You are on page 1of 17

ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო

(ბიზნეს-სამართლებრივი გარემო საქართველოში)

ადაპტირებული სახელმძღვანელო

არაიურისტებისთვის

თბილისი

2019

1
შინაარსი

ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო (ბიზნეს-სამართლებრივი გარემო


საქართველოში) 3

წიგნი პირველი სამართლის ძირითადი ინსტიტუტები 3

1. სამართლის არსი 3

1.1. სამართლის ცნება და სისტემა 3


1.1.1. სამართლის ცნება 3
1.1.2. სამართლის სისტემა 5
1.1.3. სამართლის ნორმა 8
1.1.4. სამართლის წყაროები 8
1.1.5. ბიზნეს სამართლის არსი და მისი ადგილი სამართლის სისტემაში 10
1.1.6. კერძო სამართლის ძირითადი ინსტიტუტები 11

1.2. სამართლებრივი აქტის სახეები და მათი თავისებურებები, ნორმატიული აქტების იერარქია 12


1.2.1. ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები 12
1.2.2. ნორმატიული აქტების სახეები და იერარქია 14
1.2.2.1. საქართველოს ნორმატიული აქტები 14
1.2.2.2. ნორმატიული აქტების იერარქია 16
1.2.2.3. ნორმატიული აქტის (მიღებაზე) გამოცემაზე უფლებამოსილი სუბიექტები 17

2
ბიზნეს სამართლის სახელმძღვანელო
(ბიზნეს-სამართლებრივი გარემო საქართველოში)

წიგნი პირველი
სამართლის ძირითადი ინსტიტუტები

1. სამართლის არსი

1.1. სამართლის ცნება და სისტემა

1.1.1. სამართლის ცნება

სამართალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ფენომენია, იგი ყალიბდება და


იცვლება საზოგადოების განვითარების პარალელურად. განვითარების ადრეულ
ეტაპზე სამართალი გათანაბრებული იყო რელიგიასთან, შესაბამისად,
ღვთისმეტყველები, ქურუმები, შამანები მიიჩნეოდნენ სამართლის შემოქმედებად,
რადგან მიიჩნეოდა, რომ ისინი ღვთის ნების გადმომცემები იყვნენ. თანდათანობით
სამართლის დადგენა საერო ხელისუფლების ხელში გადავიდა. სახელმწიფოების
ფორმირების ადრეულ ეტაპზე სამართლის დადგენა ხდებოდა ჩვეულებებისა და
ტრადიციების, ასევე მოსახლეობის საერთო კრებების თუ უხუცესთა საბჭოების მიერ.
შემდგომში, თანდათან ეს ფუნქცია სამეფო კარის განსაკუთრებული
უფლებამოსილება გახდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობის ფორმის
წარმოშობის შემდეგ ცალკე ჩამოყალიბდა საკანონმდებლო ხელისუფლება
პარლამენტის სახით.

სიტყვა „სამართალი“ ქართულ ენაში სიტყვა „მართლისგან“ გამომდინარეობს, რაც


„სწორს“ ნიშნავს. სამართალი ადგენს „სწორი“ ანუ „მართალი“ მოქმედების
სტანდარტებს და შესაბამისი სახელმწიფო მექანიზმებით უზრუნველყოფს მის
შესრულებას. სწორი მოქმედება სამართლიანია, რადგან ეფუძნება სამართალს.
სამართალი სწორი ანუ სამართლიანი მოქმედების უზრუნველყოფის
ინსტრუმენტია. 1

ცნება „სამართლის“ ლეგალური დეფინიცია, ანუ საკანონდმებლო დონეზე


ჩამოყალიბებული განმარტება არ არსებობს. მეტიც, აზრთა გარკვეული
სხვადასხვაობაა სამართლის მკვლევარებს შორის მის ცნებასთან დაკავშირებით,

1 ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია,1928 („თხზულებანი“, ტომი VI, 1982), 28.

3
ვინაიდან სხვადასხვა ავტორი განსხვავებულ საკითხებზე აკეთებს აქცენტს
დეფინიციის ჩამოყალიბების დროს.

სამართლის ცნების თაობაზე არსებული მოსაზრებები ძირითადად იყოფა ორ დიდ


ჯგუფად: 1) მოსაზრებები, რომლებიც ეფუძნება სამართლის შინაარსობრივ მხარეს
და 2) მოსაზრებები, რომლებიც აქცენტს აკეთებს სამართლის ფორმალურ ნიშნებზე.
შინაარსობრივი ცნების მიხედვით სამართალი იმიტომ არის შესასრულებლად
სავალდებულო, რომ ადგენს საზოგადოებისათვის „მისაღებ“ ქცევის წესს, რომელიც
თანაბრად ეხება ყველას და თანაბრად ზღუდავს თითოეულის თავისუფლებას.

სამართლის ფორმალური ცნების შესაბამისად, საკმარისია, რომ სამართალი


მიღებული იყოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ შესაბამისი
პროცედურების დაცვით და მის შინაარსს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.2

სამართლის ზოგადი დეფინიცია შეიძლება ამგვარად ჩამოყალიბდეს: სამართალი


არის სახელმწიფოს (მისი უფლებამოსილი ორგანოს) მიერ დადგენილი
პროცედურების შესაბამისად წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული ჯერარსული
წესების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს,
რომლებსაც აქვს (უნდა ჰქონდეს) აღსრულების მექანიზმი და მისი მოქმედება
უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ.

სამართალი ჯერარსული მოვლენაა. ეს ნიშნავს იმას,რომ სამართალი ადგენს ქცევის


სავალდებულო მოდელს, ფორმულას, რომლის მიხედვითაც უნდა მოიქცეს ნორმის
ადრესატი.

სამართლის არსებობასა და მის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება


სახელმწიფოს, რომელიც ადგენს სამართალს, ქმნის მისი აღსრულების მექანიზმებს
და თავად გამოდის აღსრულების გარანტორად.

უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, სამართალი არის სახელმწიფოს მიერ


მიღებული სამართლებრივი აქტების ერთობლიობა, რომლებიც შესასრულებლად
სავალდებულოა, ხოლო თუ პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს სამართლის
ნორმების მოთხოვნებს, სახელმწიფოს აქვს იძულების მექანიზმი. ამავდროულად,
სახელმწიფო ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებსაც, რათა თავიდან იქნას
აცილებული იძულების ღონისძიების გამოყენების საჭიროება.

2 სამართლის ფორმალური და შინაარსობრივი გაგება იხ. ხუბუა გ., სამართლის თეორია, 2004, 32-33.

4
სახელმწიფოს მიერ სამართლის დადგენა არ გულისხმობს ამ პროცესისგან
საზოგადოების დისტანცირებას. სამართალი ეფუძნება მორალს, საზოგადოებრივ
ღირებულებებს, ტრადიციებსა და კონკრეტული ტერიტორიული ერთეულისთვის
დამახასიათებელ თავისებურებებს. როგორც წესი, საზოგადოება არაპირდაპირ
ფორმით მონაწილეობს სამართლის შექმნაში. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო -
პარლამენტი დაკომპლექტებულია საზოგადოების მიერ არჩეული
წარმომადგენლებით, რომლებიც ხალხის მიერ მინიჭებული მანდატის საფუძველზე
ქმნიან სამართლის ნორმებს.

1.1.2. სამართლის სისტემა

სამართალი ყველაზე ზოგადი კლასიფიკაციით იყოფა კერძო და საჯარო სამართლად.


ამგვარი დაყოფა არ არის ნორმატიული შინაარსის და უფრო ფორმალურ ხასიათს
ატარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რადგან განსაზღვრავს სამართლის სუბიექტების
მოქმედების თავისუფლების ფარგლებს.

საჯარო სამართალი ხასიათდება შემდეგი თვისებებით:

 საჯარო სამართალი არის ობიექტურად სავალდებულო სამართალი, მისი


შესრულება სავალდებულია სუბიექტების ნებისგან დამოუკიდებლად.
მაგალითისთვის გადასახადების გადახდა სავალდებულოა იმის მიუხედავად,
სუბიექტს სურს თუ არა ეს. იმ შემთხვევაში, თუ პირი თავს არიდებს გადასახადების
გადახდას, სახელმწიფოს მის მიმართ შეუძლია კანონით გათვალისწინებული
სანქციების გამოყენება.
 საჯარო სამართლებრივ ურთიერთობაში ერთ-ერთი სუბიექტი აუცილებლად
არის სახელმწიფო ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. მაგ., სამინისტროები
და მისი ტრუქტურული ერთეულები, მათ შემადგენობაში არსებული საქვეუწყებო
დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები... სახელმწიფო,
როგორც სუბიექტი სავალდებულოდ მონაწილეობს ამ ურთიერთობებში, ხოლო
მეორე მხარეს შეიძლება წარმაოდგენდნენ როგორც საჯარო, ისე - კერძი სამართლის
სუბიექტები.
 საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს აქვთ იერარქიული
(სუბორდინაციული) ხასიათი. სახელმწიფო მეორე მხარესთან შედარებით
უფლებრივი თვალსაზრისით უპირატეს მდგომარეობაშია, რაც განაპირობებს მის
დომინირებას საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში. მაგალითად, საპატრულო
პოლიცია, როგორც სახელმწიფოს უფლებამოსილი სუბიექტი, უფლებამოსილია,

5
საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაარეგულიროს საავტომობილო
მოძრაობა.
 საჯარო სამართალში სუბიექტებს აქვთ ე.წ. სპეციალური უფლებაუნარიანობა,
კერძოდ, მათ აქვთ მხოლოდ ის უფლებები, რაც კანონმდებლობით პირდაპირ არის
გათვალისწინებული - მაგ., საქართველოს პროკურატურა ახორციელებს სახელმწიფო
ბრალდებას მისთვის საქართველოს კონსტიტუციით და კანონით პირდაპირ
მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, თუმცა არაა უფლებამოსილი,
განახორციელოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან
ასეთი უფლებამოსილება მას კანონით არ აქვს მინიჭებული.
 საჯარო სამართალი ორიენტირებულია საჯარო ინტერესების დაცვასა და
განხორციელებაზე. ტერმინი საჯარო ინტერესი მოიცავს ორ კომპონენტს:
სახელმწიფო ან/და საზოგადოების ინტერესს.

საჯარო სამართლის დარგებს მიეკუთვნება: საკონსტიტუციო სამართალი,


საგადასახადო სამართალი, საბაჟო სამართალი, სისხლის სამართალი, ზოგადი
ადმინისტრაციული სამართალი, სამშენებლო სამართალი, სამოხელეო სამართალი,
ლიცენზიებისა და ნებართვების სამართალი...

კერძო სამართალი საჯაროსგან განსხვავებით:

 არ ხასიათდება იერარქიულობით, მხარეებს აქვთ თანაბარი უფლებები და


მოვალეობები, მეტიც, ისინი კანონით დადგენილი თავისუფლების ფარგლებში,
შეთანხმების საფუძველზე, თავად განსაზღვრავენ საკუთარ უფლებებსა და
მოვალეობებს. ამავდროულად, კერძო სამართლის ნორმები სავალდებულო ხდება
სუბიექტისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც სუბიექტი თავად მოინდომებს
კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობას.
 კერძო სამართლის სუბიექტების მიმართ მოქმედებს ნების ავტონომიის
პრინციპი, რაც გულისხმობს მათ თავისუფლებას, თავად განსაზღვრონ,
სამართლებრივი ურთიერთობის ფორმა, სუბიექტი და პირობები. მაგ., პირი
უფლებამოსილია, თავისუფალი ნების საფუძველზე გადაწყვიტოს სურს თუ არა,
შეიძინოს ბინა, განსაზღვროს, რომელი ბინის შეძენა სურს და შეუთანხმდეს
გამყიდველს ხელშეკრულების პირობებზე.

კერძო სამართლის დარგებს მიეკუთვნება: სამეწარმეო სამართალი, შრომის


სამართალი, სამოქალაქო სამართალი... ეს უკანასკნელი არის კერძო სამართლის
უდიდესი ნაწილი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: სანივთო სამართლს,

6
ვალდებულებით სამართალს, სახელშეკრულებო სამართალს, საოჯახო და
მემკვიდრეობით სამართალს, კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს...

სახელმწიფო შეიძლება მონაწილეობდეს კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში


როგორც კერძო სამართლის სუბიექტი. ამ შემთხვევაში ურთიერთობა არ იქნება
იერარქიული ხასიათის, მხარეებს ექნებათ თანაბარი უფლებები და მოვალეობები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო ინტერესებზე ორიენტირებულობა საკმაოდ


პირობითი კრიტერიუმია, ვინაიდან კერძო სამართლებრივ ურთიერთობებშიც
გარკვეული დოზით არსებობს საჯარო ინტერესი. მაგ., როდესაც მოქალაქე
ყიდულობს საკვებს, მისი კერძოსამართლებრივი ინტერესია, რომ შეიძინოს
ხარისხიანი და გემრიელი პროდუქტი, ამავდროულად, სახელმწიფოს და
საზოგადოების ინტერესია, რომ მწარმოებელი მოქმედებდეს კეთილსინდისიერად,
პროდუქტი იყოს დადგენილი ხარისხის და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

სამართლის ნორმების დაყოფა შესაძლებელია სხვა საფუძვლებისა და თეორიების


მიხედვითაც მაგალითად, გავრცელების არეალის (ტერიტორიულობის პრინციპის)
მიხედვით სამართლის დაყოფის დროს გამოიყოფა საერთაშორისო და
შიდასახელმწიფოებრივი სამართალი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი დაყოფა
მხოლოდ ფორმალურია და შინაარსობრივი თვალსაზრისით ისინიც მიეკუთვნება
საჯარო ან კერძო სამართალს.

საერთაშორისო სამართალი მოიცავს სამართალს, რომელიც მოქმედებს ორი ან მეტი


სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თავის მხრივ, საერთაშორისო სამართალიც შეიძლება
იყოს რეგიონალური (მაგ. კავკასიის ტერიტორია, ბალტიისპირეთი,
შავიზღვისპირეთი და ა.შ.) კონტინენტური (ევროპის, აზიის...), ან
კონტინენტთაშორისი (ევრაზიული კავშირის სამართალი).

შიდასახელმწიფოებრივი სამართალი შეიძლება მოქმედებდეს:

 მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე - მაგ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
 ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - მაგ., აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუცია;
 ცალკეული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე -
მაგ., ქ.ქუთაისის საკრებულოს დადგენილება.

7
1.1.3. სამართლის ნორმა

სამართალი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ან სანქციონირებული


ნორმების სისტემას. შესაბამისად, სამართალი შედგება მხოლოდ სამართლის
ნორმებისაგან. 3

სამართალის ნორმა - ეს არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქციონირებული


ზოგადსავალდებულო ხასიათის ქცევის წესი, რომელიც აწესრიგებს
საზოგადოებრივი ურთიერთობების განსაზღვრულ სახეს და მისი შესრულება
უზრუნველყოფილია კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ.4

უფრო მარტივად რომ ითქვას, ნორმა არის კონკრეტული დანაწესი, დებულება,


რომელთა თემატური ერთობლიობა ქმნის სამართლებრივ აქტს, ხოლო
სამართლებრივი აქტების ერთობლიობა ქმნის სამართალს.

სამართლის ნორმას ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

 სამართლის ნორმა არის ნორმატიული (პრესკრიფციული) და არა,


აღწერილობითი ხასიათის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლის ნორმა აყალიბებს იმას
რაც „უნდა იყოს“.5 სამართლის ნორმა არ აღწერს ფაქტებს, არამედ განსაზღვრავს, თუ
რა შედეგი უნდა დადგეს კონკრეტული ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობის
შემთხვევაში.
 სამართლის ნორმა გათვალისწინებულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის.
იგი არეგულირებს გარკვეული სახის ურთიერთობებს და მოვლენებს. ეს იმას
ნიშნავს, რომ ერთი და იგივე სამართლის ნორმა ეხება სხვადასხვა პირსა და ორგანოს,
რომლებიც აღმოჩნდებიან ამ ნორმით გათვალისწინებულ პირობებსა და
მდგომარეობაში.6

1.1.4. სამართლის წყაროები

წყარო არის სამართლის ფორმირების საფუძველი. გამოიყოფა სამართლის ძირითადი


და დამატებითი წყაროები.

3 ხუბუა გ., სამართლის თეორია, 2004, 50.


4 ქართული სამართლის საფუძვლები, 2013, 46.
5 ხუბუა გ., სამართლის თეორია, 2004, 39.
6 ინწკირველი გ., სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, 2011, 144.

8
სამართლის ძირითადი წყაროა დაწერილი, ე.წ. პოზიტიური სამართლი, ანუ ის
სამართლებრივი აქტები, რომელთაც სახელმწიფო ღებულობს დადგენილი
პროცედურების შესაბამისად. მაგ. კანონები, დადგენილებები, ბრძანებები,
განკარგულებები... პოზიტიური სამართალი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო
გახდა კანონმდებელი და საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირება მოხდა
სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

სამართლის დამატებით (ფაკულტატური) წყაროებს მიეკუთვნება:

 ჩვეულებები და ტრადიციები - ჩვეულებითი სამართალი იყო პოზიტიური


სამართლის წინამორბედი საეკლესიო სამართალთან ერთად. საზოგადოების
განვითარების შედარებით ადრეულ ეტაპზე სწორედ ადათ-წესები და რელიგიური
ნორმები არეგულირებდა საზოგადოებრივ ურთიერთობებს. თანამედროვე
რეალობაში ჩვეულებითი სამართალი გათვალისწინებულია პოზიტიური სამართლის
ნორმების შექმნის დროს. სამართლის ცალკეულ დარგებში დღემდე აქტიურად
გამოიყენება ჩვეულებითი სამართალი, მაგ., საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვა-
გადაყვანის დროს კვლავ აქტიურად გამოიყენება ჩვეულებები და ტრადიციები, რაც
მოგვიანებით იქნება სახელმძღვანელოში განხილული.
 სასამართლო პრაქტიკა, ე.წ. სამოსამართლო სამართალი - სასამართლო
გადაწყვეტილებები სამართლის ფორმირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.
მართალია, საქართველო არ მიეკუთვნება პრეცედენტული7 სამართლის ქვეყნების
ოჯახს,8 მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებას მაინც ძალიან დიდი როლი აკისრია
სამართლის ნორმების ჩამოყალიბების დროს. როგორც უკვე აღინიშნა, სამართლის
ნორმა არის ზოგადი ხასიათის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან ხდება ნორმის

7 პრეცედენტი - გადაწყვეტილება (სასამართლო), რომელსაც აქვს სავალდებულო სახელმძღვანელო


ძალა სხვა მსგავსი შემთხვევების განხილვის დროს.
8 ანგლო-ამერიკული, ე.წ. პრეცედენტული სამართლის ოჯახის ქვეყნებში სასამართლო
გადაწყვეტილებებს - პრეცედენტებს აქვს კანონის ძალა და მათი ერთობლიობა ქმნის სამართალს.
საქართველოს მიეკუთვნება კონტინენტური ევროპის, ე.წ. რომანულ-გერმანული სამართლის ოჯახს.
მისთვის პრეცედენტული სამართლისგან განსხვავებით დამახასიათებელია ზოგად-აბსტრაქტული
რეგულაციების სახით დაწერილი კანონმდებლობის არსებობა და ამ კანონმდებლობის საფუძველზე
სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ განსხვავება ამ ორი სამართლის ოჯახის ქვეყნების სამართალს შორის თანდათან
მცირდება, რადგან კონტინენტურ ევროპაში იზრდება სასამართლოს როლი, ხოლო პროცედენტული
სამართლის ქვეყნებში სამართლის სულ უფრო დიდ ნაწილს იკავებს დაწერილი ე.წ. პოზიტიური
სამართალი.

9
დანაწესის მისადაგება. საერთო სასამართლოს9 აკისრია ნორმის განმარტების
ფუნქცია, კერძოდ იმის დადგენა, თუ როგორ უნდა მოხდეს ნორმის ზოგად-
აბსტრაქტული შინაარსის გაგება. ასეთი განამრტება არაა კანონის ძალის, თუმცა ის
აუცილებლად გაითვალისწინება სამართლის ნორმის შემუშავების და
სამართლებრივი რეგულაციების სრულყოფის დროს. ამავდროულად
საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქართველოს კონსტიტუციასთან
შეუსაბამობის საფუძვლით გააუქმოს საკანონმდებლო აქტი ან მისი ნაწილი.
 მკვლევარი იურისტების ნაშრომები - სამართლის მეცნიერთა შრომები
მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იძლევა ნორმის განმარტების
საშუალებას, ასევე შეიცავს ანალიტიკური ხასიათის ანალიზს, რაც ქმნის ნორმის
მოქმედების შედეგების პროგნოზირების საშუალებას. საკანონმდებლო ინიციატივის
ფორმირების დროს მკვლევარი იურისტები, როგორც წესი, წარმოადგენენ სამუშაო
ჯგუფის წევრებს და აქტიურად მონაწილეობენ კანონპროექტების მომზადებაში.

1.1.5. ბიზნეს სამართლის არსი და მისი ადგილი სამართლის სისტემაში

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ყველაზე ზოგადი კლასიფიკაციით სამართლის


სისტემა იყოფა ორ ძირითად ნაწილად: კერძო და საჯარო სამართლად. თავის მხრივ,
სამართლის ორივე ნაწილი შედგება კიდევ უფრო მცირე კომპონენტებისგან,
რომელთაც ჰქვიათ სამართლის დარგები. სამართლსი დარგი შიეძლება, განიმარტოს
როგორც თემატურად ერთგვაროვანი სამართლებრივი აქტების ერთობლიობა -
სამართლის კონკრეტული მიმართულება. მაგ., სისხლის სამართალი, როგორც
სამართლის დარგი მოიცავს სისხლის სამართალს, სისხლის სამართლის პროცესს,
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას . . . ,

9 საქართველოში სასამართლო სისტემა მოიცავს საერთო სასამართლოების სისტემას და


საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს უკანასკნელი ახორციელებს საკონსტიტუციო კონტროლს.

საერთო სასამართლოების სისტემა მოიცავს: საქალაქო/რაიონულ სასამართლოს (რაიონული


სასამართლოს შემადგენლოაბში შედის ასევე მაგისტრატი სასამართლო), სააპელაციო სასამართლოს
(არსებობს თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები) და საქართველოს უზენაეს
სასამართლოს.

საერთო სასამართლოების სისტემა უფრო დეტალურად ცალკე იქნება განხილული


სახელმძღვანელოში.

10
ბიზნეს სამართალი, როგორც სამართლის ცალკე ჩამოყალიბებული დარგი არ
არსებობს. ბიზნეს სამართალი, წარმოადგენს სამართლის დარგების ერთობლიობას,
რომლებიც არეგულირებს ბიზნეს საქმიანობას და მასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს. ბიზნეს სამართლის კერძო ან საჯარო სამართლისთვის მიკუთვნება
შეუძლებელია, რადგან ის აერთიანებს როგორც კერძო, ისე - საჯარო სამართლის
დარგებს. მაგ.: სამოქალაქო სამართალს (თავის მხრივ მოიცავს სანივთო სამართალს,
ვალდებულებით სამართალს, სახელშეკრულებო სამართალს, კანონისმიერ
ვალდებულებით ურთიერთობებს...) სამეწარმეო სამართალს, შრომის სამართალს,
საგადასახადო სამართალს, ლიცენზიების და ნებართვების სამართალს,
კონკურენციის სამართალს და ა.შ.

ბიზნეს სამართალი, როგორც სამართლის დარგების კრებული, სამეწარმეო


საქმიანობის და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების ამრეგულირებელ
ნორმათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სამეწარმეო საქმიანობის
განხორციელების ფორმებს და სამართლებრივ საფუძვლებს, სამეწარმეო საქმიანობის
საჯარო სამართლებრივ მოწესრიგებას, მეწარმე სუბიექტების, მომხმარებლების,
დამსაქმებელთა და დასაქმებულთა მონაწილეობას კერძო (მაგ.: სახელშეკრულებო და
შრომითი ურთიერთობები) და საჯარო (მაგ.: საგადასახადო სამართლებრივი
ურთიერთობები, ლიცენზირება...) სამართლებრივ ურთიერთობებში.

წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს სამართლის დარგების კომპლექსური


ერთობლიობის საფუძვლების კრებულს, რომლის მიზანია ბიზნეს საქმიანობასთან
დაკავშირებულ პირებს შეუქმნას წარმოდგენა სამართლის ძირითადი ინსტიტუტების
თაობაზე და მოამზადოს ისინი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში
წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობებისთვის.

1.1.6. კერძო სამართლის ძირითადი ინსტიტუტები

კერძო სამართალი, როგორც პირთა თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული


სამართალი, არეგულირებს ურთიერთობებს სუბიექტებს შორის, რომლებიც
გულისხმობს ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად ქონების განკარგვის
შესაძლებლობას.

11
კერძო სამართალში გამოიყოფა სამი ძირითადი ინსტიტუტი: პირი (სამართლის
სუბიექტი), ქონება (სამართლის ობიექტი) და მოქმედება - სამართლებრივი
ურთიერთობა (მოქმედების თავისუფლება).10

პირი მოიცავს სამართლის სუბიექტებს, სუბიექტებს რომლებიც მონაწილეობენ


სამართლებრივ ურთიერთობებში, აქვთ უფლებები და მოვალეობები და
სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებში აქვთ საკუთარი უფლებების თავისუფლად
რეალიზების საშუალება.

ქონება, იგივე სამართლის ობიექტი მოიცავს ყველაფერს, რაც კერძო სამართლებრივი


ურთერთობის ფარგლებში შეიძლება იყოს სუბიექტების განკარგვის ობიექტი.

მოქმედება გულისხმობს მოქმედების თავისუფლებას, კერძოდ სუბიექტის უფლებას,


კანონით დადგენილ ფარგლებში საკუთარი ნებით თავისუფლბად განახორციელოს
სასურველი სამართლებრივი ხასიათის აქტივობები.

1.2. სამართლებრივი აქტის სახეები და მათი თავისებურებები, ნორმატიული აქტების


იერარქია

1.2.1. ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები

სამართლებრივი აქტები იყოფა ორ ჯგუფად ნორმატიულ და ინდივიდუალურ


ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად. მათ შორის განსხვავება ვლინდება
მიღების წესსა და რეგულირების სფეროში. აქტის ორივე ფორმის სამართლებრივ
დეფინიციას შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის11
(შემდგომში სზაკ) მეორე მუხლი:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ინდ.აქტი) –


ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც
აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის
უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული

10
იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 5-9.
11 საქართველოს კანონი N2181-IIს, 25 ივნისი, 1999.
https://matsne.gov.ge/ka/document/download/16270/23/ge/pdf

12
გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის
დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი,
რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.12 ინდ.აქტის მაგალითებია:
მინისტრის ბრძანება პირის თანამდებობაზე დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ,
სამშენებლო ნებართვა და ა.შ.

როგორც სამართლებრივი დეფინიციიდან ჩანს, კანონმდებელი გამოყოფს რამდენიმე


ნიშანს, რომელიც აუცილებელია ინდ.აქტის განსაზღვრისთვის, კერძოდ,
სამართლებრივი შედეგი და პირთა განსაზღვრული წრე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
უფლების დაცვის თვალსაზრისით, ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული
გადაწყვეტილება შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ინდ.აქტისთვის დადგენილ
ფორმალურ კრიტერიუმებს (რეკვიზიტებს), მაგრამ თავისი შინაარსით იყოს
ადმინისტრაციული ორგანოს ბოლო ქმედება, რომელიც წარმოშობს კონკრეტულ
სამართლებრივ შედეგს დაინტერესებული მხარისთვის.

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – უფლებამოსილი


ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე
გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი
და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.13 ანალოგიურ დეფინიციაა
ჩამოყალიბებული „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლის მე-3 პუნქტში - ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული)
სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და
მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.14

ინდივიდუალურ და ნორმატიულ აქტს შორის განსხვავება უპირველეს ყოვლისა,


გამოიხატება რეგულირების სფეროში, კერძოდ კი აქტის ადრესატთა წრეში.
ნორმატიული აქტები მიემართება პირთა განუსაზღვრელ, არაიდენტიფიცირებულ
წრეს და ნებისმიერი სუბიექტი შეიძლება იყოს მისი ადრესატი. მაგ. საქართველოს
სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მოქმედებს ყველა პირის მიმართ, ვინც მონაწილეობს
12 სზაკ-ის მე-2 მუხლის, პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, საქართველოს კანონი N2181-IIს, 25 ივნისი,
1999.
13 სზაკ-ის მე-2 მუხლის, პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს კანონი N2181-IIს, 25 ივნისი,

1999.
14 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი N1876–IIს, 22 ოქტომბერი 2009წ.

https://matsne.gov.ge/ka/document/download/90052/17/ge/pdf

13
სამოქალაქო-სამართელებრივ ურთიერთობაში. ინდივიდუალური აქტის ადრესატი,
არის კონკრეტულად განსაზღვრული, ან გარკვეული ნიშნით იდენტიფიცირებადი
პირთა ვიწრო წრე. მაგ. მოქალაქის მიმართ გაცემული მშენებლობის ნებართვა, ან
რაიონის გამგებლის ბრძანება სტიქიის შედეგად დანგრეული X კორპუსის
მაცხოვრებელთათვის კომპენსაციის მიცემის თაობაზე.

ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


გამიჯვნის დროს ყურადღება უნდა მიექცეს აქტის მიმღებ/გამომცემ სუბიექტს.
ბუნებრივია, ნორმატიული აქტის მიმღებს ინდივიდუალური აქტის გამოცემაც
შეუძლია, ნორმატიული აქტის მიღების უფლება აქვს მხოლოდ „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით15 განსაზღვრულ სუბიექტებს.16 შესაბამისად,
არაუფლებამოსილი პირის არსებობის შემთხვევაში, აქტის ნორმატიულობაზე
მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, თუმდაც სახეზე იყოს მრავალჯერადი
გამოყენების და ადრესატთა ფართო წრის არსებობის კომპონენტები.

ზემოაღნიშნულის გარდა, ინდ.აქტი ყოველთვის გამოიცემა ნორმატიული


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და შეესაბამება მას.
კოლიზიის17 შემთხვევაში მოქმედებს ნორმატიული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით დადგენილი წესი.

1.2.2. ნორმატიული აქტების სახეები და იერარქია

1.2.2.1. საქართველოს ნორმატიული აქტები

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული


აქტების სახეებს, მათ ურთიერთმიმართებას, მოქმედების სფეროს და გამოცემის წესს.

საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და


საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის
საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს

15 საქართველოს კანონი N1876–IIს, 22 ოქტომბერი 2009.


https://matsne.gov.ge/ka/document/download/90052/17/ge/pdf
16 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე თავი.

17 წინააღმდეგობა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეიცავს


ურთიერთსაწინააღმდეგო, ან ურთიერთგამომრიცხავ დანაწესებს.

14
უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების მიმართ.

თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის


მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის)
მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის
შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული
საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა
იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად
იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად


მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება საქართველოს საკანონმდებლო


აქტები, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება18 და საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.

საქართველოს საკანონმდებლო აქტების სახეებია:


ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტი.

უფრო მარტივი ფორმულირებით რომ მოხდეს საკითხის შეჯამება, საქართველოს


ნორმატიული აქტები მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატიულ
აქტებს, შესაბამისად ამ წრეში ერთიანდება საერთაშორისო ხელშეკრულებები და
შეთანხმებები (რომლებიც დადგენილი წესით რატიფიცირების შემდეგ ხდება
შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილი), საქართველოს კონსტიტუციური
შეთანხმება და საქართველოს საკანონმდებლო აქტები, რაც თავის მხრივ მოიცავს
საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის და საქართველოს პრეზიდენტის მიერ
მიღებულ (გამოცემულ) აქტებს.

18 ე.წ. კონკორდატი - კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს და მართლმადიდებლურ


ავტოკეფალურ ეკლესიას შორის.

15
1.2.2.2. ნორმატიული აქტების იერარქია

საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა


საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.

საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური


შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების
მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
დ) საქართველოს ორგანული კანონი;
ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტი.19

საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა


საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.

თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის


შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ
აქტს.

საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის


ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული
აქტების მიმართ.

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს


საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს,
კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.
საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება
საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აქვს უპირატესი
იურიდიული ძალა ყველა სხვა ნორმატიული აქტის მიმართ.

19„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი N1876–IIს, 22 ოქტომბერი 2009წ., მე-7 მუხლი.
https://matsne.gov.ge/ka/document/download/90052/17/ge/pdf

16
ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ
ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ
კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი
იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

1.2.2.3. ნორმატიული აქტის (მიღებაზე) გამოცემაზე უფლებამოსილი სუბიექტები

ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები


განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავით,
რომლის თანახმად, ნორმატიული აქტების მიღებაზე (გამოცემაზე) უფლებამოსილ
სუბიექტთა წრეს მიეკუნებიან:

 საქართველოს პარლამენტი;
 საქართველოს პრეზიდენტი;
 საქართველოს მთავრობა;
 საქართველოს მინისტრი;
 საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
დაწესებულების ხელმძღვანელი;

საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მიმღები (გამომცემი) სუბიექტები,


რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.

17

You might also like