You are on page 1of 9

აღორძინების (რენესანსის) ეპოქის კულტურა

რენესანსი, ანუ აღორძინება ( ფრ. Renaissance -აღორძინება)


ხარისხობრივად ახალი ეტაპია ევროპული კულტურის ისტორიაში. თავად ტერმინი
ხსენებული ხანის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მოღვაწემ, ხელოვნების ისტორიკოსმა,
თეორეტიკოსმა და აღორძინების ეპოქის მხატვრების, მოქანდაკეების,
არქიტექტორების ბიოგრაფმა ჯორჯო ვაზარიმ დაამკვიდრა. მასში ანტიკური ეპოქის
ფილოსოფიის, ესთეტიკური იდეალების აღორძინება იგულისმება.

რენესანსის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მან უდიდესი


ნაბიჯი გადადგა შუა საუკუნეებიდან ახალი დროის კულტურისაკენ სხვადასხვა
სფეროში- ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, რელიგიაში. ამ ეპოქაში
დამკვიდრდა მეცნიერული ცოდნის დაგროვების ახალი, რაციონალური მეთოდები,
ახალი გამომსახველობითი სისტემა ხელოვნებაში, ახალი ფილოსოფიური
სწავლებანი, საზოგადოების სოციალური მოწყობის ახლებური სქემები და ა.შ.
ამდენად, შეცდომაა აღორძინების ეპოქის შეფასება, როგორც ანტიკურობაში
დაბრუნება: ეს უფრო ანტიკური ფილოსოფიის და ესთეტიკის, ქრისტიანული
მოძღვრების და ახალი რაციონალური მსოფლაღქმის დიალოგია. მეორე მხრივ,
რენესანსის კულტურა შუა საუკუნეების ფილოსოფიასთან დაპირისპირებაში
ყალიბდებოდა. საინტერესოა, რომ სწორად ამ ეპოქის მოაზროვნეებმა შემოიღეს
პირველად ტერმინი „შუა საუკუნეები“, რომელსაც ისინი ანტიკურობასა და მათ
თანამედროვე ეპოქას შორის მოქცეულ „სიბნელის ათასწლეულს“, „კაცობრიობის
ბნელ ღამეს“ უწოდებდნენ.

აღორძინების ეპოქა მართლაც ერთ-ერთი უნიკალური, ღირშესანიშნავი


პერიოდია კაცობრიობის ისტორიაში. მისი კულტურული ცხოვრება
განსაკუთრებული მრავალფეროვნებით და ინტენსიურობით გამოირჩევა, ხოლო
მიმდინარე პროცესები- ევოლუციის განსაკუთრებული სისწრაფით. მასში ძალიან
გაიზარდა პიროვნების შემოქმედებითი თავისუფლება. გარდა ამისა, რენესანსის
ხანას ახასიათებს გენიალური შემოქმედების უდიდესი კონცენტრაცია სივრცეშის და
დროშიც: მაგალითად, არცთუ ისე დიდ ქალაქ ფლორენციაში ერთდროულად
მოღვაწეობდა მსოფლიო ხელოვნების სამი ტიტანი- ლეონარდო, რაფაელი,
მიქელანჯელო; რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთ იტალიის
ქალაქებმა წარმოშვა კვატროჩენტოს უდიდეს მხატვართა და მოქანდაკეთა მთელი
პლეადა და სხვ.
აღორძინების ხანის კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია
ადამიანის ინდივიდუალობის, მისი პიროვნული მსოფლმხედველობის წინა პლანზე
წამოწევა. ევროპული კულტურისთვის დღეს ასე დამახასიათებელ
ინდივიდუალიზმს სწორედ აღორძინების ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი. შუა
საუკუნეების ადამიანის ცხოვრება განუყოფელი იყო თემის, კორპორაციის,
საზოგადოებრივი ფენის ცხოვრებისგან. რაც შეეხება ხელოვანთ, მათი პიროვნული
მისწრაფებები ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო- დამკვეთი (ამ შემთხვევაში- ეკლესია)
თავის წესებს კარნახობდა მათ. მხოლოდ რენესანსის ხანაში დამკვიდრდა ყოველი
ინდივიდის ორიგინალობის, თავისთავადობის, ფასეულობის პრინციპი, რენესანსის
ესთეტიკური და ეთიკური იდეალი თავისუფალი შემოქმედი, ყოველმხრივ
განვითარებული, უნივერსალური ადამიანი გახდა.

არსებობს მრავალი განსხვავებული მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა გახდა


რენესანსის ეპოქის უდიდესი კულტურული აღმავლობის საფუძველი. უკვე XIX
საუკუნის II ნახევარში მეცნიერები ასეთად ევროპაში კაპიტალიზმის, ბურჟუაზიული
საზოგადოების ფორმირებას ასახელებდნენ. იტალია, უფრო კონკრეტულად კი- მის
ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებსაც მეფეები და
ფეოდალები კი არა, არამედ კოლეგიელური ორგანოები (მაგ,. სენიორია
ფლორენციაში, სენატი ვენეციაში და სხვ.) და არჩევითი ხელისუფლება (მაგ. დოჟი
ვენეციაში და სხვ.) მართავდნენ, ამ ახალი საზოგადოების, ახალი ეკონომიკური
ურთიერთობების ფლაგმანი გახდა. მედიდური არისტოკრატიის გვერდით ევროპაში
ისტორიის სცენაზე პოპოლანები- ვაჭრები, ბანკირები, მრეწველები, ხელოსნები
გამოდიან. უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა აგრეთვე დიდი
გეოგრაფიული აღმოჩენები და ახალი სავაჭრო გზების გაკვალვა. ვაჭრობის,
ინდუსტრიის, ბანკების განვითარებამ უზომოდ გაზარდა მესამე წოდების როლი
საზოგადოებაში. ამ ახალი საზოგადოებისთვის უცხო გახდა ბევრი ის ფასეულობა,
რასაც შუა საუკუნეების ფილოსოფია, მორალი, ესთეტიკა, ხელოვნება ამკვიდრებდა.
ამდენად, რენესანსის კულტურა ქალაქური ტიპის, ურბანისტული კულტურაა.
აღორძინების ხანის ადამინის პიროვნების ფორმირებაში უდიდესი როლი სწორედ
ქალაქების მჩქეფარე ცხოვრებამ შეიტანა- პარტიების, დაჯგუფებების ბრძოლამ,
მოქალაქეობრივი და პოლიტიკური არჩევანის უფლებამ, სოციალური ცხოვრების
გამოცდილებამ და სხვ.

თავისუფალი ქალაქის თავისუფალი მოქალაქე ამ ქალაქის მართვაში,


მოწყობაში იღებდა მონაწილეობას, რაც, ერთი მხრივ, უდიდესი პატივი, მეორე
მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ასეთი გარემო კონკურენტულობას აძლევდა
სტიმულს, სადაც ძალიან ფასობდა ადამიანის ნიჭი და საზოგადოებრივ საქმეებში
მონაწილეობის მიღების სურვილი. რენესანსის ეპოქა მდიდარია მეცენატებით-
მდიდარი ადამიანებით, რომლებიც მფარველობდნენ ხელოვნებას, აფინანსებდნენ
ნიჭიერ შემოქმედებს თუ სხვადასხვა პროექტებს, აგროვებდნენ კოლექციებს და სხვ.
იტალიური აღორძინების ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს პერიოდს XIII
საუკუნის მეორე ნახევრიდან XVI საუკუნემდე, ხოლო მისი შიდა პერიოდიზაცია
შემდეგნაირია:

პროტორენესანსი- XIII ს-ის II ნახ. – XIV ს-ის I მეოთხედია.იგი მოიცავს ორ


საუკუნეს -დუჩენტოს(-1200-იანი წლები )- XIII ს. და ტრეჩენტოს-(1300-იანი წლები)-
XIV ს.

ადრეული აღორძინება, ანუ კვატროჩენტო (1400-იანი წლები) – XV ს.

მაღალი აღორძინება, ანუ ჩინკვეჩენტო (1500-იანი წლები)- XV ს-ის მიწურული-


XVI ს-ის I მესამედი.

გვიანი აღორძინება- XVI ს-ის II მესამედი- XVI ს-ის მიწურული.

თავისი არსით აღორძინება წარმოადგენდა ფეოდალიზმიდან


კაპიტალისტურზე გარდამავალი ეპოქის კულტურას, რომლის შემქმნელები იყვნენ
სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები, მსხვილ ვაჭართა
წარმომადგენლები, ფეოდალები, ქალაქის პატრიციატი, იტალიელი მმართველები,
XV საუკუნის ბოლოდან სხვა ევროპული სახელმწიფოები, და ბოლოს, პაპობა. ისინი
ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ რენესანსის იდეურ მხარეს და დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ განათლების მაღალ დონეს, ხელოვნებისა და ლიტერატურული
ნაწარმოებების მხატვრულ ღირებულებას, არქიტექტურის ახალ ფორმებს, მოდასაც
კი.

რენესანსის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლათინურმა ენამ,


რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკის ოფიციალურ ენას წარმოადგენდა XIV- XV
საუკუნეებში. რომში, რომელიც კათოლიკური სამყაროს ცენტრი იყო, მთავარი ენა
ლათინური იყო, შესაბამისად განათლებული და ზედაფენების სალაპარაკო ენასაც
წარმოადგენდა. იტალიური ენა კი გლეხობის ენად ითვლებოდა. აღორძინების
კულტურისა და მსოფლმხედველობის განვითარებას იტალიაში სოციალურ-
ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გარდა, ხელი შეუწყო იმანაც, რომ
იტალია წარმოადგენდა ძველი რომის იმპერიის ცენტრს, სადაც დამარხული იყო
ანტიკური კულტურის ტრადიციები. თავისი პოლიტიკური წყობითაც (პატარ-პატარა
ქალაქ-სახელმწიფოები), იტალია ანტიკურ სამყაროს მოგვაგონებდა. იტალიური ენა
კი ყველაზე ახლო იყო კლასიკურ ლათინურთან. გეოგრაფიულადაც იტალია
ყველაზე ახლო მდებარეობდა ბიზანტიის იმპერიასთან, სადაც შენარჩუნებულ იქნა
ანტიკური ტრადიციები. XIV- XV საუკუნეების იტალიაში წარმოიშვა
მმართველობის ახალი სახელმწიფოებრივი ფორმა- ტირანია (რომის პაპიც ტირანად
იქცა). ტირანები საჭიროებდნენ განათლებულ ხალხს, ამიტომაც ყველანაირად
ეხმარებოდნენ და მფარველობდნენ მათ.

იტალია რენესანსის აკვანი, ამ ეპოქის კულტურის მოწინავე ქვეყანა გახდა,


თუმცა მისი იდეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც- საფრანგეთში, გერმანიაში,
ინგლისში, ნიდერლანდებში- გავრცელდა. აღორძინების კულტურას იტალიის
ფარგლებს გარეთ, ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნებში ჩრდილოურ აღორძინებას
უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ აღორძინების ხელოვნებას ნებისმიერ ქვეყანაში
განსხვავებული ნიშნები, თავისებურებები გააჩნდა, ეს მაინც საერთო-ევროპული
კულტურული მოვლენა იყო.

XIII საუკუნის მეორე ნახევარი- დუჩენტო, რენესანსის გარიჟრაჟია. იტალიის


სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს პერიოდი აისახა
ანტიფეოდალური ქალაქების კონსტიტუციისა და სასაქონლო-ფულადი
ურთიერთობების გაჩენითა და კაპიტალის დაგროვებით. ქალაქებისა და ქალაქური
კულტურის განვითარება მთელ ევროპაში მიმდინარეობდა, მაგრამ რენესანსი
მხოლოდ იტალიის ქალაქებში ჩაისახა, სადაც ყველაზე ადრე წარმოიშვა
ადრეკაპიტალისტური ურთიერთობები და ახალი იდეოლოგია- ჰუმანიზმი.
დუჩენტო ლიტერატურასა და ხელოვნებაში დანტეს ნაწარმოებებითა და ჯოტოს
ფერწერით აისახა.

აღორძინების პირველი ეტაპი- XIV საუკუნე- ტრეჩენტო პოლიტიკური


ცხოვრების სფეროში წარმოადგენდა პოპოლანების დემოკრატიისა და
რესპუბლიკური ცხოვრების პერიოდს, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით-
მანუფაქტურების გაჩენის, ადრეკაპიტალისტური ექსპლუატაციისა და კლასობრივი
წინააღმდეგობების ეპოქას.

კვატროჩენტო, XV საუკუნე- აღორძინების მეორე ეტაპი იტალიის პოლიტიკურ


ევოლუციაში უკვე XIV საუკუნიდან იწყება და წარმოდგენილია ოლიგარქიის
წარმოშობითა და ტირანიით დამთავრებულით. კულტურის სფეროში კვატროჩენტო
მხატვრობის განვითარებით გამოიხატა. აღორძინების მესამე ეტაპი, ჩინკვეჩენტო-
XVI საუკუნე ხელოვნების არნახული განვითარებით აისახა, პოლიტიკურ
ცხოვრებაში კი სრული დაცემითა და კრიზისით. აღორძინებამ თავისი სამივე
პერიოდში თავი იჩინა რელიგიის სფეროშიც. ამ ეპოქის პირველი ჰუმანისტების,
წამყვანი მოაზროვნეების ფილოსოფიაში წარმართული რელიგიის მოტივები
ქრისტიანობასთანაა დაკავშირებული. მთავარ მიზანს კი ახალი ეპოქის ადამიანის
შექმნა- რეფორმაცია წარმოადგენდა.

რენესანსის ხელოვნების საფუძველი ჰუმანისტური ფილოსოფიური


მოძღვრება გახდა, რომელიც ახლებურად ხსნიდა სამყაროს მოწყობას და ადამიანის
ადგილსა და როლს მასში. თავად მოძღვრების სახელწოდებაში აისახა ის ახალი
ორიენტირები, რომლებმაც შეცვალა შუა საუკუნეების ფილოსოფიის ფასეულობანი.
რენესანსის ხანის ჰუმანისტებიდან ყველა არ იყო პროფესიონალი ფილოსოფოსი:
ერაზმ როტერდამელის, ნოკოლოზ კუზანელის, პიკო დელა მირანდოლას გვერდით
ჰუმანისტური მოძღვრების ფუძემდებლად მიჩნეული არიან განსხვავებული
პროფესიის ადამიანები: პოლიტიკოსები, მხატვრები, არქიტექტორები, პოეტები,
მწერლები, მეცნიერები... მათი მრავალმხრივი აქტიური მოღვაწეობის შედეგად
შეიქმნა აზროვნების სრულიად ახალი ტიპი- რენესანსული ჰუმანიზმი, რომელშიც
ადამიანი სამყაროს ცენტრად, ბუნებისა და ღმერთის უბრწყინვალეს ქმნილებადაა
აღიარებული. ჰუმანიზმი ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას, მისი ჰარმონიული,
სულიერი და ფიზიკური, ზნეობრივი და ინტელექტუალური განვითარების
იდეალებს ამკვიდრებდა.

ჰუმანისტურმა ფილოსოფიამ უარყო შუა საუკუნეების სამეცნიერო


სისტემა, სადაც მეცნიერება თეოლოგიის ნაწილად იყო მიჩნეული. რენესანსის ხანის
მეცნიერება სამყაროს უპირატესად რაციონალური შემეცნების მეთოდებს
ამკვიდრებს. სწორედ ამ ეპოქას ეკუთვნის მეცნიერული აღმოჩენების მთელი რიგი-
გეოგრაფიული აღმოჩენებიდან ადამიანის ანატომიის შესწავლამდე, წიგნის საბეჭდი
მანქანიდან- სამყაროში მრავალი გალაქტიკის არსებობის ვარაუდამდე და ა.შ.
ჰუმანისტები შუა საუკუნეებს კაცობრიობის ისტორიის დაცემის ხანად, ბარბაროსულ
ეპოქად თვლიდნენ; მათი აზრით, ეს დაცემა ანტიკურ მემკვიდრეობაზე უარის
თქმით იყო გამოწვეული. ისინი თვლიდნენ, რომ აუცილებელია ძველი საბერძნეთის
თუ რომის კულტურული გამოცდილების შესწავლა და გააზრება, რომ მხოლოდ ამ
გზითაა შესაძლებელი კაცობრიობის პროგრესი.

რენესანსის ხანაში იტალიაში გამსაკუთრებული პირობები შეიქმნა ასეთი


პროგრესული განვითარებისათვის, ანტიკური ხელოვნების, მეცნიერების,
ფილოსოფიის, ლიტერატურის ტრადიციებისათვის: XV საუკუნის მიწურულს
იტალიაში დაიწყო ემიგრაციის ტალღა ბიზანტიიდან, რომელიც თურქების მუდმივ
შემოტევებს განიცდიდა და ტერიტორიებს კარგავდა. იტალიაში ჩამოდიოდნენ
მეცნიერები, ხელოვანნი, განათლებული ადამიანები, მათ ჩამოჰქონდათ თავიანთი
კოლექციები- ანტიკური ხანის ფილოსოფოსების, მწერლების თუ მეცნიერების
თხზულებები, ანტიკური თუ ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშები. ორი კულტურის
დიალოგმა საშუალება მისცა იტალიელებს, უფრო ახლოს გასცნობოდნენ ბერძნულ
კულტურას. ევროპული ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები ბერძნული
ხელნაწერებით შეივსო.

რევოლუცია საზოგადოებრივ თვითშეგნებაში ცალკეული ადამიანებით თუ


ადამიანთა წრეებით დაიწყო და შემდეგ გავრცელდა ფართო მასებში. ამ პროცესის
თვალის გადევნება პირველი ჰუმანისტი ფილოსოფოსების, მწერლების, პოეტების,
მეცნიერების, მხატვრების ბიოგრაფიის მაგალითზე შეიძლება. უდიდესი იყო
პოეტების დანტე ალიგიერის (1265-1321), პეტრარკას (1303-1374), მწერლის ჯოვანი
ბოკაჩოს (1313-1375), ფილოსოფოსის პიკო დელა მირანდოლას (1463-1480)
ავტორიტეტი და პოპულარობა.

დანტე ალიგიერი (1265-1321) უდიდესი იტალიელი მოაზროვნე და პოეტი. შუა


ს.ს.-ების უკანასკნელი და რენესანსის პირველი პოეტი იყო. ამიტომ მისი ცხოვრებაცა
და შემოქმედებაც წინააღმდეგობებით სავსეა. წარმოშობით იგი დიდგვაროვანი
გველფის (მაგნატის) ოჯახს ეკუთვნოდა. დანტე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII
საუკუნის ბოლოს, როცა ფლორენცია გველფებსა და გიბელინებს შორის ატეხილ
სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული (ფლორენცია იტალიის ქალაქ-
სახემწიფოებიდან ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც შეძლო
არისტოკრატული წყობილებიდან რესპუბლიკაზე გადასვლა.

იტალიურ ენაზეა დაწერილი დანტეს შემოქმედების მწვერვალი


„ღვთაებრიბი კომედია“ (“Divina Comedia”), რომელიც ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა
და მას მხოლოდ „კომედია“ უწოდა. „ღვთაებრივი“ კი ბოკაჩომ და ჰუმანისტებმა
უწოდეს. ეს შედევრი დაწერილია 1310 წელს. „ღვთაებრივი კომედია“ სიუჟეტურად
არის ხილვა, როდესაც დანტემ იმქვეყნიური სამყარო ინახულა. ნაწარმოები იყოფა
სამ ნაწილად: inferno (ჯოჯოხეთო), purgatorio (სალხინებელი) და paradizo (სამოთხე).
„ღვთაებრივი კომედია“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს შედევრად
ითვლება. გარდა ამისა, დანტე იტალიური სალიტერატურო ენის ფუძემდებლადაცაა
მიჩნეული.

ჰუმანიზმის პირველი თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ფრანჩესკო


პეტრარკა და ჯოვანი ბოკაჩო. ფრანჩესკო პეტრარკა (1304-1374) ფლორენციელი
ნოტარიუსის შვილი იყო. 1302 წელს მამამისი, როგორც თეთრი გველფების მომხრე,
დანტესთან ერთად ფლორენციიდან გააძევეს. ამის გამო პეტრარკამ ბავშვობა
ავინიონში (სამხ. საფრანგეთი) გაატარა. პეტრარკა იქცა ახალი კულტურის მაცნედ,
რომლის ცენტრალური ადგილს humanitas- ადამიანური ბუნების სულიერი
კულტურის გაგება წარმოადგენდა. ეს იქცა ახალი კულტურის შექმნის საფუძვლად,
რამაც მძლავრი ბიძგი მისცა ჰუმანიტარული მეცნიერების - Studia humanitas
წარმოშობას. როგორც ამტკიცებენ, აქედან წარმოიშვა XIX საუკუნეში ტერმინი
„ჰუმანიზმი“. პეტრარკას ერთ-ერთი გამორჩეული თხზულებაა ისტორიული პოემა
„აფრიკა“. ამ პოემისთვის პეტრარკას სენატმა დაფნის გვირგვინი დაადგა, თუმცა იგი
ვერგილიუსის „ენეიდას“ მიბაძვითაა დაწერილი. ყველაზე მნიშვნელოვანი მის
შემოქმედებაში არის ზრუნვა ერთიანი იტალიური ენის შექმნისათვის, რომელსაც
საფუძვლად ფლორენციული დიალექტი დაედო. პეტრარკას სახელი უკვე მის
ცხოვრებაში გასცდა იტალიის ფარგლებს, მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა
საფრანგეთში, ფლანდრიაში, გერმანიაში. პოეზიაში ნოვატორული მიმდინარეობის
ფუძემდებელი პეტრარკა ანტიკური ხელნაწერების კოლექციონერი და კლასიკური
ფილოლოგიის ერთ-ერთი მამამთავარი იყო. პეტრარკას დაწყებულმა საქმემ მალე
პოვა გამოძახილი და მას გამოუჩნდნენ მიმდევრები. პირველ რიგში, ისინი მისი
მეგობრები, მოსწავლეები და გადამწერები იყვნენ. მათ შორის უპირველესი ჯოვანი
ბოკაჩო და კალუჩი სალუტატი იყვნენ, რომელთა მოღვაწეობითაც მთავრდება
ჰუმანიზმის ადრეული ეტაპი იტალიაში.

ბოკაჩოს უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, რომელმაც მას განსაკუთრებული


დიდება მოუტანა, „დეკამერონი“-ა. სიტყვა „დეკამერონი“ ბერძნულია და
„ათდღიურს“ ნიშნავს. დაწერილი უნდა იყოს 1350-1353 წლებში. ბოკაჩო
ჰუმანისტებიდან პირველი იყო, რომელიც სრულყოფილად დაეუფლა ბერძნულ ენას
და ორიგინალში წაიკითხა იგი. მან ლათინურად თარგმნა „ილიადა“ და „ოდისეა“ და
ევროპაში პირველი ელინისტი გახდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბოკაჩომ
თავის მშობლიურ სოფელში, ჩერტალდოში გაატარა, სადაც 1375 წელს 21 დეკემბერს
გარდაიცვალა. მის საფლავზე მისივე თხოვნით ამოკვეთილია: “Studium fuit alma
poesis”- (ის ემსახურებოდა მადლიან პოეზიას).

XIV-XV საუკუნეებში ჰუმანიზმი ფართო კულტურულ მოძრაობად გადაიქცა.


ფლორენციის უნივერსიტეტისა და პლატონის აკადემიის ირგვლივ თავი მოიყარეს
ჰუმანისტებმა. ჰუმანისტებს იწვევდნენ უნივერსიტეტებში რიტორიკაში, პოეტიკასა
და ფილოსოფიაში ლექციების წასაკითხად. მათ სიამოვნებით სთავაზობდნენ
კანცელერიბის, მდივნებისა და დიპლომატების თანამდებობებს. ყალიბდებოდა
განსაკუთრებული სოციალური ფენა- ჰუმანისტური ინტელიგენცია. მიმდინარეობდა
ჰუმანიზმის იდეური დიფერენციაცია. XV საუკუნის I ნახევრის წამყვანი
მიმართულება გახდა სამოქალაქო ჰუმანიზმი. რაც XV საუკუნის II ნახევარში
მედიჩების ტირანიამ შეცვალა.

XIV-XV საუკუნეების ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა


მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის განვითარებაში. ჯვაროსნულმა
ლაშქრობებმა, რომლებიც მთელი ორასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა,
ევროპელები არაბულ სამყაროს დაუახლოვა, რის შედეგადაც მათ ბევრი რამე
შეიძინეს და გადმოიღეს მათგან. ეს, პირველ რიგში, გეოგრაფიისა და კარტოგრაფიის
ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რამაც საშუალება მისცა ევროპელებს ზღვაოსნობის
უკეთ ათვისებაში.

განსაკუთრებული მიღწევები აღინიშნება ასტრონომიის, მექანიკის,


მედიცინის და მათემატიკის განვითარებაში. მათემატიკაში დამოუკიდებელ
მეცნიერებებად ჩამოყალიბდა ალგებრა, ტრიგონომეტრია, ანალიტიკური გეომეტრია.
მათემატიკის განვითარება პირდაპირ კავშირში იყო კომერციულ საქმიანობასთან.
გარკვეული წარმატებები იყო მიღწეული გეოლოგიასა და ქიმიაში, რომელიც ჯერ
კიდევ ტრადიციულ ალქიმიაზე იყო დამოკიდებული. ლაბორატორიებში
ტარდებოდა რთული ცდები, რომლებიც ახალი ქიმიური შენაერთების აღმოჩენას
განაპირობებდა. ხელახლა აღმოაჩინეს საპნის რეცეპტი (დაკარგული იყო VI ს.) XV
საუკუნეში ლაბორატორიებში შეეძლოთ სხვადასხვა მჟავების, ამიაკის, სკიპიდრის,
მარილის, ეთერული ზეთების, მხატვრობისათვის საღებავების (მათ შორის ზეთის)
დამზადება და სხვ. გაჩნდა პირველი ოპტიკური და სანავიგაციო მოწყობილობების
მექანიზმები, რატუშების საათების გვერდზე გაჩნდა პირველი ჯიბის საათები,
რომლებიც მათ მფლობელებს შეახსენებდნენ, რომ „დრო ფული ღირს“. მათემატიკურ
მეცნიერებებსა და მექანიკაში მიღწეულმა წარმატებებმა გავლენა მოახდინა
ფილოსოფიის რაციონალური თეორიის ჩამოყალიბებაზე. ფილოსოფიისა და
მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულებამ ნათელი გამოხატულება პოვა ფრენსის
ბეკონისა და რენე დეკარტის შემოქმედებაში.

რენესანსის ეპოქამ ძირფესვიანი გადატრიალება მოახდინა სახვით


ხელოვნებაშიც. სამყაროსა და ადამიანის ახლებურმა აღქმამ ვიზუალური,
გამომსახველობითი ხერხების სრულიად ნოვატორული სისტემის ჩამოყალიბება
გამოიწვია. რენესანსის ეპოქის მხატვრების, მოქანდაკეების, არქიტექტორების
შემოქმედების ერთ-ერთი საფუძველი ბუნების კანონების მეცნიერული შესწავლაა.
ხელოვანთათვის აუცილებელი გახდა ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების დარგების ფლობა: ისტორია, მითოლოგია, რელიგიის ისტორია,
ანატომია, მათემატიკა, მექანიკა, ფიზიკა, ოპტიკა, გეომეტრია, ხაზვა- ყოველი ეს
დისციპლინა მათი განათლების თითქმის აუცილებელი ნაწილი იყო. აღორძინების
მრავალი მხატვარი, მოქანდაკე თუ არქიტექტორი ფილოსოფოსიც იყო, მოღვაწეობდა
როგორც ინჟინერი თუ მკვლევარი, წერდა ლექსებს... ასეთი უნივერსალური
პიროვნების მაგალითად ლეონარდო და ვინჩიც საკმარისია.

You might also like