You are on page 1of 6

ფილოსოფიის წარმოშობა

By Tamar Gegeshidze on Thursday, January 3, 2013 at 11:15pm

ფილოსოფიის ისტორიკოსები ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ ფილოსოფიის


წარმოშობა დაკავშირებულია ძველ საბერძნეთთან და ეს მოხდა ძვ. წელთ აღრიცხვის
მე–6 საუკუნეში, რომელსაც კაცობრიობის აზროვნებაში როგორც განსაკუთრებულ
მოვლენას ისე აღნიშნავენ. საუკუნეების მანძილზე მსოფლიო აზროვნებაში
ფილოსოფიის ევროპოცენტრისტული გაგება ჩამოყალიბდა და პითაგორას პასუხი
კითხვაზე თუ ვინ იყო ის: ego eimi ton filosofon (მე ვარ ფილოსოფოსი), გახდა ასეთი
აზროვნების აღმნიშვნელი ტერმინი, როგორიცაა ფილოსოფია.
როგორ აზროვნებას გულისხმობს ფილოსოფია? რას ნიშნავს ფილოსოფიური
აზროვნება? რა იყო მანამდე და რა განსხვავებამ აქცია ფილოსოფიური აზროვნება
ფილოსოფიურ აზროვნებად? ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხის გაცემა უნდა
ვცადოთ. შეიძლება უფრო ადვილია ილაპარაკო, იმსჯელო კონკრეტულ
ფილოსოფიურ პრობლემაზე, მაგალითად, ადამიანის ადგილზე ამ სამყაროში, ვიდრე
თავად ფილოსოფიაზე. როცა ვსვამთ კითხვას რა არის ფილოსოფია, ჩვენ ყოველთვის
ვცდილობთ მოკლე, კონკრეტული პასუხი გავცეთ მას: ფილოსოფია ეს არის სიბრძნის
სიყვარული (phileîn – სიყვარული, sophía – სიბრძნე), მაგრამ სინამდვილეში პასუხს ვერ
ვცემთ კითხვას, თუ რა არის ფილოსოფია, პასუხი ფილოსოფია ეს არის სიბრძნის
სიყვარული მხოლოდ ბერძნული ტერმინის თარგმნაა, ცხადია, ამ ტერმინში შემავალი
ორი ცნება: „ფილეინ“ და „სოფია“, ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ
ფილოსოფიის არსი გავიგოთ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, დავადგინოთ ცნების
შინაარსი, აქ ჰეგელს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ყველა ცნებას აქვს შინაარსი და ეს
შინაარსი აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს, იმისათვის, რომ ცნება გახდეს ცხადი
და გასაგები.
ტერმინ "ფილეინის" განმარტება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრის
მომცემი, მაგრამ ამჯერად კონკრეტული მიზნებისთვის კარგი იქნება, თუ უფრო მეტ
ყურადღებას მივაქცევთ ტერმინ "სოფიას". როგორც უკვე ვახსენეთ, "სოფია" ნიშნავს
სიბრძნეს და როდესაც პითაგორა ამბობდა, მე ვარ სიბრძნის მოყვარული ადამიანი, რას
გულისხმობდა ამაში? პირველი, რაც შეიძლება ვთქვათ, მან კონსტატაცია გაუკეთა იმ
ფაქტს, რომ სიბრძნე არსებობს თავისთავად როგორც ასეთი, მას ემსახურებოდნენ
ადამიანები, რომლებიც არსებობდნენ პითაგორამდე გაცილებით ადრე წინა
საუკუნეებში, ეძახდნენ ბრძენ ადამიანებს, მაგრამ პითაგორა ამბობს, რომ ის ბრძენი
კი არ არის, სიბრძნის მოყვარულია, ან სიბრძნის მეგობარია, "ფილეო", აგრეთვე,
ბერძნულად მეგობრობასაც ნიშნავს (ამ ცნებაზე აქცენტი ძალიან საინტერესო იქნება
მოგვიანებით სხვა კრიტიკულ ესეში).
აქედან გამომდინარე, პითაგორამ ხაზი გაუსვა განსხვავებას ბრძენსა და სიბრძნის
მოყვარულს შორის. როგორც არისტოტელე იტყვის, განსხვავება ქმნის (სტიმულს
აძლევს) შემეცნებასო (pollas deloi diaforas, დედანში ასე წერია), ჩვენც ამ განსხვავებაში
უნდა ვეძებოთ გასაღები ფილოსოფიური აზროვნების გაგებისათვის, ანუ პასუხი
გავცეთ ზემოთ დასმულ კითხვებს. რა განსხვავებაა ბრძენსა და სიბრძნის მოყვარულს
შორის? ვინ არის ბრძენი? ვის ეძახდნენ ბრძენს ძველი ბერძნები? თალესამდე
არსებული მოაზროვნეები ბერძნებმა ბრძენი ხალხის პანთეონში მოათავსა,
სხვათაშორის, მათ რიგებში თალესიც მოხვდა, მაგრამ თალესი ითვლება პირველ
ფილოსოფოსად ფილოსოფიის ისტორიაში, თორემ ის თავის თავს ფილოსოფოსს არ
ეძახდა, როგორც უკვე ვთქვით, ეს ტერმინი პირველად პითაგორამ გამოიყენა.
მაგალითისთვის ავიღოთ ერთ–ერთი ბერძენი ბრძენი სოლონი.
სოლონი იყო ათენელი პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობდა ათენის
ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ვიცით საბერძნეთი
დაყოფილი იყო ქალაქ–სახელმწიფოებად, როგორც თავად ბერძნები ეძახდნენ,
პოლისებად, სწორედ აქედან მოდის ტერმინი პოლიტიკა. სოლონი იყო ადამიანი,
რომელიც ბევრს მოგზაურობდა, გამოირჩეოდა გონებამახვილობით, გონიერებით, ის
იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მძიმე დრაკონული კანონები შეცვალა იმ
კანონებით, რომელიც უფრო ახლოს იყო ათენელების ბუნებასთან. მაგრამ სოლონი არ
იყო ადამიანი, რომელიც სამყაროს წარმოშობაზე სვამდა კითხვებს და იკვლევდა, ის არ
სვამდა კითხვას რატომ? შეიძლება ითქვს, რომ მისი ცოდნები მაინც დაკავშირებული
იყო მითოპოეტურ სისტემასთან, ხშირად სტუმრობდა დელფოს სამისნოს, რასაც
თალესი არ აკეთებდა, იმისათვის, რომ მას ეკვლია სამყაროს სუბსტანცია ან
ასტრონომიული გამოთლები ჩაეტარებინა. როგორც ვხედავთ, მსჯელობაში
შემოვიტანე ახალი ტერმინი მითოპოეტური. ე.ი შეიძლება ითქვას, რომ თალესამდე
არსებული აზროვნება უფრო მითოპოეტურ ელფერს ატარებდა და შესაბამისად ეს
დაკავშირებული იყო იმ მითოლოგიურ სისტემასთან, რის საფუძველზეც ბერძნები
ცდილობდნენ კოსმოგონიური თეორიის აგებას, ანუ სამყაროს წარმოშობის ახსნას.

თავად ჰესიოდე თავისი წიგნის შესავალში პირველსავე წინადადებაში წერს:


პირველად იყო ეროსი და ფართომკერდიანი დედამიწა (გეა, გაია), საიდანაც
ყველაფერი წარმოიშვა, ჰესიოდე სამყაროს საწყისად სწორედ ეროსს ასახელებდა,
მაგრამ არ სვამდა კითხვას თუ რა არის ეროსი და რატომ წარმოიშვა ეროსისგან
ყოველივე. თავისთავად სამყაროს ახსნა ექვემდებარებოდა მითოპოეტურ სახეებს,
გმირებს, ღმერთებს, ნახევრადღმერთებს და ა.შ.
თავად ტერმინი მითოპოეტური შედგება ორი ნაწილისგან, სადაც „მითოს“ ნიშნავს
ამბებს, სიტყვასაც, ხოლო "პოიო" არის ზმნა და ნიშნავს ქმნას, საიდანაც მოდის
ტერმინი პოეზია, პოემა.
ვცადოთ დავადგინოთ თავად მითის ბუნება, იმისათვის, რომ დავინახოთ რა ინოვაცია
შემოიტანა ფილოსოფიამ აზროვნებაში:
1. მითები არის ამბები ღმერთების, გმირების და ნახევრადღმერთების შესახებ, ასევე
ადამიანების შესახებაც. (მაგალითისთვის ნახეთ პრომეთეს მითი, შუამდინარული
მითი გილგამეშის შესახებ, ოვიდიუსის მეტამოფროზები).
ა. რა მოხდა ფილოსოფიაში?
თალესმა შემოგვთავაზა მიწისძვრის თეორია, ამ თეორიას ის არ ხსნიდა
მითოპოეტური სახეების, ღმერთების დახმარებით, არამედ სცადა მეცნიერული
დასაბუთება, რაც გულისხმობს, რომ მან სცადა ლოგიკურად დაესაბუთებინა
კონკრეტული მოვლენა ყოველგვარი პოეტური სახეების გარეშე.
2. მითი გვთავაზობს კონკრეტული მოვლენის მრავალფეროვან ახსნას, რომელიც
შეიძლება სულაც ეწინააღდეგებოდეს ერთმანეთს და მოკლებულია ლოგიკურ
საფუძვლებს. ეს ახსნა შესაძლოა სულაც იუმორისტული ხასიათის იყოს.
ბ. რა მოხდა ფილოსოფიაში?
ის ფილოსოფიური სისტემები, რამაც ჩვენამდე მოაღწია, მაგალითად ანაქსიმანდრესი
და ჰერაკლიტესი, სისტემური ხასაითისაა და არ მოდის შინაგან წინააღმდეგობაში, რაც
მითებს ახასიათებთ.
3. მითის ბუნება თავისთავად კონსერვატული ხასიათისაა, ის არ იცვლება, მაშინ როცა
ფილოსოფიური სისტემები ერთმანეთზეა დაშენებული და განიცდის ცვლილებებს.
ყველა ფილოსოფოსს ერთმანეთისგან განსხვავებული თეორიები ჰქონდათ, ამდენად,
ფილოსოფია უფრო ლოგიკური ხასიათისაა.
4. მითები თავად აკონსტანტირებენ თავის თავს როგორც უცვლელ ჭეშმარიტებას, ანუ
რაც ნიშნავს ის არ იშველიებს არგუმენტებს იმისათვის, რომ თავისი თავი დააფუძნოს,
მაშინ როცა ფილოსოფიურ სისტემებში ნებისმიერი დებულება ითხოვს
არგუმენტირებას, თან შესაძლებელია მისი ფალსიფიცირება საწინააღმდეგო
არგუმენტებითაც. ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს ფილოსოფიური აზროვნება.
5. მითები მორალურად ამბივალენტური ხასიათისაა, მითოსის გმირი შეიძლება იყოს
მკვლელი, გარყვნილი პერსონა, მაგრამ ღვთაების დონეზე აყვანილი, მაშინ, როცა
ფილოსოფიურ სისტემებში მსგავსი რაღაცი გამოირიცხება, განსაკუთრებით, ეთიკაში.
აქ ამბივალენტურობას არ აქვს ადგილი და არ ხდება ბოროტებისადმი ხოტბის შესხმა.

ვცადე რამდენიმე ფაქტორი ჩამომეთვალა, რაც ფილოსოფიურ აზროვნებას


განასხვავებს მითოპოეტური აზროვნებისაგან. აქედან გამომდინარე, რა სპეციფიკური
მახასიათებლები შეიძლება გამოვყოთ რაც მოგვცემს პასუხს კითხვაზე: რას
გულისხმობს ფილოსოფიური აზროვნება?
1. ფილოსოფიური აზროვნება არის სისტემური აზროვნება;
2. ფილოსოფიური აზროვნება გულისხმობს არგუმენტაციას;
3.ფილოსოფიური აზროვნება პირველ რიგში სვამს კითხვას რატომ და შესაბამისად, ეს
კითხვა იძიებს მიზეზებს;
4. ფილოსოფიური აზროვნება იშველიებს გამოცდილებას და არა მითოპოეტურ
სახეებს.
ეს ფაქტორები, ცხადია, უნივერსალური არ არის, ვინაიდან დღეს ფილოსოფიისადმი
მიდგომა შეიცვალა და როგორც ფრანგი მოაზროვნე როლან ბარტი, (მოღვაწეობდა მე–
20 საუკუნის 60–70–80 იან წლებში) აღნიშნავდა, რომ ფილოსოფიასა და ლიტერატურას
შორის საზღვრები დაირღვა, ცხადია, ამ მოვლენამ ფილოსოფიის გაგებაც შეცვალა,
ამის დადასტურებად შეიძლება მოვიტანოთ ნიცშეს წიგნი "ესე იტყოდა ზარატუსტრა",
სადაც მან მითოლოგიური პერსონაჟით შემოტანით ფილოსოფიასა და ლიტერატურას
შორის საზღვრები მოშალა.
თავისთავად სისტემური აზროვნება გულისხმობს, რომ მსჯელობა ეფუძნება მკაცრ
ლოგიკურ სქემებს, ხდება რაღაც დაშვებების გაკეთება და არგუმენტებისა და
კონტრარგუმენტების საშუალებით მისი დამტკიცება ან უარყოფა.
ფილოსოფია მარტო საბერძნეთში არ წარმოშობილა, ის დაიბადა ზუსტად იმავე დროს,
მე–6 საუკუნეში, ჩინეთშიც და ინდოეთშიც. შეიძლება უფრო ადრეც, ლაო ძის
ფილოსოფიური აზროვნება ჩემი აზრით, უფრო შორეულ წარსულში იღებს სათავეს.

ამ ესეში არ განვიხილავთ ფილოსოფიის წარმოშობის გარეგან ფაქტორებს, როგორიცაა


ეკონომკურ–სოციალური პირობები და ის არც მაინცდამაინც ბერძნულ გენთან არის
დაკავშირებული, ასეთი მიდგომით რასისტულ თეორიებამდე მივალთ, თუნდაც
თალესი არის საკმარისი იმის მაგალითად, რომ ის არ არის ათენელი, ცხოვრობდა
მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მილესიაში, დედის ხაზით კი
ფინიკიელ ვაჭართა შთამომავალი იყო. ის ვისაც ჩვენ დღეს ვეძახით ფილოსოფოსებს,
თავიანთ თავებს ასე არ იცნობდნენ და ყველა მათგანის ნაშრომის სათაური იყო
შემდეგი: პერი ფიუზის, ანუ ბუნების შესახებ. „ფიუზისში“ იგულისხმება სამყარო, რაც
ჩვენს აღქმებში შემოდის. ისინი ცდილობდნენ აეხსნათ ამ სამყაროს წარმოშობა და
პირველი რა კითხვასაც სვამდნენ იყო: რა არის სამყაროს საწყისი.
სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ ბერძენ ფილოსოფოსთა დიდი ნაწილი, უფრო
სწორი იქნება ვთქვათ, სოკრატემდელი მოაზროვნეები არ სვამდნენ კითხვას იმის
შესახებ თუ ვინ არის ადამიანი, ამაში მეტი წვლილი სოფისტებს მიუძღვით, პირველი
იყო პროტაგორა, რომელმაც ფილოსოფიაში შემოიყვანა ადამიანი როგორც საკვლევი
სუბიექტი, როდესაც მან თქვა: ადამიანი არის ყველაფრის საზომი. მხოლოდ შემდგომ
სოკრატეს მოღვაწეობიდან მოყოლებული თავად ადამიანი გახდა ფილოსოფიის
კვლევის საგანი და საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა სისტემებში
სხვადასხვანაირად აქცენტირდებოდნენ მოაზროვნეები ამ საკითხის გარშემო. აქედან
გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ფილოსოფიური მცდელობები
აზროვნებაში იყო კოსმოგონიური ტიპის, ანუ მათ კვლევა, რეფლექსია დაიწყეს
სამყაროზე და შემდეგ ადამიანზე.

You might also like