You are on page 1of 2

თამაზ ბუაჩიძე - დავრჩეთ ადამიანებად

საუბარი ქართველი კაცის ერთი ძირითადი თვისების შესახებ თითქოსდა უმნიშვნელო


მოვლენის აღწერით მინდა დავიწყო. ამასწინათ სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდი. ჩასვლისას ორი
მგზავრის „შეჯახების“ მოწმე გავხდი - ნაცნობები იყვნენ და ცდილობდნენ ფულის გადახდა
დაესწროთ ერთმანეთისთვის. „პაექრობა“ დიდხანს გაგრძელდა. ჩემს გვერდით მჯდომმა მგზავრმა
გაიცინა და მითხრა: - სანამ ასეთი „შეხლა-შემოხლა“ იარსებებს, ქართველობა არ გადაშენდება.

მართლაც, თუ დაუკვირდებით, ეს „პაექრობა“ - თავისთავად ძალზე წვრილმანი მოვლენა -


ამჟღავნებს უმაღლეს ღირებულებას, კერძოდ, სხვა ადამიანის პატივისცემას, მისი ღირსების
აღიარებას.

ეს ფაქტი ადამიანის დაფასების კარგად ცნობილ ფაქტებს მოგვაგონებს: ქართულ


სტუმართმოყვარეობას, ქალისადმი მოწიწებით აღსავსე ქართულ ცეკვას, ბრძნულ სადღეგრძელოებს,
შემწყნარებლობის უამრავ შემთხვევას, ქართულ გამოთქმებს „ჭირიმე“ და „გენაცვალე“... მეორე
ადამიანის პატივისცემის მრავალი მაგალითი მოტანა შეიძლება კიდევ, მაგრამ უკვე ნათქვამიც
საკმარისია.

ცხადია, ადამიანი ბუნების შვილია და ბუნებას ემორჩილება. ის, როგორც ბუნებრივი არსება,
ეგოისტია. მისთვის სხვა ადამიანი მხოლოდ საშუალებაა. ეს უტილიტარისტული, პრაგმატისტული
თვალსაზრისი უარიყოფა ადამიანის, როგორც ზნეობრივი სუბიექტის მიერ: მეორე ადამიანი არ
შეიძლება გამოვაცხადოთ საშუალებად, კანტის თანახმად, ის მიზანიცაა. ნამდვილი ქართველი
ზნეობრივი სუბიექტია. სხვისი მგზავრობის საფასურის გადახდა განსჯის ელემენტარულ კანონებს
ეწინააღმდეგება. განსჯა გულისხმობს ანგარიშს. ქართველი განსჯისმიერ კანონთა წინააღმდეგ
ილაშქრებს: ის გულუხვია, მას ახარებს გაცემა, ჩუქება, როდესაც არა აქვს სტუმრის გამასპინძლების
საშუალება, იტანჯება, სულიერ დისკომფორტს გრძნობს.

ადამიანი არ უნდა ემორჩილებოდეს „ანგარიშს“, არ უნდა იყოს უტილიტარისტი. ადამიანობა


იწყება უანგარობით. სამარშრუტო ტაქსში გამართული „პაექრობის“ საფუძველთა საფუძველი
სწორედ უანგარობაა, განსჯისმიერი „ანგარიშის“ წინააღმდეგ გალაშქრებაა. ამ, ერთი შეხედვით,
წვრილმან ფაქტში, ჩემი აზრით, ნათლად ჩანს, ის როლი, რომელიც ქრისტიანობამ ითამაშა ქართული
კუტურისა და ხასიათის განვითარებაში. ცხადია, „ანგარიშის“ საპირისპირო თვისება სხვა ერის
წარმომადგენლებსაც აქვთ, მაგრამ არ შევეცდები თუ ვიტყვი, რომ ეს თვისება ქართველისთვის
არსებითია, შინაგანია, გათავისებულია. ქართველს ხშირად სწორედ ამ ნიშნით გამოარჩევ.

ამ თვისების გათავისებულობა ქრისტიანობის გათავისებულობასთან უნდა დავაკავშიროთ,


კერძოდ, ამ მოძღვრების არსთან. მათეს სახარებაში უფალი ასე პასუხობს კითხვას უმთავრესი
მცნებების შესახებ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა
სულითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი“. და მეორე, ამის მსგავსი: „შეიყუარო მოყვასი
შენი ვითა თავი თვისი“ (მათე, 22, 37-39).

მოყვასის, ადამიანის სიყვარულის თემა მთელ ბიბლიას მსჭვალავს. ეს არის მაღალი, გონითი
სიყვარული, რომელიც საფუძველია ზნეობისა, მეგობრობისა, შემწყნარებლობისა, ერთიანობისა,
პატრიოტიზმისა, საერთოდ ადამიანობისა. მოყვასის ეს სიყვარული, სხვა ადამიანის ეს პატივისცემა
სრულიად ლოგიკურად გამომდინარეობს ქრისტიანული ფილოსოფიური ანთროპოლოგიიდან.
მართლაც: ადამიანი ღვთის შექმნილია, მისი ქმნილებაა, მისი შემოქმედების ნაყოფია. მე უნდა
მიყვარდეს ყოველი ადამიანი, როგორც ღვთის ქმნილება, უნდა მიყვარდეს ღვთიური მეორე
ადამიანში. ძნელია სრულფასოვან კაცად მიიჩნიო ის, ვისაც სიცოცხლის წლები უსიყვარულოდ აქვს
განვლილი.

ჩემი აზრით, ზემოთ ნახსენები „მოპაექრანი“ სწორედ მოყვასის სიყვარულის ქრისტიანულ


მცნებას ეყრდნობოდნენ.. მათ შეიძლება წარმოდგენაც კი არ ჰქონოდათ ქრისტიანულ მცნებებზე.
ქრისტიანობა იმდენად შინაგანია ქართველისათვის, რომ მისი მცნებების შესრულება ჩვევად აქვს
ქცეული. ჩვენ ქრისტიანულ მცნებებს არ ვაანალიზებთ, არ ვაცნობიერებთ. „მოპაექრეები“ ჰგავდნენ იმ
უმსწავლელ მოხუცებულ ქალს, რომელმაც ვთქვათ, ერთ-ერთ ქართულ სოფელში გულისხმიერად
უმასპინძლა ქალაქელ სტუმრებს („სტუმარი ღვთისაა“), დააპურა და მოასვენა ისინი.

ცხადია, როცა ასე იქცეოდა, ამ ქალს არ გახსენებია ქრისტიანული მცნებები, მაგრამ თუ


დავაკვირდებით, მისი მოქმედება ადამიანის რაობის გარკვეულ გაგებას ეფუძნება, კერძოდ, მას აქვს
არსებულთა იერარქია და ამ იერარქიაში ადამიანს მაღალი ადგილი უკავია. ასე რომ არ იყოს, ალბათ
სტუმრებს უცბადვე მიუხურავდა კარს.

ქრისტიანობა ქართველს ძვალსა რბილში აქვს გამჯდარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა
სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრიობა, შემდეგ კი ტოტალიტარული იმპერიის ნაწილად იქცა,
ქართველ კაცს მოყვასის სიყვარული არ განელებია.

დღეს საქართველომ თავი დააღწია მრავალწლიან მონობას, ის თავისუფალია. სამწუხაროდ, ეს


თავისუფლება ბევრის მიერ გაგებულია როგორც უარისთქმა ყველა ძველ ღირებულებაზე, მოყვასის
გონით სიყვარულზეც. გონითი სიყვარულ ბევრს ანაქრონიზმად მიაჩნია. ანაქრონიზმად ითვლება
არა მხოლოდ ეს ღირებულება, არამედ საერთოდ ქართული კულტურა. ყოველივე ქართულის
კრიტიკა ახლა მოდაშია. იოლი შესამჩნევია სექსის და ძალადობის უადგილო მომძლავრება ყველგან:
კინოფილმებში, სპექტაკლებზე, წიგნებში, ჟურნალების და გაზეთების ფურცლებზეც კი. ქართული
კულტურა, გვეუბნებიან ჩვენ, ქადაგებს მაღალ ალტრუისტულ ჭეშმარიტებებს, მაშინ როდესაც
ადამიანი არის სხეული: მას აქვს კუჭი, გული, ფილტვები და სხვა ორგანოები.

ასეთ შეხედულებათა მქონეთ (ისინი საკმაოდ ბევრნი არიან) უნდა შევახსენოთ, რომ, რა თქმა
უნდა, ადამიანი სხეულია, მაგრამ არ არის მხოლოდ სხეული. ადამიანი არ უნდა დაემსგავსოს
ცხოველს. ის ზნეობრივი არსებაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოყვასის სიყვარული არ არის წარმავალი
ღირებულება. ადამიანი მხოლოდ მაშინაა ადამიანი, ამ სიტყვის საკუთარი მნიშვნელობით, როცა მის
ქცევას გონითი სიყვარული განსაზღვრავს.

ცხადია, ცხოვრება იცვლება და ამ ღირებულებასაც თავისი ახალი ფორმები ესაჭიროება, მაგრამ


ეს არ ნიშნავს მის უარყოფას. ნუ გადავიქცევით ცხოველებად. დავრჩეთ ადამიანებად და ყოველივე
ახალი ქართულ ყალიბში მოვაქციოთ.

You might also like