Professional Documents
Culture Documents
(სანობელე ლექცია).
ზღურბლზე ვდგავარ, მორიალე მტვრის ღრუბლებში იქით ვიყურები, სადაც,
როგორც მითხრეს, ჯერ კიდევ გაუკაფავი ტყეა. გუშინ მანქანით გავიარე
რამდენიმე მილი კუნძებსა და შავად ჩანახშირებულ ნახანძრალებს შორის იქ,
სადაც 1956 წელს ყველაზე საოცარი ტყე იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველაფერი
განადგურებულია. ხალხს ჭამა უნდა. მათ საწვავი სჭირდებათ ცეცხლის
დასანთებად.
ეს ჩრდილო-დასავლეთ ზიმბაბვეა ადრეულ ოთხმოციან წლებში და მე აქ
მეგობარს ვესტუმრე, რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო ლონდონში. ის,
როგორც ვამბობთ ხოლმე, აფრიკას ეხმარება . ფაქიზი სულის, იდეალისტი
ადამიანია და იმ ყველაფერმა, რაც სკოლაში აღმოაჩინა, შოკში ჩააგდო, სრულ
დეპრესიამდე მიიყვანა, რომლიდან გამოსვლაც ძალიან გაუჭირდა. ეს სკოლა
ყველა იმ სკოლას ჰგავს, ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ რომ ააშენეს. აგურის
ოთხი დიდი ოთახია, გვერდიგვერდ, პირდაპირ მტვერში ჩადგმული: ერთი - ორი
სამი ოთხი და ბოლოში ნახევარი ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკას წარმოადგენს.
საკლასო ოთახებში დაფები კი არის, მაგრამ ჩემს მეგობარს ცარცი ჯიბით დააქვს -
სხვა შემთხვევაში, მოიპარავენ. სკოლაში არც ატლასებია, არც გლობუსი, არც
სახელმძღვანელოები, არც რვეულები და კალმები, ვერც ბიბილიოთეკაში ნახავთ
ისეთ წიგნებს, რომლების წაკითხვაც მოსწავლეებს მოუნდებათ: აქ ამერიკული
უნივერსიტეტებიდან გამოგზავნილი ტომებია - ისეთი მძიმე, რომ აწევა
გაგიჭირდებათ, თეთრკანიანთა ბიბლიოთეკების მაკულატურა, დეტექტიური
მოთხრობები, ან წიგნები ასეთი სათაურებით: უიკ-ენდი პარიზში , ან
კეთილდღეობა ჰპოვებს სიყვარულს .
აქ ერთი თხაც არის, რომელიც საკვების პოვნას ცდილობს აქა-იქ შერჩენილ
გადამხმარ ბალახში. დირექტორმა სკოლის ფონდი გაფლანგა და თანამდებობიდან
გაათავისუფლეს, რაც იმ კითხვას ბადებს, რომელსაც ხშირად ვსვამთ ხოლმე,
თუმცა, ჩვეულებრივ, უფრო ფართო კონტექსტში: რატომ იქცევიან ადამიანები ასე,
როცა იციან, რომ ყველა მათ უყურებს?
ჩემს მეგობარს ფული არა აქვს, იმიტომ რომ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც
მისგან სესხულობენ, როგორც კი ხელფასს იღებს და ვალსაც ალბათ არასდროს
დაუბრუნებენ. მოსწავლეების ასაკი ექვსიდან ოცდაექვს წლამდე მერყეობს,
რადგან ზოგიერთი, ვინც მანამდე სკოლაში ვერ იარა, აქ სწორედ ამის გამოა
მოსული. ყოველ დღე ზოგ მოსწავლეს გრძელი გზის გავლა უხდება, წვიმასა თუ
მწველ მზეში, ხანდახან - მდინარეების გადალახვაც. ისინი საშინაო დავალებებს
ვერ ასრულებენ, რადგან სოფლებში შუქი არ არის და ძნელია ცეცხლმოდებული
კუნძის შუქზე ისწავლო რამე. გოგოებმა წყალი უნდა მოიტანონ და სადილი
მოამზადონ, როგორც კი შინ დაბრუნდებიან და დილით, სანამ ისევ სკოლის გზას
დაადგებიან.
როცა ჩემს მეგობართან ერთად მის ოთახში ვზივარ, იქაურები მორცხვად
შემოდიან და ყველა, ყველა წიგნებს თხოულობს: ძალიან გთხოვთ, წიგნები
გამოგვიგზავნეთ, როცა ლონდონში დაბრუნდებით. ერთმა კაცმა კი მითხრა:
კითხვა გვასწავლეს, მაგრამ წიგნები არა გვაქვს . ყველა, ვისაც შევხვდი, წიგნებს
ითხოვდა.
იქ რამდენიმე დღე დავრჩი. ირგვლივ მტვერი ირეოდა, წყალი არ იყო, იმიტომ რომ
საქაჩი გატყდა და ქალები წყალს ისევ მდინარიდან ეზიდებოდნენ.
ინგლისიდან ჩამოსული კიდევ ერთი იდეალისტი მასწავლებელი კინაღამ შეიშალა,
როცა ნახა, რასაც წარმოადგენდა ეს სკოლა .
ბოლო დღეს, რომელიც სემესტრის დასასრულს დაემთხვა, მათ თხა დაკლეს,
პატარ-პატარა ნაჭრებად დაახვავეს და დიდ ქვაბში მოხარშეს: ამას ისე
ელოდებოდნენ სემესტრის დასასრულის ნადიმს, მოხარშულ თხასა და ფაფას.
როცა ეს ხდებოდა, მანქანით სადღაც წავედი, ისევ ტყის შავად ჩანახშირებულ
ნახანძრალებსა და კუნძებს შორის ვიარე.
არა მგონია, რომ ამ სკოლის მოსწავლეებმა ოდესმე პრემიები მიიღონ.
მომდევნო დღეა და უკვე ჩრდილოეთ ლონდონის სკოლაში ვარ, ძალიან კარგ
სკოლაში, რომლის სახელიც ყველამ ვიცით. ეს ბიჭების სკოლაა. მშვენიერი
შენობა, მშვენიერი ბაღი.
ყოველ კვირა ამ მოსწავლეებს რომელიმე ცნობილი ადამიანი სტუმრობთ და
ბუნებრივად ხდება, რომ მოწვეულთა შორის მოსწავლეების მამები, ნათესავ-
ახლობლები, დედებიც კი აღმოჩნდებიან ხოლმე. პოპულარული ადამიანის
სტუმრობა მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.
ავიღოთ ვ.ს. ნაიპოლი. ის ამბობს, რომ ინდური ვედები ღრმად იყო ჩაბეჭდილი მისი
ოჯახის მეხსიერებაში. წერისკენ მამამისმა უბიძგა. და როცა ინგლისში ჩამოსვლის
უფლება მოიპოვა, მან ბრიტანულ ბიბლიოთეკაში დაიწყო სიარული. ასე რომ, ის
დიდ ტრადიციას დაუახლოვდა.
ავიღოთ ჯონ კუტზეე. იგი მხოლოდ დიდ ტრადიციას კი არ უკავშირდებოდა, არამედ
თვითონ წარმოადგენდა ტრადიციას: ლიტერატურას ასწავლიდა ქეიფ თაუნში. და
რა საწყენია, რომ არასდროს დავსწრებივარ მის გაკვეთილს, ჩემთვის არასდროს
უსწავლებია ამ არაჩვეულებრივად მამაც, შეუპოვარ გონს.
იმისთვის, რომ წერო, იმისთვის, რომ ლიტერატურა შექმნა, მჭიდრო კავშირი უნდა
გქონდეს ბიბლიოთეკებთან, წიგნებთან, ტრადიციასთან.
მე მყავს ერთი მეგობარი ზიმბაბვეში. მწერალი, შავკანიანი. და ეს არის მთავარი.
მან თვითონ ისწავლა კითხვა მურაბებისა და ხილის კომპოტების ქილებზე
მიწებებული ეტიკეტებიდან. იმ ადგილას გაიზარდა, მე რომ მანქანით მოვიარე,
სოფლელი შავკანიანების გარემოში. მიწა ხრეშნარევ ქვიშას წარმოადგენს,
მეჩხერი, დაბალი ბუჩქებით. ქოხები ღარიბულია, შედარებაც კი არ შეიძლება
მდიდრების მოვლილ ქოხებთან. სკოლა ასეთი ხომ უკვე აღვწერე. მან
გადაგდებული საბავშვო ენციკლოპედია იპოვა ნაგავსაყრელზე და იქიდან
სწავლობდა.
1980 წელს, დამოუკიდებლობის მიღებისას, ზიმბაბვეში კარგი მწერლების ჯგუფი
არსებობდა, მოჭიკჭიკე ჩიტების ნამდვილი ბუდე. ისინი ძველ სამხრეთ როდეზიაში
გამოიჩეკნენ, თეთრკანიანთა ბატონობის დროს მისიონერულ სკოლებში, ბევრად
უკეთეს სკოლებში.
იმ მწერლებმა რთული გზა გაიარეს წიგნიერებამდე, რამაც ისინი მწერლებად
აქცია. ვიტყოდი, რომ მურაბების ქილებზე მიწებებული ეტიკეტები და
გადაგდებული ენციკლოპედიები სულაც არ იყო გამონაკლისი. ჩვენ ხომ იმ ხალხზე
ვსაუბრობთ, ვისაც ნორმალური განათლების წყურვილი კლავდა, რაც მათთვის
ბოლომდე მიუწვდომელი რჩებოდა. ქოხი თუ ქოხები ბევრი ბავშვით, მუშაობისგან
ქანცგაწყვეტილი დედა, ბრძოლა საკვებისა და ტანსაცმლისათვის...
და მაინც, მიუხედავად ამ სირთულეებისა, მწერლები გაჩნდნენ და კიდევ არის
რაღაც, რაც არ უნდა დავივიწყოთ. იმ დროს ზიმბაბვე ფიზიკურად ნაკლებად
დაპყრობილი ქვეყანა იყო, ვიდრე ასი წლის წინ. ამ ხალხის ბაბუები და ბებიები
შეიძლება თავისი კლანის მეზღაპრეებიც კი იყვნენ. არსებობდა ზეპირსიტყვიერი
ტრადიცია. ერთმა ან ორმა თაობამ ამბები დაიხსომა და ნაბეჭდ ტექსტებში,
წიგნებში გადაიტანა. აი, ნამდვილი მიღწევა!
ამასწინათ რამდენიმე ანგარიში გადმომიგზავნეს აფრიკის საგამომცემლო
სფეროდან. უფრო პრივილეგირებულ ადგილებში, როგორიც ჩრდილოეთ აფრიკაა,
თავისი განსხვავებული ტრადიციით, საგამომცემლო სივრცის შესახებ საუბარი
სრულიად განხორციელებადი ოცნებაა.
აქ იმ წიგნებზე ვსაუბრობ, რომლებიც არასდროს დაწერილა, მწერლებზე, მათი
შექმნა რომ ვერ შეძლეს, რადგან იქ გამომცემლები არ არიან. არგაგონილი ხმები.
შეუძლებელია, ამ გაფლანგული ტალანტისა და პოტენციალის შეფასება. თუმცა
წიგნის შექმნის იმ სტადიის წინ, რომელიც გამომცემელს, მხარდაჭერას,
ხელშეწყობას ითხოვს, კიდევ არის რაღაც, რაც მათ აკლიათ.
მწერლებს ხშირად ეკითხებიან: როგორ წერთ? პროცესორით? ელექტრო საბეჭდი
მანქანით? ბატის ფრთით? ხელით? მაგრამ მთავარი კითხვაა: მონახეთ ადგილი, ის
თავისუფალი ადგილი, რაც თქვენს ირგვლივ უნდა იყოს, როცა წერთ? ამ სივრცეში,
რომელიც მოსმენისა და ყურადღების მოკრებისთვის გჭირდებათ, თავისით მოვა
სიტყვები, სიტყვები, რომლებითაც თქვენი პერსონაჟები ისაუბრებენ, მოვა იდეები,
მოვა შთაგონება.
თუკი მწერალს ამ სივრცის პოვნა არ შეუძლია, მაშინ ლექსები და მოთხრობები
შეიძლება მკვდრადშობილი დაიბადოს.
როცა მწერლები ერთმანეთს ესაუბრებიან, მათი კითხვები ყოველთვის ამ სივრცეს
ეხება, ამ პარალელურ დროს. «იპოვე? ჩაებღაუჭე?».
მოდით, ახლა სრულიად განსხვავებულ სივრცეში გადავინაცვლოთ. ჩვენ
ლონდონში ვართ, ერთ-ერთ მეგაპოლისში. აქ ახალი მწერალი გამოჩნდა.
ცინიკურად ვკითხულობთ: როგორი ძუძუები აქვს? ლამაზია? თუ კაცია, მაშინ
ქარიზმატულია? სიმპათიურია? ვხუმრობთ, მაგრამ ეს ხუმრობა არ არის.
ამ ახალ აღმოჩენას ტაშს უკრავენ, ხშირად ბევრ ფულსაც აძლევენ. მათ საბრალო
ყურებთან პაპარაცების ზუზუნი იწყება. ზეიმებს უმართავენ, აქებენ, მთელს
მსოფლიოში დააქროლებენ. რაც შეეხება ძველებს, რომლებსაც ეს ყველაფერი
უნახავთ, ებრალებათ ახალბედა, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, თუ რა ხდება
სინამდვილეში.
ის მეტად ნაამები და კმაყოფილია.
მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჰკითხეთ, რას ფიქრობს. მათგანვე მომისმენია: «ეს
ყველაზე უარესია, რაც კი ოდესმე თავს დამტეხია».
ზოგიერთ დიდად რეკლამირებულ ახალბედა მწერალს აღარაფერი დაუწერია, ან
ის არ დაუწერია, რაც უნდოდა, ან ის, რასაც აპირებდა.
და ჩვენ, ძველებს, გვინდა, მათ უმანკო ყურებში ჩავჩურჩულოთ: უკვე იპოვე შენი
სივრცე? შენი საკუთარი, ყველაზე საჭირო ადგილი, სადაც შინაგანი ხმები
გესაუბრებიან, სადაც ოცნებას შეძლებ. ჩაეჭიდე ამას, ხელიდან არ გაუშვა .
მაგრამ ერთგვარი განათლებაც აუცილებელია.
ჩემი გონება სავსეა აფრიკის იმ დიდებული მოგონებებით, რომლებიც შემიძლია,
გავაცოცხლო და მათი მზერით დავტკბე, როცა კი მოვისურვებ. ვთქვათ, ჩამავალი
მზის სხივები, ოქროსფრად, მეწამულად და ნარინჯისფრად რომ ეფინება საღამოს
ცას. ან პეპლები, ქინქლები და ფუტკრები, კალაჰარის უდაბნოს სურნელოვან
ბუჩქებს რომ შესევიან. ან მე თვითონ, ზამბეზის პირას ჩამომჯდარი, სადაც ის
გადახუნებულ ბალახოვან ნაპირებს შორის მიედინება - მშრალი სეზონია - მუქი
მწვანე და კრიალა, აფრიკის ჩიტებით დახუნძლული. ჰო, სპილოები, ჟირაფები,
ლომები და სხვა დანარჩენები. და ღამის ცა, ჯერ კიდევ სუფთა, შავი და
შესანიშნავი ცა, მოუსვენარი ვარსკვლავებით სავსე.
თუმცა სხვა მოგონებებიც არსებობს. თვრამეტი-ცხრამეტი წლის ბიჭი, ცრემლებით
სავსე თვალებით, თავის ბიბლიოთეკასთან დგას. ამერიკელმა სტუმარმა,
რომელმაც ეს უწიგნო ბიბლიოთეკა ნახა, კარგა მოზრდილი ამანათი გამოუგზავნა,
მაგრამ ამ ბიჭმა თითოეული წიგნი კრძალვით აიღო და ცელოფანში გაახვია. კი,
მაგრამ , - ვეუბნებით, - წიგნები ხომ აშკარად წასაკითხად გამოგიგზავნეს , ის
გვპასუხობს: არა, ესენი დაისვრება და მერე სადღა ვიშოვი .
მას უნდა, რომ ინგლისიდან წიგნები გამოვუგზავნოთ, რათა ისწავლოს, თუ როგორ
ასწავლოს. მხოლოდ ოთხი წელი დავდიოდი კოლეჯში , - ისევ გვეხვეწება, - მაგრამ
არასდროს უსწავლებიათ, როგორ უნდა ვასწავლო .
მე ვნახე მასწავლებელი იმ სკოლაში, სადაც არ იყო სახელმძღვანელოები, ცარცის
ნატეხიც კი არ იდო დაფასთან მოეპარათ. ის მტვერში ქვებს გადაანაცვლებდა
ხოლმე: ორჯერ ორი ოთხია და ასე შემდეგ. ვნახე ერთი გოგოც, ოც წელზე მეტის
არ იქნებოდა, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სახელმძღვანელოები, რვეულები,
კალმები არაფერი და ანბანის ასოებს ჩხირით ხაზავდა მიწაზე, როცა მზე აჭერდა
და ირგვლივ მტვერი ირეოდა.