Professional Documents
Culture Documents
ტოტო
ტოტო
___
___
ნოემბრის ერთ კვირას, შუადღეზე, ისინი სან-როკოს თაღქვეშ იდგნენ. ცის
მოკრიალებული ლაჟვარდიდან მზე სახლებს აფრქვევდა ალერსიან სხივებს. ჰაერში
ისმოდა ზარების საზეიმო რეკვა. ქუჩებიდან მოდიოდა გნიასის ხმა, თითქოს უშტი და
უშაქრო სკა ზუზუნებსო. იდგნენ მარტონი. ერთ მხარეს იყო გატოს უკაცრიელი ქუჩა ,
მეორე მხარეს - მოხნული მინდორი, რომელიც ეკიდა წითელი კედლის ნაბზარში.
-მალე დაზამთრდება, - თქვა ჩაფიქრებულმა ნინიმ. მერე დააჩერდა თავის შიშველ
ფეხებს და ტანსაცმლის ფერდაკარგულ ძონძებს. - მოთოვს და ყველაფერი
გათეთრდება.. არც სახლი გვაქვს და არც ცეცხლი.. შენ რა, დედა აღარა გყავს
ცოცხალი?
მუნჯმა თავი ჩაქინდრა. უცბად ისევ ასწია, თვალებში ნაპერწკლები უელავდა. ხელი
შორეულ პორიზონტისკენ გაიშვირა.
-არ მომკვდარა? გელოდება?
ტოტომ თავის დაკვრით უპასუხა - ჰო!.. ხელების ქნევით ცდილობდა ეთქვა - წამო ჩემ
სახლში იმ მთის ძირას და გექნება ცეცხლი, რძე და პური.
მიდიოდნენ და მიდიოდნენ. დაქანცულნი ჩერდებოდნენ სოფელ-სოფელ,
იტანჯებოდნენ შიმშილით, ეძინათ ღია ცის ქვეშ, ბოსლების კარწინ, ურმებქვეშ. ნინი
გახდა, ფერი დაკარგა, თვალები ჩაუქრა, ტუჩები დაუფითრდა, პაწია ფეხები დაუსივდა
და დაუსისხლიანდა. ამის შემხედვარე ტოტო საშინლად იტანჯებოდა. გაიხადა
დაგლეჯილი ჟაკეტი და ნინის ჩააცვა. გზის დიდი ნაწილი ხელში აყვანილი ატარა.
ერთ საღამოს, როცა მილზე მეტი ჰქონდათ გავლილი, ვერსად იპოვეს სახლი. მიწაზე
ერთ გოჯზე მეტი თოვლი იყო, კიდევ და კიდევ ცვიოდა ფართო ფანტელები.
ჩრდილოეთის ქარი ქროდა. ნინის სიცივესა და სიცხისაგან კბილები უკაწკაწებდა,
გველივით იგრიხებოდა ტოტოს ხელებზე. ნინის კვნესა, სასიკვდილო გმინვის რომ
მოგაგონებდათ, საცოდავ ტოტოს გულში ბებუთივით ერჭობოდა.
მაგრამ მაინც მიდიოდა. მიდიოდა და გრძნობდა გულის ახლოს ნინის გულის ცემას.
მერე აღარაფერი ესმოდა. ნინის პაწია ხელები, ტოტოს კისერზე შემოხვეოდა, გაქვავდა
და გამაგრდა როგორც ფოლადი. პატარა თავი გვერდზე გადაეკიდა. ტოტომ ისე
დაიბღავლა, გეგონებოდათ გულის ძარღვები დაუწყდაო. უფრო მაგრად ჩაიკრა გულში
უსიცოცხლო სხეული და გაიქცა. ქარბუქი ტრიალებდა, ღმუოდა. ტოტო გარბოდა
გავეშებული, როგორც მშიერი მგელი. მირბოდა, მირბოდა მანამ, სანამ კუნთები არ
გაუქვავდა, სანამ სისხლი არ გაეყინა ძარღვებში. მაშინ იგი პირქვე დაეცა. პატარა გვამი
გულში ჰქონდა ჩაკრული.
ისინი თოვლმა ჩაჩუმქრა.