულტურის ფორმირების პერიოდი;
2. X საუკუნის II ნახევრიდან XII საუკუნის ჩათვლით: ფეოდალიზმის აყვავების დრო, ე.
წ. რომანიკა;
3. XIII საუკუნიდან XV საუკუნის ჩათვლით: ფეოდალიზმის თანდათანობითი დაშლის
პერიოდი, ე. წ. გოთიკა.
დიდი დროის მანძილზე არსებობდა არასწორი დამოკიდებულება შუა საუკუნეების
მიმართ. ფრანგი ფილოსოფოსი ვოლტერი წერდა XVIII საუკუნეში: „შუა საუკუნეების ისტორია
უნდა ვიცოდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის შევიძულოთ“. მას ეხმიანებოდა ისტორიკოსი ედვარდ
გიბსონი, რომელიც „შუა საუკუნეების ათასწლოვან ბნელ ღამეზე“ საუბრობდა. გაცილებით
ადრე უარყოფით დამოკიდებულებას შუა საუკუნეების მიმართ აღორძინების ეპოქის
3
ფილოსოფოსები და ჰუმანისტები გამოთქვამდნენ, რომლებიც მას „ბარბაროსობისა და
ველურობის პერიოდს“, „დიდ შესვენებას კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში“
უწოდებდნენ.
ასეთი დამოკიდებულება შუა საუკუნეებისადმი ისტორიული უსამართლობაა. ამ რთულმა
ეპოქამ თავისი განუმეორებელი კვალი დატოვა მსოფლიო კულტურის ისტორიაში და
კაცობიობა უდიდესი მიღწევებით გაამდიდრა.

You might also like