You are on page 1of 14

გოლი თარაყი

კედელს იქით

საამო ფორიაქით აღსავსე თოთხმეტი წელი. ფერადოვანი, მაცდური... მტვრიანი,


ცხელი ზაფხულის სიღრმეში ჩამსაფრებია და მოტაცებას მიპირებს. მეშინია და
ბავშვობისდროინდელი სიმშვიდისა და სიმყარის ნაშთს ვებღაუჭები. ადამიანები
ისეთები აღარ არიან, ადრე რომ იყვნენ და უცნაური სუნიც ასდით – ოფლისა და საჭმლის
ნარჩენების, ცხვრის ხორცისა და მატყლის სუნი. მაშინდელი მდორე, უზრუნველი
ღამეები (ლოგინში მხიარული ჩაყურყუმელავება, პირქვე, ჭუჭყიანი ხელებით,
დაუბანელი პირით) მწველ, თავბრუდამხვევ ღამეებად ქცეულა, მტანჯველი
ჩურჩულითა და შფოთიანი სიზმრებით აღსავსე ღამეებად. თოთხმეტი წელი უცნობ
ქვეყანაში მოგზაურობაა თითქოს, მას კანონებიც საკუთარი აქვს. უკაცრიელ ქუჩებში
ველოსიპედით ქროლვა, ბაღში ფეხშიშველა სირბილი, საეჭვო ქუჩაბანდებში ხეტიალი
და სახლში ახალგაზრდა მოსამსახურეებთან ხუმრობა ამეკრძალა. სამაგიეროდ,
საქალიშვილო კაბა მიყიდეს, ფუშფუშა სახელოებითა და მაქმანის თეთრი საყელოთი. ამ
უხერხულმა სამოსმა ჩემთვის სრულიად უცხო ახალი სხეული შემძინა.

არ მინდა, რომ გავიზარდო. ეს კი არავის ესმის.

გუშინდლამდე თითქოს უჩინარი იყო ჩემი სხეული, მის ღირსებასა თუ ნაკლზე


წარმოდგენაც არ მქონდა. ახლა კი დაბნეული და დარცხვენილი ვიკრავ ღილებს და ჩემი
გამხდარი კისრისა და მკლავების მერიდება.

დეიდა ნაზმა შავი ჩადრი მიყიდა და მეუბნება, რომ სხეულს ხელშეუხები განძივით
უნდა გავუფრთხილდე, ტანი დავიფარო და მახსოვდეს, რომ უბიწოება ქალიშვილების
დიდი სიმდიდრეა.

ხუთშაბათობით ფორტეპიანოს გაკვეთილი მაქვს (ძალისძალად და სიძულვილით).


დედამ ამჯერად ერთი სომეხი ქალბატონის სტუდიაში მიმიყვანა. ეს სტუდია –
უბედურების სტუდია – მიყრუებული სახლია რომელიღაც ჩიხის ბოლოში. კიბეებზე
საპირფარეშოსა და სადეზინფექციო წამლების სუნი დგას, საავადმყოფოს, ხრწნისა და
სიბერის სუნი. ოთახები ნახევრად ბნელია, მტვრიანი, ფანჯრები კი – მუდამ დაგმანული.
მასწავლებელი ერთი უშნო მოხუცი ქალია, სევდითა და ბრაზით ფრჩხილებს რომ
იკვნეტს და გრძელ ჯოხს პიანინოს კიდეზე აკაკუნებს. თვალის უპეები ამოჰღამებია,
წვეტიან ცხვირს განუწყვეტლივ ჭმუხნის, თითქოს ცემინება უღიტინებდეს, ანდა საეჭვო
სუნი აწუხებდეს. ჩემი ერთი დანახვაც კი გუნებას უფუჭებს. ორჯერ ნერვიულად დამკრა
ხელზე და ცრემლი წამსკდა. ეს ტანჯვის სტუდია დედაჩემის ერთი ნათესავის სახლთანაა
ახლოს. რა ნათესავის, არ ვიცი. ვინც არ უნდა იყოს, ერთი უსამსახურო, უფულო
პენსიონერია და პატარა ბინაში ცხოვრობს ქალაქის ცენტრში, ერთ ძველ ბეტონის
შენობაში. დაბალი, გამხდარი ცოლი ჰყავს, წვრილი, ნაცრისფერი თვალებითა და თხელი
ტუჩებით. გულში „ქალბატონ თაგუნას“ ვეძახი. მისი მეშინია. კვირაში ერთხელ,
შუადღისას, სკოლიდან ამ ნათესავებთან მივდივარ, ვსადილობ და ფორტეპიანოს
გაკვეთილზე მივეშურები. ქალბატონ თაგუნასა და მისი ქმრის მეზობლები უცნაურზე
უცნაური ხალხია: საშინაო ტანსაცმლითა და ფოსტლებით დარბიან სართულიდან
სართულზე, ერთმანეთისაგან ჭიქას, ქვაბს, ვენტილატორს და ცოცხს ნათხოვრობენ,
ერთმანეთს წვნიანს, მწნილსა და შინაურ ნამცხვარს უგზავნიან და ფანჯრიდან და
1
აივნიდან ელაპარაკებიან ერთმანეთს. მარცხენა მეზობელი შუახნის კაცია, მარტოხელა.
სევდიან ქვრივ ქალებს წააგავს, ქალის ტანსაცმელს კერავს და გრძელ კაშნეებს ქსოვს.
ქსოვს ავტობუსშიც, ტაქსიშიც და ადამიანების ცნობისმოყვარე მზერას თუ დამცინავ
ღიმილს არაფრად აგდებს. გარეთ ქსოვილისა და ფერადი ნართის საყიდლად თუ გადის.
საკერავი მანქანა აივანზე უდგას, მიუჯდება ხოლმე და კერავს. დიდი კალათა აქვს, სავსე
ძაფის ფერად-ფერადი გორგლებით. აქვს უამრავი საქსოვი ჩხირი, მაქმანის გამოსაყვანი
ყაისნაღი და საქარგავი ნემსი. ზედა სართულზე კავკასიელი ქალი ცხოვრობს,
თურქულად, სპარსულად და რუსულად საუბრობს და არც ერთი ენა ხეირიანად არ იცის.
ბებიაჩემის ხნისაა, მაგრამ ერთი ფუთი ფერუმარილი უსვია სახეზე. ერთთავად
იხუჭუჭებს შეღებილ თმას და ლაქს ისვამს გრძელ ფრჩხილებზე. მისი აივანი მაგიდითა
და სკამებით, სამოვრითა და ვენტილატორით, თოკებზე გაფენილი ტანსაცმლითა და
ნემსიწვერას ქოთნებით, ათასი ჯურის ნივთებითა და ძველი ხარახურითაა სავსე.
გრძელი, დეკოლტირებული, ვარდისფერი ნეილონის პენუარითა და დიდი განუყრელი
საყურით ზის აივანზე და ყავაზე მკითხაობს. მეზობლებს მუქთად უმკითხავებს ხოლმე,
უცხოებს კი ფულს ართმევს. ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი მოუშორებლად გაჩრილი აქვს
პირში. ამ საყურეებითა და სიგარეტით წვება და დგება. მარცხენა მეზობელთან – ანუ
„სევდიან ქვრივთან“, იმავე ბატონ მკერავთან – მეგობრული ურთიერთობა აქვს. მისი
ყავის ფინჯანი გრძელ თოკზე ჩამობმული კალათით ააქვს მაღლა. ყველა ამბავს, კარგსა
თუ ცუდს, რაც მას უნდა გადახდეს, დაწყებული მოგზაურობითა თუ ფულის პოვნით და
დამთავრებული ახალგაზრდა ქალის გაცნობითა თუ სიკვდილით, უხეშ ქაღალდზე წერს
და დაბეჭდილ წერილს იმავე კალათით გზავნის მეორე სართულზე. გითი ხანუმი
მარჯვენა მხარეს ცხოვრობს, კედელს იქითა მეზობელია. შუა კედელი ხახვის
ფურცელივით სიფრიფანაა. ყველაფერი ისმის: ლაპარაკი, ნაბიჯების ხმა, საპირფარეშოს
წყლის ჩხრიალი, ხველა, ცემინება თუ სიცილი. სხვა მეზობლები არ მაინტერესებს,
მთელი ჩემი გულისყური ამ კელდლისკენაა მიმართული. უფროსები (ჩემი ნათესავი
ფარისეველი ქალბატონები), მასზე რომ ჩამოვარდება ლაპარაკი, ოხრავენ და
იფურთხებიან, არადა, როგორც კი მას ახსენებენ, სმენაც უმახვილდებათ და თვალებშიც
ცნობისმოყვარე ნაპერწკალი გაუკრთებათ ხოლმე. აგზნებით წიწინებენ და ერთმანეთს
ყურში ეჩურჩულებიან. დედაჩემი ჭორების ქალი არ არის და დაუფარავად, პირდაპირ
უცხადებს ყველას იმ ქალისადმი ზიზღს. მისი აზრით, გითი ხანუმი ცუდი ქალია. ეს
„ცუდი“ ისეა გამოკვეთილი მთელი ფრაზიდან, თითქოს წითელი მელნითა და მსხვილი
ასოებით დაეწეროთ. მისი მკვეთრი და მკაფიო მახვილი ზარივით რეკავს ყურში. გითი
ხანუმის „სიცუდე“ ფარული სამყაროდან მოდის და უსიამოვნო სუნი და გემო ახლავს.
ვხედავ, როგორ იკუმება დედაჩემის ტუჩები ამ სიტყვასთან შეხებისას, თითქოს რაიმე
საზიზღარზე მოუხვდა ხელი; ცხვირის ნესტოები ებერება და სახე ექუფრება. მე ვიცნობ
ამ მოქუფვრის არსს, ვიცი, რამდენი გაფრთხილება, მუქარა და „უნდა-არ უნდა“ იმალება
მასში. ამ სიტყვით გავიზარდე და მიჩვეული ვარ მას. მაგრამ გითი ხანუმის „სიცუდე“
სხვა მასალისაა. ბლანტი მელანივით მიცოცავს საგანთა კრიალა ზედაპირზე და მუქ
ლაქებს ტოვებს. ის უბოროტო, უვნებელი „ცუდი“, რომელსაც დედა მე და ჩემს ძმას
გვესვრის ხოლმე, არაფერია, საპნის ბუშტივით ქრება ჰაერში.

მე ამ ქალში საზიზღარს ვერაფერს ვხედავ. ისეთივეა, როგორიც ყველა დაღლილი და


სევდიანი ქალი ამქვეყნად. ქალბატონი თაგუნასგან ვიცი, რომ რამდენიმე მეზობელი
მტრობს მას, განსაკუთრებით – მოპირდაპირე მეზობელი. იგი სკოლის დირექტორია და
გითი ხანუმს ვერ იტანს. მიზნად დაუსახავს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, გითი ხანუმი ამ
უბნიდან გაასახლოს.

2
დღეს ერთ-ერთი იმ დღეთაგანია, როცა გითი ხანუმი აქეთურს და იქითურს წყევლა-
კრულვას უთვლის.

მისი ხმა სადარბაზოსთან ისმის. სკოლის დირექტორის ცოლთან ლანძღვა-გინება


გაუმართავს. აივანზე გავდივარ და ვიჭვრიტები. პოლიციის ოფიცერიც მოსულა.
სადარბაზოსთან მეზობლებს მოუყრიათ თავი. ერთი ამბავი აქვთ, ხმამაღლა ყაყანებენ.

ერთი ამბობს: – გასახლებას უპირებენ. დირექტორის ცოლი ამბობს, აქ


საპატივცემულო ხალხი ცხოვრობს, ცოლ-შვილი ჰყავთო. ჰოდა, პოლიციის
განყოფილებაში წავიდა და უჩივლა.

ქალბატონი თაგუნა, თუმცა თითქოს მეგობრობს გითი ხანუმთან და მის ნახელავ


მწნილსა და მურაბას მადიანად შეექცევა, ახლა დირექტორის ცოლს შეხმატკბილებია და
მის მხარეს იჭერს, სხვებიც თანახმანი არიან, გაასახლონ გითი ხანუმი.

ქალბატონი თაგუნა მეუბნება: – შემოდი, მაგათთან რა გესაქმება, ნუ უყურებ!

– რატომ ნუ ვუყურებ?

– შემოდი.

არც კი ვინძრევი. რომ მივწვდებოდე, სქელ წვივში წიხლსაც ჩავაზელდი


დირექტორის ცოლს. შევსწრებივარ, ახალგაზრდა მოსამსახურე გოგოს როგორ სცემდა და
გამწარებით აწიწკნიდა გრძელ თმას.

აივნიდან შემოვდივარ და კიბის ბაქანზე გავდივარ. გითი ხანუმს ვხედავ, ქოშინით


ამოდის მაღლა. თავისთვის ბუტბუტებს, ოფლი ღვარად ჩამოსდის სახიდან. კალათა
პურით, ხილითა და ბოსტნეულით აქვს სავსე. თითქოს არ ესმის, რომ გაგდებას
უპირებენ. იქნებ ესმის კიდეც და არ იმჩნევს. ქვევით ჩავდივარ, მისკენ. კიბის მოსახვევში
დგას და არარსებულ ვიღაცას ელაპარაკება. კაბა დასჭმუჭნია, შესაკრავი მორღვევია.
კიბეზე ჯდება და ფეხს ისრესს. ცუდად არის, სუნთქვა უწყდება, კალათა უყირავდება და
ხახვი კიბეზე მიგორავს. პირში სიგარეტს იდებს და ასანთის ძებნას იწყებს ჩანთაში. ვერ
პოულობს. ჩანთას კიბეზე აპირქვავებს, უთავსახურო პომადა კარტოფილსა და ხახვს
მისდევს. ხურდა ფული იბნევა. რამდენიმე ფოტოსურათი, დაჭმუჭნილი ქაღალდები,
რაღაცის მარცვლები, საღეჭი რეზინი და ნამცხვრის ნამცეცები ცვივა ჩანთიდან. საღეჭ
რეზინს პირში იდებს და მე მიყურებს... კეთილი თვალები აქვს. კიდევ ერთ საღეჭ რეზინს
იღებს კიბიდან. სულს უბერავს, კაბას აწმენდს და მე მაწვდის. ყოყმანით შევცქერი. ვიცი,
რომ მასთან ლაპარაკის და მიახლოების უფლება არა მაქვს. ვინც ამ „ცუდ“ ქალს რაიმეს
გამოართმევს, მით უმეტეს, საჭმელს, მისნაირი გახდება.

თუბა ხანუმი ამბობს, რომ დიდებს შეუძლიათ თავი დაიცვან. გოგონები და


ქალიშვილები კი ნაზები და მგრძნობიარენი არიან. გული გახსნილი აქვთ და ეშმაკი
ადვილად აღწევს მათ სულსა და გონებაშიო.

გითი ხანუმს ხელი აქვს ჩემკენ გამოწვდილი და მელოდება. ხელი კრიალა აქვს და
სურნელოვანი, დედაჩემივით. საღეჭ რეზინს ვართმევ, ენის ქვეშ ვმალავ და მერე, როცა
ვერ მხედავს, ვიღებ და კუთხეში ვაწებებ. ჯერაც ასანთს ეძებს. დაღლილია. კედელს
ეყრდნობა და ცოტა ხნით თვალებს ხუჭავს. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასწოლია, ტუჩის
3
კუთხეები ჩამოშვებია. ხელს იყოფს კაბის ქვეშ და მუხლს იფხანს. ხანდახან ლამაზია
ხოლმე, როგორც დღეს. თითქოს ჩხუბი და უსიამოვნება უხდება. ლოყები შეჰფაკვლია,
ზედა ტუჩი ოფლით დასცვარვია. თეთრი კბილები უკრიალებს და, მიუხედავად იმისა,
რომ დაღლილია და შეუძლოდ გრძნობს თავს, კანი ჯანსაღი აქვს და სუფთა. მე არ
მაღელვებს უფროსების ჩურჩული და ჭორები, ვგრძნობ, რომ გითი ხანუმი მათზე
უკეთესია, ავი და მატყუარა არ არის.

კარგია თუ ცუდი, როგორიცაა, ისეთია. არ ეშინია და არ აქცევს ყურადღებას იმას,


რასაც მის ზურგს უკან ამბობენ. ყველამ იცის, რასაც საქმიანობს. მისმა შვილმაც იცის.
ქუჩის კუთხეში რომ პოლიციელია, იმანაც იცის. ყასაბმა ალი აყამაც იცის და ხარხარებს
ხოლმე. მადამმაც იცის, მისი ცხოვრება ყავის ფინჯანში დაუნახავს. ქალბატონმა
თაგუნამაც იცის, მაგრამ თავს იკატუნებს, ანგელოზად მოაქვს თავი. თითქოს არაფერი
იცოდეს. ტყუის. ჩუმ-ჩუმად ჭორაობს. გითი ხანუმის შინაური საქმეები მშვენივრად
მოეხსენება და ყველას დაწვრილებით უყვება. მაგრამ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რა ხდება
გითი ხანუმის სახლში. დერეფნის ბოლოს პატარა საკუჭნაოა. ვითომ დაკეტილი, მაგრამ
კარი მიწოლისთანავე იღება. კედელზე, მარჯვენა მხარეს, პატარა დამტვერილი
ფანჯარაა. ფანჯარაზე გაზეთი გაუკრავთ, წინ კი ფარდა ჩამოუფარებიათ. მაგრამ ვიწრო
ღრიჭოდან დერეფნისა და სამზარეულოს ნაწილი მოჩანს. ხანდახან ქალბატონი თაგუნა
მაღაზიაში მიდის ხოლმე. თავისი მავნე ტყუპებიც თან მიჰყავს, რომ სახლი არ გადაწვან,
ან საბრალო მამას რამე უბედურება არ მოსწიონ. ამ კაცს სიბერეში ეყოლა ეს ტყუპები,
შვილიშვილებად რომ ეკუთვნის. მისი საქმიანობა ლოგინში გორაობა და გაზეთში
კროსვორდების ამოხსნაა. როცა სახლის დალაგებას აპირებენ, ყელგამოწეულები
ეხვეწებიან, რომ მეორე ოთახში გავიდეს. ის კი ოხრავს და მთელ ქვეყნიერებას წყევლა-
კრულვას უთვლის. ბანაობაც სძულს. სააბაზანოში განსაკუთრებით ტარაკნები და
ობობები აფრთხობენ. როგორც კი ტარაკანი გამოფარფატდება სააბაზანოს სიღრმიდან, ან
შხაპიდან ცივი წყალი დაეწვეთება სხეულზე, გამწარებით ღრიალებს და კარზე
აბრახუნებს. ბევრჯერ ვთქვი ჩემთვის, რომ აღარასოდეს აღარ წავალ ბატონ და ქალბატონ
თაგუნებთან და, თუ წავალ კიდეც, ჩემი ფეხი აღარ იქნება საკუჭნაოში. ორ დღეში კი
ვტეხ სიტყვას. მიზეზს ვეძებ, ისეთს, მდგომარეობიდან რომ გამომიყვანს და კვლავ
მივდივარ მათთან. ველოდები, რომ ყველა წავიდეს. მერე კი, თითქოს ეშმაკი
შემჩენოდეს, საკუჭნაოში შევრბივარ და თვალით ვეკვრი ფანჯრის ჭუჭრუტანას.

დღეს ბედნიერი ვარ. ქალბატონი თაგუნა და ბავშვები სახლში არ არიან. საკუჭნაოში


შევდივარ და კარს ვკეტავ. ვთავხედდები და ფანჯარაზე აკრულ გაზეთს დიდ ნაგლეჯს
ვახევ. ახლა უკეთაც ვხედავ და მეტსაც. გითი ხანუმი მარტოა თავის გოგონასთან ერთად.
სამზარეულოში სხედან და ჭამენ. გითი ხანუმი თითებს ილოკავს და მადიანად იტენის
გემრიელ ლუკმებს პირში. მწვადის ცვრიან ნაჭრებს არჩევს და შვილს უდებს თეფშზე.
გოგონას არ უნდა, თეფშს ხელს ჰკრავს, მაგრამ დედა არ ეშვება. ხორცის ნაჭერი ჯიუტად
მიაქვს შვილის პირთან. ცხიმიან თითებს სიყვარულით უსვამს ლოყებზე, თმებზე. შვილი
ბრაზით იწმენდს სახეს. უზნეო გოგოა. ამ ხნის მანძილზე სიტყვა არ დასცდენია. თავი
დაუხრია და ბოღმიანად ღეჭავს ლუკმას, იქნებ ცუდი ნიშანი მიიღო, ან რამე შეემთხვა?
გითი ხანუმი გიჟდება შვილზე. სულ ეფერება და ელოლიავება. მთელ საჭმელს მის წინ
ახვავებს. ჭიქაში დოს უსხამს. საზამთროს ჭრის და დიდ ნაჭერს უდებს თეფშთან.
რამდენჯერაც ჩაუვლის, იმდენჯერ თავზე ან ზურგზე ეფერება, მაგრამ გოგონა ბრაზით
იცილებს მის ხელს. მე რომ ასე მოვექცე დედაჩემს, დავისჯები. გითი ხანუმი კი არც
იმჩნევს. ის კი არა, იხრება და ცდილობს, ლოყაზე აკოცოს შვილს. კისკისებს და
ეალერსება. ვხედავ, გოგონა როგორ მიშტერებია დედას. ავი სათქმელი ჩანს მის მზერაში.

4
რაღაცას ამბობს ჩუმად. გითი ხანუმი წითლდება და სახეს იბრუნებს. ლუკმას იტენის და
გამალებით ღეჭავს, შვილი ნელ-ნელა, ისევ იმ ავი, ცივი მზერით უმეორებს იმავეს. ნეტავ
მესმოდეს მისი ხმა. ისე მინდა, ვიცოდე, რას ეუბნება! რასაც არ უნდა ეუბნებოდეს,
აშკარაა, ცუდს ეუბნება, ისე გაფითრდა და გაშრა გითი ხანუმი. ხელი ჰაერში გაუშეშდა
და უაზროდ მიშტერებია შვილს. აქამდე არასდროს მინახავს გითი ხანუმი ასეთი
დაბნეული და ელდანაკრავი. მკვდარივითაა. ხმასაც არ იღებს. ცდილობს გაიღიმოს და
არ გამოსდის. პირს აღებს და ღიმილის ნაცვლად ტუჩები ებრიცება მხოლოდ.
აკანკალებულ ხელს გაუბედავად უთათუნებს შვილს კისერზე, საყელოზე, გოგონა
ერთბაშად დგება სკამიდან და მაგიდაზე ხელს აბრახუნებს. ჭიქა ბრუნდება. სკამს წიხლს
ურტყამს და დედამისს ხელს ჰკრავს. ოთახის კარის ჯახუნის ხმა მესმის. გითი ხანუმი
ხმას არ იღებს, სახე დარდისგან მოღრეცია და ქვედა ტუჩს იკვნეტს. კედელს ეყრდნობა.
ხელს მკერდზე იდებს და ჩუმად ყმუის. შუშის მსხვრევის ხმა ისმის, თითქოს თეფშები
და ჭიქები ცვივა იატაკზე. გითი ხანუმი მიჩვეულია შვილის საქციელს, ყურადღებას არ
აქცევს. სამზარეულოში შედის და ჭურჭელს რეცხავს. ერთ საათში ისევ შევდივარ
საკუჭნაოში. ვხედავ, შვილის ტანსაცმელს აუთოებს. ვხვდები, რომ მისი შვილისაა,
რადგან ყველაფერი მუქი ლურჯია, ნაცრისფერია და შავი, ყელდახურული და გრძელი
სახელოებით. ნაღვლიანი, ბებრული ტანსაცმელია. მისი ტანსაცმელი პირიქითაა,
ჭრელაჭრულა და ზიზილ-პიპილო, ყელმოხდილი და უსახელო. შვილს არ აძლევს ნებას,
მოკლე კაბა ან მოდური ტანსაცმელი ატაროს. თავისი ნებართვის გარეშე სახლიდან ფეხს
არ ადგმევინებს. ასი თვალი აქვს გამობმული. ვინმემ ქუჩაში მის ქალიშვილს ცერად რომ
შეხედოს ან ოდნავ შეეხუმროს, ადგილზევე გაუსწორდება. როცა საქმე შვილს ეხება,
ერთიანად აპილპილდება ხოლმე, ძუ მგლად გადაიქცევა. თუ ყური მოჰკრა, რომ მის
შვილზე ვინმემ აუგი თქვა, მეორედ მოსვლას მოანატრებს. იმის ნებასაც კი არ რთავს, რომ
მადამმა ყავაზე უმკითხაოს . მე კარგი თვალით მიყურებს და უარს არ იტყვის, რომ
თავისი გოგონა გამაცნოს, ან ჩემთან და ქ-ნ თაგუნასთან ერთად კაფეში ან კინოში
გამოუშვას. თუმცა მისი შვილი უხასიათოა, უჟმური და უკარება. ერთი-ორჯერ გითი
ხანუმი გამომელაპარაკა, გამომკითხა, რა მქვია, რამდენი წლისა ვარ. რამდენჯერმე
კიბეზეც შემეჩეხა, მითხრა, რომ შემიძლია მის შვილთან ვიმეგობრო, სახლშიც
მივიპატიჟო. მე კი, როგორც ყრუ-მუნჯი, მივშტერებოდი და ხმას არ ვიღებდი.
ყოველთვის, როცა ეს ქალი ჩემ გვერდით დგას და მისი სხეულის სუნს ვგრძნობ,
უცნაური რამ მემართება: ხელ-ფეხი მერთმევა, მახურებს და ოფლს მასხამს. ჯერაც
ვგრძნობ პირში იმ საღეჭი რეზინის გემოს, მან რომ მომცა. ეს გემო მაწუხებს. იმ
შვებანარევ ტკივილს ვგრძნობ, მორყეულ კბილზე ენის შეხებამ რომ იცის.

წინა კვირას თავი მოვიავადმყოფე და ფორტეპიანოს გაკვეთილზე აღარ წავედი.


ამდენად, აღარც ქალბატონ თაგუნასთან მომიხდა მისვლა. იქ მიუსვლელობა კი გითი
ხანუმის თავბრუდამხვევი სამყაროსგან გაქცევა იყო. მძიმე ავადმყოფობიდან
გამოჯანმრთელებულს ვგავდი, შემირანის სახლის ნათელ, გაკრიალებულ ოთახებს
შევეფარე და შვებით ამოვისუნთქე. აზრები დამიწყნარდა, დამილაგდა, ჩემი სიზმრებიც
უშფოთველი და უსაგნო გახდა. ფერებიც შერბილდა, დაამდა და გითი ხანუმის სახლის
მძაფრი სუნი ნაცნობმა და მსუბუქმა სურნელმა შეცვალა. შემირანის უღრუბლო სახლში
ვიყავი, გონება დამიმშვიდდა, მაგრამ ერთ დღეს ფორტეპიანოს აბეზრმა მასწავლებელმა
შემოთვალა, რომ, თუ ერთხელ კიდევ გავაცდენ, აღარ გამიყვანს კონცერტზე, რომელიც
წლის ბოლოს უნდა გაიმართოს. ჩემი ნატვრაც ეგაა, მაგრამ დედამ უკვე დაპატიჟა დეიდა,
მამიდა, ბიძია და მთელი ნათესავ-მოკეთეები, მე კი მისი იმედების გაცრუება არ
შემიძლია. თუმცა ვიცი, რომ დიდი უბედურება მოგველის მეც, ფორტეპიანოს
მასწავლებელსაც და მთელ მუსიკალურ სამყაროს. ტანში მცრის იმის წარმოდგენაზე, რომ

5
უცხო ადამიანების წინაშე უნდა დავუკრა (ჩემი მოუქნელი თითებით). ყოველღამე
მესიზმრება, რომ კლავიშები ხმას არ გამოსცემს, სუნთქვა მიწყდება და ოფლში
გაღვრილს მეღვიძება.

ჩვენს ოჯახში არავის არა აქვს კავშირი მუსიკასთან – არც ირანულთან, არც
ევროპულთან, არც თანამედროვესთან, არც კლასიკურთან. ჩემამდე არავის დაუკარებია
თითი ფორტეპიანოს კლავიშისთვის. ფორტეპიანო – ისიც როიალი, – ახალი მოვლენაა
და გარშემო მყოფებში გაოცებას, აღტაცებას და შურს იწვევს. ჰასან აყას აფრთხობს ეს
უცნაური არსება, ზღაპრული რაშივით რომ წამოჭიმულა ოთახის შუაგულში და, რამე
რომ იყოს, შემირანის ბაღსაც კი ჩანთქავს. ეს შიში აიძულებს მდაბლად მიესალმოს მას.
დედა როიალის ოჯახში შემოსვლას ისეთი ზეიმით აღნიშნავს, თითქოს ინგლისის
დედოფალი ჩამობრძანებულიყოს და კმაყოფილებითა და სიამაყით შესცქერის. მეც რომ
ვიზიარებდე მის აზრებსა და გრძნობებს, იქნებ, ბოლოს და ბოლოს, კვირებისა და
თვეების მანძილზე მეცადინეობის შედეგად დამეკრა კიდეც რამე მარტივი ნაწარმოები.
მაგრამ მე არ მესმის, რატომ მევალება, ამ უაზრო საქმეს მივდიო. ავად სახსენებელი
ხუთშაბათი ახლოვდება. ქალბატონ თაგუნასთან უნდა ვისადილო და ორი საათის მერე
გაკვეთილზე წავიდე. ქალბატონ თაგუნას ბავშვები ექიმთან წაუყვანია, მის გულად ქმარს
კი, ყოველწლიური აბანოს შემდეგ, დაღლილობისა და სიმწრისაგან გონი მიხდია. ნეტარი
გრძნობა მეუფლება და ვერაგი ცდუნება მოცოცავს სულში. არა, არ შევხედავ-მეთქი, ჩემს
თავს ვეუბნები, კედელს იქითა ცხოვრება მე არ მეხება. ჯანდაბას წასულან გითი ხანუმიც,
მისი შვილიც და მისი ყველა მიმსვლელ-მომსვლელიც. ვჯდები და ადგილიდან არ
ვიძვრი. თავს წიგნითა და ჟურნალით ვიქცევ, ვსტვენ, ვმღერი, ქუჩაში გავდივარ, სახლში
ვბრუნდები, არა, არა, არა, ჩემი ფეხი არ იქნება საკუჭნაოში. არავითარ შემთხვევაში!

რაღაც ამბავია. საეჭვო ხმები ისმის გითი ხანუმის ბინიდან. თითქოს ჩხუბობენ. არ
ვიმჩნევ. რა ჩემი საქმეა?! მაგრამ გული და გონება ამ ხმებისკენ იწევს. რა მოხდა? გითი
ხანუმის ხმა მესმის. ეს ხმა ყოვლისშთანმთქმელი მაგნიტივით იზიდავს ჩემს უღონო
სხეულს. შევდივარ და თვალს ფანჯრის ჭუჭრუტანას ვუყრი. გითი ხანუმის შვილი
შემოსასვლელშია. დახრილა და ფეხსაცმლის თასმას იკრავს. სადღაც მიდის, თუმცა არ
ჩქარობს. სამზარეულოში შედის, მაცივარს აღებს და წყალს ბოთლიდან სვამს. კიტრს
იღებს და კბეჩს. გითი ხანუმის ხმა ისმის. კივის, წივის და შვილს ეუბნება, აჩქარდიო.
შემდეგ თვითონაც შემოდის, ძლივს ვცნობ მოკაზმულ გითი ხანუმს. ქერა თმა აუჩეჩავს
და ქუთუთოები მწვანედ შეუღებავს. ტუჩები იისფერი აქვს, ლოყაზე დიდი ხალი
უბრწყინავს. საათს დასცქერის და მერე შვილს უყვირის: „რაღას ზოზინებ? ჩქარა წადი“.
შვილი კი აყოვნებს, თითქოს განგებ წელავდეს დროს. სამარილეს იღებს და კიტრს ნება-
ნება თლის. გითი ხანუმი მოთმინებიდან გამოდის, ისევ უყვირის, აჩქარდიო, მკლავში
ავლებს ხელს და უბიძგებს. გოგონა კივის, დედას ხელს ჰკრავს და ისეთი სიძულვილით
უყურებს, რომ გული მეკუმშება. გითი ხანუმი ევედრება, ეფოფინება და, ბოლოს და
ბოლოს, ისიც ფეხათრევით მიდის კარისკენ. გითი ხანუმს ვუყურებ, დაღლილი,
განადგურებული მიჰყუდებია კედელს და გარინდულა. როცა შვილთან ჩხუბი მოსდის,
მუდამ დაბერებული და გაუბედურებული ჩანს. თავს ვანებებ გითი ხანუმს და მისი
შვილის კვალს მივყვები. ვიცი, რომ კიბეებზეა, დამჯდარა და მეცადინეობს. ვითომ ვერ
მამჩნევს, ისეა წიგნის კითხვით გართული. თავს მაჩვენებს, თორემ გონება ჩემკენ აქვს.
დარწმუნებული ვარ, სახეზე ვატყობ. ჩქარ-ჩქარა აფახურებს წამწამებს, თვალები კი
გაშტერებია. ერთი წამით მტყორცნის მზერას და კვლავ წიგნს უბრუნდება. ფურცლავს.
ოდნავ უკან იწევს და ნერვულად იხსნის საყელოს ღილს. ჩემი ჯიუტი მზერა არ
სიამოვნებს, ცხვირის ნესტოები უთრთის. მეზობლები მას არ ერჩიან, ეცოდებათ. ბატონმა

6
მკერავმა სამმეტრიანი კაშნე მოუქსოვა. მადამმა კი დედისგან მალულად უმკითხავა.
არავინ მას არ აწუხებს, არავინ, ჩემ გარდა, ჯიუტად რომ მივშტერებივარ. გოგონა
ცდილობს მაგრძნობინოს, რომ ვერ მხედავს და, თუ მხედავს კიდეც, ეს არ ადარდებს. მე
კი სრულიად გაუგებარი, უნებური, ბოროტი ნიშნის მოგებით ჩავშტერებივარ და ჩემი
მრავლისმეტყველი მზერით ვაგრძნობინებ, რომ ვიცი მისი და დედამისის საიდუმლო და
ისიც ვიცი, რატომ ზის აქ. ვხედავ, როგორ ფითრდება და როგორ უკანკალებს ქვედა
ტუჩი. წიგნს ფურცლავს, ხურავს, ძირს აგდებს. რვეულს იღებს, პატარა ჩანთაში ფანქარს
ეძებს და კვლავ მალულ მზერას მესვრის. მაშინვე იბრუნებს პირს და ფანქრის წვერს
ღეჭავს. ნერვიულობს. რაღაცას წერს, ხაზავს, შლის. ტირილი უვარდება. გული ჩქარ-
ჩქარა მიცემს, მისი დიდი წუხილი ჩემზე გადმოდის, მინდა მეგობრული სიტყვა ვუთხრა.
უცბად ხტება ადგილიდან, რვეული უვარდება, ორ-ორ კიბეს ახტება და თითს აჭერს
თავისი ბინის ზარის ღილაკს. ზ-ზ-ზ-ზ-ზ! – თითს არ იღებს. გითი ხანუმი არ პასუხობს.
მისი სტუმარი ჯერ არ ჩანს. არ დამინახავს, რომ მასთან ვინმე შესულიყოს. კარს მაინც არ
აღებს. გოგონა მუშტებს და წიხლებს უშენს კარს. გაცოფებულია. მეშინია მისი. ისევ ზარს
რეკავს, თავს ურტყამს კარის ძგიდეს და ტირის. გავრბივარ, შიგნით შევდივარ და კარს
ვკეტავ. ცუდად ვარ. გული მერევა. გულის მაგივრად ლოდი მიდევს თითქოს. ისე
მრცხვენია, მინდა მიწა გამისკდეს. ქალბატონი თაგუნა ბრუნდება. ფორტეპიანოს
გაკვეთილი აღარც მახსოვს. მეკითხება: – როგორ გრძნობ თავს? რატომ
გაფითრებულხარ?

პასუხს არ ვაძლევ. ვერ ვიტან ამ სახლს, ამ გარემოს, ამ ადამიანებს. მინდა შემირანის


საყვარელ ბაღში დავბრუნდე, გონიერ, წინდახედულ ადამიანებს დავუბრუნდე,
მოსაწყენებს, მაგრამ ჩემთვის გასაგებთ.

როგორც კი ვბრუნდები, ტანსაცმელს ვიცვლი, ვწვები და ზეწარს სახეზე ვიფარებ,


ლამის გავგიჟდე. საღამო ხანია. დედა ჩემს დაღლას ფორტეპიანოს გაკვეთილს მიაწერს
და სიამაყით მიყურებს. ჩემი ოთახის კარს ხურავს და პატივისცემისა და წახალისების
ნიშნად დაძინების ნებას მრთავს. როცა ვიღვიძებ, უკვე ბნელა. საღამოს სტუმრები გვყავს.
ბაღში ლამპიონები ანთია და შადრევნები თეთრ პეტუნიებს ეფრქვევა. ჰაერი სურნელს
დაუცვარავს. ეს სურნელი მსუბუქ საბურველად ეხვევა გარს ჩემს დამტვერილ ფიქრებს.
ამ სუფთა, სურნელოვან თავშესაფარში გითი ხანუმისა და მისი შვილის სახეები ტიხარს
იქით უჩინარდება.

მამას ქარაჯისა და მაჰმუდიეს განაშენიანება ახარებს და ამ სიხარულს ისტორიული


და სახუმარო ამბების თხრობით გამოხატავს. პატივცემული გენერალი შექარბაიანიც
მობრძანდება ცოლთან და ქალიშვილთან – ათეშაფრუზთან – ერთად. გენერალი ერთი
პატარა, ლოტოს კოჭივით კაცია. კისერი არა აქვს და მუნდირის მსხვილი ეპოლეტები
თავისი ვარსკვლავებითა და ოქროსფერი ფოჩებით ყურებზე ედება. სამხედრო ქუდი
წარბებზე აქვს ჩამოფხატული, გახამებული საყელო ცხვირამდე სწვდება. ქუდსა და
საყელოს შორის დარჩენილი ნაპრალიდან წვრილი შავი თვალები ბრწყინავენ. ჩემმა
ხუმარა ბიძებმა, რომლებიც ყველას ამასხარავებენ, გენერალს „ტანკი“ შეარქვეს, მის
მაღალ, თხელ ცოლს კი – „ქალბატონი ჩენარი“. ბატონ ტანკს ეს დაცინვა ეჭვადაც არა
აქვს, ამაყად, საკუთარი ღირსების შეგნებით დააბიჯებს და გამარჯვებული
მხედართმთავრის კმაყოფილებით შეჰხარის ქვეყნიერებას.

გენერლის მეუღლე, ჩენარი, უკეთილესი თვალებით უცქერს ყველას თავისი


სიმაღლიდან და სიყვარულით აკრაჭუნებს კბილებს. ამიტომაა, რომ მუდამ კბილის
ტკივილს უჩივის. ათეშაფრუზი ოთხი წლითაა ჩემზე უფროსი. მისი ნამდვილი სახელი
7
შოლეა, თუმცა თვითონ ორივე სახელზე უარესია. გიჟია, ფათერაკების მაძიებელი. მისი
შემოსვლა მიწისძვრას ან ცაზე მეხის გავარდნას უდრის. დღეგამოშვებით შეყვარებულია,
სამი საქმრო კი უკვე გამოცვლილი ჰყავს. დედამისს უცოლო ექიმებისა და ინჟინრების
უგრძესი სია შეუდგენია და ამბობს, რომ მალე საუკუნის უდიდეს ქორწილს გადაუხდის
ქალიშვილს...

ათასნაირი დაპირებით შემოდის ზაფხული და საფორტეპიანო სტუდიაც ორი თვით


იკეტება. კონცერტი მეჰრის თვის 15 რიცხვშია დანიშნული, იქამდე კი – ღმერთი
მოწყალეა! იქნებ რაიმე მოხდეს სასწაული: იქნებ ფორტეპიანოს მასწავლებელი მოკვდეს,
იქნებ ომი დაიწყოს, იქნებ, სულაც, მეჰრის თვემდე ამერიკაში გამიშვან და გადავრჩე.
ყველაფერი შესაძლებელია.

მორდადის თვის გამთანგველი, ორმოცგრადუსიანი სიცხეები ახლოვდება და,


როგორც ყოველთვის, აგარაკზე მივდივართ. ნათესავ-მეგობრების ნახევარი ჩვენთან
ერთად მოდის. სოფლის მამასახლისის დიდი სახლი ჩვენს განკარგულებაშია. სხვადასხვა
ზომის ბავშვების, ცოცხალ-მკვდარი ბებიების, ევროპამოვლილი ელეგანტური ბიძიების,
სხვადასხვა ჯურის ნათესავი ქალების – ლამაზების და უშნოების, მსუქნების და
გამხდრების – მთელი ქარავანი მიუყვება გზას მთისკენ და მდინარისკენ. მიგვაქვს
მთელი საბარგო მანქანა ქვაბები და ტაფები, ლეიბები და საბნები, კოღოსგან დამცავი
ბადეები და ბრინჯის ტომრები, ერბოს ბიდონები და გაზის ნათურები, ნარდის დაფა,
ბანქოს ქაღალდი და გრამოფონი. მივდივართ მანქანებით, ბოლოს – სახედრებით. ოცზე
მეტი სახედარი დაუხვედრებიათ ჩვენთვის. ლეიბებს მათ ვკიდებთ და ზედ ვსხდებით.
მამა სარდალივით – წინ და ჩვენ – მის უკან. ჰასან აყას სახედარი, როგორც წესი, არღვევს
ქარავნის რიგს და ცდილობს, მამას სახედარს ჩაუდგეს კვალში. ყროყინებს, ტლინკებს
ყრის და, ლამისაა, ყველა ხრამში გადაგვჩეხოს. ოფიცერი ბიძიას ვირი ადგილიდან არ
იძვრის, არც გვერდებში ქუსლის ცემა ჭრის და არც – წვეტიანი ჯოხის. შუა გზაზე
ბიბიჯანს თვლემა ერევა, ვირიდან ვარდება, ცხვირს ქვაზე არტყამს და სათვალე
უტყდება. სანამ სოფელში ვართ, ვერაფერს ხედავს, ხან კარს ეჯახება, ხან – კედელს.

ჩამოვდივართ, სიცხისგან გათანგულ-დაბანგულები. სამი საათია, გზაში ვართ.


მამასახლისის სახლი მაღლობზეა, მდინარის პირას. სადილად მისი სტუმრები ვართ.
ბადრიჯნის კერძია ბრინჯით, თეთრი პური და სოფლის მაწონი. სუფრას აივანზე შლიან.
იატაკზე საფენს აგებენ, კედლის გასწვრივ კი მუთაქებსა და ბალიშებს აწყობენ. საწყალ
ბებიაჩემს ცუდი ამბავი დამართნია. ვირზე ჯდომისაგან გამხდარი ფეხები გაშეშებია და
გან-გან დააქვს, ვეღარ აერთებს. ბიძიები მხრებში უდგებიან, დედა ჩქარ-ჩქარა აგებს
ოთახში ლეიბს. ვერც დაწოლილი ასწორებს ფეხს და ფიჩხივით აქვს ჰაერში გაფშეკილი.
სულების რისხვა – თუბა ხანუმი, ჩვენ რომ გვართობდა და გვაცინებდა ხოლმე, ხარბ
დედაბრად ქცეულა და გამოჩურჩუტებულა. საჭმელს იპარავს და მალავს. ჰგონია, რომ
დღე-დღეზე გავღატაკდებით და გავმათხოვრდებით, საცაა, გვალვა და შიმშილი თავს
დაგვატყდება. შაქრის პარკი უჯრაში ჩაუდია, ჩაის შეკვრა – მუთაქის ქვეშ, ბრინჯის
ტომარა კი – ვინ იცის, სად დაუმალავს. საღამოს გაზის ნათურებს კიდებენ ტოტებზე.
გრილი ნიავი გველამუნება სხეულზე, მდინარის ჩხრიალი ძილისპირულივით ჩაგვესმის
ყურში, ზანტი, საამო გრძნობა გვეუფლება და ყველანი სიჩუმესა და უცნაურ
გარინდებაში ვიძირებით.

ორი კვირაც არაა გასული, რომ ტანკი ჩამოდის თავის ოჯახთან ერთად. ტანკი და
ათეშაფრუზი ცხენებზე შემსხდარან, ორ მსახურს აღვირები უჭირავს. ქალბატონი ჩენარი
დაბალ სახედარზე შემომჯდარა და ფეხები მიწაზე დასთრევს. მათ უკან ათეშაფრუზის
8
სქელი და დაბალი, პიჯაკში და ჰალსტუხში გამოწყობილი, ოფლში გახვითქული ახალი
საქმრო მოლასლასებს. ეს საქმრო უცხოეთში განათლებამიღებული ექიმია. არავინ იცის,
სად იპოვა ათეშაფრუზმა, ან რომელ მორცხვსა და უსუსურ გოგოს ააცალა ცხვირწინ.
მერე რა, რომ არაფრად უღირს და თვის ბოლოს თავიდანაც მოიშორებს. საღამოს, ვახშმის
წინ, ყველანი კარტს თამაშობენ. ყველანი, მამას გარდა. მამა კითხულობს და თვლემს.
ვიღაცას გრამოფონი ჩაურთავს და ევროპული ფირფიტა დაუდია. ტანკი ცოლთან
ცეკვავს. თუბა ხანუმი და ბიბიჯანი ერთად ასრულებენ ნამაზს. თითქოს ერთმანეთს
ეჯიბრებიან, ჩქარ-ჩქარა იხრებიან და სწორდებიან, თვალი კი ქალბატონი ჩენარისკენ
უჭირავთ. ათეშაფრუზს ამ სიცივეში (საღამოობით ისე გრილა, რომ შალის ჟაკეტებს
ვიცვამთ) მდინარეში ცურვა დაუჟინია. ვერავინ ახერხებს გადაათქმევინოს. საქმროსაც
იხმობს საცურაოდ. ბატონ ექიმს საცურაო კოსტიუმი არა აქვს, ნათხოვარ პიჟამას იცვამს
და კბილებს აკაწკაწებს. მამასახლისი ამბობს, მდინარეში მორევიაო, ქალბატონ ჩენარს
ფერი მისდის, ათეშაფრუზს ყურში არაფერი ესმის და დედის ხვეწნა-მუდარაც ვერაფერს
ხდება. თავისას შვრება და აცახცახებულ, ავიშვიშებულ საქმროს წყალში მიათრევს.
უღიტინებს და იმდენ წყალს ასხამს თავ-პირზე, რომ ექიმს სუნთქვა ეკვრება, ხველა
უვარდება და, ლამისაა, დაიხრჩოს. ტანკი და ქალბატონი ჩენარი სიყვარულით და
ნეტარებით შესცქერიან ანც ქალიშვილს და მისი ნასწავლი საქმროს ხელ-ფეხის
სხმარტალს ვერც კი ამჩნევენ. საბედნიეროდ, ცუდი არაფერი ხდება. ეგაა მხოლოდ, რომ
ბატონი ექიმი ფილტვების ანთებით ხდება ავად და მას, სიცხიანსა და ჟრჟოლამორეულს,
სახედრით აბრუნებენ თეირანში. მთელი ამ ხნის მანძილზე არც გამხსენებია გითი
ხანუმი. ერთხელ კი სიზმარში ვნახე. უზარმაზარი იყო, გველეშაპივით. მისი თმა წყლის
ლიასავით მეხლართებოდა ხელ-ფეხში, ხახადაღებული ჩემს ჩანთქმას ლამობდა.
გამომეღვიძა. რამდენიმე დღე ცუდად ვგრძნობდი თავს. ვშფოთავდი, თავი მარტოდ და
გარიყულად მეჩვენებოდა...

სოფელი, თავისი ხიბლისა და სიკეთის მიუხედავად, ის ძველი სოფელი აღარ არის.


ფერები თვალს მჭრის და ფრინველთა ჟივილ-ხივილი მაღონებს. შევყურებ ათეშაფრუზსა
და მის საქმროს და თავს ვეკითხები, როგორ შეიძლება შეიყვარო უცხო და მასთან ერთად
შეეგებო უცნობ ბედისწერას? შორს, ჰორიზონტის ნარინჯისფერ მიჯნას იქით, მომავალი
მელოდება, განუზომელი შესაძლებლობითა და ათასობით ლაბირინთით. არჩევანი
ჩემზეა და ეს მაშინებს. რომ შემეშალოს?

რამდენიმე კვირაღა რჩება საფორტეპიანო კონცერტამდე. გადაწყდა, რომ კვირაში


ორჯერ ვივლი „ტანჯვის სტუდიაში“. მუსიკის მასწავლებელი მეასედ იმეორებს, რომ მე
მისი ყველაზე უნიჭო მოწაფე ვარ, დედაჩემს კი ნეტარად არ სჯერა ამისი. თუნდაც
დედას ხათრით უნდა მოვინდომო. ტანკი, ქალბატონი ჩენარი, ბიძები და ოჯახის
ახლობლები – ყველანი მოწვეულნი არიან ჩემი ოსტატობის სანახავად. რა საშინელებაა...
ვიცი, არაფერი გამომივა და შევრცხვები. სტუდიაში წასვლამდე, ჩვეულებისამებრ, ჯერ
ქალბატონ თაგუნასთან უნდა შევიარო. ამ სახლში მისვლა კი კედელს იქითა ბინაზე
ფიქრს ნიშნავს. ამ სამყაროს მოვშორდი და დროებით დავიბრუნე ბავშვობის სიმშვიდე.
შემირანის ბაღის ადამიანები, ცუდები არიან თუ კარგები, ჩემიანები არიან და მათი
აზრები გონივრულია და გასაგები. მათი შეხედულებები გარკვეულ წრეში ტრიალებს,
ხოლო საქციელი საუკუნოვან ზნეობრივ ნორმებს ემყარება. მბეზრდება და რული მერევა.
მათი სათქმელი მუდამ ერთია, მოსაწყენზე მოსაწყენი, მაგრამ საკუთარი ადგილი და
საქმიანობა გარკვეული აქვთ. ეს „ადგილი“ კი მერე, მათ შემდეგ, ჩვენზე, უმცროსებზე
გადმოვა და ამ მხრივ მშვიდად ვარ.

9
ტანკი ამბობს: – ყოველი თქვენგანი ღირსეული გოგონას სრულყოფილი ნიმუშია.
ღირსეული გოგონა პროგრესულ, განათლებულ გოგონას ნიშნავს. წიგნსა და გაზეთს რომ
კითხულობს, ფორტეპიანოზე უკრავს და, სავსებით შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს
მეჯლისის დეპუტატიც გახდეს. ო, მეამბოხეებსა და უჯიათებს კი, არავინ იცის, რა
უწერიათ. მათი ადგილი წარმატებულ ადამიანთა ბედნიერ წრეში არ იქნება.

დანიშნული დღე ახლოვდება. არაფერი აღარ მახსოვს. „სოლს“ „ფასგან“ ვეღარ


ვასხვავებ. ნოტების თავსა და ბოლოს ვეღარ ვარჩევ. საშინლად დავუკრავ, შეცდომებით
და არეულად. ვიცი, მასხარად ამიგდებენ. ხელები მიკანკალებს, სლოკინი მივარდება.
სკოლიდან პირდაპირ ქალბატონ თაგუნასთან მივდივარ სახლში. ჯერ სტუდიაში უნდა
წავიდე, ბოლო რეპეტიცია გვაქვს, მერე კი იქიდან, სხვა მოსწავლეებთან ერთად –
საკონცერტო დარბაზში. მე მეორე ნომრად გამოვდივარ. ჩემამდე ექვსი წლის ბავშვი
უკრავს. ის ნაწარმოები კი, რომელიც მასწავლებელმა შეურჩია, ჩემსაზე ასჯერ უფრო
რთულია. კონცერტი შვიდ საათზე იწყება. მუცელი მგვრემს, გული მერევა. არავინ არის,
რომ მითხრას, გოგონი, ავად ხომ არა ხარ? თქვი, რომ არ გინდა, რომ არ მიიღებ ამ
კონცერტში მონაწილეობას. ძალაა? ჯანდაბას წასულა ღირსეული გოგონა!

საღამოს ხუთი საათია. დრო, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ქარივით მიქრის და


წუთებიც შფოთიანი გამალებით, ჩემს გულისცემაზე უსწრაფესად მისდევენ ერთმანეთს.
ცხოვრებაში პირველად მშურს ქალბატონი თაგუნას ქმრისა, საწოლზე რომ
გაშხლართულა და გაზეთში კროსვორდს ხსნის.

ქალბატონი თაგუნა თმის დახვევას და წარბების ამოქნას აპირებს. კონცერტზე ისიცაა


მიწვეული და საშინლად ღელავს. არ იცის, რომელი კაბა ჩაიცვას და რომელი ჩანთა
დაიჭიროს. თითქოს განსაკუთრებული ამბავი ელოდება. გეგონება, ევროპაში
მიემგზავრება და შიშობს, აეროპორტში არ დააგვიანდეს.

ქუჩიდან ლაპარაკი და წივილ-კივილი ისმის. მადამი თავისი აივნიდან ხმამაღლა


ელაპარაკება ბატონ მკერავს, მკერავი კი ვიღაცას უყვირის ქუჩაში. ფარდას ვწევ და
ვხედავ, ჭრელი პიჟამით ფეხშიშველი დგას აივანზე, სახე ბრაზით წამონთებია. ჩხუბის
და აყალმაყალის კაცი არ არის და აქამდე არავის მისი ხმამაღალი სიტყვა არ გაუგონია.
გადახრილა და ქუჩაში იყურება. დოინჯშემოყრილი დგას და რაღაცას ფიქრობს. შემდეგ
იხრება და მთელ ვედრო წყალს ასხამს ვიღაცას თავზე. ქალის წივილი ისმის და
ქალბატონი თაგუნა, რომელიც ხმაზე ცნობს ყველას, ხმამაღლა იცინის.

– დირექტორის ცოლია, თავსლაფი დაესხას!

თან სიხარულით უბრწყინავს წვრილი თვალები. აივანზე გადის და ჩუმად იჭყიტება.


ერთად ვიყურებით. სახლთან ჯიპი დგას. იქვე უცნობი პოლიციელი სცემს ბოლთას.
დირექტორის ცოლი, ერთიანად გალუმპული, ცას და ქვეყანას უთვლის კრულვას,
ყველას ემუქრება. მადამიც თავის აივანზე დგას. როცა აღელდება ან გაბრაზდება ხოლმე,
ენებს ერთმანეთში ურევს. რადგანაც არც ერთი ენა ხეირიანად არ იცის, ჩიქორთულად
აბამს ერთმანეთზე სპარსულ, თურქულ და რუსულ სიტყვებს და უკვირს, რატომ არავის
ესმის მისი ნათქვამი.

ქვევიდან ვიღაცა უყვირის: – რა შენი საქმეა, დედაბერო, სახლში შედი. ხმა ჩაიწყვიტე,
შენ არავინ გეკითხება!

10
მადამი ისევ იმ არგაგონილი, ჩიქორთული ენით ბურდღუნებს რაღაცას, ყვავილის
ქოთნიდან ერთ პეშვ მიწას იღებს და ძირს ყრის. თან დირექტორის ცოლისკენ იშვერს
ხელს: – მიწა დაგეყაროთ ყველას!

ვიღაცის ხმა ისმის: – ნამდვილი საგიჟეთია!

ქალბატონი თაგუნა თანხმობის ნიშნად თავს აკანტურებს. წამიერად საფორტეპიანო


კონცერტი მახსენდება და გული მკენწლავს. თითებს ვავარჯიშებ. არაფერი არ მახსოვს,
ერთი უბრალო ნოტიც კი. დო, მი, სოლი? გარეთა არეულობამ აზრები კიდევ უფრო
ამიწეწა. თავში სიცარიელეს ვგრძნობ, გულს კი ბაგაბუგი გააქვს.

შემოსასვლელიდან აჩქარებული ფეხის ხმა ისმის. ვიღაც ან ვიღაცეები მაგრად


აბრახუნებენ გითი ხანუმის კარზე. ქალბატონმა თაგუნამ იცის, რაშიცაა საქმე, მაგრამ
არაფერს იმჩნევს, თავს იკატუნებს. ლამისაა, ჩამოიღონ მეზობლის კარი. მშვიდად,
გულგრილად ტრიალებს ოთახებში, თან ცალი თვალით სარკეში იხედება. გითი ხანუმის
კარზე ზარს რეკავენ. არავინ პასუხობს.

ხრინწიანი, უხეში ხმა კარის შემტვრევას ბრძანებს. კართან მივრბივარ და ოდნავ


ვაღებ, ისე, რომ ცალი თვალით გავიჭვრიტო. ერთი ოფიცერი და ორი პოლიციელი
დგანან კიბის ბაქანზე. ოფიცერი ჩემს ცნობისმოყვარე მზერას აწყდება.

მეკითხება.

– იცნობ ამ ქალბატონს?

მინდა ვუთხრა, დიახ, რა თქმა უნდა-მეთქი, მინდა მასზე ვუამბო, მაგრამ ამ დროს
არენაზე ქალბატონი თაგუნა გამოდის. იდაყვით მწევს უკან, შიშინებს და
მრავალმნიშვნელოვანი მზერითა და ჩოფურა ცხვირის მოძრაობით მანიშნებს, ჩუმად
იყავიო.

ერთი პოლიციელი ახალგაზრდაა, გამხდარი. საულვაშე ოდნავ შეღინღვლია, მისი


წივანა ხმა სამართებელივით ჭრის ყურს. იცინის და ურცხვად მომშტერებია. ამბობს: –
ახლავე შევამტვრევ ამ კარს.

ჯერ მუშტს უბრახუნებს, მერე უკან იწევს და, გამოქანებული, ორივე ფეხით ასკდება
გითი ხანუმის კარს. თან ყვირის: – კარი გააღე, ძაღლისშვილო! უნამუსო, შენ რა, ბატონი
კაპიტანი გინდა აბუჩად აიგდო?

ბატონი კაპიტანი ბრაზობს: – ნუ ილანძღები, ვირო! ვერ ხედავ, პატიოსანი ხალხის


ცოლ-შვილი გისმენს?!

ხნიერი, მსუქანი პოლიციელი საუბარში ერთვება: – ვფიქრობ, ფანჯრიდან უნდა


შევიდეთ.

კაპიტანი მოთმინებიდან გამოდის: – რომელი ფანჯრიდან, რეგვენო?

ახალგაზრდა პოლიციელი ხარხარებს.

11
მადამი ქოშინით ჩამოდის კიბეზე. პირში ჩამქრალი სიგარეტი გაუჩრია. ახალგაზრდა
პოლიციელის ხარხარი ესმის და უფრო ბრაზობს: – ხალხის უბედურებაზე იცინი,
არარაობავ?

პოლიციელი ეუბნება: – მალე შენი დაკავების ბრძანებასაც მივიღებთ.

– დედითქვენისასაც მიირთმევთ! – პასუხობს მადამი.

ოფიცერი მე მომმართავს: – გოგონი, შედი სახლში, არ არის კარგი ... ქალბატონი


თაგუნა მკლავში მეწევა. მადამს სალამსაც არ აძლევს. ქუჩიდან დირექტორის ცოლის ხმა
ისმის, პოლიციელებს ეძახის. პოლიციელები ოფიცერთან ერთად კიბეზე ეშვებიან. მე და
ქალბატონი თაგუნაც ისევ აივანზე გავრბივართ. დირექტორის ცოლს სველი ტანსაცმელი
გამოუცვლია, ამჯერად ქმარიც თან ახლავს. პოლიციის კაპიტანი ესალმება და ამბობს,
კარს არ მიღებენო. თუმცა შეუძლია, პოლიციის უფროსის ნებართვით, კარი ანჯამებიდან
ჩამოხსნას. დირექტორის ცოლი ქოთქოთებს. მზადაა, ყველას ეჩხუბოს. სახე ბრაზით
მოჰქცევია და ენაც ებმის.

– ჰოდა, რაღას ელოდებით? ჩვენი შვილების პატიოსნებაა საფრთხეში.

დირექტორი ჩაფიქრებულა, ცხვირს იფხანს, თითქოს ორჭოფობს. პოლიციელები მას


შესცქერიან. შეწუხებულია. ეს მისი ცოლია გითი ხანუმის მოსისხლე მტერი. პოლიციის
ოფიცერი განზე გაჰყავს და ყურში ეჩურჩულება. მადამიც ქუჩაშია. ცდილობს,
დირექტორს რაღაც უთხრას, მაგრამ ცოლი არ აძლევს ნებას, ხელს ჰკრავს. ახალგაზრდა
პოლიციელი მკლავში ავლებს ხელს მადამს, მადამი კი კივის და პოლიციელს მკერდსა
და ბეჭებში ურტყამს. დირექტორი ვერ იტანს აყალმაყალს, თავს აქნევს და ჩქარა ტოვებს
იქაურობას. ჩემი მზერა მკერავზე ჩერდება. კვლავ დოინჯშემოყრილი დგას აივანზე,
ჩაფიქრებულა. იხრება, კედელთან მიდგმულ წყლიან ვედროს იღებს და დირექტორის
ცოლს ასხამს თავზე. პოლიციელები წრიალებენ, მადამი სიხარულით ტაშს სცემს, ბატონი
მკერავი კი მშვიდად და ამაყად უჩინარდება კარში. დირექტორი სიცილს იკავებს. მისი
ცოლი ლამის შეიშალოს ბრაზით. ყველას ემუქრება, ქმარს კი, ლამისაა, თვალები
ამოსჩიჩქნოს. ისევე, თავფეხიანად გალუმპული, პოლიციელების თანხლებით, ერთი ვაი-
უშველებლით ამოდის მაღლა. საფორტეპიანო კონცერტი აღარც გვახსოვს მე და
ქალბატონ თაგუნას. ისევ სადარბაზოსკენ გავრბივართ, კიბის ბაქანზე. პოლიციელები
გითი ხანუმის კარს ანჯამებიდან ხსნიან. გალეული პოლიციელი გაუთავებლად
ილანძღება. დირექტორის ცოლს წყალი წურწურით ჩამოსდის. ქალბატონი თაგუნა
ელაქუცება, პირსახოცი მოაქვს მისთვის. არ ართმევს. ყველაზე ნაწყენია. კანკალებს.
მთელ ბოღმასა და ღვარძლს მადამზე ანთხევს. პოლიციელებს უბრძანებს, პირველ რიგში
მადამი დააკავონ და პოლიციაში წააბრძანონ.

ქალბატონ თაგუნას მე აღარ ვახსოვარ. საკუჭნაოში მივქრივარ და ჭუჭრუტანას


ვეკვრი. მაუდისქუდიანი კაცი დგას ჩემკენ ზურგით. სამზარეულოში შედის და კარს
კეტავს. კვლავ ჩემს ადგილს ვუბრუნდები, ქალბატონი თაგუნას გვერდით. იმავე წუთში
იღება გითი ხანუმის კარი. გითი ხანუმი იხედება, ფერდაკარგული, გამტკნარებული.

– რა გინდათ, რას მერჩით? ლაპარაკსაც არ აცლიან. შიგნით აპირებენ შეცვივნას. არ


უშვებს, წინ ეღობება. გარეთ გამოდის და კარს კეტავს. გასაღები ხელში უჭირავს.
ევედრება, ორი თვე ადროონ. დირექტორის ცოლი ყურისძირში ულაწუნებს

12
ლაზათიანად. მადამი დირექტორის ცოლს თმაში აფრინდება. პოლიციის ოფიცერი
ქალებს აშველებს და გითი ხანუმს ეუბნება: – წავიდეთ, პოლიციაში ილაპარაკებ.

ქალბატონი თაგუნა სახლში მიმათრევს და კარს კეტავს. საათს უყურებს და მეუბნება:


– დროზე, იგვიანებ, წადი, წადი!

განძრევის თავი არა მაქვს. ვდგავარ ოთახში და უაზროდ მივშტერებივარ იმ


მუსიკალური ნაწარმოების ნოტებს, ამაღამ რომ უნდა დავუკრა. აფორიაქებული ვარ. ჩემი
გონება გითი ხანუმთანაა. მანქანა მიდის და ქუჩაში ხმაურიც ნელდება. ქალბატონი
თაგუნა კმაყოფილია, შვებით ოხრავს: – მოვისვენეთ. ბინძური ქალი.

შემდეგ ისევ მე მიყურებს და მეუბნება: – ჩქარა, გაიქეცი. ამაღამ ყველანი შენს


ოსტატობას მოველით.

სანოტო რვეულებს იღლიაში მჩრის და კარს მიღებს.

– ამაღამდელ კონცერტზე იფიქრე! ასეთი უსიამოვნება და სანახაობა


უფროსებისთვისაა. ამაღამ ოვაციების საღამო მოგელის.

კიბეზე კაციშვილი არ ჩანს. ფეხები მეკეცება. ქვევით ჩავდივარ, ქუჩის მოპირდაპირე


მხარეს გადავდივარ და ხის ჩრდილში ვდგები. მუცელი მგვრემს, მახურებს. თითქოს
სიცხე მქონდეს, ისეთი ალმური ამდის. საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ
აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს ჩემი ფეხი აღარ იქნება ამ დაწყევლილ სახლში, ამ
დაწყევლილ უბანში. სადარბაზოს კარი იღება და მაუდისქუდიანი კაცი გამოდის, ქუდის
წინაფრა თვალებზე ჩამოუფხატავს. სახე არ უჩანს. ჩქარობს, არეულად მოაბიჯებს.
საყელოც აუწევია, არ უნდა, რომ იცნონ. ქუჩა ცარიელია. ბავშვიანი ქალი მოდის
მხოლოდ. ავტობუსმაც ჩაიარა. ბატონი მკერავი აივანზე ზის და რაღაცას არღვევს.
მადამიც წაიყვანეს. გითი ხანუმისთვის უმკითხავია და უთქვამს, ცუდი რაღაც
მოგელისო. როგორ მინდა, ჩემთვისაც ემკითხავა და ეთქვა, რა მოხდება ამაღამ.
მკითხაობა რად მინდა, თვითონაც ვიცი.

მაუდისქუდიანი ბატონი სადარბაზოსთან დგას და გაუბედავად იყურება აქეთ-იქით.


მოდური, კარგად გაუთოებული კოსტიუმი აცვია. მეორე მხარეს გადადის და ავტობუსში
ჯდება. სახეს ვერ ვხედავ. ავტობუსში ბევრი ხალხია და ეს კაცი მხედველობის არიდან
მეკარგება. რამდენიმე მგზავრი ჩამოდის. ძრავა თუხთუხებს და ავტობუსი ბოლქვებად
უშვებს კვამლს. უცბად ისევ ვხედავ მაუდისქუდიან კაცს. ფანჯარასთან დამჯდარა, შუშა
ჩამოუწევია და ქუდი მოუხდია. გითი ხანუმის სახლისკენ იხედება, ჩემკენ იხედება.
ვუყურებ ამ კაცს და მზერა მეყინება. თითქოს მეც, ეს კაციც, ავტობუსიც თავისი
მგზავრებითა და მთელი ქალაქიც წამიერად გაქვავდა და ადგილს მიელურსმა.
აღარაფერი იძვრის. ჩემს გაოგნებულ მზერასთან ერთად ქვეყნის ტრიალიც შეჩერებულა.

ხომ არ მესიზმრება?

მე ვიცნობ ამ კაცს. ჩვენი ოჯახის მეგობარია. დიდი ცხვირაბზეკილი და


თვითკმაყოფილი ვინმეა. დაუსრულებლად ლექციას უკითხავს ყველას ზნეობის
საკითხებზე და დიდსა და პატარას დარიგებას აძლევს. მისი ცოლი დედაჩემთან
მეგობრობს, გოგონა კი ჩემს სკოლაში დადის. ალბათ კონცერტზეცაა მოწვეული და
ადგილი პირველ რიგში აქვს. ქალბატონმა თაგუნამ გითი ხანუმის ყველა მიმსვლელ-
13
მომსვლელი იცის. დარწმუნებული ვარ. ნეტავ, დედამაც იცის? იქნებ იცის კიდეც. იქნებ
არც იცის. ანდა, რა მნიშვნელობა აქვს? დიდები ყველანი ერთნაირები არიან: მატყუარები,
თვალთმაქცები, ჩუმჩუმელები. თავს მოტყუებულად ვგრძნობ, ვბრაზდები.
საფორტეპიანო კონცერტი! ჯანდაბა! ყველა სხვა ტყუილზე უარესი ტყუილი!

ვიცი, ვიგვიანებ, მაგრამ არ ვღელავ. ფეჰლევის გზაჯვარედინამდე ნელა მივსეირნობ,


ფეხათრეული, წელმოწყვეტილი. მუსიკის მასწავლებლის გაცეცხლებული სახე მიდგება
თვალწინ, პიანინოზე დადგმულ საათს რომ შეჰყურებს და ვერ გაუგია, რა ფათერაკი
უნდა შემთხვეოდა მის უნიჭო მოსწავლეს.

...დედა, ქალბატონი თაგუნა, ტანკი და ქალბატონი ჩენარი, საპატიო ნაცნობ-


მეგობრები მოუთმენლად ელიან ნიჭიერი გოგონას, ოჯახის ღირსეული ასულის,
გამოსვლას.

ნოტებს ქუჩისპირა არხში ვყრი და თავისუფლად ვსუნთქავ. მარცხნივ ვუხვევ. ვიწრო,


გრძელ ქუჩას მივუყვები, ნორჩი ხეებით შემოჯარულს. ქუჩა უსახელოა და სხვა ქუჩას
უერთდება. ჩემთვის დავეხეტები და მიხარია. არც მინდა ვიცოდე, სადა ვარ.

უბადრუკ სასაუზმეში დიდ სენდვიჩს ვყიდულობ და ვკბეჩ. ისე მადიანად და


უზრდელურად, როგორც გითი ხანუმი კბეჩდა ქაბაბს. თითებს ვილოკავ და ხელს სუფთა
კალთაზე ვიწმენდ. თეთრთავსაფრიანი, ფოსტლებიანი მოხუცი ქალი მაჩერებს და საათს
მეკითხება. რვის ათი წუთია. კონცერტი დაწყებულია და ექვსი წლის ბიჭუნა
ფორტეპიანოზე უკრავს. წარმომიდგენია დედაჩემი, რომელიც ამაყად ეუბნება ბატონ
ტანკს: „ამის შემდეგ ჩემი გოგონას რიგია“. ადვილი შესაძლებელია, ქალბატონ თაგუნას
მოსწყენოდა და ჩაეთვლიმა კიდეც. მუსიკის მასწავლებელი ნერვიულად, მრისხანედ
უმზერს შემოსასვლელს. ვინ იცის, გულში უხარია, მისი უნიჭო მოსწავლე რომ არ ჩანს და
მშვიდად ანიშნებს მომდევნო შემსრულებელს.

14

You might also like