You are on page 1of 12

კინო-ტელე ფაკულტეტის რეჟისურის მიმართულების, მესამე კურსის სტუდენტის -

ხატია იათაშვილის საკურსო ნამუშევრის პროექტი

დურბინდი
სამუშაო სათაური

ქრონომეტრაჟი - 10-12 წუთი

ხელმძღვანელი - ას. პროფესორი ლევან თუთბერიძე

2019 წ.
ლოგლაინი

პატარა გოგონა ქუჩაში შემთხვევით გადააწყდება კაცს და უკან გაჰყვება, რათა მას
დაკარგული დურბინდი დაუბრუნოს. გზად კი, ამ დურბინში ხედავს რაღაც ისეთს,
რაც მაყურებლისთვისაც და დურბინის პატრონისთვისაც ბოლომდე უცნობი რჩება.

თრითმენტი

ერთ ჩვულებრივ დღეს, ქუჩაში სასეირნოდ გამოსული 16 წლის გოგო შეამჩნევს, რომ
უცნობ კაცს, რომლიც სულ ცოტა ხნის წინ ქუჩაში მის მოპირდაპირედ იჯდა, სკამზე
დურბინდი დარჩენია და ისე გასდგომია გზას. გოგონა ცდილობს, დაეწიოს და
დაუბრუნოს მას კუთვნილი ნივთი, მაგრამ კაცი ძველ, ბუკინისტურ მაღაზიაში
შედის, გოგონა კი გარეთ ელოდება. სანამ კაცი გამოვა, გოგონა დურბინდით გარემოს
დათვალიერებას იწყებს და იმდენად ინუსხება, რომ სულ ავიწყდება მაღაზიაში
მყოფი კაცი. როდესაც კაცი სასურველი წიგნის ყიდვას მორჩება, ფართოშუშებიანი
ვიტრინიდან ამჩნევს გოგონას, რომელსაც მისი დურბინდი უჭირავს, რაღაცას
მიშტერებია და ღიმილით აკვირდება.

კაცი თვალს ვერ აშორებს მაღაზიის კიბეზე ჩამომჯდარ გოგონას, სანამ ეს


უკანასკნელი არ იგრძნობს ზურგსუკან კაცის მზერას. გოგონა სასწრაფოდ დგება,
დურბინდს იქვე ტოვებს და მიდის. კაცი მაშინვე გარეთ გამოდის, დურბინდს იღებს
და ზუსტად იმ მიმართულებით იხედება, საითკენაც გოგონა წამების წინ. აქეთ-
იქით ატრიალებს დურბინდს, ცდილობს, მიხვდეს, რას უყურებდა გოგონა ასეთი
ინტერესითა და ღიმილით, მაგრამ იმდენი რამ ირევა მის წინ, რომ ბოლოს ნებდება,
დურბინდს თვალებიდან იშორებს, შორს, ტროტუარზე მიმავალი გოგონასკენ
იხედება და მისგან პასუხს ითხოვს, თუმცა, გოგონა საკმაოდ შორსაა და აღარაფერი
ესმის.
სარეჟისორო სცენარი

სცენა I

ექსტერიერი. დილა. ხმაურიანი ქუჩის ერთ-ერთ ხის სკამზე დაახლოებით 35-40


წლის ჭაღარაშერეული კაცი ზის, მუხლებზე ჩანთა უდევს და ნაყინს ჭამს. მის წინ
ხალხი ირევა. კაცი აქეთ-იქით იყურება, როდესაც ნაყინის ჭამას ასრულებს, დგება,
ჩანთას მხარზე იკიდებს და მიდის, კამერა თავიდან მას მიჰყვება ზურგს უკან,
შემდეგ კი ტრიალდება და კადრში ნელ-ნელა ჩნდება 16 წლის გოგო, რომელიც
მოპირდაპირე სკამზე ზის და ქუჩაში მიმავალ კაცს თვალს აყოლებს, შემდეგ კი იმ
სკამისკენ იხედება, სადაც წამის წინ კაცი იჯდა და ამჩნევს, რომ ცარიელ სკამზე შავი
დურბინდი დევს. გოგონა ჯერ შორს მიმავალ კაცს გახდავს, შემდეგ კი სწრაფად
დგება, სკამიდან დურბინს იღებს და კაცს უკან მისდევს. კაცი ქუჩას ჭრის, გოგონა კი
ვეღარ ასწრებს შუქნიშანზე გადასვლას და იქვე ჩერდება. დურბინდს, რომელიც
კისერზე აქვს ჩამოკიდებული, ხელში იღებს და იხედება - ცდილობს,
მხედველობიდან არ დაკარგოს კაცი, რომელიც გრძელ, აღმართიან ქუჩას მიუყვება.

შუქნიშანზე მწვანე ინთება და გოგონაც ქუჩას ჭრის, ცოტაც და დაეწევა კაცს, მაგრამ
სწორედ ამ დროს ის წიგნების ბუკინისტურ მაღაზიაში შედის, გოგონა შორიახლოს
ჩერდება, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქავს და სულს მოითქვამს, შემდეგ
ფანჯრისკენ იხედება და ხედავს, რომ კაცი გულმოდგინედ ათვალიერებს თაროებს,
ფურცლავს წიგნებს და პერიოდულად გამყიდველს ელაპარაკება. გოგონას
დურბინდი კვლავ ხელში აქვს ჩაბღუჯული და ზემოდან დაჰყურებს. შემდეგ იქვე,
კიბეებთან ჯდება და დურბინდში იხედება, არემარეს ათვალიერებს. რაღაც
მომენტში ჩერდება და ერთი მიმართულებით იწყებს ყურებას, რადგან დურბინდში
რაღაც მისთვის საინტერესოს მოჰკრავს თვალს მოპირდაპირე ქუჩაზე.

კაცი, რომელიც გამყიდველს ფულს აწვდის, წამით ფანჯრისკენ იხედება და ამჩნევს


გოგონას, რომელიც იქვე, კიბეზე ჩამომჯდარა მისი დურბინდით ხელში, რაღაცას
მისშტრებია და თან იღიმის. ირგვლივ კი ვერავის და ვერაფერს ამჩნევს.

კაცი, ისე, რომ გოგონას თვალს არ აშორებს, მექანიკურად ართმევს გამყიდველს


ხურდას, ფართოშუშებიან ფანჯარას კიდევ უფრო უახლოვდება და გოგონას
აკვირდება. რამდენიმე წამში გოგოც გამოხედავს კაცს, მიხვდება, რომ შეამჩნიეს და
მაშინვე დგება კიბიდან. დურბინდს იქვე ტოვებს და სწრაფად მიდის. კაცი მაშინვე
გარეთ გამოდის, კიბეზე დატოვებულ დურბინდს იღებს, ჯერ გოგონას გააყოლებს
თვალს, შემდეგ კი დურბინდში იხედება ზუსტად იმ მიმართულებით, საითკენაც
გოგონა წამების წინ.
კადრში ჩანს დურბინდის შიგნით არსებული გამოსახულება, ანუ ის, რასაც კაცი
ათვალიერებს: დიდ, ფართო ქუჩაზე მაღალი შენობები დგას, ღია კაფეს წინ ხალხი
ირევა, ერთ-ერთ მაგიდასთან ორი კაცი ჭადრაკს თამაშობს, დაკარგული მხედრის
მაგიერ პატარა სამარილე დაუდიათ. ახალგაზრდა, ველოსიპედიანი ბიჭი ძირს
დაცვენილი ხურდის აკრეფას ცდილობს. ფანჯრიდან გადმოყუდებული მოხუცი
ქალი ეზოში მდგარ შუახნის კაცს ხელების ქნევით ანიშნებს რაღაცას, ეს უკანასკნელი
კი ძირს იხედება, თვალებს აცეცებს და გაბრაზებული აქეთ-იქით დადის. იქვე,
ტროტუარზე ჩამომსხდარი ბავშვები ცდილობენ მუჭში მომწყვდეულ ფოსფორს
დააკვირდნენ. გოგონა დიდხანს ცდილობს გრძელი, შავი თმის დამაგრებას უბრალო
ფანქრით, მაგრამ არ გამოსდის, ბოლოს ფანქარს ჩანთაში ინახავს, დგება და მიდის.
ახალგაზრდა, ლამაზი ქალი მშვიდად ჭამს შოკოლადს კაფეს მეორე ბოლოში და ვერც
კი ამჩნევს, რომ მისი გრძელი, წითელი კაშნეს ბოლოს სკამის ფეხი დაბიჯებია.

კაცი აქეთ-იქით ატრიალებს დურბინდს, ცდილობს, მიხვდეს, რას უყურებდა გოგონა


ასეთი გაშტერებითა და ღიმილით, მაგრამ იმდენი რამ ირევა მის წინ, რომ ბოლოს
ნებდება, დურბინდს თვალებიდან იშორებს, შორს, ტროტუარზე მიმავალი
გოგონასკენ იხედება და ყრუდ გასძახის:

- რას უყურებდი?!

მისი ეს კითხვა ქუჩის ხმაურში იკარგება. გოგონა წამით გამოხედავს კაცს, იმის
გარკვევაც რთულია, გაიგონა თუ არა გოგონამ კაცის კითხვა. ოდნავ ჩაიღიმებს,
მაგრამ არაფერს პასუხობს, კიდევ უფრო უჩქარებს ნაბიჯს და თვალს ეფარება. კაცი კი
კიბეებზე ზის, ხელში დურბინდი უჭირავს და ქუჩის იმ კუთხეს გაჰყურებს, სადაც
რამდენიმე წამის წინ გოგონამ გადაუხვია.
ლოკაციები:

პირველი სცენის გადაღებები (კაცისა და გოგონას შეხვედრა) მიმდინარეობს


სოლოლაკში, აბაკელიას ქუჩაზე.

ბუკინისტური მაღაზიის სცენა დადიანის ქუჩაზე.

ხოლო ის კადრები, რომელსაც კაცი დურბინში ხედავს რუსთაველზე, ღია კაფეში.


მთავარი პერსონაჟები:

კაცი - სანდრო ასათიანი


გოგონა - მარიამ საკნელაშვილი
რეჟისორის ხედვა

ფილმის ხასიათი უნდა იყოს უბრალო, მსუბუქი, მარტივი და ნაივური. ნაკლებად


დატვირთული დაფარული სიმბოლოებითა და ჩახლართული სიუჟეტით. ფილმში
არ არის გამოყენებული დიალოგები, ერთადერთი ფრაზა, რომელსაც მთავარი
პერსონაჟი კაცი წარმოთქვამს, ფილმის ფინალურ კადრში ისმის,ისიც ყრუდ და
შეუმჩნევლად. რაც შეეხება მუსიკას, ისიც მხოლოდ ფინალური კადრების დროს
დაბალ ტონალობებში ედება გამოსახულებას. ფილმის ძირითადი განწყობის შექმნას
ბუნებრივი ხმაურებითა და დეტალებით ვაპირებ. კადრები იქნება დინამიური და
სხარტი, რასაც სცენარის განვითარებაც უწყობს ხელს. თავდაპირველად,
წარმომედგინა, რომ ფილმი აუცილებლად შავ-თეთრი უნდა ყოფილიყო, რადგან
ვფიქრობ, რომ მსგავსი გამოსახულება მეტად მეტყველია, თან ჩემი ფილმის
ესთეტიკასა და განწყობასაც ბევრად შეესაბამება. თუმცა, როდესაც გადაღებებს
მოვრჩები, მონტაჟზე გადავალ და რეალური მასალა მეჭირება ხელში, შესაძლოა,
ფერადი ვარიანტი დავტოვო.
კადრირება:
ხარჯთაღრიცხვა

დურბინდი - 100 ლარი


კოსტიუმები - 100 ლარი
კაფე (გადაღებების) - 50 ლარი
გზა/კვება - 50 ლარი
გაუთვალისწინებელი ხარჯები - 50 ლარი

გადაღების გრაფიკი

მოსამზადებელი პერიოდი - 4-10 მარტი


ძირითადი გადაღებები - 11-17 მარტი
დამატებითი გადაღებები (საჭიროების შემთხვევაში) - 18-19 მარტი

მონტაჟი - -20-28 მარტი

გადამღები ჯგუფი:

ოპერატორი - შიო ხიდაშელი


მონტაჟი - ლუკა კახაძე
მხატვარი: ანა მამულაშვილი

მსახიობები:

ჭადრაკის მოთამაშე ორი კაცი - შოთა იათაშვილი, კოკა არჩვაძე


ახალგაზრდა ველოსიპედიანი ბიჭი - ივა ბერიაშვილი
მოხუცი ქალი - ლეილა რურუა
ახალგაზრდა კაცი - გია ჯანანაშვილი
ტროტუარზე ჩამომსხდარი ბავშვები - ანასტასია და ანდრია ბექაიები
გოგონა თმის ჩხირით - შორენა ტყეშელაშვილი
ახალგაზრდა ქალი წითელი კაშნეთი - თაკო სონღუაშვილი

საუნდტრეკი:

Steplechase - ,,song from the past”

(https://www.youtube.com/watch?v=nbDNsHB3tUs)

You might also like