You are on page 1of 6

პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების არჩევნების წესის

ცვლილებები 1990 წლიდან დღემდე

საქართველო

1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა


შერეული სისტემით. ახალი საარჩევნო კანონმდებლობა დამტკიცებულ იქნა ამავე წლის
აგვისტოში. იგი აერთიანებდა საუბნო–საარჩვნო, ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარულ
სისტემას პარტიული სიების პროპორციულ სისტემასთან მთლიანად რესპუბლიკის
მასშტაბით. იქნა უზენაესი საბჭოს 250 დეპუტატი: 125 პროპორციული და 125
მაჟორიტარული სისტემით. საპარლამენტო არჩევნებში გადასალახი მინიმალური ბარიერი
პარტიებისთვის იყო 4%, ხოლო მაჟორიტარებისთვის მოქმედებდა ფარდობითი
უმრავლესობის წესი, როცა კანდიდატისთვის 4%_ზე ნაკლები მიღებული ხმაც კი
საკმარისი იქნებოდა გამარჯვებისთვის. პარლამენტი ირჩეოდა 4 წლის ვადით.

1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა ასევე შერეული


სისტემით, თუმცა პარლამენტის არჩევის წესი წინასგან განსხვავებული იყო.
მაჟორიტარული სისტემით არჩეულ იქნა 75 დეპუტატი ერთმანდატიანი ოლქებიდან,
ხოლო პროპორციული სისტემით კი 150 დეპუტატი მრავალმანდატიანი ოლქებიდან.
სააჩევნო ბარიერი იყო 2%. 1992 წლის არჩევნების დროს მაჟორიტარული და
პროპორციული არჩევნებისათვის სხვადასხვა ოლქები იყო გამოყოფილი. პროპორციული
არჩევნებისათვის შეიქმნა 10 მსხვილი მრავალმანდატიანი საარჩევო ოლქი. თითოეულში
ამომრჩევლთა რაოდენობა 230 ათასიდან 250 ათასამდე მერყეობდა. პროპორციულ
სისტემაში კენჭისყრა ხდებოდა სამბალიანი სისტემით, თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდა 3
ხმა. კვოტების დადგენა და ხმების დათვლა ხდებოდა მრავალმანდატიანი ოლქების
დონეზე, დარჩენილი ხმები პრეფერენციის წესით ნაწილდებოდა საერთო ეროვნულ
დონეზე.

1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი განისაზღვრა 1995


წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებით. არჩევნებში
მონაწილეობის უფლება ჰქონდა იმ პარტიას, რომელიც წარმოადგენდა ცესკოში 50 000
მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც ჰყავდა თავისი წარმომადგენელი საქართველოს
პარლამენტში კონსტიტუციის მიღების დროისთვის. პროპორციული სისტემით არჩევნები
ტარდებოდა ერთიანი პარტიული სიით. პოლიტიკურ პარტიას უფლება ჰქონდა
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წამოეყენებინა დეპუტატობის კანდიდატიც, რომელიც
მის პარტიულ სიაშიც იყო. კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის თანახმად
პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 235 დეპუტატით. 150 აირჩეოდა
პროპორციული, ხოლო 85 მაჟორიტარული წესით. საარჩევნო ბარიერი იყო 5%.

1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი


მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა წინამორბედებისგან. მხოლოდ საარჩევნო ბარიერი
იყო გაზრდილი 7%_მდე. აღსანიშნავია რომ ამ და წინა არჩევნებშიც მაჟორიტარული
წესით მიმდინარე ერთმანდატიან ოლქებში კანდიდატის გამარჯვებისთვის საჭირო იყო
ხმათა კვალიფიციური უმრავლესობა, არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთი მესამედი.
არჩევნები მოცემულ ოლქში ჩაითვლებოდა კანონიერად თუკი სულ მცირე ერთი მესამედი
საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებულებისა გამოცხადდებოდა არჩევნების დღეს. თუკი
არჩევნების პირველ ტურში ვერ გამოვლინდებოდა გამარჯვებული კანდიდატი, მეორე
ტურში გადადიოდა ორი ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი პირველი ტურის
შედეგებით. გამარჯვებულად ცხადდებოდა ის ვინც მეტ ხმას დააგროვებდა. რაც შეეხება
პროპორციულ სისტემას, პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის
დასადგენად ამ მოცემული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდებოდა
150_ზე და იყოფოდა თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა პარტიული სიის მიერ მიღებული
მანდატების რაოდენობას.

მას შემდეგ რაც 2003 წლის 3 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად


გამოცხადდა და საკონსტიტუციო სასამართლომ მისი შედეგების ანულირება მოახდინა,
დაინიშნა ხელახალი არჩევნები. აღსანიშნავია ისიც, რომ 2003 წლის საპარლამენტო
არჩევნებთან ერთად გაიმართა საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომლის
გადაწყვეტილებით პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 150 დეპუტატით. აქედან
100 უნდა არჩეულიყო პროპორციული, ხოლო 50 მრავალმანდატიანი მაჟორიტარული
წესით. 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პროპორციული
სისტემით, ერთიანი პარტიული სიით. საარჩევნო ბარიერი კვლავ 7% იყო.

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა.


არჩევნებამდე ორი თვით ადრე როგორც კონსტიტუციაში ისე საარჩევნო კოდექსში
საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები
შევიდა. ცვლილებების შედეგად 75 წევრი აირჩეოდა პროპორციული წესით, ხოლო 75
წევრი 75 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში – მაჟორიტარულით. პარტიებისა და
ბლოკების მიერ პროპორციულ არჩევნებში მანდატების მისაღებად დაწესებული
საარჩევნო ბარიერი 7-დან 5 პროცენტამდე დაიწია. მაჟორიტარულ არჩევნებში
გამარჯვებულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა ხმათა უმეტესობას,
მაგრამ არანაკლებ მიცემულ ხმათა 30%_ისა. პარლამენტი ირჩეოდა 4 წლის ვადით.

2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტი კვლავ შერეული სისტემით აირჩა: 73 წევრი


ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 77 წევრი პარტიული სიით
პროპორციული სისტემით.

ტენდენცია, რომელიც 1990_იანი წლებიდან დღემდე პარლამენტის არჩევის წესში


შეინიშნება არის ის, რომ პროპორციული სისტემით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა
წლების მიხედვით მცირდება. ყველა საპარლამენტო არჩევნები ტარდება შერეული
საარჩევნო სისტემის წესებით.
სომხეთი

1990 წელს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მაჟორიტარული სისტემით,


პარლამენტი დაკომპლექტდა 260 დეპუტატით. ეს პარლამენტი (უმაღლესი საბჭო)
მოქმედებდა 5 წლის განმავლობაში.

1995 წელს მიღებულ იქნა სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია. პირველი


მოწვევის პარლამენტის (ეროვნული კრების) არჩევნები ჩატარდა ამავე წელს უკვე
შერეული საარჩევნო სისტემით: 150 მაჟორიტარული წესით, ხოლო 40 პროპორციული
წესით. საარჩევნო ბარიერი შეადგენდა 5%.

მეორე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა 1999 წლის 30 მაისს, დეპუტატთა


რაოდენობა უკვე შეადგენდა 131 წევრს, რომელთაგან 75 ირჩეოდა ფარდობითი
უმრავლესობის მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო 56
პროპორციული წესით ეროვნული პარტიების სიების საფუძველზე, სადაც მთელი ქვეყანა
ჩათვლილი იყო ერთ საარჩევნო ოლქად. პარლამენტი აირჩა 4 წლის ვადით.

მესამე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა 2003 წლის 25 მაისს, ამ


შემთხვევაში პარლამენტი კვლავ შერეული სისტემით არჩეული 131 წევრისგან
შედგებოდა, თუმცა 75 დეპუტატი უკვე პროპორციული საარჩევნო წესით აირჩა, ხოლო 56
მაჟორიტარულით. საარჩევნო ბარიერი კვლავ 5% იყო.

მეოთხე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა 2007 წლის 25 მაისს. პარლამენტი


კვლავ 131 წევრიანი იყო, თუმცა კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად კიდევ უფრო
გაიზარდა პროპორციული საარჩევნო წესით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი და 90_ს
მიაღწია. პროპორციული საარჩევნო წესით, პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად
პარტიებს უნდა გადაელახათ ხმათა 5%_იანი ბარიერი, ხოლო პარტიულ ბლოკებს
7%_იანი. 41 მანდატისთვის, ერთმანდატიან ოლქებში, არჩევის წესი არ შეცვლილა და იგი
კვლავ ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარულ წესს ეფუძნებოდა. პარლამენტი აირჩა
5 წლის ვადით.

მეხუთე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა 2012 წლის 6 მაისს და მისი


არჩევისას მოქმედებდა პარალელური შერეული საარჩევნო სისტემა (parallel mixed electoral
system). ერთი საერთო მრავალმანდატიან ოლქიდან, რომელიც მოიცავდა მთელი ქვეყნის
ტერიტორიას, ირჩეოდა 90 დეპუტატი პროპორციული წესით. ფარდობითი
უმრავლესობის მაჟორიტარული წესით აირჩა 41 დეპუტატი. საარჩევნო ბარიერები იგივე
დარჩა.

ტენდენცია, რომელსაც სომხეთის შემთხვევაში აქვს ადგილი, გვიჩვენებს თუ როგორ


მცირდება მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი. სომხეთის პოლიტიკური
პარტიები ყოველთვის გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას მაჟორიტარული სისტემის
მიმართ, რადგან თვლიდნენ რომ აღნიშნული წესი ემსახურებოდა კონკრეტულ
ინდივიდუალურ ეკონომიკურ ინტერესებს და ფრანგმენტირებულ პარლამენტზე
გავლენის მოხდენას.

მოლდავეთი

პირველი დემოკრატიული არჩევნები უმაღლეს საბჭოში ჩატარდა ორ ტურად 1990


წლის თებერვალსა და მარტში. დეპუტატები არჩეულ იქნენ 4 წლის ვადით 380
ერთმანდატიან საოლქო–საარჩევნო უბანში. საარჩევნო კოდექსი მოუწოდებდა
კანდიდატებს კანდიდატურები წამოეყენებინათ უფრო საარჩევნო უბნების მიხედვით
ვიდრე როგორც „სოციალური ორგანიზაციების“ სახელით. 100 კაციან მუშათა კოლექტივს
და 50 ან მეტ კაციან მოქალაქეთა ჯგუფს უფლება მიეცათ წამოეყენებინათ საკუთარი
კანდიდატი. არჩევნები ტარდებოდა აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული
წესით. იმისთვის რომ კანდიდატი ყოფილიყო არჩეული მას უნდა დაეგროვებინა
საარჩევნო უბანზე მიცემული ხმების 50%_ზე მეტი. თუკი პირველ ტურში არ
გამოვლინდებოდა გამარჯვებული, გაიმართებოდა მეორე ტური სადაც მონაწილეობას
მიიღებდა ორი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კანდიდატი. პარლამენტი ირჩეოდა 4 წლის
ვადით.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1994 წლის 27 თებერვალს.


პარლამენტის შემადგენლობა შემცირებულ იქნა 380_დან 104 წევრამდე. აქედან 50 წევრი
აირჩეოდა 50 ახალ ერთმანდატიან საარჩევნო უბანში, დანარჩენი კი უფრო დიდი
მრავალმანდატიანი საარჩევნო უბნებიდან პროპორციული სისტემნის საფუძველზე.
დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატებს ესაჭიროებოდათ წარედგინათ საარჩევნო
კომისიისთვის მინიმუმ 1000 კაციანი ხელმოწერა. პოლიტიკური პარტიებისთვის
სავალდებულო იყო 4%_იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა.

1998 წლის 22 მარტის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა ხისტი სიების


პროპორციული სისტემით; მთელი ქვეყანა წარმოადგენდა ერთ მრავალმანდატიან
საარჩევნო ოლქს. ამომრჩეველს ჰქონდა ერთი ხმის უფლება და შეეძლო მოენიშნა
მხოლოდ ერთი პარტია, ბლოკი თუ კანდიდატი. საარჩევნო ბარიერი იყო 4%. საარჩევნო
კვოტის დასადგენად გამოიყენებოდა ე.წ. გამყოფთა მეთოდი, კერძოდ დ’ონდტის
ფორმულა, როცა თითოეული პარტიული სიის მიერ მიღებული ხმები იყოფა ნატურალურ
რიცხვთა მწკრივზე: 1,2,3,4 და ა.შ. მიღებული განაყოფები ლაგდება კლებადობის
მიხედვით. ის განაყოფი, რომლის რიგითი ნომერი გასანაწილებელი მანდატების რიცხვს
ემთხვევა, იქნება საარჩევნო კვოტა. მისი ტოლი და მასზე მეტი განაყოფების მქონე
პარტიული სიები პროპორციულად ინაწილებენ მანდატებს. ფაქტობრივად არჩეული
იქნებოდნენ ის კანდიდატები ვინც პირველები ეწერნენ სიაში, იმის გათვალისწინებით თუ
საერთოდ რამდენი ადგილი მოიპოვა პარტიამ პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ
დამოუკიდებელი კანდიდატებისთვისაც ასევე 4%_იანი ბარიერი იყო დაწესებული.
პარლამენტი უკვე 101 წევრით კომპლექტდებოდა.
2001 და 2005 წლების საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესში მნიშვნელოვანი
ცვლილებები არ მომხდარა, პროპორციული საარჩევნო სისტემა კვლავ დარჩა. გაიზარდა
მხოლოდ საარჩევნო ბარიერი ინდივიდუალურად მონაწილე პარტიებისთვის 6%_მდე,
ორი პარტიისგან შემდგარი ბლოკებისთვის 9%_მდე, სამი და მეტი პარტიული
გაერთიანებებისთვის 12%_მდე, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის შემცირდა
3%_მდე. დამოუკიდებელ კანდიდატებისთვის სავალდებულო გახდა 2000_დან 2500_მდე
ხელმოწერის წარდგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის. საპარლამენტო
არჩევნების კანონიერი სტატუსისთვის სავალდებულო გახდა ამომრჩეველთა სულ მცირე
50%_ის მონაწილეობა არჩევნებში.

2009 წლის 5 აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი ყველა


პარტიისთვის გახდა 6%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კვლავ 3% დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად ამ წლების განმავლობაში ვერცერთმა დამოუკიდებელმა
კანდიდატმა ვერ გადალახა ბარიერი.

2014 წლის 30 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესში ასევე არ


ყოფილა მნიშვნელოვანი ცვლილებები. შეიცვალა საარჩევნო ბარიერი დამოუკიდებელი
კანდიდატებისთვის და გახდა 2%, რაც ორჯერ უფრო დიდი მაჩვენებელი იყო ვიდრე
საარჩევნო კვოტა პარტიული და კოალიციური სიებისთვის. ბარიერის დაწევამ
დამოუკიდებელი კანდიდატების რეკრუტირების ხარისხი პარლამენტში ვერ შეცვალა.
მათთვის კვლავ სავალდებულო რჩებოდა დარეგისტრირების მკაცრი წესები. არჩევნების
ჩატარებულად გამოცხადებისთვის სავალდებულო იყო სულ მცირე დარეგისტრირებულ
ამომრჩეველთა 1/3_ის მონაწილეობა. 101 წევრისგან შემდგარი პარლამენტი ირჩეოდა
კვლავ 4 წლის ვადით.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ევროპის უშიშროებისა და


თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მხრიდან მოლდავეთის მთავრობისკენაა
მიმართული ითვალისწინებს დამოუკიდებელი კანდიდატების სარეგისტრაციო
მოთხოვნების გადახედვას იმ მიზნით, რომ ამ სუბიექტებს მიეცეთ კონკურენციის
რეალური შესაძლებლობები სხვა ელექტორალური კონკურენტების მიმართ.

გამოყენებული ლიტერატურა:

 Country Studies http://countrystudies.us/ უკანასკნელად ნანახია 17.11.2015


 სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ოფიციალური ვებ–გვერდი
http://www.parliament.am/parliament.php?id=parliament&lang=rus უკანასკნელად
ნანახია 15.11.2015
 ეუთოს ოფიციალური ვებ–გვერდი http://www.osce.org/odihr/elections

You might also like