You are on page 1of 3

ნიკოლო მაკიაველი „მთავარი“

ანა ოტიაშვილი

ნიკოლო მაკიაველი ნაწარმოებ „მთავარში“ გადმოგვცემს თუ როგორი უნდა იყოს


სახელმწიფოს მმართველი და რა სტრატეგიებია საჭირო იმისათვის, რომ ხალხისთვის
მისაბაძი და სამაგალითო მეთაური იყო.

პირველ რიგში, მაკიაველის აზრით, მმართველი უნდა იყოს ძლიერი და


ქედუხრელი. რადგან ხალხს მტრის შიში არ ჰქონდეს და უფრო მეტი სტიმული მიიღონ
მმართველისგან. „ძლიერი და ქედუხრელი მთავარი ყოველგვარ სიძნელეს დაძლევს“
(ნიკოლო მაკიაველი, 2017,123). იმისთვის, რომ სახელმწიფო გამართული იყოს, ქვეყნის
მეთაურის მიმართ ხალხს შიში უნდა ჰქონდეს უფრო მეტად, ვიდრე სიყვარული, თუმცა
ამავდროულად არ უნდა სძულდეთ იგი. რადგან, როდესაც მმართველის მიმართ ზიზღი
და უკმაყოფილება წარმოიშვება, მაშინვე დაიწყება ამბოხება, რაც საბოლოოდ ქვეყნის
დამღუპველია. კარგ მმართველს უნდა შეეძლოს საჭიროებისამებრ მოერგოს სიტუაციას.
ის ცბიერიც უნდა იყოს, რადგან ცბიერების გარეშე რთულია მტერთან გამკლავება.
მაკიაველის აზრით, ურჩი უნდა დაისაჯოს, რადგან ეს იქნება მაგალითი ხალხისთვის.
ლმობიერი მმართველი ვერ შეძლებს ხალხის დამორჩილებას. აგრეთვე ის ამბობს, რომ
არსებობს ბრძოლის ორი სახე: პირველია ძალით, მეორე კი კანონების მიხედვით.
აქედან, კანონებით ბრძოლა ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ძალის
მეშვეობით - მხეცებისთვის. მაგრამ კარგმა მმართველმა ორივე ხერხით ბრძოლა უნდა
იცოდეს, რადგან როდესაც ერთი აზრს კარგავს მტერთან მიმართებაში, მეორე ხერხი
უნდა გამოიყენო.

იმ სახელმწიფოების დაპყრობა, რომელთაც განსხვავებული ენა, წესები და ადათები


აქვთ, მეტად რთულია. ამ შემთხვევისთვის ავტორი რამდენიმე ალტერნატივას
გვთავაზობს. პირველი: მთავარი უნდა დასახლდეს დაპყრობილ ტერიტორიაზე.
„მთავარი, რომელიც დაპყრობილ ქვეყანაში ცხოვრობს იშვიათად თუ დაჰკარგავს მას“
(ნიკოლო მაკიაველი, 2017,112). მეორე: დაპყრობილ ტერიტორიაზე აუცილებელია
რაზმის ყოლა, რათა საჭიროებისამებრ მზად იყო ბრძოლისთვის. ძალიან რთულია
კარგად გაწვრთნილი ლაშქარი გყავდეს, რადგან ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა
გჭირდება. და მესამე: დაპყრობილ ტერიტორიაზე კოლონიების დაარსება.

მაკიაველი დაპყრობილი ტერიტორიების მართვის სამ ხერხს გამოყოფს, ესენია:


მიწასთან გაასწორო ისინი, პირადად დასახლდე იქ ან ხარკი დაადო მათ. ავტორის
აზრით საჭიროა დაპყრობილ ტერიტორიაზე ცოტახანს მაინც იცხოვრო, რადგან კარგად
აითვისო მათი ადათ- წესები და წეს-ჩვეულებები. რადგანაც თუ კი დაპყრობილ ხალხს
მაშინვე შეუცვლი ცხოვრების წესს და აიძულებ, რომ სხვა ცხოვრებაზე გადავიდნენ და
უარი თქვან თავიანთ წარმომავლობაზე, მაშინ ისინი აუცილებლად
დაუპირისპირდებიან მმართველს და სიძულვილის გრძნობა გაუჩნდებათ მის მიმართ.

ავტორი ასევე ამბობს, რომ სახელმწიფოს მეთაური არ უნდა იყოს ქველმოქმედი,


რადგან ქველმოქმედება სწორედ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გაიცემა, რაც შემდგომში
გამოიწვევს ბიუჯეტის შემცირებას და გადასახადების გაზრდას. ანუ გამოდის, რომ
რასაც ხალხი ქველმოქმედებით მიიღებს, ორჯერ მეტს დაუბრუნებს სახელმწიფოს
გადასახადებით. თუმცა, აუცილებელია ჯილდოები, რათა წაახალისო
სახელმწიფოსთვის კარგის მომტანი ადამიანები.

მაკიაველი ბედისწერაზეც საუბრობს. ის ფიქრობს, რომ ნაწილობრივ ადამიანს უნდა


სწამდეს ბედისწერის, თუმცა ბოლომდე ამ ჩარჩოებში მორგება დამღუპველია. ადამიანი
თვითონ ქმნის თავის ბედისწერას. უბრალოდ დაჯდომა და იმაზე ფიქრი, რომ რაც
უფლის ნებაა მხოლოდ ის მოხდება და ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, სისულელეა.
ადამიანს ნებისმიერ წამს შეუძლია საკუთარი ბედისწერის შეცვლა. ავტორი
აბობოქრებულ მდინარეს ადარებს, რომელთანაც გამკლავება რთულია, თუმცა შეიძლება
ჩაწყნარდეს და სიტუაციაც გამოიცვალოს.

მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს ის ფრაზაა რომლითაც ავტორის


დამოკიდებულება სახელმწიფოს მართვის და ზოგადად ცხოვრების მიმართ, ნათელია.
გამოყენებული ლიტერატურა

1. ნიკოლო მაკიაველი. „მთავარი“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.

You might also like