You are on page 1of 2

სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაცია

დემოკრატია სხვა ბევრ სხვა რამესთან ერთად გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების


გამართულად მუშაობას, მათ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებას და მათზე
დემოკრატიული ზედამხედველობის არსებობას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტი არის სახელმწიფოს ცენტრალური


მნიშვნელობის ორგანო. სწორედ იგი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის
ძირითად მიმართულებებს. პარლამენტი იღებს ყველანაირ კანონს. ის ნიშნავს მრავალი
უმაღლესი თანამდებობის პირს ჩვენ სახელმწიფოში და მათი გადაყენების უფლებაც
პარლამენტსავე აქვს. ბუნებრივია, რომ პარლამენტი წარმოადგენს მრავალი სახელმწიფო
ინსტიტუტის მთავარ მაკონტროლებელ ორგანოსაც. პარლამენტის წევრებს შეუძლიათ დაიბარონ
პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები და დაუსვან
კრიტიკული შეკითხვები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მინისტრის საათის ფარგლებში
მინისტრებს ვალდებულება აქვთ, რომ პარლამენტში მისვლამდე 5 დღით ადრე წერილობითი
ანგარიში გაგზავნონ იქ, რათა დეპუტატები წინასწარ მოემზადონ მასთან შესახვედრად.

გარდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა, ერთ-ერთი


სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და გამართულად მუშაობა
გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიულობისთვის, ეს არის საარჩევნო სისტემა – საარჩევნო
ადმინისტრაცია და დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა, რომელზე დაყრდნობითაც
მუშაობს ადმინისტრაცია და ატარებს სამართლიან არჩევნებს.

საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ ხელმძღვანელობს ქვეყანაში


არჩევნების ჩატარებას. რასაკვირველია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
პროფესიონალიზმის გარდა უნდა გამოირჩეოდეს უმწიკვლო რეპუტაციით. ის უნდა
სარგებლობდეს საზოგადოების, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და
სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ნდობით. ევროკავშირმა ჩვენ ქვეყანას შესთავაზა, რომ ამის
ერთ-ერთი გარანტია ყოფილიყო ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი, რომლის მიხედვითაც
მისი არჩევისათვის საჭირო იქნებოდა პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა. ამ წესის
ამოქმედების შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად მხოლოდ საპარლამენტო
უმრავლესობის მხარდაჭერა საკმარისი აღარ იქნებოდა. მის ასარჩევად ოპოზიციის ხმებიც
იქნებოდა საჭირო, რაც აუცილებელს გახდიდა, რომ უმრავლესობას და ოპოზიციას
ეთანამშრომლათ ერთმანეთთან და შეთანხმებულიყვნენ ყველასთვის მისაღებ კანდიდატზე.
ამგვარი წესის შემოღება გაზრდის ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ და ხელს შეუწყობს
დეპოლარიზაციასაც.

რა თქმა უნდა, მაღალი ნდობით აღჭურვილი ცესკოს თავმჯდომარის ყოლა ერთადერთი


გარანტია ვერ იქნება იმისა, რომ საარჩევნო პროცესი აუცილებლად სამართლიანად ჩაივლის. ჩვენ
საზოგადოებაში ჯერ კიდევ მკვიდრად არის ფესვგადგმული არჩევნების პროცესისადმი
უნდობლობა. ყოველი არჩევნებისას დიდი თუ პატარა მის შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს
ხოლმე. ბოლო ხანებში საინტერესო რეფორმა განხორციელდა საარჩევნო სისტემაში. მიღებულია
გადაწყვეტილება, რომ მომავალში არჩევნები ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და
ხმების დათვლის სპეციალური აპარატების გამოყენებით ჩატარდეს. 2024 წლის შემოდგომაზე
საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 90% ხმას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
მისცემს. სახელმწიფომ ცნობილი კომპანიისგან „Smartmatic“ შეიძინა ასეთი აპარატები. ამ
კომპანიის მიერ შექმნილი საარჩევნო ტექნოლოგიებით სარგებლობს მრავალი დემოკრატიული
ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, აშშ, ბელგია, იტალია, გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია,
კანადა და სხვ. მისი აპარატები მაღალი სანდოობით გამოირჩევა, არ არის მიერთებული
ინტერნეტზე და მათზე ჰაკერული ზემოქმედება შეუძლებელია. არჩევნების ფიზიკურად
გაყალბების მოსურნე ადამიანების მცდელობაც ამ აპარატებს მინიმუმამდე დაჰყავს.

არჩევნების ჩატარება ეფუძნება გარკვეულ წესებს/კანონებს. ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც


უთუოდ იქნებიან ადამიანები, ვინც ამ წესების დარღვევას ეცდება. მთავარია, რომ სახელმწიფო
ინსტიტუტები მზად იყვნენ, რომ დროულად აღკვეთონ კანონდარღვევები, დროულად და
ობიექტურად გამოიძიონ დარღვევის ფაქტები და პასუხისგებაში მისცენ დამრღვევები.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველივე გამჭვირვალედ ხორციელდებოდეს და საზოგადოებას
მიეწოდებოდეს შესაბამისი ინფორმაცია. ეს ხელს უწყობს როგორც არჩევნებისადმი ნდობის
ზრდას, ისე მისი გაყალბების მცდელობების პრევენციას.

საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს მრავალ პრობლემას უჩენია თავი. ერთ-ერთი იყო
საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმის დათვლის პროცესის გაჭიანურება და შემაჯამებელი ოქმის
დაგვიანებით გასაჯაროება. ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ხმების დათვლა
მომენტალურად განხორციელდება და არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში ცნობილი იქნება
კენჭისყრის შედეგები. წარსულში ჩატარებული არჩევნებისას პრობლემატური იყო ე.წ.
„კარუსელები“ – ამომრჩევლის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემა. ამომრჩეველთა ელექტრონული
რეგისტრაციის ტექნოლოგია ამ პრობლემასაც გადაჭრის. ამ ყოველივეს თუ დავამატებთ
არჩევნებზე დაკვირვების/ზედამხედველობის კანონით გათვალისწინებულ ძველ
შესაძლებლობებსაც (ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე,
მედიის მიერ არჩევნების აქტიური გაშუქება და სხვ.), საარჩევნო პროცესი ჩვენ ქვეყანაში კიდევ
უფრო გამჭვირვალე და სანდო იქნება.

You might also like